ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო-კონვენცია თამბაქოს კონტროლის შესახებ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო-კონვენცია თამბაქოს კონტროლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/05/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 05/06/2006
ძალაში შესვლის თარიღი 15/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000589
-
21/05/2003
გაურკვეველი, -, 05/06/2006
480610000.03.030.000589
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო-კონვენცია თამბაქოს კონტროლის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის რეზოლუცია

ჯანდაცვის ორმოცდამეთექვსმეტე მსოფლიო ასამბლეა WHA56.1

დღის წესრიგის მე-13 პუნქტი                                                                                                                          2003 წლის 21 მაისი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო-კონვენცია

თამბაქოს კონტროლის შესახებ

ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის ორმოცდამეთექვსმეტე სხდომა,

ითვალისწინებს რა WHA 49.17 და WHA 52.18 რეზოლუციებს, რომლებიც მოუწოდებენ თამბაქოს კონტროლის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩარჩო-კონვენციის შესამუშავებლად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესდების მე-19 მუხლის შესაბამისად;

მოწოდებულია რა დაიცვას თანამედროვე და მომავალი თაობა თამბაქოს მოხმარებისა და თამბაქოს კვამლის მავნე ზემოქმედებისაგან;

სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს რა მსოფლიოში თამბაქოს მოწევისა და სხვა ფორმით მოხმარების ზრდასთან დაკავშირებით;

მოწონებით აფასებს რა მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების ორგანოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ მოხსენებას მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების ორგანოს მიერ გაწეული სამუშაოს შედეგებთან დაკავშირებით;

დარწმუნებულია რა, რომ წინამდებარე კონვენცია წარმოადგენს უდიდესი მნიშვნელობის ნაბიჯს თამბაქოს მოხმარებისა და თამბაქოს კვამლის მავნე ზემოქმედებისაგან ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე განხორციელებული ღონისძიებებისა და თანამშრომლობის სფეროში და აცნობიერებს რა, რომ საგანგებო ყურადღება უნდა დაეთმოს განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში შექმნილ ვითარებას;

ხაზს უსვამს რა კონვენციის დაუყოვნებლივ ძალაში შესვლისა და ეფექტური განხორციელების აუცილებლობას,

1.      ღებულობს კონვენციას, რომელიც თან ერთვის რეზოლუციას;

2.      მიუთითებს, კონვენციის 34-ე მუხლის თანახმად, რომ კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, ჟენევაში, 2003 წლის 16 ივნისიდან 2003 წლის 22 ივნისამდე, ხოლო ამის შემდგომ, გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში, 2003 წლის 30 ივნისიდან და 2004 წლის 29 ივნისამდე.

3.      მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონულ ორგანიზაციებს განიხილონ კონვენციის ხელმოწერის, რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების, ოფიციალურად დადასტურების ან მიერთების საკითხი, კონვენციის ხანმოკლე ვადაში ამოქმედების უზრუნველყოფის მიზნით;

4.      მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს და ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონულ ორგანიზაციებს, კონვენციის ძალაში შესვლამდე მიიღონ ყველა საჭირო ზომა თამბაქოს მოხმარებისა და თამბაქოს კვამლის მავნე ზემოქმედების შეზღუდვის მიზნით;

5.      მოუწოდებს ყველა წევრ სახელმწიფოს, ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონულ ორგანიზაციებს, დამკვირვებლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს მხარი დაუჭირონ რეზოლუციით გათვალისწინებულ მოსამზადებელ სამუშაოებს და ხელი შეუწყონ კონვენციის ძალაში შესვლასა და განხორციელებას;

6.      მოუწოდებს გაეროსა და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს გააგრძელონ თამბაქოს კონტროლის ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების განხორციელების მხარდაჭერა;

7.      ჯანდაცვის ასამბლეის საპროცედურო წესების 42-ე წესის თანახმად, იღებს გადაწყვეტილებას, შექმნას განსაზღვრული მიზნების მქონე მთავრობათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ღია იქნება კონვენციის 34-ე მუხლში მითითებული ყველა სახელმწიფოსა და ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციისათვის, და განიხილავს და მოამზადებს წინადადებებს კონვენციით გათვალისწინებულ იმ საკითხებზე, რომლებიც განხილული და მიღებული უნდა იქნეს მხარეთა კონფერენციის პირველ სხდომაზე; აღნიშნული საკითხები მოიცავს შემდეგს:

(1)   მხარეთა კონფერენციის საპროცედურო წესების შემუშავება (მუხლი 23.3), მხარეთა კონფერენციის სხდომებში დამკვირვებელთა მონაწილეობის კრიტერიუმების განსაზღვრის ჩათვლით (მუხლი 23.6);

(2)   მუდმივმოქმედი სამდივნოს დანიშვნა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა (მუხლი 24.1);

(3)   მხარეთა კონკურენციისა და მისთვის დაქვემდებარებული ორგანოებისათვის ფინანსური ნორმების, ასევე სამდივნოს ფუნქციონირების რეგულირების მიზნით საჭირო ფინანსური ნორმების მიღება (23.4);

(4)   ბიუჯეტის პროექტის შედგენა პირველი ფინანსური პერიოდისათვის (მუხლი 23.4);

(5)   კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების მიზნით მხარეთათვის დახმარების არსებული და პოტენციური წყაროებისა და საშუალებების შეფასება (მუხლი 26.5);

8.      იღებს გადაწყვეტილებას, დაავალოს განსაზღვრული მიზნების მქონე მთავრობათაშორის სამუშაო ჯგუფს მხარეთა კონფერენციის პირველი სხდომის მომზადების ზედამხედველობა და მოხსენებების უშუალოდ მისთვის წარდგენა;

9.      იღებს გადაწყვეტილებას, რათა უზრუნველყოს თამბაქოს კონტროლის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო-კონვენციაზე მომუშავე მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების ორგანოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების გამოყენება განსაზღვრული მიზნების მქონე მთავრობათაშორისი სამუშაო ჯგუფის ღია სხდომების საქმიანობაში;

10.  თხოვნით მიმართავს გენერალურ დირექტორს:

(1)   უზრუნველყოს კონვენციით გათვალისწინებული სამდივნოს ფუნქციების განხორციელება მუდმივმოქმედი სამდივნოს დაფუძნებამდე;

(2)   დახმარება გაუწიოს წევრ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებსა და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს, კონვენციის ასამოქმედებლად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებაში;

(3)   2003 წლის 16 ივნისისა და მხარეთა კონფერენციის პირველი სხდომის შუალედში, საჭირო პერიოდულობით მოიწვიოს განსაზღვრული მიზნების მქონე მთავრობათაშორისი სამუშაო ჯგუფის სხდომები.

(4)   უზრუნველყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ტექნიკური კონსულტაციებისა და მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა მსოფლიო დონეზე თამბაქოს კონტროლის სფეროში;

(5)   მიაწოდოს ჯანდაცვის ასამბლეას ინფორმაცია კონვენციის ძალაში შესვლასთან და მხარეთა კონფერენციის პირველი სხდომის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

 

 

დანართი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო-კონვენცია თამბაქოს კონტროლის შესახებ

პრეამბულა

კონვენციის მხარეები,

გადაწყვეტილი აქვთ რა, პრიორიტეტული მნიშვნელობა მიანიჭონ თავიანთ უფლებას საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფაზე,

აღიარებენ რა, რომ თამბაქოს ეპიდემია წარმოადგენს გლობალური მნიშვნელობის პრობლემას, რომელსაც სერიოზული მავნებლობა მოაქვს ჯანმრთელობისათვის და საჭიროებს ფართომასშტაბიანი საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას და ყველა ქვეყნის მონაწილეობას საერთაშორისო დონეზე ეფექტური და ყოვლისმომცველი რეაგირების ზომების გატარებაში,

იზიარებენ რა, საერთაშორისო საზოგადოებრიობის შეშფოთებას თამბაქოს მოხმარებასა და თამბაქოს კვამლის მავნე ზემოქმედების გამო მსოფლიოში ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე გარემოს დაცვის, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების შესახებ,

გამოთქვამენ რა, სერიოზულ შეშფოთებას მსოფლიოში სიგარეტისა და თამბაქოს სხვა ნაწარმის გაზრდილ მოხმარებასთან და წარმოებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ასევე ითვალისწინებენ რა, თუ რა მძიმე ტვირთად აწვება ეს ოჯახებს, საზოგადოების ღარიბ ფენებს და სახელმწიფო ჯანდაცვის ეროვნულ სისტემებს,

აღიარებენ რა მეცნიერულად დადასტურებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თამბაქოს მოხმარება და თამბაქოს კვამლის შესუნთქვა იწვევს სიკვდილს, ავადმყოფობას და შრომის უნარის დაქვეითებას, და რომ თამბაქოს კვამლის შესუნთქვას ან თამბაქოს ნაწარმის

სხვაგვარ გამოყენებასა და თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებების განვითარებას შორის შესაძლოა არსებობდეს დროის გარკვეული შუალედი.

აღიარებენ რა ასევე იმ ფაქტს, რომ სიგარეტი და თამბაქოს შემცველი სხვა პროდუქტები დამზადებულია ისეთი ტექნოლოგიით, რაც იწვევს მათზე დამოკიდებულების განვითარებას და მის შენარჩუნებას, და რომ მათში შემავალი ნივთიერებები და მათ მიერ წარმოქმნილი კვამლი არის ფარმაკოლოგიურად აქტიური, ტოქსიკური, კარცენოგენული და მუტაგენური, და რომ თამბაქოზე დამოკიდებულება ცალკეა კლასიფიცირებული, როგორც ჯანმრთელობის მოშლილობა დაავადებათა კლასიფიკაციის საერთაშორისო სისტემაში,

აცნობიერებენ რა მეცნიერულად დადასტურებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მშობიარობამდელ პერიოდში თამბაქოს კვამლის ზემოქმედება ზიანს აყენებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას,

ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ რა მსოფლიოში ბავშვებისა და ახალგაზრდების მიერ თამბაქოს მოწევისა და სხვა ფორმით მოხმარების ზრდასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ გარემოების გამო, რომ მწეველთა ასაკი სულ უფრო ახალგაზრდავდება;

შეშფოთებულნი არიან რა მსოფლიოში ქალებისა და ახალგაზრდა გოგონების მიერ თამბაქოს მოწევისა და სხვა ფორმით მოხმარების ზრდასთან დაკავშირებით და ითვალისწინებენ რა ქალების ფართომასშტაბიანი მონაწილეობის აუცილებლობას თამბაქოს კონტროლის სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში, სქესთან დაკავშირებული სტრატეგიის ჩათვლით;

ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ რა მკვიდრი მოსახლეობის მიერ თამბაქოს მოწევისა და სხვა ფორმებით მოხმარების ზრდასთან დაკავშირებით;

სერიოზულად არიან რა შეშფოთებულნი თამბაქოს მოხმარების ზრდის მიზნით გამოყენებული ყველა სახის სარეკლამო, პოპულარიზაციის საშუალებათა და სპონსორობის ზეგავლენით,

აღიარებენ რა ერთობლივი ზომების მიღების აუცილებლობას სიგარეტითა და თამბაქოს სხვა ნაწარმით უკანონო ვაჭრობის ყველა ფორმის აღმოფხვრის მიზნით, კონტრაბანდის, არაკანონიერი დამზადების და გაყალბების ჩათვლით,

