პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესი

პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესი
დოკუმენტის ნომერი 176/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 18/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 220010010.18.011.016265
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
176/04
18/12/2017
ვებგვერდი, 21/12/2017
220010010.18.011.016265
პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/12/2017 - 19/12/2019)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №176/04

2017 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესი

  „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 47-ე მუხლის, 48-ე მუხლის მესამე პუნქტის და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ 25-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის  ბუფერების განსაზღვრის წესი, თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 30 დეკემბერის №125/04 ბრძანება „კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის კონცენტრაციის რისკისთვის კაპიტალის ბუფერის განსაზღვრის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ.“ 
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესის (შემდგომში – წესი) მიზანია კომერციული ბანკებისთვის კაპიტალის დამატებითი მოთხოვნების დაწესება იმ რისკებზე საპასუხოდ, რომელსაც არ მოიცავს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებით“ დაწესებული პილარ 1-ის მოთხოვნები.

2. კომერციული ბანკები ვალდებული არიან ბიზნესსაქმიანობისა და კაპიტალის დაგეგმვის პროცესებში გაითვალისწინონ პილარ 2-ის ფარგლებში კაპიტალის ბუფერის დაცვის მოთხოვნები მათი ამოქმედების პერიოდულობის შესაბამისად და მიიღონ ყველა ზომა მათი შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.

3. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკისა და უცხოური ბანკების ფილიალებისთვის (შემდგომში – ბანკი). 


მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:

ა) ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი – ბანკის ორ ან მეტ მსესხებელს შორის არსებული ურთიერთობა, როდესაც მსესხებლები ბანკისათვის წარმოადგენენ ერთ რისკს, ვინაიდან ისინი ისე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული ან ერთმანეთზე დამოკიდებულნი, რომ ერთ-ერთი მათგანის ფინანსურმა სირთულეებმა, შესაძლოა, გამოიწვიოს მეორეს ან ყველა დანარჩენი მსესხებლის ფინანსური სირთულეები;

ბ) საზედამხედველო სტრეს-ტესტი – ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ბანკზე მოქმედი რისკფაქტორების გამოვლენის, შეფასებისა და ადეკვატური კაპიტალის მოთხოვნის განსაზღვრის მიზნით, სტრესული სცენარის დაშვება და ანალიზი;

გ) მსესხებელი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომლის მიმართაც ბანკს გააჩნია რისკის პოზიცია;

დ) ბაზელ III-ის დებულება – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულება“;

ე) რისკების შეფასების საერთო პროგრამა (GRAPE) – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის მოქმედების წესის“ მიხედვით განსაზღვრული რისკებზე ორიენტირებული ზედამხედველობის უწყვეტი ციკლი, რომლის მიზანია ბანკების რისკების დონის შეფასება და შესაბამისი საზედამხედველო ქმედებების განსაზღვრა;

ვ) ჯამური რისკის პოზიციის პორტფელი –  საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონვას დაქვემდებარებული რისკის პოზიციების ჯამური ღირებულება, ნებადართული საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინებით;

ზ) საზედამხედველო დეფოლტი – ბაზელ III-ის დებულების მე-8 მუხლით განსაზღვრული ძირითადი პირველადი კაპიტალის, პირველადი კაპიტალის ან/და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური მოთხოვნების (შესაბამისად, 4.5%, 6% ან 8%) დარღვევა. სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკებისათვის, ზემოაღნიშნულ მოთხოვნებთან ერთად, საზედამხედველო დეფოლტი გულისხმობს სისტემურობის ბუფერის მოთხოვნის დარღვევასაც.


