შპს „ტაჩი საქართველოს“ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

შპს „ტაჩი საქართველოს“ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/13985-17
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 26/09/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/10/2017
სარეგისტრაციო კოდი
2/13985-17
26/09/2017
ვებგვერდი, 04/10/2017
შპს „ტაჩი საქართველოს“ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/13985-17

განჩინება

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

2017 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელი – შემოსავლების სამსახური

დავების დეპარტამენტის უფროსი – რომან ბუღაძე

მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება

მოვალე – შპს „ტაჩი საქართველო“

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

გამოარკვია:

2017 წლის 3 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ტაჩი საქართველოს“ წარმომადგენელმა ბაჩუკი ქირიამ და მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 აპრილის განჩინებით შპს „ტაჩი საქართველოს“ წარმომადგენელს დაუდგინდა ხარვეზი, განესაზღვრა 5 (ხუთი) სამუშაო დღე ხარვეზის შესავსებად.

2017 წლის 24 აპრილს შპს „ტაჩი საქართველოს“ წარმომადგენლის ბაჩუკი ქირიას მიერ შევსებულ იქნა დადგენილი ხარვეზი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის განჩინებით შპს „ტაჩი საქართველოს“ უარი ეთქვა მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ მათ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „ტაჩი საქართველოს“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით განჩინების გაცნობიდან 1 თვის ვადაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2017 წლის 30 მაისს კანონით დადგენილ ვადაში განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა შპს „ტაჩი საქართველოს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით შემოსავლების სამსახურს დაუდგინდა ხარვეზი.

2017 წლის 22 სექტემბერს შემოსავლების სამსახურის მიერ შევსებულ იქნა დადგენილი ხარვეზი.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შემოსავლების სამსახურის განცხადება აკმაყოფილებს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ის მიღებული უნდა იქნეს სასამართლოს წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-19, მე-20, 21-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. განმცხადებლის შემოსავლების სამსახურის განცხადება შპს „ტაჩი საქართველოს“ (ს/კ:405069866) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში.

2. მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ – აღსრულების ეროვნული ბიურო), აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით.

4. შეჩერდეს მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.

5. იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა. საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები.

6. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან გადახდისუუნარობის (გაკოტრების, რეაბილიტაციის) საქმის წარმოების პროცესში მოვალის ინტერესებს იცავს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე.

7. განემარტოს მეურვეს, რომ იგი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობაზე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, მეურვე ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს, მოამზადოს და ორგანიზაციულად უზრუნველყოს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კომიტეტის სხდომა თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში. მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურების შესახებ.

8. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, რომლებიც დაკავშირებულია სამეურვეო ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვასთან. ამ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ნებართვას გასცემს განჩინების ფორმით, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით. კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება. მოამზადოს დასკვნა მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ასევე მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ და აღნიშნული დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს კრედიტორთა კრებას. მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის მიერ გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის ინიციატორი, ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

9. განემარტოთ კრედიტორებს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

10. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2017 წლის 3 ნოემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6, დარბაზი №29) შემდეგი დღის წესრიგით: 1. მეურვის ანგარიშის მოსმენა; 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა; 3. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა.

11. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ არაუგვიანეს 2017 წლის 4 ოქტომბრისა, განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე – www.tcc.gov.ge.

12. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                                                თამარ ჭუნიაშვილი