აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ

აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 478
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 430040000.10.003.020187
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
478
27/10/2017
ვებგვერდი, 30/10/2017
430040000.10.003.020187
აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (30/10/2017 - 10/02/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №478

2017 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

1. აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი (შემდგომში – სტანდარტი) განსაზღვრავს, თუ რა ცოდნას, უნარ-ჩვევებს, ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს  უნდა ფლობდეს აღმზრდელ-პედაგოგი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სააღმზრდელო-პედაგოგიური საქმიანობის დაგეგმვის, წარმართვისა და შეფასებისთვის.

2. სტანდარტის მიზანია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში მიმდინარე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის ხარისხის გაუმჯობესება.

3. სტანდარტი სავალდებულოა ყველა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა) აღმზრდელ-პედაგოგისათვის.

მუხლი 2.  ტერმინთა განმარტება

ამ სტანდარტში გამოყენებულ ტერმინებს ამ სტანდარტის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აღმზრდელ-პედაგოგი – პირი, რომელიც სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში სააღმზრდელო-პედაგოგიურ საქმიანობას ახორციელებს;

ბ) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობა (რეფერირება) – „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებით დამტკიცებული პროცედურები;

გ) ინკლუზიური განათლება – საგანმანათლებლო მიდგომა, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა უზრუნველყოფს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებას მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, მიუხედავად ბავშვების ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა;

დ) მეორადი მასალა – საგანმანათლებლო რესურსის ტიპი,  რომელიც ერთხელ უკვე გამოიყენეს სხვა დანიშნულებით და შესაძლებელია მისი გამოყენება მეორადად საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე (მაგ.: ღილები, თასმები, ქსოვილები, ძველი ჟურნალ-გაზეთები,  პლასტმასის ან ქაღალდის კონტეინერები და სხვ.);

ე) სწავლების მეთოდი – მასალის მიწოდების სისტემატური  საშუალება, რომელიც გულისხმობს აღმზრდელ-პედაგოგის მიერ ბავშვისთვის ცოდნის, უნარ-ჩვევების გადაცემის ხერხებს, რომლის შედეგადაც ვითარდება ბავშვის შემეცნებითი ნიჭი, ყალიბდება მსოფლმხედველობა და საფუძველი ეყრება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მათ მომზადებას. სწავლების მეთოდები მჭიდროდაა დაკავშირებული სწავლების შინაარსთან. აღმზრდელ-პედაგოგი სასწავლო მასალის შინაარსის მიხედვით  განსაზღვრავს სწავლების მეთოდებს;

ვ) ტრანზიცია  –  პროცესი, რომელიც გულისხმობს  ბავშვის გადასვლას სახლიდან ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სივრცეში, ან გადასვლას უშუალოდ ადრეული და სკოლამდელი განათლების სივრცეში არსებულ სხვადასხვა პროცესს შორის. ან ბავშვის გადასვლას ადრეული და სკოლამდელი განათლებიდან ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე;

ზ) უნივერსალური დიზაინი – გარემოს, შენობების, ინფრასტრუქტურის მოწყობა/ადაპტაცია და საჭირო ტექნოლოგიებით აღჭურვა იმისთვის, რათა გარემო მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ყველა ადამიანისთვის, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის;

თ) ღია მასალა – საგანმანათლებლო რესურსის ტიპი, რომლის გამოყენებაც სხვადასხვანაირად არის შესაძლებელი. ღია მასალა შესაძლოა იყოს, როგორც ბუნებრივი წარმოშობის (მაგ., კენჭები, ჯოხები, ფოთლები, ბუმბული და ა.შ.), ასევე ქარხნული (მაგ., მინისა და ხის ბურთულები, მუყაოს ყუთები, ქსოვილის ნაჭრები და ა. შ.). ბავშვების მიერ ღია მასალის გამოყენება ხელს უწყობს წარმოსახვის, შემოქმედებითობისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას;

ი) შეფასება – ბავშვის  ქცევის, უნარების, ცოდნის ან პიროვნულ მახასიათებლებზე დაკვირვების შედეგად  მრავალმხრივი ინფორმაციის შეგროვების პროცესი,  რომლის საფუძველზეც ხდება ბავშვის აღზრდის, განათლებისა და განვითარებისათვის შესაბამისი დასკვნების გამოტანა და მომავალი გეგმების დასახვა;

კ) შეფასების არაფორმალური მეთოდი – მეთოდი, რომლის გამოყენებისას  დაკვირვებისა და შეფასების პროცესი წარიმართება არაფორმალური გზით  (მაგ.: აღმზრდელ-პედაგოგი აფასებს ბავშვის განვითარებას მისი ნამუშევრების მეშვეობით; აკვირდება თითოეულ ბავშვს და აწარმოებს შესაბამის ჩანაწერებს; აწარმოებს რეიტინგულ სკალებს და ა. შ);

ლ) შეფასების ფორმალური მეთოდი – მეთოდი, რომლის დროსაც დაკვირვებისა და შეფასების პროცესში გამოიყენება ფორმალური, წინასწარშედგენილი ფორმები/დოკუმენტები;

მ) ძალადობა – პირის მიერ ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ზემოქმედებით ან იძულებით, აგრეთვე უგულებელყოფით (დაუდევარი მოპყრობით), რომელიც განხორციელდა/ხორციელდება პირდაპირი განზრახვით ან/და განზრახვის გარეშე;

ნ) ძალადობის ფორმები – ფიზიკური ძალადობა, ემოციური (ფსიქოლოგიური) ძალადობა, სექსუალური ძალადობა, უგულებელყოფა;

ო) წარმატებული პრაქტიკა – განხორციელებული საქმიანობა/შემთხვევა, რომლის დროსაც წარმატებით იქნა მიღწეული წინასწარ განსაზღვრული მიზანი (მაგ.: წარმატებულ პრაქტიკად შეიძლება ჩაითვალოს ალტერნატიული ტიპის სკოლამდელი განათლების დაწესებულების შექმნა, ახალი მეთოდოლოგიის წარმატებით დანერგვა და ა.შ.).