მუხლი 3. პილარ 2-ის კაპიტალის ბუფერები 
1. პილარ 2-ის ფარგლებში განსაზღვრული ბუფერები მოიცავს შემდეგ ბუფერებს:

ა) არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად;

ბ) საკრედიტო პორტფელის კონცენტრაციის რისკის ბუფერი, რომელიც მოიცავს:

ბ.ა) სახელობითი კონცენტრაციის ბუფერს ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად;

ბ.ბ) სექტორული კონცენტრაციის ბუფერს ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად;

გ) წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერი – საზედამხედველო სტრეს-ტესტებზე დაყრდნობით განსაზღვრული ბუფერი ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად;

დ) წმინდა GRAPE ბუფერი – ეროვნული ბანკის მიერ რისკების შეფასების საერთო პროგრამის რისკის კატეგორიების შეფასებისა და ბანკის შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების პროცესის შედეგების განხილვის ფარგლებში დაწესებული ბუფერი ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად.

2. პილარ 2-ის ფარგლებში კაპიტალის ბუფერების მოთხოვნების დაწესებისა და გაანგარიშებისას მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს ერთი და იმავე რისკისათვის კაპიტალის ორმაგად/მრავალჯერადად მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული რისკი ადეკვატურად არის ასახული საზედამხედველო სტრეს-ტესტების შედეგად განსაზღვრულ ან სხვა რომელიმე ბუფერში, მასზე აღარ მოითხოვება კაპიტალის დამატებითი ბუფერი. ერთი და იმავე რისკისთვის კაპიტალის ორმაგად/მრავალჯერადად მოთხოვნის ასარიდებლად, ეროვნული ბანკი განსაზღვრავს კაპიტალის ბუფერების დაქვითვად ნაწილებს.


მუხლი 4. არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი
1. არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერის დაწესების მიზანია სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული საკრედიტო რისკისათვის კაპიტალის ადეკვატური ბუფერის განსაზღვრა.

2. არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერის გამოთვლისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული საკრედიტო რისკის პოზიციების 75% უნდა გამრავლდეს ბაზელ III-ის დებულების მე-8 მუხლში განსაზღვრულ საზედამხედველო კაპიტალის მინიმალურ მოთხოვნებზე.

3. სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული საკრედიტო რისკის პოზიციებს მიეკუთვნება ბაზელ III-ის დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“-„ო“ ქვეპუნქტებით  განსაზღვრული საბალანსო რისკის პოზიციები საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინების შემდეგ, რომლებიც დენომინირებულია რისკის პოზიციის დაფარვის წყაროს ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, გარდა შემდეგისა:

ა) რისკის პოზიციები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც უზრუნველყოფილია ამავე კომერციულ ბანკში განთავსებული დეპოზიტებით რისკის პოზიციის ვალუტაში;

ბ) რისკის პოზიციები და/ან მათი ნაწილი, რომელთა დაფარვის წყაროს წარმოადგენს ხელშეკრულებით განსაზღვრული და შესაბამისი დოკუმენტაციით დადასტურებული მსესხებლის მიერ მიღებული შემოსავლები რისკის პოზიციისგან განსხვავებულ ვალუტაში, როცა აღნიშნული შემოსავლები სათანადოდ ჰეჯირებულია და ეფექტურად უზრუნველყოფს შემოსავლების რისკის პოზიციის ვალუტაში დენომინაციას;

გ) რისკის პოზიციები და/ან მათი ნაწილი, რომელთა დაფარვის წყაროს წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული და შესაბამისი დოკუმენტაციით დადასტურებული მსესხებლის შემოსავლები რისკის პოზიციისგან განსხვავებულ ვალუტაში, როცა შემოსავლების სიდიდე რეალურად არ იცვლება რისკის პოზიციის ვალუტის კურსის ცვლილებით, რადგან მსესხებლის შემოსავლები არაელასტიური საქონლის გაყიდვიდან მიიღება (მაგალითად, იმპორტირებული საქონლის გაყიდვის საქმიანობა, თუ აღნიშნული საქონელი არაელასტიურია ფასის მიმართ, რაც ადგილობრივი გაცვლითი კურსის გაუფასურების შემთხვევაში და, შედეგად, ლარში დენომინირებული ფასების დონის გაზრდისას არ იწვევს მოცემული საქონლის გაყიდვების მოცულობისა და შესაბამისად მიღებული შემოსავლების შემცირებას). იმისათვის, რომ ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული რისკის პოზიციები არ იქნას გათვალისწინებული არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერის გაანგარიშებაში, ბანკმა უნდა მიიღოს თანხმობა ეროვნული ბანკისგან კონკრეტული სამეწარმეო საქმიანო(ბე)ბის ასეთად მიჩნევაზე. მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკს უნდა შეეძლოს, დაუყოვნებლივ წარუდგინოს ეროვნულ ბანკს დეტალური ინფორმაცია ყველა იმ რისკის პოზიციაზე, რომლებიც ამ ქვეპუნქტიდან გამომდინარე არ დაექვემდებარა არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკისთვის კაპიტალის მოთხოვნას.


