დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01-72/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 27/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016481 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/12/2017 - 23/12/2019)
|
მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ
|
,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 73-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 79-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული ,,მინდობით აღზრდის წესი“ (დანართი №1) და სპეციალიზებული მინდობით აღზრდის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრისათვის საჭირო კრიტერიუმები (დიაგნოზების კოდები ICD-10-ის მიხედვით) (დანართი №2 ). |
მუხლი 2 |
დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), უზრუნველყოს მინდობით აღზრდის წესისთვის საჭირო ფორმების დამტკიცება. |
მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანება. |
მუხლი 4 |
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი №1
მინდობით აღზრდის წესი მუხლი 1. რეგულირების სფერო წინამდებარე წესით განისაზღვრება მინდობით აღზრდის (მათ შორის გადაუდებელი, ნათესაური, ჩამნაცვლებელი და სპეციალიზებული მინდობით აღზრდის) პროცედურები, მინდობით აღმზრდელის და მინდობით აღსაზრდელის რეგისტრაციისა და ბავშვის მინდობით აღზრდის მიზნით განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე მინდობით აღზრდის ანაზღაურების დანიშვნისა და შეწყვეტის პირობები. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მინდობით აღზრდის მსურველი პირი – საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი, რომელსაც განაცხადი აქვს შეტანილი სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში მინდობით აღმზრდელად დარეგისტრირების მიზნით, განცხადების შემოტანიდან რეგისტრაციამდე. ბ) მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული ბავშვი – 18 წლამდე პირი, რომელიც „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლებელია დაექვემდებაროს მინდობით აღზრდაში განთავსებას. გ) ადგილობრივი რეესტრი – მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ერთეულის მიერ დარეგისტრირებული მინდობით აღმზრდელებისა და მინდობით აღსაზრდელების შესახებ მონაცემების ერთობლიობა. დ) რეგიონული საბჭო – სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სათათბირო ორგანო, რომლის უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება კანონმდებლობით. ე) რეგულარული მინდობით აღზრდა – მინდობით აღზრდის ფორმა, როდესაც მინდობით აღსაზრდელი თავსებადობის დასკვნის საფუძველზე, განთავსდება მინდობით აღმზრდელთან გრძელვადიანი მიზნით. ვ) მინდობით აღზრდის ანაზღაურება – ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა მინდობით აღმზრდელს ბავშვის/მინდობით აღსაზრდელის მოვლისა და აღზრდისათვის. ზ) ინდივიდუალური განვითარების გეგმა – ბავშვის აზრის გათვალისწინებით და მისი საუკეთესო ინტერესების დაცვით, სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის მინდობით აღმზრდელთან და ბავშვის ზრუნვაში ჩართულ სხვა პირებთან ერთად შედგენილი ბავშვის ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობისათვის დაგეგმილი კონკრეტული მიზნებისა და ღონისძიებების ერთობლიობა. თ) განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვი – შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ან ჯანმრთელობის პრობლემების ან/და ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვი, რომელსაც სპეციფიკური ზრუნვა ესაჭიროება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით (№2 დანართის შესაბამისად). 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ იგივე მნიშვნელობა, რაც გათვალისწინებულია „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი 3. მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოები 1. მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო არის სააგენტო. 2. სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანო): ა) კოორდინაციას უწევს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოების მუშაობას; ბ) უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებასა და მინდობით აღზრდის საკითხებში საუკეთესო ინტერესების დაცვას; გ) ახორციელებს მინდობით აღმზრდელის ფინანსურ უზრუნველყოფას; დ) უზრუნველყოფს მინდობით აღზრდასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზის წარმოებას, მის სისტემატიზებასა და დამუშავებას; ე) უზრუნველყოფს ან/და ორგანიზებას უწევს სავალდებულო მოსამზადებელი კურსების ჩატარებას მინდობით აღზრდის მსურველი პირებისთვის; ვ) ახორციელებს მინდობით აღზრდის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე: ა) ახორციელებს მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირისა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის გამოვლენას; ბ) მინდობით აღმზრდელის და მინდობით აღსაზრდელის რეგისტრაციას და აღნიშნულ პირთა შესახებ ინფორმაციის სისტემატიზებას; გ) ახორციელებს მინდობით აღმზრდელის და მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული ბავშვის თავსებადობის შეფასებას (გარდა გადაუდებელი მინდობით აღზრდისა), მათ რეგისტრაციასა და აღნიშნულ პირთა შესახებ ინფორმაციის სისტემატიზებას (ადგილობრივ რეესტრში ასახვას); დ) შეიმუშავებს ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმას და ახორციელებს ამ გეგმის შესრულების მონიტორინგს (მათ შორის მინდობით აღმზრდელის ნაწილში თუ რამდენად ჯეროვნად ასრულებს ინდივიდუალური განვითარების გეგმით გაწერილ აქტივობებს), ინდივიდუალური განვითარების გეგმას წარუდგენს საბჭოს განსახილველად; ე) ზედამხედველობს მინდობით აღსაზრდელის საცხოვრებელი პირობების, აღზრდა-განვითარების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე, მინდობით აღმზრდელის მიერ ხელშეკრულებით და სტანდარტით ნაკისრი მოვალეობების შესრულებას; ვ) უზრუნველყოფს ბავშვთა უფლებების დაცვას და მინდობით აღზრდის ყველა ეტაპზე, ახორციელებს მინდობით აღსაზრდელის წარმომადგენლობას; ზ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, მინდობით აღზრდის საკითხებზე ატარებს კონსულტაციებს; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 4. ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის მიმართვა 1. ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველმა პირმა/პირებმა უნდა მიმართოს (მიმართონ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თავისი (თავიანთი) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 2. მინდობით აღზრდის მსურველმა პირმა (პირებმა) უნდა გაიაროს (გაიარონ) კონსულტაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ პირთან. 3. განაცხადს თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) მინდობით აღზრდის მსურველი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა). მინდობით აღმზრდელს არ უნდა აღენიშნებოდეს შემდეგი დაავადებები: ა.ა) ტუბერკულოზი (მწვავე) ნებისმიერი ლოკალიზაციის, ინფექციის გამავრცელებელი ფორმით; ა.ბ) შინაგანი ორგანოების დაავადებები დეკომპენსაციის სტადიაში; ა.გ) ნერვული სისტემის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მნიშვნელოვნად გამოხატული დაავადებები და დაზიანებები, რაც გამოიწვევს მოძრაობასა და კოორდინაციის მნიშვნელოვან დარღვევას; ა.დ) ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი, ონკოლოგიური დაავადებები; ა.ე) ნარკომანია, ტოქსიკომანია, ალკოჰოლიზმი; ა.ვ) ინფექციური დაავადებები მათი დისპანსერული აღრიცხვიდან მოხსნამდე; ა.ზ) ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები; ა.თ) ყველა დაავადება და ტრავმა, რომელმაც გამოიწვია მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭება, რომელიც ახდენს გავლენას ბავშვის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებაზე. ბ) მინდობით აღზრდის მსურველი პირის ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა არ შეიცავს მონაცემებს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ; გ) მინდობით აღზრდის მსურველი პირის და მასთან მცხოვრები მისი ოჯახის წევრების ნასამართლეობის შესახებ ცნობა; ოჯახის წევრად ამ წესის მიზნებისათვის ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირი, მინდობით აღმზრდელი, მეურვე, მზრუნველი, და, ძმა, მეუღლე, ყოფილი მეუღლე, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, აგრეთვე პირები, რომლებიც ერთობლივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას და მათი ოჯახის წევრები; დ) მინდობით აღზრდის მსურველი პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა; ე) მინდობით აღზრდის მსურველი პირის ოჯახის ძალაში მყოფი ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომელიც ადასტურებს ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის/ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას. (რეგისტრაციის მომენტისათვის პირის/ოჯახის სარეიტინგო ქულა უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას); ვ) სერტიფიკატი – ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის მიერ მოსამზადებელი კურსის სრულად გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის. 4. ტერიტორიული ერთეულის მიერ უნდა გადამოწმდეს შემდეგი ფაქტები: ა) აქვს თუ არა მინდობით აღზრდის მსურველ პირს