ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულება

ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულება
დოკუმენტის ნომერი L-198
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016482
L-198
14/10/2016
ვებგვერდი, 03/08/2017
480610000.03.030.016482
ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულება

მხარეები:

ერთი მხრივ, ევროპის თანამეგობრობა

და 

მეორე მხრივ, შემდეგი ხელშემკვრელი მხარეები:

•    ალბანეთის რესპუბლიკა, ბულგარეთის რესპუბლიკა, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ხორვატიის რესპუბლიკა, ყოფილი იუგოსლავიის მაკედონიის რესპუბლიკა, მონტენეგროს რესპუბლიკა, რუმინეთი, სერბეთის რესპუბლიკა (შემდგომში მითითებული, როგორც „ხელშეკრულებაზე მიერთებული მხარეები“)

და

•   გაერთიანებული ერების დროებითი ადმინისტრაციის მისია კოსოვოში გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს 1244 რეზოლუციის თანახმად

განამტკიცებენ რა ათენის პროცესსა და ათენის 2002 წლისა და 2003 წლის ურთიერთგაგების მემორანდუმს,

აღნიშნავენ რა, რომ ბულგარეთის რესპუბლიკა, რუმინეთი და ხორვატიის რესპუბლიკა წარმოადგენენ ევროპის  კავშირზე მიერთების კანდიდატ ქვეყნებს და ყოფილი იუგოსლავიის  მაკედონიის რესპუბლიკამ ასევე გააკეთა განაცხადი გასაწევრიანებლად,  

აღნიშნავენ რა, რომ ევროპის საბჭომ კოპენჰაგენში 2002 წლის დეკემბერში დაადასტურა ალბანეთის რესპუბლიკის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, სერბეთისა და მონტენეგროს, როგორც ევროპის კავშირზე მიერთების პოტენციური კანდიდატების, ევროპული პერსპექტივები და ხაზი გაუსვა გადაწყვეტილებას, რომ მხარი დაუჭიროს მათ ძალისხმევას, მიუახლოვდნენ ევროპის კავშირს,

იხსენებენ რა, რომ ევროპის საბჭომ 2003 წელს თესალონიკში მოიწონა „დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისათვის თესალონიკის დღის წესრიგი: სწრაფვა ევროპული ინტეგრაციისკენ“, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის კავშირსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის პრივილეგირებული ურთიერთობების უფრო მეტად გაძლიერებას და რომელშიც ევროპის კავშირმა წაახალისა რეგიონის ქვეყნები, რათა მიიღონ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება სამხერთ-აღმოსავლეთ ენერგეტიკული ბაზრის შესახებ,

იხსენებენ რა, ევროპისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის პარტნიორობის პროცესსა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკას,

იხსენებენ რა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის პაქტის წვლილს, რომელსაც აქვს, როგორც მის ამოსავალ წერტილს, საჭიროება, გააძლიეროს თანამშრომლობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებსა და ერებს შორის და ხელი შეიწყოს მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის პირობებს,

გადაწყვიტეს რა, რომ მხარეთა შორის შექმნან ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის ინტეგრირებული ბაზარი საერთო ინტერესებსა და სოლიდარობაზე დაყრდნობით,

განიხილავენ რა, რომ ეს ინტეგრირებული ბაზარი შემდგომ ეტაპზე შეიძლება მოიცავდეს სხვა ენერგეტიკულ პროდუქტებსა და მატარებლებს, როგორიცაა გათხევადებული ბუნებრივი გაზი, ბენზინი, წყალბადი ან სხვა ძირითადი ქსელის ინფრასტრუქტურა,

განსაზღვრეს რა, სტაბილური მარეგულირებელი და საბაზრო ჩარჩოს შექმნა, რომელსაც შეეძლება ინვესტიციების მოზიდვა გაზის ქსელებში, ელექტროენერგიის გენერაციასა და გადამცემ ქსელებში ისე, რომ ყველა მხარეს ექნება წვდომა გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების მდგრად და განგრძობად მიწოდებაზე, რომელიც არსებითია ეკონომიკური განვითარებისთვის და სოციალური სტაბილურობისთვის,

განსაზღვრეს რა, ერთი მარეგულირებელი სივრცის შექმნა გაზით და ელექტროენერგიით ვაჭრობისთვის, რომელიც საჭიროა შესაბამისი პროდუქტის ბაზრების გეოგრაფიული საზღვრების შესაბამისობისათვის,

აღიარებენ რა, რომ ავსტრიის რესპუბლიკა, საბერძნეთის რესპუბლიკა, უნგრეთის რესპუბლიკა, იტალიის რესპუბლიკა და სლოვენიის რესპუბლიკა ბუნებრივად ინტეგრირებულია და ხელშემკვრელი მხარეების გაზისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირება პირდაპირ ახდენს გავლენას მათზე,

განსაზღვრეს რა, ყველა მოქალაქისათვის გაზისა და ელექტროენერგიის მაღალი დონის უზრუნველყოფის ხელშეწყობა საზოგადოებრივ მომსახურებებზე დაყრდნობით და ეკონომიკური და სოციალური პროგრესის მიღწევა და დასაქმების მაღალი დონე, ასევე დაბალანსებული და მდგრადი განვითარება გაზისა და ელქტროენერგიის შიდა საზღვრების გარეშე ტერიტორიის შექმნის საშუალებით,

გამოთქვამენ რა სურვილს, გაზარდონ ერთი მარეგულირებელი სივრცის მიწოდების უსაფრთხოება სტაბილური მარეგულირებელი ჩარჩოს არსებობით, რომელიც საჭიროა რეგიონისთვის, სადაც შეიძლება განხორციელდეს კასპიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და შუა დასავლეთის გაზის რეზერვებზე მიერთება და შეიძლება იქნეს გამოყენებული ბუნებრივი გაზის ბუნებრივი რეზერვები, ქვანახშირი და ჰიდროენერგია,

მოწოდებული არიან რა, რომ გააუმჯობესონ ეკოლოგიური მდგომარეობა გაზთან და ელექტროენერგიასთან, ენერგოეფექტურობასთან და განახლებადი ენერგიის წყაროებთან დაკავშირებით,

განსაზღვრეს რა, გაზისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრების კონკურენციის გაზრდა უფრო მართო მასშტაბით და წარმოების მასშტაბების გაზრდით განპირობებული ეკონომიის გამოყენება,

განიხილავენ რა, რომ ამ მიზნების მისაღწევად უნდა არსებობდეს ფართო არჩევანი და ინტეგრირებული ბაზრის მარეგულირებელი სტრუქტურა, რომელიც მხარდაჭერილია მძლავრი ინსტიტუტებისა და ეფექტიანი ზედამხედველობის მიერ და კერძო სექტორის სათანადო მონაწილეობით,

მიიჩნევენ რა, რომ უნდა არსებობდეს სპეციალური წესები გაზითა და ელექტროენერგიით ვაჭრობისთვის გაზისა და ელექტროენერგიის სისტემების სახელმწიფო დონეზე ზემოქმედების შესამცირებლად და ადგილობრივი გაზისა და ელექტროენერგიის დეფიციტის პრობლემის გადაწყვეტაში ხელშესაწყობად და ასეთი წესები საჭიროა შესაბამისი პროდუქტების ბაზრების გეოგრაფიული საზღვრებისთვის ერთი მარეგულირებელი სივრცის შესაქმნელად,

გადაწყვიტეს ენერგეტიკული გაერთიანების შექმნა.


კარი I – პრინციპები

მუხლი  1

1. ამ ხელშეკრულებით მხარეები  აფუძნებენ ენერგეტიკულ გაერთიანებას.

2. ევროპის თანამეგობრობის წევრი სახელწიფოები შეიძლება გახდნენ ენერგეტიკული გაერთიანების მონაწილეები ამ ხელშეკრულების 95-ე მუხლის შესაბამისად.

