„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1621-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 130000000.05.001.018600
1621-რს
07/12/2017
ვებგვერდი, 14/12/2017
130000000.05.001.018600
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.06.2014, სარეგისტრაციო კოდი: 140070000.05.001.017468) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის:

ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სპეციალურად უფლებამოსილი ორგანო – საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (შემდგომ – სამსახური), რომელიც უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების პრევენციის, ერთიანი სისტემის მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებას და სამოქალაქო უსაფრთხოების ამოცანების გადასაწყვეტად სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განხორციელებას.“;

ბ) 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. სახანძრო-სამაშველო დანაყოფი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) დანაყოფი, რომელიც შექმნილია ხანძრის პროფილაქტიკის, ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების, საგანგებო სიტუაციის პრევენციის და მასზე რეაგირების მიზნით, აგრეთვე მუნიციპალური, საუწყებო, კერძო ან ნებაყოფლობითი სახანძრო ან/და სამაშველო დაცვის დანაყოფი, რომელიც დადგენილი წესით შექმნილია ხანძრის პროფილაქტიკისათვის, ჩაქრობისათვის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისათვის.“.

2. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის მახასიათებლებს სამოქალაქო უსაფრთხოების ამოცანების გადასაწყვეტად განსაზღვრავს სამსახური.“.

3. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საგანგებო სიტუაციის, ხანძრის და მათი შედეგების აღრიცხვის წესებს ადგენს სამსახური საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაინტერესებულ ორგანო­ებთან შეთანხმებით.“.

4. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის მიზნით პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს წარუდგენს სამსახური;           

ა.ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის უწყებათაშორისი ოპერატიული ცენტრი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ერთიანი სისტემის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების უფლებამოსილი პირებისაგან შექმნილი ორგანო, რომელიც ოპერაციულ დონეზე ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს მოსალოდნელ ან ფაქტობრივ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას;“;                                                        

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ოპერატიული ცენტრის შექმნამდე მოსალოდნელ ან ფაქტობრივ საგანგებო სიტუაციაზე პირველად რეაგირებას ახდენს სამსახური ან ახდენენ ერთიანი სისტემის შესაბამისი რეაგირების ძალები.“.

5. მე-13 მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. მე-14 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საგანგებო სიტუაციების რისკის შემცირების სტრატეგიის ფარგლებში სამსახურთან იქმნება ეროვნული საზოგადოებრივი სათათბირო ორგანო − საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობა, მიზნები, ამოცანები და საქმიანობის წესი განისაზღვრება საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს დებულებით. ამ დებულებას ამტკიცებს სამსახურის უფროსი.“.

7. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგანგებო სიტუაციების მართვის უწყებათაშორისი ოპერატიული ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.“.

8. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახური ორგანიზებას უწევს რეაგირების ძალების მომზადებასა და გადამზადებას, აგრეთვე მათ მუდმივ მზადყოფნას.“.

9. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ვარჯიში ტარდება სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.“.

10. 21-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტების მიმართ სამსახურის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.“.

11. 22-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად ატყობინებენ მოსახლეობას მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე საფრთხეების შესახებ;“.

12. 23-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ)  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე საფრთხეების შესახებ მოსახლეობისათვის შეტყობინება;“.

13. 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუნიციპალიტეტისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების დელეგირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, ხოლო აღნიშნული უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებას დებს სამსახური.

3. ამ მუხლითა და ამ კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებისას მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაზე დარგობრივ ზედამხედველობას ახორციელებს სამსახური.“.

14. 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სპეციალურად უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეატყობინონ საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებული პოტენციური საფრთხის შესახებ;“.

15. 36-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების, აგრეთვე ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ორგანიზების, სახანძრო-ტექნიკური პროდუქტის და საავარიო-სამაშველო საშუალებების გამოყენების შესახებ ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას.“.

16. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების პროექტები, რომლებიც ადგენს სახან­ძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს, შეთანხმებული უნდა იქნეს სამსახურთან, ხოლო მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ ნორმატიულ აქტებზე სამართლებრივი ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად.“.