მუხლი 5. სახელობითი კონცენტრაციის ბუფერი 
1. სახელობითი კონცენტრაციის ბუფერის დაწესების მიზანია საკრედიტო პორტფელის ერთი მსესხებლის ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის კონცენტრაციის რისკისათვის კაპიტალის ადეკვატური ბუფერის განსაზღვრა.

2. სახელობითი კონცენტრაციის ბუფერის გაანგარიშების მიზნებისათვის გამოიყენება – Herfindahl-Hirschman Index (HHI), რომელიც გამოითვლება ამ წესის დანართ №1-ში მოცემული ფორმულის შესაბამისად, ბანკის ჯამური რისკის პოზიციის პორტფელში 100 ყველაზე მსხვილი ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის  (შემდგომში: ტოპ 100 ურთიერთდაკავშირებული მსესხებელი) რისკის პოზიციის წილის გათვალისწინებით.

3. სახელობითი კონცენტრაციის ბუფერი განისაზღვრება ბაზელ III-ის დებულების საკრედიტო რისკისთვის განსაზღვრული საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური 8%-იანი მოთხოვნის თანხის ამ წესის დანართ №2-ის პირველ ცხრილში მოცემული კონცენტრაციის შესაბამისი კაპიტალის მულტიპლიკატორზე გადამრავლებით. ცხრილში მოცემულ HHI ინდექსებს შორის ინტერვალებში ბანკებმა უნდა გამოიყენონ წრფივი ინტერპოლაციის მეთოდი.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული რისკის პოზიციის ღირებულების განსაზღვრებისთვის ბანკმა უნდა იხელმძღვანელოს ბაზელ III-ის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რისკის პოზიციის განმარტებით, სადაც სახელობითი კონცენტრაციის ბუფერის დათვლის მიზნებისათვის, გარესაბალანსო ელემენტების კრედიტ-კონვერსიის მინიმალურ ფაქტორად 0%-ის ნაცვლად აიღება 10%.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული რისკის პოზიციების ღირებულების დათვლისას, შესაძლებელია საკრედიტო რისკის მიტიგაციის იმ ინსტრუმენტების გამოყენება, რომლებზეც ბანკს მიღებული აქვს ეროვნული ბანკის შესაბამისი თანხმობა კაპიტალის ადეკვატურობის მიზნებისათვის ბაზელ III-ის დებულების შესაბამისად.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული რისკის პოზიციების ღირებულების დათვლაში არ გაითვალისწინება ბაზელ III-ის დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რისკის პოზიციები.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულ ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფს შესაძლოა, წარმოადგენდეს ორი ან მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირი ან იურიდიული სტატუსის არ მქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, თუ სრულდება ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან ერთ-ერთი მაინც:

ა) კონტროლი, ერთ-ერთი მსესხებელი პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით აკონტროლებს მეორეს ან ჯგუფის დანარჩენ წევრებს;

ბ) ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება – თუ ერთ-ერთ მსესხებელს შეექმნება ფინანსური პრობლემები, (მაგალითად, დაფინანსებასთან ან/და გადასახადების გადახდასთან დაკავშირებული სირთულეები) მაშინ შესაძლოა, მეორე ან ყველა დანარჩენი წევრი ასევე აღმოჩნდეს ფინანსური სირთულეების წინაშე.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოცემული კონტროლის დამოკიდებულების განსაზღვრისას ბანკმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები და კრიტერიუმები:

ა) შეთანხმებები ხმის მიცემის უფლებაზე. აღნიშნული შესაძლოა მოიცავდეს  აქციონერებს/პარტნიორებს შორის წესდებით/შეთანხმებით გათვალისწინებული უმრავლესობის ანალიზს გადაწყვეტილების მიღების დროს ან სხვა შემთხვევებს;

ბ) მნიშვნელოვანი გავლენა ორგანიზაციის აღმასრულებელ ორგანოებსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნასა და გათავისუფლებაზე;

გ) მნიშვნელოვანი გავლენა (ხელშეკრულებით ან სხვა გზით) ორგანიზაციის მმართველობითი ორგანოების გადაწყვეტილებებზე ან ორგანიზაციის ძირითად პოლიტიკაზე (ორგანიზაციის ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლება);

დ) გარდა ზემოაღნიშნული კრიტერიუმებისა, ბანკმა უნდა იხელმძღვანელოს „კონტროლისა“ და „მნიშვნელოვანი გავლენის“ ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) განმარტებებით.

9. ბანკმა უნდა მიიღოს ყველა ზომა ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მოცემული ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების გამოსავლენად. ამ მიზნით, ბანკმა, სულ მცირე, უნდა გაითვალისწინოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი ხარისხობრივი კრიტერიუმები:

ა) როდესაც ერთი მსესხებლის მთლიანი წლიური შემოსავლების ან მთლიანი წლიური ხარჯების 30%-ს ან მეტს განსაზღვრავს მეორე მსესხებელი (მაგ., კომერციული ფართის მესაკუთრე და დამქირავებელი, ვინც იხდის ქირის მნიშვნელოვან ნაწილს);

ბ) როდესაც ერთი მსესხებლის პროდუქციის მნიშვნელოვან ნაწილს ყიდულობს/ყიდის მეორე მსესხებელი, რომელიც რთულად ჩანაცვლებადია სხვა მომხმარებლის მიერ;

გ) როდესაც ერთი მსესხებელი ნაწილობრივ ან სრულად უზრუნველყოფს მეორე მსესხებლის რისკის პოზიციას, ან სხვაგვარად არის პასუხისმგებელი მის ვალდებულებებზე, და აღნიშნული იმდენად მატერიალურია, რომ მოთხოვნის წარმოშობამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი გადახდისუუნარობა ან/და შეუქმნას მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეები;

დ) როდესაც მოსალოდნელია, რომ ერთი მსესხებლის ფინანსური პრობლემები ან/და გადახდისუუნარობა გამოიწვევს დანარჩენი მსესხებლების ფინანსურ სირთულეებს ვალდებულებების სრულად და დროულად დაფარვის კუთხით (მაგ., როდესაც ორი ან მეტი მსესხებლის დაფინანსების დიდი ნაწილი დამოკიდებულია ერთსა და იმავე წყაროზე და, საერთო წყაროს გადახდისუუნარობის შემთხვევაში, ალტერნატიული წყაროს მოძიება შეუძლებელია);

ე) როდესაც იურიდიული პირები ექვემდებარებიან სხვადასხვა ფიზიკური პირის კონტროლს ან მნიშვნელოვან გავლენას და ეს ფიზიკური პირები ეწევიან საერთო მეურნეობას.

10. ბანკმა უნდა შეიმუშაოს და შეუთანხმოს ეროვნულ ბანკს ამ მუხლის მე-7-9 პუნქტებით განსაზღვრული ეკონომიკური კავშირების დადგენის შიდა მეთოდოლოგია, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, უნდა მოიცავდეს საცალო მსესხებლების ჯგუფში დაკავშირების საკითხსაც.

11. საკრედიტო პორტფელის კონცენტრაციის რისკით გამოწვეული  დანაკარგების ალბათობა იზრდება იმ შემთხვევაში, როდესაც ბანკის ტოპ 100 ურთიერთდაკავშირებული მსესხებლის ჯამური რისკის პოზიციების პორტფელში ყველაზე მსხვილი რისკის პოზიციების ხარისხი ამავე პორტფელში დარჩენილი რისკის პოზიციების ხარისხზე უარესია. შესაბამისად, ბანკმა კონცენტრაციის ბუფერის დადგენისას, რაოდენობრივ მაჩვენებლებთან ერთად უნდა გაითვალისწინოს კონცენტრაციის ისეთი ხარისხობრივი მაჩვენებლები, როგორებიცაა მსხვილი რისკის პოზიციების ხარისხი, მსხვილი მსესხებლის/ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის სექტორის რისკიანობა  და სხვა ხარისხობრივი მაჩვენებლები.

