საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1919-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 060000000.05.001.018739
1919-რს
23/12/2017
ვებგვერდი, 11/01/2018
060000000.05.001.018739
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) დაემატოს შემდეგი შინაარსის მეშვიდე5 კარი:

 

„კარი მეშვიდე5

ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე სამართალწარმოების თავისებურებანი

 

თავი XLIV12

ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიებანი, ინფორმაციის მიღების უფლება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებანი

 

მუხლი 36325. ამ თავში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს ამავე თავის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაცული სასაქონლო ნიშანი, მომსახურების ნიშანი ან კოლექტიური ნიშანი, რეგისტრირებული დიზაინი, პატენტით დაცული გამოგონება ან სასარგებლო მოდელი, საავტორო უფლებით ან მომიჯნავე უფლებებით დაცული ობიექტი;

ბ) განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული ან/და სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული საქონელი:                                             

ბ.ა) დაცული სასაქონლო ნიშნის, მომსახურების ნიშნის ან/და კოლექტიური ნიშნის (შემდგომ – სასაქონლო ნიშნის) მიმართ − საქონელი ან/და მომსახურება, რომელიც შეიცავს სასაქონლო ნიშნის იდენტურ ან მსგავს ნიშანს ან რომელზედაც დატანილია  სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშანი, ან რომელსაც აქვს მოცულობითი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ფორმა და რომლის წარმოება, მიწოდება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, შენახვა, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ან ამ მიზნით შენახვა/დასაწყობება (დროებით შესანახად განთავსება) ანდა ნებისმიერი სხვაგვარი გამოყენება იწვევს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევას, მიუხედავად ნიშანდების ადგილისა;

ბ.ბ) რეგისტრირებული დიზაინის მიმართ – პროდუქტი, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება და რომლის წარმოება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, შენახვა, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ან ამ მიზნით შენახვა/დასაწყობება (დროებით შესანახად განთავსება) ანდა ნებისმიერი სხვაგვარი გამოყენება იწვევს რეგისტრირებულ დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევას;

ბ.გ) პატენტით დაცული გამოგონების ან სასარგებლო მოდელის მიმართ – პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული მოწყობილობა ან ნივთიერება, რომლის წარმოება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, შენახვა, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ან ამ მიზნით შენახვა/დასაწყობება (დროებით შესანახად განთავსება) ანდა სხვაგვარი გამოყენება იწვევს პატენტის მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევას; პატენტით დაცული ხერხით დამზადებული მოწყობილობა ან ნივთიერება, რომლის დამზადება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, შენახვა, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ან ამ მიზნით შენახვა/დასაწყობება (დროებით შესანახად განთავსება) ანდა ნებისმიერი სხვაგვარი გამოყენება იწვევს პატენტის მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევას;  

ბ.დ) საავტორო უფლებით ან მომიჯნავე  უფლებებით დაცული ობიექტის მიმართ – „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კონტრაფაქციული ასლები.

მუხლი 36326. რეგულირების სფერო

ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე ვრცელდება ამ კოდექსით დადგენილი წესები, ამ თავით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.

მუხლი 36327. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიებები

1. სასამართლო უფლებამოსილია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანოს მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე განჩინება მტკიცებულებათა შენარჩუნების მიზნით, თუ არსებობს მათი განადგურების საფრთხე.

2. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება მოიცავდეს იმ საქონლის, რომლითაც, სავარაუდოდ, ირღვევა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლება, წარმოებისათვის/რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალებებისთვის გვერდის ავლისათვის განკუთვნილი დანადგარის/მასალის, მოწყობილობის ან მოწყობილობის კომპონენტის ან/და სავარაუდო კანონდარღვევასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დეტალურ აღწერას ნიმუშის აღებით ან უამისოდ. ამასთანავე, თუ მტკიცებულებათა უზრუნველყოფა აღნიშნული ღონისძიებების გამოყენებით ვერ ხერხდება,  შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აგრეთვე ყადაღის დადება.

3. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული რამდენიმე ღონისძიება ერთდროულად გამოიყენოს.

4. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები გამოიყენოს იმ პირის მოსმენის გარეშე, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან დაარღვია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ამ უფლების მფლობელს არაპროპორციული ზიანი მიადგება, ან/და თუ არსებობს მტკიცებულებათა განადგურების აშკარა საშიშროება.

5. სასამართლომ პირს, რომლის მიმართაც უნდა განხორციელდეს ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები, ამის თაობაზე უნდა აცნობოს დაუყოვნებლივ, ღონისძიებათა გამოყენებიდან არაუგვიანეს 48 საათისა.

6. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება, თუ დაასაბუთებს, რომ მისი განსაკუთრებული უფლების დარღვევის ან შესაძლო დარღვევის ფაქტის დასადგენად აღნიშნულ ღონისძიებათა გამოყენება აუცილებელია.

7. მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი განისაზღვრება და მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ გამოტანილი განჩინების გასაჩივრება ხდება ამ კოდექსის 118-ე და 119-ე მუხლების შესაბამისად.

8. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის თაობაზე განჩინება მოსამართლეს 5 სამუშაო დღის ვადაში გამოაქვს.  

მუხლი 36328. ინფორმაციის მიღების უფლება

1. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე სამართალწარმოების პროცესში სასამართლო უფლებამოსილია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის თანაზომიერი და დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე:

ა) მოსთხოვოს პირს, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან დაარღვია განსაკუთრებული უფლება, იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული ან/და სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული საქონლის წარმოშობის ან/და გასაღების ქსელის შესახებ ინფორმაციას. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე კანონდარღვევასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებას;

ბ) მოსთხოვოს ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება პირს, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი კომერციული მასშტაბით სთავაზობდა, იღებდა, ფლობდა ან/და იყენებდა განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებულ ან/და სამოქალაქო ბრუნვაში ჩართულ საქონელს. აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ვრცელდება აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირზე, რომელიც სთავაზობდა, იღებდა, ფლობდა ან/და იყენებდა განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებულ ან/და სამოქალაქო ბრუნვაში ჩართულ საქონელს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება/ქმედებები პირადი სარგებლობის მიზნით ხორციელდებოდა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მწარმოებლის, დამამზადებლის, დისტრიბუტორის, მიმწოდებლის ან/და საქონლის სხვა ადრინდელი მფლობელის, საბითუმო ან/და საცალო მოვაჭრის (რომლისთვისაც განკუთვნილია საქონელი, რომლითაც, სავარაუდოდ, ირღვევა განსაკუთრებული უფლება) სრულ სახელწოდებასა და მისამართს, აგრეთვე წარმოებული, დამზადებული, მიწოდებული, მიღებული ან შეკვეთილი საქონლის რაოდენობისა და ფასის შესახებ ინფორმაციას.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გამოყენების შედეგად მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება დაუშვებელია.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს პირი, რომელმაც სასამართლოს მიმართა აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების თაობაზე შუამდგომლობით. მოწინააღმდეგე მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ინფორმაციის მიწოდებისათვის მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება. საბოლოოდ ეს ხარჯები გადანაწილდება სასამართლოს მიერ საქმის არსებითად გადაწყვეტისას.

5. ინფორმაციის მიწოდების შესახებ განჩინების გასაჩივრება დაუშვებელია. ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

მუხლი 36329. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები

1. სასამართლო უფლებამოსილია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის მიმართვის საფუძველზე:

ა) გამოიტანოს განჩინება იმ პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ან/და მოძრავ ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებსა და სხვა აქტივებზე) ყადაღის დადების შესახებ, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან კომერციული მასშტაბით დაარღვია განსაკუთრებული უფლება, თუ შესაძლებელია, საფრთხე შეექმნას განსაკუთრებული უფლების მფლობელის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამ მიზნით სასამართლო განსაკუთრებული უფლების მფლობელის შუამდგომლობის საფუძველზე, განსაკუთრებული უფლების შესაძლო დამრღვევისგან გამოითხოვს მის მფლობელობაში არსებულ საბანკო, ფინანსურ ან/და კომერციულ დოკუმენტებს/ინფორმაციას. ამ დოკუმენტების/ინფორმაციის გაცნობის უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს. სასამართლო უფლებამოსილია ყადაღის საგნის იდენტიფიცირების მიზნით მიღებული დოკუმენტები/ინფორმაცია გადასცეს სასამართლოს მიერ დანიშნულ დამოუკიდებელ ექსპერტს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გამოყენების შედეგად მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება დაუშვებელია;

ბ) აუკრძალოს პირს, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან დაარღვია განსაკუთრებული უფლება, იმ ქმედების განხორციელება, რომლითაც ირღვევა განსაკუთრებული უფლება;

გ) ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების აკრძალვის ნაცვლად მოსთხოვოს პირს, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან დაარღვია განსაკუთრებული უფლება, შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა.  

2. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რამდენიმე ღონისძიება ერთდროულად გამოიყენოს.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომლის მომსახურება გამოიყენება ან გამოიყენებოდა განსაკუთრებული უფლების კომერციული მასშტაბით დარღვევისათვის.

4. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენებით შეიძლება ზარალი მიადგეს პირს, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან დაარღვია განსაკუთრებული უფლება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებანი და, იმავდროულად, მოსთხოვოს განსაკუთრებული უფლების მფლობელს მოწინააღმდეგე მხარისთვის შესაძლო ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. სასამართლოს უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენის მოთხოვნა შეუძლია აგრეთვე მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე.

5. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე ვრცელდება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი მოთხოვნები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

23 დეკემბერი 2017 წ.

N1919-რს