აღიარებენ რა, რომ თამბაქოს კონტროლი ყველა დონეზე და განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში, საჭიროებს სათანადო ფინანსური და ტექნიკური რესურსების არსებობას, რომლებიც შესაძლებელს გახდის თამბაქოს კონტროლის მიზნით ღონისძიებების განხორციელებას როგორც ამჟამად, ისე მომავალში,

აღიარებენ რა სათანადო მექანიზმების შემუშავების აუცილებლობას, თამბაქოზე მოთხოვნის შემცირების წარმატებული სტრატეგიის შემთხვევაში, გრძელვადიანი სოციალური და ეკონომიკური შედეგების რეგულირების მიზნით,

ითვალისწინებენ რა იმ ეკონომიკურ და სოციალურ სირთულეებს, რომლებიც შესაძლებელია გამოიწვიოს ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში თამბაქოს კონტროლის პროგრამების განხორციელებამ, და ასევე აღიარებენ რა ტექნიკური და ფინანსური დახმარების საჭიროებას ეროვნულ დონეზე მდგრადი განვითარების სტრატეგიების განხორციელების მიზნით,

ითვალისწინებენ რა თამბაქოს კონტროლის სფეროში მრავალი სახელმწიფოს მიერ გაწეულ სამუშაოს და მაღალ შეფასებას აძლევენ რა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობის და ასევე გაეროს სხვა ორგანიზაციებისა და ორგანოების, საერთაშორისო და რეგიონული მთავრობათაშორისი ორგანიზაციების მიერ გამოჩენილ ძალისხმევას თამბაქოს კონტროლის ზომების შემუშავების მიზნით,

ხაზს უსვამენ რა თამბაქოს კონტროლის სფეროში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრების, რომლებიც დაკავშირებულნი არ არიან თამბაქოს ინდუსტრიასთან, მათ შორის ჯანდაცვის ორგანოების, ქალების, ახალგაზრდების, გარემოს დაცვის და მომხმარებელთა ჯგუფების, აკადემიური და ჯანდაცვის ინსტიტუტების მიერ შეტანილ წვლილს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, და ასევე თამბაქოს კონტროლის მიზნით როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე განხორციელებულ საქმიანობაში მატი მონაწილეობის სასიცოცხლო მნიშვნელობას,

აღიარებენ რა სიფხიზლის გამოჩენის აუცილებლობას თამბაქოს ინდუსტრიის იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლების ხელს უშლიან თამბაქოს კონტროლის მიზნით ზომების გატარებას, და ასევე ინფორმაციის მიღების საჭიროებას თამბაქოს ინდუსტრიის იმ წარმომადგენლების შესახებ, რომელთა საქმიანობაც აფერხებს თამბაქოს კონტროლის მიზნით განხორციელებულ ძალისხმევას,

მიუთითებენ რა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1966 წლის 16 დეკემბერს მიღებული კონვენციის მე-12 მუხლზე, რომელიც განამტკიცებს თითოეული ადამიანის უფლებას ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით,

ითვალისწინებენრა აგრეთვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესდების პრეამბულას, რომელიც ადგენს, რომ ჯანმრთელობის ყველაზე მაღალი სტანდარტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს თითოეული პირის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას რასის, რელიგიური აღმსარებლობის, პოლიტიკური მრწამსის, ეკონომიკური და სოციალური პირობების მიუხედავად,

გადაწყვეტილი აქვთ რა ხელი შეუწყონ თამბაქოს კონტროლის მიზნით ღონისძიებების გატარებას სამეცნიერო, ტექნიკურ და ეკონომიკურ მიღწევებზე დაყრდნობით,

ითვალისწინებენ რა ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1979 წლის 18 დეკემბერს მიღებულ კონვენციას, რომლის საფუძველზეც ამ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, მიიღონ ყველა საჭირო ზომა ჯანდაცვის სფეროში ქალთა წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით,

ითვალისწინებენ რაასევე  ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წლის 20 ნოემბერს მიღებულ კონვენციას, რომლის საფუძველზეც ამ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეები აღიარებენ ბავშვის უფლებას ჯანმრთელობის დავის უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფასთან დაკავშირებით,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

ნაწილი I.შესავალი

მუხლი 1

განსაზღვრებები

წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის:

(a)    უკანონო ვაჭრობა“ ნიშნავს კანონით აკრძალულ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მოიცავს წარმოებას, ტრანსპორტირებას, მიღებას, ფლობას, დისტრიბუციას, ყიდვას ან გაყიდვას, ასეთი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ზომების ჩათვლით;

(b)   „ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაცია“ ნიშნავს რამდენიმე დამოუკიდებელი სახელმწიფოსგან შექმნილ ორგანიზაციას, რომელსაც წევრი სახელმწიფოების მიერ მინიჭებული აქვს მთელი რიგი საკითხების განხილვის, და ასევე ამ საკითხებთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოებისათვის სავალდებულო გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება;[1]

(c)    „თამბაქოს რეკლამირება და პოპულარიზაცია“ ნიშნავს ნებისმიერი სახის კომერციული ინფორმაციის ან რეკომენდაციის მიწოდებას ან ღონისძიების გატარებას, რომლის მიზანია ან რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან სავარაუდოა, რომ შედეგად მოჰყვეს თამბაქოს ნაწარმის ან მისი მოხმარების ხელშეწყობა პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით;

(d)   „თამბაქოს კონტროლი“ ნიშნავს თამბაქოს მიწოდების, თამბაქოზე არსებული მოთხოვნის ან თამბაქოთი გამოწვეული ზიანის შემცირებისათვის გამიზნულ მთელ რიგ ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას თამბაქოს მოხმარების ან თამბაქოს კვამლის მავნე ზემოქმედების აღმოფხვრის ან შემცირების გზით;

(e)    „თამბაქოს წარმოება“ მოიცავს თამბაქოს მწარმოებლებს, თამბაქოს გამსაღებელ საბითუმო ფორმებს და თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორებს;

(f)     „თამბაქოს ნაწარმი“ ნიშნავს პროდუქციას, რომლის ნედლეულად მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებულია თამბაქოს ფოთლები, და რომელიც დამზადებულია მოწევის, დაღეჭვის, წუწვნის ან შესუნთქვის მიზნით;

(g)    „თამბაქოს სპონსორობა“ ნიშნავს ნებისმიერი ღონისძიების, იურიდიული თუ ფიზიკური პირისათვის გაკეთებულ ნებისმიერი სახის შენატანს, რომლის მიზანია ან რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან სავარაუდოა რომ შედეგად მოჰყვეს, თამბაქოს ნაწარმის ან მისი მოხმარების პოპულარიზაცია პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით.

მუხლი 2

წინამდებარე კონვენციასა და სხვა შეთანხმებებსა და იურიდიულ აქტებს

შორის ურთიერთკავშირი

1.      ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის უკეთ უზრუნველყოფის მიზნით, მხარეებს უფლება აქვთ გაატარონ ზომები, რომლებიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე კონვენციასა და მის ოქმებში. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტების არცერთი პუნქტი არ შეუშლის ხელს რომელიმე მხარეს დაადგინოს უფრო მკაცრი მოთხოვნები იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეესაბამება ამ დოკუმენტებით და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ დებულებებს.

2.      წინამდებარე კონვენციისა და მისი ოქმების დებულებები არ შეზღუდავს მხარეთა მიერ ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებების, მათ შორის რეგიონული და სუბრეგიონული შეთანხმებების დადების უფლებას, კონვენციით და მისი ოქმებით გათვალისწინებულ ან დამატებით საკითხებზე, იმ პირობით, რომ ასეთი შეთანხმებები უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. დაინტერესებული მხარეები ასეთი შეთანხმებების შესახებ აცნობებენ მხარეთა კონფერენციას სამდივნოს საშუალებით.

ნაწილი II. მიზანი, სახელმძღვანელო პრინციპები და ზოგადი ვალდებულებები

მუხლი 3

მიზანი

წინამდებარე კონვენციისა და მისი ოქმების მიზანია ამჟამინდელი და მომავალი თაობების დაცვა თამბაქოს მოხმარებითა და თამბაქოს კვამლის ზემოქმედებით გამოწვეული ჯანმრთელობის გაუარესებისაგან, ასევე სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური შედეგებისაგან, მხარეთა მიერ ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული ისეთი ზომების განხორციელების გზით, რომელთა მიზანია თამბაქოს მოხმარებისა და თამბაქოს კვამლის მავნე ზემოქმედების თანმიმდევრულად და მნიშვნელოვნად შემცირება.

მუხლი 4

სახელმძღვანელო პრინციპები

წინამდებარე კონვენციისა და მისი ოქმების დებულებებისა და მიზნების განხორციელებისათვის, მხარეები იხელმძღვანელებენ შემდეგი პრინციპებით:

1.      თითოეული პირის ინფორმირება თამბაქოს მოხმარებისა და თამბაქოს კვამლის ზემოქმედების, ნარკოტიკული ბუნებისა და მომაკვდინებელი ეფექტის შესახებ; სამთავრობო დონეზე ეფექტური საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ადმინისტრაციული ან სხვა ზომების განსაზღვრა თამბაქოს კვამლის ზემოქმედებისაგან თითოეული პირის დაცვის მიზნით.

2.      ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე მრავალდარგობრივი ზომების განხორციელებისა და ამ ზომებზე კოორდინირებული რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით, რაც ითვალისწინებს:

(a)    ზომების გატარების აუცილებლობას თამბაქოს კვამლის ზემოქმედებისაგან თითოეული პირის დაცვის მიზნით;

(b)   ზომების გატარების აუცილებლობას თამბაქოს მოხმარების თავიდან აცილების, თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ხელშეწყობის, პოპულარიზაციისა და თამბაქოს ნებისმიერი ფორმით მოხმარების შემცირების მიზნით;

(c)    ზომების გატარების აუცილებლობას მკვიდრი მოსახლეობის და საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით თამბაქოს კონტროლის პროგრამების განვითარების, განხორციელებისა დაშეფასების პროცესში, მათივე სოციალური-კულტურული საჭიროებებისა და პერსპექტივების გათვალისწინებით; და

(d)   ზომების გატარების აუცილებლობას თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სტრატეგიების შემუშავების დროს სქესთან დაკავშირებული მნიშვნელობის რისკის რეგულირების მიზნით.

3.      საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება, განსაკუთრებით, ტექნოლოგიების გადაცემა, ცოდნის გავრცელება, ფინანსური დახმარების გაწევა და მასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარება, თამბაქოს კონტროლის ეფექტური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, ადგილობრივი კულტურის, ასევე სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და იურიდიული ფაქტორების გათვალისწინებით, შეადგენს ამ კონვენციის მნიშვნელოვან ნაწილს.

4.      ყველა სახის თამბაქოს ნაწარმის მოხმარების შემცირების მიზნით, მნიშვნელოვანი მრავალდარგობრივი ღონისძიებების და რეაგირების ზომების განხორციელება ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე, ჯანდაცვის სფეროში მოქმედი პრინციპების შესაბამისად, თამბაქოს მოხმარებისა და თამბაქოს ზემოქმედების შედეგად გამოწვეულ დაავადებათა აღმოცენების, შრომის უნარის ნაადრევი დაქვეითების და ადრეული სიკვდილობის პრევენციისთვის.

5.      თითოეული მხარის მიერ თავისი იურისდიქციის ფარგლებში იმ ვალდებულებათა განსაზღვრა, რომლებიც წარმოადგენს თამბაქოს კონტროლის ფართომასშტაბიანი გეგმის მნიშვნელოვან ნაწილს.