12. სახელობითი კონცენტრაციის რისკის ხარისხობრივი შეფასების მიზანია სახელობითი კონცენტრაციის დამატებითი ბუფერის განსაზღვრა მაღალი რისკების გამო, თუმცა, იშვიათ შემთხვევაში ფაქტებისა და საკმარისი არგუმენტების პირობებში, შესაძლოა, განხილულ იქნეს მისი შემცირების შესაძლებლობა.

13. კონცენტრაციის რისკის ხარისხობრივი შეფასება უნდა ითვალისწინებდეს მსესხებლის ზომას. იმის გათვალისწინებით, რომ სტრესულ სიტუაციაში მსესხებლის ზომისა და მისი რისკის პროფილის ურთიერთკავშირის შესახებ საერთო მიდგომის განსაზღვრა შეუძლებელია, ბანკმა თავად უნდა შეიმუშავოს შიდა მოდელი, რომელიც განსაზღვრავს მსესხებლის რისკის პროფილს მისი ზომის ზრდის მიხედვით. ამ მიზნით, ბანკმა შესაძლოა გაითვალისწინოს, რა სახის კომპანიაზე (მცირეზე თუ მსხვილზე) გასცემდა სესხს კრიზისულ სიტუაციაში.

14. ბანკმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს ხარისხობრივი კონცენტრაციის რისკისათვის საჭირო ბუფერის გამოთვლის შიდა მეთოდოლოგიისა და მოდელის ანგარიშგება და დაასაბუთოს საკუთარი მიდგომების მიზანშეწონილობა.

15. ანალიზისა და დასაბუთების დროს ბანკმა უნდა გაითვალისწინოს როგორც ისტორიული დინამიკა, ასევე სამომავლო პროგნოზი, კერძოდ, შენარჩუნდება, თუ არა იგივე სტატისტიკა. ბანკმა აღნიშნულისათვის შესაძლოა გამოიყენოს წინა წლების გამოცდილება, რომლის მიხედვითაც  მსხვილი სესხებიდან მიღებული დანაკარგები აჭარბებდა გრანულარული პორტფელიდან წარმოშობილ დანაკარგებს.

16. იმ შემთხვევაში, თუ სახელობითი კონცენტრაციის ბუფერის ფარგლებში გამოთვლილი ცალკეული რისკის პოზიციებისათვის კაპიტალის მოთხოვნა 100%-ს გადააჭარბებს, ბანკმა შესაბამისი რისკის პოზიციისათვის უნდა დაიცვას კაპიტალის 100%-იანი მოთხოვნა. 


მუხლი 6. სექტორული კონცენტრაციის ბუფერი 
1. სექტორული კონცენტრაციის ბუფერის დაწესების მიზანია საკრედიტო პორტფელის სექტორის კონცენტრაციის რისკისათვის კაპიტალის ადეკვატური ბუფერის განსაზღვრა.

2. სექტორული კონცენტრაციის ბუფერი გამოიანგარიშება სახელობითი კონცენტრაციის ბუფერის ანალოგიურად, ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად. სექტორული კონცენტრაციის ბუფერის გამოთვლის მიზნით, ამ წესის დანართი №2-ის მე-2 ცხრილში მოცემულია კაპიტალის მულტიპლიკატორები სექტორული კონცენტრაციის სხვადასხვა HHI მაჩვენებლისთვის.

3. რისკის პოზიციების სექტორული ჩაშლა უნდა მოხდეს ეროვნული ბანკის კლასიფიკაციის მიხედვით, თუმცა გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მასში მოცემული სექტორები რეალურად არ ასახავს ერთიანი რისკების მიმართ მოწყვლად ან ერთი ქცევის სექტორებს (მაგალითად, ვაჭრობა).