17. 48-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების სამართლებრივ, სარეკომენდაციო და მეთოდურ დოკუმენტებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სამსახურის უფროსი.“.

18. IX1 და X თავები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი IX​1

სამსახურის სტატუსი, სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და

სამსახურის გავლის წესი

მუხლი 52​1. სამსახურის სტატუსი

1. სამსახური არის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 26მუხლით გათვალისწინებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება.

2. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

4. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

5. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.

6. სამსახურის მმართველობის სფეროში შედის სააგენტო.

7. სამსახურის მმართველობის სფეროში შესაძლებელია შედიოდეს სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

8. სამსახურის სტრუქტურა, უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

9. სამსახურის საშტატო ნუსხას ამტკიცებს სამსახურის უფროსი.

10. სამსახურის სისტემის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მქონე მოსამსახურეების ხელფასი და დანამატის ოდენობები, გაცემის პირობები და წესი განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით.

მუხლი 52​2. სამსახურის მოსამსახურეები

1. სამსახურის მოსამსახურეები ფუნქციების შესაბამისად იყოფიან მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირად შემადგენლობად და სამოქალაქო შემადგენლობად.

2. სამსახურის მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირად შემადგენლობაში შედიან მეხანძრე-მაშველები და მაშველები, რომლებიც, შესაბამისად, უშუალოდ ახორციელებენ ხანძრის პროფილაქტიკას და აქრობენ ხანძარს, ატარებენ საავარიო-სამაშველო სამუშაოებს, მართავენ და ორგანიზებას უწევენ ამ ღონისძიებებს/უშუალოდ ატარებენ სამაშველო სამუშაოებს, ახორციელებენ საგანგებო სიტუაციის პრევენციას და მასზე რეაგირებას, მართავენ და ორგანიზებას უწევენ ამ ღონისძიებებს. სამსახურის მეხანძრე-მაშველსა და მაშველს (გარდა სახელშეკრულებო დანაყოფის მოსამსახურისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) ენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდება.

3. სამსახურის სამოქალაქო შემადგენლობაში შედიან მოსამსახურეები, რომლებიც ასრულებენ სამსახურის საქმიანობის მმართველობით, საფინანსო, ლოჯისტიკურ, სამართლებრივ, ორგანიზაციულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ან/და სხვა მხარდამჭერ ფუნქციებს, რომლებიც არ ითვალისწინებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების უშუალო შესრულებას. სამსახურის სამოქალაქო შემადგენლობაში შემავალ მოსამსახურეს სახელმწიფო სპეციალური წოდება არ ენიჭება.

მუხლი 52​3. სამსახურში მიღება 

1. სამსახურის მეხანძრე-მაშველად/მაშველად დაინიშნება/მიიღება საქართველოს მოქალაქე/უცხოელი (ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოელი არის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი) 18 წლის ასაკიდან, რომელმაც იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, მიღებული აქვს არანაკლებ სრული ზოგადი განათლება, თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების გათვალისწინებით შეუძლია დაკისრებული ფუნქციების შესრულება და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.

2. პირი სამსახურის მეხანძრე-მაშველად/მაშველად სამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დაინიშნება სპეციალური კონკურსის შედეგად. სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის სპეციალური კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

3. უცხოელი სამსახურის მოსამსახურედ შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად ან სახელშეკრულებო დანაყოფის მოსამსახურედ.

4. სამსახურის მეხანძრე-მაშველი/მაშველი სამსახურში მიღებისას ან მიღების შემდეგ გადის შესაბამის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, სპეციალური გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსს/პროგრამას. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესს ამტკიცებს სამსახურის უფროსი.

5. სამსახურის მეხანძრე-მაშველი/მაშველი სამსახურში დანიშვნისას/მიღებისას დებს მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცს. მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის ტექსტს ამტკიცებს სამსახურის უფროსი.

6. სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის მიერ სამსახურის გავლის იმ საკითხებს, რომლებიც მოწესრიგებული არ არის ამ კანონით, აგრეთვე სამსახურის სამოქალაქო შემადგენლობაში შემავალი მოსამსახურის სამსახურში მიღების და მის მიერ სამსახურის გავლის წესს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.

7. სამსახურის მეხანძრე-მაშველი/მაშველი ატარებს შესაბამისი წესით დადგენილი ფორმის ტანსაცმელს, რომლის ნიმუშებსაც ამტკიცებს სამსახურის უფროსი.

მუხლი 52​4. სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის სამსახურში მიღებისა და მის მიერ სამსახურის გავლისათვის დადგენილი შეზღუდვები 

1. სამსახურში მეხანძრე-მაშველად/მაშველად არ მიიღება:

ა) განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი;

ბ) პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს;

გ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;

ვ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. ამ სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და სამსახურის უფროსი;

ზ) პირი, რომელმაც სპეციალური შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასება მიიღო.

2. სამსახურში მეხანძრე-მაშველის/მაშველის მიერ სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა) შესასრულებლად დგინდება შემდეგი შეზღუდვები:

ა) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე სამსახურის მეხანძრე-მაშველს/მაშველს უფლება არ აქვს, ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს ან საჯარო ან კერძო დაწესებულებაში ეკავოს სხვა თანამდებობა;

ბ) სააგენტოს სახელშეკრულებო დანაყოფის მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურის უფროსის წერილობითი თანხმობით ეკავოს სხვა თანამდებობა ან/და ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს იმავე დაწესებულებაში ან სხვაგან.

3. სამსახურის მეხანძრე-მაშველს/მაშველს ეკრძალება გაფიცვა.

მუხლი 52​5. სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის სამუშაო დრო

1. სამსახურის მეხანძრე-მაშველისათვის/მაშველისათვის დგინდება არანორმირებული სამუშაო დღე.

2. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა ექსტრემალური ვითარების დროს სამსახური გადადის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე.

მუხლი 526. სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის შვებულება 

1. სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობაა 30 კალენდარული დღე.

2. სამსახურში მუშაობის 5 წელზე მეტი სტაჟის მქონე სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობაა 35 კალენდარული დღე, ხოლო 10 წელზე მეტი სტაჟის მქონე სამსახურის მეხანძრე-მაშველისა/მაშველისა – 40 კალენდარული დღე.

3. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დასაშვებია სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის შვებულების შეწყვეტა და სამსახურის გასაგრძელებლად მისი გამოძახება.

4. სამსახურის მეხანძრე-მაშველს/მაშველს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ეძლევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 52​7. სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის თანამდებობიდან დროებით გადაყენება 

1. სამსახურის მეხანძრე-მაშველი/მაშველი სასამართლოს განჩინების, საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის, სამსახურის/სააგენტოს შესაბამისი დანაყოფის მოთხოვნის საფუძველზე, სამსახურის უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან მისი ბრალდებულად ცნობის გამო სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

2. თანამდებობიდან დროებით გადაყენებული სამსახურის მეხანძრე-მაშველი/მაშველი გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს იმავე თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მის ტოლფას თანამდებობაზე სამსახურში.

მუხლი 528. სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის წესი

1. სამსახურის მეხანძრე-მაშველი/მაშველი შეიძლება გათავისუფლებულ/დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება;

გ) სტრუქტურული/ტერიტორიული დანაყოფის ლიკვიდაციის გამო;

დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო;

ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო;

ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო, მისი მოთხოვნის შემთხვევაში;

ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამო;

თ) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის შეწყვეტის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო;

ი) სხვა დაწესებულებაში გადასვლის გამო;

კ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად;

ლ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების, მხარდაჭერის მიმღებად ცნობის ან გარდაცვლილად გამოცხადების გამო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

მ) გარდაცვალების გამო;

ნ) გამოსაცდელი ვადის გასვლისა და არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო;

ო) სპეციალური შემოწმების ჩატარებისას უარყოფითი შედეგების არსებობის შემთხვევაში;

პ) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.

2. სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფლებამოსილი პირი.

მუხლი 52​9. სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის კადრების განკარგულებაში აყვანა 

1. სამსახურის მეხანძრე-მაშველი/მაშველი (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა და სახელშეკრულებო დანაყოფის მოსამსახურისა) სამსახურის უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს სამსახურის კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება;

გ) სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული/ტერიტორიული დანაყოფის ლიკვიდაციის დროს.

2. სამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანილ სამსახურის მეხანძრე-მაშველს/მაშველს შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება.

 3. სამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანილი სამსახურის მეხანძრე-მაშველი/მაშველი სამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.

მუხლი 52​10. სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის წახალისება და წახალისების ფორმები 

1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ფულადი პრემიის მიცემა;

გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

დ) სამსახურის სიგელით დაჯილდოება;

ე) სამსახურის სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;

ვ) სამსახურის მედალიონით დაჯილდოება;

ზ) სამსახურის მედლით დაჯილდოება;

თ) სამსახურის მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა საპატიო სიაში შეყვანა;

ი) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;

კ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

ლ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.

2. სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის მიმართ ერთდროულად შეიძლება წახალისების რამდენიმე ფორმა იქნეს გამოყენებული.

3. სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის წახალისების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს სამსახურის უფლებამოსილ პირს.

4. სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების წესს ამტკიცებს სამსახურის უფროსი.

5. სამსახურის მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა საპატიო სიას, აგრეთვე სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა საპატიო სიაში შეყვანის წესს ამტკიცებს სამსახურის უფროსი.

მუხლი 52​11. სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის დისციპლინური გადაცდომისა და დისციპლინური სახდელის სახეები 

1. სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის დისციპლინური გადაცდომის სახეებია:

ა) სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა;

ბ) სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება;

გ) სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება;

დ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ;

ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება;

ვ) სამსახურის მეხანძრე-მაშველისათვის/მაშველისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამსახურის ავტორიტეტს;

ზ) მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის გატეხა;

თ) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა;

ი) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა.

2. სამსახურის მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს ამტკიცებს სამსახურის უფროსი.

3. დისციპლინური გადაცდომისთვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური;

დ) სამსახურის მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა საპატიო სიიდან ამოღება;

ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;

ვ) სამსახურიდან დათხოვნა.

მუხლი 5212. მეხანძრე-მაშველისა და მაშველის პროფესიული დღე 

მეხანძრე-მაშველისა და მაშველის პროფესიული დღე აღინიშნება ყოველი წლის 12 ივნისს.

თავი X

სამსახურის მოსამსახურის და მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის სოციალური დაცვის გარანტიები, მათი დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

მუხლი 53. სამსახურის მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიები 

1. სამსახურის მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა. იგი ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით. ამასთანავე, შესაძლებელია სამსახურის მოსამსახურის მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების დაზღვევა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი სამსახურის მეხანძრე-მაშველს/მაშველს აუნაზღაურდება სრულად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამსახურის მეხანძრე-მაშველს/მაშველს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ბოლო დაკავებული თანამდებობისათვის გათვალისწინებული ხელფასი (ფულადი სარგო).

4. სამსახურის მეხანძრე-მაშველს/მაშველს, რომელსაც ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია საცხოვრებლად სარგებლობაში გადაეცეს სამსახურის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება.

5. სამსახურის სამოქალაქო შემადგენლობაში შემავალი მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება სამსახურის უფროსის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

6. სამსახურის მოსამსახურეს სამსახურის უფროსის ბრძანებით, სამსახურისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში შეიძლება განესაზღვროს ერთჯერადი ფულადი ან/და მატერიალური დახმარების, სხვა სოციალური დაცვის ღონისძიებები და შეღავათები.

7. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, დაადგინოს სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის სოციალური დაცვის სხვა გარანტიებიც, რომლებიც გათვალისწინებული არ არის ამ კანონით.

მუხლი 54. სამსახურის მეხანძრე-მაშველისათვის/მაშველისათვის უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნა 

1. სამსახურის მეხანძრე-მაშველს/მაშველს უფლება აქვს, ჰქონდეს უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობები, აგრეთვე მიიღოს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები.

2. სამსახური ვალდებულია შექმნას შესაბამისი სამუშაო გარემო სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად, აგრეთვე უზრუნველყოს მათ მიმართ თანაბარი და სამართლიანი მოპყრობა ადამიანური რესურსების მართვის, ანაზღაურებისა და სამართლებრივი დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.

მუხლი 55. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის ხელფასი 

სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე სამსახურის მეხანძრე-მაშველს/მაშველს ეძლევა ხელფასი (ფულადი სარგო), რომელიც შედგება თანამდებობრივი სარგოსა და წოდებრივი სარგოსგან. მას, ხელფასის გარდა, შეიძლება მიეცეს აგრეთვე ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი.

მუხლი 55​1. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის წელთა ნამსახურობის დანამატი

სამსახურის მეხანძრე-მაშველს/მაშველს, რომელსაც ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება, ყოველთვიურად ეძლევა სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ფულად სარგოზე (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები) პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი შემდეგი ოდენობით:

ა) 1-დან 2 წლამდე – 5 პროცენტი;

ბ) 2-დან 5 წლამდე – 10 პროცენტი;

გ) 5-დან 10 წლამდე – 15 პროცენტი;

დ) 10 წელი და მეტი – 20 პროცენტი.

მუხლი 552. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის ჯანმრთელობის დაზიანება

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მას ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;

ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;

გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 (ორი ათასი) ლარი.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, თუ ეს დაზიანება შეუძლებელს ხდის მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას, სამსახური უზრუნველყოფს ამ მეხანძრე-მაშველის/მაშველის სამსახურში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, პიროვნული და საქმიანი თვისებების და განათლების შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებას.

3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახური ობიექტური მიზეზების გამო ვერ უზრუნველყოფს სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის სამსახურში დასაქმებას, მას უმუშევრობის პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა, ყოველთვიურად ეძლევა კომპენსაცია ბოლო დაკავებული თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით.

4. სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 55​3. დახმარება და კომპენსაცია სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის გარდაცვალებისას 

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ხანძრის ჩაქრობისას ან/და სამაშველო/საავარიო-სამაშველო სამუშაოების განხორციელების დროს უშუალოდ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის დაღუპვის ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სამსახურისთვის/სააგენტოსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, სამსახურის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო (სამსახური) ანაზღაურებს.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სამსახურისთვის/სააგენტოსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, სამსახურის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.

3. სამსახურისთვის/სააგენტოსთვის საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ეკონომიის არსებობის შემთხვევაში, დაღუპული სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს სამსახურის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე შესაძლებელია მიეცეს დამატებითი ფულადი ან/და მატერიალური დახმარება.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის დაღუპვის ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 554. სამსახურის/სააგენტოს და მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა 

1. სამსახურის/სააგენტოს დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი ასიგნებებით, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან და გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებით და კანონით ნებადართული სხვა სახსრებით.

2. მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტისათვის ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყოფილი ფინანსური რესურსების ფარგლებში.

მუხლი 555. მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის სოციალური დაცვის გარანტიები

1. მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა. დაზღვევა ხორციელდება მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების შენახვისათვის ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სახსრებით.

2. მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის დაკავებული თანამდებობის შესაბამისად საპენსიო უზრუნველყოფა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

3. მუნიციპალიტეტის ორგანოებს უფლება აქვთ, დაადგინონ მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის სოციალური დაცვის სხვა გარანტიებიც, რომლებიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტით.“.

