დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ოზურგეთი გარმენთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1843 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 31/08/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/09/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024530 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1843
2017 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ოზურგეთი გარმენთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის“ მე-7 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ოზურგეთში, კ. მეგრელიძის ქუჩაზე მდებარე 89000.00 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1 – №22 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №26.26.34.016) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ოზურგეთი გარმენთს“ (ს/კ 445512240).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე საფეიქრო/ტექსტილის მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება ამ განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, 1 748 260 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდარვა ათას ორას სამოცი) ლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
გ.ა) ინვესტიციის არანაკლებ 25%-ისა – ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;
გ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი – ამ განკარგულების გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში;
დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნება და ამ განკარგულების გამოცემამდე შეთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის (ჯინსის ქსოვილის ტანსაცმელი არანაკლებ 2 000 000 (ორი მილიონი) ერთეულისა ჯამურად) წარმოების უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით:
დ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში – წარმოების შეთავაზებული წლიური მოცულობის არანაკლებ 25%-ის წარმოება;
დ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში – წარმოების შეთავაზებული წლიური მოცულობის 50%-ის წარმოება.
3. შპს „ოზურგეთი გარმენთის“ მიერ წარდგენილი, განსახორციელებელი ინვესტიციის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უზრუნველყოფს ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასა და ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა – გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები