დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 579 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 28/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 03/04/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 140070000.10.003.020288 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/12/2017 - 29/03/2019)
|
მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ
|
მუხლი 1 |
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის „გ1“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის 21 პუნქტისა და 56-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ზ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად:
1. განისაზღვროს მასობრივი თავშეყრის ობიექტების ჩამონათვალი: ა) სავაჭრო ცენტრი; ბ) ბაზრობა; გ) ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგური; დ) სასტუმრო. 2. დამტკიცდეს თანდართული მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესი და პირობები. |
მუხლი 2 |
დადგენილება, გარდა დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2, მე-4 და მე-5 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2, მე-4 და მე-5 მუხლები ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტს. |
|
მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესი და პირობები
|
მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესი და პირობები (შემდგომში − წესი) არეგულირებს მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ფარგლებსა და მისი განხორციელების პირობებს. 2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქმიანობის განმახორციელებელი (ფუნქციონირებადი) მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელზე და იმ მზღვეველზე, რომელიც მიიღებს მონაწილეობას ამ დადგენილებით განსაზღვრულ სავალდებულო დაზღვევის სახეობაში. მუხლი 2. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სავალდებულოობა 1. მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა ამ წესით დადგენილი პირობებით. 2. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულოა მასობრივი თავშეყრის ობიექტის ფუნქციონირების სრული პერიოდის განმავლობაში. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ დადგენილების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სავაჭრო ცენტრი – საერთო ადმინისტრაციის მქონე შენობაში განთავსებული კომპლექსი, იზოლირებულ ფართზე განლაგებული, ინდივიდუალური შესასვლელის მქონე სავაჭრო ობიექტი, რომელშიც საქმიანობას ახორციელებენ მეწარმე სუბიექტები; ბ) ბაზრობა − საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ბაზრობა ან სპეციალური სავაჭრო ზონა, გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისათვის განკუთვნილი სპეციალური სავაჭრო ზონის ან ავტობაზრობისა; გ) სასტუმრო − 100 და მეტადგილიანი სასტუმრო, დასასვენებელი სახლი; დ) მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელი – პირი, რომელიც ახორციელებს მასობრივი თავშეყრის ობიექტის მართვას (ვაჭრობის ორგანიზატორი/ადმინისტრაცია); ე) მზღვეველი − იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის (არასიცოცხლის) სახეობის ლიცენზია და იღებს მონაწილეობას სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში; ვ) დამზღვევი − მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელი, რომელსაც დადებული აქვს სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება; ზ) მესამე პირი (დაზარალებული) − მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელის გარდა ნებისმიერი პირი, მათ შორის, ამ ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტი, რომელსაც სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიადგა ზიანი; თ) სადაზღვევო შემთხვევა – მასობრივი თავშეყრის ობიექტში ხანძრის, აფეთქების ან მასობრივი თავშეყრის ობიექტში კონსტრუქციის ნგრევის (მათ შორის, სამგზავრო ლიფტის ვარდნის) შედეგად მესამე პირის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის ან/და ქონებისთვის მიყენებული ზიანი, ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; ი) სადაზღვევო ლიმიტი − მზღვეველის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა. მუხლი 4. სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა 1. სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის მიზანია მასობრივი თავშეყრის ობიექტებში და ამ ობიექტებიდან გამომდინარე, მესამე პირთა პირადი და ქონებრივი ინტერესების დაცვა. 2. სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ხორციელდება დამზღვევის მიერ მზღვეველთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმად დამზღვევი ვალდებულია, გადაიხადოს შესაბამისი სადაზღვევო პრემია, ხოლო მზღვეველი – აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მესამე პირისათვის მიყენებული ზიანი. 3. მზღვეველი ვალდებულია, წერილობითი ფორმით აცნობოს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს ამ დადგენილებით გათვალისწინებული სავალდებულო დაზღვევის სახეობაში საქმიანობის განხორციელების შესახებ − საქმიანობის დაწყებამდე, ხოლო საკუთარი ინიციატივით საქმიანობის შეწყვეტისას − შეწყვეტამდე ერთი თვით ადრე. 4. ამ წესით ანაზღაურებას არ ექვემდებარება ზიანი და სადაზღვევო შემთხვევად არ განიხილება ხდომილება, რომელიც გამოწვეულია: იონიზირებული რადიაციით, თერმობირთვული საწვავის ან ნებისმიერი ბირთვული ნარჩენებით განპირობებული რადიაქტიული დაბინძურებით, რადიაქტიული, ტოქსიკური, ფეთქებადი ან ნებისმიერი ბირთვული ნივთიერების შემცველი აირით; მასობრივი არეულობით, ტერორიზმით, საომარი მოქმედებებით, საგანგებო, სამხედრო მდგომარეობით, სამოქალაქო ომით, საბოტაჟით, აჯანყებით, შეიარაღებული გამოსვლებით, ატომური იარაღის გამოყენებით, მანიფესტაციებით, ლოკაუტით, გაფიცვით; ბუნებრივი მოვლენებით. 5. ამ წესით დადგენილი პირობებით არ ანაზღაურდება ზიანი, რომელიც გამოწვეულია შემდეგი ქონების განადგურებით: ფულის ბანკნოტები და კუპიურები, ბეჭდები, ობლიგაციები, ვაუჩერები, ჟეტონები, საკრედიტო ბარათები და სხვა ფასიანი ქაღალდები; ხელნაწერები, გეგმები, ნახაზები. 6. მესამე პირების ინტერესებიდან გამომდინარე: ა) სადაზღვევო შემთხვევის ხდომილებისთანავე, დამზღვევი ვალდებულია, მზღვეველს აცნობოს აღნიშნულის შესახებ, მაგრამ არაუმეტეს შემთხვევის დადგომიდან 24 საათისა; ბ) მესამე პირი ან მისი წარმომადგენელი/მემკვიდრე ვალდებულია, წარუდგინოს მზღვეველს ყველა საჭირო დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია ზიანის ოდენობის დადგენისა და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისათვის. აღნიშნული დოკუმენტი/ინფორმაცია წარდგენილ უნდა იქნეს სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 60 (სამოცი) დღის განმავლობაში; გ) მზღვეველი ვალდებულია, ყველა საჭირო დოკუმენტის მიღებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა აუნაზღაუროს ზიანი მესამე პირს, მიუხედავად იმისა, ამ თარიღისათვის დადგენილია თუ არა სადაზღვევო შემთხვევის გამოწვევაზე პასუხისმგებელი პირი. 7. დაზარალებულისათვის სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის შემდეგ მზღვეველს უფლება აქვს, რეგრესის წესით წაუყენოს მოთხოვნა სადაზღვევო შემთხვევის დადგომაზე პასუხისმგებელ პირს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 8. დაუშვებელია მზღვეველის მიერ მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა ან ხელშეკრულებაში ისეთი პირობის არსებობა, რომელიც აუარესებს დამზღვევის/დაზარალებულის მდგომარეობას ან ეწინააღმდეგება ამ წესით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურების წინაპირობას. 9. მზღვეველი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს სავალდებულო დაზღვევის პოლისით გათვალისწინებული ვალდებულებების აღებაზე, თუ საფრთხე ექმნება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მზღვეველის ეკონომიკური და ნორმატიული ლიმიტების დაცვას. მუხლი 5. სადაზღვევო ლიმიტი/ლიმიტები და სადაზღვევო ანაზღაურება 1. მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელის სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისის წლიური სადაზღვევო ლიმიტი/ლიმიტები განისაზღვრება: ა) სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის შემთხვევაში, მინიმალური: ა.ა) დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე − 300 000 ლარით. ამასთან, თითოეული სადაზღვევო შემთხვევის დროს ერთ დაზარალებულზე სიცოცხლისათვის მიყენებულ ზიანზე − 30 000 ლარით, ხოლო ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე − 15 000 ლარით; ა.