შეზღუდული, შეჩერებული ან ჩამორთმეული მშობლის ან მეურვის/მზრუნველის უფლებები კანონით განსაზღვრულ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო; ბ) მინდობით აღზრდის მსურველ პირს, ჩამორთმეული ხომ არ ჰყავს მინდობით აღსაზრდელი, საქართველოს კანონმდებლობითა და სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო; გ) არის თუ არა მინდობით აღზრდის მსურველი პირი სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებული ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი. 5. მინდობით აღზრდის (ნებისმიერი სახის) მსურველი პირის/ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ ამონაწერი მოითხოვება რეგისტრაციისას. მინდობით აღსაზრდელის განთავსებისას ამონაწერის წარდგენა არ არის სავალდებულო. 6. ნათესაური მინდობით აღზრდის შემთხვევაში, მინდობით აღზრდის მსურველ პირს, რეგისტრაციისას არ მოეთხოვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო ზღვრული ქულა. 7. განაცხადის შევსებისას, თუ ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირი ვერ აკმაყოფილებს მინდობით აღმზრდელის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სოციალური მუშაკი არ ახორციელებს მინდობით აღზრდის მსურველი პირის შეფასებას და მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო იღებს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას და 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობითი ფორმით აცნობებს განმცხადებელს. 8. მინდობით აღზრდის მსურველ პირს შეუძლია განმეორებითი განაცხადის შევსება ნებისმიერ დროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გარდა ამ წესით დადგენილი შემთხვევებისა. მუხლი 5. მინდობით აღზრდის მსურველი პირის/ოჯახის შეფასება, გადაწყვეტილების მიღება და მონაცემების აღრიცხვა 1. თუ ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირი აკმაყოფილებს მინდობით აღმზრდელის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენიდან არა უმეტეს 20 სამუშაო დღისა, სოციალური მუშაკი ახორციელებს ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის/ოჯახის შეფასებას და წერს დასკვნას. 2. მეურვოება-მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო უფლებამოსილია ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია მინდობით აღზრდის მსურველი პირის ან მისი ოჯახის წევრ(ებ)ის პერსონალურ და სხვა მონაცემების შესახებ, რაც უკავშირდება რეესტრში აღრიცხვას. 3. მინდობით აღზრდის მსურველი პირის/ოჯახის შესახებ დასკვნის მომზადებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო, სოციალური მუშაკის მიერ მინდობით აღზრდის მსურველი პირის შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას მინდობით აღმზრდელად რეგისტრაციაზე ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. 4. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მინდობით აღმზრდელად რეგისტრაციაზე ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ უნდა აღირიცხოს ადგილობრივ რეესტრში და გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა გადააგზავნოს განმცხადებელ პირთან და სააგენტოში, მონაცემთა ბაზაში ასახვის მიზნით. 5. მინდობით აღმზრდელად რეგისტრაციის გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს რომელი ტიპის (ნათესაური, ჩამნაცვლებელი, გადაუდებელი, რეგულარული) მინდობით აღმზრდელად რეგისტრირდება მინდობით აღზრდის მსურველი პირი. 6. გადაწყვეტილება პირის მინდობით აღმზრდელად რეგისტრაციის თაობაზე მიიღება 1 წლის ვადით. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა მასთან მინდობით აღსაზრდელის განთავსება, სურვილის შემთხვევაში მინდობით აღმზრდელმა, უნდა გაიაროს განმეორებითი რეგისტრაცია დადგენილი წესით და უნდა წარადგინოს ამ წესით დადგენილი დოკუმენტაცია. 7. თუ რეგისტრაციიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში, წლის ნებისმიერ თვეს მოხდა ბავშვის განთავსება მინდობით აღმზრდელთან, მისი რეგისტრაცია გრძელდება. თუ რეგისტრაციიდან 1 წლის განმავლობაში, ოჯახიდან მოხდა ბავშვის გამოყვანა და სხვა ბავშვი არ განთავსდა, ამ შემთხვევაში 1 წლიანი ვადის ათვლა დაიწყება ბავშვის გამოყვანის თარიღიდან. 