მუხლი  2

1. ენერგეტიკული გაერთიანების ამოცანა უნდა იყოს მხარეებს შორის ურთიერთობის ორგანიზება და ქსელურ ენერგიასთან დაკავშირებით სამართლებრივი და ეკონომიკური ჩარჩოს შექმნა, როგორც განსაზღვრულია მე-2 პუნქტში, რათა:

(ა) შეიქმნას სტაბილური მარეგულირებელი და საბაზრო ჩარჩო, რომელსაც შეუძლია გაზის ქსელებში, ელექტროენერგიის წარმოებასა და გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებში ინვესტიციების მოზიდვა ისე, რომ ყველა მხარეს ჰქონდეს წვდომა ენერგიის მდგრად და უწყვეტ მიწოდებაზე, რომელიც არსებითია ეკონომიკური განვითარებისთვის და სოციალური სტაბილურობისათვის;

(ბ) შეიქმნას ერთი მარეგულირებელი სივრცე ქსელური ენერგიით ვაჭრობისთვის, რომელიც საჭიროა შესაბამისი პროდუქტის ბაზრების გეოგრაფიული საზღვრების შესაბამისობისათვის;

(გ) ერთი მარეგულირებელ სივრცეში გაიზარდოს მიწოდების უსაფრთხოება სტაბილური საინვესტიციო გარემოს არსებობით, სადაც შეიძლება განხორციელდეს კასპიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და შუა დასავლეთის გაზის რეზერვებზე მიერთება და შეიძლება გამოყენებულ იქნეს  ბუნებრივი გაზის ბუნებრივი რეზერვები, ქვანახშირი და ჰიდროენერგია;

(დ) გაუმჯობესდეს ეკოლოგიური მდგომარეობა ქსელში გატარებულ ენერგიასთან და ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით, მოხდეს განახლებადი ენერგიის გამოყენების წახალისება და ერთ მარეგულირებელ სივრცეში ენერგიით ვაჭრობისთვის პირობების დადგენა;

(ე) გაიზარდოს კონკურენცია ქსელში გატარებული ენერგიის ბაზარზე უფრო ფართო გეოგრაფიული მასშტაბით და მოხდეს წარმოების მასშტაბების გაზრდით განპირობებული ეკონომიის გამოყენება.

2. „ქსელში გატარებული ენერგია“ უნდა მოიცავდეს ელექტროენერგიისა და გაზის სექტორებს, რომლებიც ხვდებიან ევროპის თანამეგობრობის 2003/54/EC და 2003/55/EC დირექტივების მოქმედების სფეროში1. 2

მუხლი  3

მე-2 მუხლის მიზნებისთვის, ენერგეტიკული გაერთიანების საქმიანობა უნდა მოიცავდეს:

(ა) ენერგეტიკის, გარემოს, კონკურენციისა და განახლებადი ენერგიის შესახებ გაერთიანების კანონმდებლობის ხელშემკვრელი მხარეების მიერ იმპლემენტაციას, როგორც მითითებულია ქვემოთ II კარში, რომელიც ადაპტირებულია ენერგეტიკული გაერთიანების ინსტიტუციურ ჩარჩოსთან და თითოეული ხელშემკვრელი მხარის კონკრეტულ მდგომარეობასთან (შემდგომში მითითებული, როგორც „გაერთიანების კანონმდებლობის გავრცელება“), როგორც შემდგომ აღწერილია II კარში;

(ბ) კონკრეტული მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბებას, რომელიც ნებას რთავს ქსელში გატარებული ენერგიის ბაზრების ეფექტიან ოპერირებას ხელშემკვრელი მხარეების მთლიან ტერიტორიაზე და ევროპის თანამეგობრობის ტერიტორიის ნაწილზე და, მათ შორის, ქსელში გატარებული ენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემისთვის და/ან ტრანსპორტირებისთვის   ერთი მექანიზმის შექმნას და ცალმხრივი დაცვის ზომების ზედამხედველობას (შემდგომში მითითებული როგორც „ქსელში გატარებული ენერგიის ბაზრების ოპერირების მექანიზმი“), როგორც შემდგომ აღწერილია III კარში;

(გ) მხარეებისთვის შიდა საზღვრების გარეშე ქსელში გატარებული ენერგიის ბაზრის შექმნას, მათ შორის, ორმხრივი დახმარების კოორდინაციას ენერგეტიკულ ქსელების სერიოზული შეფერხების ან გარეგანი დარღვევების შემთხვევაში და რომელიც შეიძლება მოიცავდეს ენერგიით გარე ვაჭრობის საერთო პოლიტიკის მიღწევებს (შემდგომში მითითებული, როგორც „ერთი ენერგეტიკული ბაზრის შექმნა“), როგორც შემდგომ აღწერილია IV კარში.

მუხლი  4

ევროპის თანამეგობრობის კომისიამ (შემდგომში მითითებული, როგორც „ევროპის კომისია“) უნდა იმოქმედოს მე-3 მუხლში აღწერილი სამი ტიპის საქმიანობის კოორდინატორად.

მუხლი  5

ენერგეტიკულმა გაერთიანებამ უნდა შეასრულოს გაერთიანების ის კანონმდებლობა, რომელიც აღწერილია II კარში, რომელიც ადაპტირებულია ხელშეკრულების ინსტიტუციურ ჩარჩოსთან და თითოეული ხელშემკვრელი მხარის კონკრეტულ მდგომარეობასთან იმ მიზნით, რომ უზრუნველყოს ინვესტიციების უსაფრთხოებისა და ოპტიმალური ინვესტიციების მაღალი დონე.

მუხლი  6

მხარეებმა უნდა მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა, იქნება ის ზოგადი თუ კონკრეტული ხასიათის, რათა უზრუნველყოს ამ ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება. მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ ენერგეტიკული გაერთიანების ამოცანების შესრულებას. მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ზომისგან, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ამ დირექტივის მიზნების მიღწევას.

მუხლი 7

 ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია ამ დირექტივის მოქმედების სფეროში აკრძალული უნდა იყოს.

მუხლი 8

ამ ხელშეკრულების არც ერთმა დებულებამ არ უნდა მოახდინოს გავლენა მხარის უფლებებზე, განსაზღვროს პირობები საკუთარი ენერგეტიკული რესურსების ექსპლუატაციასთან და  განსხვავებულ ენერგეტიკული წყაროების შესახებ არჩევანთან და ენერგიის მიწოდების ზოგად სტრუქტურასთან დაკავშირებით.

 

კარი II – ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობის გავრცელება

თავი I – გეოგრაფიული მოქმედების სფერო

მუხლი  9

ამ კარის დებულებები და გამოყენებული ზომები უნდა გავრცელდეს ხელშეკრულებაზე მიერთებული მხარეების ტერიტორიასა და კოსოვოში გაერთიანებული ერების დროებითი ადმინისტრაციის მისიის ტერიტორიაზე.

 

თავი II – ენერგეტიკის შესახებ კანონმდებლობა

მუხლი  10

თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა განახორციელოს ენერგეტიკის შესახებ გაერთიანების კანონმდებლობის იმპლემენტაცია I დანართში განსაზღვრული ზომების იმპლემენტაციის განრიგის შესაბამისად.

მუხლი  11

 „ენერგეტიკის შესახებ გაერთიანების კანონმდებლობა“ ამ ხელშეკრულების მიზნებისთვის უნდა გულისხმობდეს ამ ხელშეკრულების I დანართში ჩამოთვლილ აქტებს.3

 

თავი III – გარემოს შესახებ კანონმდებლობა

მუხლი  12

თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა განახორციელოს გარემოს შესახებ გაერთიანების კანონმდებლობის იმპლემენტაცია II დანართის ზომების იმპლემენტაციის განრიგის შესაბამისად.

მუხლი  13

მხარეები აღიარებენ კიოტოს ოქმის მნიშვნელობას. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უნდა ისწრაფოდეს ამ ოქმზე მიერთებისკენ.

მუხლი  14

მხარეები აღიარებენ დაბინძურების ინტეგრირებული პრევენციისა და კონტროლის შესახებ საბჭოს 1996 წლის 24 სექტემბრის 96/61/EC დირექტივით დადგენილი წესების მნიშვნელობას. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უნდა ისწრაფოდეს ამ დირექტივის იმპლემენტაციისკენ.

მუხლი  15

ამ დირექტივის ძალაში შესვლის შემდეგ გენერაციის ახალი სადგურების მშენებლობა და ოპერირება უნდა შეესაბამებოდეს გარემოს შესახებ გაერთიანების კანონმდებლობას.

მუხლი  16

 „გარემოს შესახებ გაერთიანების კანონმდებლობა“, ამ ხელშეკრულების მიზნებისთვის, უნდა გულისხმობდეს:

(i) საბჭოს 1985 წლის 27 ივნისის 85/337/EEC დირექტივას ზოგიერთი სახელმწიფო და კერძო პროექტების გარემოზე ზეგავლენის შეფასების შესახებ, როგორც შეცვლილია საბჭოს 1997 წლის 3 მარტის 97/11/EC დირექტივით და ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2003 წლის 26 მაისის 2003/35/EC დირექტივით,

(ii) საბჭოს 1999 წლის 26 აპრილის 1999/32/EC დირექტივას ზოგიერთ თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის შემცირებასთან და 93/12/EEC დირექტივაში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით,

(iii) ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2001 წლის 23 ოქტომბრის 2001/80/EC დირექტივას წვის დიდი ქარხნების მიერ ატმოსფერულ ჰაერში ზოგიერთი დამაბინძურებლის გაფრქვევების შეზღუდვის შესახებ და

(iv) გარეული ფრინველების დაცვის შესახებ 79/409/EC დირექტივის მე-4 მუხლის (2) პუნქტს.

მუხლი  17

ამ თავის დებულებები და გამოყენებული ზომები უნდა გავრცელდეს მხოლოდ ქსელში გატარებულ ენერგიაზე.

