შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • Word
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/6/746
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 01/12/2017
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016263
  • Word
2/6/746
01/12/2017
ვებგვერდი, 05/12/2017
000000000.00.000.016263
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს სახელით

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

მეორე კოლეგიის

გადაწყვეტილება №2/6/746

 

2017 წლის 1 დეკემბერი

ბათუმი

 

კოლეგიის შემადგენლობა:

თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი;

თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.

 

სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.

 

საქმის დასახელება: შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

 

საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები: მირიან ბიჭიკაშვილი, მიხეილ შათაშვილი და გიორგი ყავლაშვილი; მოპასუხე მხარის – საქართველოს პარლამენტის, წარმომადგენლები: ქრისტინე კუპრავა და თინათინ ერქვანია; მოწმე – ლევან ჯანაშია.

 

I

აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №746) მომართა შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“. კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 12 აპრილს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 27 იანვარს. 2017 წლის 27 იანვრის №2/3/746 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქმის არსებითი განხილვა გაიმართა 2017 წლის 5 ივლისს.

2. №746 კონსტიტუციურ სარჩელში სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.

3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ვალდებულია 7 დღის ვადაში განახორციელოს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო დაუყოვნებლივ გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით“. ამავე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას მეორე მხარეს მოსთხოვოს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა.

4. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.

5. კონსტიტუციური სარჩელში აღნიშნულია, რომ შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს – პირდაპირ მომხმარებელს, რომელიც ამავე კანონის თანახმად, იხდის ელექტროენერგიის გარანტირებული სიმძლავრის საფასურს.

6. №746 კონსტიტუციურ სარჩელის მიხედვით, მოსარჩელემ ვერ შეძლო გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდა, რის გამოც ბაზრის ოპერატორმა მის წინააღმდეგ აღძრა სარჩელი და მოითხოვა შპს „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ გადასახდელი თანხის და პირგასამტეხლოს დაკისრება. მოსარჩელე მხარის განცხადებით, გარანტირებული სიმძლავრის გაზრდილი საფასურის გადაუხდელობის გამო, ბაზრის ოპერატორმა მიიღო გადაწყვეტილება შპს „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ ელექტროენერგიის მიწოდებს შეწყვეტის თაობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, სავარაუდოდ, გამოიწვევდა საწარმოო პროცესის შეწყვეტას, დასაქმებულთა დათხოვნას, ტექნიკური მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლას, რაც შექმნიდა საფრთხეს ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ბაზრის ოპერატორს აეკრძალა ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა მოსარჩელისთვის.

7. 2016 წლის 29 მარტს ბაზრის ოპერატორმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად მოსარჩელისთვის საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 5 047 936 ლარის შეტანის დავალდებულება, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განჩინებით. აღნიშნული ვალდებულება შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ვერ შესრულდა განსაზღვრულ ვადაში, რამაც გამოიწვია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება სადავო ნორმის – საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

8. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ვადა – 7 დღე, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხების მობილიზებისთვის არაგონივრულად მცირე დროა. ამასთანავე, სადავო ნორმა ცალკე არ ითვალისწინებს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ მიღებული განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას.

9. მოსარჩელის პოზიციით, მას არ აქვს შესაძლებლობა წარადგინოს საკუთარი არგუმენტაცია მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის ღონისძიების დაკისრებასთან დაკავშირებით ან სადავო გახადოს დაკისრებული თანხის ოდენობა.

10. №746 კონსტიტუციურ სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოსარჩელემ განაცხადა, რომ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ვადას არა კანონი, არამედ ყოველი კონკრეტული შემთხვევის ინდივიდუალურად განხილვის შემდგომ სასამართლო უნდა ადგენდეს. დადგენილი რეგულაციით, მოსამართლეს აქვს შესაძლებლობა თავად განსაზღვროს მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი და მისი ოდენობა ისე, რომ არ მოისმინოს მეორე მხარის არგუმენტაცია და მოსაზრება. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსამართლეს გააჩნდეს დისკრეცია მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ვადის დაწესებასთან დაკავშირებით. ამგვარი მოწესრიგების პირობებში, სადავო ნორმა მას საპროცესო უზრუნველყოფის განხორციელების უფლებას მხოლოდ ფორმალურად ანიჭებს და აღნიშნული ღონისძიება რეალურად მიმართული არ არის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნებისაკენ.

11. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილს გააჩნია ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უგულვებელყოფს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ მიღებული განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას. მოსარჩელის არგუმენტაციით, მათ დამოუკიდებლად გაასაჩივრეს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების დაკისრების შესახებ განჩინება, ხოლო შემდეგ სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ განჩინებაც, თუმცა სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების დაკისრების შესახებ განჩინება ცალკე არ საჩივრდება, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ განჩინებაზე საჩივრის ფარგლებში სასამართლო მსჯელობს მხოლოდ გაუქმების კანონიერებაზე და მის ფარგლებში ვერ მოხდება მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის განჩინების შემოწმება.

12. მოსარჩელემ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე განაცხადა, რომ სადავო ნორმას აქვს განჭვრეტადობის პრობლემა და ვერ აკმაყოფილებს კანონის ხარისხის მოთხოვნებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბუნდოვანება იწვევს მისი სხვადასხვაგვარად წაკითხვის შესაძლებლობას. ნორმა შესაძლოა წაკითხვადი იყოს იმგვარად, რომ სასამართლომ შეძლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ შეტანილი საჩივრის ფარგლებში მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შემოწმება ან სასამართლომ შეამოწმოს მხოლოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განჩინება, რაც თავისი არსით წარმოადგენს ფაქტების კონსტანტაციის აქტს და მხოლოდ მისი შემოწმება მხარისათვის არავითარი შედეგის მომტანი არ იქნება. სადავო ნორმასთან დაკავშირებით არ არსებობს სასამართლოს ჩამოყალიბებული პრაქტიკა, რაც კიდევ უფრო ზრდის ადამიანის უფლებების დარღვევის რისკს.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.

14. მოპასუხე მხარის პოზიციით, საკანონმდებლო ორგანო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით მოაწესრიგოს სასამართლოს აქტის გასაჩივრების წესი და ვადები. სარჩელის უზრუნველყოფისა და მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიებები წარმოადგენს განსაკუთრებული ხასიათის მექანიზმებს, რომლებიც მიმართულია სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობისკენ. მათი სპეციფიკური სამართლებრივი ბუნება ქმნის საჭიროებას გასაჩივრებისა და ქმედების განხორციელებისათვის დადგინდეს შემჭიდროებული ვადები. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განცხადებით, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფისათვის დადგენილი 7-დღიანი ვადა წარმოადგენს გონივრულ დროს, რომლის განმავლობაშიც მხარეს შეუძლია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება. ამ ვადის დადგენის ლეგიტიმური მიზანია მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით ქმედითი, სწრაფი, ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელება და მოპასუხის დაცვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მიყენებული ზიანისაგან.

15. მოპასუხე მხარის განმარტებით, კანონით გათვალისწინებული ვადის დაწესება მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფისათვის წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ და გამოსადეგ საშუალებას და იცავს მხარეთა თანასწორობას სამოქალაქო პროცესში. მოსამართლე მოსალოდნელი ზარალის ოდენობის გამოთვლისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მხარეს თანხის უზრუნველსაყოფად აქვს 7 დღიანი ვადა და ამის გათვალისწინებით აკისრებს მოსარჩელეს გონივრული ოდენობით ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფას, რითიც დაცულია არამხოლოდ მოპასუხის, არამედ თავად მოსარჩელის ინტერესებიც. სასამართლოს დისკრეცია, მხარეს განუსაზღვროს ვადა მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფისათვის წარმოშობს არაერთგვაროვან პრაქტიკას, ამასთანავე, მოსამართლეს შეეძლება მოსარჩელეს განუსაზღვროს კანონით გათვალისწინებულზე უფრო მცირე ვადა, რაც მოსარჩელის მხრიდან ამ ქმედების განხორციელებას გახდის შეუძლებელს.

16. მოპასუხე მხარემ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე განაცხადა, რომ, მართალია, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ განჩინება დამოუკიდებლად არ საჩივრდება, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას. სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ განჩინების გასაჩივრებისას აფასებს მისი გაუქმების საფუძვლებს, ასეთ საფუძველს კი 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით წარმოადგენს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ განჩინების შეუსრულებლობა. შესაბამისად, ხსენებული განჩინება კაუზალურად უკავშირდება სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ განჩინებას და მათი კანონიერების საკითხი ერთობლივად არის შემოწმებადი.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის პოზიციით სადავო ნორმა შეესაბამება კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. მართალია იგი იწვევს სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვას, თუმცა ეს შეზღუდვა დაბალანსებულია და შეესაბამება თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს.

18. საქმეზე მოწმის სტატუსით მოწვეული სამოქალაქო საპროცესო სამართლის სპეციალისტის, ლევან ჯანაშიას განმარტებით, სადავო ნორმით დადგენილი 7 დღიანი ვადა გონივრულია, რათა მხარეს მიეცეს შესაძლებლობა განახორციელოს მოსალოდნელი ზარალის გარანტირება. მოწმის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფისთვის ვადას დაადგენს სასამართლო თავისუფალი დისკრეციის ფარგლებში, მხარეთა მდგომარეობა გაუარესდება, რამდენადაც მათ წინასწარ არ ეცოდინებათ, თუ რა ვადა ექნებათ განჩინების შესასრულებლად და სრულად იქნებიან დამოკიდებულნი მოსამართლის გადაწყვეტილებაზე.