ბ) ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტის ქონებისთვის (მოძრავი ქონება, მარაგები) მიყენებულ ზიანზე − ობიექტში ფუნქციონირებადი კომერციული ობიექტების (გარდა იმ ობიექტებისა, რომელთა დაზღვევაც უზრუნველყოფილია მეწარმე სუბიექტის ან ვაჭრობის ორგანიზატორის/ადმინისტრაციის მიერ ქონებისა და მარაგების ნებაყოფლობითი დაზღვევის პირობებით, სადაზღვევო თანხით არანაკლებ 15 000 ლარისა) რაოდენობის ნამრავლით 15 000 ლარზე, არაუმეტეს 15 000 000 ლარისა. ამასთან, თითოეულ სადაზღვევო შემთხვევაზე ობიექტში მეწარმე სუბიექტის ერთი კომერციული ობიექტისათვის − 15 000 ლარით; ბ) ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგურის შემთხვევაში, მინიმალური: ბ.ა) დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე − 300 000 ლარით. ამასთან, ერთი მფლობელის მიერ ორი ან მეტი ავტოგასამართი/აირგასამართი ობიექტის (სადგურის) ფლობის შემთხვევაში − ამ ობიექტების რაოდენობის ნამრავლით 300 000 ლარზე, არაუმეტეს 3 000 000 ლარისა, ხოლო თითოეული სადაზღვევო შემთხვევისთვის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა − 300 000 ლარით, ერთ დაზარალებულზე: სიცოცხლისათვის მიყენებულ ზიანზე − 30 000 ლარით, ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე – 15 000 ლარით; ბ.ბ) დაზარალებულის ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე − 200 000 ლარით. ამასთან, ერთი მფლობელის მიერ ორი ან მეტი ავტოგასამართი/აირგასამართი ობიექტის (სადგურის) ფლობის შემთხვევაში − ამ ობიექტების რაოდენობის ნამრავლით 200 000 ლარზე, არაუმეტეს 2,000,000 ლარისა. თითოეული სადაზღვევო შემთხვევისთვის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა − 200 000 ლარით, ხოლო ერთი დაზარალებულის ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე – 15,000 ლარით; გ) სასტუმროს შემთხვევაში, მინიმალური: გ.ა) დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე − 600 000 ლარით. ამასთან, თითოეული სადაზღვევო შემთხვევის დროს ერთ დაზარალებულზე − სიცოცხლისათვის მიყენებულ ზიანზე 30 000 ლარით, ხოლო ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე − 15 000 ლარით; გ.ბ) დაზარალებულის ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე − 300 000 ლარით. ამასთან, თითოეული სადაზღვევო შემთხვევის დროს ერთი დაზარალებულის ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე – 15,000 ლარით. 2. სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს სადაზღვევო ლიმიტისა. ამასთან, მზღვეველის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა მცირდება სავალდებულო დაზღვევის პოლისის ფარგლებში გაცემული სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, თუ მეწარმე სუბიექტი (დაზარალებული) ვერ უზრუნველყოფს მზღვეველისათვის მის ქონებაზე მიყენებული ზიანის ოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიწოდებას, მზღვეველი აანაზღაურებს ზიანს ერთჯერადი სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის გზით, რომელიც გამოიანგარიშება თითოეული დაზარალებულისათვის ერთი კომერციული ობიექტის ფართის მიხედვით (მათ შორის, სასაწყობე ფართი) და შეადგენს 1 მ2X500 ლარს, მაგრამ არა უმეტეს 3 000 (სამი ათასი) ლარისა. 4. სავალდებულო დაზღვევის პოლისის წლიური სადაზღვევო ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში, მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელი ვალდებულია, დააზღვიოს სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაზღვევის პერიოდის უწყვეტობის პრინციპის დაცვით. მუხლი 6. ინფორმაციული უზრუნველყოფა და კონფიდენციალურობა 1. ამ დადგენილების შესრულების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ − შემოსავლების სამსახური და მზღვეველი უფლებამოსილები არიან, დაამუშაონ მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელის შესახებ და მის მიერ განხორციელებული დაზღვევის თაობაზე მონაცემები, მათ შორის, პერსონალური მონაცემები. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ − შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს მზღვეველებისთვის მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელის შესახებ მონაცემების მიწოდებას, ხოლო მზღვეველი უზრუნველყოფს განხორციელებული დაზღვევის თაობაზე მონაცემების გადაცემას. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული მხარეები ვალდებულნი არიან, დაიცვან ინფორმაციის/მონაცემების კონფიდენციალურობა, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა უშუალოდ საქმიანობის განხორციელებისას.
|
დოკუმენტის კომენტარები