 

თავი IV –კონკურენციის შესახებ კანონმდებლობა

მუხლი  18

1. ქვემოთ ჩამოთვლილი საკითხები ჩაითვლება ხელშეკრულების სათანადოდ ფუნქციონირებასთან შეუთავსებლად იმდენად, რამდენადაც მათ შეიძლება მოახდინონ გავლენა ხელშემკვრელ მხარეებს შორის ქსელში გატარებული ენერგიით ვაჭრობაზე:

(ა) საწარმოებს შორის არსებული ყველა შეთანხმება, საწარმოების ასოციაციების გადაწყვეტილებები და შეთანხმებული ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავენ ან რომლებიც გავლენას ახდენენ კონკურენციის პრევენციაზე, შეზღუდვასა და დამახინჯებაზე;

(ბ) ხელშემკვრელ მხარეებს შორის როგორც მთლიან ბაზარზე, ისე მის ძირითად ნაწილზე ერთი ან ერთზე მეტი საწარმოის მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება;

(გ) ნებისმიერი სახის საჯარო დახმარება, რომელიც ზოგიერთი საწარმოსთვის ან ენერგორესურსისთვის უპირატესობის მინიჭებით ამახინჯებს კონკურენციას ან ქმნის კონკურენციის დამახინჯების საფრთხეს.

2.  ამ მუხლის საწინააღმდეგო ნებისმიერი პრაქტიკა უნდა შეფასდეს ევროპის თანამეგობრობის დამფუძნებელი ხელშეკრულების 81-ე, 82-ე და 87-ე მუხლების წესების გამოყენებისგან წარმოშობილ კრიტერიუმზე დაყრდნობით (თანდართულია III დანართში).

მუხლი  19

საჯარო საწარმოებთან და იმ საწარმოებთან მიმართებით, რომლებსაც მიენიჭათ სპეციალური ან ექსკლუზიური უფლებები, თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 6 თვის გასვლის შემდეგ ევროპის თანამეგობრობის დამფუძნებელი ხელშეკრულების პრინციპები, განსაკუთრებით 86-ე მუხლის პირველი და მე-2 მუხლების პრინციპები (თანდართულია III დანართში), შესრულებულია.

 

თავი V – განახლებადი ენერგიის შესახებ კანონმდებლობა

მუხლი  20 4

თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა განახორციელოს  განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის და 2001/77/EC და 2003/30/EC დირექტივებში ცვლილებების შეტანისა და შემდგომში მათი გაუქმების შესახებ ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 23 აპრილის 2009/28/EC დირექტივის იმპლემენტაცია.

 

თავი VI – შესაბამისობა ევროპის თანამეგობრობის ზოგადად გამოსაყენებელ სტანდარტებთან

მუხლი  21

ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან ერთი წლის განმავლობაში სამდივნომ უნდა შეიმუშავოს ევროპის თანამეგობრობის ზოგადად გამოსაყენებელი სტანდარტები, რომლებიც დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს მინისტრთა საბჭოს.

მუხლი  22

ხელშემკვრელმა მხარეებმა ამ სიის დამტკიცებიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა მიიღონ განვითარების გეგმები ევროპის თანამეგობრობის ზოგადად გამოსაყენებელ სტანდარტებთან მათ ქსელში გატარებული ენერგიის სექტორების შესაბამისობაში მოსაყვანად.

მუხლი  23

„ევროპის თანამეგობრობის ზოგადად გამოსაყენებელი სტანდარტები“ უნდა ეხებოდეს ნებისმიერი ტექნიკური სისტემის სტანდარტს, რომელიც გამოიყენება ევროპის თანამეგობრობაში და საჭიროა ქსელური სისტემის უსაფრთხოდ და ეფექტიანად ოპერირებისთვის, მათ შორის გადაცემის, ტრანსსასაზღვრო მიერთებების, მოდელირებისა და ტექნიკური სისტემის უსაფრთხოების ზოგადი სტანდარტების ასპექტებს, რომლებიც გაცემულია, ასეთი შესაძლებლობის არსებობისას, სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის (CEN),  ელექტროტექნიკური სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის (CENELEC) და მსგავსი სტანდარტიზაციის ორგანოების მიერ ან ელექტროენერგიის გადაცემის კოორდინაციის კავშირის (UCTE) და ენერგიით ვაჭრობის გამარტივების ევროპული ასოციაციის (Easeegas)  მიერ ერთიანი წესებისა და ბიზნეს პრაქტიკის დადგენისთვის.

 

თავი VII –კანონმდებლობის ადაპტირება და განვითარება

მუხლი  24

ამ კარის იმპლემენტაციის  მიზნით ენერგეტიკულმა გაერთიანებამ უნდა დაამტკიცოს ამ კარში აღწერილი ენერგეტიკული კანონმდებლობის ადაპტირების ზომები, ამ ხელშეკრულების ინსტიტუციური ჩარჩოსა და თითოეული ხელშემკვრელი მხარის კონკრეტული მდგომარეობის გათვალისწინებით.

მუხლი  25

ენერგეტიკულმა გაერთიანებამ უნდა მიიღოს ზომები ამ კარში აღწერილი გაერთიანების კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანად.

 

კარი III – ქსელში გატარებული ენერგიის ბაზრების ოპერირების მექანიზმი

თავი I – გეოგრაფიული მოქმედების სფერო

მუხლი  26

ამ კარის  დებულებები და გამოყენებული ზომები უნდა გავრცელდეს ხელშეკრულებაზე მიერთებული მხარეების ტერიტორიაზე, კოსოვოში გაერთიანებული ერების დროებითი ადმინისტრაციის მისიის იურისდიქციაში არსებულ ტერიტორიასა და 27-ე მუხლში მითითებულ ევროპის თანამეგობრობის ტერიტორიაზე.

მუხლი  27

ევროპის თანამეგობრობასთან მიმართებაში ამ კარის დებულებები და გამოყენებული ზომები უნდა გავრცელდეს ავსტრიის რესპუბლიკის, საბერძნეთის რესპუბლიკის, უნგრეთის რესპუბლიკის, იტალიის რესპუბლიკის და სლოვენიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ხელშეკრულებაზე მიერთებული მხარის ევროპის კავშირზე მიერთებისას, ამ კარის  დებულებები და გამოყენებული ზომები, ასევე გავრცელდება ახალი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოველგვარი შემდგომი ფორმალობის გარეშე.

 

თავი II – ქსელში გატარებული ენერგიის დიდ მანძილზე ტრანსპორტირების მექანიზმი

მუხლი  28

ენერგეტიკულმა გაერთიანებამ უნდა მიიღოს დამატებითი ზომები, რომლებიც ადგენს ქსელში გატარებული ენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის და/ან ტრანსპორტირების ერთ მექანიზმს.

 

თავი III – მიწოდების უსაფრთხოება

მუხლი  29

ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან ერთი წლის განმავლობაში მხარეებმა უნდა დაამტკიცონ მიწოდების უსაფრთხოების წესები, რომლებიც განსაკუთრებით მიწოდების განსხვავებას, ტექნოლოგიურ უსაფრთხოებასა და იმპორტირებული საწვავის გეოგრაფიულ წარმოშობას აღწერს. სამდივნოს უნდა ეცნობოს წესების შესახებ და იგი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ამ ხელშეკრულების ნებისმიერი მხარისათვის. აღნიშნული წესები უნდა განახლდეს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. სამდივნომ უნდა გასცეს მითითება და გაწიოს დახმარება ამ წესებთან დაკავშირებით.

მუხლი  30

29-ე მუხლი არ გულისხმობს ენერგეტიკულ პოლიტიკაში ან შესყიდვის პრაქტიკაში ცვლილებების განხორციელების საჭიროებას.

 

თავი IV – ენერგიის უზრუნველყოფა მოქალაქეებისათვის

მუხლი 31

ენერგეტიკულმა გაერთიანებამ ხელი უნდა შეუწყოს თითოეული თავისი მოქალაქისთვის ქსელში გატარებული ენერგიის უზრუნველყოფის მაღალ დონეს საჯარო მომსახურების ვალდებულებების ფარგლებში, რომელიც გათვალისწინებულია ენერგეტიკის შესახებ გაერთიანების შესაბამის კანონმდებლობაში.

მუხლი  32

ამ მიზნისთვის, ენერგეტიკულმა გაერთიანებამ უნდა მიიღოს ზომები:

(ა) ელექტროენერგიის უნივერსალურად მიწოდების უზრუნველსაყოფად; (ბ) მოთხოვნის ეფექტიანი მართვის პოლიტიკის წასახალისებლად;

(გ) სამართლიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად.