19. 56-ე მუხლის მე-9–მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 31 დეკემბრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები:

ა) „საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

ბ) „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;

გ) „კერძო სახანძრო დაცვის დანაყოფის მიერ ხანძრის ჩაქრობის საქმიანობის წესისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;

დ) „საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის შესახებ“;

ე) „მოსახლეობის ევაკუაციის ორგანიზების წესების, პირობების და თავშესაფრის მოწყობის განმსაზღვრელი მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“;

ვ) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოსახლეობის მომზადებისა და სწავლების ორგანიზების შესახებ“;

ზ) „სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებულ ობიექტებზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“;

ზ​1) „მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ“;

თ) „პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების პასპორტის ფორმის დამტკიცების შესახებ“;

ი) „მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის ფორმის დამტკიცების შესახებ“;

კ) „ბუნებრივ და ტექნოგენურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით მატერიალური რესურსების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“;

ლ) „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“;

მ) „საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

ნ) „პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების დეკლარაციის წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;

ო) „მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების შექმნის, მიზნების, ამოცანების და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“;

პ) „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“;

ჟ) „საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“;

რ) „საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“.

10. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 31 დეკემბრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები:

ა) „საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის სუბიექტების შემოწმების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“;

ბ) „საგანგებო სიტუაციებისა და საომარი მოქმედებების დროს სავალდებულო ოპერაციების შესრულების და მათი კომპენსაციის პროცედურების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“;

გ) „საგანგებო სიტუაციების პრევენციული ღონისძიებების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“;

დ) „საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაღვრის პრევენციისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის ორგანიზაციული ღონისძიებების შესახებ“;

ე) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ღონისძიებების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“;

ვ) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს ტერიტორიისა და ქალაქების ჯგუფებად დაყოფის და ორგანიზაციების კატეგორიებად დაყოფის შესახებ“;

ზ) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საგანგებო სიტუაციების შესახებ მოსახლეობისთვის შეტყობინების სისტემების დებულების დამტკიცების თაობაზე“;

თ) „პოტენციურად საშიში ობიექტების განთავსების ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების შესახებ შეტყობინების ლოკალური სისტემის მოწყობის თაობაზე“;

ი) „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის სახეების და საფასურის განსაზღვრის შესახებ“;

კ) „სახელმწიფო სახანძრო დაცვის სახელშეკრულებო დანაყოფის მიერ სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“;

ლ) „ტყეებში ხანძრით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სხვა ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესის დამტკიცების შესახებ“;

მ) „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, პოტენციურად საშიში, ეროვნული საგანძურის და კულტურული მემკვიდრეობის იმ ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, სადაც აუცილებელია სახანძრო დაცვის შექმნა“;

ნ) „სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“;

ო) „სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.

11. სამსახურის უფროსმა 2018 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების გამოცემა:

ა) „პოტენციური საფრთხეების და საგანგებო სიტუაციების რისკების ანალიზის განხორციელების მეთოდოლოგიური რეკომენდაციების დამტკიცების შესახებ“;

ბ) „საგანგებო ვითარების შეფასების ინსტრუქციების შემუშავებისა და დამტკიცების შესახებ“;

გ) „საგანგებო სიტუაციების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, დამუშავებისა და გადაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“;

დ) „სამაშველო სამუშაოების სახეობების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“;

ე) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში შტატგარეშე ფორმირებების შექმნის წესის შესახებ“;

ვ) „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ“;

ზ) „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში გაზკვამლდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“;

თ) „წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის და მისი უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“;

ი) „სამოქალაქო უსაფრთხოების ვარჯიშის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“;

კ) „სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში სამსახურის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“;

ლ) „სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;

მ) „სახელმწიფო სახანძრო დაცვის სახელშეკრულებო დანაყოფების საქმიანობის ორგანიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

ნ) „სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისთვის მიკუთვნებული ობიექტების, მეწარმე სუბიექტებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლებისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლების ორგანიზების მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“;

