„ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1693-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 370010000.05.001.018641
1693-რს
07/12/2017
ვებგვერდი, 14/12/2017
370010000.05.001.018641
„ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 92) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ნიადაგების გამოკვლევის, მათი ნაყოფიერების შენარჩუნება-ამაღლების ღონისძიებები ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწებზე შემუშავდება და ხორციელდება მათივე სახსრებით, მიწის მესაკუთრეთა ნება-სურვილის მიხედვით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ან სათანადო ლიცენზიის მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ.“.

2. მე-11 და მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სახელმწიფო მართვა 

სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სახელმწიფო მართვას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. სამინისტროს ფუნქციებია:

ა) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სტრატეგიისა და ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მართვა;

ბ) ნიადაგების გამოკვლევის, კონსერვაციისა და გაუმჯობესების, აგრეთვე მათი ნაყოფიერების დონის განსაზღვრისა და ამაღლების და საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების წარმოების ორგანიზება, შესაბამისი მონიტორინგი და მიწათსარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა;

გ) ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლების საშუალებათა (აგროქიმიკატების) გამოცდა, რეგისტრაცია და კატალოგის პერიოდულად შედგენა, აგრეთვე სათანადო მონიტორინგი და აგროქიმიკატების ხარისხობრივი მაჩვენებლების შემოწმება;

დ) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ ნორმატიული აქტების შემუშავება, მეცნიერულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, რეკომენდაციების მიღება, რეგლამენტების შემუშავება და დამტკიცება;

ე) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საძიებო სამუშაოების კოორდინაცია;

ვ) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების მდგომარეობის, სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისა და დაფინანსების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების აგროქიმიური მომსახურების, ნიადაგების ნაყოფიერების დამადასტურებელი ცნობების გაცემისა და მონიტორინგის მდგომარეობის შესახებ მოხსენების მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა 2 წელიწადში ერთხელ;

ზ) მლაშობი, ბიცობი, მჟავე, ეროზირებული, მელიორირებული, დაზიანებული, ძლიერდაქვიანებული, განმეორებით დაჭაობებული და სხვა დაბალნაყოფიერი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ინვენტარიზაცია და სათანადო მონიტორინგი, აგრეთვე მიწის კადასტრის ერთიან სისტემაში ნიადაგის ხარისხობრივ და ეკონომიკური შეფასების მონაცემთა შემუშავება.

მუხლი 12. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა- გაუმჯობესების სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობა 

ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) შეამოწმოს ნიადაგების ნაყოფიერების მდგომარეობა, ნაყოფიერების ამაღლების საშუალებათა შემოტანის წესების დაცვა, მათი გამოყენების რეგლამენტები და აგროწესები, აგრეთვე ნიადაგებზე აგროტექნიკური, აგროქიმიური, აგროსატყეო, ირიგაციული, ფიტოსანიტარიული, სანიტარიულ-ჰიგიენური ღონისძიებების განხორციელების ვითარება და საქართველოს ნორმატიული აქტების სხვა მოთხოვნათა დაცვა;

ბ) შეამოწმოს ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების ამაღლების ღონისძიებათა გატარების მდგომარეობა და ეფექტიანობა;

გ) შეამოწმოს ნიადაგების რადიონუკლიდებით, მძიმე მეტალებითა და ტოქსიკური ელემენტებით, ენტომოლოგიური, ჰელმინთოლოგიური, ბაქტერიული და ვირუსული დაბინძურება და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების ეფექტიანობა;

დ) მიწათმოქმედებისაგან მოითხოვოს აგროქიმიური, აგროსატყეო, მელიორაციული, მცენარეთა დაცვის და სხვა ღონისძიებების შეზღუდვა ან შეწყვეტა, თუ ისინი ზიანს აყენებენ გარემოს ან სხვის გამგებლობაში არსებულ მიწებს.“.

3. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაკვირვება ხორციელდება ნიადაგების ნაყოფიერების შემდეგ კომპონენტებზე: ნიადაგების ქიმიურ მელიორაციაზე, რეკულტივაციაზე, ეროზიისაგან დაცვის კომპლექსურ ღონისძიებებზე, ნიადაგებში საკვებ ელემენტთა შემცველობაზე, ნიადაგების დაბინძურებაზე, ხარისხობრივ მაჩვენებლებზე, ნიადაგებზე გვალვის, ეროზიისა და სხვა ექსტრემალური მოვლენების გავლენებზე. დაკვირვებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

7 დეკემბერი 2017 წ.

N1693-რს