მუხლი  33

ენერგეტიკულმა გაერთიანებამ ასევე უნდა გამოსცეს რეკომენდაციები მხარეთა ქსელში გატარებული ენერგიის სექტორების ეფექტიანი რეფორმების მხარდასაჭერად, მათ შორის, ყველა მომხმარებლის მიერ ენერგიისთვის გადახდის დონის გასაზრდელად და მომხმარებლებისთვის ქსელში გატარებული ენერგიის ფასების ხელმისაწვდომობის წასახალისებლად.

 

თავი V – ჰარმონიზაცია

მუხლი  34

ენერგეტიკულმა გაერთიანებამ უნდა მიიღოს ზომები ქსელში გატარებული ენერგიის ბაზრების ოპერირებისთვის ბაზრის დიზაინის თავსებადობასთან დაკავშირებით, ასევე ლიცენზიების ორმხრივ აღიარებასთან დაკავშირებით და ასევე მიიღოს ზომები, რომლებიც ხელს უწყობენ ქსელში გატარებული ენერგიის კომპანიების თავისუფალ დაფუძნებას.

 

თავი VI – განახლებადი ენერგიის წყაროები და ენერგოეფექტურობა

მუხლი  35

ენერგეტიკულმა გაერთიანებამ შეიძლება მიიღოს ზომები განახლებადი ენერგიის წყაროებისა და ენერგოეფექტურობის განვითარების წასახალისებლად მიწოდების უსაფრთხოებისთვის, გარემოს დაცვისთვის, სოციალური ერთიანობისთვის და რეგიონული განვითარებისთვის მათ მიერ მინიჭებული უპირატესობების გათვალისწინებით.

 

თავი VII – უსაფრთხოების ზომები

მუხლი  36

ხელშეკრულებაზე მიერთებული მხარის ტერიტორიაზე, კოსოვოში გაერთიანებული ერების დროებითი ადმინისტრაციის მისიის იურისდიქციაში არსებულ ტერიტორიასა და 27-ე მუხლში მითითებულ ევროპის თანამეგობრობის ტერიტორიაზე არსებულ ქსელში გატარებული ენერგიის ბაზარზე მოულოდნელი კრიზისის შემთხვევაში, როდესაც ადამიანების ან ქსელში გატარებული ენერგიის აღჭურვილობის ან დანადგარების ან სისტემის ერთიანობის ფიზიკურ უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება, შესაბამისმა მხარემ შეიძლება დროებით გამოიყენოს საჭირო უსაფრთხოების ზომები.

მუხლი  37

ასეთმა უსაფრთხოების ზომებმა უნდა გამოიწვიოს შესაძლო უმცირესი შეფერხებები მხარეთა ქსელში გატარებული ენერგიის ბაზრების ფუნქციონირებაში და მოქმედების სფერო არ უნდა იყოს იმაზე ფართო, ვიდრე ეს მკაცრად საჭიროა იმ მოულოდნელი სირთულეების აღმოსაფხვრელად, რომელიც წარმოიშვა. მათ არ უნდა გააუარესონ კონკურენცია ან არ უნდა ჰქონდეთ უარყოფითი გავლენა ვაჭრობაზე ისეთი ფორმით, რომელიც წინააღმდეგობაშია საერთო ინტერესთან.

მუხლი  38

შესაბამისმა მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ სამდივნოს ამ უსაფრთხოების ზომების შესახებ, რომელიც მაშინვე შეატყობინებს სხვა მხარეებს.

მუხლი  39

ენერგეტიკულმა გაერთიანებამ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ შესაბამისი მხარის მიერ გამოყენებული უსაფრთხოების ზომები არ შეესაბამება ამ თავის დებულებებს და მოსთხოვოს მხარეს, რომ დაასრულოს აღნიშნული უსაფრთხოების ზომები ან მოახდინოს მათი მოდიფიცირება.

 

კარი IV – ერთი ენერგეტიკული ბაზრის შექმნა

თავი I – გეოგრაფიული მოქმედების სფერო

მუხლი  40

ამ კარის  დებულებები და გამოყენებული ზომები უნდა გავრცელდეს იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ვრცელდება ევროპის გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულება იმ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, ასევე ხელშეკრულებაზე მიერთებული მხარეების ტერიტორიასა და კოსოვოში გაერთიანებული ერების დროებითი ადმინისტრაციის მისიის იურისდიქციაში არსებულ ტერიტორიაზე.

 

თავი II – შიდა ენერგეტიკული ბაზარი

მუხლი  41

1. მხარეებს შორის ქსელში გატარებული ენერგიის იმპორტთან და ექსპორტთან და ყველა იმ ზომასთან დაკავშირებული საბაჟო გადასახადები და რაოდენობრივი შეზღუდვები, რომელსაც აქვს ეკვივალენტური გავლენა, აკრძალული უნდა იყოს. აკრძალვა ასევე უნდა გავრცელდეს ფისკალური ხასიათის საბაჟო გადასახადებზე.

2. პირველმა პუნქტმა არ უნდა გამორიცხოს ის რაოდენობრივი შეზღუდვები ან ეკვივალენტური ეფექტის მქონე ზომები, რომლებიც გამართლებულია საჯარო პოლიტიკის ან საჯარო უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და ადამიანთა სიცოცხლის, ცხოველთა ან მცენარეთა დაცვის ან სამრეწველო და კომერციული საკუთრების დაცვის საფუძვლებით. თუმცა, ასეთი შეზღუდვები ან ზომები არ უნდა წარმოადგენდეს მხარეებს შორის ვაჭრობისას თვითნებური დისკრიმინაციის ან ფარული შეზღუდვის საშუალებებს.

მუხლი  42

1. ენერგეტიკულმა გაერთიანებამ შეიძლება მიიღოს ზომები ერთი ბაზრის შექმნის მიზნით. ქსელში გატარებული ენერგიის შიდა საზღვრების გარეშე.

2. პირველი პუნქტი არ ვრცელდება იმ ფისკალურ ზომებზე, რომლებიც უკავშირდება ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას ან დასაქმებული ადამიანების უფლებებსა და ინტერესებს.

 

თავი III – ენერგიით გარე ვაჭრობის პოლიტიკა

მუხლი  43

ენერგეტიკულმა გაერთიანებამ შეიძლება მიიღოს ზომები, რომლებიც საჭიროა მესამე ქვეყნებში ან ქვეყნებიდან ქსელში გატარებული ენერგიის იმპორტისა და ექსპორტის რეგულირებისათვის მესამე ქვეყანაში ან ქვეყნიდან თანაბარი წვდომის უზრუნველყოფის მიზნით ძირითად გარემოსდაცვით სტანდარტებთან დაკავშირებით ან უზრუნველყოს შიდა ენერგეტიკული ბაზრის უსაფრთხო ოპერირება.

 

თავი IV – ორმხრივი დახმარება შეწყვეტის შემთხვევაში

მუხლი  44

ქსელში გატარებული ენერგიის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, რომელიც გავლენას ახდენს მხარეზე და ჩართულ სხვა მხარეზე ან მესამე ქვეყანაზე, მხარეებმა უნდა მიიღონ დაჩქარებული გადაწყვეტილება  ამ თავის დებულებების შესაბამისად.

მუხლი  45

იმ მხარის მოთხოვნისას, რომელზეც შეწყვეტამ პირდაპირი გავლენა მოახდინა, მინისტრთა საბჭომ უნდა გამართოს შეხვედრა. მინისტრთა საბჭომ შეიძლება მიიღოს საჭირო ზომები შეწყვეტაზე რეაგირებისათვის.

მუხლი  46

ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან ერთი წლის განმავლობაში მინისტრთა საბჭომ უნდა დაამტკიცოს საპროცესო აქტი ამ თავით განსაზღვრული ორმხრივი დახმარების ვალდებულების მართვისთვის, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მუდმივმოქმედი მაღალი დონის ჯგუფისთვის დროებითი ზომების გამოყენების უფლებამოსილების მინიჭებას.

 

კარი V –ენერგეტიკული გაერთიანების ინსტიტუტები

თავი I - მინისტრთა საბჭო

მუხლი  47

მინისტრთა საბჭომ უნდა უზრუნველყოს, რომ მიიღწევა ამ ხელშეკრულებით დადგენილი მიზნები. მან უნდა:

(ა) უზრუნველყოს პოლიტიკის ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპების არსებობა;

(ბ) მიიღოს ზომები;

(გ) დაამტკიცოს საპროცესო აქტები, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ზუსტად განსაზღვრული პირობებით კონკრეტული ამოცანების, უფლებამოსილებისა და ვალდებულების მინიჭებას, რათა განხორციელდეს მუდმივმოქმედი მაღალი დონის ჯგუფის, მარეგულირებელი საბჭოს ან სამდივნოს შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების პოლიტიკა.

მუხლი  48

მინისტრთა საბჭო უნდა შედგებოდეს თითოეული ხელშემკვრელი მხარის ერთი  და ენერგეტიკული გაერთიანების ორი წარმომადგენლისგან. თითოეული მონაწილის ხმის უფლების არმქონე ერთმა წარმომადგენელმა შეიძლება მიიღოს მონაწილება ამ შეხვედრებში.