8. იმ შემთხვევაში, თუ პირი არის დარეგისტრირებული ერთი ტიპის/სახის მინდობით აღმზრდელად, განთავსებული ჰყავს მინდობით აღსაზრდელი და აქვს სურვილი, რომ დარეგისტრირდეს სხვა ტიპის/სახის მინდობით აღმზრდელად მან უნდა მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. ამ შემთხვევაში საბუთების წარდგენა არ არის სავალდებულო, სოციალური მუშაკის დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში იგი დარეგისტრირდება მოთხოვნის შესაბამისად, გარკვეული ტიპის/სახის მინდობით აღმზრდელად. სპეციალიზებული მინდობით აღზრდის შემთხვევაში დამატებით იქნება საჭირო შესაბამისი, ძალაში მყოფი სერტიფიკატი. მუხლი 6 . მინდობით აღზრდაში განთავსება და მინდობით აღსაზრდელთა რეგისტრაცია 1. მინდობით აღზრდაში პირის განთავსების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ბავშვის გამოვლენის ადგილის მიხედვით, საბჭოს/საბჭოს თავმჯდომარის მიერ: ა) სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის, მისი ბიოლოგიური ოჯახის საჭიროებებისა და მინდობით აღმზრდელის შესაძლებლობების, შეფასებისა და მომზადებული დასკვნის (აღსაზრდელისა და მინდობით აღმზრდელის თავსებადობის) საფუძველზე; ბ) გადაუდებელი მინდობით აღზრდის შემთხვევაში სოციალური მუშაკის მიერ მომზადებული, მომართვაზე გადაუდებელი რეაგირების ოქმის საფუძველზე. 2. სოციალური მუშაკი მინდობით აღზრდაში განსათავსებელი ბავშვის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არა უმეტეს 25 სამუშაო დღის განმავლობაში ახორციელებს ბავშვის შეფასებას (გარდა გადაუდებელი მინდობით აღზრდისა), ამზადებს დასკვნას, სადაც სხვა საჭირო ინფორმაციასთან ერთად უნდა აისახოს, თუ რის საფუძველზე ექვემდებარება ბავშვი მინდობით აღზრდაში გადაყვანას (არის ობოლი, მისი მშობელი (მშობლები) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, მის მშობელს (მშობლებს) შეეზღუდა (შეეზღუდათ), შეუჩერდა (შეუჩერდათ) ან ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) მშობლის უფლებები). 3. ბავშვის საჭიროებების შეფასების შედეგების გათვალისწინებით და მინდობით აღსაზრდელის ინტერესებიდან გამომდინარე, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო აწვდის ბავშვის შესახებ ინფორმაციას მინდობით აღმზრდელს. 4. სოციალურმა მუშაკმა მინდობით აღსაზრდელისათვის პირველ რიგში უნდა მოიძიოს მისი ბიოლოგიური მშობლების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებული მინდობით აღმზრდელი (გარდა გადაუდებელი და იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს). ბავშვი შესაძლებელია განთავსდეს სხვა ტერიტორიულ ერთეულში რეგისტრირებულ მინდობით აღმზრდელთან, თუ მინდობით აღმზრდელი ვერ იქნა მოძიებული მშობლების საცხოვრებელ ადგილას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უნდა აისახოს სოციალური მუშაკის დასკვნაში/ მომართვაზე გადაუდებელი რეაგირების ოქმში. 5. ბავშვის განთავსებამდე, მინდობით აღმზრდელი, სოციალური მუშაკთან ერთად ახორციელებს ვიზიტს ბავშვთან (გარდა გადაუდებელი მინდობით აღზრდისა). მინდობით აღმზრდელს უფლება აქვს გაეცნოს სოციალური მუშაკის მიერ მომზადებულ ბავშვის საჭიროებების თაობაზე დასკვნას და მიიღოს ასევე ბავშვის შესახებ სააგენტოს ხელთ არსებული ნებისმიერი მისთვის საინტერესო ინფორმაცია. 6. სოციალური მუშაკი ახორციელებს მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის თავსებადობის შეფასებას (გარდა გადაუდებელი მინდობით აღზრდისა) და ამზადებს დასკვნას. დასკვნის მომზადებისას სოციალურმა მუშაკმა უნდა დაიცვას „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 73-ე მუხლში მითითებული პრინციპები. გადაუდებელი მინდობით აღზრდის შემთხვევაში უნდა მომზადდეს გადაუდებელი რეაგირების ოქმი. 7. დასკვნა ან გადაუდებელი რეაგირების ოქმი სოციალურმა მუშაკმა უნდა წარუდგინოს ტერიტორიული ერთეულის უფროს სოციალურ მუშაკს და ხელმძღვანელს, საბჭოზე/საბჭოს თავმჯდომარესთან წარდგენის მიზნით. გადაუდებელი შემთხვევის დროს, თუ ბავშვის გადაყვანა ოჯახში ხდება არასამუშაო დროს/დღეს, გადაუდებელი რეაგირების ოქმი უნდა მომზადდეს მომდევნო სამუშაო დღეს და დაუყოვნებლივ წარედგინოს საბჭოს/საბჭოს თავმჯდომარეს. 8. ბავშვის განთავსების შემდეგ, მინდობით აღმზრდელს უნდა მიეწოდოს ბავშვის შესახებ დოკუმენტაცია, ამ წესით დადგენილ შემთხვევაში ფორმდება ხელშეკრულება. 9. მინდობით აღზრდაში განთავსების შემდეგ ბავშვის შესახებ ინფორმაცია უნდა აღირიცხოს ადგილობრივი რეესტრში და გადაეგზავნოს სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ასახვის მიზნით. 10. მინდობით აღმზრდელს უფლება აქვს განაცხადოს არგუმენტირებული უარი, სადაც მითითებულია ბავშვის მინდობით აღზრდაში განთავსებაზე უარის მიზეზი. გარდა გადაუდებელი მინდობით აღზრდის შემთხვევებისა, უარი მინდობით აღმზრდელმა უნდა განაცხადოს წერილობითი ფორმით. მუხლი 7. მონაცემთა ბაზა მონაცემთა ბაზაში აისახება მინდობით აღმზრდელის და მინდობით აღსაზრდელის მონაცემები, ფორმას ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი. მუხლი 8. ხელშეკრულება ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ 1. ბავშვის მინდობით აღზრდაში გადაცემის შესახებ საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ხოლო გადაუდებელი და ჩამნაცვლებელი მინდობით აღზრდისას – მინდობით აღმზრდელად რეგისტრაციის შემთხვევაში სააგენტოსა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირს შორის ფორმდება ხელშეკრულება მინდობით აღზრდის შესახებ (შემდგომში „ხელშეკრულება“). 2. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს „შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლით და სტანდარტებით დადგენილ პირობებს. 3. ნათესაური მინდობით აღზრდის ხელშეკრულება ფორმდება საბჭოს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, დანარჩენ შემთხვევებში – თვის ნებისმიერი რიცხვიდან. 4. ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ნებისმიერი ვადით, სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე. იმ შემთხვევაში თუ მინდობით აღსაზრდელი არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის მოსწავლე, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ხელშეკრულება გრძელდება, მაგრამ არაუმეტეს 21 წლის ასაკის მიღწევისა. 5. ამ მუხლით გათვალისწინებულ ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმებს ამტკიცებს სააგენტო. 6. ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო. 7. გადაუდებელ მინდობით აღზრდაში განთავსების ხელშეკრულება ფორმდება ბავშვის ოჯახში ფაქტობრივად შესვლის თარიღიდან 90 დღის ვადით, ნათესაური მინდობით აღზრდის შემთხვევაში საბჭოს გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან მომდევნო თვის 1 რიცხვიდან, დანარჩენ შემთხვევებში, საბჭოს/საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების თარიღიდან ან გადაწყვეტილებაში განსაზღვრული თარიღიდან. 8. ჩამნაცვლებელ მინდობით აღზრდაში განთავსების ხელშეკრულება (გარდა ნათესაური მინდობით აღზრდისა) ფორმდება საბჭოს/საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს კალენდარული წლის განმავლობაში 15 კალენდარული დღისა. შესაძლებელია ამ დღეების ნაწილ-ნაწილ გამოყენება. თუ მინდობით აღმზრდელთან განთავსებულია ერთ აღსაზრდელზე მეტი, მათი გადაყვანა ჩამნაცვლებელ მინდობით აღმზრდელთან/აღმზრდელებთან უნდა მოხდეს ერთდროულად. მუხლი 9. მინდობით აღმზრდელის და აღსაზრდელს უფლება-მოვალეობები 1. მინდობით აღმზრდელს მინდობით აღსაზრდელის მიმართ აკისრია „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობები. 2. მინდობით აღმზრდელს ასევე ევალება: ა) დაუბრკოლებლად შეუშვას სოციალური მუშაკი და სამინიტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირები თავის საცხოვრებელ ბინაში და მისცეს მას საშუალება შეამოწმოს სოციალური თუ ყოფითი პირობები; ბ) ობიექტური პასუხები გასცეს სოციალური მუშაკის შეკითხვებს, არ შეცვალოს ფაქტები, მოთხოვნისამებრ წარადგინოს დამატებითი დოკუმენტები, განსხვავებული აზრის არსებობისას დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნები, განცხადების წარდგენის გზით; გ) მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ან/და იმ გარემოებების შეცვლის შემთხვევაში, რომელიც გავლენას ახდენს რეესტრში აღრიცხულ მონაცემებზე (სოციალურ - ეკონომიკური, დემოგრაფიული, ჯანმრთელობის, ნასამართლობის და სხვა), დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს; დ) აცნობოს სოციალურ მუშაკს და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უწყებას მინდობით აღსაზრდელის მიერ ოჯახის თვითნებურად დატოვების ან გაუჩინარების თაობაზე, თუ ამ ფაქტიდან გასულია 24 საათი. 3. რეესტრში აღრიცხვასთან დაკავშირებით მინდობით აღმზრდელს უფლება აქვს: ა) გაეცნოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში, მის შესახებ არსებულ ინფორმაციას; ბ) მოითხოვოს მის შესახებ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში არსებული საქმის მასალები; გ) მოითხოვოს განაცხადში დაფიქსირებული მონაცემების ცვლილება; დ) ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 4. მინდობით აღსაზრდელს აქვს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 77-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები. 5. მინდობით აღსაზრდელს, მისი ასაკის, ჯანმრთელობისა და განვითარების დონის გათვალისწინებით ასევე აქვს შემდეგი უფლებები: ა) ურთიერთობა ჰქონდეს ბიოლოგიურ ოჯახის წევრთან/წევრებთან, ნათესავთან/ნათესავებთან, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის ინტერესებს; ბ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური განვითარების გეგმის შედგენაში; გ) გამოთქვას საკუთარი აზრი მისი აღზრდის საკითხებთან დაკავშირებით.