6.      ეროვნულ დონეზე შემუშავებული მდგრადი განვითარების სტრატეგიების კონტექსტში, ტექნიკური და ფინანსური დახმარების მნიშვნელობის აღიარება და გათვალისწინება, თამბაქოს მომყვანთა და მუშათა ეკონომიკური ადაპტირების მიზნით, რომელთა შემოსავალი სერიოზულად შემცირდა თამბაქოს კონტროლის პროგრამების განხორციელების შედეგად, კონვენციის მონაწილე განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში.

7.      სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის მნიშვნელობის აღიარება კონვენციისა და მისი ოქმების მიზნის მიღწევის თვალსაზრისით.

მუხლი 5

ზოგადი ვალდებულებები

1.      თითოეული მხარე უზრუნველყოფს თამბაქოს კონტროლის მრავალდარგობრივი ეროვნული სტრატეგიის, გეგმებისა და პროგრამების განვითარებას, დანერგვას, პერიოდულ კორექტირებას და განხილვას წინამდებარე კონვენციისა და იმ ოქმების შესაბამისად, რომელთა მონაწილეც არის ეს მხარე.

2.      ამ მიზნით, თითოეული მხარე, თავის შესაძლებლობათა გათვალისწინებით:

(a)    უზრუნველყოფს თამბაქოს კონტროლის მიზნით ეროვნული საკოორდინაციო ორგანოს ან ცენტრის შექმნას ან გაძლიერებას და დაფინანსებას; და

(b)   მიიღებს და განახორციელებს ეფექტურ საკანონმდებლო, აღმასრულებელ, ადმინისტრაციულ და/ან სხვა სახის ზომებს და ითანამშრომლებს სხვა მხარეებთან შესაბამისი პროგრამების შემუშავების სფეროში, თამბაქოს მოხმარების, ნიკოტინზე დამოკიდებულების და თამბაქოს კვამლის ზეგავლენის შემცირებისა და პრევენციის მიზნით.

3.      თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული ჯანდაცვის პოლიტიკის განვითარებისა და დანერგვის პროცესში, მხარეები უზრუნველყოფენ ამ პროგრამების დაცვას თამბაქოს ინდუსტრიის ან სხვა ინტერესებისაგან, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

4.      შემოთავაზებული ზომების, პროცედურების და დირექტივების ფორმულარების პროცესში, მხარეები თანამშრომლობენ კონვენციისა და იმ ოქმების განხორციელების მიზნით, რომელთა მონაწილეებსაც ისინი წარმოადგენენ.

5.      მხარეები ითანამშრომლებენ სათანადო უფლებამოსილების მქონე საერთაშორისო და რეგიონულ მთავრობათაშორის ორგანიზაციებთან და სხვა ორგანოებთან კონვენციისა და იმ ოქმების მიზნების განხორციელებისათვის, რომელთა მონაწილეებსაც ისინი წარმოადგენენ.

6.      მხარეები, მათ ხელთ არსებული რესურსებისა და საშუალებების ფარგლებში, ითანამშრომლებენ კონვენციის ეფექტურად განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური რესურსების მოპოვების მიზნით, დაფინანსების ორმხრივი და მრავალმხრივი მექანიზმების გამოყენების გზით.

ნაწილი Ш. თამბაქოზე არსებული მოთხოვნის შესამცირებელი ზომები

მუხლი 6

თამბაქოზე არსებული მოთხოვნის შესამცირებელი სატარიფო და საგადასახადო

ზომები

1.      მხარეები აღიარებენ, რომ სატარიფო და საგადასახადო ზომები წარმოადგენს მოსახლეობის სხვადასხვა ფენაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს შორის თამბაქოს მოხმარების შემცირების ეფექტურ და მნიშვნელოვან საშუალებას.

2.      საგადასახადო პოლიტიკის განსაზღვრისა და ფორმირების სუვერენული უფლების შეუზღუდავად, თითოეულმა მხარემ უნდა გაითვალისწინოს თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული ჯანდაცვის ეროვნული ამოცანები და გაატაროს ზომები, რომლებიც შესაძლოა მოიცავდეს:

(a)    თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებით საგადასახადო და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ფასების პოლიტიკის განხორციელება ჯანდაცვის იმ ამოცანების შესრულების მიზნით, რომლებიც ორიენტირებულია თამბაქოს მოხმარების შემცირებაზე.

(b)   ტურისტთა მიერ დაუნერგავი თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის და/ან იმპორტის აკრძალვა ან შეზღუდვა.

3.      21-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა კონფერენციისათვის პერიოდულად წარდგენილ მოხსენებებში, მხარეები წარმოადგენენ საგადასახადო დაბეგვრის განაკვეთებსა და თამბაქოს მოხმარების ტენდენციებს.

მუხლი 7

თამბაქოზე არსებული მოთხოვნის შესამცირებელი არასატარიფო ზომები

მხარეები აღიარებენ, რომ ყოვლისმომცველი არასატარიფო ზომები წარმოადგენს თამბაქოს მოხმარების შემცირების ეფექტურ და მნიშვნელოვან საშუალებას. თითოეული მხარე მიიღებს და გაატარებს ეფექტურ საკანონმდებლო, აღმასრულებელ, ადმინისტრაციულ ან სხვა სახის ზომებს, რომლებიც აუცილებელია მე-8-13 მუხლების შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების განსახორციელებლად. ამასთან, აღნიშნული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მხარეები ითანამშრომლებენ ერთმანეთთან უშუალოდ ან უფლებამოსილი საერთაშორისო ორგანოების საშუალებით. მხარეთა კონფერენცია განსაზღვრავს შესაძლო დირექტივებს წინამდებარე მუხლების დებულებათა განხორციელების მიზნით.

მუხლი 8

თამბაქოს კვამლის მავნე ზემოქმედებისაგან დაცვა

1.      მხარეები აღიარებენ მეცნიერულად დადასტურებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თამბაქოს კვამლის მავნე ზეგავლენა იწვევს სიკვდილს, დაავადებებს და შრომის უნარის დაქვეითებას.

2.      ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული იურისდიქციის ფარგლებში თითოეული მხარე მიიღებს და განახორციელებს, ხოლო იურისდიქციის სხვა დონეზე, ხელს შეუწყობს ეფექტური საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ადმინისტრაციული და/ან სხვა სახის ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფს თამბაქოს მავნე ზემოქმედებისაგან დაცვას დახურული სივრცის მქონე სამუშაო ადგილებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, დახურული ტიპის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა საზოგადოებრივ ადგილებშიც.

მუხლი 9

თამბაქოს ნაწარმის შემცველობის რეგულირება

მხარეთა კონფერენცია, უფლებამოსილ საერთაშორისო ორგანოებთან კონსულტაციების გზით, განსაზღვრავს თამბაქოს ნაწარმის შემცველობისა და გამოფრქვეული ნივთიერებების ტესტირებისა და გაზომვის წესს. თითოეული მხარე, თავის ქვეყანაში მოქმედი უფლებამოსილი ორგანოების თანხმობით, მიიღებს და განახორციელებს ეფექტურ საკანონმდებლო, აღმასრულებელ, ადმინისტრაციულ ან სხვა სახის ზომებს ასეთი ტესტირებისა და გაზომვების, და ასეთი სახის რეგულირების მიზნით.

მუხლი 10

თამბაქოს ნაწარმის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება

თითოეული მხარე, თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღებს და განახორციელებს ეფექტურ საკანონმდებლო, აღმასრულებელ, ადმინისტრაციულ ან სხვა სახის ზომებს, რომლებიც ითვალისწინებს თამბაქოს მწარმოებელთა და იმპორტიორთა მიერ სამთავრობო ორგანოებისათვის თამბაქოს ნაწარმის შემცველობისა და გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ ინფორმაციის გადაცემას. ამასთან, თითოეული მხარე მიიღებს და განახორციელებს ეფექტურ ზომებს, რათა უზრუნველყოს თამბაქოს ნაწარმის ტოქსიკური კომპონენტებისა და გამოფრქვეული მავნე ნივთიერებების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნება.

მუხლი 11

თამბაქოს ნაწარმის შეფუთვა და მარკირება

1.      თითოეული მხარე, მისთვის კონვენციის ძალაში შესვლიდან სამი წლის განმავლობაში, თავისი კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებს და განახორციელებს ეფექტურ ზომებს შემდეგი მიზნით:

(a)    თამბაქოს ნაწარმის რეკლამირების მიზნით, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვასა და ეტიკეტზე არ უნდა განთავსდეს რაიმე ყალბი, შეცდომაში შემყვანი ან არასწორი წარმოდგენის შემქმნელი ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის თვისებების, საზიანო ზემოქმედების ან გამოფრქვეული მავნე ნივთიერებების შესახებ, ასევე არ უნდა იქნეს გამოყენებული რაიმე ისეთი სიტყვა, სავაჭრო ნიშანი ან გამოსახულება, რომელიც პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით შექმნის არასწორ წარმოდგენას თამბაქოს რომელიმე კონკრეტული ნაწარმის ნაკლებ მავნებლობაზე სხვა ნაწარმთან შედარებით. ასეთი სიტყვები შეიძლება იყოს: „კუპრის დაბალი შემცველობა“, „სუსტი“, მეტისმეტად სუსტი“ ან „რბილი“; და

(b)   თამბაქოს ნაწარმის თითოეულ პაკეტზე და შეკვრაზე, ასევე ასეთი ნაწარმის გარეკანზე და ეტიკეტზე უნდა განთავსდეს გაფრთხილება თამბაქოს მოხმარებით გამოწვეულ მავნე შედეგებთან დაკავშირებით და ასევე შესაბამისი ინფორმაცია. ასეთი სახის გაფრთხილება და ინფორმაცია უნდა:

(i) დამტკიცდეს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ;

( ii ) უზრუნველყოფილ იქნეს მისი როტაცია;

( iii ) დაბეჭდილ იქნეს გარკვევით, მკაფიოდ და თვალსაჩინოდ;

( iv ) განთავსდეს ძირითადი სადემონსტრაციო ფართის 50%-ზე ან მეტზე, მაგრამ არანაკლებ 30%-ისა;

( v ) შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს სურათების ან პიქტოგრამების სახით ან შეიცავდეს მათ.

2.      თამბაქოს ნაწარმის თითოეულ პაკეტი და შეკვრა, ასევე ასეთი ნაწარმის გარეკანი და ეტიკეტი, ამ მუხლის 1 (ბ) პუნქტში მითითებული გაფრთხილების გარდა, უნდა შეიცავდეს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას თამბაქოს ნაწარმის შემადგენელი კომპონენტების და გამოფრქვეული მავნე ნივთიერებების შესახებ.

3.      თითოეული მხარის მოთხოვნით, გაფრთხილებები და ამ მუხლის 1 (ბ) და მე-2 პუნქტში მითითებული სხვა სახის ტექსტობრივი ინფორმაცია განთავსდება თამბაქოს ნაწარმის თითოეულ პაკეტზე და შეკვრაზე, ასევე ასეთი ნაწარმის გარეკანზე და ეტიკეტზე, ამ მხარის ტერიტორიაზე მოქმედ ძირითად ენაზე ან ენებზე.

4.      ამ მუხლის მიზნებისთვის, სიტყვები „გარეკანი და ეტიკეტი“ თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებით ნიშნავს საცალო ვაჭრობის დროს გამოყენებულ გარეკანს და ეტიკეტს.

