ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის დამატებითი ოქმი შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვთა მონაწილეობის შესახებ

ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის დამატებითი ოქმი შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვთა მონაწილეობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, -, 06/09/2010
ძალაში შესვლის თარიღი 03/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 480150000.03.030.000803
-
03/08/2010
ვებგვერდი, -, 06/09/2010
480150000.03.030.000803
ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის დამატებითი ოქმი შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვთა მონაწილეობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ბავშვთა უფლებების შესახებ

კონვენციის დამატებითი ოქმი

შეიარაღებულ კონფლიქტებში

ბავშვთა მონაწილეობის შესახებ

მოცემული ოქმის მონაწილე სახელმწიფოები,

მოხარულნი არიან რა ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის ფართო მხარდაჭერით, რაც დასტურდება იმ საყოველთაოდ ცნობილი არსებული ვალდებულებებით, რომლებიც განეკუთვნებიან ბავშვთა უფლებების ხელშეწყობასა და დაცვას,

ხელახლა ადასტურებენ რა, რომ საჭიროა ბავშვთა უფლებების განსაკუთრებული დაცვა, მოუწოდებენ რა ბავშვთა მდგომარეობის მუდმივი გაუმჯობესებისაკენ მათი განსხვავების გარეშე, ასევე მათი განვითარებისა და განათლებისაკენ მშვიდობიან და უსაფრთხო პირობებში,

შეშფოთებულნი არიან რა ბავშვებზე შეიარაღებულ კონფლიქტთა მავნე და ფართომასშტაბიანი ზეგავლენისა და იმ ხანგრძლივი შედეგების გამო, რომლებიც ხელს უშლის მტკიცე მშვიდობას, უსაფრთხოებასა და განვითარებას,

გმობენ რა ბავშვთა ჩარევას შეიარაღებულ კონფლიქტში, ასევე საერთაშორისო სამართლის მიერ დაცულ ობიექტებზე უშუალო თავდასხმებს, იმ ობიექტების ჩათვლით, სადაც ჩვეულებრივსამებრ ბავშვების დიდი რაოდენობა იმყოფება – სკოლები ან საავადმყოფოები,

აღნიშნავენ რა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს სტატუტის მიღებას, კერძოდ ისეთ ქმედებათა კვალიფიკაციას სამხედრო დანაშაულად, რაც დაკავშირებულია 15 წლამდე ასაკის ბავშვთა სამხედრო სამსახურში გაწვევასთან ან მათ მობილიზაციასთან, აგრეთვე მათ აქტიურ გამოყენებასთან საომარ მოქმედებებში, როგორც საერთაშორისო, ასევე არასაერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტებში,

თვლიან რა, რომ ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციაში აღნიშნულ უფლებათა უფრო ეფექტური განხორციელებისათვის საჭიროა გაძლიერებულ იქნას ბავშვთა დაცვა შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობისგან,

აღნიშნავენ რა, რომ ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის I მუხლი ითვალისწინებს იმას, რომ მოცემული კონვენციის მიზნებისათვის ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ყოველი ადამიანი, გარდა იმ შემთხვევისა თუ შესაბამისი კანონით ბავშვი არ აღწევს სრულწლოვანებას უფრო ადრე,

დარწმუნებულნი არიან რა, რომ კონვენციის დამატებითი ოქმი, რომელიც ზრდის შეიარაღებულ ძალებში შესაძლო გაწვევისა და მათ სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობის ასაკს, ეფექტურად შეუწყობს ხელს იმ პრინციპის განხორციელებას, რომლის მიხედვითაც ბავშვებთან დაკავშირებული ყველა მოქმედება უპირველეს ყოვლისა უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ინტერესების განსაკუთრებულ დაცვას,

აღნიშნავენ რა, რომ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ოცდამეექვსე საერთაშორისო კონფერენციამ, რომელიც შედგა 1995 წლის დეკემბერში, კერძოდ რეკომენდაცია გაუწია კონფლიქტთა მონაწილე მხარეებს გადადგან ყველა შესაძლო ნაბიჯი იმისათვის, რომ 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა მონაწილეობა არ მიიღონ სამხედრო მოქმედებებში.