მუხლი 3.  სტანდარტის სტრუქტურა

1. სტანდარტი შედგება 4 ნაწილისგან:

ა) აღმზრდელ-პედაგოგის განათლება;

ბ) აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული მახასიათებლები;

გ) სააღმზრდელო-საგანმანათლებლო გარემო და პროცესი;

დ) აღმზრდელ-პედაგოგის  უწყვეტი პროფესიული განათლება და თვითგანვითარება.

2. აღმზრდელ-პედაგოგის განათლების ნაწილში განსაზღვრულია სწავლის სფეროები, აკადემიური ხარისხები და სამუშაო გამოცდილება, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში აღმზრდელ-პედაგოგად მუშაობის დასაწყებად.

3. აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული მახასიათებლების ნაწილში განსაზღვრულია აღმზრდელ-პედაგოგის დარგობრივი ცოდნა, პროფესიული უნარ-ჩვევები, ღირებულებები და პროფესიული ეთიკა, რათა შეძლოს ბავშვზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის კარგად დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება.

4. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო გარემოსა და პროცესის ნაწილში განსაზღვრულია,  თუ როგორ უნდა უზრუნველყოს აღმზრდელ-პედაგოგმა ბავშვის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა, კეთილგანწყობილი, ინკლუზიური გარემოს შექმნა, ბავშვთან დაკავშირებულ ყველა მხარესთან თანამშრომლობა, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის ეფექტურობა.

5. აღმზრდელ-პედაგოგის უწყვეტი პროფესიული განათლებისა და თვითგანვითარების ნაწილი განსაზღვრავს  აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარებისთვის საჭირო მიმართულებებს: საკუთარი პროფესიული განვითარებით დაინტერესება, თანამშრომლობა კოლეგებსა და დარგის სპეციალისტებთან გამოცდილების გაზიარების, პროფესიული საჭიროებების დადგენისა და პროფესიული განვითარებისათვის და სხვ.

თავი II. აღმზრდელ-პედაგოგის განათლება

მუხლი 4. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში  დასაქმებული/სტანდარტის ამოქმედებიდან 2024 წლის 1 სექტემბრამდე დასასაქმებელი აღმზრდელ-პედაგოგის განათლება

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში დასაქმებული/სტანდარტის ამოქმედებიდან 2024 წლის 1 სექტემბრამდე დასასაქმებელი:

ა) აღმზრდელ-პედაგოგი უნდა აკმაყოფილებდეს  ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა.ა) ფლობდეს სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ნებისმიერ მიმართულებაში/დარგში/სპეციალობაში, ჰქონდეს აღმზრდელის ან აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე მუშაობის, სულ მცირე, 4-წლიანი გამოცდილება და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება;

ა.ბ) ჰქონდეს ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება;

ბ) მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგი უნდა ფლობდეს უმაღლეს ან პროფესიულ სამუსიკო განათლებას და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება.

მუხლი 5.  ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში 2024 წლის 1 სექტემბრიდან დასასაქმებელი აღმზრდელ-პედაგოგის განათლება

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში 2024 წლის 1 სექტემბრიდან დასასაქმებელი:

ა) აღმზრდელ-პედაგოგი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა.ა) ფლობდეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;

ა.ბ) ფლობდეს, სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, ხელოვნების მიმართულებით და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება;

ა.გ) აკმაყოფილებდეს მასწავლებლის განათლებისათვის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება;

ბ) მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგი უნდა ფლობდეს უმაღლეს ან პროფესიულ სამუსიკო განათლებას და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება.

თავი III. აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული მახასიათებლები

მუხლი 6. აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული მახასიათებლები

1. აღმზრდელ-პედაგოგი ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით წარმართავს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესს.

2. აღმზრდელ-პედაგოგს შეუძლია, უზრუნველყოს ბავშვზე ორიენტირებული, ბავშვისადმი კეთილგანწყობილი და ბავშვის მოტივაციისკენ მიმართული სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი.

3. აღმზრდელ-პედაგოგი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისას ითვალისწინებს ჰუმანურობის, თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპებს.

4. აღმზრდელ-პედაგოგი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ავლენს ეფექტური კომუნიკაციის უნარს, გაწონასწორებული, კეთილგანწყობილი და ობიექტურია, ავლენს ემპათიას, იცავს ეთიკის ნორმებს.

5. აღმზრდელ-პედაგოგი ავლენს ბავშვის მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ურთიერთობის უნარს.

6. აღმზრდელ-პედაგოგმა იცის და გააზრებული აქვს სწავლისა და განვითარების თეორიები,  განვითარების სფეროები და განვითარების კანონზომიერებები,  მასზე მოქმედი ფაქტორები.

7. აღმზრდელ-პედაგოგი იცნობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებულ სტანდარტებს, სხვადასხვა პედაგოგიურ მოდელებსა და პროგრამებს.

8. აღმზრდელ-პედაგოგმა იცის ბავშვის საგანმანათლებლო და განვითარების სტანდარტები, სწავლის თეორიები, თანამედროვე კვლევები, მიდგომები, არსებული პროგრამები და სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვისას და წარმართვისას ითვალისწინებს და  ეყრდნობა მათ.

9. აღმზრდელ-პედაგოგმა იცის და პრაქტიკაში იყენებს  ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მეთოდოლოგიას.

10. აღმზრდელ-პედაგოგი სასწავლო პროგრამის, სწავლების მეთოდების, აქტივობების შერჩევისას და სამოქმედო გეგმების შედგენისას ითვალისწინებს  თითოეული ბავშვის ასაკს, განვითარების დონეს, საჭიროებებს, შესაძლებლობებსა და ინტერესებს. იცავს თანაფარდობას აქტიურ და მშვიდ, მცირე და დიდ ჯგუფებში განსახორციელებელ,  ბავშვებისა და უფროსის მიერ ინიციირებულ მოქმედებებს შორის.

11. აღმზრდელ-პედაგოგი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესში აქტივობების დაგეგმვისას და თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალურად მუშაობისას იყენებს დარგობრივ ცოდნას, ირჩევს შესაბამის რესურსებს: კონსტრუქტორებსა და მათემატიკურ სამაგიდო თამაშებს, ბუნებისმეტყველების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასალებს, სხვადასხვა რესურსს, ბავშვების შესაძლებლობებისა და მზაობის გათვალისწინებით.