19. მოწმის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილი უშვებს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას 7-დღიანი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებასთან ერთად. თუმცა, ამ შემთხვევაში, სასამართლო ამოწმებს ნამდვილად არსებობდა თუ არა მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი, მოსალოდნელი ზარალის ოდენობა და გამოთვლის წესი კი აღნიშნული საჩივრის ფარგლებში ვერ გახდება სასამართლოს მსჯელობის საგანი.

20. მოწმე მიუთითებს, რომ ნორმა ხარვეზიანი ან პრობლემურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ერთ-ერთ მხარეს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს ან არ აძლევს საკუთარი უფლების სრულყოფილი რეალიზაციის საშუალებას. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმა მხარეს ანიჭებს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას და ადგენს ქმედების განხორციელებისთვის გონივრულ ვადას, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამ ასპექტში კონსტიტუციის შესაბამისია.

 

II

სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია სამართლებრივი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ელემენტი, სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომლის მთავარ მიზანსაც წარმოადგენს კონსტიტუციური უფლებების ეფექტური რეალიზაციის ხელშეწყობა და უფლებაში გაუმართლებელი ჩარევისაგან დაცვის ქმედითი მექანიზმების შექმნა.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ინსტრუმენტული გარანტია, „მოიაზრებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლო წესით სრულყოფილი და ეფექტური დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/3/601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-9). საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფერო „არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59).

3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა“. ამავე მუხლის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილი მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ვადად განსაზღვრავს 7 დღეს, ხოლო ამ ვადაში განჩინების შეუსრულებლობა იწვევს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას მისი ბლანკეტური ხასიათიდან გამომდინარე. კერძოდ, მოსამართლე ვალდებულია საქმის ინდივიდუალური გარემოებების შესწავლის გარეშე, ყველა შემთხვევაში მხარეს გარანტიის წარსადგენად 7-დღიანი ვადა განუსაზღვროს. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას განაპირობებს ის ფაქტორიც, რომ მას არ აქვს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის დაკისრების შესახებ განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა.

4. აღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას მოსარჩელე ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი საფუძვლით ითხოვს. კონსტიტუციური სარჩელით სადავოდაა გამხდარი, ერთი მხრივ, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად კანონით დადგენილი 7-დღიანი ვადის, ხოლო, მეორე მხრივ, ამ საკითხზე მიღებული განჩინების გასაჩივრების შეუძლებლობის კონსტიტუციურობა. ამდენად საკონსტიტუციო სასამართლო ცალ-ცალკე იმსჯელებს თითოეული მათგანის თაობაზე.

1.  მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფისათვის ვადად 7 დღის დადგენის კონსტიტუციურობა.

1.1. სადავო ნორმის არსი/უფლების შეზღუდვა

5. სადავო ნორმის საფუძველზე დადგენილი შეზღუდვის შინაარსის მკაფიოდ წარმოსაჩენად, უპირველესად, უნდა გაანალიზდეს სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი და დანიშნულება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაში უნდა მიეთითოს გარემოებები, „რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით“. მითითებული ნორმა განსაზღვრავს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივ საფუძველს. ცხადია, რომ ეს ღონისძიება წარმოადგენს მხარის ინტერესების დაცვის მნიშვნელოვან ინსტიტუტს, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს, დროებითი ღონისძიების გამოყენებით, დავის საბოლოოდ დასრულებამდე, დააზღვიოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტურ სარგებლობასთან დაკავშირებული რისკები.

6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანია გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების პრევენცია. იგი ქმნის მხარის მოლოდინს, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებას ექნება შესაბამისი ეფექტი, არ დაბრკოლდება მისი აღსრულება. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც ინსტრუმენტული უფლება, მოიცავს არამხოლოდ სასამართლოსადმი ფორმალურად მიმართვას, არამედ სასამართლოს შესაძლებლობას უფლების დარღვევის ფაქტზე მოახდინოს ეფექტური რეაგირება. სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი რეგულაციის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება... უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებებში ჯეროვნად აღდგენის რეალურ შესაძლებლობას და წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას.“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის 3/2/577გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30). „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ქმნის სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ გარანტიას და მოიაზრებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლო წესით სრულყოფილი და ეფექტური დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/3/601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-9). წარმოდგენილი განმარტებები მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ქმნის სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტურად სარგებლობის ერთ-ერთ საპროცესო გარანტიას და შესაბამისად, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფეროს ნაწილს.

7. სადავო ნორმით მოწესრიგებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ვადა, ასევე ამ ვადაში სათანადო ქმედების განუხორციელებლობის შედეგები. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილი მხარეს უდგენს 7-დღიან ვადას, რათა მოახდინოს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომატურად უქმდება გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების გარანტირება წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობას. შესაბამისად, სადავო ნორმა ქმნის ერთგვარ ბარიერს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, მისი სირთულის ხარისხზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ის, თუ რამდენად ეფექტურად იქნება შესაძლებელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას პირის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას სასამართლოში. ამ ღონისძიების შეწყვეტა იმ პირობებში, როდესაც კვლავ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის, აღსრულების გართულების რისკი ან სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გამოყენების სხვაგვარი საჭიროება, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილად სარგებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტით დაცულ უფლებას.

1.2. შეზღუდვის გამართლება/ლეგიტიმური მიზნები

9. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდიდესი მნიშვნელობისა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და „შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, შეზღუდვის კონსტიტუციურობის შეფასება ხდება თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-60). ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, თუ რა ლეგიტიმური მიზნების მიღწევას ემსახურება სადავო რეგულაცია და რამდენად შეესაბამება იგი თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს.

10. საქართველოს პარლამენტის პოზიციით, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ განჩინების შესრულებისათვის დადგენილი 7-დღიანი ვადის მიზანს წარმოადგენს ქმედითი, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულებისა და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფა, ასევე მოპასუხის დაცვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად მიყენებული ზიანისაგან.

11. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება მოითხოვს იმგვარი სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს პირის უფლებებისა და ინტერესების სწრაფად და ეფექტურად დაცვას. „სასამართლო დაცვა ეფექტიანია, თუ პასუხობს სწრაფი/დროული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მოთხოვნებს. სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლებიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს გონივრულად მისაღებ ვადებში, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, ვინაიდან მართლმსაჯულების გაუმართლებელი დაყოვნება ძირს უთხრის მისდამი საზოგადოების ნდობას“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მნიშვნელოვან ლეგიტიმურ ინტერესებს წარმოადგენს „სამოქალაქო ურთიერთობებში წესრიგისა და სტაბილურობის დამყარება (მოწესრიგებული და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფა)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის N3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამარ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-19). წარმოდგენელი განმარტებები მიუთითებს, რომ როგორც სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელება, ასევე სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფა, წარმოადგენს ღირებულ ლეგიტიმურ ინტერესებს. იმავდროულად, სამართალწარმოების მიმდინარეობისას პირის უფლებების დაცვა და მათი მომეტებული შეზღუდვის თავიდან აცილება მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ღირებულების მატარებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნები წარმოადგენს ღირებულ სამართლებრივ სიკეთეებს, რომელთა დაცვის მიზნით სახელმწიფო უფლებამოსილია სამართლიანი სასამართლოს უფლება შეზღუდოს.

12. როგორც უკვე აღინიშნა, მხოლოდ ლეგიტიმურ მიზანზე მითითება არ არის საკმარისი სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვის გასამართლებლად. ამავე დროს აუცილებელია შეზღუდვა წარმოადგენდეს მიზნის მიღწევის ვარგის და აუცილებელ საშუალებას. ვინაიდან მოპასუხე მხარის მითითებით სადავო ნორმა 3 ერთმანეთისგან შინაარსობრივად დამოუკიდებელი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება, საკონსტიტუციო სასამართლო დადგენილი შეზღუდვის თანაზომიერებას თითოეულ მათგანთან მიმართებით ცალ-ცალკე შეაფასებს.

1.2.1 სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების უზრუნველყოფა.

13. უპირველეს ყოვლისა სასამართლო შეაფასებს, რამდენად წარმოადგენს სადავო ნორმა სწრაფი და ეფექტურ მართლმსაჯულების ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ვარგის და აუცილებელს საშუალებას. სადავო ნორმით განსაზღვრულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის ვადა. სარჩელის უზრუნველყოფისა თუ მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება/შეწყვეტა არ უკავშირდება საქმის გადაწყვეტასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებების განხორციელებაზე და ამდენად, იგი ზემოქმედებას არ ახდენს საქმის განხილვა/გადაწყვეტის საერთო ვადაზე, იგი არ იწვევს საქმის განხილვის შეჩერებას ან რაიმე სახით შეფერხებას. შესაბამისად, სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულაცია ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს სამოქალაქო დავაზე არსებული სამართალწარმოების მიმდინარეობაზე ან მისი განხილვის ვადებზე. იგი ემსახურება პროცესის მონაწილის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული შესაძლო ზარალის უზრუნველყოფის ვადის განსაზღვრას და გავლენას არ ახდენს თავად სამართალწარმოების სისწრაფეზე.

