ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 177/1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2017
ძალაში შესვლის თარიღი 20/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016500
177/1
20/09/2017
ვებგვერდი, 09/10/2017
480610000.03.030.016500
ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
 

 


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,

გადაწყვიტეს რა, ხელი შეუწყონ ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ თანამშრომლობას,

მიზნად ისახავენ რა, გაეროს წესდების შესაბამისად, განავითარონ და განამტკიცონ მეგობრული ურთიერთობა ორ ერს შორის,

მიიჩნევენ რა, სასარგებლოდ სხვადასხვა დონეზე კონსულტაციების გამართვასა და აზრთა გაცვლას ორივე მხარის ინტერესების შესაბამისად,

თანხმდებიან შემდეგზე:


მუხლი 1

მხარეები შემდგომში განავითარებენ კავშირებს საერთაშორისო ასპარეზზე მათი ერთმანეთთან დაახლოების, საყოველთაო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისა და გაეროს წესდების შესაბამისად, საერთაშორისო არენაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.    

მუხლი 2

ორმხრივი ურთიერთობის განვითარების მიზნით, მხარეები რეგულარულად გამართავენ კონსულტაციებს საერთო ინტერესის ორმხრივ და საერთაშორისო საკითხებზე სამინისტროების ან სხვა დონეზე.

მუხლი 3

წინასწარ და ერთობლივად, მხარეები დაადგენენ, არანაკლებ წელიწადში ერთხელ კონსულტაციების გამართვის დონეს, დღის წესრიგს, დროსა და ადგილს.

მუხლი 4

კერძოდ, კონსულტაციები უნდა მოიცავდეს შემდეგს:

ა. პოლიტიკურ სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს;

ბ. რეგიონალური და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს, რომლებიც წარმოადგენს საერთო ინტერესს;

გ. იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებული საერთო ინტერესის საკითხებს, რომელთა წევრიც ორივე მხარეა.

მუხლი 5

მხარეები ხელს შეუწყობენ საერთო ინტერესის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ, ჰუმანიტარულ, საინფორმაციო და სხვა სფეროებში  თანამშრომლობის გაფართოებასა და განვითარებას.

მუხლი 6

მხარეები შექმნიან საჭირო პირობებს პირდაპირი კონტაქტების დამყარებისა და გამოცდილების გაზიარებისათვის მათი თანამდებობის პირების გაცვლის, აგრეთვე კონსულტაციებისა და სემინარების გამართვის გზით.

მუხლი 7

მხარეებს შორის ამ ოქმის გამოყენებასთან ან განმარტებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნებისმიერი დავა გადაწყდება კონსულტაციების და/ან მოლაპარაკების გზით.

მუხლი 8

მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე ოქმში, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომელიც გაფორმდება ცალკე ოქმების სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც ეს ოქმი შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული ოქმები წარმოადგენს ამ ოქმის განუყოფელ ნაწილს.  

მუხლი 9

წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში. მისი მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით, თუ არც ერთი მხარე მიმდინარე ხუთწლიანი პერიოდის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე წერილობითი ფორმით, დიპლომატიური არხების საშუალებით არ შეატყობინებს მეორე მხარეს, თავისი განზრახვის შესახებ, შეწყვიტოს ოქმის მოქმედება.

ზემოაღნიშნულის დასტურად, ქვემოთ ხელმომწერნი, თავიანთი შესაბამისი ორგანოების მიერ უფლებამოსილების მინიჭების საფუძველზე ხელი მოაწერეს ამ ოქმს.

შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში 2017 წლის 20 სექტემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ტაილანდურ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.

საქართველოს საგარეო საქმეთა

სამინისტროს სახელით

მისი აღმატებულება

მიხეილ ჯანელიძე

ვიცე-პრემიერი

საგარეო საქმეთა მინისტრი

 

ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა

სამინისტროს სახელით

 

მისი აღმატებულება

დონ პრამუდვინაი

საგარეო საქმეთა მინისტრი