12. აღმზრდელ-პედაგოგს შეუძლია, უზრუნველყოს  თითოეული ბავშვის აქტიური ჩართვა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის სხვადასხვა ეტაპის დაგეგმვასა და წარმართვაში  (მაგ.: მათთან ერთად ქმნის საგანმანათლებლო რესურსებს, ადგენს დღის განრიგს,  ჯგუფის წესებს და ა.შ.).

13. აღმზრდელ-პედაგოგმა იცის თამაშის მნიშვნელობის თეორიული საფუძვლები, თავისუფალი თამაშის წახალისების სტრატეგიები, თამაშის ტიპები, ფორმები და იყენებს მას, როგორც სწავლებისა და განვითარების ძირითად მეთოდს.

14. აღმზრდელ-პედაგოგი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესს იმგვარად წარმართავს, რომ უზრუნველყოს ბავშვის საგანმანათლებლო და განვითარების სტანდარტში წარმოდგენილი ყველა სფეროს  (ფიზიკური და სენსორული, სოციალურ-ემოციური, კომუნიკაციური უნარების, ენისა და მეტყველების, შემეცნებითი, დამოუკიდებლობა და ადაპტური ქცევის) განვითარება და შედეგების მიღწევა.

15. აღმზრდელ-პედაგოგი ფლობს და, საჭიროების შემთხვევაში, პრაქტიკაში იყენებს შერეულ ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობის მრავალფეროვან მეთოდებს.

16. აღმზრდელ-პედაგოგი აცნობიერებს განათლების უწყვეტობის პრინციპის  გააზრებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმისა და ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველი კლასის საგნობრივი სტანდარტების ცოდნის მნიშვნელობას.

17. აღმზრდელ-პედაგოგმა იცის ინკლუზიური განათლების სფეროში არსებული კანონმდებლობა და ინკლუზიური განათლების პრინციპები.

18. აღმზრდელ-პედაგოგი იცნობს სხვადასხვა სახის დარღვევებს, რაც ხელს უშლის ბავშვის სწავლასა და დამოუკიდებელ ფუნქციონირებას; ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის სწავლასა და განვითარებას.

მუხლი 7. მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული მახასიათებლები

1. მუსიკალურ-საგანმანათლებლო პროცესის მიზნებია:

ა) ბავშვებში მხატვრული და მუსიკალური გემოვნების განვითარება;

ბ) მუსიკის საშუალებით ემოციების გადმოცემის უნარის განვითარება;

გ) ესთეტიკური სიამოვნების განცდის ჩვევის გამომუშავება.

2. მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგმა იცის ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები, სწავლისა და განვითარების თეორიები,  ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებული სტანდარტები.

3. მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგმა იცის ბავშვებისათვის მუსიკის სწავლების მეთოდოლოგია.

4. მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგს შეუძლია მუსიკალურ-საგანმანათლებლო პროცესის წარმართვა ბავშვების მუსიკალური და ზოგადი განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით.

5. მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგს შეუძლია ბავშვების მუსიკალურ-რიტმული, კოორდინაციისა და წარდგენის უნარების (დიაგნოსტირების შედეგების) გათვალისწინებით სასწავლო პროცესის დაგეგმვა.

6. მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგს შეუძლია ბავშვების წარმოსახვის, იმპროვიზაციის უნარების, მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, ემოციური, მხატვრული, მუსიკალური  და სხვ. განვითარების ხელშეწყობა მუსიკალური აქტივობების საშუალებით.

7. მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგი რთავს ბავშვებს  ერთობლივ შემოქმედებით პროცესში (გუნდური მღერა, ცეკვა/ფერხული, ინსცენირება, მუსიკალურ-რიტმული კომპოზიციების შექმნა-შესრულება) და ამით ხელს უწყობს თანამშრომლობის უნარის განვითარებას.

8. მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგს შეუძლია ბავშვებისათვის მუსიკის აღქმის უნარის განვითარება შესაბამისად შერჩეული რეპერტუარისა (სასიმღერო და მოსასმენი) და ინფორმაციის მეშვეობით.

9. მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგს შეუძლია ბავშვების ასაკობრივი განვითარების შესაფერისი შინაარსის ღონისძიებების დაგეგმვა და წარმართვა.

10. მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგს შეუძლია ბავშვებთან ერთად შემოქმედებითი აქტივობის დროს/ღონისძიებაზე ქცევის წესების შემუშავება და ამ წესების დაცვის წახალისება. 

11. მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგს შეუძლია მუსიკალურ-შემოქმედებით პროცესში მონაწილეობა, კერძოდ:

ა) ანსამბლის ხელმძღვანელობა;

ბ) მონაწილეობა იმპროვიზაციის პროცესში;

გ) სხვადასხვა ცეკვის ილეთების ფლობა, ცეკვის ნახაზის ცოდნა;

დ) ინსტრუმენტზე დაკვრა, თანხლების გაკეთება ფორტეპიანოზე (სასურველია, სხვა საკრავზეც, მაგალითად, გიტარაზე და/ან ფანდურზეც);

ე) მუსიკალურ-შემოქმედებით პროცესში მონაწილეობა ბავშვებთან ერთად;

ვ) ღონისძიებების მუსიკალური გაფორმება ცოცხალი  შესრულებით და/ან ჩანაწერებით.

12. მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგი რეგულარულად თანამშრომლობს აღმზრდელთან, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების თანამშრომლებთან, ბავშვის ოჯახის წევრებთან, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესზე დაკვირვებისა და ინფორმაციის გაზიარების მიზნით, ასევე  ერთობლივი შემოქმედებით-საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.

მუხლი  8. ქართულის, როგორც მეორე ენის აღმზრდელ-პედაგოგის  პროფესიული მახასიათებლები

1. ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების მიზნებია:

ა) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვებისთვის ქართული ენის სწავლება;

ბ) კულტურული, ეთნიკური ტრადიციების გათვალისწინებით სასაუბროების, თამაშების შექმნა და წარმართვა;

გ) ქართული ენის საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების დაუფლების ხელშეწყობა ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლა-სწავლების მეთოდების გამოყენებით.