მიესალმებიან რა ბავშვთა შრომის ყველაზე უარესი ფორმების სასწრაფო აღმოფხვრისა და მათი აკრძალვის შესახებ საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის №182 კონვენციის ერთსულოვნად მიღებას, 1999 წლის ივნისი, რომელიც ამასთანავე კრძალავს ბავშვთა იძულებით და სავალდებულო დაქირავებას მათი შეიარაღებულ კონფლიქტებში გამოყენების მიზნით,

შეშფოთებით გმობენ რა ბავშვთა დაქირავებას, წვრთნასა და მათ გამოყენებას საომარ მოქმედებებში სახელმწიფოს შიგნით და მის გარეთ იმ შეიარაღებული ჯგუფების მიერ, რომლებიც არ წარმოადგენენ სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს და აღიარებენ რა იმ პირთა პასუხისმგებლობას, ვინც ქირაობს, წვრთნის და იყენებს ბავშვებს ამ მიზნით,

მოუწოდებენ რა შეიარაღებული კონფლიქტის თითოეულ მხარეს განახორციელოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დებულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები,

ხაზს უსვამენ რა, რომ მოცემული ოქმი ზიანს არ აყენებს გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებს, და ჰუმანიტარული სამართლის შესაბამის ნორმებს, 51-ე მუხლის ჩათვლით,

მხედველობაში იღებენ რა, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების პირობები, რომლებიც დამყარებულია წესდებაში მოცემული მიზნებისა და პრინციპების სრულ პატივისცემაზე, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში არსებულ ხელშეკრულებათა შესრულებაზე, წარმოადგენს ბავშვთა დაცვის უცილობელ პირობას, განსაკუთრებით შეიარაღებული კონფლიქტებისა და უცხოური ოკუპაციის დროს,

აღიარებენ რა მოცემული ოქმის საწინააღმდეგოდ, იმ ბავშვთა განსაკუთრებულ მოთხოვნილებებს, რომლებიც მათი ეკონომიკური ან სოციალური მდგომარეობისა ან სქესის გამო, განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან მათი დაქირავებისა და სამხედრო მოქმედებებში გამოყენების მიმართ,

შეგნებული აქვთ რა, გაითვალისწინონ შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვთა მონაწილეობის ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური მიზეზები,

დარწმუნებულნი არიან რა, რომ აუცილებელია საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება მოცემული ოქმის განხორციელებისა და შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლ ბავშვთა ფიზიკური და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და სოციალური რეინტეგრაციის მიზნით,

მიესალმებიან რა საზოგადოების და განსაკუთრებით შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლ ბავშვთა მონაწილეობას ოქმით განსაზღვრულ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პროგრამების გავრცელებაში,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

მონაწილე სახელმწიფოები მიიღებენ სათანადო ზომებს, რომ მათ შეიარაღებულ ძალებში 18 წლამდე ასაკის პირებმა არ მიიღონ პირდაპირი მონაწილეობა სამხედრო მოქმედებებში.

მუხლი 2

მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ 18 წლამდე ასაკის პირები არ იყვნენ გაწვეულნი სავალდებულო შეიარაღებულ ძალებში.

მუხლი 3

1. მონაწილე სახელმწიფოები გაზრდიან თავიანთ ეროვნულ შეიარაღებულ ძალებში ნებაყოფლობითი გაწვევის ასაკს ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ ასაკთან შედარებით, ამ მუხლში მოცემული პრინციპების გათვალისწინებით და იმის აღიარებით, რომ 18 წლამდე ასაკის პირები უნდა იყვნენ განსაკუთრებულად დაცულნი ძალდატანებითი ან იძულებითი გაწვევისაგან.

2. თითოეული მონაწილე სახელმწიფო მოცემული ოქმის რატიფიცირებისას ან მასთან მიერთებისას, შესანახად გადასცემს სავალდებულო ხასიათის განაცხადს, რომელშიც განსაზღვრული იქნება შეიარაღებულ ძალებში გაწვევის მინიმალური ასაკი და ის დამცველი ზომები, რომლებიც მიღებულ იქნა ძალდატანებითი ან იძულებითი ხასიათის გაწვევის თავიდან აცილების მიზნით.