მუხლი 12

განათლება, კომუნიკაცია, ტრენინგი და საზოგადოებრივი შეგნების ამაღლება

თითოეული მხარე ხელს შეუწყობს თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით საზოგადოებრივი შეგნების ამაღლებას, კომუნიკაციის ყველა არსებული საშუალების გამოყენებით. ამ მიზნით, თითოეული მხარე მიიღებს და განახორციელებს ეფექტურ საკანონმდებლო, აღმასრულებელ, ადმინისტრაციულ ან სხვა სახის ზომებს, რათა:

(a)    უზრუნველყოს ფართო ხელმისაწვდომობა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საშიშროების შესახებ სასწავლო და საზოგადოებრივი შეგნების ამაღლების მიზნით, შედგენილი პროგრამებითსარგებლობა, რომლებიც ასევე შეიცავს გამაფრთხილებელ ინფორმაციას თამბაქოს მოხმარებისა და თამბაქოს კვამლის ზემოქმედების ნარკოტიკული ბუნების შესახებ;

(b)   უზრუნველყოს საზოგადოებრივი შეგნების ამაღლება თამბაქოს მოხმარებასა და თამბაქოს კვამლის მავნე ზეგავლენასთან, ასევე იმ სარგებლობასთან დაკავშირებით, რომელიც მოაქვს თამბაქოს მოხმარების შეწყვეტას და თამბაქოსაგან თავისუფალი ცხოვრების წესს, როგორც ეს მითითებულია მე-14.2 მუხლში;

(c)    ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს თამბაქოს ინდუსტრიასთან დაკავშირებული ფართო სპექტრის ინფორმაციის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა, წინამდებარე კონვენციის მიზნების გათვალისწინებით;

(d)   ხელი შეუწყოს თამბაქოს კონტროლის შესახებ სასწავლო, საინფორმაციო და საზოგადოებრივი შეგნების ამაღლების მიზნით შედგენილი პროგრამების განხორციელებას, რომლებიც განკუთვნილია ჯანდაცვის, საზოგადოებრივ, სოციალურ, საინფორმაციო, საგანმანათლებლო სფეროებში დაკავებული მუშაკებისათვის, გადაწყვეტილების გამოტანაზე უფლებამოსილი პირების, ადმინისტრატორებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის;

(e)    უზრუნველყოს იმ სახელმწიფო და კერძო სამსახურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმირება და მონაწილეობა თამბაქოს კონტროლის მიზნით შემუშავებული დარგთაშორისი პროგრამებისა და სტრატეგიების განხორციელებაში, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი თამბაქოს ინდუსტრიასთან; და

(f)     უზრუნველყოს საზოგადოების შეგნების ამაღლება და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა თამბაქოს წარმოებისა და მოხმარების შედეგად ჯანდაცვის, ეკონომიკისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესახებ.

მუხლი 13

თამბაქოს რეკლამირება, პოპულარიზაცია და სპონსორობა

1.      მხარეები აღიარებენ, რომ რეკლამირების, პოპულარიზაციისა და სპონსორობის ყოვლისმომცველი აკრძალვა მნიშვნელოვნად შეამცირებსთამბაქოს ნაწარმის მოხმარებას.

2.      თითოეული მხარე, თავისი კონსტიტუციისა ან კონსტიტუციური პრინციპების შესაბამისად, კისრულობს ვალდებულებას უზრუნველყოს თამბაქოს რეკლამირების, პოპულარიზაციისა და სპონსორობის ყოვლისმომცველი აკრძალვა. თითოეული მხარის საკანონმდებლო სისტემისა და მის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებისგათვალისწინებით, ზემოაღნიშნული მოიცავს ასევე თამბაქოს ტრანსსასაზღვრო რეკლამირებისა და თამბაქოს ნაწარმის სპონსორობის აკრძალვას, რომელიც მომდინარეობს მხარის ტერიტორიიდან. ამასთან დაკავშირებით, კონვენციის ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში, თით ოეული მხარე გაატარებს შესაბამის საკანონმდებლო, აღმასრულებელ, ადმინისტრაციულ და/ან სხვა ზომებს და წარმოადგენს მოხსენებებს 21-ე მუხლის შესაბამისად.

3.      ის მხარე, რომელსაც თავისი კონსტიტუცია ან კონსტიტუციური პრინციპები არ აძლევს ყოვლისმომცველი აკრძალვის განხორციელების საშუალებას, თამბაქოს რეკლამირებაზე, პოპულარიზაციასა და სპონსორობაზე დააწესებს შეზღუდვებს. მხარის საკანონმდებლო სისტემისა და მის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებების გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული მოიცავს ასევე ტრანსსასაზღვრო რეკლამირებისა და თამბაქოს სპონსორობის შეზღუდვას ან ყოვლისმომცველ აკრძალვას, რომელიც მომდინარეობს მხარის ტერიტორიიდან და აქვს ტრანსსასაზღვრო ეფექტი. ამასთან დაკავშირებით, თითოეული მხარე გაატარებს შესაბამის საკანონმდებლო, აღმასრულებელ, ადმინისტრაციულ და/ან სხვა ზომებს და წარმოადგენს მოხსენებებს 21-ე მუხლის შესაბამისად.

4.      სულ მცირე, და თავისი კონსტიტუციისა ან კონსტიტუციური პრინციპების შესაბამისად, თითოეული მხარე:

(a)    აკრძალავს თამბაქოს რეკლამირებისა და სპონსორობის ყველა ფორმას, რომელიც უზრუნველყოფს თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციას ყალბი, შეცდომაში შემყვანი ან არასწორი წარმოდგენის შემქმნელი ინფორმაციის გავრცელების გზით თამბაქოს ნაწარმის თვისებების, ზემოქმედების ან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ;

(b)   მოითხოვს, რათა თამბაქოს რეკლამირების, პოპულარიზაციისა და სპონსორობის პარალელურად განხორციელდეს თამბაქოს ზემოქმედების შესახებ გაფრთხილებებისა და ინფორმაციის გავრცელება;

(c)    შეზღუდავს ისეთი წამახალისებელი სისტემების გამოყენებას, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ხელს უწყობს თამბაქოს ნაწარმის მოსახლეობაში გასაღებას;

(d)   ყოვლისმომცველი აკრძალვის არარსებობის შემთხვევაში, მოითხოვს თამბაქოს მწარმოებელთა მიერ თამბაქოს ნაწარმის რეკლამირებაზე, პოპულარიზაციასა და სპონსორობაზე გაწეული ხარჯების შესახებ შესაბამისი სამთავრობო ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას. ეს ორგანოები, ეროვნულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, მიიღებენ გადაწყვეტილებას აღნიშნული მონაცემების საზოგადოებისა და მხარეთა კონფერენციისათვის გაცნობის შესახებ, 21-ე მუხლის შესაბამისად.

(e)    ხუთი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს დააწესოს ყოვლისმომცველი აკრძალვა, ხოლო იმ მხარის შემთხვევაში, როცა მხარის კონსტიტუცია ან კონსტიტუციური პრინციპები არ იძლევა ყოვლისმომცველი აკრძალვის განხორციელების საშუალებას, შეზღუდოს თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება, პოპულარიზაცია და სპონსორობა ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდვითი ორგანოების და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების, მათ შორის ინტერნეტის გამოყენებით; და

(f)     აკრძალავს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მხარეს თავისი კონსტიტუცია ან კონსტიტუციური პრინციპები არ აძლევს აკრძალვის ზომების განხორციელების საშუალებას, შეზღუდავს თამბაქოს ინდუსტრიის სპონსორობით საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარებას და/ან მათში მონაწილეობას.

5.      მხარეებს უფლება აქვთ გაატარონ ზომები, რომლებიც აღემატება მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს;

6.      მხარეები ითანამშრომლებენ ტრანსსასაზღვრო რეკლამირების აღმოფხვრის მიზნით საჭირო ტექნოლოგიებისა და სხვა საშუალებების განვითარებაში;

7.      მხარეებს, რომლებიც კრძალავენ თამბაქოს რეკლამირების, პოპულარიზაციისა და სპონსორობის გარკვეულ ფორმებს, სრული უფლება აქვთ აკრძალონ თამბაქოს რეკლამირების, სპონსორობისა და პოპულარიზაციის ის საშუალებები, რომლებიც შემოდის საზღვარზე სხვა ტერიტორიებიდან და დააწესონ მათზე ისეთივე ჯარიმები, როგორიც თამბაქოს რეკლამირების, სპონსორობის და პოპულარიზაციის იმ საშუალებებზე, რომლებიც მოქმედებს მათივე ტერიტორიებზე, თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. ეს პუნქტი არ ითვალისწინებს ან არ აწესებს რომელიმე კონკრეტულ ჯარიმას.

8.      მხარეები განიხილავენ ოქმის შემუშავების აუცილებლობას, რომლიც განსაზღვრავს საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების ზომებს თამბაქოს ნაწარმის ტრანსსასაზღვრო რეკლამირების, პოპულარიზაციისა და სპონსორობის ყოვლისმომცველი აკრძალვის მიზნით.

მუხლი 14

თამბაქოზე დამოკიდებულების და მოხმარების შეწყვეტასთან დაკავშირებული თამბაქოზე მოთხოვნის შემცირების ღონისძიებები

1.      სამეცნიერო მონაცემებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, თითოეული მხარე შეიმუშავებს და გაავრცელებს სათანადო, ყოვლისმომცველ და ინტეგრირებულ სახელმძღვანელო პრინციპებს თავის ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით და მიიღებს ეფექტურ ზომებს თამბაქოს მოხმარების შეწყვეტისა დათამბაქოზე დამოკიდებულებისადეკვატური მკურნალობის ხელშეწყობის მიზნით.

2.      ამ მიზნით, თითოეული მხარე:

(a)    შეუმუშავებს და დანერგავს თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ხელშეწყობაზე ორიენტირებულ ეფექტურ პროგრამებს სამუშაო ადგილებზე, საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა და სპორტულ დაწესებულებებში;

(b)   სახელმწიფო ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო პროგრამებში, გეგმებსა და სტრატეგიებში გაითვალისწინებს თამბაქოზე დამოკიდებულების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებს, ასევე თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის მიზნით საკონსულტაციო სამსახურების შექმნის შესაძლებლობას, ჯანდაცვის, საზოგადოებრივ და სოციალურ სფეროებში დაკავებულ მუშაკთა მონაწილეობით;

(c)    ჯანდაცვის დაწესებულებებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში დანერგავს თამბაქოზე დამოკიდებულების დიაგნოსტიკის, კონსულტაციების, პრევენციისა და მკურნალობის პროგრამებს; და

(d)   ითანამშრომლებს სხვა მხარეებთან 22-ე მუხლის შესაბამისად, თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო საშუალებების, მათ შორის ფარმაცევტული პროდუქტების ხელმისაწვდომობის მიზნით. ასეთი პროდუქტები შეიძლება მოიცავდეს სათანადო წამლებს, წამლების გამოსაყენებლად საჭირო და სადიაგნოსტიკო საშუალებებს.

ნაწილი IV. თამბაქოს მიწოდების შემცირების მიზნით გატარებული ზომები

მუხლი 15

თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობა [2]

1.      მხარეები აღიარებენ, რომ თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის ყველანაირი ფორმის აღმოფხვრა, კონტრაბანდის, უკანონო დამზადების და გაყალბების ჩათვლით, და ამასთან დაკავშირებით ეროვნული კანონების შემუშავება და დანერგვა, სუბრეგიონული, რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის შეთანხმებებთან ერთად, წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს თამბაქოს კონტროლის სფეროში.

