შპს „ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველოს“ გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

შპს „ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველოს“ გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/1324-17
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 11/08/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2017
სარეგისტრაციო კოდი
2/1324-17
11/08/2017
ვებგვერდი, 23/08/2017
შპს „ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველოს“ გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/1324-17

განჩინება

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

2017 წლის 11 აგვისტო

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

განმცხადებელი: შპს „ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველო“ (230029714)

დირექტორი: ვახტანგ ბეგაძე

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველოს“ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2017 წლის 29 მაისს შპს „ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველოს“ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა ვახტანგ ბეგაძემ და აღნიშნა, რომ შპს „ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველო“ რეგისტრირებულია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ და შპს-ს 100% წილის მფლობელი არის ზესტაფონის მუნიციპალიტეტი. საზოგადოებას ჰყავს მხოლოდ უზრუნველყოფილი კრედიტორი – სახელმწიფო ბიუჯეტი, თანხით – 130700,88 ლარი. სხვა კრედიტორები და დებიტორები საზოგადოებას არ ჰყავს. ორგანიზაციას საბანკო ანგარიშზე თანხა არ ერიცხება. რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია, გარდა ელიფსური ცისტერნისა („მოდელი KO-503B“ რეგისტრაციის ნომრით: DBF-782), რომელიც არის ექსპლოატაციისათვის უვარგისი და საჯართე მდგომარეობაში მყოფი. ამასთან, მიუთითა, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე – შპს „ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველო“ თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.

2017 წლის 13 ივნისის განჩინებით შპს „ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველოს“ ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 5 (ხუთი) სამუშაო დღე და დაევალა წარმოედგინა მტკიცებულებები მოვალის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ: ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან – არის თუ არა შპს „ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველო“ შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად რეგისტრირებული; წარმოედგინა ცნობა შემოსავლების სამსახურიდან შპს „ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველოს“ საბანკო ანგარიშების თაობაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით ასევე წარმოედგინა ცნობები შესაბამისი ბანკი(ებ)დან შპს „ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველოს“ საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის თაობაზე. წარმოედგინა მოვალის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასლი;

2017 წლის 9 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შპს „ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველოს“ დირექტორმა ვახტანგ ბეგაძემ და წარმოადგინა: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ცნობა შემოსავლების სამსახურიდან საბანკო ანგარიშების შესახებ, დირექტორის 2017 წლის 19 მაისის ბრძანება, 2014 წლის 18 სექტემბრის №43 24 ბრძანება წესდების დამტკიცების შესახებ და საზოგადოების წესდება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განჩინებით შპს „ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველოს“ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით დანიშნული საპროცესო ვადა გაუგრძელდა განჩინების ასლის გადაცემიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღით.

2017 წლის 26 ივნისს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა სასამართლოს შპს „ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველოს“ დირექტორმა ვახტანგ ბეგაძემ და წარმოადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი, რომლის თანახმად, შპს „ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველო“ შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად რეგისტრირებული არ რის.

2017 წლის 30 ივნისის განჩინებით შპს „ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველოს“ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველოს“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2017 წლის 7 ივლისს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველო“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს „ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველოს“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველო“ (ს/ნ 230029714) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველოს“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                                                 გენადი მაკარიძე