მუხლი  49

მინისტრთა საბჭომ საპროცესო აქტით უნდა დაამტკიცოს თავისი პროცედურის შიდა წესები.

მუხლი  505

თავმჯდომარეობა უნდა განხორციელდეს თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ მონაცვლეობით ერთწლიანი ვადით მინისტრთა საბჭოს საპროცესო აქტით დადგენილი წესით. თავმჯდომარე ქვეყანამ უნდა მოიწვიოს მინისტრთა საბჭო იმ ადგილას, რომელიც გადაწყვეტილია თავმჯდომარე ქვეყნის მიერ. მინისტრთა საბჭო უნდა შეიკრიბოს წელიწადში სულ მცირე ერთხელ. შეხვედრები უნდა მომზადდეს სამდივნოს მიერ.

მუხლი  51

თავმჯდომარე ქვეყანა უნდა თავმჯდომარეობდეს მინისტრთა საბჭოს და დახმარება უნდა გაუწიოს ევროპის თანამეგობრობის ერთმა წარმომადგენელმა და შემდეგი თავმჯდომარე ქვეყნის ერთმა წარმომადგენლებმა, როგორიცაა ვიცეთავმჯდომარები. დღის წესრიგის პროექტი თავმჯდომარე ქვეყანამ და ვიცეთავმჯდომარეებმა უნდა მოამზადონ.

მუხლი  52

მინისტრთა საბჭომ ევროპის პარლამენტსა და ხელშეკრულებაზე მიერთებული მხარეებისა და მონაწილეთა პარლამენტებს უნდა წარუდგინოს ენერგეტიკული გაერთიანების საქმიანობის წლიური ანგარიში.

 

თავი II - მუდმივმოქმედი მაღალი დონის ჯგუფი

მუხლი  53

მუდმივმოქმედმა მაღალი დონის ჯგუფმა უნდა:

(ა) მოამზადოს მინისტრთა საბჭოს საქმე;

(ბ) დაეთანხმოს საეთაშორისო დონორი ორგანიზაციების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ორმხრივი დონორების მიერ ტექნიკური დახმარების შესახებ გაკეთებულ მოთხოვნებს;

(გ) აცნობოს მინისტრთა საბჭოს ამ ხელშეკრულების მიზნების მიღწევის პროგრესის შესახებ;

(დ) მიიღოს ზომები, თუ ამის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს მინისტრთა საბჭოს მიერ;

(ე) მიიღოს საპროცესო აქტები, რომლებიც არ მოიცავს ენერგეტიკული გაერთიანების სხვა ინსტიტუტებისთვის ამოცანების, უფლებამოსილების ან ვალდებულების მინიჭებას;

(ვ) განიხილოს II კარში აღწერილი გაერთიანების კანონმდებლობის შემუშავება იმ ანგარიშზე დაყრდნობით, რომელიც ევროპის კომისიამ უნდა წარადგინოს რეგულარულად.

მუხლი  54

მუდმივმოქმედი მაღალი დონის ჯგუფი უნდა შედგებოდეს თითოეული ხელშემკვრელი მხარის ერთი წარმომადგენლისგან და ენერგეტიკული გაერთიანების ორი წარმომადგენლისგან. თითოეული მონაწილის ხმის უფლების არმქონე ერთმა წარმომადგენელმა შეიძლება მიიღოს მონაწილება ამ შეხვედრებში.

მუხლი  55

მუდმივმოქმედმა მაღალი დონის ჯგუფმა უნდა დაამტკიცოს თავისი პროცედურის შიდა წესები, როგორც საპროცესო აქტი.

მუხლი  56

თავმჯდომარე ქვეყანამ უნდა მოიწვიოს მუდმივმოქმედი მაღალი დონის ჯგუფი იმ ადგილას, რომელიც გადაწყვეტილია თავმჯდომარე ქვეყნის მიერ. შეხვედრები უნდა მომზადდეს სამდივნოს მიერ.

მუხლი  57

თავმჯდომარე ქვეყანა უნდა თავმჯდომარეობდეს მუდმივმოქმედი მაღალი დონის ჯგუფს და დახმარება უნდა გაუწიოს ევროპის თანამეგობრობის ერთმა წარმომადგენელმა და შემდეგი თავმჯდომარე ქვეყნის ერთმა წარმომადგენლებმა, როგორიცაა ვიცეთავმჯდომარეები. დღის წესრიგის პროექტი თავმჯდომარე ქვეყანამ და ვიცეთავმჯდომარეებმა უნდა მოამზადონ.

 

თავი III – მარეგულირებელი საბჭო

მუხლი  58

მარეგულირებელმა საბჭომ უნდა:

(ა)გაუწიოს კონსულტაცია მინისტრთა საბჭოს ან მუდმივმოქმედ მაღალი დონის ჯგუფს ნორმატიული, ტექნიკური და მარეგულირებელი წესების დეტალებზე;

(ბ) გამოსცეს რეკომენდაციები ტრანსსასაზღვრო დავების შესახებ, რომელშიც ჩართულია  ორი ან მეტი მარეგულირებელი ორგანო, ნებისმიერი მათგანის მოთხოვნის არსებობისას;

(გ) მიიღოს ზომები, თუ ამის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს მინისტრთა საბჭოს მიერ;

(დ) მიიღოს საპროცესო აქტები.

მუხლი  596

მარეგულირებელთა საბჭო უნდა  შედგებოდეს თითოეული ხელშემკვრელი მხარის ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოს ერთი წარმომადგენლისგან ენერგეტიკის შესახებ გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისი ნაწილების თანახმად. ევროპის კავშირი წარმოდგენილი უნდა იყოს ევროპის კომისიით, რომელსაც დახმარებას უწევს თითოეული მონაწილის ერთი მარეგულირებელი ორგანო და ენერგეტიკის მარეგულირებელთა თანამშრომლობის სააგენტოს ერთი წარმომადგენელი.

 მუხლი  60

მარეგულირებელთა საბჭომ საპროცესო აქტით უნდა დაამტკიცოს თავისი პროცედურის შიდა წესები.

მუხლი  61

მარეგულირებელთა საბჭომ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი მარეგულირებელთა საბჭოს მიერ განსაზღვრული ვადით. ევროპის კომისიამ უნდა იმოქმედოს, როგორც ვიცეპრეზიდენტმა. პრეზიდენტმა და ვიცეპრეზიდენტმა უნდა მოამზადონ დღის წესრიგის პროექტი.

მუხლი  62

მარეგულირებელთა საბჭო უნდა შეიკრიბოს ათენში.

 

თავი IV - ფორუმი

მუხლი  63

ენერგეტიკულ გაერთიანებას კონსულტაცია უნდა გაუწიოს ორმა ფორუმმა, რომლებიც შედგენილია ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენლების, მათ შორის, სამრეწველო სექტორის, მარეგულირებელი ორგანოების, მრეწველობის წარმომადგენელი ჯგუფებისა და მომხმარებლების მიერ.

მუხლი  64

ფორუმს უნდა თავმჯდომარეობდეს ევროპის თანამეგობრობის წარმომადგენელი.

მუხლი  65

ფორუმის დასკვნები უნდა იქნეს მიღებული კონსენსუსით. ისინი მუდმივმოქმედ მაღალი დონის ჯგუფს უნდა წარედგინოს.

მუხლი  66

ელექტროენერგეტიკული ფორუმი უნდა გაიმართოს ათენში. გაზის ფორუმი უნდა გაიმართოს იმ ადგილას, რომელიც განისაზღვრება მინისტრთა საბჭოს საპროცესო აქტით.

 

თავი V - სამდივნო

მუხლი  67

სამდივნომ უნდა:

(ა) უზრუნველყოს ადმინისტრაციული მხარდაჭერა მინისტრთა საბჭოსთვის, მუდმივმოქმედი მაღალი დონის ჯგუფისთვის, მარეგულირებელთა საბჭოსა და ფორუმისათვის;

(ბ) გადახედოს მხარეების ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების სათანადოდ შესრულებას და წარუდგინოს მინისტრთა საბჭოს ყოველწლიური ანგარიში პროგრესის შესახებ;

(გ) გადახედოს და დაეხმაროს ხელშეკრულებაზე მიერთებული მხარეების ტერიტორიასა და კოსოვოში გაერთიანებული ერების დროებითი ადმინისტრაციის მისიის იურისდიქციაში არსებულ ტერიტორიაზე ევროპის კომისიის მიერ დონორების საქმიანობის კოორდინირებას და დონორებისთვის უზრუნველყოს ადმინისტრაციული მხარდაჭერა;

(დ) განახორციელოს ამ ხელშეკრულებით ან მინისტრთა საბჭოს საპროცესო აქტით განსაზღვრული მინიჭებული ამოცანები, ზომების მიღების გარდა და

(ე) მიიღოს საპროცესო აქტები.

