საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 562
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 140070000.10.003.020272
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
562
25/12/2017
ვებგვერდი, 25/12/2017
140070000.10.003.020272
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/12/2017 - 31/07/2018)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №562

2017 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის 7 დეკემბრის №1621-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-13 პუნქტების შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) უფროსმა, ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, 2018 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს სამსახურის საშტატო ნუსხა, რომლის ამოქმედების თარიღად განისაზღვროს 2018 წლის 17 იანვარი. ამ თარიღამდე სამსახური ფუნქციონირებს „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №86 დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის სტრუქტურის, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესაბამისად.
მუხლი 3
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 და მე-8 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 17 იანვრიდან.

3. ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.


პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულება

თავი I

 ზოგადი დებულებები

მუხლი 1

1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების პრევენციის, ერთიანი სისტემის მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებასა და სამოქალაქო უსაფრთხოების ამოცანების გადასაწყვეტად სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განხორციელებას.

2. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამსახური წარმოადგენს სახელმწიფოს.

3. სამსახური, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობს სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 

4. სამსახურის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამსახურს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში ხაზინაში.

5. სამსახურს აქვს სიმბოლიკა (ემბლემა, დროშა, გერბი და სხვ.), რომელიც მტკიცდება სამსახურის უფროსის ბრძანებით.

6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7.

მუხლი 2

1. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.

2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტები, ეს დებულება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები.

3. სამსახური არის სტრუქტურული ერთეულებისა და სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ერთიანი სისტემა, რომელიც ერთიანობისა და ცენტრალიზების პრინციპს ეფუძნება.

თავი II

 სამსახურის საქმიანობის სფერო, ამოცანები და ფუნქციები

მუხლი 3

1. სამსახურის საქმიანობის სფეროა სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

2. სამსახურის ამოცანებია:

ა) მშვიდობიანობისა და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის კოორდინირება, რეფორმირებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა;

ბ)  საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მისთვის მზადყოფნის ორგანიზება;

გ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და  აღდგენითი სამუშაოების ჩატარების ორგანიზება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების უსაფრთხო და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ე) სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შენახვისა და მომსახურების უზრუნველყოფა;

ვ) კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ზ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისათვის მიკუთვნებული ობიექტების ზედამხედველობის განხორციელების უზრუნველყოფა.

მუხლი 4

სამსახურის ფუნქციებია:

ა) საგანგებო სიტუაციების რისკის შემცირების მიზნით რისკების მუდმივი იდენტიფიცირება, ანალიზი და შეფასება, პრევენციული ღონისძიებებისა და პროექტების დაგეგმვა და განხორციელება სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობით;

ბ) ხანძრის პროფილაქტიკისათვის, საგანგებო სიტუაციების პრევენციისათვის, ხანძრის ჩაქრობისათვის, საავარიო-სამაშველო სამუშაოებში, საგანგებო სიტუაციის ზონებში აღდგენით სამუშაოებსა და ადამიანთა ძებნის სამუშაოებში მონაწილეობისა და დაზარალებულთათვის პირველადი დახმარების აღმოჩენისათვის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა;

გ) მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანგებო სიტუაციის შესახებ ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნის ორგანიზება და განვითარება, ადრეული შეტყობინების სისტემის ფუნქციონირებისათვის საჭირო მონაცემების შეგროვება და დამუშავება;

დ) საგანგებო სიტუაციების განვითარების შემთხვევაში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მართვის ორგანიზება და სამოქალაქო უსაფრთხოების ზომების გატარება;

ე) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებებში საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში ლეგალურად მყოფი პირების ნებაყოფლობით ჩართვის ორგანიზება;

ვ) საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი და სალიკვიდაციო სამუშაოების ორგანიზება;

ზ) ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციის განვითარების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრისთვის პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა;

თ) კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციის, კრიზისული ან ექსტრემალური ვითარების დროს, კომპეტენციის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის, სხვა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების, საგანგებო სიტუაციების მართვის უწყებათაშორისი ოპერატიული ცენტრის  საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებამოსილებების განსაზღვრა;

