სს ”პერლიტის” გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

  • Word
სს ”პერლიტის” გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/16328-17
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 10/08/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/16328-17
10/08/2017
ვებგვერდი, 17/08/2017
სს ”პერლიტის” გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/ 16328-17

 

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

2017 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო ს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი

 

განმცხადებელი: სს „პერლიტი”

წარმომადგენელი: შპს „რეაბილიტაცია” დირექტორი თამარ მუმლაძე

 

მოთხოვნა: სს „პერლიტის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს „პერლიტის” გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2017 წლის 21 ივნისს, სს „პერლიტის” წარმომადგენელმა თამარ მუმლაძემ განცხადებით მომართა სასამართლოს სს „პერლიტის” (ს/ნ 216292385) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

განმცხადებლის მითითებით, სს „პერლიტი” წარმოადგენს სახელმწიფოს (წილი 27.08%), თამარ ჩიხლაძის (წილი 71,12%) და სხვა აქციონერების (წილი 1,8%) წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. სს „პერლიტს” საკუთრებაში უძრავი ქონება არ ერიცხება. კომპანიის საკუთრებას არ წარმოადგენს ასევე მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერში მითითებული უძრავი ქონება, რომელზეც ვრცელდება ყადაღა. სს „პერლიტი” არ ფლობს წილს სხვა საწარმოში. სს „პერლიტის” სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება MAZ 5549, სახელმწიფო სანომრე ნიშნით EEC 124. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2011 წელს განხორციელდა ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების და სხვა მოძრავი ქონების ინტერნეტ აუქციონის გზით რეალიზაცია. თუმცა ახალ მესაკუთრეს, შპს „რუსმეტალს” სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებები არ განუხორციელებია. შესაბამისად, სს „პერლიტს” საკუთრებაში მოძრავი ქონება არ ერიცხება. სს „პერლიტის” არაუზრუნველყოფილი კრედიტორია სს „ენერგო-პრო ჯორჯია”, რომლის მიმართ დავალიანება შეადგენს 6 626,96 ლარს, ხოლო უზრუნველყოფილი კრედიტორია სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართ დავალიანება 7 859,69 ლარია. სს „პერლიტს” ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს „ვი-თი-ბი ბანკ ჯორჯიაში” . ორგანიზაციას საბანკო ანგარიშზე და სალაროში თანხა არ გააჩნია.

ამდენად, სს „პერლიტი” გადახდისუუნაროა, რადგან ორგანიზაციას არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვს სს „პერლიტის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით სს „პერლიტის” განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში, ვინაიდან სს „პერლიტს” არ გააჩნდა ქონება, რაც უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის სს „პერლიტის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2017 წლის 07 ივლისს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, სს „პერლიტი” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს სს „პერლიტის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „პერლიტი” (ს/ნ 216292385) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს სს „პერლიტის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, 6) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                         ლაშა ქოჩიაშვილი