14. ამავე დროს, ასევე არ იკვეთება კავშირი სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურობასა და მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის ვადაში შეზღუდვას შორის. ამდენად, სადავო ნორმით გათვალისწინებულ შეზღუდვას არ გააჩნია გონივრული კავშირი მოპასუხის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანთან, შესაბამისად, უფლების შეზღუდვის განსახილველი ფორმა ქმედითი, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოუსადეგარი საშუალებაა.

1.2.2. სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფა

15. სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის კონსტიტუციურობა აგრეთვე უნდა შეფასდეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით. სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა აყალიბებს საზოგადოების ლეგიტიმურ მოლოდინს საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით და წარმოადგენს სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას. სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებებიდან მომდინარე შედეგების მერყეობა და მათი განუსაზღვრელობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ბარიერს სამოქალაქო უფლებებით სრულყოფილი სარგებლობისთვის. სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობაზე ადამიანის ძირითადი უფლებების შემზღუდავი არაერთი გარემოება შეიძლება ახდენდეს გავლენას, თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ ნებისმიერ ამგვარ რეგულირებას გააჩნია რაციონალური კავშირი სამოქალაქო სტაბილურობის ლეგიტიმურ მიზანთან.

16. განსახილველ შემთხვევაში, საკითხი შეეხება მოსალოდნელი ზარალის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ქმედების შესრულების ვადას. ხშირ შემთხვევებში ამათუ იმ საპროცესო ან სხვაგვარი ქმედების განხორციელების ვადების განსაზღვრა შესაძლოა დაკავშირებული იყოს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობასთან. თუმცა, ამ კავშირს განაპირობებს არა თავისთავად ვადის არსებობის ელემენტი, არამედ თავად ის იმ მოქმედებების სამართლებრივი ბუნება, რომელთა განხორციელებაც დაკავშირებულია ამა თუ იმ ვადასთან. მაგალითად, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას საფრთხე ექმნება მაშინ, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სამოქალაქო ბრუნვის ფარგლებში წარმოშობილი იმგვარი სამართლებრივი შედეგები, რომელთა მიმართაც არსებობს გარკვეული ლეგიტიმური მოლოდინი.

17. როგორც უკვე აღინიშნა, უდავოა, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს, თუმცა მოპასუხე მხარე უბრალოდ მიუთითებს ხსენებულ მიზანზე ყოველგვარი დამატებითი არგუმენტაციის წარმოდგენის გარეშე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილი შეეხება სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში გამოყენებულ საპროცესო მოქმედებებს. კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად მოსალოდნელის ზარალის უზრუნველყოფის ვადებს. არც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციიდან და არც სადავო ნორმის შინაარსიდან არ იკვეთება სადავო ნორმის კავშირი სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფის ლეგიტიმურ მიზანთან. რამდენადაც, არ დგინდება მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფისათვის დაწესებული ვადის გავლენა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობაზე, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა ვერ იქნება მიჩნეული ხსენებული მიზნის მიღწევის ვარგის საშუალებად.

1.2.3.მოპასუხის დაცვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანისაგან

18. განსახილველ საქმეში შესაფასებელი სადავო რეგულირების კიდევ ერთ ლეგიტიმურ მიზნად საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა დაასახელა მოპასუხის დაცვა და მისი ინტერესების დაზღვევა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებიდან მომდინარე შესაძლო ზიანისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას, მათ შორის ქონებაზე ყადაღის დადებას, მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვას და სხვა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს, ერთი მხრივ, მოსარჩელის უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო, მეორე მხრივ, მოპასუხის უფლების მზღუდავ საშუალებას. ზემოაღნიშნული ღონისძიების გამოყენებით მოსარჩელის ინტერესების დაცვამ შეიძლება გამოიწვიოს მოპასუხისათვის ქონებრივი ზარალის მიყენება, შესაბამისად, გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება წარმოიშვას მოპასუხის ინტერესების დაცვისათვის საჭირო მექანიზმების შექმნის აუცილებლობა. მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება წარმოადგენს ხსენებული ინტერესების გონივრულად დაბალანსების მექანიზმს და ემსახურება მოპასუხის უფლებების დაცვას.

19. როგორც ზემოთ აღინიშნა, ხშირ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება პროცესის მონაწილის საკუთრების ან სხვა უფლების შეზღუდვას იწვევს. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომლის თანახმადაც, სადავო ნორმა ემსახურება პროცესის მონაწილის ინტერესების დაცვას. პროცესის მონაწილის ქონებრივი თუ სხვა უფლებრივი ინტერესების დაცვა მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს, რომლის დასაცავადაც შესაძლოა სამართლიანი სასამართლოს უფლება შეიზღუდოს. შესაბამისად, სადავო ნორმა წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ვარგის საშუალებას.

1.2.3.1. აუცილებლობა

20. სადავო ნორმის კონსტიტუციურად მიჩნევისათვის იგი ასევე უნდა წარმოადგენდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს წარმოადგენს თუ არა სადავო ნორმა სამოქალაქო სამართალწარმოების მეორე მხარის ინტერესების დაცვის აუცილებელ საშუალებას.

21. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, მოსალოდნელი ზარალის უზრუნველსაყოფად მხარისათვის დადგენილი 7-დღიანი ვადა რიგ შემთხვევებში შეიძლება არ იყოს გონივრული დრო კონკრეტული ოდენობის თანხის მობილიზებისათვის. ამ ვადის განსაზღვრა უნდა ხდებოდეს არა კანონის ბლანკეტური ჩანაწერით, არამედ მოსამართლის მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რელევანტური გარემოებების შეფასების შედეგად.

22. მოპასუხის პოზიციით, 7 -დღიანი ვადა წარმოადგენს ობიექტურად საკმარის დროს, რათა მხარემ შეძლოს სასამართლოს განჩინების შესრულება. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ მოსამართლე მოსარჩელისათვის ზარალის უზრუნველყოფის დაკისრებამდე ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ მხარეს განჩინების შესრულებისათვის აქვს 7 -დღიანი ვადა და მას აკისრებს იმ ოდენობის თანხის უზრუნველყოფის ვალდებულებას, რისი შესრულებაც ამ პერიოდში იქნება შესაძლებელი. მოპასუხე მხარის არგუმენტაციით, სასამართლოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაადგინოს განსხვავებული ვადა ზარალის უზრუნველსაყოფად, წარმოშობდა არაერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას და ვერ მოხდებოდა მხარეთა თანასწორობის დაცვა სამოქალაქო პროცესში.

23. მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სამოქალაქო საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რაც პირველ რიგში გულისხმობს მოსარჩელისა და მოპასუხისათვის თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობების მინიჭებას. „შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/8/594 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27). მხარის უფლებას, გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, უპირისპირდება მოპასუხის ინტერესი – თავი დაიცვას ზიანის მომტანი უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან. მოცემულ შემთხვევაში, ერთმანეთს უპირისპირდება მოსარჩელისა და მოპასუხის ლეგიტიმური ინტერესები, რომელთა გონივრული დაბალანსებაც კანონმდებლისადმი წაყენებული უპირველესი კონსტიტუციური მოთხოვნაა. დადგენილი შეზღუდვა უნდა ითვალისწინებდეს პროცესის მონაწილე ორივე მხარის ინტერესებს მოპასუხეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დააზღვიოს უზრუნველყოფის ღონისძიებიდან მომდინარე ქონებრივი ზიანი, ხოლო მოსარჩელისათვის დადგენილი ვადა უნდა იყოს გონივრული და მას აძლევდეს რეალურ შესაძლებლობას მოახდინოს მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა.

24. მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფისათვის განსაზღვრული ვადა, გარდა მოპასუხის ინტერესების დაცვისა, მიმართული უნდა იყოს ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნებისაკენ და მოსარჩელეს უნდა მიეცეს რეალური და არა ფორმალური შესაძლებლობა განახორციელოს მოსალოდნელის ზარალის უზრუნველსაყოფად განსაზღვრული სამართლებრივი მოქმედება, შეასრულოს სასამართლოს განჩინება და ამ გზით შეინარჩუნოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ უშვებს კანონით განსაზღვრული ვადის გაგრძელების შესაძლებლობას, შესაბამისად, თუ მოსარჩელე ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლებს 7 დღის ვადაში მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფას, გაუქმდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ვადის იმგვარად განსაზღვრა, რომ მისი გაგრძელება ან აღდგენა არ მოხდეს, ემსახურება მოპასუხის ინტერესების დაცვას - დააზღვიოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებიდან მომდინარე ზიანი, თუმცა ამ ინტერესის დაცვამ ილუზორული არ უნდა გახადოს მოსარჩელის უფლება, მოახდინოს სარჩელის უზრუნველყოფა და ამ გზით, საკუთარი უფლების მომავალში აღდგენის გარანტირება.

25. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საქართველოს პარლამენტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლემ მოსალოდნელი ზარალის ოდენობის განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინოს 7 -დღიანი ვადის არსებობა და მოსარჩელეს დააკისროს იმ ოდენობის თანხის გადახდა, რის უზრუნველყოფასაც ამ ვადაში მხარე მოახერხებს. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოპასუხის ინტერესების დაცვა. შესაბამისად, ზარალის ოდენობის განსაზღვრისას, ძირითადი კრიტერიუმია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებიდან მომდინარე, ობიექტურად მოსალოდნელი ზიანი და არა იმ შესაძლებლობის განსაზღვრა, რა ვადაში შეძლებს მოსარჩელე ზარალის უზრუნველყოფას. აღნიშნული ინსტიტუტის არსი არის მოპასუხისათვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანის მომავალში დაუბრკოლებლად ანაზღაურების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია სადავო ნორმის მოპასუხის მიერ შემოთავაზებული შინაარსით ინტერპრეტირება.

26. სამართლებრივი დავებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, სხვადასხვა შეიძლება იყოს მათი გამოყენებიდან მომდინარე ქონებრივი ზიანის ოდენობა. რიგ შემთხვევებში, მხარეს შეიძლება ჰქონდეს მისი უზრუნველყოფის საშუალება კანონით განსაზღვრულ 7 დღეში, თუმცა, სხვა შემთხვევებში შესაძლოა არსებობდეს ვითარება, როდესაც საჭირო იყოს უფრო მეტი ან ნაკლები ვადის დაწესება. მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ იურიდიული პირის შემთხვევაში, სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს მისი მართვის ორგანოების მიერ ფინანსური რესურსების განკარგვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცედურა, რომლის განხორციელებასაც რეალურად სჭირდებოდეს გარკვეული, ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით დადგენილი დრო.

27. სადავო ნორმა მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად ბლანკეტურად ადგენს 7 -დღიან ვადას. უფლების ბლანკეტური შეზღუდვა, რომელიც არ იძლევა პირის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინების შესაძლებლობას ვერ ახდენს ნორმიდან მომდინარე შემზღუდველი ეფექტის მინიმალიზებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სადავო ნორმიდან გამომდინარე, მოსამართლეს არ გააჩნია შესაძლებლობა, საქმის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე დაყრდნობით, ფაქტობრივი გარემოებების ადეკვატურად შეფასების გზით გაზარდოს ან შეამციროს კანონით იმპერატიულად განსაზღვრული ვადა. საკითხის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტა წარმოადგენს უფლების უფრო ნაკლები ინტენსივობით შეზღუდვის მაგალითს, რამდენადაც იგი შესაძლებელს გახდის მოსარჩელის ინტერესების უკეთ დაცვას - მას მიეცემა ის გონივრული დრო, რაც საჭირო იქნება კონკრეტული ოდენობის ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად. ამასთან, გარკვეულ შემთხვევებში, ეს დადებითად აისახება მოპასუხის ინტერესებზეც - დადგენილი რეგულირებით მოპასუხეს 7 დღის განმავლობაში ეზღუდება უფლებები, მიუხედავად იმისა, რამდენად აუცილებელია ეს ვადა მოსალოდნელი ზარალის უზრუნველსაყოფად. რიგ შემთხვევებში, შესაძლოა ზარალის უზრუნველყოფისათვის საჭირო იყოს 7 დღეზე ნაკლები დრო, შესაბამისად, შესაძლებელი არის უფრო ნაკლები ვადით შეიზღუდოს მოპასუხის უფლებები და შემცირდეს მისთვის ზიანის მიყენების რისკი.

28. საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად თვლის უპასუხოს საქართველოს პარლამენტის მოსაზრებას, რომ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად ვადის განსაზღვრის მოსამართლის დისკრეციულ უფლებამოსილებად დადგენა, წარმოშობს სხვადასხვაგვარი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების საფრთხეს და გამოიწვევს პროცესის მონაწილეთა თანასწორობის დარღვევას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფისთვის საჭირო დროის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს თითოეული საქმის ინდივიდუალური მახასიათებლები, მის განხორციელებასთან დაკავშირებული სირთულეები. აღნიშნული, ცხადია, განაპირობებს ინდივიდუალურ საქმეზე მორგებული ვადის დადგენას, რომლის განსაზღვრისას დაცულ უნდა იქნეს ბალანსი მხარეთა ინტერესებს შორის. ბუნებრივია, ეს ვადა განსხვავებულ დავებთან მიმართებით შეიძლება იყოს სხვადასხვა, თუმცა ეს არ იწვევს მხარეთა თანასწორობის დარღვევას. უფრო მეტიც, სწორედ ამაში მდგომარეობს უფლების უფრო ნაკლები ინტენსივობით შეზღუდვის არსი და მოცემულ შემთხვევაში, არ შეიძლება კონკრეტული საქმის ინდივიდუალურ გარემოებებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება აღქმული იქნეს მხარეთა თანასწორობის დარღვევის რისკის შემცველად.

29. საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს კანონმდებლის შესაძლებლობას სამართლებრივი განსაზღვრულობის უზრუნველყოფისა თუ სხვა მიზნებით დაადგინოს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ზღვრული ვადა, თუმცა, იგი უნდა იძლეოდეს საკითხის ინდივიდუალურად შეფასებისა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა ინტერესების დაბალანსების შედეგად გონივრული ვადის განსაზღვრის შესაძლებლობას. როგორც უკვე აღინიშნა, შესაძლოა არსებობდეს შემთხვევები, როდესაც მხარეს მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის თანხის მობილიზებისათვის ობიექტურად ესაჭიროებოდეს კანონით განსაზღვრულ 7 დღეზე მეტი ვადა. შესაბამისად, სადავო ნორმა გარკვეულ შემთხვევებში გამორიცხავს, მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფისათვის გონივრული ვადის განსაზღვრის შესაძლებლობას, რითაც მოსარჩელეს ართმევს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით სრულყოფილად სარგებლობის საშუალებას.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებით მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად ბლანკეტურად დადგენილი 7 დღიანი ვადა ვერ პასუხობს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს და პირის უფლებებს ზღუდავს საჭიროზე მეტი ინტენსივობით, იმ პირობებში, როდესაც დასახელებული ლეგიტიმური მიზნის იმავე ეფექტურობით მიღწევა შესაძლებელია პირის უფლებების უფრო ნაკლებად ინტენსიური შეზღუდვის ხარჯზე.

31. ამდენად, 746 კონსტიტუციური სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2. მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის თაობაზე მიღებული განჩინების გასაჩივრება

32. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული ნორმა მას არ აძლევს შესაძლებლობას გაასაჩივროს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს განჩინება. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მან წარმოადგინა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომელთა თანახმადაც, მოსარჩელეს უარი ეთქვა აღნიშნული განჩინების გასაჩივრებაზე. მოსარჩელე მხარემ დამატებით აღნიშნა, რომ სადავო ნორმის განუჭვრეტადობა განაპირობებს აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს არაერთგვაროვან პრაქტიკას და საბოლოო ჯამში იწვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას.

33. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციასთან დაკავშირებით უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებების თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ იძლევა ზარალის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილებებიდან არ იკვეთება, რომ ხსენებული აკრძალვა სადავო ნორმიდან მომდინარეობს.

34. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო გამოიტანს განჩინებას მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ, მოსარჩელეს ეძლევა 7-დღიანი ვადა მის შესასრულებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით. მითითებული ნორმის პირველი წინადადება ადგენს ვადას, რომლის განმავლობაშიც პირმა უნდა განახორციელოს მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა, ხოლო მეორე წინადადება განსაზღვრავს ამ ვადაში შესაბამისი მოქმედების განუხორციელებლობის შედეგს, აგრეთვე, ამ შედეგის გასაჩივრების შესაძლებლობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადება მიუთითებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოწესრიგების საგანს არ წარმოადგენს მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ განჩინების გასაჩივრებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება. ამდენად, სადავო ნორმას არ აქვს ის შინაარსი, რომელიც მოსარჩელეს მიანიჭებდა ან შეუზღუდავდა მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას. უფრო მეტიც, სადავო ნორმა ასევე არ წარმოადგენს მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის თაობაზე განჩინების ინსტიტუტის ან/და მისი გამოყენების უფლებამოსილების განმსაზღვრელ წესს.

35. აღნიშნულიდან გამომდინარე, №746 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3. გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება

36. სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებიდან მომდინარე საფრთხისაგან მოპასუხის დაცვა მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს. იმის მიუხედავად, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, მისი დაუყოვნებლივ ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში საკითხი დარჩება მოწესრიგების გარეშე, და იმავდროულად, სასამართლოს არ ექნება შესაძლებლობა, განსაზღვროს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ვადა. საკითხის სამართლებრივი რეგულაციის გარეშე დატოვებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი კერძო და საჯარო ინტერესების დარღვევა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გადაავადოს სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება 2018 წლის 31 მარტამდე, რათა საქართველოს პარლამენტს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოაწესრიგოს აღნიშნული საკითხი და დაიცვას გონივრული ბალანსი პროცესის მონაწილეთა ინტერესებს შორის.

 

III

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მეორე პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, 45-ე მუხლის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ადგენ ს:

1. კონსტიტუციური სარჩელი №746 („შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2. კონსტიტუციური სარჩელი №746 („შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის  მე-2 ნაწილის მეორე წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადება ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2018 წლის 31 მარტიდან.

4. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

6. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს მთავრობას.

7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

კოლეგიის წევრები:

თეიმურაზ ტუღუში

ირინე იმერლიშვილი

მანანა კობახიძე

თამაზ ცაბუტაშვილი