შპს „ნიუ ენერჯის“ გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ

შპს „ნიუ ენერჯის“ გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/14897-12
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 05/10/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2017
სარეგისტრაციო კოდი
2/14897-12
05/10/2017
ვებგვერდი, 16/10/2017
შპს „ნიუ ენერჯის“ გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე № 2/ 14897-12

განჩინება

საქართველოს სახელით

გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ

2017 წლის 5 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელ − მოვალე − შპს „ნიუ ენერჯი“ (ს/კ 205026559)

დირექტორი − თამაზ გოგრიჭიანი

წარმომადგენელი − თამარ როგავა

მეურვე − აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი − ნათია სახოკია

მოთხოვნა − გაკოტრების მმართველის დანიშვნა

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების მმართველის დანიშვნის საკითხი და

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „ნიუ ენერჯის“ გაკოტრების საქმის წარმოება.

2017 წლის 5 ოქტომბერს კრედიტორთა კრებაზე განხილული იქნა გაკოტრების მმართველად შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენის“ (გენერალური დირექტორი ნოდარ პაპუკაშვილი) დანიშვნის საკითხი. კრედიტორები დაეთანხმნენ შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენის“ (გენერალური დირექტორი ნოდარ პაპუკაშვილი) გაკოტრების მმართველად დანიშვნას.

სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს, მოუსმინა კრედიტორებს, მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად გაკოტრების მმართველად შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენის“ (გენერალური დირექტორი ნოდარ პაპუკაშვილი) დანიშვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

„,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კრედიტორთა კრება ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ.

ამავე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილების მიხედვით, კრედიტორთა კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება მასზე წარმოდგენილ ხმათა უბრალო უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. კრედიტორთა ხმების რაოდენობა განისაზღვრება შემდეგი წესით: 1 ლარის მოთხოვნა 1 ხმა (დამრგვალება ხდება უმცირესისაკენ), ხოლო 27-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, თუ კრედიტორთა კრება არ შედგა, ან კრება გადაწყვეტილებაუუნაროა, ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, 7 დღის ვადაში იმავე დღის წესრიგით მოიწვევა მეორე კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება მასზე წარმოდგენილ ხმათა რაოდენობის მიუხედავად.

ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გაკოტრების პროცესში საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობას ახორციელებს გაკოტრების მმართველი. გაკოტრების მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისათვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით.

აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მე-3 ნაწილის შესაბამისად, გაკოტრების მმართველი შესაძლებელია იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. გაკოტრების მმართველი უნდა იყოს მხარეთაგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი (იურიდიული პირის შემთხვევაში – საქმიანი რეპუტაციის მქონე) პირი. გაკოტრების მმართველად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც ახორციელებს იმავე ან მსგავს საქმიანობას, როგორსაც მოვალე. ვინაიდან კრედიტორის – საქართველოს ბანკის მიერ იქნა წარმოდგენილი გაკოტრების მმართველის კანდიდატურა და კრებაზე კრედიტორებმა მხარი დაუჭირეს მმართველის დანიშვნას, სასამართლოს მოთხოვნა დასაბუთებულად მიაჩნია.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 27-ე, 36-ე, 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. დამტკიცდეს კრედიტორთა კრების 2017 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება და გაკოტრების მმართველად დაინიშნოს შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი“ (გენერალური დირექტორი ნოდარ პაპუკაშვილი) (საიდენტიფიკაციო ნომერი 404859382, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვ., კორპ. 3, ბინა 83).

2. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ან გადაცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                                         თამარ ჭუნიაშვილი