2.      თითოეული მხარე მიიღებს და განახორციელებს ეფექტურ საკანონმდებლო, აღმასრულებელ, ადმინისტრაციულ ან სხვა ზომებს, რათა უზრუნველყოს თამბაქოს ნაწარმის თითოეულ პაკეტსა და შეკვრაზე, ასევე ასეთი ნაწარმის გარეკანსა და ეტიკეტზე სპეციალური აღნიშვნების გაკეთება, რაც მხარეებს ეროვნული კანონმდებლობისა და შესაბამისი ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების შესაბამისად. თამბაქოს ნაწარმის წარმოშობის დადგენის, მონიტორინგის ჩატარების, თამბაქოს ნაწარმის მოძრაობის დინამიკის აღრიცხვის, გაკონტროლებისა და იურიდიული სტატუსის დადგენის შესაძლებლობას მისცემს. ამასთან, თითოეული მხარე:

(a)    მოითხოვს, რათა ცალობით ან საბითუმო წესით შიდა ბაზარზე გაყიდული თამბაქოს ნაწარმის თითოეულ პაკეტზე და შეკვრაზე გაკეთდეს შემდეგი სახის წარწერა: „რეალიზაცია ნებადართულია მხოლოდ: (ქვეყნის, რეგიონის ან ფედერაციული სუბიექტის დასახელება). ან უზრუნველყოს თამბაქოს ნაწარმის საბოლოო დანიშნულების ადგილის მითითებას ან სპეციალური აღნიშვნის გაკეთებას, რომელიც შესაბამის ორგანოებს დაეხმარება იმის დადგენაში, კანონიერი გზით მოხვდა თუ არა თამბაქოს ნაწარმი შიდა ბაზარზე გასაყიდად; და

(b)   განიხილავს მოკვლევისა და ზედამხედველობის მეთოდების შემუშავების შესაძლებლობას სადისტრიბუციო სისტემის გამართულად მუშაობისა და უკანონო ვაჭრობის გამოაშკარავების მიზნით.

3.      თითოეული მხარე მოითხოვს, რომ შეკვრაზე განთავსებული ინფორმაცია ან ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სპეციალური აღნიშვნები წარმოდგენილ იქნეს გარკვევით და/ან მის ტერიტორიაზე მოქმედ ძირითად ენაზე ან ენებზე.

4.      თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის მიზნით, თითოეული მხარე:

(a)    უზრუნველყოფს თამბაქოს ნაწარმით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის, ასევე უკანონო ვაჭრობის შესახებ მონაცემთა შეგროვებას და მონიტორინგის ჩატარებას, ასევე ინფორმაციის გაცვლას საბაჟო, საგადასახადო და სხვა ორგანოებს შორის, ეროვნული კანონმდებლობისა და შესაბამისი ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებების საფუძველზე;

(b)   თამბაქოს ნაწარმით, მათ შორის ფალსიფიცირებული და კონტრაბანდული სიგარეტებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ აამოქმედებს კანონებს, რომლებშიც გათვალისწინებულია შესაბამისი სასჯელები და ჯარიმები;

(c)    მიიღებს სათანადო ზომებს ყველა სახის ჩამორთმეული, ფალსიფიცირებული და კონტრაბანდული აპარატურის გარემოს დაცვის თვალსაზრისით უსაფრთხო საშუალებებით განადგურების ან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად გასხვისების მიზნით;

(d)   გაატარებს ზომებს თამბაქოს იმ ნაწარმის შენახვასა და დისტრიბუციაზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების, ასევე მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, რომლის ფლობა ან ტრანსპორტირება არ ექვემდებარება ბაჟისა და მოსაკრებლების გადახდას მისი იურისდიქციის ფარგლებში; და

(e)    მიიღებს სათანადო ზომებს თამბაქოს ნაწარმის უკანონო ვაჭრობით მიღებული შემოსავლების კონფისკაციის მიზნით.

5.      წინამდებარე მუხლის მე-4(ა) და მე-4(დ) ქვეპუნქტების შესაბამისად შეგროვებულ ინფორმაციას მხარეები ერთიანი სახით გადასცემენ მხარეთა კონფერენციას 21-ე მუხლის შესაბამისად შედგენილ პერიოდულ ანგარიშებში.

6.      თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის მიზნით, მხარეები, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ხელს შეუწყობენ თანამშრომლობის გაღრმავებას როგორც ეროვნულ სამსახურებს, ისე რეგიონულ და საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაციებს შორის გამოძიებისა და სამართლებრივი დევნის განხორციელების საკითხებში. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება როგორც რეგიონულ, ისე ქვერეგიონულ დონეზე განხორციელებულ თანამშრომლობას თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგზომების გატარების მიზნით.

7.      თითოეული მხარე ეცდება მიიღოს და განახორციელოს შესაბამისი ზომები, მათ შორის ლიცენზირების ჩათვლით, სადაც ეს შესაძლებელია, რათა თამბაქოს უკანონო ვაჭრობის თავიდან აცილების მიზნით გააკონტროლოს ან არეგულიროს თამბაქოს ნაწარმის დამზადება და დისტრიბუცია.

მუხლი 16

თამბაქოს ნაწარმის არასრულწლოვნების მიერ შეძენა ან მათთვის თამბაქოს ნაწარმის მიყიდვა

1.      თითოეული მხარე განახორციელებს ეფექტურ საკანონმდებლო, აღმასრულებელ, ადმინისტრაციულ ან სხვა სახის ზომებს, რათა აიკრძალოს თამბაქოს ნაწარმის მიყიდვა იმ პირებისათვის, რომლებიც შიდა ან ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე ითვლებიან არასრულწლოვნებად, ან თვრამეტ წელზე ნაკლები ასაკის პირებისათვის. აღნიშნული ზომები მოიცავს:

(a)    თამბაქოს ნაწარმის ყველა გამსაღებლის მიერ თავის სავაჭრო პუნქტში სპეციალური აღნიშვნის გაკეთებას არასრულწლოვნებზე თამბაქოს ნაწარმის გასაღების აკრძალვის შესახებ, ხოლო ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, თამბაქოს მყიდველისათვის თავისი სრულწლოვნების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის მოთხოვნას;

(b)   თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვას ისეთი ფორმით, რაც მას პირდაპირი გზით ხელმისაწვდომს ხდის, მაგალითად, თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა დახლებზე;

(c)    ისეთი ტკბილეულის, საჭმლის, სათამაშოების ან სხვა საგნების დამზადებისა და გაყიდვის აკრძალვას, რომლებსაც აქვთ თამბაქოს ნაწარმის ფორმა და ასეთი ნაწარმის მიმართ დადებითად განაწყობს არასრულწლოვნებს;

(d)   შესაბამისი ზომების გატარებას, რათა არასრულწლოვნებმა ვერ ისარგებლონ თამბაქოს გამსაღებელი სავაჭრო ავტომატებით და ასევე არ მოხდეს არასრულწლოვანთათვის თამბაქოს ნაწარმის მიყიდვის ხელშეწყობა.

2.      თითოეული მხარე აკრძალავს ან ხელს შეუწყობს მოსახლეობასა და განსაკუთრებით არასრულწლოვანთათვის უფასოდ თამბაქოს ნაწარმის დისტრიბუციის აკრძალვას.

3.      თითოეული მხარე ყოველ ღონეს იხმარს, რათა აიკრძალოს სიგარეტების ცალობით ან პატარა პაკეტებში გაყიდვა, რაც ამ ნაწარმს არასრულწლოვანთათვის ხელმისაწვდომს გახდის.

4.      მხარეები აღიარებენ, რომ თამბაქოს ნაწარმის არასრულწლოვნებზე რეალიზაციის აღკვეთის ზომები, მათი ეფექტურობის გაზრდისათვის უნდა გატარდეს წინამდებარე კონვენციის სხვა დებულებების პარალელურად.

5.      კონვენციის ხელმოწერის, რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მიერთების დროს ან შემდგომში, დროის ნებისმიერ პერიოდში მხარეს შეუძლია წარმოადგინოს სავალდებულო ძალის მქონე წერილობითი განაცხადი, რომლის საფუძველზეც იგი უზრუნველყოფს თავისი იურისდიქციის ფარგლებში თამბაქოს გამსაღებელი სავაჭრო ავტომატების აკრძალვას, ან საჭიროების შემთხვევაში, ასეთი სავაჭრო ავტომატების მთლიანად აკრძალვას. ამ მუხლის შესაბამისად გაკეთებულ განაცხადს დეპოზიტარი გადასცემს კონვენციაში მონაწილე ყველა მხარეს.

6.      თითოეული მხარე განახორციელებს ეფექტურ საკანონმდებლო, აღმასრულებელ, ადმინისტრაციულ ან სხვა სახის ზომებს, გამსაღებლებისა და დისტრიბუტორებისათვის ჯარიმების დაწესების ჩათვლით, წინამდებარე მუხლის 1-5 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით.

7.      თითოეული მხარე, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელებს ეფექტურ საკანონმდებლო, აღმასრულებელ, ადმინისტრაციულ ან სხვა სახის ზომებს თამბაქოს ნაწარმის იმ პირებზე რეალიზაციის აკრძალვის მიზნით, რომლებიც ეროვნული ან შიდა კანონმდებლობის საფუძველზე აღიარებულნი არიან არასრულწლოვნად, ან რომელთაც ჯერ არ შესრულებიათ თვრამეტი წელი.

მუხლი 17

ეკონომიკურად ეფექტური ალტერნატიული საქმიანობის ხელშეწყობა

მხარეები როგორც ერთმანეთთან, ისე უფლებამოსილ საერთაშორისო და რეგიონულ მთავრობათშორის ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით, სათანადოდ შეუწყობენ ხელს თამბაქოს წარმოების სფეროში დასაქმებულ, ასევე თამბაქოს მომყვანი პირების და ცალკეული გამსაღებლების ეკონომიკურად ეფექტური ალტერნატიული საქმიანობით უზრუნველყოფას.

ნაწილი V. გარემოს დაცვა

მუხლი 18

გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვა

წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან ერთად, მხარეები აცხადებენ თანხმობას სათანადო ყურადღებით მოეკიდონ გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას, თავიანთ შესაბამის ტერიტორიებზე თამბაქოს მოყვანისა და დამზადების პროცესში.

ნაწილი VI. პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები

მუხლი 19

პასუხისმგებლობა

1.      თამბაქოს კონტროლის მიზნით, მხარეები განიხილავენ სარჩელის აღძვრის ან არსებული კანონების გამოყენების შესაძლებლობას, სისხლის სამართლებრივი და სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხთა გადაწყვეტის მიზნით, რაც ასევე მოიცავს სათანადო კომპენსაციის დაკისრებასაც.

2.      21-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები თანამშრომლობენ ერთმანეთთან მხარეთა კონფერენციის მეშვეობით, ინფორმაციის გაცვლის მიზნით, რომელიც მოიცავს:

(a)    ინფორმაციას თამბაქოს ნაწარმის მოხმარებითა და თამბაქოს კვამლის ზემოქმედებით ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანის შესახებ 20.3 (ა) მუხლის შესაბამისად; და

(b)   ინფორმაციას მოქმედი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების, ასევე შესაბამისი სასამართლო პრაქტიკის შესახებ.

3.      მხარეები, თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის, პოლიტიკის, სასამართლო პრაქტიკის და არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში, გაუწევენ ერთმანეთს დახმარებას სასამართლო პროცესებზე კონვენციით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლებრივი ან სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხთა გადაწყვეტის მიზნით.

4.      კონვენციამ არ უნდა მოახდინოს არანაირი ზემოქმედება ან შეზღუდვაერთი მხარის მიერ მეორე მხარის სასამართლოსთან ურთიერთობის უფლებაზე, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი უფლება არსებობს.