მუხლი  68

სამდივნო უნდა შედგებოდეს დირექტორისგან და იმ პერსონალისგან, რომელიც შეიძლება მოითხოვოს ენერგეტიკულმა გაერთიანებამ.

მუხლი  69

სამდივნოს დირექტორი უნდა დაინიშნოს მინისტრთა საბჭოს საპროცესო აქტით. მინისტრთა საბჭომ საპროცესო აქტით უნდა განსაზღვროს დასაქმების, სამუშაო პირობებისა და სამდივნოს პერსონალის გეოგრაფიული თანასწორობის წესები. დირექტორმა უნდა შეარჩიოს და დანიშნოს პერსონალი.

მუხლი  70

თავიანთი ვალდებულებების შესრულებისას დირექტორმა და პერსონალმა არ უნდა სცადონ ან არ უნდა მიიღონ მითითებები ხელშეკრულების ნებისმიერი მხარისაგან. მათ უნდა იმოქმედონ მიუკერძოებლად და ხელი უნდა შეუწყონ ენერგეტიკული გაერთიანების ინტერესებს.

მუხლი  71

სამდივნოს დირექტორი ან დასახელებული ალტერნატიული პირი უნდა დაეხმაროს მინისტრთა საბჭოს, მუდმივმოქმედ მაღალი დონის ჯგუფს, მარეგულირებელთა საბჭოსა და ფორუმს.

მუხლი  72

სამდივნოს ადგილსამყოფელი უნდა იყოს ვენაში.

 

თავი VI – ბიუჯეტი

მუხლი  73

თითოეულმა მხარემ უნდა განახორციელოს საწევრო შენატანი ენერგეტიკული გაერთიანების ბიუჯეტში, როგორც დადგენილია IV დანართში. შენატანების დონე შეიძლება გადაიხედოს მინისტრთა საბჭოს საპროცესო აქტით ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ნებისმიერი მხარის მოთხოვნისას.

მუხლი  74

მინისტრთა საბჭომ უნდა დაამტკიცოს ენერგეტიკული გაერთიანების ბიუჯეტი საპროცესო აქტით ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. ბიუჯეტი უნდა მოიცავდეს ენერგეტიკული გაერთიანების ოპერაციულ დანახარჯებს, რომლებიც საჭიროა მისი ინსტიტუტების ფუნქციონირებისათვის. თითოეული ინსტიტუტის დანახარჯი ბიუჯეტის სხვადასხვა ნაწილში უნდა იყოს განსაზღვრული. მინისტრის საბჭომ უნდა მიიღოს საპროცესო აქტი, რომელშიც დაკონკრეტებულია ბიუჯეტის შესრულების, ანგარიშების წარდგენისა და აუდიტისა და შემოწმების პროცედურები.

მუხლი  75

სამდივნოს დირექტორმა უნდა განახორციელოს ბიუჯეტის აღსრულება 74-ე მუხლის თანახმად მიღებული საპროცესო აქტის შესაბამისად და უნდა აცნობოს ყოველწლიურად მინისტრთა საბჭოს ბიუჯეტის შესრულების შესახებ. საჭიროებისას მინისტრთა საბჭომ საპროცესო აქტით შეიძლება გადაწყვიტოს, რომ დაავალოს დამოუკიდებელ აუდიტორებს ბიუჯეტის სათანადოდ შესრულების ვერიფიკაცია.

 

კარი VI –გადაწყვეტილების მიღების პროცესი

თავი I – ზოგადი დებულებები

მუხლი  76

ზომებმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილების ან რეკომენდაციის ფორმა.

გადაწყვეტილება სამართლებრივად სავალდებულოა მთლიანად მათთვის, ვისაც ის ეხება.

რეკომენდაციას არ აქვს სავალდებულო ძალა. მხარეებმა მაქსიმალურად უნდა სცადონ რეკომენდაციების შესრულება.

მუხლი  77

რამდენადაც მე-80 მუხლით გათვალისწინებულია, თითოეულ მხარეს უნდა ჰქონდეს ერთი ხმა.

მუხლი  78

მინისტრთა საბჭომ, მუდმივმოქმედმა მაღალი დონის ჯგუფმა და მარეგულირებელთა საბჭომ შეიძლება განახორციელონ საქმიანობა მხოლოდ მაშინ, თუ წარმოდგენილია ხმათა ორი მესამედი. დამსწრე მხარეების მიერ ხმის მიცემაზე თავის შეკავება არ უნდა ჩაითვალოს ხმის მიცემად.

 

თავი II – II  კარით განსაზღვრული ზომები

მუხლი  79

მინისტრთა საბჭომ, მუდმივმოქმედმა მაღალი დონის ჯგუფმა და მარეგულირებელთა საბჭომ უნდა მიიღონ II კარით განსაზღვრული ზომები ევროპული კომისიის შეთავაზების არსებობისას.  ევროპულმა კომისიამ შეიძლება შეცვალოს ან გამოითხოვოს თავისი შეთავაზება ზომების მიღების პროცედურების განმავლობაში ნებისმიერ დროს.

მუხლი  80

თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უნდა ჰქონდეს ერთი ხმა.

მუხლი  81

მინისტრთა საბჭომ, მუდმივმოქმედმა მაღალი დონის ჯგუფმა და მარეგულირებელთა საბჭომ უნდა იმოქმედოს მიცემულ ხმათა უმრავლესობით.

 

თავი III –III კარით განსაზღვრული ზომები

მუხლი  82

მინისტრთა საბჭომ,  მუდმივმოქმედმა მაღალი დონის ჯგუფმა და მარეგულირებელთა საბჭომ უნდა მიიღონ III კარით განსაზღვრული ზომები მხარის ან სამდივნოს შეთავაზების არსებობისას.

მუხლი  83

მინისტრთა საბჭომ, მუდმივმოქმედმა მაღალი დონის ჯგუფმა და მარეგულირებელთა საბჭომ უნდა იმოქმედონ მიცემულ ხმათა ორი მესამედის უმრავლესობით, რომელიც მოიცავს ევროპის თანამეგობრობის დადებით ხმას.

 

თავი IV – IV კარით განსაზღვრული ზომები

მუხლი  84

მინისტრთა საბჭომ, მუდმივმოქმედმა მაღალი დონის ჯგუფმა და მარეგულირებელთა საბჭომ უნდა მიიღონ IV კარით განსაზღვრული ზომები მხარის შეთავაზების არსებობისას.

მუხლი  85

მინისტრთა საბჭომ, მუდმივმოქმედმა მაღალი დონის ჯგუფმა და მარეგულირებელთა საბჭომ ზომები ერთხმად უნდა მიიღონ.

 

თავი V – საპროცესო აქტები

მუხლი  86

საპროცესო აქტებმა უნდა დაარეგულიროს ენერგეტიკულ გაერთიანებაში ორგანიზაციული, საბიუჯეტო და გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის მინისტრთა საბჭოს მიერ უფლებამოსილების მუდმივმოქმედ მაღალი დონის ჯგუფზე, მარეგულირებელთა საბჭოზე ან სამდივნოზე დელეგირების საკითხები და უნდა ჰქონდეს სავალდებულო ძალა ენერგეტიკული გაერთიანების ინსტიტუტებისთვის და, თუ ამას საპროცესო აქტი ადგენს, მხარეებისთვის.

მუხლი  87

რამდენადაც 88-ე მუხლით გათვალისწინებულია, საპროცესო აქტი უნდა იქნეს მიღებული ამ კარის III თავით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესაბამისად.

 

მუხლი  88

საპროცესო აქტი, რომელიც ნიშნავს სამდივნოს დირექტორს 69-ე მუხლის შესაბამისად, უნდა იქნეს მიღებული ხმათა უბრალო უმრავლესობით ევროპის კომისიის შეთავაზების არსებობისას. საპროცესო აქტი საბიუჯეტო საკითხების შესახებ 73-ე და 74-ე მუხლების თანახმად უნდა იქნეს მიღებული ანონიმურად ევროპის კომისიის შეთავაზების არსებობისას. საპროცესო აქტები, რომლებიც ანიჭებენ უფლებამოსილებას მარეგულირებელთა საბჭოს 47-ე მუხლის (გ) პუნქტის თანახმად, ანონიმურად უნდა იქნეს მიღებული მხარის ან სამდივნოს შეთავაზების არსებობისას.

 

კარი VII - გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია და დავების გადაწყვეტა

მუხლი 89

მხარეებმა უნდა მოახდინონ გადაწყვეტილებების აღსრულება, რომელიც მათ ეხებათ და ასახულია მათ შიდა სამართლებრივ სისტემაში, გადაწყვეტილებაში მითითებული ვადის განმავლობაში. 