2. ქართულის, როგორც მეორე ენის, აღმზრდელ-პედაგოგი სრულყოფილად ფლობს ქართულ ენას, ხოლო ეროვნული უმცირესობების ენას საკომუნიკაციო დონეზე. 

3. ქართულის, როგორც მეორე ენის, აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული უნარ-ჩვევებია:

ა) მიმართულება მოსმენა:

ა.ა) ზეპირი საუბრის შინაარსის გაგება და გაანალიზება;

ა.ბ) ზეპირი ტექსტების ძირითადი ენობრივ-სტილური მახასიათებლების გაგება (მაგ.: ხატოვანი გამონათქვამების, ფრაზეოლოგიზმების, იდიომატური გამოთქმებისა და სხვა);

ბ) მიმართულება კითხვა: სხვადასხვა ჟანრის, სტილის, მოცულობის, სტრუქტურის მქონე არამხატვრული და მხატვრული ტექსტების გაგება და გაანალიზება;

გ) მიმართულება წერა: სხვადასხვა ტიპის წერილობითი ტექსტების (მაგ.: განცხადება, მოხსენება, ესე, ნარკვევი, გამოხმაურება, მიმოხილვითი ხასიათის სტატია, რეცენზია) შედგენა. პრობლემურ საკითხებზე საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბება და დაცვა; აზრის თანამიმდევრულად განვითარება; შეჯამებისას სათანადო ლოგიკური დასკვნების გამოტანა;

დ) მიმართულება ზეპირმეტყველება:

დ.ა) სიუჟეტების თხრობა, დეტალების დაწვრილებით აღწერა, ნიუანსების გამოკვეთა;

დ.ბ) ზეპირმეტყველების სათანადო სტრატეგიების გამოყენება (მაგ.: საკვანძო სიტყვების, გამოთქმების, მოდელების წინასწარ მომზადება; გამოსვლამდე რეპეტიციის გავლა).

4. ქართულის, როგორც მეორე ენის, აღმზრდელ-პედაგოგმა იცის ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები, სწავლისა და განვითარების თეორიები, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებული სტანდარტები.

5. ქართულის, როგორც მეორე ენის, აღმზრდელ-პედაგოგმა იცის ბავშვებისათვის ქართულის, როგორც მეორე ენის,  სწავლების მეთოდოლოგია, კერძოდ:

ა) ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების, ინტერესებისა და მათი ენობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით სასაუბროების, ტექსტებისა და თამაშების შერჩევა;

ბ) ენის სწავლის უნარის გასაუმჯობესებლად სწავლების სათანადო სტრატეგიების გამოყენება (მაგ.: მარტივი დიალოგის წარმართვა, პირველი ენისა და ქართული ენის შედარების გამოყენებით ლექსიკური მასალის დაუფლების ხელშეწყობა);

გ) შედეგზე და ბავშვზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვა:

გ.ა) ჯგუფში სასწავლო-აღმზრდელობითი  პროცესის ჩატარება გეგმის მიხედვით;

გ.ბ) ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვთა  მოტივირებას ტექსტის მოსასმენად (მაგ.: წინმსწრები სამოტივაციო აქტივობების გამოყენება – ვარაუდის გამოთქმა, შინაარსის/ინფორმაციის ბავშვის პირად გამოცდილებასთან დაკავშირება, როლური თამაშები და სხვა);

გ.გ) ბავშვების მოტივირება ქართულ ენაზე ზეპირ  აქტივობაში ჩასაბმელად (მაგ.: სახალისო საკომუნიკაციო სიტუაციების, თამაშების შეთავაზება, თვითგამოხატვის, არჩევანის საშუალების მიცემა, ადვილად დასაძლევი სასაუბრო ამოცანების შეთავაზება, გეზის მიმცემი ინსტრუქციების მიცემა კომპლექსური დავალებისთვის და სხვა);

გ.დ) დაწყებითი წიგნიერებისა და ზოგადად, ქართულად კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობა შემდეგი მეთოდებით: თვალსაჩინოებების გამოყენება, მასალის ასათვისებლად თუ ცოდნის შესაფასებლად როლების გათამაშება, თოჯინური სპექტაკლების დადგმა, დახატვა-გაფერადება, ნაკეთობების შექმნა, მუსიკის მოსმენა, სიმღერა  და სხვა;

დ) ქართული ენის სწავლება ბავშვის  კულტურული და ინტერკულტურული განვითარებისათვის, კერძოდ: 

დ.ა) სოციოკულტურული და კულტურული თვალსაზრისით მდიდარი რესურსების შერჩევა და მათზე დაფუძნებით ისეთი აქტივობების აგება, რომლებიც ბავშვის ინტერესს გამოიწვევს;

დ.ბ) ჯგუფში არსებული მრავალფეროვნების, როგორც რესურსის გამოყენება; მოსწავლის მშობლიური ენისა და კულტურული გამოცდილების გამოყენებით სასწავლო პროცესის გამდიდრება;

დ.გ) ინტერკულტურული სწავლების ადეკვატური სტრატეგიებისა და შეფასების სისტემის გამოყენება;

დ.დ) ბავშვში სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებისათვის ადეკვატური მასალებისა და მიდგომების გამოყენება.

6. ქართულის, როგორც მეორე ენის აღმზრდელ-პედაგოგი რეგულარულად თანამშრომლობს აღმზრდელთან, თანამშრომლებთან, ბავშვის ოჯახის წევრებთან სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესზე დაკვირვებისა და ინფორმაციის გაზიარების მიზნით, ასევე  ერთობლივი შემოქმედებით-საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.

თავი IV. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო გარემო და პროცესი

მუხლი 9. ჯანმრთელობა და  უსაფრთხოება

1. აღმზრდელ-პედაგოგმა იცის და იცავს ჯანმრთელობასთან, უსაფრთხოებასთან, ჰიგიენასა და  კვებასთან  დაკავშირებულ  სტანდარტებსა და რეგულაციებს.

2. აღმზრდელ-პედაგოგი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის ყოველდღიურ განრიგში ითვალისწინებს, როგორც შენობაში, ისე ეზოში განსახორციელებელ ფიზიკურ საქმიანობებს. 

