შპს „აგრო მეურნეობა“-ის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

  • Word
შპს „აგრო მეურნეობა“-ის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/19192-17
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 07/08/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/08/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/19192-17
07/08/2017
ვებგვერდი, 15/08/2017
შპს „აგრო მეურნეობა“-ის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე 2/19192-17

 

 

 

საქართველოს სახელით

 

განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

 

2017 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

 

განმცხადებელი (კრედიტორი): შპს „აგრო მეურნეობა“ (ს/კ 402018687)

წარმომადგენელი: ლაშა კიკოლაშვილი (დირექტორი)

 

მოთხოვნა: საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2017 წლის 19 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,აგრო მეურნეობის" დირექტორმა ლაშა კიკოლაშვილმა და განმარტა, რომ შპს „აგრო მეურნეობა“ წარმოადგენს ააიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს კრედიტორს, მოთხოვნით 2100 ლარი. სხვა კრედიტორები საწარმოს არ ჰყავს. შპს „აგრო მეურნეობა“ დღეისათვის არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და არ გააჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა. 2017 წლის 19 ივლისის მდგომარეობით, შპს ,,აგრო მეურნეობას" ანგარიშზე და სალაროში თანხა არ ერიცხება. მის სახელზე არც უძრავი ქონება და არც მექანიკური სატრანსპორტო საშუალება არ არის რეგისტრირებული. შესაბამისად, მოვალეს არ შესწევს უნარი დაფაროს საპროცესო ხარჯებიც კი, რის გამოც ითხოვს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის განჩინებით, შპს „აგრო მეურნეობას“ განცხადებას დაუდგინდა ხარვეზები. კერძოდ, ხარვეზის გამოსწორების მიზნით, განმცხადებელს უნდა წარმოედგინა ცნობა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომ შპს „აგრო მეურნეობა“ არ არის სხვა სამეწარმეო საზოგადოებაში წილის მფლობელი და ცნობა სს „თიბისი ბანკიდან“ შპს „აგრო მეურნეობის“ ანგარიშებზე არსებული თანხების შესახებ.

2017 წლის 3 აგვისტოს, შპს „აგრო მეურნეობის“ დირექტორმა ლაშა კიკოლაშვილმა ხარვეზის დადგენისათვის განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ, რომელსაც ერთვის ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ შპს „აგრო მეურნეობა“ არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად; ასევე, წარმოდგენილია ცნობა სს „თიბისი ბანკიდან“, რომლითაც დასტურდება, რომ შპს „აგრო მეურნეობის“ ანგარიშზე ნაშთი შეადგენს ნულ ლარს.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე თანდართულ დოკუმენტებს და მიიჩნევს, რომ შპს „აგრო მეურნეობას“ (ს/კ 402018687) უარი უნდა ეთქვას განცხადების სასამართლო წარმოებაში მიღებაზე შემდეგი სახის საფუძველთა არსებობის გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანს სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას. იმავე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებს, რაც გახდება მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.

შპს „აგრო მეურნეობას“ კუთვნილი ქონების სიმცირის და აქტივის დაბალი ღირებულების სამტკიცებლად სასამართლოსათვის წარმოდგენილი აქვს მთელი რიგი მტკიცებულებები. კერძოდ, სს ,,საქართველოს ბანკის’’, სს „ლიბერთი ბანკისა“ და სს „თიბისი ბანკის“ მიერ გაცემული ცნობების თანახმად, საწარმოს ანგარიშებზე ნაშთი შეადგენს 0,00 (ნული) ლარს. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომ შპს „აგრო მეურნეობის“ სახელზე რაიმე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება არ არის რეგისტრირებული. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობის თანახმად, შპს „აგრო მეურნეობა“ საჯარო რეესტრში არსებული განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის მონაცემებით უძრავი ნივთის მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული. ის ასევე არ ფლობს წილს სხვა სამეწარმეო საზოგადოებაში (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2 აგვისტოს წერილი).

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინებით ინიშნება მეურვე. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მეურვის უფლებამოსილების განხორციელება დაკისრებული აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. იმავე კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით დამტკიცდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესი. ამ ნორმატიული აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა”, „ა.ა” ქვეპუნქტების თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელებისთვის, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება, მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად: თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა. მითითებული ნორმის თანახმად, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარ განჭვრეტადი ხარჯის ოდენობა მინიმუმ 5000 ლარია.

განსახილველ შემთხვევაში მოვალე შპს „აგრო მეურნეობას“ აქტივები არ გააჩნია. გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარ განჭვრეტადი ხარჯის ოდენობა არის მინიმუმ 5000 ლარი. ასეთ პირობებში ცხადი ხდება, რომ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყება არათუ ასეთი წარმოების მიზნის მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრასა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოვალის ქონების რელიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიღწევის შესაძლებლობას უზრუნველყოფს, არამედ გაკოტრების წარმოებისათვის აუცილებელი ხარჯის დაფარვაც კი შეუძლებელია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რომელიც გამორიცხავს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესაძლებლობას.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „აგრო მეურნეობას“ (ს/კ 402018687) უარი ეთქვას მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე შპს „აგრო მეურნეობას“ (ს/კ 402018687) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, შპს „აგრო მეურნეობა“ (ს/კ 402018687) გამოცხადდება გაკოტრებულად, რაც თავის მხრივ განაპირობებს მისი რეგისტრაციის გაუქმებას.

3. კრედიტორთა ინფორმირების მიზნით განჩინება განმცხადებლისათვის მისი ასლის გადაცემიდან გონივრულ ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უნდა უზრუნველყოს შპს „აგრო მეურნეობამ“ (ს/კ 402018687). ამასთან, განმცხადებელს დაევალოს განჩინების გამოქვეყნების დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოსათვის წარმოდგენა.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.

 

 მოსამართლე                                                               ვერა დობორჯგინიძე