მუხლი 90

1. მხარის მიერ ხელშეკრულების ვალდებულების ან მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობას, მოთხოვნილი ვადის განმავლობაში, უნდა მიექცეს მინისტრთა საბჭოს ყურადღება მხარის, სამდივნოს ან მარეგულირებელთა საბჭოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. კერძო  ორგანოებს შეუძლიათ საჩივრით მიმართონ სამდივნოს.  

2. შესაბამის მხარეს შეუძლია გააკეთოს შენიშვნები მოთხოვნის ან საჩივრის საპასუხოდ.

მუხლი 91

1. მინისტრთა საბჭოს შეუძლია განსაზღვროს მხარის მიერ ვალდებულების დარღვევის არსებობა. მინისტრთა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს:

(ა) უბრალო უმრავლესობით, თუ დარღვევა ეხება II კარს;

(ბ) ორი მესამედის უმრავლესობით, თუ დარღვევა ეხება III კარს;

(გ) ერთხმად, თუ დარღვევა ეხება IV კარს.

2. მინისტრთა საბჭოს, შესაბამისად, შეუძლია ამ მუხლის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმება უბრალო უმრავლესობით.

 

მუხლი 92

1. მხარის მოთხოვნის საფუძველზე, სამდივნოს ან მარეგულირებელთა საბჭოს, მინისტრთა საბჭოს, რომელიც მოქმედებს ერთხმად, შეუძლიათ, განსაზღვრონ მხარის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სერიოზული და მუდმივი დარღვევა და შეუძლიათ მხარეს შეუჩერონ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზოგიერთი უფლებით სარგებლობა, რომელიც მოიცავს ხმის მიცემის უფლების შეჩერებასა და შეხვედრებზე დასწრების აკრძალვას ან ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ მექანიზმებს. 

2. მინისტრთა საბჭოს, შესაბამისად, შეუძლია ამ მუხლის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმება უბრალო უმრავლესობით.

 

 მუხლი 93

91-ე და 92-ე მუხლებში მითითებული გადაწყვეტილებების მიღებისას, მინისტრთა საბჭომ უნდა იმოქმედოს შესაბამისი მხარის წარმომადგენლის ხმის გაუთვალისწინებლად.

 

თავი VIII - ინტერპრეტაცია

 მუხლი 94

დაწესებულებებს შეუძლიათ მოახდინონ ამ ხელშეკრულებაში გამოყენებული ტერმინის ან სხვა ცნების ინტერპრეტაცია, რომელიც მომდინარეობს ევროპის თანამეგობრობის სამართლიდან და შეესაბამება მართლმსაჯულების სასამართლოს ან ევროპის თანამეგობრობის პირველი ინსტანციის სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. როდესაც ამ სასამართლოების ინტერპრეტაცია არ არის ხელმისაწვდომი, მინისტრთა საბჭომ უნდა უხელმძღვანელოს ამ ხელშეკრულების ინტერპრეტაციის პროცესს.  მან შეიძლება ეს დავალება გადასცეს მუდმივმოქმედი მაღალი დონის ჯგუფს. ასეთი ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს მოგვიანებით გაერთიანების კანონმდებლობის ინტერპრეტაციას მართლმსაჯულების სასამართლოს ან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

 

კარი IX მონაწილეები და დამკვირვებლები

მუხლი 95

მინისტრთა საბჭოსათვის გაგზავნილი მოთხოვნის საფუძველზე, ენერგეტიკული გაერთიანების ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს შეუძლია, წარმოდგენილი იქნეს მონაწილედ მინისტრთა საბჭოში, მუდმივმოქმედ მაღალი დონის ჯგუფსა და მარეგულირებელთა საბჭოში 48-ე, 54-ე და 59-ე მუხლებში მოცემული პირობების თანახმად და უფლება უნდა მიეცეს, მონაწილეობა მიიღოს მინისტრთა საბჭოს, მუდმივმოქმედ მაღალი დონის ჯგუფში, მარეგულირებელთა საბჭოსა და ფორუმში.

მუხლი 96

1. მეზობელი მესამე სახელმწიფოს გონივრული მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრთა საბჭოს შეუძლია, ერთხმად მიიღოს სახელმწიფო დამკვირვებლად. ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში მინისტრთა საბჭოსათვის წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, მოლდოვა მიღებულ უნდა იქნეს დამკვირვებლად.

2. დამკვირვებლებს შეუძლიათ დაესწრონ მინისტრთა საბჭოს, მუდმივმოქმედი მაღალი დონის ჯგუფის, მარეგულირებელთა საბჭოსა და ფორუმის შეხვედრებს, დისკუსიაში მონაწილეობის გარეშე.

 

კარი X ხანგრძლივობა

მუხლი 97

ეს ხელშეკრულება იდება 10 წლის ვადით ძალაში შესვლის მომენტიდან. მინისტრთა საბჭოს, ერთსულოვანი მოქმედებით, შეუძლია გააგრძელოს მისი ხანგრძლივობა. თუ ასეთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ხელშეკრულება იმოქმედებს იმ მხარეებს შორის, რომლებმაც ხმა მისცეს მისი ვადის მოქმედების გაგრძელებას, იმ შემთხვევაში, თუ მათმა რაოდენობამ ენერგეტიკული გაერთიანების წევრების სულ ცოტა ორ მესამედს მაინც მიაღწია.

მუხლი 98

ნებისმიერ მხარეს შეუძლია ამ ხელშეკრულებიდან გასვლა სამდივნოსათვის ექვსთვიანი შეტყობინების გაგზავნის გზით.

მუხლი 99

 ხელშეკრულებაზე მიერთებული მხარე ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მიერთების საფუძველზე, გახდება მონაწილე, როგორც აღნიშნულია 95-ე მუხლში.

 

კარი XI გადახედვა და მიერთება

 მუხლი  100

მინისტრთა საბჭოს, მისი წევრების ერთპიროვნულობის საფუძველზე შეუძლია:

(i) შეცვალოს I-VII კარის დებულებები;

(ii) გადაწყვიტოს გაერთიანების კანონმდებლობის სხვა ნაწილების განხორციელება, რომელიც უკავშირდება ენერგეტიკულ ქსელს;

(iii) გაავრცელოს ამ ხელშეკრულების მოქმედება სხვა ენერგომოხმარების პროდუქტებსა და მატარებლებზე ან ქსელის სხვა არსებით ინფრასტრუქტურაზე;

(iv) დაეთანხმოს ახალი მხარის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან შეერთებას.

 

კარი XII დასკვნითი და გარდამავალი დებულებები

მუხლი 101

102-ე და 103-ე მუხლების დარღვევის გარეშე, ამ ხელშეკრულების ხელმოწერამდე ხელშემკვრელი მხარეების მიერ დადებული შეთანხმებებიდან გამომდინარე უფლებებსა და ვალდებულებებზე არ გავრცელდება ამ ხელშეკრულების დებულებები. რამდენადაც ეს შეთანხმებები არ შეესაბამება ამ ხელშეკრულებას, შესაბამისმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა დადასტურებული შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად, არაუგვიანეს ერთი წლისა,  ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან.

მუხლი 102

ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება არ არღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი ხელშეკრულების მხარეების არსებულ სამართლებრივ ვალდებულებებს. 

მუხლი 103

ერთი მხრივ, ევროპის თანამეგობრობასა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის, და მეორე მხრივ, ხელშემკვრელ მხარეს შორის გაფორმებული შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებზე არ უნდა იმოქმედოს ამ ხელშეკრულებამ. ევროპის კავშირთან მიერთების მოლაპარაკებების კონტექსტში აღებულ ნებისმიერ ვალდებულებაზე არ გავრცელდება ეს ხელშეკრულება.

მუხლი 104

50-ე მუხლში მოცემული საპროცესო აქტის მიღებამდე, ათენის 2003 წლის ურთიერთგაგების მემორანდუმმა7 უნდა განსაზღვროს თავმჯდომარეობის წესი. 

მუხლი 105

ხელშეკრულება დამტკიცებულ უნდა იქნეს მხარეების მიერ მათი შიდა პროცედურების შესაბამისად.

ეს ხელშეკრულება ძალაში შედის თვის პირველ დღეს, რომელიც მოსდევს ევროპის თანამეგობრობისა და ექვსი ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ მიზნებისთვის პროცედურების დასრულების შეტყობინების თარიღს.

შეტყობინება უნდა გაეგზავნოს ევროპის კავშირის საბჭოს გენერალურ მდივანს, რომელიც უნდა იყოს ამ ხელშეკრულების დეპოზიტარი.

აღნიშნულის დასადასტურებლად სათანადოდ უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ამ ხელშეკრულებას.

 

ხელშემკვრელ მხარეთა ხელმოწერები

 

შესრულებულია ათენში, 2005 წლის 25 ოქტომბერს.

