დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის დამატებითი ოქმი | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 18/12/1979 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 15/11/2004 |
ძალაში შესვლის თარიღი | 22/09/1994 |
სარეგისტრაციო კოდი | 480150000.02.109.000428 |
ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის
აღმოფხვრის შესახებ კონვენციის დამატებითი ოქმი
მოცემული ოქმის მონაწილე სახელმწიფოები,
აღნიშნავენ რა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება განამტკიცებს ადამიანის ძირითადი უფლებების, ადამიანის პატივისა და ღირსების, ქალისა და კაცის თანასწორი უფლებების დაცვის გარანტიებს,
ასევე აღნიშნავენ რა, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის თანახმად, ყოველი ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორუფლებიანი, და ყველას შეუძლია ისარგებლოს დეკლარაციაში მოცემული უფლებებითა და თავისუფლებებით, გამონაკლისის გარეშე, მათ შორის განურჩევლად სქესისა,
მიუთითებენ რა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ხელშეკრულებითა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო აქტებით აკრძალულია დისკრიმინაცია სქესობრივი კუთვნილების საფუძველზე,
ასევე მიუთითებენ რა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციაზე (კონვენცია), რომელში მონაწილე სახელმწიფოებიც გმობენ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმას და აცხადებენ თანხმობას სათანადო საშუალებებით და დაუყოვნებლივ განახორციელონ ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის პოლიტიკა;
ადასტურებენ რა თავიანთ გადაწყვეტილებას უზრუნველყონ ქალთა მიერ ადამიანის უფლებებითა და ძირითადი თავისუფლებებით სრული და თანასწორი სარგებლობა და მიიღონ ეფექტური ზომები აღნიშნული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევათა თავიდან ასაცილებლად,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
მოცემული ოქმის მონაწილე ნებისმიერი სახელმწიფო („მონაწილე სახელმწიფო“) აღიარებს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის („კომიტეტი“) უფლებამოსილებას მიიღოს და განიხილოს მე-2 მუხლის თანახმად მისთვის მიწოდებული ინფორმაცია.
მუხლი 2
ინფორმაცია შესაძლებელია მიწოდებულ იქნას მონაწილე სახელმწიფოს იურისდიქციით, იმ პირთა ან პირთა ჯგუფების მიერ ან სახელით, რომლებიც საკუთარ თავს აცხადებენ მონაწილე სახელმწიფოს მიერ კონვენციაში შეტანილი ნებისმიერი უფლების დარღვევის მსხვერპლად. ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში პირთა ან პირთა ჯგუფების სახელით, აუცილებელია ამ უკანასკნელთა თანხმობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ინფორმაციის ავტორს შეუძლია დაასაბუთოს ასეთი თანხმობის გარეშე მოქმედების საფუძვლიანობა.
მუხლი 3
ინფორმაციის მიწოდება ხდება წერილობითი ფორმით. იგი არ უნდა იყოს ანონიმური. კომიტეტი არ იღებს ინფორმაციას კონვენციის მონაწილე ისეთი სახელმწიფოს შესახებ, რომელიც არ არის მოცემული ოქმის მონაწილე.
მუხლი 4
1. კომიტეტი არ განიხილავს მიწოდებულ ინფორმაციას ვიდრე არ დაადგენს, რომ მოცემულ სახელმწიფოში ამოწურულია უფლების დაცვის ყველა საშუალება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უფლების დაცვის პროცესი დაუსაბუთებლად იყო გაჭიანურებული ან არ იძლეოდა ეფექტურ შედეგს.
2. კომიტეტი არ განიხილავს მიწოდებულ ინფორმაციას, იმ შემთხვევაში თუ
ა) ინფორმაციაში დასმული საკითხი უკვე შესწავლილ იქნა კომიტეტის მიერ, ან მისი შესწავლა განხორციელდა ან ხორციელდება საერთაშორისო გამოძიების ან დავის რეგულირების სხვა პროცედურის საფუძველზე;
ბ) ის არ შეესაბამება კონვენციის დებულებებს;
გ) ის მოკლებულია მოტივაციას და არ არის სათანადოდ დასაბუთებული;
დ) მისი მიწოდება განხორციელდა ინფორმაციის მიწოდების უფლების ბოროტად გამოყენებით;
ე) ინფორმაციაში მოხმობილი ფაქტები განხორციელდა მოცემული ოქმის ძალაში შესვლამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ამ ფაქტებს ადგილი ჰქონდა აღნიშნული თარიღის შემდეგაც.
