„დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1920-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 300200000.05.001.018760
1920-რს
23/12/2017
ვებგვერდი, 11/01/2018
300200000.05.001.018760
„დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №27, 24.05.2010, მუხ. 182) დაემატოს შემდეგი შინაარსის 30მუხლი:

„მუხლი 301. დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დაცვა

1. დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს:

ა) ამ კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების აკრძალვა;

ბ) დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული ან სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ან დასაწყობებული (შესანახად განთავსებული) პროდუქტის, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება, სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღება;

გ) დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული პროდუქტის, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება, განადგურება;

დ) იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი ან სარეკლამო მასალის განადგურება, რომელიც დიზაინის გამოსახულებას შეიცავს ან არის მისი ასლი ან იმიტაცია, მათ შორის, ინტერნეტში განთავსებული ისეთი მასალის ან გამოსახულების წაშლა, რომელიც დიზაინის გამოსახულებას შეიცავს;

ე) პროდუქტის, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება, დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეს, მატრიცის, სხვა დანადგარის, ტექნიკური აღჭურვილობისა და იარაღის განადგურება.

2. დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ, მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რამდენიმე ქმედების ერთდროულად განხორციელება.

3. დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება განხორციელდეს აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელმაც იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ მისი მომსახურება გამოიყენება ან გამოიყენებოდა დიზაინზე განსაკუთრებული უფლების კომერციული მასშტაბით დარღვევისათვის.

4. განსაკუთრებულ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების ნაცვლად, მას დააკისროს ფულადი კომპენსაციის გადახდა, თუ იგი გაუფრთხილებლობით მოქმედებდა ან თუ მას შესაბამისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით შესაძლო დარღვევასთან შედარებით არაპროპორციული ზიანი მიადგება, ამასთანავე, თუ დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ფულადი კომპენსაციის ოდენობა მისაღებია.

5. დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების გარდა, მოითხოვოს ერთ-ერთი შემდეგი ქმედების განხორციელება:

ა) მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის  შესახებ;

ბ) დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევისთვის დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის სასარგებლოდ;

გ) ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა.

6. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის არსი, დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით მიღებული შემოსავალი, დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელისთვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე ის სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც მიიღებდა დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი დიზაინის მართლზომიერად გამოყენებით.

7. ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია განისაზღვრება არანაკლებ იმ ოდენობით, რომელსაც დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევი დიზაინის გამოყენების ნებართვის მიღებისას გადაიხდიდა.

8. ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დიზაინის მფლობელის ნებართვის გარეშე გამოყენებული იმ პროდუქტის რაოდენობა, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც გამოიყენება იგი, დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევის განზრახვა, იმ მომსახურების მასშტაბი, ხასიათი და სხვა მახასიათებელი, რომლის შეთავაზებაც ხდება დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით, ან/და ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელიც კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

23 დეკემბერი 2017 წ.

N1920-რს