3. ის მონაწილე სახელმწიფო, რომელიც ნებას რთავს ეროვნულ შეიარაღებულ ძალებში 18 წლამდე ასაკის პირთა გაწვევას, უნდა წარმოადგინოს გარანტიები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ:

ა) ასეთი გაწვევა ატარებდეს ჭეშმარიტად ნებაყოფლობით ხასიათს;

ბ) ასეთი გაწვევა ხორციელდებოდეს მოცემული პირის მშობელთა ან კანონიერ მეურვეთა თანხმობით;

გ) ეს პირები სრულად იყვნენ ინფორმირებულნი სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ მოვალეობებზე;

დ) ასეთმა პირებმა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევამდე უნდა წარმოადგინონ თავიანთი ასაკის დამადასტურებელი მოწმობა.

4. თითოეულ მონაწილე სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია გააძლიეროს თავისი განაცხადი გაეროს გენერალური მდივნისათვის შესაბამისი შეტყობინების მიწოდებით, რომელიც თავის მხრივ შეატყობინებს ამის შესახებ ყველა მონაწილე სახელმწიფოს. ეს შეტყობინება ძალაში შევა გენერალური მდივნის მიერ მისი მიღების დღიდან.

5. მოცემული მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნა ასაკის გაზრდის შესახებ, ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის 28-ე და 29-ე მუხლების შესაბამისად, არ ვრცელდება მონაწილე სახელმწიფოების შეიარაღებულ ძალთა დაქვემდებარებაში ან მისი კონტროლის ქვეს მყოფ სასწავლო დაწესებულებებზე.

მუხლი 4

1. შეიარაღებულმა ჯგუფებმა, რომლებიც არ წარმოადგენენ სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს, არანაირ ვითარებაში, არ უნდა დაიქირავონ ან გამოიყენონ სამხედრო მოქმედებებში 18 წლამდე ასაკის პირები.

2. მონაწილე სახელმწიფოები მიიღებენ ყველა შესაბამის ზომებს ამგვარი დაქირავებისა და გამოყენების აღკვეთისა და ასეთი პრაქტიკის აკრძალვის მიზნით, სათანადო სამართლებრივი ზომების მიღების ჩათვლით.

3. ამ მუხლის გამოყენება მოცემული ოქმის შესაბამისად ზიანს არ მიაყენებს შეიარაღებული კონფლიქტის არც ერთი მხარის სამართლებრივ სტატუსს.

მუხლი 5

მოცემული ოქმი არ ზღუდავს მონაწილე სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის ან საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის იმ დებულებების შესრულებას, რომლებიც ხელს უწყობენ ბავშვთა უფლებების ეფექტურ განხორციელებას.

მუხლი 6

1. თითოეული მონაწილე სახელმწიფო თავისი იურისდიქციის შესაბამისად მიიღებს სამართლებრივ, ადმინისტრაციულ და სხვა სათანადო ზომებს მოცემული ოქმის დებულებების ეფექტურად განხორციელებისა და გამოყენების მიზნით.

2. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას უზრუნველყონ მოცემული ოქმის პრინციპებისა და დებულებების სათანადო საშუალებებით გავრცელება და პროპაგანდა ბავშვთა და მოზრდილებს შორის.

3. მონაწილე სახელმწიფოები მიიღებენ შესაბამის ზომებს, რათა ის პირები, რომლებზეც ვრცელდება მისი იურისდიქცია, მოცემული ოქმის საწინააღმდეგოდ, დაქირავებულ ან გამოყენებულ იქნენ სამხედრო მოქმედებებში, დემობილიზებულ ან განთავისუფლებულ იქნან სამხედრო სამსახურიდან. საჭიროების შემთხვევაში მონაწილე სახელმწიფოები აღმოუჩენენ ამ პირებს ყოველგვარ საჭირო დახმარებას მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის აღდგენისა, და მათი სოციალური რეინტეგრაციის მიზნით.