მუხლი 10. 18 წლის ზემოთ მინდობით აღსაზრდელის უფლება-მოვალეობანი 1. 18 წლის ზემოთ მინდობით აღსაზრდელი უფლებამოსილია: ა) მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს საბჭოს, საანაბრე ანგარიშზე დაგროვილი თანხის გამოტანის/გამოყენების თაობაზე, ასევე, სამომავლო გეგმების განხილვისა და მხარდაჭერის საჭიროების განსაზღვრის მიზნით; ბ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური გეგმის შემუშავებაში; გ) მოითხოვოს მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტა; დ) ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 2. 18 წლის ზემოთ მინდობით აღსაზრდელი ვალდებულია: ა) შეატყობინოს მინდობით აღმზრდელს და სააგენტოს მოსალოდნელი ცვლილებების თაობაზე; ბ) იცხოვროს მინდობით აღმზრდელთან; გ) პატივი სცეს მინდობით აღმზრდელის ოჯახის ტრადიციებს; დ) დაიცვას მინდობით აღმზრდელის ოჯახში არსებული წესები; ე) შეასრულოს მისთვის დაკისრებული, ინდივიდუალური გეგმით გაწერილი აქტივობები. მუხლი 11. მინდობით აღზრდის ანაზღაურების გაცემის წესი და პირობები 1. ნათესაური მინდობით აღზრდის შემთხვევაში მინდობითი აღზრდის ანაზღაურების გაცემა მოხდება ხელშეკრულების ვადის განმავლობაში ყოველთვიურად, საანგარიშო თვის 25 რიცხვამდე, ხოლო დანარჩენი სახის მინდობითი აღზრდის შემთხვევაში მინდობითი აღზრდის ანაზღაურების გაცემა მოხდება ხელშეკრულების ვადის განმავლობაში ყოველთვიურად, მომდევნო თვის 25 რიცხვამდე. 2. ნათესაური მინდობით აღზრდის ანაზღაურება ხდება თვიურად, დანარჩენი სახის მინდობითი აღზრდის შემთხვევაში უნდა გაიცეს ბავშვის მინდობით აღზრდაში ფაქტობრივად ყოფნის კალენდარული დღეების მიხედვით (ყოველ დღეზე დადგენილი წესის შესაბამისად). 3. მინდობით აღზრდის ანაზღაურების გასაცემი თანხა განისაზღვრება საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დღისათვის არსებული მდგომარეობით და დაფინანსება გრძელდება ხელშეკრულების ვადის განმავლობაში. 4. მინდობით აღსაზრდელის შშმ სტატუსის დადგენის, დაკარგვის, გაუქმების შემთხვევში, ხელშეკრულება იცვლება საბჭოს/საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან, ნათესაური მინდობით აღზრდის შემთხვევაში კი ცვლილებების განხორციელება მოხდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. 5. მინდობით აღზრდის ანაზღაურება გაიცემა მინდობით აღმზრდელზე საბანკო დაწესებულების მეშვეობით. 6. ნათესაური მინდობით აღზრდის შემთხვევაში ხელშეკრულების თვის დასრულებამდე შეწყვეტისას, იმ თვეზე გაიცემა მინდობით აღზრდის ანაზღაურების სრული ოდენობა, დანარჩენ შემთხვევაში (გადაუდებელი, ჩამნაცვლებელი, სპეციალიზებული, არანათესაური, რეგულარული) ანაზღაურება გაიცემა ბავშვის მინდობით აღმზრდელთან ფაქტობრივად ყოფნის კალენდარული დღეების მიხედვით. 7. წლის განმავლობაში სააგენტო ვალდებულია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში უზრუნველყოს განაცდური პერიოდის მინდობით აღზრდის ანაზღაურების სრულად დაფარვა. მუხლი 12. მინდობით აღზრდის შეწყვეტა 1. მინდობით აღზრდა წყდება შემდეგ შემთხვევებში: ა) ხელშეკრულების ვადის გასვლისას, თუ მისი გაგრძელება არ მოხდა; ბ) მინდობით აღმზრდელის მიერ რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის შესახებ განცხადების გაკეთებისას, აღსაზრდელის ფაქტობრივად გამოყვანის თარიღიდან; გ) მინდობით აღმზრდელის ინიციატივით, თუ არსებობს დასაბუთებული მიზეზი (ავადმყოფობა, ოჯახური ან მატერიალური მდგომარეობის გაუარესება, საზღვარგარეთ სამკურნალოდ ან სასწავლებლად გამგზავრება და სხვა საპატიო მიზეზი) აღსაზრდელის ფაქტობრივად გამოყვანის თარიღიდან; დ) მინდობით აღმზრდელის გარდაცვალებისას, გარდაცვალების თარიღიდან; ე) მინდობით აღსაზრდელის გარდაცვალებისას, გარდაცვალების თარიღიდან; ვ) მინდობით აღსაზრდელის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების ან მეურვეობის (მზრუნველობის) დაწესებისას, აღსაზრდელის ფაქტობრივად დაბრუნების თარიღიდან, საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად; ზ) მინდობით აღსაზრდელის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლაში გადაყვანისას/ჩარიცხვისას ან არდადეგების შემდგომ დაბრუნებისას (ბავშვის ფაქტობრივად ოჯახის დატოვების და პანსიონში დაბრუნების თარიღიდან); თ) მინდობით აღსაზრდელის შვილად აყვანისას (ბავშვი მშვილებლებთან ფაქტობრივად გადასვლის დღიდან, იმავე მინდობით აღმზრდელზე გაშვილების შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღიდან); ი) თუ მინდობით აღსაზრდელი გახდა სრულწლოვანი (18 წლის შესრულების თარიღიდან), გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღსაზრდელი არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის მოსწავლე, პროფესიული, საგანმანათლებლო დაწესებულების ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან დარეგისტრირებულია პროფესიულ/უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხ კანდიდატად, მაგრამ არაუმეტეს 21 წლის ასაკის