მუხლი 5
1. ინფორმაციის მიღების შემდეგ ნებისმიერ დროს, ვიდრე მიღწეულ იქნება გადაწყვეტილება მისი კლასიფიკაციის შესახებ, კომიტეტს შეუძლია დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოს დაუყოვნებელი განხილვისათვის გადასცეს მოთხოვნა, რათა მონაწილე სახელმწიფომ მიიღოს აუცილებელი წინასწარი ზომები სავარაუდო ზიანის თავიდან აცილების მიზნით.
2. კომიტეტის მიერ მოცემული მუხლის 1 პარაგრაფით გათვალისწინებული უფლებამოსილები განხორციელება არ მოიცავს ინფორმაციის მიუღებლობის ან მისი კლასიფიკაციის შესაძლებლობას.
მუხლი 6
1. იმ პირობით, თუ პირი ან პირები აცხადებენ თანხმობას დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოსათვის მათი ვინაობის გამხელის შესახებ, კომიტეტი მოცემული ოქმის საფუძველზე მისთვის კონფიდენციალურად მიწოდებულ ინფორმაციას გადასცემს ამ სახელმწიფოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კომიტეტი მიწოდებულ ინფორმაციას მიიჩნევს მიუღებლად მონაწილე სახელმწიფოს დაინტერესების მიუხედავად.
2. მიმღები მონაწილე სახელმწიფო ექვსი თვის განმავლობაში კომიტეტს წარუდგენს წერილობით ახსნა-განმარტებას ან განცხადებებს, რომლებიც ნათელს ჰფენს საქმის ვითარებას და შეიცავს ინფორმაციას ამ მონაწილე სახელმწიფოს მიერ უფლების დაცვის მიზნით განხორციელებული ზომების შესახებ, თუ ასეთ ზომებს ადგილი ჰქონდა.
მუხლი 7
1. კომიტეტი მოცემული ოქმის საფუძველზე მიღებულ ინფორმაციას განიხილავს პირების ან პირთა ჯგუფის მიერ ან მათი სახელით, ან დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოს მიერ, მისთვის მიწოდებული ყველა სახის ინფორმაციის გათვალისწინებით, იმ პირობით, რომ ეს ინფორმაცია გადაეცემა დაინტერესებულ მხარეებს.
2. კომიტეტი მოცემული ოქმით გათვალისწინებულ ინფორმაციებს განიხილავს დახურულ სხდომებზე.
3. ინფორმაციის შესწავლის შემდეგ, კომიტეტი დაინტერესებულ მხარეებს აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მიაწვდის თავის მოსაზრებებს და რეკომენდაციებს, თუ ასეთი არსებობს.
4. მონაწილე სახელმწიფო ყურადღებით განიხილავს კომიტეტის მოსაზრებებს, რეკომენდაციებთან ერთად, თუ ასეთი არსებობს, და კომიტეტს ექვსი თვის განმავლობაში მიაწვდის წერილობით პასუხს, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მის მიერ კომიტეტის მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით გატარებული ნებისმიერი ღონისძიების შესახებ.
5. კომიტეტმა შესაძლებელია მოსთხოვოს მონაწილე სახელმწიფოს კონვენციის მე-18 მუხლით გათვალისწინებული შემდგომი მოხსენებების წარდგენის გზით დამატებითი ინფორმაციის მიწოდება იმ ღონისძიებათა შესახებ, რომლებიც მონაწილე სახელმწიფომ გაატარა კომიტეტის მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით.