5.      შესაბამის საერთაშორისო ფორუმებზე ჩატარებული სამუშაოების გათვალისწინებით, მხარეთა კონფერენციამ ადრეულ ეტაპზევე შეიძლება განიხილოს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები და მხარეთათვის დახმარების გაწევის შესაძლებლობა საკანონმდებლო ან ამ მუხლით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე.

თავი VII. სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა

მუხლი 20

კვლევა, დაკვირვება და ინფორმაციის გაცვლა

1.      მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ ეროვნულ დონეზე კვლევების ჩატარებასა და რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე კვლევითი პროგრამების კოორდინირებას თამბაქოს კონტროლის სფეროში. ამ მიზნით, მხარეები:

(a)    პირდაპირ ან კომპეტენტური საერთაშორისო და რეგიონული მთავრობათაშორისი ორგანიზაციებისა და სხვა ორგანოების მეშვეობით, წარმოადგენენ სამეცნიერო-კვლევით ანალიზს ან ითანამშრომლებენ ამ ანალიზის შედგენაში და ასევე ხელს შეუწყობენ კვლევისჩატარებას იმ მიმართულებით, რომელიც ცხადყოფს თამბაქოს მოხმარებითა და თამბაქოს კვამლის ზემოქმედებით გამოწვეულ შედეგებს და იძლევა ალტერნატიული კულტურების განსაზღვრის შესაძლებლობას: და

(b)   კომპეტენტურ საერთაშორისო და რეგიონული მთავრობათშორისი ორგანიზაციებისა და სხვა ორგანოების დახმარებით, უზრუნველყონ იმ პირთა სწავლებასა და დახმარებას, რომლებიც მონაწილეობენ თამბაქოს კონტროლის მიზნით განხორციელებულ საქმიანობაში, კვლევითი სამუშაოების, დანერგვისა და შეფასების პროცესის ჩათვლით.

2.      საჭიროების შემთხვევაში, მხარეები შეიმუშავებენ პროგრამებს თამბაქოს მოხმარებითა და თამბაქოს კვამლის ზემოქმედებით გამოწვეულ შედეგებზე, ამ  შედეგების მასშტაბზე, დეტერმინანტებსა და მათი გამოვლენის შესაძლებლობებზე დაკვირვების მოხდენის მიზნით როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ და გლობალურ დონეზე. ამ მიზნით, მხარეები თამბაქოს მოხმარებაზე ზედამხედველობის პროგრამებს შეიტანენ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობის ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ პროგრამებში, რაც მათ რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე მონაცემთა შედარებისა და ანალიზის შესაძლებლობას მისცემს.

3.      მხარეები აღიარებენ საერთაშორისო და რეგიონული მთავრობათშორისო ორგანიზაციებისა და სხვა ორგანოების მიერ გაწეული ტექნიკური და ფინანსური დახმარების უდიდეს მნიშვნელობას. თითოეული მხარე შეეცდება:

(a)    შექმნას ეროვნული სისტემა თამბაქოს მოხმარებასა და მასთან დაკავშირებული ჯანდაცვის, სოციალურ და ეკონომიკურ ინდიკატორებზე ეპიდემიოლოგიური დაკვირვების განხორციელების მიზნით;

(b)   ითანამშრომლოს კომპეტენტურ საერთაშორისო და რეგიონულ მთავრობათშორის ორგანიზაციებსა და სხვა ორგანოებთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩათვლით, თამბაქოზე როგორც რეგიონულ ისე გლობალურ დონეზე ზედამხედველობის გაწევისა და ამ მუხლის მე-3 (ა) პუნქტში მითითებულ ინდიკატორებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლის მიზნით;

(c)    ითანამშრომლოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ზოგადი დირექტივების ან პროცედურების შემუშავების სფეროში, თამბაქოსთან დაკავშირებით ჩატარებული გამოკვლევის მასალების შეგროვების, ანალიზისა და გავრცელების მიზნით.

4.      ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, მხარეები ხელს შეუწყობენ საჯაროდ ხელმისაწვდომი სამეცნიერო, ტექნიკური, სოციალ-ეკონომიკური, კომერციული და იურიდიული ინფორმაციის გაცვლას, თამბაქოს ინდუსტრიასა და თამბაქოს მოყვანასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩათვლით, ამასთან, ისინი გაითვალისწინებენ განვითარებადი ქვეყნებისა და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების საჭიროებებს. თითოეული მხარე უზრუნველყოფს:

(a)    თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების, ასევე მათი მოქმედებისა და შესაბამისი სასამართლო პრაქტიკის შესახებ მონაცემთა განახლებადი ბაზის შექმნას და შენარჩუნებას; თანამშრომლობას რეგიონულ და გლობალურ დონეზე თამბაქოს კონტროლის პროგრამების შემუშავების მიზნით;

(b)   თამბაქოს კონტროლის ეროვნულ პროგრამებთან დაკავშირებული მონაცემთა განახლებადი ბაზის შექმნას ამ მუხლის მე-3(ა) პუნქტის შესაბამისად; და

(c)    კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას თამბაქოს წარმოების, დამზადებისა და თამბაქოს წარმოებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის შესახებ ინფორმაციის რეგულარული შეკრებისა და გავრცელების გლობალური სისტემის შექმნის მიზნით, რომელიც რეგულირდება წინამდებარე კონვენციით ან დაკავშირებულია ეროვნულ დონეზე თამბაქოს კონტროლის მიზნით გატარებულ ღონისძიებებთან.

5.      მხარეები ითანამშრომლებენ რეგიონულ და საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაციებსა და ფინანსურ და განვითარების იმ ინსტიტუტებთან, რომელთა წევრებიც არიან ისინი, სამდივნოს ტექნიკური და ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფისა და კონვენციის მონაწილე განვითარებადი ქვეყნებისა და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის დახმარების გაწევის მიზნით, რათა ამ ქვეყნებში შესაძლებელი გახდეს კვლევითი სამუშაოების, ზედამხედველობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

მუხლი 21

მოხსენებების წარდგენა და ინფორმაციის გაცვლა

1.      თითოეული მხარე მხარეთა კონფერენციას სამდივნოს მეშვეობით წარუდგენს პერიოდულ მოხსენებებს კონვენციის განხორციელებასთან დაკავშირებით. ეს მოხსენებები უნდა მოიცავდეს შემდეგს:

(a)    ინფორმაცია კონვენციის განხორციელების მიზნით გატარებული საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ადმინისტრაციული ან სხვა ზომების შესახებ;

(b)   ინფორმაცია კონვენციის განხორციელების დროს შექმნილი დაბრკოლებების ან შეზღუდვებისა და ამ დაბრკოლებათა დასაძლევად გატარებული ზომების შესახებ;

(c)    ინფორმაცია თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა განხორციელების მიზნით გაწეული ან მიღებული ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ;

(d)   ინფორმაცია მე-20 მუხლის შესაბამისად განხორციელებული ზედამხედველობისა და კვლევითი სამუშაოების შესახებ; და

(e)    მე-6.3, მე-13.2, მე-13.3, მე-13.4 (დ), მე-15.5 და მე-19.2. მუხლებით გათვალისწინებული ინფორმაცია.

2.      მხარეთა კონფერენცია განსაზღვრავს მხარეთა მიერ ასეთი მოხსენებების წარდგენის ფორმატსა და სიხშირეს. თითოეული მხარე საწყის მოხსენებას წარადგენს ამ მხარისათვის კონვენციის ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში.

3.      22-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად, მხარეთა კონფერენცია, მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე, განიხილავს კონვენციის მონაწილე განვითარებადი ქვეყნების ან გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის დახმარების გაწევის შესაძლებლობას მათ მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით.

4.      წინამდებარე კონვენციის შესაბამისად მოხსენებების წარდგენა და ინფორმაციის გაცვლა ექვემდებარება ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ დებულებებს კონფიდენციალურობის შესახებ. ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე, მხარეები უზრუნველყოფენ მათ შორის გაცვლილი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას.

მუხლი 22

თანამშრომლობა სამეცნიერო, ტექნიკურ და იურიდიულ სფეროებში და მასთან დაკავშირებული ექსპერტიზის უზრუნველყოფა

1.      მხარეები ითანამშრომლებენ პირდაპირ ან კომპეტენტური საერთაშორისო ორგანოების საშუალებით კონვენციაში მითითებული ვალდებულებების შესრულებისათვის პოტენციალის გაზრდის მიზნით, კონვენციის მონაწილე განვითარებადი ქვეყნების ან გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების საჭიროებათა გათვალისწინებით. ასეთი თანამშრომლობა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, უზრუნველყოფს სამეცნიერო, ტექნიკური და იურიდიული ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემას თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებულიეროვნული სტრატეგიების, გეგმებისა და პროგრამების შემუშავებისა და გაძლიერების მიზნით, რომლებიც ხელს შეუწყობს:

(a)    თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, ცოდნის, უნარ-ჩვევების, შესაძლებლობებისა და გამოცდილების შეძენას, გაღრმავებას და გადაცემას;

(b)   სამეცნიერო-ტექნიკურ, იურიდიულ და სხვა ექსპერტიზის უზრუნველყოფას თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული ეროვნული სტრატეგიების, გეგმებისა და პროგრამების შემუშავებისა და გაძლიერების მიზნით, რომლებიც ორიენტირებულია წინამდებარე კონვენციის განხორციელებაზე შემდეგი საშუალებებით:

( i ) დახმარების გაწევა, მოთხოვნისამებრ, ძლიერი საკანონმდებლო ბაზის შექმნისა და ტექნიკური პროგრამების შემუშავების მიზნით, იმ პროგრამების ჩათვლით, რომლებიც შეეხება თამბაქოს მოხმარების აღკვეთას, თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ხელშეწყობას და თამბაქოს კვამლის ზეგავლენისაგან დაცვას;

(ii) სათანადო დახმარების გაწევა თამბაქოს წარმოების სფეროში დაკავებულ მუშაკთათვის შემოსავლის ეკონომიკურად ეფექტური და ალტერნატიული წყაროების მოძიების მიზნით; და

(iii) დახმარების გაწევა თამბაქოს კულტურის მომყვანთა მიერ თავიანთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე სხვა კულტურების მოყვანის მიზნით.

(c)    სათანადო სასწავლო და შემეცნებითი პროგრამების განხორციელებას შესაბამისი პერსონალისათვის, მე-12 მუხლზე დაყრდნობით.

(d)   საჭირო მასალებისა და აპარატურის მიწოდებას,ასევე ლოგისტიკური დახმარების გაწევას თამბაქოს კონტროლის სტრატეგიების, გეგმებისა და პროგრამებისთვის;

(e)    თამბაქოს კონტროლის მეთოდების განსაზღვრას, ნიკოტინზე დამოკიდებულების სრულფასოვანი მკურნალობის ჩათვლით; და

(f)     ნიკოტინზე დამოკიდებულების სრულფასოვანი მკურნალობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი კვლევითი სამუშაოების ჩატარების ხელშეწყობა.

2.      მხარეთა კონფერენცია ხელს შეუწყობს ტექნოლოგიურ, სამეცნიერო და იურიდიულ სფეროში ექსპერტიზისა და ტექნოლოგიების გადაცემას 26-ე მუხლით გათვალისწინებული ფინანსური დახმარების შესაბამისად.

ნაწილი VIII. ინსტიტუციონალური ღონისძიებები და ფინანსური რესურსები

მუხლი 23

მხარეთა კონფერენცია

1.      წინამდებარე კონვენცია ითვალისწინებს მხარეთა კონფერენციის შექმნას. კონფერენციის პირველ სხდომას მოიწვევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს ერთი წლისა. პირველ სხდომაზე კონფერენცია განსაზღვრავს შემდგომი სხდომების ჩატარების პერიოდულობასა და ადგილს.

