დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 540 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 11/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/12/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.020249 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/12/2017 - 31/12/2018)
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
|
მუხლი 1 |
„სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გათვალისწინებით, დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულება თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ტექნიკურ-მატერიალური და ფინანსური მხარდაჭერა 2018 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ. |
მუხლი 3 |
დადგენილება, გარდა დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს 2017 წლის 1 დეკემბრიდან, ხოლო დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულება
|
თავი I
ზოგადი დებულებები |
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი (შემდგომში – ენის დეპარტამენტი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილ ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვასა და პოპულარიზაციას, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენასა და დამკვიდრებას. 2. ენის დეპარტამენტის სრული დასახელებაა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ენის დეპარტამენტი. 3. ენის დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. 4. ენის დეპარტამენტის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და წესით. 5. ენის დეპარტამენტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში, ემბლემა და ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 6. ენის დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქ. №7. თავი II ენის დეპარტამენტის მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და ამოცანები მუხლი 2. ენის დეპარტამენტის მიზნები ენის დეპარტამენტის ძირითადი მიზნებია: ა) სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვა; ბ) სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია; გ) ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენა და დამკვიდრება; დ) სახელმწიფო ენის განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება/ხელშეწყობა. მუხლი 3. ენის დეპარტამენტის ფუნქციები, უფლებამოსილებები და ამოცანები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ენის დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია: ა) სახელმწიფო ენის დაცვის, განვითარებისა და გამოყენების სფეროში ერთიანი პოლიტიკის განხორციელება; ბ) რეკომენდაციების გაცემა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ენის გამოყენების სფეროში არსებული დარღვევების აღმოსაფხვრელად; გ) სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის შემუშავების უზრუნველყოფა და მისი განხორციელების კოორდინაცია; დ) საინფორმაციო და მეთოდური უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფო ენის სფეროში; ე) სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის შექმნა; ვ) ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და ტერმინოლოგიური სტანდარტების საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ზ) სახელმწიფო ენის ნორმების დაცვის მუდმივი მონიტორინგი, პრობლემების გამოკვეთა და მათი გამოსწორების გზების დასახვა; თ) სახელმწიფო ენის სწავლების სტანდარტების, პროგრამებისა და სასწავლო რესურსების მუდმივი სრულყოფის ხელშეწყობა; ი) სახელმწიფო ენის საერთაშორისო იმიჯის შენარჩუნებასა და ამაღლებაზე ზრუნვა; კ) „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისათვის მიმართვა დამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების მოთხოვნით; ლ) ნებისმიერი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისგან და ინდივიდუალური საწარმოებიდან; მ) სახელმწიფო ენის მოთხოვნათა დაცვისა და განხორციელების მიზნით კომპლექსური პროგრამებისა და პროექტების შემუშავება; ნ) სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარების წესის შეთანხმება; ო) სახელმწიფო ენის გამოცდის შედეგის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სახელმწიფო ენის ცოდნასთან დაკავშირებულ მოთხოვნასთან პირის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოწმობის) გაცემა; პ) სამეცნიერო-პოპულარული და სპეციალური დანიშნულების ლიტერატურის გამოცემა; ჟ) საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი წარწერის არასახელმწიფო ენაზე (მათ შორის, ეროვნული უმცირესობის ენაზე) წარმოდგენის წესის შემუშავება და დამტკიცება; რ) საქართველოს ტერიტორიაზე კომპაქტურად მცხოვრები არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის სახელმწიფო ენის ათვისებისა და გამოყენების აუცილებელი პირობების შექმნა; ს) ენის დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე განცხადებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; ტ) მუდმივი თანამშრომლობა სახელმწიფო ორგანოებთან სახელმწიფო ენის განვითარების ყველა აუცილებელი პირობით უზრუნველყოფის მიზნით; უ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. თავი III ენის დეპარტამენტის მართვა და წარმომადგენლობა მუხლი 4. ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე 1. ენის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე: ა) წარმოადგენს ენის დეპარტამენტს და მოქმედებს დეპარტამენტის სახელით; ბ) ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს ენის დეპარტამენტის საქმიანობას; გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში; დ) უზრუნველყოფს ენის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების კონტროლსა და მეთოდურ ხელმძღვანელობას; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ენის დეპარტამენტის თანამშრომლებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ვ) თანამდებობაზე ნიშნავს სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს; ამტკიცებს კომისიის საქმიანობის წესს; ზ) განსაზღვრავს დეპარტამენტის თანამდებობის პირთა ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას; თ) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ენის დეპარტამენტის დებულებას, ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; ი) ამტკიცებს ენის დეპარტამენტის შინაგანაწესს; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; ლ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას. 3. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. თავი IV ენის დეპარტამენტის სტრუქტურა მუხლი 5. ენის დეპარტამენტის სტრუქტურა 1. ენის დეპარტამენტი თავის ფუნქციებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით. 2. ენის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) სახელმწიფო ენის ფუნქციონირების ზედამხედველობის სამსახური; ბ) სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამების სამსახური; გ) ადმინისტრაციული სამსახური; დ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. 3. სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები განისაზღვრება ენის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით. 4. ენის დეპარტამენტთან ფუნქციონირებს სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისია, რომელიც ადგენს სალიტერატურო ენის ნორმებსა და ტერმინოლოგიურ სტანდარტებს; კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით. თავი V ენის დეპარტამენტის ქონება და ფინანსები მუხლი 6. ენის დეპარტამენტის ქონება და ფინანსები 1. ენის დეპარტამენტს აქვს ქონება, რომელზეც აქვს საკუთრების, სარგებლობის ან/და სხვა სახის უფლებები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ენის დეპარტამენტის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გრანტით მიღებული შემოსავალი; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი. თავი VI სახელმწიფო კონტროლი და ანგარიშვალდებულება მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი 1. ენის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს მთავრობა. 2. საქართველოს მთავრობის თანხმობითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ენის დეპარტამენტმა შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ენის დეპარტამენტის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება თავის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 4. ენის დეპარტამენტი ყოველი მომდევნო წლის 15 მაისამდე ამზადებს წლიურ ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ, რომელიც წარედგინება საქართველოს მთავრობას. თავი VII სხვა დებულებანი მუხლი 8. ენის დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ენის დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. მუხლი 9. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი ამ დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
დოკუმენტის კომენტარები