„საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 460
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017045
460
19/12/2017
ვებგვერდი, 20/12/2017
190040000.22.033.017045
„საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №460

2017 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-20  მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებით (სსმ, 30.08.2010, №107, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.033.015102) დამტკიცებულ საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციაში შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:
1. „ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის“ (თავი IV) მეთოდურ განმარტებებში „ხარჯები (2)“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხარჯები (2)

წინამდებარე კლასიფიკაციის მიხედვით ხარჯები იყოფა 8 ძირითად ჯგუფად, კერძოდ: შრომის ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება, ძირითადი კაპიტალის მოხმარება, პროცენტი, სუბსიდიები, გრანტები, სოციალური უზრუნველყოფა და სხვა ხარჯები.

წინა წლებში წარმოქმნილი კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა ხორციელდება ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამის მუხლში, სადაც წარმოიქმნა კონკრეტული დავალიანება ხარჯის ეკონომიკური შინაარსის მიხედვით, გარდა სხვა ხარჯების მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა.

შენიშვნა: საკუთარი კაპიტალის ფორმირებასთან დაკავშირებული ოპერაციები არ განიხილება როგორც ხარჯები.“.

2. „ხარჯების    ეკონომიკური    კლასიფიკაციის“    (თავი    IV)    „საქონელი    და მომსახურება (22)“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„საქონელი და მომსახურება (22)

ეს კატეგორია მოიცავს სახელმწიფო ერთეულების მიერ (მათ შორის, საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის უსასყიდლოდ მიწოდების მიზნით) საქონლისა და მომსახურების შესყიდვის ხარჯებს.

შენიშვნა: სხვა მატერიალური მარაგების შეძენაზე გაწეული საკასო ხარჯი (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მატერიალური მარაგების შეძენა ეკონომიკური კლასიფიკაციით გათვალისწინებულ სხვა ხარჯვით კატეგორიებში ან არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის შესაბამის კატეგორიებში აღირიცხება) საქონლისა და მომსახურების შესყიდვად განიხილება და აღრიცხვაში არაფინანსურ აქტივებში აისახება. სხვა მატერიალური მარაგების ფაქტობრივი გამოყენების ან/და საბიუჯეტო ორგანიზაციებზე უსასყიდლოდ გადაცემის შემთხვევაში ისინი ფაქტობრივ ხარჯებში ჩამოიწერება და საქონლისა და მომსახურების გამოყენებად ან/და გრანტის ხარჯად განიხილება.“.

3. „ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის“ (თავი IV) „გრატები (26)“

ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„გრანტები (26)

შენიშვნა:  ამ  კლასიფიკაციის  მიზნებისთვის  გრანტის  შინაარსი  არ  ემთხვევა

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ განმარტებას და ხარჯების კლასიფიკაციაში გამოყენებული ტერმინი „გრანტი“ გამოიყენება მხოლოდ ამ კლასიფიკაციის მიზნებისათვის.

გრანტები წარმოადგენს ფულადი ფორმით მიმდინარე ან კაპიტალური დანიშნულების ტრანსფერებს ერთი სახელმწიფო ერთეულიდან სხვა სახელმწიფო ერთეულზე, საერთაშორისო ორგანიზაციაზე ან სხვა ქვეყნის მთავრობაზე. გრანტი კლასიფიცირდება გრანტის მიმღები ერთეულის ტიპის მიხედვით. სხვა სახელმწიფო ერთეულზე გადასაცემი გრანტების მუხლით აღირიცხება ტერიტორიული ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერი. ამასთან, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერი შეიძლება აღრიცხულ იქნეს როგორც მიმდინარე გრანტების, ასევე კაპიტალური   გრანტების   მუხლში,   ხოლო   გათანაბრებითი   ტრანსფერი   მხოლოდ მიმდინარე გრანტების მუხლში, თუმცა აღნიშნულიდან შესაძლებელია კაპიტალური დანიშნულების ხარჯების გაწევაც. კაპიტალური ტრანსფერი აღირიცხება კაპიტალური ტრანსფერის მუხლში. ამასთან, ერთი სახელმწიფო ერთეულიდან სხვა სახელმწიფო ერთეულზე სესხის სახით გადაცემული ტრანსფერი აღირიცხება როგორც ფინანსური აქტივები და არა როგორც გრანტები.

