შპს „საქართველოს მარკის“ გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ

  • Word
შპს „საქართველოს მარკის“ გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/15987-17
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 09/08/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/15987-17
09/08/2017
ვებგვერდი, 17/08/2017
შპს „საქართველოს მარკის“ გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/15987-17

 

განჩინება

საქართველოს სახელით

2017 წლის 09 აგვისტო

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

 

განცხადებელი – შპს „საქართველოს მარკა“ (ს/კ 202906962)

დირექტორი – თამარ მუმლაძე

 

მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ირაკლი წიკლაური

 

მოთხოვნა – გაკოტრების მმართველის დანიშვნა

 

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების მმართველის დანიშვნის საკითხი და,

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2017 წლის 19 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „საქართველოს მარკის“ წარმომადგენელმა თამარ მუმლაძემ და მოითხოვა შპს „საქართველოს მარკის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო). კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2017 წლის 9 აგვისტოს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე კანონის 27-ე მუხლის 21-ე პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნის შემთხვევაში კრედიტორთა პირველ კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

მოცემულ შემთხვევაში, კრედიტორთა მიერ არ იქნა წარმოდგენილი მმართველის კანდიდატურა, და, ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლომ გაკოტრების მმართველად დანიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284, 285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „საქართველოს მარკის“ (ს/ნ 202906962) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი აღსრულების ეროვნული ბიურო. (შემდგომ აღსრულების ეროვნული ბიურო).

2. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                                                     ვერა დობორჯგინიძე