4. თუ ბანკი ფართოდაა წარმოდგენილი რომელიმე სექტორში და დაასაბუთებს, რომ ეს მისი ძირითადი საქმიანობაა, გააჩნია სპეციალიზაცია და ეფექტიანად აფასებს რისკებს, მაშინ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით შესაძლებელია, ბანკისათვის დაწესდეს კაპიტალის ბუფერის უფრო დაბალი მოთხოვნა.

5. იმ შემთხვევაში, თუ სექტორული კონცენტრაციის ბუფერის ფარგლებში გამოთვლილი ცალკეული რისკის პოზიციებისათვის კაპიტალის მოთხოვნა 100%-ს გადააჭარბებს, ბანკმა შესაბამისი რისკის პოზიციისათვის უნდა დაიცვას კაპიტალის 100%-იანი მოთხოვნა. 


მუხლი 7. წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერი
1. წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერის დაწესების მიზანია დამატებითი კაპიტალის ოდენობის განსაზღვრა, რომელიც, საზედამხედველო სტრეს-ტესტებში განსაზღვრული  სცენარებისა და რისკ-ფაქტორების რეალიზების შემთხვევაში,  დანაკარგების მიღების მიუხედავად, უზრუნველყოფს ბანკის დაცვას საზედამხედველო დეფოლტისაგან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, ბანკმა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით უნდა აწარმოოს საზედამხედველო სტრეს-ტესტები, რომელიც მოიცავს ეკონომიკური ხასიათის სისტემური და სექტორული მნიშვნელობის შოკებსა და იდიოსინკრატულ მოვლენებს, რომელთა გავლენაც ბანკზე მატერიალურია. ამ მიზნით, შესაძლოა, გათვალისწინებულ იქნეს როგორც დადებითად კორელირებადი შოკები, ასევე ის შოკები, რომლებიც შესაძლოა ერთდროულად მოხდეს.

3. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს საზედამხედველო სტრეს-ტესტების პარამეტრებს. ამასთან, ბანკი ვალდებულია დამატებით გამოავლინოს მისთვის სპეციფიკური ფაქტორები, რომელთა ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს მის ფინანსურ მდგომარეობაზე.

4. ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული სტრეს-ტესტების სცენარის კომპონენტები და პარამეტრები ექვემდებარება ცვლილებებს, ზოგადად, ეკონომიკასა და კონკრეტულ სექტორში, ასევე, სასაქონლო ბაზრებზე არსებული ტენდენციების შესაბამისად.

5. ბანკი ვალდებულია, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და პერიოდულობით, ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ამ მუხლით განსაზღვრული საზედამხედველო სტრეს-ტესტების შედეგები.

6. წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერის განსაზღვრის მიზნით, საზედამხედველო სტრეს-ტესტების შედეგად მიღებული კაპიტალი ბუფერიდან უნდა დაიქვითოს პილარ 1-ის კონსერვაციისა და კონტრციკლური ბუფერები, ასევე პილარ 2-ის ბუფერების, მათ შორის  არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერისა და საკრედიტო პორტფელის კონცენტრაციის ბუფერის, დაქვითვადი ნაწილები.

7. სისტემური სტრესის მოხდენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მიერ შესაძლოა მოხდეს სტრეს-ტესტების დაშვებების შემსუბუქება, რაც გამოიწვევს წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერების შემცირებას. წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერის შემცირება ასევე შესაძლებელია იდიოსინკრატული შოკის შემთხვევაშიც. 


მუხლი 8. წმინდა GRAPE ბუფერი
1. წმინდა GRAPE ბუფერის დაწესების მიზანია კაპიტალის ადეკვატური ბუფერის განსაზღვრა GRAPE-ის ფარგლებში იდენტიფიცირებული იმ რისკებისათვის, რომლებსაც არ მოიცავს ან არასათანადოდ ასახავს ამ წესით განსაზღვრული პილარ 2-ის კაპიტალის ბუფერები.