მიმდინარე დანიშნულებით გაცემულ გრანტებს განეკუთვნება ის გრანტები, რომლებიც გამოყოფილია მიმდინარე ხარჯების დასაფარად და არ არის დაკავშირებული გრანტის მიმღების მიერ აქტივის შეძენასთან. კაპიტალური დანიშნულებით გრანტების გაცემა ითვალისწინებს გრანტის მიმღების მიერ აქტივების შეძენას და შესაძლოა ფულადი სახსრების ტრანსფერსაც მოიცავდეს, რომელიც გრანტის მიმღებმა შეიძლება გამოიყენოს, ან მოეთხოვებოდეს, რომ გამოიყენოს აქტივისა თუ აქტივების შესაძენად (მატერიალური მარაგების და მცირეფასიანი აქტივების გარდა), თუკი გრანტის მახასიათებელთან მიმართებაში არსებობს გარკვეული ეჭვი, მაშინ იგი უნდა კლასიფიცირდეს, როგორც მიმდინარე გრანტი.

ნაერთი სტატისტიკის შედგენისას (სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტი, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტი, ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტი, ცენტრალური ბიუჯეტი, ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტი, ერთიანი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი და ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი ბიუჯეტი) სხვა სახელმწიფო ერთეულისათვის გადაცემული გრანტები ექვემდებარება კონსოლიდაციას (გაბათილებას), ანგარიშის შედგენაში მონაწილე სახელმწიფო ერთეულების გათვალისწინებით, რის გამოც ნაერთ ანგარიშში დარჩება მხოლოდ სხვა ქვეყნის მთავრობებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები.“.

4. „ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის“ (თავი IV) „სხვა ხარჯები (28)“ ნაწილში „სხვადასხვა მიმდინარე ხარჯების (2821)” პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„სხვადასხვა მიმდინარე ხარჯები მოიცავს (2821):

სასამართლოებისა და სხვა კვაზი-სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებით დაკისრებულ სააღსრულებო ხარჯს (28211), რაც გულისხმობს სასამართლოებისა და სხვა კვაზი-სასამართლო (არბიტრაჟი და სხვა) ორგანოების გადაწყვეტილებებით დაკისრებულ თანხებს, იმ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების აღსრულება ხდება იძულების წესით საინკასო დავალების საფუძველზე. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შემთხვევაში, დაკისრებული თანხების დაფარვა აღირიცხება ხარჯების შესაბამის მუხლში, წინა წლებში ან/და მიმდინარე წელს წარმოქმნილი კრედიტორული დავალიანების დაფარვის ზოგადი წესის შესაბამისად.“.

5. „ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის“ (თავი IV) „სხვა ხარჯები (28)“ ნაწილში „სხვადასხვა კაპიტალური ხარჯები (2822)” ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„სხვადასხვა კაპიტალური ხარჯები (2822) მოიცავს: საოჯახო მეურნეობებზე გაცემულ ფულადი ფორმის კაპიტალურ ტრანსფერს, საოჯახო მეურნეობებზე ან მათ მომსახურე საბაზრო საწარმოებზე გაცემული ფულადი ფორმის კაპიტალურ ტრანსფერს, არამომგებიანი დაწესებულებებისთვის გაცემულ ფულადი ფორმის კაპიტალურ ტრანსფერს, საწარმოების მიერ კაპიტალის ფორმირების მიზნით სახელმწიფო ერთეულის მიერ განხორციელებულ გადახდებს, საწარმოებისა და ორგანიზაციების არაფინანსური აქტივების დაზიანების კომპენსაციის ხარჯს და სხვადასხვა არაკლასიფიცირებულ კაპიტალურ ხარჯებს.”.

6. „არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის“ (თავი V)

პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების კლასიფიკაცია წარმოადგენს სახელმწიფო ერთეულის მიერ არაფინანსური აქტივების შეძენის (მათ შორის, საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის, საოჯახო მეურნეობებისთვის ან მათი მომსახურე საბაზრო საწარმოებისთვის, არამომგებიანი დაწესებულებებისთვის და საწარმოებისთვის უსასყიდლოდ გადაცემის მიზნით) და გასვლის ოპერაციების და არაფინანსური აქტივების დაჯგუფებას სახეების მიხედვით.“.