კ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში იმ ინფორმაციის საჯაროობა, გამჭვირვალობა, თავისუფალი ხელმისაწვდომობა და გავრცელება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განხორციელება და მონიტორინგი;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა ქვეყნის შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო და/ან არასამთავრობო ორგანიზაციასთან ხელშეკრულების დადება, ერთობლივი პროექტების განხორციელება და სხვა სახის თანამშრომლობა;

ნ) საგანგებო სიტუაციების დროს პირთა უსაფრთხოების, მათი ქონების დაცვა, დაზარალებულ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირთათვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა და ამ მიზნით სამსახურის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების გაცემა;

ო) სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შენახვისა და მომსახურების უზრუნველყოფა, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

პ) სამსახურის საგანმანათლებლო დაწესებულების, სახელმწიფო ორგანოების, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირების საგანმანათლებლო დაწესებულებების მეშვეობით შესაბამისი კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;   
ჟ) საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის რეფორმირებისა და განვითარების მიზნით პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნა, კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების  გამოცემა, აგრეთვე სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და მთავრობისთვის წარდგენა;

რ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისათვის მიკუთვნებული ობიექტების ზედამხედველობისა და სათანადო რეაგირების ორგანიზება;

ს) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში ლეგალურად მყოფი პირების მომზადებისა და ამ მიზნით სასწავლო პროგრამების შემუშავების ორგანიზება;

ტ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

თავი III

 სამსახურის ხელმძღვანელობა

მუხლი 5

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას, წყვეტს სამსახურის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) წარმოადგენს სამსახურს ან უფლებას ანიჭებს სამსახურის წარმომადგენლობაზე; კომპეტენციის ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის მოსამსახურეთათვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების ან/და დელეგირების შესახებ;

გ)   საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს სამსახურის უფროსის მოადგილეების კანდიდატურებს;

დ) თავისი კომპენტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის მოსამსახურეებს, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს, დებს შრომით ხელშეკრულებებს;

ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამსახურის თანამშრომლებს, წარადგენს მათ სახელმწიფო ჯილდოზე;

ვ) წყვეტს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მეხანძრე-მაშველისთვის/მაშველისთვის დანამატის დაწესების საკითხებს;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ანიჭებს სამსახურის სისტემის მოსამსახურეებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს;

თ) იღებს გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებელია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის სახელით დებს ხელშეკრულებებს;

კ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სამსახურის სისტემის რეორგანიზაციას;

ლ) საომარი ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა ექსტრემალური ვითარების დროს  უზრუნველყოფს სამსახურის პირადი შემადგენლობის გადაყვანას მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე;

მ) კანონით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის რეფორმირებისა და განვითარების, აგრეთვე მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებსა და წინადადებებს;

ნ) გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანებას;

ო) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;

პ) ძალადაკარგულად აცხადებს მოადგილეებისა და სამსახურის სტრუქტურული ერთეულების, სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სამსახურის უფროსის სამართლებრივ აქტებს, აგრეთვე მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;

ჟ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს სამსახურის მოსამსახურეთათვის;

რ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს;

ს) საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შენახვისა და მომსახურების თაობაზე;

ტ) ამტკიცებს:

ტ.ა) სამსახურის სტრუქტურული ერთეულებისა და სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებას/წესდებას;

ტ.ბ) სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესსა და  მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებას;

ტ.გ)  სამსახურის სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესს;

უ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 6

1. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთა უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებით.

2. სამსახურის უფროსის მოადგილეს სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული სამსახურის უფროსის მოადგილე ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამსახურის საქმიანობას სამსახურის უფროსის არყოფნისას.

თავი IV

 სამსახურის სისტემა და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულები

მუხლი 7

1. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი  (დეპარტამენტი);

ბ) საორგანიზაციო დეპარტამენტი.

2. კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის  (დეპარტამენტის) ფუნქციებია: ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციის, კრიზისული ან ექსტრემალური ვითარების დროს, კომპეტენციის ფარგლებში, სიტუაციური ოთახის მეშვეობით,  პრემიერ-მინისტრის, აგრეთვე სხვა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების, საგანგებო სიტუაციების მართვის უწყებათაშორისი ოპერატიული ცენტრის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული მოსალოდნელი საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების პრევენციის მიზნით სათანადო ღონისძიებათა დაგეგმვის კოორდინაცია; საგანგებო მართვის უწყებათაშორისი გეგმების შემუშავების კოორდინაცია და ამ გეგმების შესაბამისობის დადგენა; კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის (დეპარტამენტის) საინფორმაციო ბანკის  შექმნა და წარმოება; კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის (დეპარტამენტის) სიტუაციური ოთახის მზადყოფნის უზრუნველყოფა; კრიზისის შემდგომ პერიოდში  კრიზისული სიტუაციის დასაძლევად გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობის შესწავლა და ანალიზი; საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის საშიშროების ან მისი დადგომის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმირება; სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობის ორგანიზება; საგანგებო სიტუაციის დაძლევისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; პრემიერ-მინისტრის ცალკეული დავალების შესრულება.

3. საორგანიზაციო დეპარტამენტის ფუნქციებია: სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილეების საქმიანობის ხელშეწყობა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა; საქმისწარმოების (საკანცელარიო) საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია, საიდუმლო საქმისწარმოების უზრუნველყოფა; სხვა სახელმწიფოებში სამსახურის წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინებისა და ვიზიტების ორგანიზება, სამოქალაქო სექტორთან ეფექტიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა; სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და წინადადებების განხილვა; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება; სამსახურის კომპეტენციის სფეროში მიმდინარე მოვლენებისა და სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება; სამსახურის სისტემაში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა, სამსახურში სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და უწყებებიდან შესული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, საგამოძიებო ორგანოებში, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში სამსახურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და ინტერესების დაცვა; საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან სამსახურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;  დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება; სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მომზადება, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა; სამსახურის სისტემის  ადამიანური რესურსების მართვის გეგმის შემუშავება; თითოეული თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და სამუშაო აღწერილობების შემუშავება და პერიოდული განახლება; სამსახურის მოსამსახურეთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საჭირო ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება; სამსახურის სისტემაში ადამიანური რესურსების შესახებ მონაცემების დამუშავება; სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაყვანის, გათავისუფლების, დათხოვნის, კადრების განკარგულებაში აყვანის, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, დაწინაურების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანების პროექტის, შესაბამისი წარდგინების მომზადება და ადამიანური რესურსების საკითხებთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელება; შრომითი ხელშეკრულებების მომზადება და მათი გაფორმების ორგანიზება; სამსახურის სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების ორგანიზება; კომპეტენციის ფარგლებში, სოციალური საკითხების გადაწყვეტა, საპენსიო საბუთების გაფორმება; სამსახურის მოსამსახურეებზე დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივი მოწმობების, მოსამსახურეთათვის სახელფასო და სამსახურებრივი ცნობების გაცემა; სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების  განსაზღვრა; სამსახურის  მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; სამსახურის სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება; სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა, მათი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და ავტომეურნეობის საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალებით მომარაგება; სამსახურის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ჩატარება; სამსახურში მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და სხვა ქონების სწორად ხარჯვასა და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება; სამსახურისათვის სხვადასხვა ფორმით გადაცემული და/ან სამსახურის სისტემიდან მიღებული აქტივების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და მოთხოვნილების შესაბამისად გაცემა/განაწილება; სამსახურში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, სამსახურის ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების სწორად და ეკონომიურად ხარჯვასა და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლი, სამსახურის სისტემის ფინანსური მომსახურება; სამსახურის მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული აღრიცხვა; საბუღალტრო ანგარიშგების (ბალანსის შედგენა), სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; სამსახურის ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების მართვა; კანონმდებლობიდან გამომდინარე სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

4. კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი) საორგანიზაციო დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან კოორდინაციით პასუხისმგებელია სამოქალაქო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის რეფორმირებისა და განვითარების პროექტების შემუშავებაზე.

მუხლი 8

1. სამსახურის მმართველობის სფეროში შედის:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი.

2.  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია სამსახურისთვის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ამოცანების შესრულებაზე.