ო) „ხანძრის, ავარიის, კატასტროფის, სტიქიური უბედურებისა და საგანგებო სიტუაციის დროს სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ძალებისა და საავარიო-სამაშველო საშუალებების საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმის წესის დამტკიცების შესახებ“;

პ) „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში შრომის დაცვის წესების დამტკიცების შესახებ“;

ჟ) „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფების საქმიანობის შემოწმებისა და შეფასების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“;

რ) „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის სახანძრო-სამწყობრო და სპეციალური სამაშველო ტაქტიკური მომზადების ნორმატივების დამტკიცების შესახებ“;

ს) „ხანძრის ჩაქრობის გეგმებისა და ბარათების შედგენის მეთოდური რეკომენდაციების დამტკიცების შესახებ“;

ტ) „ხანძრის და მისი შედეგების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“;

უ) „სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ექსპლუატაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“;

ფ) „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მიერ ხანძრის შესწავლის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“;

ქ) „საგანგებო სიტუაციის და მისი შედეგების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“;

ღ) „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის სპეციალური კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;

ყ) „მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“;

შ) „მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა საპატიო სიაში შეყვანის წესის დამტკიცების შესახებ“;

ჩ) „სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“;

ც) „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“;

ძ) „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“.“.

მუხლი 2 

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე შეიქმნას „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“  საქართველოს კანონის 26მუხლით გათვალისწინებული საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. სამსახურის უფროსს და მის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სამსახურის სტრუქტურა, უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა, ხოლო სამსახურის საშტატო ნუსხას ამტკიცებს სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

2. 2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტატუსი, უფლებამოსილება, სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ კანონით გათვალისწინებული ცვლილებების შესაბამისად.

3. ამ კანონის ამოქმედებისთანავე „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით და სხვა შესაბამისი კანონპროექტებით გათვალისწინებული ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

4. 2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო.

5. 2018 წლის 1 იანვრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო საქმიანობას განაგრძობს ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში.

6. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულმა სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებამ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეების ამავე სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანგებო  სიტუაციების მართვის სააგენტოში შესაბამის თანამდებობებზე დანიშვნა 2018 წლის 1 იანვრიდან.      

7. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურე, რომელიც 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მუშაობს ამავე სააგენტოში და მინიჭებული აქვს სამოქალაქო უსაფრთხოების სახელმწიფო სპეციალური წოდება, 2018 წლის 1 იანვრიდან სამსახურს გააგრძელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში –  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, მას აღნიშნულ სააგენტოში მუშაობის პერიოდში უნარჩუნდება 2018 წლის 1 იანვრამდე მინიჭებული სახელმწიფო სპეციალური წოდება, განურჩევლად მისი თანამდებობისა, და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭება მორიგი წოდება.

8. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულმა სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებამ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უზრუნველყოს საკუთარ სისტემაში (სტრუქტურაში) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, შესაბამისად, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა.

9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ:

ა) 2018 წლის 1 იანვრამდე შექმნას შესაბამისი კომისია (კომისიები), რომელიც (რომლებიც) ამავე ვადაში უზრუნველყოფს (უზრუნველყოფენ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის საბალანსო მონაცემების მიხედვით გადასაცემი აქტივებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას;

ბ) 2018 წლის 1 იანვრიდან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აქტივები და ვალდებულებები, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაცია (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალა და სხვა დოკუმენტაცია) გადასცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს;

გ) უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

10. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ 2018 წლის 1 მარტამდე შექმნას შესაბამისი კომისია (კომისიები), რომელიც (რომლებიც) უზრუნველყოფს (უზრუნველყოფენ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადაცემული/მიღებული აქტივებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) აღრიცხვასა და ინვენტარიზაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

11. ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.

12. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულმა სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებამ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

13. 2018 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 521 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული სამსახურის დებულების დამტკიცება.

14. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესახებ და საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებული შესაბამისი კანონების პროექტების საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-18 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-18 პუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

7 დეკემბერი 2017 წ.

N1621-რს