სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2017 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2017 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 366
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2017
ძალაში შესვლის თარიღი 31/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 120260020.10.003.020075
366
27/07/2017
ვებგვერდი, 31/07/2017
120260020.10.003.020075
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2017 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №366

2017 წლის 27 ივლისი

   ქ. თბილისი

 

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2017 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ

მუხლი 1
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლისა და „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა ორგანიზებულად გაწვევის მიზნით:

1. მოქალაქეთა 2017 წლის საშემოდგომო გაწვევა განხორციელდეს 2017 წლის პირველი აგვისტოდან 2017 წლის 29 დეკემბრამდე.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1500-ით.

3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1225-ით.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1280-ით.

5. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 20-ით.

6. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გაწვეულ იქნენ 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში, ამავე მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული უწყებების წერილობითი მოთხოვნების შემთხვევაში, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2017 წლის საშემოდგომო გაწვევის პროცესი შესაბამის უწყებაში შეიძლება შეწყდეს ამავე მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებამდე.

8. 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის (შემდგომში თბილისის რაიონი) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში (შემდგომში მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეული) რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

9. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ დადგენილების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში განსაზღვროს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის.

10. მოქალაქეთა მიერ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში, მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის გამწვევი კომისიის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.

12. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კოორდინაცია გაუწიოს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 31 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი