„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1714-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 440050000.05.001.018612
1714-რს
07/12/2017
ვებგვერდი, 14/12/2017
440050000.05.001.018612
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი  1.  „სახელმწიფო  კომპენსაციისა  და  სახელმწიფო  აკადემიური  სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო  მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს;“;

ბ) „ე1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 553 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის/მაშველის ოჯახის წევრებს.“.

2. მე-8 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირთა კომპენსაციის გაანგარიშება“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ნამსახურობისა, შედის აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის, სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში სამსახური.“.

3. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 37. იმ პირთა უფლებები, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული ამ კანონით

1. ამ კანონის ამოქმედებამდე ამავე კანონის 36-ე მუხლში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტების შესაბამისად დანიშნული კომპენსაციების გაცემა, რომელთა მიღებას არ ითვალისწინებს ეს კანონი, გაგრძელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობით მათი მიღების შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე.

2. ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის მიღების უფლება უნარჩუნდებათ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირებს, რომლებსაც უკვე დანიშნული აქვთ შესაბამისი კომპენსაცია, მიუხედავად ამ უწყებების სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა; ამასთანავე, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ შესაბამისი უწყებებიდან დათხოვნილ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ ამ კანონის შესაბამისად.“.

4. 372 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 372. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის და მისი ოჯახის წევრის მიერ კომპენსაციის მიღების სამართლებრივი რეგულირება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მეხანძრე-მაშველს/მაშველს ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო, აგრეთვე ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში მეხანძრე-მაშველის/მაშველის ოჯახის წევრს კომპენსაციის მიღების უფლება წარმოეშობათ 2017 წლის 1 იანვრიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

7 დეკემბერი 2017 წ.

N1714-რს