2. წმინდა GRAPE ბუფერის დაწესებისას გაითვალისწინება რისკის კატეგორიების მიხედვით შეფასებული ინჰერენტული რისკები და შესაბამისი მიტიგანტები. აღნიშნულის ფარგლებში ასევე ხდება ბანკის მიერ დანერგილი შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების პროცესის შემოწმების შედეგების, ხარისხისა და მისი განვითარების გეგმის გათვალისწინება.

3. წმინდა GRAPE-ის ფარგლებში ბანკისათვის კაპიტალის მოთხოვნების განსაზღვრისას ეროვნული ბანკი ითვალისწინებს ბანკის გეგმებს რისკის პროფილის შემცირების კუთხით, სტრესულ სიტუაციაში დამატებითი კაპიტალის მოზიდვის უნარსა და გაჯანსაღების გეგმებს.

4. წმინდა GRAPE ბუფერის დაწესება შესაძლებელია განხორციელდეს  უწყვეტი საზედამხედველო ციკლის ნებისმიერ ფაზაში, იქნება ეს ბანკის საერთო რისკის შეფასება თუ ცალკეული რისკის კატეგორიის შეფასება, ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის მიღების შედეგად, რასაც ეროვნული ბანკი ჩათვლის დროული რეაგირების საგნად.


მუხლი 9. მოთხოვნები შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების პროცესზე 
1. თითოეული ბანკი ვალდებულია გააჩნდეს შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების პროცესი, რომელიც ადეკვატურად ასახავს მისთვის რელევანტურ ყველა  რისკს. ამასთან, ბანკებს უნდა გააჩნდეთ კაპიტალის დაგეგმვის ჯანსაღი და გამართული პროცესი, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ეროვნული ბანკის მხრიდან ბანკის პილარ 2-ის ფარგლებში კაპიტალის მოთხოვნებისათვის ჩატარებული გამოთვლების მიმართ მეტ ნდობას მაშინ, როცა დაბალი ხარისხის პროცესები, როგორც წესი, იწვევს უფრო მეტად კონსერვატიულ შეფასებასა და კაპიტალის მოთხოვნების ზრდას. ამასთან, კაპიტალის დაგეგმვის პროცესები ადეკვატურად უნდა პასუხობდეს ბიზნესმოდელს, რისკის აპეტიტს, საქმიანობის მასშტაბებსა და კომპლექსურობას.  

2. ამ წესით განსაზღვრული ბუფერების, მათ შორის სახელობითი და სექტორული კონცენტრაციის ბუფერების გამოთვლის ინსტრუქცია არ ზღუდავს ბანკს შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების პროცესის ფარგლებში განავითაროს და განსახილველად წარუდგინოს ეროვნულ ბანკს ამ წესისგან განსხვავებული კონცენტრაციის რისკის შეფასების  საკუთარი მიდგომები და მოდელი. ამასთან,  ბანკმა ამ წესით განსაზღვრული რისკების გარდა უნდა გაითვალისწინოს სხვა რისკები ან მისი გამომწვევი ფაქტორები. მაგალითად, სახელობით და სექტორულ კონცენტრაციასთან ერთად, ბანკი უნდა აფასებდეს გეოგრაფიულ და სხვა ტიპის საკრედიტო პორტფელის კონცენტრაციის რისკებს.


მუხლი 10. პილარ 2-ის კაპიტალის ბუფერების დაწესება 
1. პილარ 2-ის ფარგლებში განსაზღვრული კაპიტალის ბუფერები წესდება ბაზელ III-ის დებულებით დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებთან ერთად ამ წესის დანართ №3-ში მოცემული საილუსტრაციო ცხრილის შესაბამისად.

2. პილარ 2-ის ფარგლებში განსაზღვრული კაპიტალის ნებისმიერი ბუფერის მინიმუმ 56%-ის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს  ძირითადი პირველადი კაპიტალის ელემენტებით, მინიმუმ 75%-ის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს პირველადი კაპიტალის ელემენტებით, ხოლო დარჩენილი წილი (მაქსიმუმ 25%) შესაძლოა დაცული იყოს მეორადი კაპიტალის ელემენტებით.