7. „არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის“ (თავი V) მეთოდური განმარტებების „არაფინანსური აქტივები (31)“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„არაფინანსური აქტივები (31)

წინამდებარე კლასიფიკაციის მიხედვით არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების კლასიფიკაცია იყოფა 4 ძირითად ჯგუფად, კერძოდ: ძირითადი აქტივები (311); მატერიალური მარაგები (312); ფასეულობები (313); არაწარმოებული აქტივები (314).

შენიშვნა: აქტივების  შეძენა  მოიცავს  ამ  აქტივების  შეძენასთან  დაკავშირებულ ყველა   სახის   ხარჯს,   როგორიცაა:   ტრანსპორტირების   ხარჯები,   შემფასებელთა, აუქციონერთა და დილერების მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები, ასევე პროექტის მომზადების/პროექტირების ხარჯებს, აქტივის შეძენასთან დაკავშირებული მონტაჟის და დემონტაჟის ხარჯები და სხვა. ხოლო აქტივების გასვლის შემთხვევაში, საკუთრების გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები აღირიცხება „საქონლისა და მომსახურების“ მუხლში.

არაფინანსური აქტივების შეძენისა და გასვლის ოპერაციით წინა წლებში წარმოქმნილი კრედიტორული დავალიანების დაფარვა აღირიცხება   არაფინანსური აქტივების და მათზე ოპერაციების მუხლში, გარდა სხვა ხარჯების მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება იძულების წესით საინკასო დავალების საფუძველზე.“.

8. „ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის“ (თავი VII) მეთოდური განმარტებების „ფინანსური აქტივები (32) და ვალდებულებები (33)“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ფინანსური აქტივები (32) და ვალდებულებები (33)

ფინანსური აქტივები მოიცავს ფინანსურ მოთხოვნებს, მონეტარულ ოქროსა და ნასესხობის სპეციალურ უფლებებს. ფინანსური მოთხოვნა არის აქტივი, რომელიც აძლევს უფლებას ერთ ინსტიტუციონალურ ერთეულს – აქტივის მფლობელს (ანუ კრედიტორს) მიიღოს ერთი ან რამდენიმე გადახდა მეორე ერთეულისაგან (დებიტორისგან) მათ შორის გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული პირობებისა და დებულებების თანახმად. ფინანსური მოთხოვნა წარმოადგენს აქტივს, ვინაიდან ის უზრუნველყოფს კრედიტორისათვის ეკონომიკური სარგებელის მიღებას და წარმოადგენს დაგროვების საშუალებას. კრედიტორს დამატებითი სარგებლის მიღება შეუძლია პროცენტების ან საკუთრებასთან დაკავშირებული სხვა სახის გადახდებით, ან/და ფლობიდან მიღებული მოგებით. ფინანსური მოთხოვნების ტიპურ მაგალითს წარმოადგენს ფულადი საშუალებები, დეპოზიტები, კრედიტები და სესხები, ობლიგაციები, წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები და დებიტორული დავალიანებები. ამასთან, უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების ფარგლებში გასაცემი სახსრები.

როდესაც წარმოიქმნება ფინანსური მოთხოვნა, იმავდროულად, დებიტორს წარმოეშობა იმავე ოდენობის ვალდებულება, რომელიც, შეესაბამება მოცემულ ფინანსურ აქტივს. ე.ი. გადახდა ან გადახდები, რომელთა მიღების უფლებაც გააჩნია კრედიტორს კონტრაქტის შესაბამისად, იმავდროულად წარმოადგენს გადახდას ან გადახდებს, რომელიც კონტრაქტის შესაბამისად, უნდა განახორციელოს დებიტორმა. ამრიგად, ვალდებულება წარმოადგენს ეკონომიკური სარგებელის უზრუნველყოფის ვალდებულებას    იმ    ინსტიტუციონალური    ერთეულისათვის,    რომელიც    ფლობს შესაბამის ფინანსურ მოთხოვნას. ამასთან, უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების ფარგლებში გაცემული სესხები აღირიცხება ფინანსურ აქტივებისა და ვალდებულებების შესაბამის მუხლში.

ფინანსური აქტივებით და ვალდებულებებით ოპერაციების შედეგად წინა წლებში წარმოქმნილი კრედიტორული დავალიანების დაფარვა    აღირიცხება ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის იმ მუხლებში, რომელშიც წარმოიშვა   დავალიანება, გარდა სხვა ხარჯების მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება იძულების წესით საინკასო დავალების საფუძველზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიმამუკა ბახტაძე