3. აღმზრდელ-პედაგოგი სხვადასხვა მეთოდით (პირადი მაგალითით, ილუსტრაციებით და ა.შ.) ხელს უწყობს თითოეულ ბავშვში ჯანსაღი ცხოვრების წესთან (ჰიგიენასთან, თვითმომსახურებასთან, ჯანსაღ კვებასთან და ა.შ.) დაკავშირებული ჩვევების  ჩამოყალიბებასა და მათ განმტკიცებას.

4. აღმზრდელ-პედაგოგი ოჯახთან თანამშრომლობის გზით თითოეულ ბავშვზე ფლობს ამომწურავ ინფორმაციას მათ ჯანმრთელობასა და კვების თავისებურებებთან/საჭიროებებთან (დიეტა, ალერგია, კვებასთან დაკავშირებული კულტურული შეზღუდვები, იმუნიზაციის კალენდარი და ა.შ.) დაკავშირებით და იყენებს ამ ინფორმაციას სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზებისას.

5. აღმზრდელ-პედაგოგი მუდმივად აკვირდება თითოეული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას და, საჭიროების შემთხვევაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების წესებიდან გამომდინარე, მიმართავს შესაბამის დაწესებულებას, ასევე პირველადი გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია ბავშვისათვის დახმარების გაწევა.

6. აღმზრდელ-პედაგოგი თითოეული ბავშვის ჯანმრთელობასთან და განვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის მიზნით, თანამშრომლობს შესაბამის სპეციალისტებთან (სპეციალური პედაგოგი, ექთანი, ექიმი და ა.შ.).

7. აღმზრდელ-პედაგოგი სხვადასხვა საქმიანობების მეშვეობით უზრუნველყოფს თითოეული ბავშვისთვის პირად უსაფრთხოებასთან და უსაფრთხო გარემოსთან, ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებასა და საჭირო უნარების განვითარებასა და განმტკიცებას.

8. აღმზრდელ-პედაგოგი აღიარებს, პატივს სცემს და ითვალისწინებს თითოეული ბავშვის  ინდივიდუალურ საჭიროებებს, შესაძლებლობებს, მათ შორის, კვების ინდივიდუალურ ტემპს.

9. აღმზრდელ-პედაგოგი იცნობს  ბავშვთა დაცვის სფეროში არსებულ სამართლებრივ აქტებს (ბავშვთა უფლებათა კონვენცია, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები და სხვა).

10. აღმზრდელ-პედაგოგი ამოიცნობს ძალადობის სხვადასხვა ფორმას და ახდენს შესაბამის რეაგირებას; იცის შესაბამისი უწყებების უფლება-მოვალეობები და, საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომლობს მათთან ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) მიზნით (მაგ.: სოციალური მომსახურების სააგენტო,  პოლიცია და სხვა.).

11. აღმზრდელ-პედაგოგი მონიტორინგს უწევს შენობასა და ეზოში არსებული მასალების, რესურსების, ავეჯის უსაფრთხოებასა და სანიტარიულ მახასიათებლებს; საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ადმინისტრაციას მასალების, რესურსების, ავეჯის შეცვლის, შეკეთების, დასუფთავების თხოვნით.

12. აღმზრდელ-პედაგოგი ფლობს ამომწურავ ინფორმაციას შენობის ევაკუაციის გეგმის, შენობაში განლაგებული სანიტარიული თუ სამედიცინო ინვენტარის შესახებ.

მუხლი 10. სოციალური გარემო

1. აღმზრდელ-პედაგოგი სხვადასხვა მეთოდით უზრუნველყოფს ემოციურად უსაფრთხო გარემოს შექმნას თითოეული ბავშვისთვის.

2. აღმზრდელ-პედაგოგი თითოეულ ბავშვთან ურთიერთობისას იყენებს ინდივიდუალურ მიდგომას. ითვალისწინებს თითოეული ბავშვის  განვითარების დონეს, ტემპერამენტს, ძლიერ და სუსტ მხარეებს, ინტერესებს, კულტურულ მახასიათებლებს, შესაძლებლობებს.

3. აღმზრდელ-პედაგოგი თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად ზრუნავს თითოეული ბავშვის სოციალურ და ემოციურ  განვითარებაზე.

4. აღმზრდელ-პედაგოგი  ხელს უწყობს ბავშვებს თანატოლებთან და უფროსებთან კეთილგანწყობილი, მეგობრული, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.

5. აღმზრდელ-პედაგოგი თითოეულ ბავშვს აძლევს შესაძლებლობას, ისაუბროს  საკუთარ და სხვის ემოციებზე, დამოკიდებულებებზე, ქცევასა და ინტერესებზე.  ხელს უწყობს ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვასა და მოვლენის სხვისი თვალთახედვით დანახვაში.

6. აღმზრდელ პედაგოგი ბავშვებთან ურთიერთობისას გაწონასწორებული და კეთილგანწყობილია.

7. აღმზრდელ-პედაგოგი თითოეულ ბავშვთან ურთიერთობისას იყენებს ქცევის პოზიტიური მართვის სტრატეგიებს; უზრუნველყოფს მათ ჩართულობას ჯგუფის წესების შექმნაში, ყოველდღიურად მუშაობს ამ წესების დასწავლასა და გამოყენებაზე, ახორციელებს სოციალურ-ემოციური განვითარების მხარდაჭერას, თვითრეგულაციის ხელშეწყობას, უკუკავშირზე დაფუძნებულ კომუნიკაციას, საჭიროების შემთხვევაში, კონფლიქტების პოზიტიური გზით  მოგვარებას; პოზიტიური გაძღოლის სტრატეგიებს; უზრუნველყოფს მათ ჩართულობას ჯგუფის წესების შექმნაში, საჭიროების შემთხვევაში, კონფლიქტების პოზიტიური გზით  მოგვარებაში.

8. აღმზრდელ-პედაგოგი თითოეულ ბავშვს ასწავლის კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებას კომუნიკაციის, პრობლემის ანალიზისა და ურთიერთშეთანხმების გზით.