მიღწევისა; კ) თუ აღსაზრდელი გახდა 21 წლის, 21 წლის ასაკის შესრულების თარიღიდან; ლ) თუ მინდობით აღსაზრდელი დაქორწინდა, ქორწინების რეგისტრაციის თარიღიდან; მ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინიციატივით, თუ მინდობით აღზრდაში შექმნილია მინდობით აღსაზრდელზე ზრუნვისა და მისი აღზრდისათვის საზიანო პირობები და გარემო, აღსაზრდელის ფაქტობრივად გამოყვანის თარიღიდან; ნ) თუ მინდობით აღმზრდელი არაჯეროვნად ასრულებს თავის მოვალეობებს ან/და არღვევს ხელშეკრულების პირობებს ან არ ზრუნავს სათანადოდ მინდობით აღსაზრდელზე, აღსაზრდელის ფაქტობრივად გამოყვანის მომენტიდან; ო) 18 წლიდან 21 წლამდე მინდობით აღმზრდელის სურვილის შემთხვევში (აღსაზრდელის განცხადების ან ოჯახის თვითნებურად დატოვების თარიღიდან); პ) 18 წლამდე მინდობით აღსაზრდელის მიერ მინდობით აღმზრდელის ოჯახის თვითნებურად დატოვების შემთხვევაში, როცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის შეტყობინებიდან 6-კვირიანი ვადის გასვლისას, ვერ ხერხდება პირის ადგილსამყოფლის დადგენა; ჟ) თუ მინდობით აღმზრდელი იმყოფება წინასწარ პატიმრობაში ან სასამართლოს გადაწყვეტილებით იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (დაკავებიდან ან გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან); რ) თუ მინდობით აღსაზრდელს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა და იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში; ს) საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე სხვა შემთხვევებში. 2. მინდობით აღზრდის შეწყვეტის, ასევე სხვა საჭიროების შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, მინდობით აღსაზრდელის ინტერესების გათვალისწინებით, იღებს ზომებს ბავშვის/მინდობით აღსაზრდელის ალტერნატიული განთავსების უზრუნველსაყოფად. მუხლი 13. მინდობით აღმზრდელის რეგისტრაციის გაუქმება 1. მინდობით აღმზრდელის რეგისტრაცია უქმდება: ა) თუ მინდობით აღზრდის ხელშეკრულება შეწყდა ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძველის არსებობისას: ა.ა) მინდობით აღზრდაში შექმნილი იყო მინდობით აღსაზრდელზე ზრუნვისა და მისი აღზრდისათვის საზიანო პირობები და გარემო; ა.ბ) თუ მინდობით აღმზრდელი არაჯეროვნად ასრულებდა თავის მოვალეობებს ან/და არღვევდა ხელშეკრულების პირობებს ან/და არ ზრუნავდა სათანადოდ მინდობით აღსაზრდელზე; ა.გ) მინდობით აღმზრდელთან ბავშვის ყოფნა საზიანო იყო მისი ინტერესებისათვის გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო. ბ) თუ მინდობით აღმზრდელმა, რეგისტრაციის განაცხადში დეკლარირებული მონაცემები არასწორად მიუთითა (გარდა ტექნიკური უზუსტობისა) და დადგინდა, რომ ცრუ ინფორმაციის მითითების საფუძველზე იგი აღრიცხულია რეესტრში; გ) მინდობით აღმზრდელის განცხადების საფუძველზე. 2. ამ მუხლით „ა“ და „ბ“ პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში მინდობით აღმზრდელის რეგისტრაციის გაუქმებისას, პირი კარგავს უფლებას ხელახლა შემოიტანოს განაცხადი მინდობით აღმზრდელად დარეგისტრირების თაობაზე. მუხლი 14. მინდობით აღზრდის ანაზღაურების გაცემის შეჩერება 1. მინდობით აღზრდის ანაზღაურების გაცემა შეიძლება შეჩერდეს იმ შემთხვევში: ა) თუ მინდობით აღსაზრდელმა თვითნებურად დატოვა მინდობით აღმზრდელის ოჯახი და უარს აცხადებს დაბრუნებაზე; ბ) თუ გამყვანმა პირმა მინდობით აღსაზრდელი გაიყვანა, გასულია დროებით გაყვანის ვადა და გამყვანი პირი ან/და აღსაზრდელი უარს აცხადებს მინდობით აღზრდაში დაბრუნებაზე; გ) თუ მინდობით აღსაზრდელი საზღვარგარეთ იქნა გაყვანილი სასწავლებლად ან სამკურნალოდ 2 კვირაზე მეტი ვადით; დ) თუ მინდობით აღსაზრდელი იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ძებნაში, არ არის ცნობილი მისი ადგილსამყოფელი და არ არის გასული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის შეტყობინებიდან 6-კვირიანი ვადა; ე) თუ არ არსებობს ამ წესით დადგენილი მინდობით აღზრდის შეწყვეტის საფუძვლები, ამასთან მინდობით აღსაზრდელი, სხვადასხვა მიზეზის გამო არ იმყოფება მინდობით აღზრდაში, სანამ არ წარმოიშობა მინდობით აღზრდის შეწყვეტის საფუძველი; ვ) თუ აღსაზრდელი გადავიდა ჩამნაცვლებელ მინდობით აღზრდაში; ზ) თუ მინდობით აღსაზრდელი იმყოფება წინასწარ პატიმრობაში (დაკავების თარიღიდან). 2. ამ მუხლის ა-ე ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების შემთხვევაში, მინდობით აღსაზრდელის მიერ ოჯახის დატოვებიდან 2 კვირის გასვლის შემდეგ, ხოლო, „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მინდობით აღსაზრდელის დაკავების შესახებ სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში ინფორმაციის შესვლისთანავე, სოციალური მუშაკი ამზადებს დასკვნას, საბჭოზე/საბჭოს თავმჯდომარესთან წარდგენის მიზნით. სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, საბჭომ/საბჭოს თავმჯდომარემ ამ მუხლით დადგენილი წესის თანახმად, უნდა შეაჩეროს მინდობით აღზრდის ანაზღაურების გაცემა, სოციალური მუშაკის დასკვნის წარდგენის თარიღიდან, ნათესაური მინდობით აღზრდის შემთხვევაში კი - სოციალური მუშაკის დასკვნის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. 