2.      მხარეთა კონფერენციის საგანგებო სხდომები შესაძლებელია ჩატარდეს კონფერენციის მიერ დადგენილ ნებისმიერ სხვა დროს, ან ნებისმიერი მხარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, იმ პირობით, რომ სამდივნოს მიერ მხარეთა კონფერენციისათვის ასეთი მოთხოვნის გადაცემიდან ექვსი თვის განმავლობაში მოთხოვნას მხარს დაუჭერს მხარეთა არანაკლებ ერთი მესამედი.

3.      პირველივე სხდომაზე მხარეთა კონფერენცია კონსენსუსის საფუძველზე განსაზღვრავს თავის საპროცედურო წესს.

4.      მხარეთა კონფერენცია კონსენსუსის საფუძველზე მიიღებს ფინანსურ ნორმებს როგორც თავისთვის, ისე მასზე დაქვემდებარებული ორგანოების დაფინანსებისა და სამდივნოს ფუნქციონირების რეგულირების მიზნით. თითოეულ მორიგ სხდომაზე, კონფერენცია მიიღებს ბიუჯეტს იმ ფინანსური პერიოდისათვის, რომელიც გაგრძელდება შემდეგ რიგით სხდომამდე.

5.      მხარეთა კონფერენცია რეგულარულად განიხილავს კონვენციის შესრულების მიმდინარეობის საკითხს და მიიღებს მისი ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო გადაწყვეტილებებს, მას ასევე შეუძლია მიიღოს კონვენციის ოქმები, დანართები და შეიტანოს კონვენციაში შესწორებები 28-ე, 29-ე და 33-ე მუხლების შესაბამისად. ამ მიზნით, ის:

(a)    ხელს შეუწყობს ინფორმაციის გაცვლას მე-20 და 21-ე მუხლების შესაბამისად;

(b)   ხელს შეუწყობს და უხელმძღვანელებს შედარებითი მეთოდოლოგიების შემუშავებასა და პერიოდულ დახვეწას კვლევითი სამუშაოების ჩატარებისა და მონაცემთა შეგროვების მიზნით, ნებისმიერი იმ მონაცემის ჩათვლით, მე-20 მუხლში მითითებული ინფორმაციის გარდა, რომელიც დაკავშირებულია წინამდებარე კონვენციის განხორციელებასთან;

(c)    ხელს შეუწყობს სტრატეგიების, გეგმებისა და პროგრამების, ასევე შესაბამისი პოლიტიკის, კანონებისა და სხვა ზომების შემუშავებას, განხორციელებას და შეფასებას;

(d)   განიხილავს მხარეთა მიერ 21-ე მუხლის შესაბამისად წარმოდგენილ მოხსენებებს და წარმოადგენს რეგულარულ მოხსენებებს კონვენციის განხორციელებასთან დაკავშირებით;

(e)    კონვენციის განხორციელების მიზნით ხელს შეუწყობს ფინანსური რესურსების მობილიზებას 26-ე მუხლის შესაბამისად;

(f)     შექმნის მასზე დაქვემდებარებულ ისეთ ორგანოებს, რომლებიც აუცილებელია კონვენციის მიზნის მისაღწევად;

(g)    გაეროს სისტემის შესაბამისი კომპეტენტური ორგანიზაციებისა და ორგანოებისაგან, ასევე სხვა საერთაშორისო და რეგიონული მთავრობათაშორისი და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უწყებებისგან მოითხოვს შესაბამისი მომსახურების გაწევას, ინფორმაციის მიწოდებას ან თანამშრომლობას კონვენციის განხორციელების პროცესის გაძლიერების მიზნით; და

(h)   განიხილავს სხვა სახის ზომების გატარების შესაძლებლობას კონვენციის მიზნის მისაღწევად, კონვენციის განხორციელების პროცესში შეძენილი გამოცდილების საფუძველზე.

6.      მხარეთა კონფერენცია განსაზღვრავს თავის საქმიანობაში დამკვირვებელთა მონაწილეობის კრიტერიუმებს.

მუხლი 24

სამდივნო

1.      მხარეთა კონფერენცია დანიშნავს მუდმივმოქმედ სამდივნოს და უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებას. მხარეთა კონფერენცია აღნიშნულ დანიშვნას შეეცდება თავის პირველივე სხდომაზე.

2.      მუდმივმოქმედი სამდივნოს დანიშვნამდე, სამდივნოს კონვენციით გათვალისწინებული ფუნქციების  შესრულებას უზრუნველყოფს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

3.      სამდივნოს ფუნქციებია:

(a)    უზრუნველყოს მხარეთა კონფერენციისა და მასზე დაქვემდებარებული ორგანოების სხდომების მომზადება და გაუწიოს მათ შესაბამისი მომსახურება;

(b)   კონვენციის შესაბამისად მიღებული მოხსენებები გადასცეს დანიშნულებისამებრ;

(c)    მოთხოვნისამებრ დახმარება გაუწიოს მხარეებს, განსაკუთრებით კონვენციის მონაწილე განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს, კონვენციით გათვალისწინებული შეტყობინებების ან ინფორმაციის შედგენაში;

(d)   მოამზადოს მოხსენებები მის მიერ მხარეთა კონფერენციის ხელმძღვანელობით გაწეული საქმიანობის შესახებ და წარუდგინოს ისინი მხარეთა კონფერენციას;

(e)    მხარეთა კონფერენციის ხელმძღვანელობით, უზრუნველყოს კოორდინაცია კომპეტენტურ საერთაშორისო და რეგიონულ მთავრობათშორის ორგანიზაციებსა და ორგანოებთან;

(f)     მხარეთა კონფერენციის ხელმძღვანელობით, გაატაროს ისეთი ადმინისტრაციული ან სახელშეკრულებო ღონისძიებები, რომლებიც შესაძლოა საჭირო იყოს მისი ფუნქციების ეფექტური შესრულებისათვის;

და

(g)    შეასრულოს კონვენციით და მისი ოქმებით გათვალისწინებული და ასევე მხარეთა კონფერენციის მიერ განსაზღვრული სხვა სამდივნო ფუნქციები.

მუხლი 25

ურთიერთკავშირი მხარეთა კონფერენციასა და მთავრობათშორის ორგანიზაციებს შორის

წინამდებარე კონვენციის მიზნის მისაღწევად საჭირო ტექნიკური და ფინანსური თანამშრომლობის განხორციელების მიზნით, მხარეთა კონფერენციას შეუძლია თანამშრომლობის თხოვნით მიმართოს კომპეტენტურ საერთაშორისო და რეგიონულ მთავრობათშორის ორგანიზაციებს, ფინანსური და განვითარების ინსტიტუტების ჩათვლით.

მუხლი 26

ფინანსური რესურსები

1.      მხარეები აღიარებენ ფინანსური რესურსების უდიდეს მნიშვნელობას კონვენციის მიზნის მიღწევის თვალსაზრისით.

2.      თითოეული მხარე უზრუნველყოფს თავის ქვეყანაში კონვენციის მიზნის მისაღწევად განხორციელებული საქმიანობის ფინანსურ მხარდაჭერას, თავისი ეროვნული გეგმების, პრიორიტეტების და პროგრამების შესაბამისად.

3.      მხარეები ხელს შეუწყობენ ორმხრივი, რეგიონული, სუბრეგიონული და სხვა მრავალმხრივი არხების გამოყენებას, რათა უზრუნველყონ კონვენციის მონაწილე განვითარებად ქვეყნებსა და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში თამბაქოს კონტროლის მრავალდარგობრივი პროგრამების შემუშავება და განხორციელების დაფინანსება. შესაბამისად, თამბაქოს წარმოების ნაცვლად, უნდა დაინერგოს და განვითარდეს ეკონომიკურად ეფექტური სხვა სფეროები და მოხდეს ნარგავი კულტურების დივერსიფიკაცია მდგრადი განვითარების ეროვნულ დონეზე განხორციელებული სტრატეგიების ფარგლებში.

4.      მხარეები, რომლებიც წარმოდგენილი არიან კომპეტენტურ საერთაშორისო და რეგიონულ მთავრობათშორის ორგანიზაციებსა და ფინანსურ და განვითარების ინსტიტუტებში, უზრუნველყოფენ ამ ორგანიზაციების მიერ შესაბამისი ფინანსური დახმარების გაწევას კონვენციის მონაწილე განვითარებადი ქვეყნებისა და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთვის, მათ მიერ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ამ ორგანიზაციების ფარგლებში მათი მონაწილეობის უფლების შეუზღუდავად.

5.      მხარეები აცხადებენ თანხმობას რომ:

(a)    ისინი დახმარებას გაუწევენ ერთმანეთს მათ მიერ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში, და რომ თამბაქოს კონტროლის მიზნით, უზრუნველყოფენ ყველა სახის არსებული და პოტენციური, სახელმწიფო თუ კერძო, ფინანსური, ტექნიკური და სხვა რესურსების მობილიზაციას, თითოეული მხარის, განსაკუთრებით კი კონვენციის მონაწილე განვითარებადი ქვეყნების და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების სასარგებლოდ.

(b)   სამდივნო კონსულტაციას გაუწევს კონვენციის მონაწილე განვითარებად ქვეყნებს და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს, მათი მოთხოვნისამებრ, დაფინანსების იმ არსებული წყაროების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.

(c)    მხარეთა კონფერენცია თავის პირველ სხდომაზე განიხილავს დახმარების არსებულ და პოტენციურ წყაროებს და მექანიზმებს სამდივნოს მიერ ჩატარებული გამოკვლევის და სხვა სახის ინფორმაციაზე დაყრდნობით, აგრეთვე განიხილავს მათი ადეკვატურობის საკითხს; და

(d)   მხარეთა კონფერენცია გაითვალისწინებს აღნიშნული განხილვის შედეგებს, დაფინანსების საშუალებათა გაზრდის, ნებაყოფლობით შემოწირულობათა მსოფლიო ფონდის შექმნის ან იმ შესაბამისი მექანიზმების ამოქმედებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოტანას, რომლებიც უზრუნველყოფს დამატებითი ფინანსური დახმარების გაწევას კონვენციის მონაწილე განვითარებადი ქვეყნების და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის, მათ მიერ კონვენციით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების მიზნით.

ნაწილი IX. დავათა გადაწყვეტა

მუხლი 27

დავათა გადაწყვეტა

1.      ორ ან მეტ მხარეს შორის კონვენციის ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე დავის წარმოშობის შემთხვევაში, მხარეები უზრუნველყოფენ სადავო საკითხის გადაწყვეტას დიპლომატიური არხების საშუალებით, მოლაპარაკების ან სხვა რაიმე მშვიდობიანი გზით, შესაბამისის სამსახურის გაწევის, შუამავლობის ან მორიგების საშუალებათა გამოყენების ჩათვლით. თუ მიუხედავად აღნიშნული საშუალებების გამოყენებისა, მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, ეს არ ათავისუფლებს მათ დავის გადაწყვეტის შემდგომი საშუალებების მოძიების ვალდებულებისაგან.

2.      წინამდებარე კონვენციის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების, ოფიციალურად დამოწმების ან მიერთების დროს, ან შემდგომში, ნებისმიერ სხვა დროს, სახელმწიფოს ან ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონულ ორგანიზაციას შეუძლია დეპოზიტარისათვის გაგზავნილი წერილის საფუძველზე განაცხადოს, რომ სადავო საკითხის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესით მოუგვარებლობის შემთხვევაში, ის სავალდებულოდ მიიჩნევს  საგანგებო საარბიტრაჟო პროცესის დანიშვნას მხარეთა კონფერენციის მიერ კონსენსუსით მიღებული პროცედურის გამოყენებით.

