კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 117/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 10/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 200020000.18.011.016253
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
117/04
10/08/2017
ვებგვერდი, 11/08/2017
200020000.18.011.016253
კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/08/2017 - 15/06/2018)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №117/04

2017 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

 

კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
დამტკიცდეს კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესი თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის №51/04 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



დანართი
კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა

და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. კომერციული ბანკის ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული უნდა იყოს კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ზუსტი, სრული და მიმდინარე ინფორმაცია, მათ შორის, აქტივების ხარისხთან დაკავშირებით. აღნიშნული ხელს შეუწყობს კომერციული ბანკის რეალური ფინანსური მდგომარეობის დადგენას და გამჟღავნებას კომერციული ბანკის დეპოზიტარების, მენეჯმენტის, აქციონერების, პოტენციური ინვესტორების, საქართველოს ეროვნული ბანკისა (შემდგომში ეროვნული ბანკი) თუ სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის. ამ ინფორმაციის ძირითადი კომპონენტია კომერციული ბანკის მიერ თავისი აქტივების კლასიფიკაცია რისკის გათვალისწინებით და მათი შესაძლო დანაკარგების დასაფარავად ადეკვატური რეზერვის შექმნა.

2. ამ წესის მიზანია კომერციულმა ბანკებმა აქტივების კლასიფიკაციისა და რეზერვებთან დაკავშირებული ვალდებულებებისათვის უზრუნველყონ შიდა პროცედურებისა და საანგარიშგებო მოთხოვნების ჩამოყალიბება და შესრულება.

3. ამ წესის მოთხოვნების შესრულების მიზნით კომერციულმა ბანკებმა უნდა უზრუნველყონ საჭირო ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი ფუნქციების შესრულება.

4.  ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისათვის და უცხოური ბანკის ფილიალებისათვის.

5. ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციული ბანკების მიმართ  გამოიყენოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

1.    „სესხი“ – სესხის ხელშეკრულებით კომერციული ბანკის მიერ მსესხებლისათვის საკუთრებაში გადაცემული ქონება (სათანადო უზრუნველყოფით ან მის გარეშე), რომელზეც მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ეს ქონება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით. ეს ტერმინი მოიცავს აგრეთვე  სამეურნეო და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებით გაცემულ ავანსს, დებიტორულ დავალიანებას, ფაქტორინგს, სავალო ფასიან ქაღალდებს და სხვა ნებისმიერი ტიპის მოთხოვნას, ასევე სესხის და კრედიტის პირდაპირ ან არაპირდაპირ გაცემას, ან კომერციული ბანკის იურიდიულ ვალდებულებას გასცეს კრედიტი ნებისმიერი ფორმით, როგორიცაა ოვერდრაფტი, აკრედიტივი, საკრედიტო ხაზი, გარანტია ან/და კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით სხვა სახელშეკრულებო ვალდებულება კონკრეტული პირობებით, ან ბანკის ნებისმიერ სხვა პირობით ვალდებულებას.

2.     „ვადაგადაცილებული სესხი“ – სესხი, რომლის ძირითადი თანხის (მისი ნაწილის) ან პროცენტის განვადებით გათვალისწინებული თანხის გადახდა არ მომხდარა  შეთანხმებული თარიღისათვის, რომელიც მოცემულია სესხთან დაკავშირებულ შესაბამის დოკუმენტაციაში.

3.    „მთლიანად უზრუნველყოფილი სესხი“ – სესხი, რომლის დროული და სრული გადახდის უზრუნველსაყოფად კომერციულ ბანკში განთავსებულია სესხის გადაუხდელ თანხაზე არანაკლები მოცულობის დეპოზიტები, ან კომერციული ბანკის სასარგებლოდ გირავნობით ან იპოთეკით დატვირთულია აქტივი, რომლის საბაზრო ღირებულება ტოლია ან აღემატება სესხის გადაუხდელ თანხას.

4. „ნაწილობრივ უზრუნველყოფილი სესხი“ – სესხი,  რომლის უზრუნველყოფაში მიღებული დეპოზიტის, გირავნობის ან იპოთეკის საბაზრო ღირებულება სესხის გადაუხდელ თანხაზე ნაკლებია.

5.    „საბლანკო სესხი“ – სესხი, რომლისთვისაც არ არსებობს უზრუნველყოფაში მიღებული დეპოზიტი, გირავნობა ან იპოთეკა, ან თუ არსებობს, მას არ გააჩნია საბაზრო ღირებულება, ან/და ღირებულების მიუხედავად იგი არ არის აღსრულებადი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს არასწორი რეგისტრაციით ან სხვა მიზეზებით.

6. „რესტრუქტურიზებული სესხი“ – სესხი, რომლის დაფარვის პირობების შეცვლაზე მსესხებლის ფინანსური სირთულეების გამო, არსებობს შეთანხმება კომერციულ ბანკსა და მსესხებელს შორის. რესტრუქტურიზებულ სესხებს მიეკუთვნება ყველა ის სესხი, რომლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შეცვლილია ერთ-ერთი შემდეგი ქვეპუნქტის მიხედვით:

ა) საპროცენტო განაკვეთის შემცირება ან დარიცხული პროცენტების მიღების უფლებაზე უარის თქმა;

ბ) დარიცხული საპროცენტო შემოსავლების კაპიტალიზაცია;

გ) ძირითადი თანხის ან პროცენტის შემცირება (მათ შორის რეფინანსირება), რაც არ არის მსესხებლის მიერ გადახდის შედეგი, მათ შორის ისეთი შემთხვევები, როდესაც მსესხებელმა დაფარა პროცენტები ან ძირითადი თანხა თავისი, სხვა ან ურთიერთდაკავშირებული ჯგუფის სხვა წევრების მიერ აღებული სესხებით;

დ) სესხის დაფარვის ვადის გაგრძელება;

ე) სესხებზე საშეღავათო პერიოდის დაწესება (გარდა სეზონური ტიპის ბიზნესის შემთხვევაში);

ვ) კომერციული ბანკის მიერ მსესხებლისათვის მინიჭებული ნებისმიერი სხვა უფლება ან პრივილეგია, რაც ნორმალურ პირობებში არ მოხდებოდა.

7. „რეფინანსირებული სესხი“  – სესხი, რომლის დაფარვის პირობების შეცვლაზე არსებობს შეთანხმება კომერციულ ბანკსა და მსესხებელს შორის და დაფარვის პირობების ცვლილება არ არის გამოწვეული მსესხებლის ფინანსური სირთულეებით. ასეთი სახის რეფინანსირებას მიეკუთვნება, მაგრამ არ შემოიფარგლება: კონკურენციის გამო საპროცენტო განაკვეთების შემცირება, საბრუნავი საშუალებების განახლება, არსებული სესხების გაერთიანება, გადაფარვა მსესხებლის დამატებით დაფინანსებისას, მათ შორის, როდესაც ხდება დავალიანების ზრდა ახალი პროექტების დაფინანსების მიზნით და სხვა. რეფინანსირების მომენტისათვის მსესხებელი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტული კატეგორიის პირობებს.

8.  „ნეგატიურად კლასიფიცირებული აქტივი“ – საყურადღებო, არასტანდარტულ, საეჭვო და უიმედო კატეგორიად კლასიფიცირებული აქტივი.

9.  „გირავნობა“ – ნებისმიერი სახის მოძრავი ქონების და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის გამოყენება მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, რომელიც დაგირავებულია მსესხებლის მიერ სესხის გამცემი ბანკისათვის გირავნობის ხელშეკრულებით, ისე რომ ბანკი იძენს სხვა კრედიტორთან შედარებით უპირატეს უფლებას დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების ხარჯზე.

10. „იპოთეკა“ – ნებისმიერი უძრავი ქონების გამოყენება (დატვირთვა) მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, რომელიც დატვირთულია მსესხებლის მიერ სესხის გამცემი ბანკისათვის იპოთეკის შესახებ რეგისტრირებული და იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებით, ისე რომ ბანკი იძენს სხვა კრედიტორთან შედარებით უპირატეს უფლებას დაიკმაყოფილოს მოთხოვნა ამ ქონების ხარჯზე.

11.  „დარეზერვება“ – ამ წესიდან გამომდინარე, საერთო ან სპეციალური რეზერვების შექმნა კომერციული ბანკის მიერ კლასიფიცირებულ აქტივებთან დაკავშირებული მოსალოდნელი დანაკარგების დაფარვის მიზნით.

12.  „აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი“ – კომერციული ბანკის აქტივებისათვის შექმნილი რეზერვის ანგარიში, რომელიც წარმოადგენს სასესხო და არასასესხო აქტივების და პირობითი ვალდებულებების შესაძლო დანაკარგების დასაფარავად გათვალისწინებულ თანხას. ეს რეზერვი მოიცავს როგორც სპეციალურ, ისე საერთო რეზერვებს.

13. „სპეციალური რეზერვი“ – რეზერვი, რომელიც შექმნილია რაიმე სპეციალური აქტივის შესაძლო დანაკარგების დასაფარავად, კომერციული ბანკის ბალანსზე აქტივში ნაჩვენები ღირებულების შემცირების მიზნით. ეს რეზერვი პირდაპირ არის მიბმული ან შეესაბამება კონკრეტულ, განსაზღვრულ აქტივს.

14. „საერთო რეზერვი“ – რეზერვი, რომელიც შექმნილია აქტივების შესაძლო დანაკარგების დასაფარავად, მათ დაუკონკრეტებლად.

15.  „ფასიანი ქაღალდები“ – მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტები და უფლებები, რომელთა საჯარო შეთავაზებაც შესაძლებელია წილობრივი თუ სასესხო ფასიანი ქაღალდების სახით, ან რომლებიც შეიძლება გარდაიქმნან ასეთებად, ან რომლებიც არიან ასეთებზე ხელმოწერისა თუ შეძენის უფლების მატარებლები.

16. „ბანკთაშორისი დეპოზიტი“ – კომერციული ბანკის მიერ სხვა მოკორესპონდენტო ბანკში სადეპოზიტო და საკორესპონდენტო ანგარიშზე გარკვეული ვადით ან მოთხოვნამდე განთავსებული ფულადი სახსრები.

17.  „ბანკთაშორისი სესხი“ სესხი, სავალო ფასიანი ქაღალდი და სხვა მოთხოვნები კომერციული ბანკის მიმართ.

18. „სხვა უძრავი ქონება“   უძრავი ქონება, რომელიც დასაკუთრებულია კომერციული ბანკის მიერ მსესხებლისათვის ვადაში დაუფარავი დავალიანების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით. ასევე ქონება, რომელიც წინათ კომერციული ბანკის შენობებად გამოიყენებოდა.

19.  „გირავნობით დასაკუთრებული მოძრავი ქონება“ – ბანკის მიერ მსესხებლის დავალიანების მთლიანად ან ნაწილობრივ დასაკმაყოფილებლად დასაკუთრებული გირავნობა სატრანსპორტო საშუალებების, მანქანა-დანადგარების (რომლებიც არ არის უძრავი ქონების განუყოფელი ნაწილი), ფასიანი ქაღალდების, სხვა სახის მოძრავი ქონებისა და ფინანსური აქტივების სახით.

20.  „საბაზრო ღირებულება“ – თავისუფალი საბაზრო ფასი, რომელიც ყალიბდება ბაზარზე იდენტური საქონლის/სამუშაოს/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთქმედებისას და საქონლის/სამუშაოს/მომსახურების შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც არ წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს.

21.    „აღრიცხული აქტივი“ წარმოადგენს:

ა) სესხის შემთხვევაში გადაუხდელი ძირითადი თანხის ნაშთს დამატებული დარიცხული პროცენტი;

ბ) არასასესხო აქტივის შემთხვევაში მისი შეძენის მთლიანი ღირებულება.

22. „მთლიანი აქტივები“ (Assets) რესურსი, რომელსაც საწარმო აკონტროლებს წარსულში მომხდარი მოვლენების შედეგად და რის საფუძველზეც საწარმო მომავალში მოელის ეკონომიკური სარგებლის მიღებას.

23.  „მთლიანი ვალდებულებები“ (Debt) საწარმოს სესხები, ფასიანი ქაღალდები, ფინანსური ლიზინგი, ფაქტორინგი და სხვა ვალდებულებები, კრედიტორული და მსგავსი მოთხოვნების გარდა. ვალდებულებებში ასევე გაითვალისწინება ბანკის მიერ მსესხებლისათვის დამტკიცებული და აუთვისებელი გარესაბალანსო ვალდებულებები, რომელთა ათვისება-გამოყენებაც ბანკის მხრიდან დამატებით სტანდარტული ტიპის განხილვასა და დამტკიცებას აღარ მოითხოვს, ასევე კრედიტის პირდაპირი შემცვლელი ტიპის გარესაბალანსო ვალდებულება, რომელიც ასახული არ არის ბალანსში წარმოდგენილ ვალდებულებებში.  

24.  „საკუთარი კაპიტალი“ (Equity) საწარმოს აქტივების ის ნაწილი, რომელიც რჩება ყველა ვალდებულების გამოკლების შემდეგ.

25. „საოპერაციო მოგება საპროცენტო ხარჯების, ცვეთა, ამორტიზაციისა და გადასახადების გადახდამდე” (EBITDA)  საწარმოს საანგარიშო, როგორც წესი, უახლესი თორმეტი თვის მოგება, საპროცენტო ხარჯების, ცვეთის, ამორტიზაციისა და საგადასახადო ვალდებულებების (მოგების გადასახადი) გათვალისწინების გარეშე. აღნიშნული მაჩვენებელი არ უნდა მოიცავდეს ერთჯერად და არაძირითადი ბიზნეს საქმიანობით წარმოშობილ შემოსავლებსა და ხარჯებს.

26.  „საოპერაციო მოგება საპროცენტო ხარჯების და გადასახადების გადახდამდე“ (EBIT) საწარმოს საანგარიშო, როგორც წესი, უახლესი თორმეტი თვის მოგება, საპროცენტო ხარჯებისა და საგადასახადო ვალდებულებების (მოგების გადასახადი) გათვალისწინების გარეშე. აღნიშნული მაჩვენებელი არ უნდა მოიცავდეს ერთჯერად და არაძირითადი ბიზნესსაქმიანობით წარმოშობილ შემოსავლებსა და ხარჯებს. აღნიშნული მაჩვენებელის გაანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იყოს სამართლიანი მოცულობის ცვეთა, ამორტიზაციის ხარჯები, რომელთა განსაზღვრის მიზნებისათვის გათვალისწინებული უნდა იყოს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, რამდენად კაპიტალ ტევადია მსესხებლის საქმიანობის სექტორი, როგორია აქტივების მიმდინარე მდგომარეობა, როგორ ზეგავლენას ახდენს ტექნოლოგიური პროგრესი აქტივებზე და სხვა.

27.  „საპროცენტო ხარჯები“ (Interest Expenses) საწარმოს საანგარიშო, როგორც წესი, უახლესი თორმეტი თვის მანძილზე, სხვისი კუთვნილი ფულადი სახსრების ან/და მათი ეკვივალენტების გამოყენების სანაცვლოდ გაწეული და სხვის მიმართ წარმოშობილი ვალდებულებების შედეგად წარმოქმნილი ხარჯი, რომელიც გამოითვლება ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მეშვეობით, რაც წარმოადგენს ისეთ განაკვეთს, რომელიც ზუსტად ადისკონტირებს მომავალში გადასახდელ სავარაუდო ფულად სახსრებს ფინანსური ინსტრუმენტის მოსალოდნელი მომსახურების ვადის (ან სადაც შესაძლებელია უფრო მოკლე ვადის) განმავლობაში მის საბალანსო ღირებულებამდე. საპროცენტო ხარჯის გამოთვლისას გასათვალისწინებელია არსებითობის პრინციპი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

28.  „საოჯახო მეურნეობა“ ერთ ჭერქვეშ მცხოვრები ფიზიკური პირები, რომლებიც ეწევიან ერთობლივ საოჯახო მეურნეობას.

29. „ყოველთვიური წმინდა შემოსავლები“ ფიზიკური პირების ჯამური ყოველთვიური შემოსავლები გადასახადების გარეშე, რომელიც ამავდროულად უნდა იყოს დადასტურებული.

30. „ჯამური ვალდებულებები“ ჯამურ ვალდებულებებში გათვალისწინებული უნდა იყოს მსესხებლის, თანამსესხებლის და მათი საოჯახო მეურნეობის ყველა ტიპის ვალდებულება, იქნება ეს ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ონლაინ სესხის გამცემი ორგანიზაციების, სესხის გამცემი სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირების, ე.წ. შიდა განვადების გამცემი პირებისა და სხვათა წინაშე არსებული ვალდებულებები. ამ პუნქტის მიზნებისათვის საკრედიტო ბარათები, ოვერდრაფტები და სხვა მსგავსი ტიპის პროდუქტები გაითვალისწინება ჯამური ლიმიტების შესაბამისად.

31.  „ყოველთვიური გადასახდელები“: 

ა) უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების შემთხვევაში, სესხის მომსახურების კოეფიციენტის დაანგარიშებისას, ყოველთვიურ გადასახდელებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ის თანხა, რომლის გადახდაც მსესხებელს, თანამსესხებელს და მათ საოჯახო მეურნეობას მოუწევდა მათი ჯამური ვალდებულებების (ძირი, პროცენტი, საკომისიო და სხვა) მაქსიმუმ 12-წლიან პერიოდზე ანუიტეტური წესით ამორტიზებისას;

ბ) სხვა ნებისმიერი ტიპის სესხებისათვის სესხის მომსახურების კოეფიციენტის დაანგარიშებისას, ყოველთვიურ გადასახდელებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ის თანხა, რომლის გადახდაც მსესხებელს, თანამსესხებელს და მათ საოჯახო მეურნეობას მოუწევდა მათი ჯამური ვალდებულებების (ძირი, პროცენტი, საკომისიო და სხვა) მაქსიმუმ 5-წლიან პერიოდზე ანუიტეტური წესით ამორტიზირებისას.

32.  „სესხის მომსახურების კოეფიციენტი“ მსესხებლის, თანამსესხებლისა და მათი საოჯახო მეურნეობის ჯამური ყოველთვიური გადასახდელებისა და ყოველთვიური წმინდა შემოსავლების თანაფარდობა. სესხის მომსახურეობის კოეფიციენტი შესაძლოა გაანგარიშებულ იქნეს მხოლოდ მსესხებლის და თანამსესხებლის ყოველთვიური წმინდა შემოსავლებისა და ყოველთვიური გადასახდელების გათვალიწინებით, თუკი  საოჯახო მეურნეობის შესაბამისი მონაცემები ბანკს არ გააჩნია.

33.  „სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი“ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის, სესხების და უძრავი ქონების სახით არსებული უზრუნველყოფის საშუალების საბაზრო ღირებულების, თანაფარდობა, რომელიც კონკრეტულად უზრუნველყოფს აღნიშნულ სესხს, სესხებს.

34.  „ჰეჯირებული მსესხებელი“ – ფიზიკურ პირებთან მიმართებაში მსესხებელი, თანამსესხებელი და მათი საოჯახო მეურნეობა ითვლება ჰეჯირებულად, თუ მათი ყოველთვიური წმინდა შემოსავლები ვალუტების მიხედვით საკმარისია შესაბამის ვალუტაში არსებული ყოველთვიური გადასახდელების არანაკლებ 90%-ით მომსახურებისათვის. 

35. „რისკის პოზიცია“ აქტივი და/ან გარესაბალანსო ელემენტი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ შესაბამისად.


მუხლი 3. კომერციული ბანკების ვალდებულება
კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან:

1.  ჩამოაყალიბონ და იქონიონ წერილობითი პოლიტიკა და პროცედურები საკრედიტო რისკის მართვის, აქტივების კლასიფიკაციის განხორციელების და მოსალოდნელი დანაკარგების დაფარვისათვის ადეკვატური რეზერვის შექმნის მიზნით.

2. განახორციელონ აქტივების კლასიფიკაცია და შექმნან შესაძლო დანაკარგების ადეკვატური რეზერვები ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული წერილობითი პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად. სესხის გაცემასთან და მონიტორინგთან დაკავშირებული დოკუმენტები მუდმივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეროვნული ბანკის შემმოწმებლებისათვის. სესხის სახეობის მიხედვით, კომერციულმა ბანკებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) განაცხადი სესხის მიღების თაობაზე;

ბ) იურიდიული, მათ შორის ბიზნესით დაკავებული ფიზიკური პირების შემთხვევაში მსესხებლის საფინანსო ანგარიშგება (საბალანსო, მოგება-ზარალისა და ფულის მიმოქცევის უწყისები), დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირების შემთხვევაში მსესხებლის, თანამსესხებლის და მათი საოჯახო მეურნეობის შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტები;

გ) ბიზნესგეგმა;

დ) უზრუნველყოფის შესახებ იურიდიული დოკუმენტაცია და შეფასების აქტები;

ე) საკრედიტო ხელშეკრულებები, სესხის გაცემის თაობაზე დასკვნა და გადაწყვეტილება;

ვ) ინფორმაცია სესხის მონიტორინგის თაობაზე და სხვა, მათ შორის, ბანკის შიდა პოლიტიკა-პროცედურებით განსაზღვრული.

3. კლასიფიკაციას დაუქვემდებარონ ნებისმიერი ვალუტით ფორმირებული და საბალანსო უწყისებზე არსებული ყველა აქტივი, ასევე საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების მიხედვით გათვალისწინებული ყველა გარესაბალანსო მუხლი.

4.  აქტივების კლასიფიკაცია განსაზღვრონ მას შემდეგ, რაც მხედველობაში მიიღება ყველა გარემოება და შესაძლებლობა, რომელიც დეტალური ანალიზის საფუძველზე ზეგავლენას მოახდენს აქტივების ხარისხზე.

5.  დანაკარგების რეზერვის ანგარიშები შექმნან ნებისმიერი ვალუტით ფორმირებული აქტივების დასაფარავად.

6.   დანაკარგების რეზერვი შექმნან საქართველოს ეროვნული ვალუტით.

7.  აქტივების დანაკარგების  რეზერვის  ანგარიშზე დარეზერვება მოახდინონ იმ თანხით, რომელიც დაფარავს შესაძლო დანაკარგებს.

8.   შექმნილი რეზერვები და მათი ნებისმიერი შემდგომი ზრდა გაატარონ კომერციული ბანკის ხარჯებში, მუხლით „ზარალი აქტივების შესაძლო დანაკარგების მიხედვით“, რომელიც ნაჩვენები იქნება ბალანსზე მუხლით „აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვები“.

9.  აქტივების რისკის კლასიფიკაციის მიხედვით საჭირო რეზერვების შექმნა აწარმოონ სააღრიცხვო პერიოდში მიღებული შემოსავლების მიუხედავად. ამასთან, აქტივების კლასიფიკაციის წერილობითი პოლიტიკა და პროცედურები შეუთანხმონ ეროვნულ ბანკს.

10. შეიმუშაონ წერილობითი პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც აღწერს, რის საფუძველზე ხდება ამოუღებელი აქტივის ჩათვლა „უიმედოდ“ და მათი ჩამოწერა საბალანსო უწყისიდან.

11.  უიმედოდ კლასიფიცირებული აქტივი ჩამოწერონ კომერციული ბანკის აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვიდან.

12.  ეროვნულ ბანკს წარუდგინონ ყოველთვიური ანგარიშები, სადაც მოცემული იქნება ამ წესით გათვალისწინებული აქტივების კლასიფიკაცია და თითოეულისათვის შექმნილი შესაძლო დანაკარგების რეზერვები  ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ანგარიშგების ფორმის შესაბამისად.

13.  დანერგვამდე და ძალაში შესვლამდე ეროვნულ ბანკს წარმოუდგინონ დეტალური ინფორმაცია საკრედიტო პროდუქტებში, პოლიტიკა პროცედურებში, სესხის გაცემის პირობებში შეტანილი ნებისმიერი ტიპის ცვლილების შესახებ, იქნება ეს ახალი პროდუქტის დანერგვა, ცვლილებები არსებულში, აქციები თუ სხვა.

14. ეროვნული ბანკის მიერ ნებისმიერი აქტივის კლასიფიკაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებასა და მაკლასიფიცირებელი ბანკის გადაწყვეტილებას შორის განსხვავება შესაძლოა იქცეს მათ შორის განხილვის საგნად, მაგრამ ეროვნული ბანკის პოზიცია გადამწყვეტია. ეროვნულმა ბანკმა შეიძლება მოითხოვოს ნებისმიერი აქტივის  კლასიფიკაცია ან კლასიფიკაციაში ცვლილება და, ამასთან ერთად, შესაძლო დანაკარგების რეზერვის დამატებით შექმნა, თუ ეროვნული ბანკის აზრით, ეს გამართლებულია ისეთი ფაქტებითა და გარემოებებით, როგორიცაა:

ა) კომერციული ბანკის საკრედიტო პორტფელის საერთო მდგომარეობის გაუარესება;

ბ) ცვლილება კომერციული ბანკის სესხის გაცემის პროცედურებში ან რისკის მართვის ადეკვატური პოლიტიკის უქონლობა;

გ) კომერციული ბანკის ფაქტობრივი დანაკარგები ისეთი სახის სესხებზე, როგორიცაა კონკრეტული სექტორებისათვის, დარგების ან რეგიონებისათვის გაცემული სესხები;

დ) კომერციული ბანკის მენეჯმენტის უმოქმედობა (არასაკმარისი ქმედება), ამოიღოს პრობლემური სესხები;

ე) სესხების კონცენტრირება ეკონომიკის სექტორებში, დარგებსა და რეგიონებში;

ვ) უარყოფითი ტენდენციები ეკონომიკის იმ სექტორებში, დარგებსა და რეგიონებში, სადაც კომერციულ ბანკს აქტივების დიდი კონცენტრაცია აქვს;

ზ) სხვა გარემოებები აქტივის შესაძლო გაუფასურებასთან, მოვალის ან თვით კომერციული ბანკის ფინანსურ მდგომარეობასთან  დაკავშირებით, რომლებიც გამოვლენილ იქნა ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად და ა.შ.

15. სასესხო პროდუქტის რისკიანობიდან გამომდინარე ეროვნულ ბანკს შეუძლია კომერციულ ბანკს მოსთხოვოს მისი კორექტირება, შეჩერება ან გაუქმება.


მუხლი 4. აქტივების კლასიფიკაციის სისტემა
1. სესხების კლასიფიკაცია წარმოებს ხუთი კატეგორიის მიხედვით:

ა) სტანდარტული სესხები;

ბ) საყურადღებო სესხები;

გ) არასტანდარტული სესხები;

დ) საეჭვო სესხები;

ე) უიმედო სესხები.

2. კომერციულმა ბანკმა ყოველთვიურად უნდა მოახდინოს  აქტივების კლასიფიკაცია ამ წესით დადგენილი კატეგორიების მიხედვით.

3. კატეგორიების მიხედვით აქტივების კლასიფიკაციის განხორციელების დროს კომერციულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს მათ გარშემო არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობილი მოსაზრებანი, რაც უნდა ეფუძნებოდეს თითოეულ კატეგორიასთან დაკავშირებულ სტანდარტებსა და კომპონენტებს.

4.  აქტივების ნეგატიურად კლასიფიკაცია დამყარებულ უნდა იქნას იმ ფაქტებზე და სისუსტეებზე, რომლებიც გამოწვეულია ან გამომდინარეობს ისეთი გარემოებებიდან, მოვლენებიდან ან მდგომარეობიდან, რომელთა ზედმიწევნით ჩატარებული ანალიზისა და განსჯის შემდეგ ნათელი ხდება, რომ აქტივის ღირებულება მცირდება.

5.  სესხის ნეგატიურად კლასიფიკაციის დროს კომერციულმა ბანკმა ამ მსესეხებელს არ უნდა მისცეს დამატებითი სესხი როგორც მიმდინარე საკრედიტო ხაზის დაფინანსების, ასევე ახალი სესხის სახით, მასთან დაკავშირებული რისკებისა და მომავალი დანაკარგების შესაძლებლობის ზედმიწევნითი განხილვის გარეშე. ასეთი დამატებითი სესხის მიცემის შემთხვევაში მას შეიძლება მიენიჭოს „სტანდარტული“ კატეგორია, თუ იგი მთლიანად დაცულია ლიკვიდური უზრუნველყოფით, მიუხედავად ამ მსესხებლის სხვა სესხების ნეგატიურად კლასიფიცირებისა.

6.  მსესხებლის და დაკავშირებული ჯგუფის ყველა მიმდინარე სესხს, როგორც წესი, უნდა მიენიჭოს ერთი კატეგორია. გამონაკლისი შემთხვევები უნდა იყოს არგუმენტირებული და სრულყოფილად დოკუმენტირებული.

7.  საბალანსო უწყისზე არსებული სესხის ძირ თანხაზე დარიცხული ნებისმიერი ტიპის პროცენტი, ჯარიმა, საურავი თუ სხვა თანხა უნდა ჩამოიწეროს ბალანსიდან, თუ მათი გადახდა არ მომხდარა საკონტრაქტო პირობებით განსაზღვრული ვალდებულების დადგომის თარიღიდან 31 და მეტი დღის მანძილზე. აღნიშნული მოთხოვნები უნდა აღირიცხოს გარესაბალანსო უწყისის შესაბამის ანგარიშებზე. არასტანდარტული, საეჭვო და უიმედო კლასიფიკაციის მქონე სესხებზე დარიცხული პროცენტები უნდა აღირიცხოს გარესაბალანსო უწყისის შესაბამის ანგარიშზე.


მუხლი 5. სტანდარტული სესხები
1. სესხი კლასიფიცირდება სტანდარტულად, თუ მისი ძირითადი თანხის და პროცენტის გადახდა მუდმივად დროულად წარმოებს, ამასთან, მსესხებლის ლიკვიდობა, კაპიტალი და გადახდის უნარი სტაბილურია. ასევე, მსესხებელი ფინანსურად ძლიერია, გააჩნია საშუალო სიმძიმის სტრესის შედეგების უმტკივნეულოდ შთანთქმის უნარი, აქვს საკმარისი კაპიტალი, რათა შეამციროს უარყოფითი ზეგავლენა მოულოდნელი მოვლენებისაგან, ასრულებს მომგებიანობასთან დაკავშირებულ თავის მიზნებს და აქვს საკმარისი ლიკვიდობა, რათა დროულად დააკმაყოფილოს ყველა ვალდებულება, მათ შორის, აღნიშნული აქტივიც.

2.  სტანდარტულად კლასიფიცირებული სესხისათვის მიღებული გირავნობა ან იპოთეკა გამოყენებული იქნება როგორც უსაფრთხოების დამატებითი კომპონენტი, თუმცა მაინც საჭიროა მისი სწორად რეგისტრაცია და დოკუმენტურად დადასტურება.

3. ბიზნესისათვის გაცემული სესხის შემთხვევაში, ზემოთ მოყვანილ ფინანსურ მახასიათებლებთან ერთად მსესხებელმა უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ბიზნეს-გეგმა რეალურია და პრაქტიკულად განხორციელებადი და რომ მისი ძირითადი პროდუქცია და მარკეტინგული სტრატეგია სტაბილურია და კონკურენტუნარიანი.

4. განახლებადი საკრედიტო პროდუქტებისათვის, როგორიცაა საკრედიტო ხაზები, ოვერდრაფტები და სხვა, რომლებიც იურიდიულად მოკლევადიანია, ხოლო რეალურად გრძელვადიანი, არ მოითხოვება სესხის ამორტიზაცია (დაფარვა), თუმცა მსესხებელს უნდა გააჩნდეს გონივრული ვადის ფარგლებში მისი დაფარვის უნარი.

5.  ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები:

ა) ფიზიკურ პირებზე გაცემული, სტანდარტულად კლასიფიცირებული სესხებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემოსავალი მიღებულია ბიზნესსაქმიანობიდან, ან/და სესხი უზრუნველყოფილია ძვირფასი ლითონებითა და ქვებით, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მსესხებლის და თანამსესხებლის „სესხის მომსახურების კოეფიციენტი“ და „სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი“ უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე წესის დანართ №1-ში მოცემულ ცხრილ №1-სა და ცხრილ №2-ში წარმოდგენილ კოეფიციენტებს. ბანკმა ასევე უნდა გაითვალისწინოს შემოსავლების მინიმალური მოცულობა:

ა.ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დაკმაყოფილება ასევე სავალდებულოა იჯარიდან შემოსავლების მიმღები ფიზიკური პირებისთვის, როდესაც მსესხებლის და თანამსესხებლის ჯამური ვალდებულებები არ აღემატება 500,000 ლარს.

ბ) უზრუნველყოფის საშუალების შეფასებისათვის და, მათ შორის, მაღალი ლიკვიდურობის იდენტიფიცირებისათვის, ბანკს უნდა გააჩნდეს შიდა პოლიტიკა, პროცედურები, რომელიც სხვა ფაქტორებთან ერთად გაითვალისწინებს უძრავი ქონების ტიპს, ზომას, ადგილმდებარეობას, მოკლე ვადაში სარეალიზაციო ფასის მნიშვნელოვანი შემცირების გარეშე რეალიზაციის შესაძლებლობას და სხვა რელევანტურ მახასიათებლებს;

გ) ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით არაუზრუნველყოფილი სესხების ვადა, გარდა საკრედიტო ბარათებისა, არ უნდა აღემატებოდეს 60 თვეს, ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს სესხის თანხით მიღებული მომსახურეობის და საქონლის სიცოცხლის ხანგრძლივობისა და სესხის ვადიანობის თანაფარდობა;

დ) ამ პუნქტში წარმოდგენილი  კოეფიციენტებიდან გადახვევის, არაიდენტიფიცირების შემთხვევაში:

დ.ა) მსესხებლის და თანამსესხებლის ჯამური რისკის პოზიცია, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი უძრავი ქონებით, მათ შორის უზრუნველყოფილი სესხების ის ნაწილი, რომელიც აღემატება უძრავი ქონების სახით არსებული უზრუნველყოფის საშუალების საბაზრო ღირებულებას,  უნდა მიეკუთვნოს მაღალი საზედამხედველო რისკის კატეგორიაში შემავალი ერთეულების კლასს და შეიწონოს 150% რისკის წონით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“  42-ე მუხლის შესაბამისად;

დ.ბ) მსესხებლის და თანამსესხებლის ჯამური რისკის პოზიცია, რომელიც უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების ფარგლებში უნდა მიეკუთვნოს მაღალი საზედამხედველო რისკის კატეგორიაში შემავალი ერთეულების კლასს და შეიწონოს 100% რისკის წონით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“  42-ე მუხლის შესაბამისად;

დ.გ) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტების მიზნებისათვის ჯამური რისკის პოზიციაში არ გაითვალისწინება საცხოვრებელი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი რისკის პოზიციების კლასში მოხვედრილი რისკის პოზიციის ის ნაწილი, რომელიც შეიწონება 35% რისკის წონით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“  მე-40 მუხლის შესაბამისად;

დ.დ) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება უნდა შემცირდეს რისკის პოზიციის იმ ნაწილით, რომელიც შეიწონება 35% რისკის წონით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“  მე-40 მუხლის შესაბამისად;

დ.ე) ამ პუნქტის  მიზნებისათვის, როდესაც მსესხებელს და თანამსესხებელს  გააჩნია უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი და უძრავი ქონებით არა უზრუნველყოფილი რისკის პოზიციები, უძრავი ქონებით არა უზრუნველყოფილი, მათ შორის უზრუნველყოფილი სესხების ის ნაწილი, რომელიც აღემატება უძრავი ქონების სახით არსებული უზრუნველყოფის საშუალების საბაზრო ღირებულებას, რისკის პოზიციები უნდა მიეკუთვნოს მაღალი საზედამხედველო რისკის კატეგორიაში შემავალი ერთეულების კლასს და შეიწონოს 100% რისკის წონით, თუკი დაცულია სესხის მომსახურეობის კოეფიციენტი და დარღვეულია სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებზე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“  42-ე მუხლის შესაბამისად.

6. სტანდარტულად კლასიფიცირებული ძვირფასი ლითონებით და ქვებით უზრუნველყოფილი სესხის თანხისა და უზრუნველყოფის საბაზრო ღირებულების თანაფარდობა არ უნდა აღემატებოდეს 80%-ს. აღნიშნული კოეფიციენტის დათვლისას, გათვალისწინებული უნდა იქნას უზრუნველყოფის უახლესი საბაზრო ღირებულება:

ა) ამ პუნქტის მოთხოვნებიდან გადახვევის შემთხვევაში, მსესხებლის და თანამსესხებლის ჯამური რისკის პოზიციები, რომლებიც უზრუნველყოფილია ძვირფასი ლითონებით და ქვებით უნდა მიეკუთვნოს მაღალი საზედამხედველო რისკის კატეგორიაში შემავალი ერთეულების კლასს და შეიწონოს 150% რისკის წონით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“  42-ე მუხლის შესაბამისად;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ჯამური რისკის პოზიციებში არ გაითვალისწინება ოქროთი უზრუნველყოფილი ვალდებულებების ის ნაწილი, რომელიც შეიწონება 0% რისკის წონით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“  45-ე, 52-ე და 58-ე მუხლების შესაბამისად;

გ) ამ პუნქტის მოთხოვნები ვრცელდება იმ სესხებზე, რომლებიც გაცემულია მხოლოდ ძვირფასი ლითონებისა და ქვების სახით არსებული უზრუნველყოფის საშუალების გათვალისწინებით და არ არის ჩატარებული გადამხდელუნარიანობის  ანალიზი.

7. ყველა კომერციულ ბანკს მოეთხოვება საერთო რეზერვის შექმნა თითოეული სტანდარტულად კლასიფიცირებული სესხისათვის სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაშთის 2%-ის ოდენობით, გარდა:

ა) რეპო გარიგების ფარგლებში წარმოშობილი და სესხის სახით აღრიცხული აქტივისა, რეპო გარიგებით მიღებული ფასიანი ქაღალდის მონეტარულ ოპერაციებში ეროვნულ ბანკთან დაგირავების შემთხვევაში მისაღები სესხის მაქსიმალური თანხის ოდენობით;

ბ) ამავე ბანკში განთავსებული დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხის ნაწილისა, როდესაც სესხის ვალუტა და დეპოზიტის ვალუტა არის ერთი და იგივე, სესხის ვადა არ აღემატება დეპოზიტის ვადას და დეპოზიტი უპირობოდ აღსრულებადია ბანკის სასარგებლოდ;

გ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების 35-ე და 36-ე მუხლებში წარმოდგენილი მრავალმხრივი განვითარების ბანკებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების/ინსტიტუტების მიმართ და მათ მიერ გარანტირებული მოთხოვნებისა, ასევე მათი ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფილი სესხები, უზრუნველყოფის საშუალების ღირებულების ფარგლებში და როდესაც უზრუნველყოფის საშუალება უპირობოდ აღსრულებადია ბანკის სასარგებლოდ;

დ) ეროვნული ბანკის და საქართველოს სახელმწიფოს მიმართ და მათ მიერ გარანტირებული მოთხოვნებისა, ასევე მათი ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფილი სესხები უზრუნველყოფის საშუალების ღირებულების ფარგლებში და როდესაც  უზრუნველყოფის საშუალება  უპირობოდ აღსრულებადია ბანკის სასარგებლოდ;

ე) ამ პუნქტის „ბ”  ქვეპუნქტის მიზნებისათვის დეპოზიტის სესხის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებისათვის კომერციულ ბანკს უნდა გააჩნდეს ეროვნული ბანკის თანხმობა საკრედიტო რისკის მიტიგაციის მიზნებისათვის დეპოზიტის გამოყენების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ შესაბამისად;

ვ) ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფაში წარმოდგენილი დეპოზიტის, ფასიანი ქაღალდის რეალიზაციის ვალუტა და სესხის ვალუტა არის სხვადასხვა, დეპოზიტის, ფასიანი ქაღალდის ღირებულება გადაანგარიშებული სესხის ვალუტაში ანგარიშგების თარიღისათვის 20%-ით უნდა აღემატებოდეს სესხის თანხას.

8.  სტანდარტულად კლასიფიცირებული სესხი არ უნდა იყოს 30 დღეზე მეტი პერიოდით ვადაგადაცილებული.

9. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტის მოთხოვნები მოქმედებს მხოლოდ სესხის სტანდარტულად კლასიფიცირების შემთხვევაში.


მუხლი 6. საყურადღებო სესხები
1. სესხი კლასიფიცირდება საყურადღებოდ, თუ:

ა) იგი ადეკვატურად არის დაცული, მაგრამ პოტენციურად სუსტია. მიუხედავად იმისა, რომ სესხის გაცემის დროს მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა და გადახდის უნარი სტაბილური ჩანდა, შემდეგში გამოჩნდა კონკრეტული ნაკლოვანებები და ტენდენციები. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ გამოსწორდება, შესაძლოა, გაჩნდეს ეჭვი მსესხებლის მიმართ, გააგრძელოს სესხის დროული დაფარვა. ასეთი სესხი ქმნის გაუმართლებელ საკრედიტო რისკს, მაგრამ არა ისეთს, რომ მიენიჭოს კლასიფიკაცია არასტანდარტული იმიტომ, რომ საკრედიტო რისკი მოცემულ მომენტში მცირეა. ასეთი ნაკლოვანებების მაგალითებია ისეთი სიტუაციები, როდესაც საკრედიტო დოკუმენტაცია (ან მათი ნაწილი) დაკარგულია, არასრული ან მოძველებულია; როდესაც კომერციულ ბანკს არ ძალუძს აქტივების შესაბამისად მართვა ან მსესხებელთან სათანადო ურთიერთობა, ან როდესაც მთლიანად უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში, გირავნობა ან იპოთეკა სამართლებრივად არ არის სწორად გაფორმებული, გადაცემული ან რეგისტრირებული, ან/და როდესაც არსებობს ინფორმაცია გირავნობის ან იპოთეკის საეჭვო მდგომარეობასთან ან მის მონიტორინგთან და კონტროლთან დაკავშირებით;

ბ) კომერციული ბანკის განმეორებითი მოთხოვნის მიუხედავად მსესხებელმა ვერ მოახერხა ფინანსური ანგარიშგებების მიწოდება, მათ შორის, საბალანსო უწყისის, მოგება-ზარალის უწყისის, ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისის და სამუშაო ან ბიზნესგეგმის, რაზეც არსებობდა შეთანხმება;

გ) მოსალოდნელია ისეთი მოვლენები მსესხებლის საქმიანობაში ან წარმოებაში, ან ისეთი მიმართულებები ბაზარზე, რომელთა გამოც შესაძლოა, რომ მსესხებლის მომავალი მოგება ან ბიზნესი გახდეს არასტაბილური, ან/და აღმოჩნდეს მნიშვნელოვნად გაუარესებული;

დ) გირავნობასთან ან იპოთეკასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია არ არის სწორად გაფორმებული, ან როდესაც გირავნობა ან იპოთეკა არ არის სწორად რეგისტრირებული, და ამ ორიდან რომელიმე სიტუაციას თან ერთვის გადახდის პირველადი წყაროს საშუალებით ამ ვალის სათანადო დაფარვის დაქვეითებული უნარი;

ე) სესხის ვადაგადაცილებული პროცენტი დაუფარავია და დამატებულია ძირითად თანხაზე;

ვ) ნებისმიერი შეთანხმებული გადახდა ვადაგადაცილებულია 60 დღეზე ნაკლები პერიოდით. თუმცა ასეთი ვადაგადაცილება არ არის ამ კლასიფიკაციის ერთადერთი ან ძირითადი მიზეზი.

2. ყველა კომერციულ ბანკს მოეთხოვება სპეციალური რეზერვის შექმნა თითოეული საყურადღებოდ კლასიფიცირებული სესხისათვის სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაშთის 10%-ის ოდენობით.


მუხლი 7. არასტანდარტული სესხები
1. სესხი კლასიფიცირდება არასტანდარტულად, თუ:

ა) იგი არაადეკვატურად არის დაცული მსესხებლის კაპიტალითა და გადახდის უნარით, ან/და გირავნობის ან იპოთეკის ღირებულებით. არასტანდარტულად კლასიფიცირებულ სესხს გააჩნია ისეთი სისუსტეები ან პრობლემები, რომლებიც საფრთხეს უქმნის დავალიანების დაფარვას ან საეჭვოს ხდის მთლიან გადახდას;

ბ) სესხის გადახდის ძირითადი წყაროები, მათ შორის კაპიტალი და მოგება, არ არის საკმარისი ვალის გადასახდელად. შესაბამისად, კომერციულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს გადახდის სხვა წყაროები, როგორიცაა: გირავნობის ან იპოთეკის რეალიზაცია, მსესხებლის სხვა აქტივების გაყიდვა ან მსესხებლის სხვა ვალ(ებ)ის რესტრუქტურიზაცია. ამასთან, არსებობს სხვა ისეთი მნიშვნელოვნად უარყოფითი პირობები, როგორიცაა: ღირებულების მქონე და რეალიზებადი გირავნობის ან იპოთეკის არარსებობა, მსესხებლის აუხსნელი ხანგრძლივი არყოფნა, ან საკუთარი ბიზნესისადმი უყურადღებობა;

გ) საბლანკო ან ნაწილობრივ უზრუნველყოფილ სესხს, როდესაც მისი ძირითადი თანხის ან პროცენტის გადახდა ვადაგადაცილებულია 60 ან მეტი დღით, უნდა მიეცეს არასტანდარტული სესხის კლასიფიკაცია, თუმცა ასეთი ვადაგადაცილება არ არის ამ კლასიფიკაციის ერთადერთი ან ძირითადი მიზეზი;

დ) მთლიანად უზრუნველყოფილ სესხს, როდესაც მისი ძირითადი თანხის ან პროცენტის გადახდა ვადაგადაცილებულია 90 ან მეტი დღით, უნდა მიეცეს არასტანდარტული სესხის კლასიფიკაცია, თუმცა ასეთი ვადაგადაცილება არ არის ამ კლასიფიკაციის ერთადერთი ან ძირითადი მიზეზი.

2.  ყველა კომერციულ ბანკს მოეთხოვება სპეციალური რეზერვის შექმნა თითოეული არასტანდარტულად კლასიფიცირებული სესხისათვის სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაშთის 30%-ის ოდენობით.


მუხლი 8. საეჭვო სესხები
1. სესხი კლასიფიცირდება საეჭვოდ, თუ მას აქვს არასტანდარტულად კლასიფიცირებული სესხის მახასიათებლები, მაგრამ არსებულ პირობებში მისი გადახდა საეჭვოა ერთ-ერთი ისეთი სისუსტის გამო, როგორიცაა: გარკვეული და მნიშვნელოვანი ფაქტორის არსებობა, რომლიდან გამომდინარეც მოსალოდნელია ნაწილობრივი გადახდა უახლოეს პერიოდში და შესაბამისად, უიმედო კლასიფიკაციის მინიჭება მოცემულ მომენტში საჭირო არ არის, სანამ ფაქტები უფრო არ გაირკვევა. გარკვეული და მნიშვნელოვანი ფაქტორები მოიცავს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა სესხის მიმდინარე ნაწილობრივი გადახდა ან გირავნობის (იპოთეკის) დასაკუთრების და გაყიდვის პროცედურების დაწყება და განხორციელება უახლოეს მომავალში, ასევე დამატებითი გირავნობის ან იპოთეკის ჩადების შესაძლებლობა, რითაც სესხი მთლიანად უზრუნველყოფილი გახდება.

2.    საბლანკო ან ნაწილობრივ უზრუნველყოფილ სესხს, როდესაც მისი ძირითადი თანხის ან პროცენტის გადახდა ვადაგადაცილებულია 120 ან მეტი დღით, უნდა მიეცეს საეჭვო სესხის კლასიფიკაცია, თუმცა ასეთი ვადაგადაცილება არ არის ამ კლასიფიკაციის ერთადერთი ან ძირითადი მიზეზი.

3. მთლიანად უზრუნველყოფილ სესხს, როდესაც მისი ძირითადი თანხის ან პროცენტის გადახდა ვადაგადაცილებულია 150 ან მეტი დღით, უნდა მიეცეს საეჭვო სესხის კლასიფიკაცია, თუმცა ასეთი ვადაგადაცილება არ არის ამ კლასიფიკაციის ერთადერთი ან ძირითადი მიზეზი.

4.  ყველა კომერციულ ბანკს მოეთხოვება სპეციალური რეზერვის შექმნა თითოეული საეჭვოდ კლასიფიცირებული სესხისათვის სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაშთის 50%-ის ოდენობით.


მუხლი 9. უიმედო სესხები

1. სესხი კლასიფიცირდება უიმედოდ, თუ:

ა) მსესხებლის გადახდისუუნარობის გამო შეუძლებელია მისი ამოღება ან ამოღებადი თანხა იმდენად მცირეა, რომ იგი კომერციული ბანკის ბალანსზე არ უნდა დარჩეს;

ბ) გირავნობის ან იპოთეკის მიუხედავად, მისი ძირითადი თანხის ან პროცენტის გადახდა ვადაგადაცილებულია 180 ან მეტი დღით;

გ) 180-ზე ნაკლები დღით ვადაგადაცილების მიუხედავად, მსესხებლის შესახებ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სესხის ამოღება მთლიანად შეუძლებელია ან ამოსაღებად მოსალოდნელი თანხები არ შეესაბამება ამოღებისათვის დახარჯულ დროსა და ხარჯებს.

2.  დანაკარგები სესხებიდან ბალანსზე აისახება იმ საანგარიშგებო პერიოდში, როდესაც დადგინდა, რომ მათი ამოღება შეუძლებელია. მათი საბუღალტრო აღრიცხვა უნდა შეწყდეს და ისინი უნდა ჩამოიწეროს ამავე პერიოდის ბალანსიდან.

3. ბანკებმა ძალისხმევა უნდა მიმართონ უიმედოდ კლასიფიცირებული სესხების კანონიერად ამოღებისაკენ სათანადო ზომების გამოყენებით, ყველა არსებული გირავნობის ან იპოთეკის დასაკუთრებასთან და გაყიდვასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვის ჩათვლით.

4. ყველა კომერციულ ბანკს მოეთხოვება სპეციალური რეზერვის შექმნა თითოეული უიმედოდ კლასიფიცირებული სესხისათვის სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაშთის 100%-ის ოდენობით.


მუხლი 10. დანაწევრებული კლასიფიკაციები
1.  კომერციულ ბანკს უფლება აქვს, მსესხებლის ფინანსური მდგომარეობისა და ამ წესის მე-7, მე-8 და მე-9 მუხლებით გათვალისწინებული სესხების კატეგორიების კრიტერიუმების შესაბამისად, მოახდინოს სესხის კლასიფიკაცია ნაწილობრივ, როგორც არასტანდარტული, საეჭვო ან უიმედო იმ შემთხვევებში, თუ აღნიშნული სესხი უზრუნველყოფილი სესხია.

2.    ისეთ შემთხვევაში, როდესაც სესხის ძირითადი თანხის ნაშთის გადაუხდელი ნაწილი გირავნობის ან იპოთეკის საბაზრო ღირებულების ტოლია, კლასიფიკაცია შეიძლება იყოს არასტანდარტული.

3. ისეთ შემთხვევებში, როდესაც სესხის ძირითადი თანხის ნაშთის გადაუხდელი ნაწილი აღემატება გირავნობის ან იპოთეკის საბაზრო ღირებულებას, კლასიფიკაცია შესაბამისად შეიძლება იყოს საეჭვო ან უიმედო.

 4. დანაწევრებული კლასიფიკაციის შემთხვევაში სესხის არაუზრუნველყოფილი ნაწილის საეჭვოდ კლასიფიკაცია დასაბუთებული უნდა იყოს მკაფიო და სარწმუნო არგუმენტებით.


მუხლი 11. გირავნობა და იპოთეკა, როგორც კლასიფიკაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მნიშვნელოვანი კომპონენტი
1. კომერციულმა ბანკმა გირავნობა და იპოთეკა არ უნდა განიხილოს როგორც სესხის გადახდის პირველადი წყარო, თუ არსებული პირობები ამას არ მოითხოვს.

2.    კომერციულმა ბანკმა უნდა შეიმუშაოს და განახორციელოს პროცედურები, რომლის მიხედვითაც მოხდება გირავნობის და იპოთეკის შეფასების პოლიტიკის ჩამოყალიბება მისი ლიკვიდურობის ან საბაზრო ღირებულების მხედველობაში მიღებით, რაც მნიშვნელოვანია სესხის კლასიფიკაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად.

3.  ყველა გირავნობა და იპოთეკა უნდა მიეკუთვნოს ლიკვიდური ან არალიკვიდური უზრუნველყოფის კატეგორიას.

4.    ლიკვიდურ უზრუნველყოფას მიეკუთვნება:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახელმწიფო უწყების) უპირობო გარანტიები;

ბ) ფულადი დეპოზიტები თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით, დაგირავებული და დაჯავშნული სესხის გამცემ კომერციულ ბანკში;

გ) საქართველოს სამთავრობო ფასიანი ქაღალდები;

დ) კომერციული ბანკისათვის გირავნობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად პირდაპირ მფლობელობაში გადაცემული ძვირფასი ლითონების სტანდარტიზებული ზოდები.

5.  არალიკვიდურ უზრუნველყოფას მიეკუთვნება:

ა) მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით უძრავი ქონებისა და მასთან დაკავშირებული უფლებების სწორად დოკუმენტირებული და რეგისტრირებული იპოთეკა;

ბ) მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით მოძრავი ქონებისა და მასთან დაკავშირებული უფლებების დაგირავება;

გ) კერძო საწარმოების ფასიანი ქაღალდების დოკუმენტურად და იურიდიულად გამართული დაგირავება;

დ) სწორად დოკუმენტირებული და იურიდიული ძალის მქონე უპირობო გარანტიები ან გამოუთხოვადი აკრედიტივები კომერციული ბანკებიდან;

ე) საწარმოებისა და კერძო პირების სწორად დოკუმენტირებული და იურიდიული ძალის მქონე უპირობო გარანტიები.


მუხლი 12. რესტრუქტურიზებული, რეფინანსირებული სესხების კლასიფიკაცია
1. კომერციულმა ბანკმა რესტრუქტურიზებული სესხის კლასიფიკაცია უნდა განახორციელოს ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა: სესხის განახლების ან მისი დაფარვის ვადის გაგრძელების რაოდენობა; სესხის საერთო ვადის ცვლილება მის თავდაპირველ ვადასთან; სესხის პროცენტის დაფარვის ვადების ცვლილება თავდაპირველ ვადებთან; სესხის გაცემის თაობაზე ხელშეკრულების პირობებში კონკრეტული ცვლილებები, რომლებიც შეტანილ იქნა რესტრუქტურიზებული სესხის შესახებ ხელშეკრულებაში და ცვლილებების მიზეზები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საპროცენტო განაკვეთის ნებისმიერ შემცირებას საბაზრო საპროცენტო განაკვეთებზე უფრო დაბალი განაკვეთით, ვადის გაგრძელებას და ასევე იმ ფაქტორებს, რომლებიც უკავშირდება მოცემულ პირობებს. ნებისმიერი ტიპის რესტრუქტურიზაციის/ რეფინანსირების შესახებ კომერციული ბანკის გადაწყვეტილება, უნდა ეფუძნებოდეს მსესხებელთა ფინანსურ ანალიზს, რომელიც სრულყოფილად უნდა იქნეს დოკუმენტირებული და ხელმისაწვდომი ეროვნული ბანკის შემმოწმებლებისათვის.

2.  სესხის რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში, როგორც წესი, სესხი კლასიფიცირდება ნეგატიურად. 

3.  გამონაკლის შემთხვევაში კომერციულ ბანკს შეუძლია რესტრუქტურიზებული სესხის სტანდარტულ კლასიფიკაციაში დატოვება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სესხი სრულად და უპირობოდ აკმაყოფილებს სტანდარტული სესხის კატეგორიის პირობებს.

4.  რესტრუქტურიზებული სესხის კლასიფიკაცია არ შეიცვლება, თუ შემცვლელი ან დამატებითი მოვალე არის მსესხებლის დაკავშირებული მხარე.

5. იმ შემთხვევებში, როდესაც შემცვლელს ან დამატებით მსესხებელს გადაეცემა რესტრუქტურიზებული, ნეგატიურად კლასიფიცირებული სესხი, იგი არ უნდა შეიცვალოს ნაკლებად ნეგატიურ კლასიფიკაციად იმ შემთხვევის გარდა, თუკი გადაწყვეტილების მიღებისას გამოყენებულ სხვა ფაქტორებთან ერთად შემცვლელი ან დამატებითი მოვალე თანახმაა და აქვს ფინანსური შესაძლებლობა წარმოადგინოს დამატებითი ლიკვიდური უზრუნველყოფა ან კომერციული ბანკის საკრედიტო რისკის მართვის სტანდარტების შესაბამისად, აქვს ფინანსური შესაძლებლობა დაფაროს ყველა გადაუხდელი ძირითადი თანხა და პროცენტი შეთანხმებული დროის მანძილზე.

6. კომერციული ბანკების საკრედიტო კომიტეტები (კრედიტების მართვის სხვა ორგანოები) ვალდებული არიან ყოველთვიურად განიხილონ რესტრუქტურიზებული სესხების კლასიფიკაცია, რისი მიზანიცაა დადგინდეს, რამდენად საჭიროა კლასიფიკაციის შეცვლა უფრო დაბალი (ნეგატიური) კატეგორიით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ნებისმიერი შემცვლელი ან დამატებითი მოვალის უნარს, განაგრძოს რესტრუქტურიზებული ხელშეკრულების პირობების მთლიანად შესრულება.

7.  სესხის რესტრუქტურიზებული სესხების კლასიფიკაციიდან ამოღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  სესხის რესტრუქტურიზაციიდან  გასულია ერთ წელზე მეტი პერიოდი და, ამასთან ერთად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სესხს მინიჭებული აქვს  სტანდარტული კატეგორია.

8. სესხის რეფინანსირებული სესხების კლასიფიკაციიდან ამოღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სესხის რეფინანსირებიდან გასულია ერთ წელზე მეტი პერიოდი.


მუხლი 13. სესხის კლასიფიკაციის გაუმჯობესება
1.  შესაძლებელია ნეგატიურად კლასიფიცირებული სესხების რეკლასიფიკაცია ნაკლებად ნეგატიურ/სტანდარტულ  კატეგორიაში,  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სესხი სრულად და უპირობოდ აკმაყოფილებს შესაბამისი კატეგორიის პირობებს  და ამ პირობების დაკმაყოფილებასთან ერთად განხორციელებულია ბოლო 6 თანმიმდევრული, დემონსტრაციული გადახდა. სეზონური შემოსავლების არსებობის შემთხვევაში რეკლასიფიკაცია ნაკლებად ნეგატიურ/სტანდარტულ კატეგორიაში დასაშვებია ერთი ახალი ციკლის/სეზონის მონაცემების გათვალისწინებით. ამასთან, ახალი ციკლის/სეზონის შედეგად სახეზე უნდა იყოს ვალდებულებების რეალური დაფარვები.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული 6 თანმიმდევრულ, დემონსტრაციულ გადახდასთან მიმართებაში არ უნდა იქნეს გამოყენებული რაიმე სახის საშეღავათო პირობა, თუნდაც ისეთი, როგორიც რეფინანსირებისას მისაღები იქნებოდა.

3. სესხის ნებისმიერი სახის რეკლასიფიკაცია (კატეგორიის  გაუმჯობესება) უნდა ეფუძნებოდეს ფინანსურ ანალიზს, სრულყოფილად უნდა იყოს დოკუმენტირებული და ხელმისაწვდომი ეროვნული ბანკის შემმოწმებლებისათვის.

4.  კომერციული ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს იმ სტანდარტული სესხების იდენტიფიცირება, რომელთა რეკლასიფიკაციის თარიღიდან (როგორც სტანდარტული) გასულია არაუმეტეს ერთი წლისა.


მუხლი 14. ბანკთაშორისი დეპოზიტები, სესხები  და მათი კლასიფიკაცია
1.  კომერციულმა ბანკმა სხვა კომერციულ ბანკში ბანკთაშორისი დეპოზიტის ან სესხის განთავსებამდე იმ კომერციული ბანკიდან უნდა მოითხოვოს სრული და მიმდინარე ფინანსური ინფორმაცია, ხოლო თანხის განთავსების შემდეგ, ბანკმა ასეთი ბანკიდან უნდა მოითხოვოს ფინანსური ინფორმაცია დროის განსაზღვრული პერიოდისათვის კვარტალური საბალანსო და მოგება-ზარალის უწყისების სახით, ასევე წლიური ანგარიში.

2. ბანკთაშორისი დეპოზიტების ან სესხების კლასიფიკაცია დამოკიდებულია მოკორესპონდენტო კომერციული ბანკის ფინანსურ მდგომარეობასა და მის უნარზე, შეასრულოს თავისი ვალდებულება, როგორც ეს გათვალისწინებულია მოცემულ კომერციულ ბანკსა და მოკორესპონდენტო ბანკს შორის თავდაპირველი ხელშეკრულებით, აღნიშნულის მიუხედავად თუ წარმოიშვება პრობლემები (დაგვიანება), აქტივი ექვემდებარება კლასიფიკაციას ქვემოთ წარმოდგენილი წესის შესაბამისად:

ა) თუ თანხის მიღება მოკორესპონდენტო ბანკიდან დაგვიანებულია 30 ან მეტი დღით, ბანკთაშორისი დეპოზიტი, სესხი კლასიფიცირდება როგორც არასტანდარტული;

ბ) თუ თანხის მიღება დაგვიანებულია 60 ან მეტი დღით, ბანკთაშორისი დეპოზიტი, სესხი კლასიფიცირდება როგორც საეჭვო;

გ) თუ თანხის მიღება დაგვიანებულია 90 დღეზე მეტი პერიოდი, ბანკთაშორისი დეპოზიტი, სესხი კლასიფიცირდება უიმედოდ და უნდა ჩამოიწეროს განმთავსებელი კომერციული ბანკის ბალანსიდან.

3. სხვა ბანკში განთავსებული დეპოზიტები, სესხები და სხვა მოთხოვნები ამ კომერციულ ბანკში ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურების დაწყებისას კლასიფიცირდება უიმედოდ და უნდა ჩამოიწეროს განმთავსებელი კომერციული ბანკის ბალანსიდან.


მუხლი 15. არასასესხო აქტივების კლასიფიკაცია და დარეზერვება, მათი  შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნა და გამოყენება
1. კომერციული ბანკის სხვა უძრავი ქონების კლასიფიკაცია და მათი შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნა ხორციელდება შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:

ა) კომერციული ბანკის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავი ქონება, მისი ღირებულების მიუხედავად, წარმოადგენს არაჯანსაღ საბანკო აქტივს. ასეთი აქტივი დასაკუთრებისთანავე უნდა გაანალიზდეს კომერციული ბანკის მიერ და დაექვემდებაროს კლასიფიკაციას;

ბ) კომერციული ბანკი ვალდებულია, შეძენიდან მაქსიმუმ სამი წლის განმავლობაში გაასხვისოს მის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავი ქონება, ასევე კომერციული ბანკის ყოფილი შენობები, რომლებიც აღარ გამოიყენება საბანკო საქმიანობისათვის, მათი ამ დანიშნულებით არგამოყენების დღიდან სამი წლის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა შეიქმნას შესაბამისი რეზერვი და ჩამოიწეროს ბალანსიდან;

გ) კომერციულმა ბანკმა იპოთეკის დასაკუთრებისთანავე უნდა მოახდინოს სხვა უძრავი ქონების კლასიფიკაცია და მისთვის შესაბამისი რეზერვები შექმნას შემდეგნაირად:

გ.ა) სხვა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებამდე თანხაზე როგორც არასტანდარტული;

გ.ბ) სხვა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაზე ზევით თანხაზე როგორც უიმედო.

დ) ბალანსზე აღრიცხვიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ კომერციულმა ბანკმა უნდა მოახდინოს მისი კლასიფიკაცია როგორც საეჭვო და შექმნას შესაბამისი რეზერვი;

ე) ბალანსზე აღრიცხვიდან სამი წლის შემდეგ, ყველა კომერციული ბანკი ვალდებულია სხვა უძრავი ქონების კლასიფიკაცია მოახდინოს როგორც უიმედო, შექმნას შესაბამისი რეზერვი და ჩამოიწეროს თავისი ბალანსიდან, რის შემდეგაც მათი აღრიცხვა იწარმოებს შესაბამის გარესაბალანსო ანგარიშებზე;

ვ) სხვა უძრავი ქონება კომერციული ბანკის მიერ უნდა აღირიცხოს მისი დასაკუთრების თარიღისათვის აღრიცხული აქტივის ღირებულებით, ან მისი საბაზრო ფასით, თუ ეს უკანასკნელი ნაკლებია აღრიცხული აქტივის ღირებულებაზე. სხვა უძრავი ქონების საბაზრო  ღირებულება უნდა განსაზღვროს აღიარებულმა დამოუკიდებელმა შემფასებელმა. აღნიშნული მუხლის მიზნებისათვის ეროვნულ ბანკს შეუძლია კომერციულ ბანკს მოსთხოვოს სხვა უძრავი ქონების ხელახალი შეფასება;

ზ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის დამოუკიდებელ შემფასებლად მიიჩნევა პირი, რომელსაც აქვს შეფასებისათვის საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და გამოცდილება და არა აქვს რაიმე სპეციფიკური დაინტერესება.

2. გირავნობით დასაკუთრებული მოძრავი ქონების კლასიფიკაცია და მათი შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნა ხორციელდება შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:

ა) გირავნობით დასაკუთრებული ყველა მოძრავი ქონება კომერციული ბანკის მიერ გაანალიზდება და კლასიფიცირდება თითოეული შემთხვევის მიხედვით;

ბ) კომერციული ბანკი ყველანაირად უნდა შეეცადოს, რომ არ იქონიოს გირავნობით დასაკუთრებული მოძრავი ქონება მათი დასაკუთრებიდან 180-ზე მეტი დღის განმავლობაში;

გ) კომერციულმა ბანკმა გირავნობით მოძრავი ქონების დასაკუთრებისთანავე უნდა მოახდინოს ამ ქონების კლასიფიკაცია და მისთვის შესაბამისი რეზერვები შექმნას შემდეგნაირად:

გ.ა) გირავნობით დასაკუთრებული მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულებამდე თანხაზე როგორც არასტანდარტული;

გ.ბ) გირავნობით დასაკუთრებული მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაზე ზევით თანხაზე როგორც უიმედო.

დ) თუ გირავნობით დასაკუთრებული მოძრავი ქონება კომერციული ბანკის ბალანსზე აღრიცხვიდან 90 დღის შემდეგ კვლავ ირიცხება, კომერციულმა ბანკმა უნდა მოახდინოს მისი კლასიფიკაცია როგორც საეჭვო და შექმნას შესაბამისი რეზერვი;

ე) ბალანსზე აღიცხვიდან 180 დღის შემდეგ, ყველა კომერციული ბანკი ვალდებულია, გირავნობით დასაკუთრებული მოძრავი ქონების კლასიფიკაცია მოახდინოს როგორც უიმედო, შექმნას შესაბამისი რეზერვი და ჩამოიწეროს თავისი ბალანსიდან, რის შემდეგაც მათი აღრიცხვა იწარმოებს შესაბამის გარესაბალანსო ანგარიშზე.

3. მსესხებლისა და დაკავშირებული ჯგუფის სესხების ნეგატიურად კლასიფიკაციის შემთხვევაში, კომერციული ბანკი ვალდებულია გაითვალისწინოს ჯგუფის მიმართ არსებული სხვა რისკებიც (ინვესტიციები და სხვა აქტივები).


მუხლი 16. აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესი, უიმედო აქტივების ბუღალტრული აღრიცხვა და ჩამოწერა
1. კომერციულმა ბანკებმა ამ წესის შესაბამისად უნდა შექმნან ყველა სესხის და სხვა აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვები.

2. ბანკის მენეჯმენტი ვალდებულია უზრუნველყოს  კომერციული ბანკის მიერ ადეკვატური რეზერვების არსებობა.

3. რეზერვების ადეკვატურობა თითოეულმა კომერციულმა ბანკმა უნდა განიხილოს ყოველთვიურად და თუ აქტივებისა და მათი კლასიფიკაციის ზედმიწევნითი შესწავლის შემდეგ დადგინდება, რომ შესაძლო დანაკარგების რეზერვი არასაკმარისია, მენეჯმენტი იღებს გადაწყვეტილებას კლასიფიკაციის გათვალისწინებით დამატებითი რეზერვის შექმნაზე და ქმნის მას იმ ოდენობით, რომელიც საკმარისი იქნება მოსალოდნელი დანაკარგების დასაფარავად.

4.  კომერციული ბანკები აქტივების შესაძლო დანაკარგების ადეკვატური რეზერვების შესაქმნელად დარეზერვებაზე გაწეულ ყველა ახალ რეზერვს გაატარებენ ხარჯებში და ასახავენ თავიანთ მიმდინარე მოგება-ზარალის უწყისში.

5.  კომერციული ბანკის მიერ სასესხო პორტფელის ანალიზის შედეგად ჭარბი რეზერვის გამოვლენისას, კომერციული ბანკი დაადებეტებს სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ანგარიშს და დააკრედიტებს ბანკის ხარჯების ანგარიშს.

6. სესხის დაფარვისა და სხვა აქტივების ამოღების შეუძლებლობის დადგენის შემთხვევაში, ბანკებმა უნდა ჩამოწერონ უიმედოდ კლასიფიცირებული აქტივები და შეამცირონ შესაძლო დანაკარგების რეზერვი მისი დადებეტებით და აქტივების ანგარიშის დაკრედიტებით.

7. კომერციული ბანკის მიერ სესხის ჩამოწერა გადახდის შეუძლებლობის გამო არ ჩაითვლება ვალის გაუქმებად. აღნიშნული ვალი უნდა დარჩეს სპეციალურ გარესაბალანსო ანგარიშებზე მისი ჩამოწერის დღიდან ხუთი წლის განმავლობაში. კომერციულმა ბანკმა უნდა მიიღოს ზომები როგორც ვადაგადაცილებული პროცენტის, ისე ძირითადი თანხის ამოსაღებად. ასეთ აქტივზე, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს შეხედულებისამებრ, პროცენტების დარიცხვა გაგრძელდება გარესაბალანსო ანგარიშზე, რათა კვლავ ხდებოდეს მიმდინარე ვალდებულების შესაფერისი ასახვა.

8.  თუ მოვალე ფარავს სესხს, რომელიც ჩამოიწერა საბალანსო უწყისიდან და ეს მოხდა ამავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში, კომერციული ბანკი თავიდან დაადებეტებს ფულადი სახსრების ანგარიშს და დააკრედიტებს აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვების ანგარიშს, რის შემდეგაც იგი დაადებეტებს აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ანგარიშს და დააკრედიტებს დარეზერვებაზე გაწეული ხარჯების ანგარიშს.

9.    თუ მოვალე არ გადაიხდის ჩამოწერილ სესხს 5 წლის განმავლობაში, სესხის როგორც ძირითადი თანხა, ისე პროცენტები, გაუქმებული იქნება სპეციალური გარესაბალანსო უწყისის ანგარიშიდან ბუღალტრული სტანდარტების შესაბამისი გატარებების მეშვეობით, რაც არ ნიშნავს სესხის ამოღების პროცედურების შეწყვეტას.


მუხლი 17. ბიზნეს სესხებისათვის სარეკომენდაციო ფინანსური კოეფიციენტები
1. ეროვნული ბანკის შეფასებით ბიზნესიდან მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით გაცემული მსესხებლის/მსესხებელი ჯგუფის ფინანსური მაჩვენებლები რისკ სექტორების მიხედვით რეკომენდებულია, აკმაყოფილებდეს წინამდებარე წესის დანართ №2-ში მოცემულ ცხრილ №3-სა და ცხრილ №4-ში წარმოდგენილ კოეფიციენტებს:

ა) მსესხებელი, მსესხებელი ჯგუფი უნდა  ინარჩუნებდეს წინამდებარე წესის დანართ №2-ში მოცემულ ცხრილ №3-სა და ცხრილ №4-ში წარმოდგენილ კოეფიციენტებს ვალუტის გაცვლითი კურსის 20 პროცენტიანი  რყევის შემთხვევაში,  რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ვალის ტვირთის, საოპერაციო ხარჯების ზრდა ან სხვა პარამეტრების გაუარესება;

ბ) პროექტების (Project Finance), მათ შორის გრძელვადიანის ფინანსირებისას, როდესაც საწყისი წლების მანძილზე პროექტი შესაძლოა არ იყოს მომგებიანი, ბანკმა ფინანსური კოეფიციენტები უნდა დაითვალოს პროექტით გათვალისწინებული ნორმალიზებული მაჩვენებლების შესაბამისად, ამასთან პროექტის მიმდინარეობა უნდა შეესაბამებოდეს საწყის გეგმას და ადგილი არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვან გადახრებს;

გ) სასაქონლო პროდუქტებით (Commodities Finance), რომელიც ივაჭრება აქტიურად და ფასი განისაზღვრება საერთაშორისო ბაზრებზე ვაჭრობისას, როდესაც ხდება კონკრეტული სავაჭრო ოპერაციის დაფინანსება, მსესხებელმა შესაძლოა ვერ დააკმაყოფილოს წინამდებარე წესის დანართ №2-ში მოცემული ცხრილ №3-სა და ცხრილ №4-ში  წარმოდგენილი ფინანსური კოეფიციენტები. მსგავს შემთხვევებში ბანკს უნდა გააჩნდეს შიდა პოლიტიკა, პროცედურები, რომლითაც განისაზღვრება ადეკვატური მოცულობის მარჟა ფასების ცვლილების შედეგად გამოწვეული შესაძლო ზარალის მიტიგირებისათვის.

2.    თითოეული კომერციული ბანკი ვალდებულია ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად წარმოუდგინოს ბანკის საკრედიტო პორტფელის ანალიზი წინამდებარე წესის დანართ №2-ში მოცემული კოეფიციენტების ჭრილში მის ხელთ არსებული უახლესი მონაცემების გათვალისწინებით.


მუხლი 18. გარდამავალი დებულებები
1.  ამ დებულების მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 30 ნოემბრიდან.

2. ამ დებულების მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება 2017 წლის 30 ნოემბრამდე არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში წარმოშობილ რისკის პოზიციის ნაშთებზე.

3. ამ დებულების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 31 დეკემბრიდან. 





ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.