3. მინდობით აღსაზრდელის დაბრუნების შემთხვევაში აღდგება მინდობით აღზრდის ანაზღაურების გაცემა, სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე (წარდგენის თარიღიდან), საბჭოს/საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების შესაბამისად, ნათესაური მინდობით აღზრდის შემთხვევაში კი - სოციალური დასკვნის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. 4. ამ მუხლის „ა-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების შემთხვევაში, შეჩერების პერიოდში მინდობით აღზრდის თანხა არ გაიცემა. აღდგენის შემთხვევაში შეჩერების პერიოდში მიუღებელი თანხა გაცემას არ ექვემდებარება. 5. თუ ბავშვი ერთი მინდობით აღმზრდელიდან გადადის ჩამნაცვლებელ მინდობით აღმზრდელთან, მინდობით აღზრდის ანაზღაურება ჩერდება წინა მიმღებთან იმ ვადით, რა ვადითაც არის გაფორმებული ხელშეკრულება ჩამნაცვლებელ მინდობით აღმზრდელთან. ბავშვის/აღსაზრდელის დაბრუნების შემთხვევაში, საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, წინა მიმღებთან აღდგება რეგულარული მინდობით აღზრდის ხელშეკრულება. მუხლი 15. მინდობით აღმზრდელზე ზედამხედველობა 1. ბავშვის მინდობით აღზრდაში განთავსებიდან ერთი თვის განმავლობაში, არანაკლებ კვირაში ერთხელ, სოციალური მუშაკი აწარმოებს მინდობით აღმზრდელის ოჯახში ვიზიტს წინასწარ შეთანხმებით ან შეთანხმების გარეშე. 2. ბავშვის მინდობით აღსაზრდელად განთავსებიდან ერთი თვის შემდეგ სოციალური მუშაკი მინდობით აღმზრდელის ოჯახში ვიზიტს ახორციელებს არანაკლებ თვეში ერთხელ, სააგენტოსა და მინდობით აღმზრდელის ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულებით დადგენილი ვადის განმავლობაში. 3. სოციალური მუშაკი თავისი ვიზიტების დროს ხელმძღვანელობს მინდობით აღზრდის სტანდარტებით, უწევს ზედამხედველობას სტანდარტების შესრულებას და საჭიროების შემთხვვევაში მხარს უჭერს მინდობით აღმზრდელის ოჯახს მომსახურების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში. 4. იმ შემთხვევაში, თუ სოციალური მუშაკი გამოავლენს მინდობით აღსაზრდელისათვის საზიანო გარემოს ან ამ წესის მე-12 მუხლით დადგენილ სხვა გარემოებებს იგი ამზადებს დასკვნას ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ საბჭოზე/საბჭოს თავმჯდომარესთან წარსადგენად. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მოხდეს მინდობით აღმზრდელის რეგისტრაციის გაუქმების საკითხის გადასინჯვა/განხილვა. მუხლი 16. გარდამავალი დებულება 1. 2018 წლის პირველ იანვრამდე, დარეგისტრირებული მინდობით აღმზრდელები ითვლებიან რეგისტრირებულად, ამ წესის შესაბამისად. ამასთან, აღნიშნულმა პირებმა 2020 წლის 1 იანვრამდე, უნდა გაიარონ სავალდებულო მოსამზადებელი კურსი და შესაბამისი სერტიფიკატი წარუდგინონ მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიულ ერთეულს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მშვილებლების რეესტრში აღრიცხვიდან მოხსნას.
დანართი №2 სპეციალიზირებული მინდობით აღზრდის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრისათვის საჭირო კრიტერიუმები (დიაგნოზების კოდები ICD-10-ის მიხედვით):
F84.1 ატიპიური აუტიზმი; F84.2 რეტის სინდრომი; F84.5 ასპერგერის სინდრომი; F91 ქცევის აშლილობები; F92 ქცევისა და ემოციების შერეული აშლილობანი; F98.0 არაორგანული ენურეზი (3-დან 6 წლამდე); F98.1 არაორგანული ენკოპრეზი (3-დან 6 წლამდე); F99 ფსიქიური აშლილობა, რომელიც სხვაგვარად არ არის დაზუსტებული; Q90 დაუნის სინდრომი (Q90.0- Q90.9) (2-დან 6 წლამდე); Q91 ედვარდსის სინდრომი და პატაუს სინდრომი (Q91.0 - Q91.7) (0-დან 3 წლამდე); Q92 აუტოსომიის ნაწილობრივი ტრისომიები და სხვა ტრისომიები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში (Q92.0- Q92.9) (0-დან 6 წლამდე); Q93 აუტოსომების მონოსომიები და დელეციები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში ( Q93.0- Q93.9) (0-დან 6 წლამდე); Q95 ბალანსირებული გარდაქმნები და სტრუქტურული მარკერები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში (Q95.0 - Q95.9) (0-დან 6 წლამდე); E80.2 მწვავე ინტერმიტირებადი პორფირია; M35.2 ბეხჩეტის სინდრომი; D55.0 გლუკოზა 6 ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი; Q80.0 ვულგარული იხთიოზი; E84 მუკოვისციდოზი. |
დოკუმენტის კომენტარები