9. აღმზრდელ-პედაგოგმა იცის და პრაქტიკაში იყენებს ტრანზიციების/გარდამავალი პერიოდების მართვის პრინციპებს.

მუხლი  11.  ფიზიკური გარემო

1. აღმზრდელ-პედაგოგი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო გარემოს ორგანიზებისას ითვალისწინებს არსებულ სტანდარტებს (მათ შორის, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტს) და რეგულაციებს.

2. აღმზრდელ-პედაგოგი ფიზიკური გარემოს მოწყობისას/ ადაპტირებისას ითვალისწინებს თითოეული ბავშვის განვითარების დონეს, საჭიროებებს, ინტერესს, შესაძლებლობებსა და დასახულ საგანმანათლებლო მიზნებს. აქცენტს აკეთებს ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელიც ხელს შეუწყობს თითოეული ბავშვის ჰოლისტურ განვითარებას.

3. აღმზრდელ-პედაგოგი იცნობს უნივერსალური დიზაინის პრინციპებს და იყენებს გარემოს მოწყობის დროს.

4. აღმზრდელ-პედაგოგი ფიზიკური გარემოს მოწყობისას/ ადაპტირებისას ითვალისწინებს მოქმედებების, აქტივობების ფორმებს და უზრუნველყოფს სივრცის სწორ გადანაწილებას. იცავს ბალანსს შემდეგი ტიპის სივრცეებს შორის: სივრცე სხვადასხვა ზომის ჯგუფური და ინდივიდუალური საქმიანობებისთვის, სივრცე აქტიური/ხმაურიანი და პასიური/მშვიდი საქმიანობებისთვის შენობასა და მის გარეთ არსებულ სივრცეში.

5. აღმზრდელ-პედაგოგი უსაფრთხოების ნორმების, თითოეული ბავშვის ასაკის, განვითარების, საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, არჩევს ეკოლოგიურად სუფთა მასალებს, რესურსებს, რომლებიც ხელს უწყობს მათ ჰოლისტურ განვითარებას.

6. აღმზრდელ-პედაგოგი მასალების/რესურსების ხელმისაწვდომობას თითოეული ბავშვისათვის უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით უზრუნველყოფს.

7. აღმზრდელ-პედაგოგი თანმიმდევრულად ახდენს მასალების/რესურსების ორგანიზებას.

8. აღმზრდელ-პედაგოგი სტანდარტული სათამაშოების, საკანცელარიო ინვენტარისა და სხვა რესურსების გარდა, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესში რეგულარულად იყენებს ღია, მეორად და ბუნებრივ მასალებსა და რესურსებს.

9. აღმზრდელ-პედაგოგი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ადმინისტრაციასთან, თითოეული ბავშვის ოჯახსა და სხვა შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის საფუძველზე გეგმავს და ახორციელებს გასვლით საქმიანობებს სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში (მაგ.: მუზეუმში, ზოოპარკში, ქარხანაში, გალერეაში, თეატრში, სკოლაში, საკონცერტო დარბაზებში, სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ა.შ.) და ბუნებაში (ტყეში, ბოტანიკურ ბაღში, პარკში და ა.შ.). ამ პროცესში ითვალისწინებს უსაფრთხოების საკითხებს.

10. აღმზრდელ-პედაგოგი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ადმინისტრაციასთან, პერსონალთან ერთად მონაწილეობს ეზოს სხვადასხვა სივრცეებად (მაგ.: ბოსტანი, ბაღჩა, სივრცე სხვადასხვა ტიპის როლური თამაშებისთვის, საქვიშე, საქანელები, ასაცოცებელი, გადასახტომი, გასაძრომი  ადგილები, სივრცე სამაგიდო საქმიანობებისთვის, სივრცე მოსასვენებლად და ა.შ.) დაყოფაში ან აწოდებს ადმინისტრაციას შესაბამის რეკომენდაციებს.

მუხლი 12. დაკვირვება და შეფასება

1. აღმზრდელ-პედაგოგმა იცის შეფასების მეთოდები და ფორმები.

2. აღმზრდელ-პედაგოგი თითოეული ბავშვის პროგრესისა და სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის,  გარემოს,  საკუთარი საქმიანობის  ეფექტიანობის შესაფასებლად  სისტემატურად იყენებს შეფასებისა და დაკვირვების მრავალფეროვან არაფორმალურ და ფორმალურ მეთოდებს.

3. აღმზრდელ-პედაგოგი შეფასების შედეგებზე დაყრდნობით აყალიბებს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო მიზნებს, როგორც თითოეული ბავშვის, ისე მთელი ჯგუფისთვის, ადაპტირებას უკეთებს არსებულ სასწავლო გეგმას, იცის სხვადასხვა ტიპის გეგმების შედგენის პრინციპები და ქმნის სხვადასხვა ხანგრძლივობის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო გეგმებს (ინდივიდუალურ, ყოველდღიურ, კვირის, თვის, წლის).

4. აღმზრდელ-პედაგოგმა იცის ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების დარღვევის/შეფერხების ფორმები.

5. აღმზრდელ-პედაგოგი დაკვირვებისა და შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესში დამატებითი პერსონალის ჩართვის/დამატებითი მომსახურების შეთავაზების საჭიროებას (მაგ.: მულტიდისციპლინური გუნდი, სპეციალური პედაგოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი და ა.შ.).

6. აღმზრდელ-პედაგოგი ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების პროცესში აწარმოებს შესაბამის დოკუმენტაციას (ჩანაწერებს, პორტფოლიოს და სხვა).

7. აღმზრდელ-პედაგოგი შეფასების პროცესში (განხორციელების, შედეგების ანალიზისა და შესაბამისი ანგარიშის მომზადებისას) ითვალისწინებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებულ სტანდარტებს,  ეთიკის პრინციპებს.

8. აღმზრდელ-პედაგოგი მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს ინდივიდუალურად (წერილობითი ან ზეპირი ფორმით) აცნობს  ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების შედეგებს, მათთან ერთად განიხილავს ბავშვის განვითარებასა და განათლებასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებს, მიზნებსა და გამოწვევებს; შედეგების განხილვისას პირველ რიგში აქცენტს აკეთებს ბავშვის ძლიერ მხარეებსა და მიღწევებზე.

