საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2017-2021 წლებისათვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2017-2021 წლებისათვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა
დოკუმენტის ნომერი 18/213
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/09/2017
ძალაში შესვლის თარიღი 08/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016491
18/213
23/05/2017
ვებგვერდი, 13/09/2017
480610000.03.030.016491
საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2017-2021 წლებისათვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

 

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის

2017-2021 წლებისათვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა


საქართველოს მთავრობა, წარმოდგენილი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახით და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა, წარმოდგენილი თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს სახით (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი), ხელმძღვანელობენ რა კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, მეგობრობისა და ურთიერთგაგების სურვილით,

მხედველობაში იღებენ რა ორივე ქვეყნის ისტორიულ წარსულს, შეგნებული აქვთ რა კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და შენარჩუნების გადაუდებელი აუცილებლობა,

ასევე, ეფუძნებიან რა „საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის დარგში თანამშრომლობის შესახებ“ 1992 წლის ხელშეკრულებას,

თანხმდებიან თანამშრომლობაზე შემდეგ მიმართულებებში:


მუხლი 1

მხარეები ხელს შეუწყობენ და წაახალისებენ თანამშრომლობის გაღრმავებას კულტურისა და ხელოვნების სფეროებში ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, კერძოდ, მხარეები წაახალისებენ და ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის შესაბამის ორგანიზაციებსა და უწყებებს შორის ინფორმაციისა და სპეციალისტების გაცვლას, ასევე თანამშრომლობას ლიტერატურის, თეატრის, კინოს, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო, საგამომცემლო, ისტორიული ძეგლებისა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში.

მუხლი 2

მხარეები ხელს შეუწყობენ ორივე ქვეყანაში მოწყობილ საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებში, მათ შორის მუსიკალურ, კინო და საოპერო, საბალეტო, თეატრალურ ფესტივალებში, კონკურსებში, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მეორე მხარის მონაწილეობას.

მუხლი 3

მხარეებმა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება ჩაატარონ სხვა ღონისძიებები, რომლებიც შეესაბამება წინამდებარე პროგრამის მიზნებს, მათ შორის, კულტურის დღეები ორივე ქვეყანაში, ასევე ხელი შეუწყონ კერძო ინიციატივებს კულტურული თანამშრომლობის მიმართულებით.

მუხლი 4

მხარეები გაცვლიან თეატრის რეჟისორებს თავიანთ ქვეყანაში თეატრალური სპექტაკლის დასადგმელად, რომლის კონკრეტული პირობები შეთანხმდება ორი ქვეყნის დაინტერესებულ ორგანიზაციებს შორის.

მუხლი 5

მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას ლიტერატურის სფეროში, კერძოდ, ერთმანეთის ქვეყნებში მეორე მხარის მხატვრული ნაწარმოებების თარგმნა-გამოცემის საქმეს.

მუხლი 6

მხარეები წაახალისებენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებას კინემატოგრაფიის სფეროში ერთობლივი ფილმის წარმოების გზით.

მუხლი 7

1. მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას კულტურული მემკვიდრეობის სფეროში და საქართველოს ტერიტორიაზე ოსმალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას და უზრუნველყოფენ კომპეტენტური ორგანოების ურთიერთთანამშრომლობასა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნას, შემდეგი მიმართულებებით და ეტაპებით:

I ეტაპი: ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შერჩევა, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას, რათა თავიდან აცილებულ იქნეს შემდგომი რღვევა ან ჩამოშლა და უზრუნველყოფილ იქნეს მათი ყოველმხრივი სტაბილურობა და ამ ძეგლების შეფასება ICOMOS-ის (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიური პრინციპებისა და ამ სფეროში მოქმედი საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც ძალაშია ორივე მხარისათვის.

II ეტაპი: ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შერჩევა, რომლებიც საჭიროებენ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას მათი საკონსერვაციო მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით და, ასევე, გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრას იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაში, რომელთა რეაბილიტაციაც განხორციელდა ამ პროგრამის ხელმოწერამდე და მათზე ჩატარებულ სამუშაოებთან მიმართებაში მხარეებს გააჩნიათ მეთოდური ხასიათის შენიშვნები და რეკომენდაციები.

