დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 453 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 06/10/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/10/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 140070000.10.003.020162 |
|
საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ
|
მუხლი 1 |
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-9 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის მომზადების წესები.
|
მუხლი 2 |
საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმები საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის სუბიექტებმა, გარდა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ორგანიზაციებისა, კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშაონ და დაამტკიცონ არაუგვიანეს 2018 წლის 31 დეკემბრისა.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის მომზადების წესები
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის (შემდგომში – რისკის მართვის გეგმა) მომზადების წესების (შემდგომში – წესი) მიზანია რისკის მართვის გეგმის შექმნა, რომელიც შეამცირებს მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციით გამოწვეულ უარყოფით შედეგს. 2. ეს წესი განსაზღვრავს მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის რისკის იდენტიფიცირების, ანალიზისა და შეფასების პროცედურებს, აგრეთვე რისკის მართვის გეგმის მომზადებისათვის აუცილებელ სხვა საკითხებს. 3. ეს წესი გამოიყენება საგანგებო სიტუაციის პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირებისა და აღდგენითი ღონისძიებების დაგეგმვის ეტაპზე. მუხლი 2. საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფა 1. რისკის მართვის გეგმა უნდა ითვალისწინებდეს მოსახლეობის მომზადებას, სწავლებასა და ინფორმირებას საგანგებო სიტუაციების რისკის, მისი გამომწვევი ფაქტორებისა და იმ მოქმედებების შესახებ, რომლებიც შესაძლებელია განხორციელდეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. 2. საზოგადოების ინფორმირების მიზნით ქვეყნდება რისკისა და საფრთხის რუკები, აგრეთვე რისკის შესაძლო განვითარების სცენარი. მუხლი 3. რისკის მართვის გეგმის შემუშავებისათვის უფლებამოსილი სუბიექტები 1. რისკის მართვის გეგმას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან (შემდგომში – სააგენტო) შეთანხმებით, შეიმუშავებენ და ამტკიცებენ საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის შესაბამისი სუბიექტები (შემდგომში – ერთიანი სისტემის სუბიექტები), გარდა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ორგანიზაციებისა. საგანგებო სიტუაციის რისკის განსაზღვრის პროცესში ერთიანი სისტემის შესაბამისი სუბიექტების გარდა, აგრეთვე მონაწილეობენ შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები და ამ სფეროს ექსპერტები. 2. რისკის მართვის გეგმის შემუშავებისას ერთიანი სისტემის სუბიექტები განსაზღვრავენ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ/მოსალოდნელ რისკებს. ამ მიზნით, ერთიანი სისტემის სუბიექტები ადგენენ საფრთხის წინაშე მყოფ ყველა იმ სოციალურ, ეკონომიკურ (საწარმოო) სექტორსა და შესაძლო საგანგებო სიტუაციის ზონას, რომელთათვისაც არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციური რისკი. 3. ერთიანი სისტემის სუბიექტები რისკის მართვის გეგმის მომზადებისას შეიმუშავებენ ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ზონირებულ ტერიტორიაზე განსახორციელებელ საგანგებო სიტუაციის პრევენციულ, რეაგირების, აღდგენით, მოსახლეობის დაცვისა და მზადყოფნის ღონისძიებებს. 4. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ რისკის მართვის გეგმა მუშავდება ეროვნულ დონეზე, მათი უწყებრივი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის სფეროში დამახასიათებელი რისკის გათვალისწინებით. 5. მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ რისკის მართვის გეგმის შემუშავება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში დამახასიათებელი რისკის გათვალისწინებით. მუხლი 4. საგანგებო სიტუაციის რისკის სახეები და ხარისხი 1. საგანგებო სიტუაციის რისკი არის საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შესაძლებლობა, რომელიც განისაზღვრება ადამიანის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და ქონებაზე, აგრეთვე გარემოზე უარყოფითი ზემოქმედებითა და შედეგებით. 2. განისაზღვრება შემდეგი სახის საგანგებო სიტუაციის რისკები: ა) დარჩენილი რისკი – რისკი, რომლის შემცირების მიზნითაც მიღებულია შესაბამისი ზომები, ექვემდებარება მართვას და მისი შემდგომი გამკლავების მიზნით აუცილებელ პირობად რჩება საგანგებო რეაგირებისა და აღდგენისათვის საჭირო პოტენციალის შენარჩუნება; ბ) დასაშვები რისკი – იმ რისკის ზღვარი, რომლისგან გამომდინარე პოტენციური დანაკარგი საზოგადოებაში/ორგანიზაციაში მიიჩნევა დასაშვებად მოცემული სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, ტექნიკური და ეკოლოგიური პირობების გათვალისწინებით; გ) ექსტენსიური რისკი – რისკი, რომელიც უკავშირდება ერთმანეთისგან დაშორებული მოსახლეობის წინაშე არსებულ განმეორებად ან მუდმივ საფრთხეს, ხასიათდება დაბალი ან საშუალო ინტენსივობით; დ) ინტენსიური რისკი – რისკი, რომელიც დაკავშირებულია მოსახლეობის თავშეყრისა და ეკონომიკური საქმიანობის ადგილებში მნიშვნელოვანი საფრთხის არსებობასთან და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დიდი რაოდენობის მსხვერპლი და მატერიალური დანაკარგი; ე) მხოლობითი რისკი – კონკრეტულ გეოგრაფიულ ზონაში ერთი კონკრეტული საფრთხისგან გამომდინარე საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შესაძლებლობა, რომელიც განისაზღვრება ადამიანთა სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და ქონებაზე, აგრეთვე გარემოზე მოსალოდნელი უარყოფითი ზემოქმედებითა და შედეგებით; ვ) მრავლობითი რისკი – ერთდროულად ან დროის მოკლევადიან შუალედში თანმიმდევრობით მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციები, რომლებიც დამოკიდებულია ერთმანეთზე, გამოწვეულია ერთი და იმავე მიზეზით ან მომდინარეობს რამდენიმე საფრთხისაგან. 3. რისკის ხარისხის მაჩვენებელი განისაზღვრება ხუთქულიანი სისტემით, კერძოდ: ა) 1 ქულა – უმნიშვნელო – მოახდენს უმნიშვნელო გავლენას გარემოზე, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებზე; ბ) 2 ქულა – საშუალო – მოახდენს გავლენას გარემოზე, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებზე, თუმცა მის შედეგებთან გამკლავება შესაძლებელი იქნება მოკლე ვადაში; გ) 3 ქულა – საშუალოდ მძიმე – საგრძნობ ზიანს მიაყენებს გარემოს, მოსახლეობასა და უწყებებს/ორგანიზაციებს, გამოიწვევს სამოქალაქო უსაფრთხოების გაუარესებას, ასევე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებზე, მაგრამ მის შედეგებთან გამკლავება შესაძლებელი იქნება რესურსების მაქსიმალური მობილიზების გარეშე და არ შეაფერხებს საზოგადოებისა და შესაბამისი ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებას; დ) 4 ქულა – მძიმე – სერიოზულ ზიანს მიაყენებს გარემოს, მოსახლეობას, აგრეთვე უწყებებს/ორგანიზაციებს, საფრთხეს შეუქმნის მათ ფუნქციონირებას. ასევე უდიდეს გავლენას მოახდენს ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებზე, მისი შედეგების აღმოფხვრას დასჭირდება ეროვნული რესურსების სრული ამოქმედება; ე) 5 ქულა – კატასტროფული – გამანადგურებლად იმოქმედებს გარემოზე, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებზე, არსებით საფრთხეს შეუქმნის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მათ არსებობას, აგრეთვე უწყებების/ორგანიზაციების ფუნქციონირებას. შედეგების აღმოფხვრისათვის საკმარისი არ იქნება ეროვნული რესურსები და გარდაუვალია ფართომასშტაბიანი საერთაშორისო დახმარების საჭიროება. მუხლი 5. რისკის განსაზღვრა 1. საგანგებო სიტუაციის რისკის განსაზღვრის პროცესში თანამშრომლობა ხორციელდება საგანგებო სიტუაციის მართვის დონის შესაბამის ორგანოებთან. 2. რისკის განსაზღვრის პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი სახის გეოგრაფიული ინფორმაცია: ვექტორული და სკალარული მონაცემები, სივრცითი გაფართოება და მთლიანი გეოინფორმაციული სისტემის შესახებ მონაცემები. 3. რისკის განსაზღვრის პროცესში ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს რისკის მართვასთან დაკავშირებული ხარჯები და პოტენციური მატერიალური ზიანი (მათ შორის, აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო ხარჯები). 4. საგანგებო სიტუაციის რისკის მატრიცა განისაზღვრება მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის სიძლიერის, მისი ალბათობისა და ზეგავლენის მატრიცათა ნამრავლით. 5. მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის სიძლიერე განისაზღვრება მისგან გამომდინარე დამაზიანებელი ფაქტორების ინტენსივობის, ძალის, წარმოქმნის სიჩქარის, მოქმედების ხანგრძლივობისა და სხვა განმსაზღვრელი პარამეტრებით, ხოლო ალბათობა – ამ წესის №1 დანართით. 6. რისკის განსაზღვრის საწყის ეტაპზე განისაზღვრება საფრთხის წინაშე მდგომი ყველა ის სოციალური, ეკონომიკური (საწარმოო) სექტორები და მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციების ზონები, სადაც შესაძლებელია პოტენციური რისკების თავიდან აცილება ან შემცირება. 7. რისკის განსაზღვრა მოიცავს რისკის იდენტიფიცირებას, ანალიზსა და შეფასებას. მუხლი 6. რისკის იდენტიფიცირება 1. რისკის იდენტიფიცირება მოიცავს მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის ზონის, საფრთხის, მისი წინმსწრები მოვლენებისა და გამომწვევი მიზეზების, საფრთხის წინაშე მდგომი ელემენტების (მოსახლეობა, ქონება, ტექნოლოგიური, საკომუნიკაციო, სატრანსპორტო, ენერგო და სხვა სახის სისტემები) იდენტიფიცირებას. 2. რისკის იდენტიფიცირება აგრეთვე ითვალისწინებს საგანგებო სიტუაციების შედეგად განვითარებულ შესაძლო მეორად დამაზიანებელ ფაქტორებს. 3. რისკის იდენტიფიცირების მიზნით იქმნება იმ გარემოებათა სრული სია, რომელმაც შეიძლება წარმოშვას, გააძლიეროს, თავიდან აიცილოს ან შეარბილოს მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის საფრთხე. რისკის გამომწვევი ან/და ხელშემწყობი გარემოებები დგინდება წინასწარგანსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, მათი ადამიანებზე ზემოქმედების, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და ბუნებრივი (გარემო) პირობების გათვალისწინებით. 4. რისკის იდენტიფიცირება უნდა ეფუძნებოდეს მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის საფრთხის კვლევაზე დამყარებულ სტატისტიკურ მონაცემებს. მუხლი 7. რისკის ანალიზი რისკის ანალიზი მოიცავს კონკრეტული, საფრთხის წარმოშობის მიზეზებისა და ალბათობის, რისკის სახეებისა და ხარისხის, მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის მასშტაბისა და უარყოფითი შედეგების, აგრეთვე რისკების პრიორიტეტულობის განსაზღვრას. რისკის ანალიზის საფუძველზე ხდება რისკის მართვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა დასახვა. მუხლი 8. რისკის შეფასება 1. რისკის შეფასება მოიცავს: ა) მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის საფრთხისა და არსებული მოწყვლადობის შეფასებით მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის ხასიათისა და მასშტაბის განსაზღვრას; ბ) საფრთხის წინაშე მდგომი ადამიანების სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და ქონებაზე, აგრეთვე გარემოზე უარყოფითი ზემოქმედებისა და შედეგების მაჩვენებლების განსაზღვრას; გ) რისკის გარკვეული სიდიდის დაშვების მიზნით, რისკის ანალიზის შედეგების რისკის განმსაზღვრელ პარამეტრებთან შედარებას. 2. რისკის შეფასების პროცესის დაწყებამდე, ტერიტორიული მატრიცის შექმნის მიზნით, ხორციელდება შესაძლო საგანგებო სიტუაციების ზონის ფიქსირებული საზღვრების მქონე ტერიტორიებად დაყოფა (ზონირება) და რისკის შესაბამისი ქულების შერჩევა. ტერიტორიული მატრიცა იქმნება თითოეული ზონირებული ტერიტორიის დეტალური აღწერის საფუძველზე, რაც მოიცავს შემდეგ მონაცემებს: ა) მოსახლეობის, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ოჯახთა რაოდენობა (ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით) და სიმჭიდროვე; ბ) გარემოს მახასიათებლები (დაცული ტერიტორიები, სასოფლო-სამეურნეო მიწები და სხვა); გ) ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია; დ) მომარაგების სისტემები (წყალმომარაგების, ელექტრომომარაგების, გაზმომარაგებისა და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა); ე) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. 3. რისკის შეფასების პროცესში გამოიყენება ორგანზომილებიანი (საფრთხის ალბათობისა და მისი ზეგავლენის ხარისხის) სკალა (დანართი №2). მუხლი 9. საგანგებო სიტუაციის ზეგავლენის შეფასება 1. საგანგებო სიტუაციის ზეგავლენის მატრიცა წარმოადგენს სავარაუდო საფრთხის ყველა კატეგორიის ზეგავლენათა ჯამური მატრიცისა და მედეგობის მატრიცის ფარდობას. 2. საგანგებო სიტუაციის შესაძლო შედეგები განისაზღვრება საფრთხის ზეგავლენის კატეგორიათა ჯამური მნიშვნელობით. საფრთხის ზეგავლენის კატეგორიებია: ა) ზეგავლენა ადამიანებზე – ადამიანებზე საგანგებო სიტუაციის უარყოფითი შედეგების რაოდენობრივი მაჩვენებელი: სიკვდილიანობა, მძიმედ დაშავებული ან დაავადებული ადამიანების რაოდენობა, ასევე იმ პირთა რაოდენობა, რომელთა ქონებაც დაზიანდა; ბ) ზეგავლენა გარემოზე – გარემოზე მიყენებული ზიანი და ამ ზიანის აღმოფხვრისათვის გაწეული ხარჯები; გ) ზეგავლენა ეკონომიკაზე – ისეთი ხარჯების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს: მოსახლეობის დაცვისათვის, სადაზღვევო ანაზღაურებისათვის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისათვის, ინფრასტრუქტურის, საკუთრებისა და კულტურული მემკვიდრეობის ფასეულობათა დაცვის ღონისძიებების განხორციელებისათვის გაწეულ ხარჯებს, ასევე ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებულ ხარჯებს; დ) სოციალურ-პოლიტიკური ზეგავლენა – საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხარისხის ცვლილება, კულტურულ ფასეულობათა დაზიანება და ყველა ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც იზომება არა უშუალოდ რაოდენობრივი საზომი სკალით, არამედ მისი გამოვლენის სიძლიერის შესაბამისი ქულებით. პოლიტიკურ-სოციალური ზემოქმედება იყოფა: მატერიალური ხასიათის – სტრუქტურულ და არამატერიალური ხასიათის – არასტრუქტურულ ზემოქმედებად. 3. საგანგებო სიტუაციის ზეგავლენის სიდიდე გამოიანგარიშება მისი გამოვლენის სიძლიერის ან/და ხარისხის ამსახველი ქულების მიხედვით: ა) ზეგავლენა ადამიანებზე – დაზარალებული მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით; ბ) ზეგავლენა ეკონომიკასა და გარემოზე – ხარჯებისა და ზარალის ოდენობის მიხედვით; გ) სოციალურ-პოლიტიკური ზეგავლენა – შემდეგი ქულების მიხედვით: 1 ქულა შეესაბამება შეზღუდულ/უმნიშვნელო ზეგავლენას; 2 ქულა – მცირეს/არსებითს; 3 ქულა – ზომიერს/სერიოზულს; 4 ქულა – მნიშვნელოვანს/ძალიან სერიოზულს; 5 ქულა – კატასტროფულს. თითოეული ქულა დგინდება ზეგავლენის განმსაზღვრელ ყველა აუცილებელ კრიტერიუმთან შედარებით დადგენილ სიდიდეთა ჯამური მნიშვნელობის საფუძველზე. 4. საგანგებო სიტუაციის ზეგავლენის ანალიზი უნდა ეფუძნებოდეს ემპირიულ ფაქტებს, წარსულში მომხდარი საგანგებო სიტუაციებიდან გამომდინარე გამოცდილებასა და ზეგავლენის რაოდენობრივ შეფასებას. 5. საგანგებო სიტუაციის ზეგავლენის კატეგორიის იდენტიფიკატორები, პარამეტრები და მათი საზომი ერთეულები განისაზღვრება №3 დანართით. 6. საგანგებო სიტუაციის ზეგავლენის პარამეტრების ზღვრული მნიშვნელობები განისაზღვრება საგანგებო სიტუაციის კლასიფიკაციის მახასითებლების მიხედვით (დანართი №4), რომელიც დგინდება ექსპერტული კვლევის საფუძველზე სააგენტოსთან შექმნილი საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს მიერ და ორ წელიწადში ერთხელ გამოიცემა საქართველოს მთავრობის განკარგულებით. მუხლი 10. მოწყვლადობა და მისი შეფასება 1. მოწყვლადობა არის მდგომარეობა, რომელიც განაპირობებს მოსახლეობის, საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის შესაბამისი სუბიექტის, საკუთრების დაუცველობას. მოწყვლადობის შეფასება ხორციელდება რისკის ანალიზის ეტაპზე. 2. მოწყვლადობა არის ორი სახის – ფიზიკური და სოციალური: ა) ფიზიკური მოწყვლადობა განისაზღვრება ინფრასტრუქტურის მედეგობით, საფრთხის წინაშე მდგომი ობიექტის მახასიათებლითა და საფრთხისგან გამოწვეული დამაზიანებელი ფაქტორების სიძლიერით; ბ) სოციალური მოწყვლადობა განისაზღვრება საფრთხის წინაშე მდგომი მოსახლეობის დაცულობის, მომზადებისა და ინფორმირებულობის ხარისხით. 3. ფიზიკური მოწყვლადობის ანალიზი პირველ რიგში მუშავდება სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას დაქვემდებარებული ობიექტებისათვის შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ობიექტის ფუნქციური დანიშნულება, ინფრასტრუქტურის განლაგების სიმჭიდროვე, სართულიანობა, კონსტრუქციული გადაწყვეტა, გამოყენებული სამშენებლო მასალებისა და კონსტრუქციების სახეობა, საგანგებო სიტუაციების დროს შენობათა გამოყენების აუცილებლობა და სხვა. 4. სოციალური მოწყვლადობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოსახლეობის რაოდენობა, სიმჭიდროვე, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, აგრეთვე მოსალოდნელ საგანგებო სიტუაციასთან გამკლავების უნარი. 5. მოწყვლადობის შეფასება მოიცავს რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის, საკუთრების, ტექნოლოგიური, საკომუნიკაციო, სატრანსპორტო, ენერგო და სხვა სახის სისტემების იდენტიფიცირებას. 6. მოწყვლადობის მატრიცა იქმნება ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ზონირებული ტერიტორიული მატრიცის შესაბამისად. 7. ფიზიკური მოწყვლადობის შეფასება ხორციელდება კომპლექსური კრიტერიუმის საფუძველზე, რომლის მნიშვნელობაც დგინდება შემდეგი ცალკეული კრიტერიუმების ჯამით: ა) შენობა-ნაგებობის გამძლეობის კრიტერიუმი, რომელიც განისაზღვრება მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის შედეგების ანალიზის, ექსპერიმენტული კვლევებისა და მოწყვლადობის კლასის მინიჭების საფუძველზე. გამძლეობის კრიტერიუმის წილობრივი კოეფიციენტის მნიშვნელობა კომპლექსური კრიტერიუმის სრულ სიდიდეში შეადგენს 0,25-ს. გამძლეობის კრიტერიუმის დასადგენად შენობები იყოფა მოწყვლადობის 6 კლასად (დანართი №5); ბ) შენობა-ნაგებობის ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებთან შესაბამისობის კრიტერიუმი. ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის კრიტერიუმის წილობრივი კოეფიციენტის მნიშვნელობა კომპლექსური კრიტერიუმის სრულ სიდიდეში შეადგენს 0,15-ს. აღნიშნული კრიტერიუმის რიცხვითი მნიშვნელობა განისაზღვრება შენობა-ნაგებობის პასპორტისა და თავდაპირველ საპროექტო დავალებებში მოცემული პარამეტრების შესაბამისად. შენობა-ნაგებობის ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებთან სრული შესაბამისობის შემთხვევაში კრიტერიუმის მნიშვნელობა აიღება – 1; როდესაც ნორმატიული დატვირთვების სიდიდეები, შენობა-ნაგებობის საექსპლუატაციო პირობების გაუარესების მიმართულებით მათი ცვლილების ლიმიტის გათვალისწინებით, არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს – 0,5; როდესაც მზიდ კონსტრუქციებად არ არის გამოყენებული არაწვადი და არალპობადი მასალები – 0,75; როდესაც შემომფარგლავ კონსტრუქციებად არ არის გამოყენებული არაწვადი და არალპობადი მასალები – 0,85; შენობა-ნაგებობის ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებთან შეუსაბამობის სხვა შემთხვევაში – 0,9. ერთდროულად შეუსაბამობის რამდენიმე შემთხვევის არსებობის შემთხვევაში აიღება მათგან მინიმალური მნიშვნელობა; გ) შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის კრიტერიუმი, რომელიც განისაზღვრება მზიდი სამშენებლო კონსტრუქციების გარეგანი ნიშნების გამოკვლევის საფუძველზე (დანართი №6). შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის კრიტერიუმის წილობრივი კოეფიციენტის მნიშვნელობა კომპლექსური კრიტერიუმის სრულ სიდიდეში შეადგენს 0,15-ს; დ) კრიტერიუმი, რომელიც განისაზღვრება შენობა-ნაგებობის ფაქტობრივი მზიდუნარიანობის მახასიათებლების სიდიდის იმ მნიშვნელობასთან შეფარდებით, რაც დადგენილია ასეთი ტიპის შენობა-ნაგებობის საკმარისი ამტანუნარიანობისა და ნორმალური ექსპლუატაციის უზრუნველყოფის პირობებით. კრიტერიუმის წილობრივი კოეფიციენტის მნიშვნელობა ფიზიკური მოწყვლადობის სრულ სიდიდეში შეადგენს 0,45-ს. კრიტერიუმის რიცხვითი მნიშვნელობა არ უნდა აღემატებოდეს 1,2-ს. აღნიშნული კრიტერიუმის განსაზღვრის მიზნით ტარდება: დ.ა) სამშენებლო მოედნის გეოლოგიური, სეისმური, მეტეოროლოგიური, კლიმატური, ეკოლოგიური და სხვა სახის გამოკვლევა და შეფასება; დ.ბ) შესაძლო საგანგებო სიტუაციის მიერ დამაზიანებელი ფაქტორების შედეგად შენობა-ნაგებობისათვის გამოწვეული დატვირთვის დადგენა და შესაბამისი საანგარიშო სქემის შერჩევა; დ.გ) შენობა-ნაგებობის საანგარიშო კონსტრუქციული სქემის რიცხვითი მოდელირება; დ.დ) შენობა-ნაგებობის გაანგარიშება და მიღებული შედეგების ანალიზი. 8. სოციალური მოწყვლადობის შეფასება ხდება საფრთხისგან გამოწვეული დამაზიანებელი ფაქტორების მიმართ საზოგადოების დაცულობის განმსაზღვრელი პარამეტრების საშუალო არითმეტიკული მნიშვნელობის დადგენით. 9. საფრთხისგან გამოწვეული დამაზიანებელი ფაქტორების მიმართ საზოგადოების დაცულობის პარამეტრები განისაზღვრება №7 დანართით. 10. ამ მუხლის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის მიხედვით დგება მოწყვლადი ელემენტების აღმნიშვნელი რუკა. მუხლი 11. მედეგობის შეფასება 1. მედეგობა არის ქვეყანაში არსებული შესაბამისი სამსახურების (ორგანო/ორგანიზაცია), მოსახლეობის ან საზოგადოების შესაძლებლობა, წინააღმდეგობა გაუწიონ საფრთხეს, გაუმკლავდნენ საფრთხის შესაძლო შედეგებს და დაუბრუნდნენ ნორმალურ მდგომარეობას. 2. მედეგობის შეფასება ხორციელდება №8 დანართის შესაბამისად. მუხლი 12. რისკის განვითარების სცენარი 1. რისკის განვითარების სცენარი არის ერთი ან რამდენიმე მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის რეალური აღწერა ილუსტრაციით. 2. რისკის განვითარების სცენარში წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა) საგანგებო სიტუაციის ზონის ტერიტორიის გეოგრაფიული მონაცემები; ბ) საგანგებო სიტუაციის დამაზიანებელი ფაქტორები (მაგალითად, წყალდიდობის შემთხვევაში – დატბორვის სიღრმე ან დონე, ნაკადის სიჩქარე, გაშლის არეალის ზომები და სხვა); გ) მოსახლეობის რაოდენობა, რომელსაც პოტენციურად შეეხება საფრთხე; დ) პოტენციური საგანგებო სიტუაციების ზონაში ეკონომიკური საქმიანობის ხასიათი; ე) მონაცემები მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ მეორადი დამაზიანებელი ფაქტორების გამოწვევა; ვ) მონაცემები სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას დაქვემდებარებული ობიექტებისა და განსაკუთრებით მოწყვლადი ობიექტების შესახებ; ზ) მოვლენის დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად მოსალოდნელი შედეგების შეფასება; თ) ინფორმაცია გარემოს დამაბინძურებელი წყაროების შესახებ. 3. რისკის განვითარების სცენარის აღწერის ძირითადი პარამეტრები და მისი განმსაზღვრელი საკვანძო კითხვები დადგენილია №9 დანართის შესაბამისად. მუხლი 13. საფრთხისა და რისკის რუკები 1. ერთიანი სისტემის შესაბამისი სუბიექტები ამზადებენ საფრთხისა და რისკის რუკებს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ზონირებული ტერიტორიის ფარგლებში. 2. საფრთხის რუკის შემუშავება მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს რისკის მართვის პროცესში. საფრთხის რუკის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს პირველადი და მეორადი საფრთხე, ასევე მათი მახასიათებლები. მეორადია საფრთხე, რომელიც წარმოიშობა სხვა საგანგებო სიტუაციის (პირველადი) დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად. 3. საფრთხის რუკა მოიცავს იმ გეოგრაფიულ რაიონებს, რომლებიც შესაძლოა აღმოჩნდნენ საგანგებო სიტუაციის დამაზიანებელი ზემოქმედების არეალში. 4. რისკის რუკაზე გრაფიკულად აისახება რისკის სახეები, კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული საფრთხე და მოწყვლადი ელემენტები. რისკის რუკა გამოიყენება რისკის შეფასების პროცესში. მისი მეშვეობით განისაზღვრება რისკების შემცირების ღონისძიებები. 5. რისკის რუკა მზადდება რისკის ანალიზის საფუძველზე. იგი დგება საფრთხეების რუკებისა და მოწყვლადი ელემენტების აღმნიშვნელი რუკების შედგენის შემდგომ. მუხლი 14. რისკის შემცირება 1. რისკის მართვის პროცესში რისკის განსაზღვრის შემდგომ ხორციელდება რისკის შემცირების ღონისძიებათა დაგეგმვა (დანართი №10) და მათი მიმდინარეობის მონიტორინგი. 2. რისკის შემცირების კომპონენტებია: ა) საფრთხის შემცირება; ბ) საფრთხის წინაშე მდგომი ელემენტების მოწყვლადობის შემცირება; გ) მედეგობის ამაღლება; დ) რისკის ტრანსფერის ორგანიზება, რომელიც ხორციელდება კონკრეტული რისკის შედეგების დაძლევის მიზნით და გულისხმობს საგანგებო სიტუაციის დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მოსახლეობის ფინანსურ დახმარებას. 3. რისკის შემცირების მიზნით ხორციელდება სტრუქტურული ან არასტრუქტურული პრევენციული ღონისძიებები. სტრუქტურული ღონისძიება მოიცავს საინჟინრო სახის ღონისძიებას, კერძოდ, საფრთხის მიმართ მედეგი და საფრთხისგან დამცავი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ხოლო არასტრუქტურული ღონისძიება არის ნებისმიერი არამატერიალური სახის აქტივობა, რაც გულისხმობს ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებისა და ინსტრუქციების შემუშავებას, აგრეთვე საზოგადოების ინფორმირებას. მუხლი 15. რისკის მართვის გეგმა რისკის მართვის გეგმა ექვემდებარება განახლებას არაუმეტეს ორ წელიწადში ერთხელ, ხოლო ახალი საფრთხის გამოვლენის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ. |
დოკუმენტის კომენტარები