9. აღმზრდელ-პედაგოგი, საჭიროების შემთხვევაში, დაკვირვებისა და შეფასების შედეგებს კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვით განიხილავს კოლეგებთან და სხვა პროფესიონალებთან (მკვლევრებთან, მონიტორებთან).

მუხლი  13. ეფექტური სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი

1. აღმზრდელ-პედაგოგი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისას ითვალისწინებს თითოეული ბავშვის ინტერესებს და სხვადასხვა მეთოდით ზრუნავს მათი მოტივაციის ამაღლებაზე, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაზე, გაჩენაზე, შენარჩუნებასა და საქმიანობებში  ჩართვაზე. 

2. აღმზრდელ-პედაგოგი სხვადასხვა საქმიანობის საშუალებით წაახალისებს თითოეული ბავშვის შემოქმედებით აზროვნებასა და  პრობლემის გადაჭრის უნარს.

3. აღმზრდელ-პედაგოგი ხელს უწყობს თითოეულ ბავშვს  დამოუკიდებლად მოქმედებასა  და ინიციატივების გამოვლენაში.

4. აღმზრდელ-პედაგოგმა იცის სტრატეგიები, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვს, გააკეთოს არჩევანი, თავისუფლად გამოხატოს აზრი (მაგ.: ბავშვები ჩაერთონ სასურველი/საინტერესო თემის განხილვაში, საქმიანობის, შემაჯამებელი ღონისძიების სახეობის არჩევაში,  მონაწილეობა მიიღონ ზეიმის მოწყობის პროცესში). 

5. აღმზრდელ-პედაგოგმა იცის ქცევის პოზიტიური მართვის „გაძღოლის სტრატეგიები“ და  სხვადასხვა პოზიტიური მეთოდების მეშვეობით ახდენს ბავშებში რთული ქცევის პრევენციას; რთული ქცევის შემთხვევაში, მიმართავს პოზიტიურ მეთოდებს მის მოსაგვარებლად.

6. აღმზრდელ-პედაგოგი თითოეული ბავშვის ჰოლისტური განვითარების ხელშესაწყობად და სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის მრავალფეროვნად და საინტერესოდ წარსამართავად იყენებს სხვადასხვა ტიპის ტექნიკურ საშუალებებსა და ხელსაწყოებს.

7. აღმზრდელ-პედაგოგი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის თითოეული ეტაპის სრულფასოვნად წარმართვისა და თითოეული ბავშვის ჰოლისტური და მრავალმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად მჭიდროდ თანამშრომლობს ჯგუფში მომუშავე აღმზრდელთან  და/ან სხვა დამხმარე პერსონალთან.

8. აღმზრდელ-პედაგოგი თითოეული ბავშვის ინტერესებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, აწყობს სხვადასხვა ტიპის შემაჯამებელ ღონისძიებას (გამოფენა, სპექტაკლი, ექსკურსია, კონცერტი, შეჯიბრი და ა.შ.).

9. აღმზრდელ-პედაგოგი სწავლისა და განვითარების პროცესის ორგანიზებისას აქტიურად იყენებს კოლეგებსა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმებს (მაგ.:  კოლეგებთან ერთად განიხილავს სხვადასხვა მეთოდს, სასწავლო პროგრამებს, ესწრება კოლეგების მიერ განხორციელებულ სხვადასხვა საქმიანობას და ა.შ.).

მუხლი 14. ინკლუზიური განათლება

1. აღმზრდელ-პედაგოგი თითოეული ბავშვის საჭიროებიდან, შესაძლებლობიდან, განვითარების დონიდან გამომდინარე ქმნის/ადაპტირებას უკეთებს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო გარემოს და იყენებს შესაბამის სტრატეგიებს.

2. აღმზრდელ-პედაგოგი ბავშვებისა თუ უფროსების მიერ სხვადასხვა ნიშნის საფუძველზე (ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეროვნული, რასობრივი, რელიგიური, გენდერული და სხვა) გამოვლენილ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებასა თუ ქცევაზე სათანადოდ რეაგირებს და ხელს უწყობს სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლასა და თანასწორობის ღირებულების ჩამოყალიბებას.

3. აღმზრდელ-პედაგოგი პატივს სცემს და სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პროცესში ითვალისწინებს თითოეული ბავშვის ინდივიდუალობას, მისი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ენობრივი, ეროვნული, რასობრივი, რელიგიური და სხვა მახასიათებლების ჭრილში.

4. აღმზრდელ-პედაგოგი ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ხელს უწყობს ქართული ენის სწავლებას.

5. აღმზრდელ-პედაგოგმა იცის ინტერკულტურულ ჯგუფთან მუშაობის სტრატეგიები, ბილინგვური სწავლების მიდგომები და ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესს წარმართავს ბილინგვური სწავლების მიდგომით.

6. აღმზრდელ-პედაგოგი თითოეული ბავშვის საჭიროებების, შესაძლებლობების, კულტურული, ენობრივი, რელიგიური თავისებურებების გათვალისწინებით, იძენს ახალ ცოდნას, უნარებს და შესაბამისად იყენებს მათ სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესში (მაგ.: სხვადასხვა კულტურისთვის დამახასიათებელი სათამაშოების დამზადება ბავშვებთან ერთად და ა.შ).

7. აღმზრდელ-პედაგოგი, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვისთვის ქმნის ინდივიდუალური განათლებისა და განვითარების გეგმას.

8. აღმზრდელ-პედაგოგი შეზღუდული შესაძლებლობების/ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე თითოეული ბავშვის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესში სრულფასოვნად ჩართვისათვის ეცნობა და,  საჭიროების შემთხვევაში,  იყენებს კომუნიკაციის ალტერნატიულ ფორმებს, მათ შორის,  ჟესტურ ენას ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე, ილუსტრაციებით კომუნიკაციას და ა.შ.

9. აღმზრდელ-პედაგოგი შეზღუდული შესაძლებლობების/ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების იდენტიფიცირებისა და შემდგომ შესაბამისი მეთოდებისა და მიდგომების განსაზღვრის მიზნით, თანამშრომლობს თითოეული ბავშვის მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან, შესაბამის დარგის სპეციალისტებსა და უწყებებთან. ახდენს  გარემოსა და სწავლა-სწავლების მეთოდების მორგებას ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.