მუხლი 8
1. იმ შემთხვევაში თუ კომიტეტი მიიღებს სარწმუნო ინფორმაციას მონაწილე სახელმწიფოს მიერ კონვენციაში მითითებული უფლებების უხეში და სისტემატიური დარღვევის შესახებ, კომიტეტი მოუწოდებს მონაწილე სახელმწიფოს თანამშრომლობისაკენ ინფორმაციის შემოწმების მიზნით და სთხოვს მას წარუდგინოს თავისი დაკვირვების მონაცემები აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
2. დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი დაკვირვების მონაცემებისა და ასევე მის ხელთ არსებული სხვა სახის სარწმუნო ინფორმაციის საფუძველზე, კომიტეტს შეუძლია დანიშნოს ერთი ან მეტი წევრი გამოკვლევის ჩატარებისა და კომიტეტებისათვის ანგარიშის დაუყოვნებლივ წარდგენის მიზნით. მონაწილე სახელმწიფოსთან შეთანხმებით, გამოკვლევის ჩატარება შეიძლება ითვალისწინებდეს ვიზიტს მის ტერიტორიაზე.
3. გამოკვლევის შედეგების შესწავლის შემდეგ, კომიტეტი ამ შედეგებს წარუდგენს დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოს კომენტარებთან და რეკომენდაციებთან ერთად.
4. დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფო, კომიტეტის მიერ წარმოდგენილი გამოკვლევის შედეგების, კომენტარებისა და რეკომენდაციების მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში, თავისი დაკვირვების მონაცემებს გადასცემს კომიტეტს.
5. აღნიშნული გამოკვლევა ჩატარდება კონფიდენციალურობის დაცვით, და მონაწილე სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გზით საქმის შესწავლის ყველა ეტაპზე.
მუხლი 9
1. კომიტეტმა შეიძლება მოსთხოვოს დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოს კონვენციის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ ანგარიშში დაწვრილებითი ინფორმაციის შეტანა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც განხორციელდა მოცემული ოქმის მე-8 მუხლის საფუძველზე ჩატარებული გამოკვლევის საპასუხოდ.
2. მე-8.4 მუხლში მითითებული ექვსთვიანი პერიოდის ბოლოს, კომიტეტს შეუძლია საჭიროებისამებრ მოსთხოვოს დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოს ინფორმაციის წარდგენა გამოკვლევის საპასუხოდ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
მუხლი 10
1. თითოეულ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია, მოცემული ოქმის ხელმოწერის, ან რატიფიკაციის ან მასთან მიერთების დროს, განაცხადოს, რომ იგი არ ცნობს კომიტეტის კომპეტენციას, რომელიც გათვალისწინებულია მე-8 და მე-9 მუხლებით.
2. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს, რომელმაც გააკეთა განაცხადი მოცემული მუხლის პირველი პარაგრაფის შესაბამისად, შეუძლია ნებისმიერ დროს უკან გამოიხმოს ეს განაცხადი გენერალური მდივნისათვის შეტყობინების მიწოდების გზით.
მუხლი 11
მონაწილე სახელმწიფო მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა იმ პირთა მიმართ, რომლებზეც ვრცელდება მისი იურისდიქცია, არ ჰქონდეს ადგილი მუქარას ან სასტიკ მოპყრობას მოცემული ოქმის შესაბამისად მათი კომიტეტთან ურთიერთობის გამო.
მუხლი 12
კონვენციის 21-ე მუხლის შესაბამისად შედგენილ წლიურ მოხსენებაში კომიტეტს შეაქვს მოცემული ოქმით გათვალისწინებული საქმიანობის მოკლე აღწერა.
მუხლი 13
თითოეული მონაწილე სახელმწიფო უზრუნველყოფს კონვენციისა და მოცემული ოქმის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობასა და კომიტეტის მოსაზრებებისა და რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციის მისაწვდომობას, განსაკუთრებით იმ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია ამ მონაწილე სახელმწიფოსთან.
მუხლი 14
კომიტეტი შეიმუშავებს საპროცედურო წესებს, რომლებიც უნდა შესრულდეს მოცემული ოქმის საფუძველზე კომიტეტისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელების დროს.
მუხლი 15
1. მოცემული ოქმი ღიაა ხელმოწერისათვის ნებისმიერი იმ სახელმწიფოსათვის, რომელმაც ხელი მოაწერა კონვენციას, მოახდინა მისი რატიფიკაცია ან შეუერთდა მას.