3.      ამ მუხლის დებულებები ვრცელდება მხარეთა შორის დადებულ ნებისმიერ ოქმზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ ოქმებით სხვაგვარად არის გათვალისწინებული.

ნაწილი X. კონვენციის შემდგომი განვითარება

მუხლი 28

კონვენციაში ცვლილებების შეტანა

1.      ნებისმიერ მხარეს შეუძლია წარმოადგინოს წინადადება კონვენციაში ცვლილებების შეტანის მიზნით. ამ ცვლილებების მიღების საკითხს განიხილავს მხარეთა კონფერენცია.

2.      კონვენციაში შესატანი ცვლილებები მიიღება მხარეთა კონფერენციის მიერ. კონვენციაში შესატანი ცვლილებების ტექსტს სამდივნო გადასცემს მხარეებს იმ სხდომის გამართვამდე არა ნაკლებ ექვსი თვით ადრე, რომელზეც უნდა მოხდეს ცვლილებების მიღება. სამდივნო შემოთავაზებულ ცვლილებებს მიაწოდებს ასევე კონვენციის ხელმომწერებს და დეპოზიტარს.

3.      მხარეები უზრუნველყოფენ შეთანხმების მიღწევას კონვენციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსის გზით. კონსენსუსის მიღწევის ყველა საშუალების ამოწურვისა და შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ცვლილება მიიღება სხდომაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეები ნიშნავს მხარეებს, რომლებიც ესწრებიან სხდომას და აძლევენ ხმას გადაწყვეტილების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. მიღებულ შესწორებას სამდივნო გადასცემს დეპოზიტარს, რომელიც მას გადასცემს მხარეებს დასამტკიცებლად.

4.      შესწორების დამტკიცების დოკუმენტები გადაეცემა დეპოზიტარს. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიღებული შესწორება ძალაში შევა იმ მხარეთათვის, რომლებმაც დაამტკიცეს შესწორება, დეპოზიტარისთვის კონვენციის მხარეთა არანაკლებ ორი მესამედის მიერ დამტკიცების დოკუმენტის წარდგენიდან ოთხმოცდამეათე დღეს.

5.      ნებისმიერი სხვა მხარისათვის შესწორება ძალაში შევა შესაბამისი მხარის მიერ დეპოზიტარისათვის შესწორების დამტკიცების დოკუმენტის გადაცემიდან ოთხმოცდამეათე დღეს.

მუხლი 29

კონვენციის დანართების მიღება და მათში შესწორებების შეტანა

1.      კონვენციის დანართებისა და მათში შესატანი შესწორებების წარმოდგენა, მიღება და ძალაში შესვლა განხორციელდება 28-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

2.      დანართები შეადგენს კონვენციის განუყოფელ ნაწილს. კონვენციაზე მითითება გულისხმობს მითითებას მის დანართებზეც, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამასთან დაკავშირებით არსებობს მკაფიოდ ფორმულირებული სხვაგვარი გადაწყვეტილება.

3.      დანართებს ექნება სიების, ფორმულარების და სხვა აღწერილობითი დოკუმენტაციის სახე და მოიცავს პროცედურულ, სამეცნიერო, ტექნიკურ ან ადმინისტრაციულ საკითხებს.

ნაწილი XI. დასკვნითი დებულებები

მუხლი 30

დათქმები

წინამდებარე კონვენცია არ ითვალისწინებს დათქმების გაკეთების შესაძლებლობას.

მუხლი 31

კონვენციიდან გასვლა

1.      მხარისათვის კონვენციის ძალაში შესვლიდან ორი წლის შემდეგ ნებისმიერ დროს, ამ მხარეს შეუძლია კონვენციიდან გასვლა დეპოზიტარისათვის წერილობითი შეტყობინების მიწოდების საფუძველზე.

2.      კონვენციიდან გასვლა ძალაში შევა დეპოზიტარის მიერ შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ, ან უფრო მოგვიანებით, შეტყობინებაში მითითებულ დღეს.

3.      მხარის მიერ კონვენციიდან გასვლის შემთხვევაში, იგი ჩაითვლება გასულად ნებისმიერი ოქმიდანაც, რომლის მხარესაც ის წარმოადგენს.

მუხლი 32

ხმის მიცემის უფლება

1.      წინამდებარე კონვენციის თითოეულ მხარეს აქვს ერთი ხმის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით.

2.      ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციები სარგებლობენ იმდენივე ხმის უფლებით, რამდენი მათ შემადგენლობაში მყოფი წევრი სახელმწიფოცაა ამ კონვენციის მხარე. ასეთი ორგანიზაცია არ გამოიყენებს თავისი ხმის უფლებას, თუ ამ უფლებას იყენებს მისი წევრი სახელმწიფო და პირიქით.

მუხლი 33

ოქმები

1.      ნებისმიერ მხარეს შეუძლია განსახილველად წარმოადგინოს ოქმები. ასეთ ოქმებს განიხილავს მხარეთა კონფერენცია.

2.      მხარეთა კონფერენციას შეუძლია წინამდებარე კონვენციის ოქმების მიღება კონსენსუსის გზით. კონსენსუსის მიღწევის ყველა საშუალების ამოწურვისა და შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ოქმი მიიღება სხდომაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეთა სამი მეოთხედის უმრავლესობით. ამ მუხლის მიზნებისათვის, სხდომაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეები ნიშნავს მხარეებს, რომლებიც ესწრებიან სხდომას და აძლევენ ხმას გადაწყვეტილების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

3.      შემოთავაზებული ოქმის ტექსტს სამდივნო გადასცემს მხარეებს იმ სხდომის დანიშვნამდე არანაკლებ ექვსი თვით ადრე, რომელზეც უნდა მოხდეს ამ ოქმის მიღება.

4.      ოქმის მხარეები შეიძლება იყვნენ მხოლოდ კონვენციის მხარეები.

5.      კონვენციის ოქმს სავალდებულო ძალა ექნება მხოლოდ ოქმის ხელმომწერი მხარეებისთვის. მხოლოდ ოქმის ხელმომწერ მხარეებს აქვთ ოქმთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების უფლება.

6.      ოქმის ძალაში შესასვლელად საჭირო მოთხოვნები განისაზღვრება ამავე დოკუმენტის მიხედვით.

მუხლი 34

ხელმოწერა

წინამდებარე კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა წევრისა და იმ სახელმწიფოთა მიერ, რომლებიც არ არიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრები, მაგრამ არიან გაეროს წევრები, და ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციების მიერ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, ჟენევაში, 2003 წლის 16 ივნისიდან 2003 წლის 22 ივნისამდე, და ამის შემდგომ გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ-ორკში, 2003 წლის 30 ივნისიდან 2004 წლის 29 ივნისამდე.

მუხლი 35

რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება, ოფიციალური დამოწმება ან მიერთება

1.      წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას, დამტკიცებას ან მიერთებას მხარეთა მიერ და ოფიციალურ დამოწმებას ან მიერთებას ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციების მიერ. ის ღიაა მისაერთებლად ხელმოწერის მიზნით კონვენციის დახურვის მომდევნო დღიდან. სარატიფიკაციო სიგელები, მიღების, დამტკიცების, ოფიციალური დამოწმების ან მიერთების დოკუმენტები შესანახად გადაეცემა დეპოზიტარს.

2.      ეკონომიკური ინტეგრაციის ნებისმიერი რეგიონული ორგანიზაცია, რომელიც ხდება კონვენციის მხარე, მიუხედავად იმისა, რომ მისი წევრი სახელმწიფოები არ არიან მხარეები, ვალდებულია შეასრულოს კონვენციით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება. ხოლო იმ ორგანიზაციების შემთხვევაში, რომელთა ერთი ან მეტი წევრი სახელმწიფო წარმოადგენს კონვენციის მხარეს, ეს ორგანიზაცია და მისი წევრი სახელმწიფოები განსაზღვრავენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად თავიანთი პასუხისმგებლობის ფარგლებს. ამ შემთხვევაში, ორგანიზაცია და მისი წევრი სახელმწიფოები უფლებამოსილნი არ არიან კონვენციით გათვალისწინებული უფლებებით ისარგებლონ ერთდროულად.

3.      ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციები ოფიციალური დამოწმების ან მიერთების დოკუმენტებში განსაზღვრავენ თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებს კონვენციით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით. ეს ორგანიზაციები ასევე აცნობებენ დეპოზიტარს, რომელიც, თავის მხრივ, აცნობებს მხარეებს, თავიანთი უფლებამოსილებების სფეროში მომხდარი რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ.

მუხლი 36

ძალაში შესვლა

1.      წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის დეპოზიტარისთვის მეორმოცე სარატიფიკაციო სიგელის, ან მიღების, დამტკიცების, ოფიციალური დამოწმების ან მიერთების დოკუმენტის გადაცემიდან ოთხმოცდამეათე დღეს.

2.      თითოეული იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც ახდენს წინამდებარე კონვენციის რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას ან უერთდება მას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იმ პირობების შესრულების შემდგომ, რომლებიც აუცილებელია კონვენციის ძალაში შესასვლელად, კონვენცია ძალაში შევა სარატიფიკაციო სიგელის, ან მიღების, დამტკიცების, ან მიერთების დოკუმენტის დეპოზიტზე გადაცემიდან ოთხმოცდამეათე დღეს.

3.      ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციისათვის, რომელიც დეპოზიტზე გადასცემს ოფიციალური დამოწმების ან მიერთების დოკუმენტს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდგომ, კონვენცია ძალაში შევა ოფიციალური დამოწმების ან მიერთების დოკუმენტის დეპოზიტზე გადაცემიდან ოთხმოცდამეათე დღეს.

4.      ამ მუხლის მიზნებისათვის, ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციის მიერ დეპოზიტზე გადაცემული ნებისმიერი დოკუმენტი არ ჩაითვლება ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ დეპონირებული დოკუმენტაციის დანამატად.

მუხლი 37

დეპოზიტარი

წინამდებარე კონვენციის და 28-ე, 29-ე და 33-ე მუხლების შესაბამისად კონვენციაში შეტანილი შესწორებების, ასევე კონვენციაზე დართული ოქმებისა და დანართების დეპოზიტარს წარმოადგენს გაეროს გენერალური მდივანი.

მუხლი 38

ავთენტური ტექსტები

წინამდებარე კონვენციის ორიგინალი, რომლის არაბული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური ტექსტები თანაბრად ავთენტურია, შესანახად გადაეცემა გაეროს გენერალურ მდივანს.

ზემოაღნიშნულის დასტურად, ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილნი, ხელს ვაწერთ ამ კონვენციას.

შესრულებულია ჟენევაში, ორი ათას სამი წლის (თვე და რიცხვი).

მეოთხე პლენარული სხდომა, 2003 წლის 21 მაისი

A56/VR/4



[1] შესაბამის შემთხვევაში, განსაზღვრება „ეროვნული“ ასევე მიკუთვნებული იქნება ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციებისათვის.

[2] მოლაპარაკებების დაწყებამდე და ასევე მოლაპარაკების პროცესში ადგილი ჰქონდა დისკუსიას თამბაქოს პროდუქციით უკანონო ვაჭრობის შესახებ წინასწარი ოქმის მიღების შესახებ. ასეთი ოქმის მიღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შესაძლებელია დაიწყოს INB- მ მხარეთა კონფერენციის მიერ CTC- ს მიღების შემდეგ ან შემდგომ ეტაპზე.