III ეტაპი: კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ინვენტარიზაცია მხარეთა კომპეტენციის ფარგლებში.

2. ამ პროგრამის მე-7 მუხლით განსაზღვრული თითოეული ღონისძიების ფარგლებში, სამუშაო ჯგუფების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად, მხარეები დაამტკიცებენ ერთობლივ სამოქმედო გეგმას, რომელიც გახდება ამ პროგრამის განუყოფელი ნაწილი.

3. მხარეები იღებენ ვალდებულებას, თავიანთ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხელი შეუწყონ მეორე მხარის წარმომადგენლებს, ამ მუხლში მითითებული ძეგლების შესახებ თავიანთ ეროვნულ და უწყებრივ არქივებში დაცული ინფორმაციისა (ფოტოსურათები, პროექტები, გრავიურები, რუკები და სხვ.) და დოკუმენტების მოძიებასა და ასლების გადაცემაში.

4. მხარეები განახორციელებენ ამ პროგრამის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით შერჩეული ძეგლების რეაბილიტაციას და თანხმდებიან, რომ ამ ძეგლების ფიზიკური რეაბილიტაციის დაწყებამდე აუცილებლად განახორციელებენ ძეგლების წინასწარულ კომპლექსურ (არქეოლოგიური, გეოლოგიური, სახელოვნებათმცოდნეო და კონსტრუქციული) კვლევებს ICOMOS-ის (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიური პრინციპებისა და სფეროში მოქმედი საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც ძალაშია ორივე მხარისათვის და, ამ კვლევების პროცესში, უზრუნველყოფენ მეორე მხარის შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობას.

მუხლი 8

მხარეები კულტურის სფეროში გაცვლებს განახორციელებენ შემდეგი პირობებით:

A) მხატვრული კოლექტივების, დელეგაციებისა და ცალკეულ პირთა გაცვლის შემთხვევაში: მიმღები მხარე უზრუნველყოფს საცხოვრებლითა და საკვებით ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად, ასევე, პროგრამის ფარგლებში ქვეყნის შიგნით ტრანსპორტით მომსახურებას; გამგზავნი მხარე ანაზღაურებს მგზავრობის (მათ შორის, ბარგისა და რეკვიზიტების) ხარჯებს ორივე მიმართულებით;

B) სამუზეუმო ფონდებისა და თანამედროვე ხელოვნების გამოფენების შემთხვევაში, პირობები, ვადები, ექსპოზიციის ადგილი და სადაზღვევო ხარჯები განისაზღვრება მხარეთა შორის შეთანხმებებით.

მუხლი 9

სპეციალისტების გაცვლა, ცალკე შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ხორციელდება შემდეგი პირობებით:

– გამგზავნი მხარე ანაზღაურებს სპეციალისტის საერთაშორისო ტრანსპორტირებისა და დაზღვევის ხარჯებს;

– მიმღები მხარე ანაზღაურებს განთავსების, კვების, ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხარჯებს მხარეთა ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 10

მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე პროგრამაში შესაძლებელია განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები (წერილობითი ფორმით), რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით, წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა მე-12 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 11

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე პროგრამის განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

მუხლი 12

წინამდებარე პროგრამა ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ პროგრამის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან და მოქმედებს 2021 წლის 31 დეკემბრამდე.

მუხლი 13

თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ პროგრამის მოქმედება, მეორე მხარისათვის, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში პროგრამა მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ.

შესრულებულია ქ. თბილისში, 2017 წლის 23 მაისს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. მხარეთა მიერ წინამდებარე პროგრამის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს

მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

მიხეილ გიორგაძე

საქართველოს კულტურისა და

ძეგლთა დაცვის მინისტრი

თურქეთის რესპუბლიკის

მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო

საქმეთა მინისტრი