მუხლი 15. თანამშრომლობა

1. აღმზრდელ-პედაგოგი თითოეული ბავშვის ოჯახთან და თემთან რეგულარული თანამშრომლობისას მიმართავს ეფექტური კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმებსა და სტრატეგიებს.

2. აღმზრდელ-პედაგოგი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისას ითვალისწინებს და პატივს სცემს თითოეული ოჯახის კულტურულ მრავალფეროვნებასა და თემში არსებულ კულტურულ კონტექსტს.

3. აღმზრდელ-პედაგოგი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვისას ითვალისწინებს და იყენებს ოჯახის წევრებისგან ბავშვის შესახებ მიღებულ ინფორმაციას.

4. აღმზრდელ-პედაგოგი ხელს უწყობს ბავშვების ოჯახების ჩართულობას სააღმზრდელო-საგანმანათლებლო  პროცესის მიმდინარეობის თითოეულ ეტაპზე.

5. აღმზრდელ-პედაგოგი გეგმავს საქმიანობებს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვების ოჯახებს შორის კომუნიკაციასა და თანამშრომლობას.

6. აღმზრდელ-პედაგოგი სხვადასხვა ფორმით (მაგ.: საინფორმაციო შეხვედრები, შესაბამისი ლიტერატურის გაზიარება) ხელს უწყობს მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა განათლებასა და ინფორმაციის მიწოდებას ადრეულ და სკოლამდელ ასაკში ბავშვის განვითარების თავისებურებებზე, სკოლამდელი განათლების მნიშვნელობისა და ბავშვთა უფლებების შესახებ.

7. აღმზრდელ-პედაგოგი იყენებს თემში არსებულ რესურსებს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისას.

8. აღმზრდელ-პედაგოგი  თანამშრომლობს იმ უწყებებთან (სახელმწიფო უწყებები ცენტრალურ/ადგილობრივ დონეზე, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ.), რომლებიც ბავშვთან დაკავშირებულ სერვისებს სთავაზობენ საზოგადოებას.

9. აღმზრდელ-პედაგოგი ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, კონფიდენციალობის დაცვითა და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით თანამშრომლობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან და დაწყებითი კლასის მასწავლებლებთან თითოეულ ბავშვთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის (მათი განვითარების დონე, ინდივიდუალური თავისებურებანი და ა.შ.) მისაწოდებლად.

10. აღმზრდელ-პედაგოგი თანამშრომლობს იმ უწყებების წარმომადგენლებთან, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა ტიპის მონიტორინგს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში.

 

თავი V. აღმზრდელ-პედაგოგის უწყვეტი პროფესიული განათლება და თვითგანვითარება

 

მუხლი 16. აღმზრდელ-პედაგოგის უწყვეტი პროფესიული განათლება და თვითგანვითარება

1. აღმზრდელ-პედაგოგი რეგულარულად ეცნობა ადრეულ და სკოლამდელ აღზრდასა და განათლებასთან დაკავშირებულ რესურსებს: სტატიებს, კვლევებს, წარმატებული პრაქტიკის მაგალითებს, სტანდარტებს, რეგულაციებს,  სასწავლო ლიტერატურას და ა.შ.

2. აღმზრდელ-პედაგოგი რეგულარულად მონაწილეობს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ორგანიზებულ ტრენინგებში, კონფერენციებში, სემინარებში, სხვადასხვა ტიპის სამუშაო შეხვედრებში.

3. აღმზრდელ-პედაგოგი რეგულარულად მონაწილეობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების  დაწესებულების მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებში, ტრენინგებში, სემინარებში.

4. აღმზრდელ-პედაგოგი პროფესიული განვითარების მიზნით თანამშრომლობს კოლეგებთან (როგორც იმ დაწესებულების, სადაც თვითონ მუშაობს, ასევე სხვა  ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების), ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, სფეროს მკვლევარებთან, სხვა დაინტერესებულ პირებთან და რეგულარულად უზიარებს მათ საკუთარ გამოცდილებას, მოსაზრებებსა და ცოდნას.

5. აღმზრდელ-პედაგოგი ეცნობა კოლეგების (როგორც იმ დაწესებულების, სადაც თვითონ მუშაობს, ასევე სხვა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების) პრაქტიკულ საქმიანობას, გამოცდილების ურთიერთგაცვლის მიზნით, მიმართავს თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმას.

6. აღმზრდელ-პედაგოგი მჭიდროდ თანამშრომლობს დამწყებ კოლეგებთან, მოხალისეებსა და პრაქტიკანტებთან, აძლევს მათ პროფესიულ რეკომენდაციებს; ამ თანამშრომლობისას თავადაც იძენს ახალ ცოდნასა და გამოცდილებას და  ვითარდება, როგორც პროფესიონალი.

7. თანამშრომლებსა და კოლეგებთან ურთიერთობისას ითვალისწინებს ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებს, კონფიდენციალურობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპების დაცვით.

8. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ადმინისტრაციის, თანამშრომლებისა და კოლეგების მიერ მისი საქმიანობის შეფასებას იყენებს საკუთარი პროფესიული განვითარებისათვის.

9. აღმზრდელ-პედაგოგი რეგულარულად აწარმოებს თვითშეფასებას, საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების განსასაზღვრად; თვითშეფასების შედეგებიდან გამომდინარე, აყალიბებს მიზნებს თვითგანვითარების კუთხით და გეგმავს, თუ რა პერიოდში და რა საშუალებებით შეძლებს დასახული მიზნების მიღწევას.

10. აღმზრდელ-პედაგოგი თვითგანვითარების გეგმიდან გამომდინარე ახორციელებს კონკრეტულ საქმიანობებს პროფესიული განვითარებისათვის (მაგ.: მიმართავს შესაბამის უწყებებს ტრენინგის გასავლელად, ეცნობა ლიტერატურას, თანამშრომლობს კოლეგებთან).

11. ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე მონაწილეობს სხვადასხვა ტიპის რეგულაციების, სტანდარტების, პროგრამების  შემუშავებაში, განხილვასა და დანერგვაში.