2. მოცემული ოქმი ექვემდებარება რატიფიკაციას ნებისმიერი იმ სახელმწიფოს მიერ, რომელმაც მოახდინა კონვენციის რატიფიკაცია ან მიუერთდა მას. სარატიფიკაციო სიგელები შესანახად გადაეცემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
3. მოცემულ ოქმს შეუძლია მიუერთდეს ნებისმიერი ის სახელმწიფო, რომელმაც მოახდინა კონვენციის რატიფიკაცია ან მიუერთდა მას.
4. მიერთება ძალაში შევა მიერთების აქტის გაერთანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის შესანახად გადაცემის გზით.
მუხლი 16
1. მოცემული ოქმი ძალაში შევა მეათე სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების აქტის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის შესანახად გადაცემიდან სამი თვის შემდეგ.
2. თითოეული იმ სახელმწიფოსათვის, რომელმაც მოახდინა მოცემული ოქმის რატიფიკაცია ან მიერთდა მას ოქმის ძალაში შესვლის შემდეგ, მოცემული ოქმი ძალაში შევა ამ სახელმწიფოს სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების აქტის შესანახად გადაცემიდან სამი თვის შემდეგ.
მუხლი 17
მოცემულ ოქმში არ დაიშვება დათქმა.
მუხლი 18
1. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს წარუდგინოს წინადადება მოცემულ ოქმში ცვლილებების შეტანის შესახებ. გენერალური მდივანი შესატანი ცვლილებების შესახებ აცნობებს მონაწილე სახელმწიფოებს თხოვნით, რათა მათ შეატყობინონ მხარს უჭერენ თუ არა მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციის ჩატარებას ცვლილების შეტანის შესახებ წინადადების განხილვის და კენჭისყრის მიზნით. იმ შემთხვევაში თუ კონფერენციის ჩატარებას მხარს დაუჭერს მონაწილე სახელმწიფოების არა ნაკლებ ერთი მესამედი, გენერალური მდივანი მოიწვევს კონფერენციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით. ნებისმიერი შესწორება, რომელიც მიიღება კონფერენციაზე დამსწრე მონაწილე სახელმწიფოთა ხმების უმრავლესობით, დასამტკიცებლად წარედგინება გაერთანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას.
2. შესწორებები ძალაში შევა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეასა და ოქმში მონაწილე სახელმწიფოების ორი მესამედის მიერ მათი მოწონებისა და მიღების შემდეგ, შესაბამისი საკონსტიტუციო პროცედურის თანახმად.
3. ძალაში შესვლის შემდეგ, შესწორებებს ექნება სავალდებულო ძალა იმ მონაწილე სახელმწიფოებისათვის, რომელთაც ისინი მიიღეს, ხოლო სხვა მონაწილე სახელმწიფოებზე გავრცელდება მოცემული ოქმის დებულებები და მათ მიერ ადრე მიღებული შესწორებები.
მუხლი 19
1. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია მოცემული ოქმის დენონსირება ნებისმიერ დროს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების გზით. დენონსაცია ძალაში შევა გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ.
2. ძალაში შესვლის თარიღის დადგომამდე, დენონსაცია არ შეზღუდავს მოცემული ოქმის დებულებათა გავრცელებას მე-2 მუხლის საფუძველზე წარდგენილ შეტყობინებაზე, ან მე-8 მუხლით გათვალისწინებული გამოკვლევის ჩატარებაზე.
მუხლი 20
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი აცნობებს სახელმწიფოებს:
(ა) მოცემული ოქმით გათვალისწინებული ხელმოწერების, რატიფიკაციისა და მიერთების შესახებ;
(ბ) მოცემული ოქმის ძალაში შესვლის თარიღისა და მე-18 მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი შესწორების შესახებ.
(გ) მე-19 მუხლით გათვალისწინებული დენონსაციის შესახებ.
მუხლი 21
1. მოცემული ოქმი, რომლის არაბულ, ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ ტექსტებს თანაბარი ძალა გააჩნიათ, შესანახად გადაეცემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არქივს.
2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი მოცემული ოქმის დამოწმებულ ასლებს გადასცემს კონვენციის 25-ე მუხლში მითითებულ ყველა სახელმწიფოს.
დოკუმენტის კომენტარები