3. ეროვნული ბანკი, ბანკისათვის დაწესებულ ბუფერებს, საკუთარი შეხედულებისამებრ, პერიოდულად ცვლის ბანკის რისკის პროფილისა და სხვადასხვა სტრესული სიტუაციების ალბათობისა და/ან რეალიზაციის შედეგად.

4. პილარ 2-ის ფარგლებში განსაზღვრული კაპიტალის ჯამური მოთხოვნა შეიძლება შემცირდეს გაცვლითი კურსის წლიური გაუფასურების (გაცვლითი კურსის ცვლილება მოცემული თვის წინა წლის ანალოგიური მაჩვენებლის მიმართ) შედეგად, რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების ზრდით (ლარში გამოხატული რისკის პოზიციების ზრდა გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად) გამოწვეული კაპიტალის მოთხოვნის ოდენობით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში განსაზღვრული კაპიტალი, რომლითაც მოხდება პილარ 2-ის ფარგლებში კაპიტალის მოთხოვნის შემცირება, დაითვლება ბანკის მიერ განსაზღვრული და ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული მეთოდოლოგიით. კომერციულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული მეთოდოლოგიის შესაბამისად ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კაპიტალის  დაანგარიშება.

6. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი კაპიტალის მოთხოვნებს შეამცირებს ამ მუხლის მე-5 პუნქტში განსაზღვრული მეთოდოლოგიით დათვლილ მაჩვენებელზე მეტად, ბანკი დაარღვევს კომბინირებული ბუფერის მოთხოვნას შემცირებული კაპიტალის იმ მოცულობაზე, რომელიც აღემატება ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მეთოდოლოგიით დათვლილ მაჩვენებელს და მასზე გავრცელდება ბაზელ III-ის დებულების 84 მუხლით გათვალისწინებული  შეზღუდვები. 


მუხლი 11. პილარ 2-ის კაპიტალის ბუფერების დაწესების სიხშირე
1. ამ წესის მე-4-6 მუხლებით განსაზღვრული არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის, საკრედიტო პორტფელის სახელობითი და სექტორული კონცენტრაციის რისკის ბუფერები  დაითვლება ყოველთვიურად.

2. წმინდა GRAPE ბუფერი ექვემდებარება გადახედვას ყოველწლიურად, ხოლო საბანკო სექტორში ან ბანკში მიმდინარე მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში, რასაც ეროვნული ბანკი ჩათვლის დროული რეაგირების საგნად, ბუფერი შესაძლოა შეიცვალოს უფრო ხშირი ინტენსივობით.


მუხლი 12. სანქციები 
ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სანქციებს.

მუხლი 13. გარდამავალი დებულებები
1. ამ წესის მე-5-6 მუხლებით განსაზღვრული საკრედიტო პორტფელის სახელობითი და სექტორული კონცენტრაციის ბუფერის მოთხოვნა ამოქმედდეს 2018 წლის პირველი აპრილიდან.

2. 2022 წლის პირველ იანვრამდე ამ წესის მე-5-6 მუხლებითა და მე-8 მუხლით განსაზღვრული საკრედიტო პორტფელის სახელობითი და სექტორული კონცენტრაციისა და წმინდა GRAPE ბუფერების დაცვა შესაძლებელია ამ წესის დანართ N4-ში წარმოდგენილი ცხრილის შესაბამისი პროპორციებით მითითებული პერიოდების შესაბამისად.

3. ამ წესით განსაზღვრული  წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერი ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.



7. 27/10/2023 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 290/04 - ვებგვერდი, 27/10/2023 6. 29/12/2022 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 198/04 - ვებგვერდი, 30/12/2022 5. 27/09/2022 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 130/04 - ვებგვერდი, 28/09/2022 4. 31/01/2022 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 5/04 - ვებგვერდი, 01/02/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 27/04/2020 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 77/04 - ვებგვერდი, 28/04/2020 2. 27/12/2019 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 256/04 - ვებგვერდი, 30/12/2019 1. 19/12/2019 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 242/04 - ვებგვერდი, 20/12/2019