მუხლი 7

1. მონაწილე სახელმწიფოები ითანამშრომლებენ მოცემული ოქმის განხორციელების, ამასთანავე, ოქმით არ გათვალისწინებული ნებისმიერი ხელისშემშლელი საქმიანობის თავიდან აცილებისა და კონფლიქტის მსხვერპლ პირთა რეაბილიტაციისა და სოციალური რეინტეგრაციის მიზნით, ტექნიკური თანამშრომლობისა და ფინანსური დახმარების ჩათვლით. ამგვარი დახმარება და თანამშრომლობა განხორციელდება დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოებთან და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციების მეშვეობით.

2. მონაწილე სახელმწიფოები, რომლებსაც გააჩნიათ სათანადო საშუალება, აღმოუჩენენ ამგვარ დახმარებას არსებული ორმხრივი, მრავალმხრივი და სხვა პროგრამების ან ამასთანავე, გენერალური ასამბლეის წესების შესაბამისად, ნებაყოფლობითი ფონდის დაარსების გზით.

მუხლი 8

1. თითოეული მონაწილე სახელმწიფო მოცემული ოქმის ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში ბავშვთა უფლებების კომიტეტს წარუდგენს მოხსენებას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ამ მონაწილე სახელმწიფოს მიერ მოცემული ოქმის დებულებების განხორციელების მიზნით მიღებული ზომების შესახებ იმ ზომების ჩათვლით, რომლებიც მიღებულ იქნა შეიარაღებულ ძალებში მონაწილეობისა და გაწვევის შესახებ დებულებათა განხორციელების მიზნით.

2. მოხსენების წარდგენის შემდეგ კონვენციის 44-ე მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფომ ბავშვთა უფლებების კომიტეტს უნდა წარუდგინოს ოქმის განხორციელებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია. მოცემული ოქმის სხვა მონაწილე სახელმწიფოები წარადგენენ მოხსენებას ხუთ წელიწადში ერთხელ.

3. ბავშვთა უფლებების კომიტეტს შეუძლია მოსთხოვოს მონაწილე სახელმწიფოს მოცემული ოქმის განხორციელებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია.

მუხლი 9

1. მოცემული ოქმი ღიაა ხელმოსაწერად კონვენციის მონაწილე ან ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომელმაც ხელი მოაწერა ამ კონვენციას.

2. მოცემული ოქმი ექვემდებარება რატიფიკაციას და ღიაა მასთან ნებისმიერი სახელმწიფოს მიერთებისათვის. სარატიფიკაციო ან მიერთების სიგელები შესანახად გადაეცემა გაეროს გენერალურ მდივანს.

3. გენერალური მდივანი, როგორც კონვენციისა და ოქმის დეპოზიტორი, მე-13 მუხლის შესაბამისად, აცნობებს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს და იმ სახელმწიფოს, რომელმაც ხელი მოაწერა ამ კონვენციას, ყოველი დეკლარაციული აქტის შესახებ.

მუხლი 10

1. მოცემული ოქმი ძალაში შევა მეათე სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების აქტის შესანახად გადაცემიდან სამი თვის შემდეგ.

2. თითოეული იმ სახელმწიფოსათვის, რომელმაც მოახდინა მოცემული ოქმის რატიფიკაცია ან მიუერთდა მას ოქმის ძალაში შესვლის შემდეგ, მოცემული ოქმი ძალაში შევა ამ სახელმწიფოს სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების აქტის შესანახად გადაცემიდან ერთი თვის შემდეგ.

მუხლი 11

1. მოცემული ოქმი, რომლის არაბულ, ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ ტექსტებს თანაბარი ძალა გააჩნიათ, შესანახად გადაეცემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არქივს.

2. გაეროს გენერალური მდივანი მოცემული ოქმის დამოწმებულ ასლებს გადასცემს კონვენციის ყველა მონაწილე სახელმწიფოს და იმ სახელმწიფოს, რომელმაც ხელი მოაწერა ამ კონვენციას.