დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1922-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 23/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 050050000.05.001.018754 |
|
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5(12), 1999 წელი, მუხ. 22) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი: „პ) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონელი – საქონელი, რომელიც შეიცავს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის იდენტურ ან მსგავს ნიშანს ან რომელზედაც დატანილია რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშანი, ან რომელსაც აქვს რეგისტრირებული მოცულობითი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ფორმა და რომლის წარმოება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, შენახვა, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ან ამ მიზნით შენახვა/დასაწყობება (დროებით შესანახად განთავსება) ან/და ნებისმიერი სხვაგვარი გამოყენება იწვევს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევას, მიუხედავად ნიშანდების ადგილისა.“. 2. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. განმცხადებელს არსობრივი ექსპერტიზის საფუძველზე ეგზავნება დასაბუთებული გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ ან საქონლის მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.“. 3. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 45. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დაცვა 1. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს: ა) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების შეწყვეტა; ბ) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღება ან სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ან დასაწყობებული (შესანახად განთავსებული) საქონლის ამოღება; გ) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის განადგურება, თუ საქონლის სასაქონლო ნიშნისაგან განცალკევება შეუძლებელია ან თუ სასაქონლო ნიშანი საქონელზეა დატანილი; დ) იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი ან სარეკლამო მასალის ან აბრის განადგურება, რომელიც სასაქონლო ნიშანს შეიცავს ან არის მისი ასლი ან იმიტაცია, მათ შორის, ინტერნეტში განთავსებული ისეთი მასალის ან გამოსახულების წაშლა, რომელიც სასაქონლო ნიშანს შეიცავს; ე) სასაქონლო ნიშნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეს, მატრიცის, სხვა დანადგარის, ტექნიკური აღჭურვილობისა და იარაღის განადგურება. 2. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ, მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რამდენიმე ქმედების ერთდროულად განხორციელება. 3. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება განხორციელდეს აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელმაც იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ მისი მომსახურება გამოიყენება ანდა გამოიყენებოდა სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების კომერციული მასშტაბით დარღვევისათვის. 4. განსაკუთრებულ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების ნაცვლად, მას დააკისროს ფულადი კომპენსაციის გადახდა, თუ იგი გაუფრთხილებლობით მოქმედებდა ან თუ მას შესაბამისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით არაპროპორციული ზიანი მიადგება, ამასთანავე, თუ სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ფულადი კომპენსაციის ოდენობა მისაღებია. 5. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების გარდა, მოითხოვოს ერთ-ერთი შემდეგი ქმედების განხორციელება: ა) მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის შესახებ; ბ) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევისთვის სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის სასარგებლოდ; გ) ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. 6. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის არსი, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით მიღებული შემოსავალი, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელისთვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე ის სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც მიიღებდა სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი სასაქონლო ნიშნის მართლზომიერად გამოყენებით. 7. ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია განისაზღვრება არანაკლებ იმ ოდენობით, რომელსაც სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევი სასაქონლო ნიშნის გამოყენების ნებართვის მიღებისას გადაიხდიდა. 8. ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის რაოდენობა, გამოყენებული სასაქონლო ნიშნის იდენტურობა ან დაცულ სასაქონლო ნიშანთან მსგავსების ხარისხი, საქართველოში სასაქონლო ნიშნის რეპუტაცია, დამრღვევის განზრახვა, იმ მომსახურების მასშტაბი, ხასიათი და სხვა მახასიათებელი, რომლის შეთავაზებაც ხდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით, ან/და ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელიც კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 23 დეკემბერი 2017 წ. N1922-რს |
დოკუმენტის კომენტარები