ენერგეტიკული გაერთიანების სახელით

ხელმოწერილია

ალბანეთის რესპუბლიკის სახელით

ხელმოწერილია

ბულგარეთის რესპუბლიკის სახელით

ხელმოწერილია

ბოსნია და ჰერცოგოვინას სახელით

ხელმოწერილია

ხორვატიის რესპუბლიკის სახელით

ხელმოწერილია

ყოფილი იუგოსლავიის  მაკედონიის რესპუბლიკის სახელით

ხელმოწერილია

მონტენეგროს რესპუბლიკის სახელით

ხელმოწერილია

რუმინეთის სახელით

ხელმოწერილია

სერბეთის რესპუბლიკის სახელით

ხელმოწერილია

გაერთიანებული ერების დროებითი ადმინისტრაციის მისიის სახელით კოსოვოში, გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს 1244 რეზოლუციის თანახმად.

ხელმოწერილია

 

 

 


              მაკედონიის რესპუბლიკა

               პრემიერ მინისტრის მოადგილის აპარატი

მინკო იორდანოვი

 

ათენი, 2005 წლის 25 ოქტომბერი,

თქვენო აღმატებულებავ,  

აქვე მინდა განვაცხადო, რომ ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების ტექსტი მისაღებია მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობისთვის.

აღნიშნული წერილით, მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობა საკუთარ თავს ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების ხელმომწერად მიიჩნევს.

თუმცა ვაცხადებ, რომ მაკედონიის რესპუბლიკისთვის მიუღებელია ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტებში ჩემი ქვეყნისათვის გამოყენებული სახელწოდება, იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი ქვეყნის კონსტიტუციური სახელია მაკედონიის რესპუბლიკა.

გთხოვთ, თქვენო აღმატებულებავ, მიიღოთ რწმუნება ჩემი თქვენდამი უღრმესი პატივისცემისა.

მინკო იორდანოვი

ევროპის თანამეგობრობა

ბრიუსელი

 

 

 

ევროპის კავშირის საბჭო

თავმჯდომარეობა

ათენი, 2005 წლის 25 ოქტომბერი

ბატონ მინკო იორდანოვს

ყოფილი იუგოსლავიის მაკედონიის რესპუბლიკის

მთავრობის ვიცე-პრეზიდენტს

 

ბატონო,

ევროპის თანამეგობრობა ითვალისწინებს დღევანდელი რიცხვით დათარიღებულ წერილს და ადასტურებს, რომ თქვენი წერილი და ეს პასუხი ჩაანაცვლებს ყოფილი იუგოსლავიის მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობის მიერ ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების ხელმოწერას. თუმცა, ეს გაგებულ არ უნდა იქნეს, როგორც ევროპის თანამეგობრობის მიერ, ნებისმიერი ფორმით ან შინაარსით, „ყოფილი იუგოსლავიის მაკედონიის რესპუბლიკის“ სახელწოდების გარდა რაიმე სხვა სახელწოდებაზე თანხმობა  ან მისი აღიარება. 

გთხოვთ, ბატონო, მიიღოთ რწმუნება ჩემი თქვენდამი უღრმესი პატივისცემისა.

                                                                                                                 ევროპის თანამეგობრობის სახელით

 

 

 

 

 

გაერთიანული ერები

გაერთიანებული ერების

დროებითი ადმინისტრაციის

მისია კოსოვოში (UNMIK)

დეკლარაცია

მე, სორენ იესენ-პეტერსენი, გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი და კოსოვოში გაერთიანებული ერების დროებითი ადმინისტრაციის მისიის (UNMIK)  ხელმძღვანელი,

აქვე ვაცხადებ, რომ კოსოვოში გაერთიანებული ერების დროებითი ადმინისტრაციის მისიის (UNMIK)  ხელს აწერს ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებას 2005 წლის 25 ოქტომბერს შემდეგი პირობებით:

(i)  გაერთიანებული ერების დროებითი ადმინისტრაციის მისია (UNMIK), რომელიც შექმნილია 1999 წლის 10 ივნისის უშიშროების საბჭოს 1244-ე  რეზოლუციით, ხელს აწერს ხელშეკრულებას კოსოვოს სახელით;

(ii)  კოსოვოსათვის ხელშეკრულება ძალაშია UNMIK-ის ადმინისტრაციის ხანგრძლივობის ვადით 1244-ე (1999) რეზოლუციის თანახმად, და ამ ვადის მიღმა მის უწყვეტი ვალიდურობა გამომდინარეობს კოსოვოს შემდგომი ადმინისტრაციიდან; და 

(iii)  UNMIK-ის მხრიდან ხელშეკრულების დადება ზიანს არ მიაყენებს კოსოვოს მომავალ სტატუსს.

 

უფრო მეტიც, ხელშეკრულება არ მოიცავს არც გაერთიანებული ერების პასუხისმგებლობას, არც სამართლებრივ, ფინანსურ ან სხვა ვალდებულებებს აკისრებს ორგანიზაციას.

 

მოვითხოვ, რომ ეს დეკლარაცია სათანადოდ იქნეს ჩაწერილი და მან შეადგინოს ხელშეკრულების ოფიციალური ჩანაწერების ნაწილი.

აღნიშნულის დასადასტურებლად, მე ვაწერ ხელს და ვსვამ ბეჭედს.

შესრულებულია პრიშტინაში, 2005 წლის 21 ოქტომბერს

სორენ იესენ-პეტერსენი

გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი

 

 

 

 

ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე სერბეთის დელეგაციის მიერ გაკეთებული განცხადება

 

„სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას სურს განაცხადოს, რომ ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების ხელმოწერამ კოსოვოს დროებითი ადმინისტრაციის მისიაში    გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის სახელით არავითარ შემთხვევაში წინასწარ არ უნდა გადაწყვიტოს კოსოვოსა და მეტოჰიას საბოლოო სტატუსი.

სერბეთის რესპუბლიკის მთავრობა იხსენებს გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს 1244-ე რეზოლუციას, რომელიც განამტკიცებს ყველა წევრი სახელმწიფოს ვალდებულებას სერბეთისა და მონტენეგროს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინაშე.“

 

ათენი, 2005 წლის 25 ოქტომბერი

 

 

 

 

დანართი I8  ენერგეტიკის შესახებ გაერთიანების კანონმდებლობით“  გათვალისწინებული აქტების სია

(1) ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის 2009/72/EC დირექტივა ელექტროენერგიის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების შესახებ, როგორც მიღებულია მინისტრთა საბჭოს 2011 წლის 6 ოქტომბრის N2011/02/MC-EnC  გადაწყვეტილებით.

(2)ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის დირექტივა 2009/73/EC  ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების  შესახებ, როგორც მიღებულია მინისტრთა საბჭოს 2011 წლის 6 ოქტომბრის N2011/02/MC-EnC  გადაწყვეტილებით.

(3) ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის N714/2009 (EC) რეგულაცია ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ქსელზე დაშვების პირობების შესახებ, როგორც მიღებულია მინისტრთა საბჭოს 2011 წლის 6 ოქტომბრის N2011/02/MC-EnC  გადაწყვეტილებით.

(4)ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის რეგულაცია (EC) N715/2009 ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელზე დაშვების პირობების შესახებ, კომისიის 2010 წლის 10 ნოემბრის 2010/685/EU გადაწყვეტილებით განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, როგორც მიღებულია მინისტრთა საბჭოს 2011 წლის 6 ოქტომბრის N 2011/02/MC-EnC  გადაწყვეტილებით.

(5)ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 18 იანვრის 2005/89/EC დირექტივა ელექტროენერგიის მიწოდებისა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ, როგორც მიღებულია მინისტრთა საბჭოს 2007 წლის 18 დეკემბრის N 2007/06/MC-EnC  გადაწყვეტილებით.

(6)ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 26 აპრილის 2004/67/EC დირექტივა ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ, როგორც მიღებულია მინისტრთა საბჭოს 2007 წლის 18 დეკემბრის N 2007/06/MC-EnC  გადაწყვეტილებით.

 

დანართი II გარემოს შესახებ კანონმდებლობის იმპლემენტაციის განრიგი

1. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლისას უნდა მოახდინოს ზოგიერთი საჯარო და კერძო პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ  85/337/EEC საბჭოს დირექტივის, როგორც შეცვლილია 1997 წლის 3 მარტის 97/11/EC საბჭოს დირექტივითა და 2003 წლის 26 მაისის 2003/35/EC ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივით, იმპლემენტაცია. 

2. თითოეულმა ხელშემკვრელმა უნდა მოახდინოს ზოგიერთ თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის შემცირების შესახებ  1999 წლის 26 აპრილის 1999/32/EC დირექტივის იმპლემენტაცია, რომელსაც 2011 წლის 31 დეკემბრისთვის ცვლილებები შეაქვს 93/12/EEC დირექტივაში.

3. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა მოახდინოს წვის დიდი ქარხნების მიერ  ზოგიერთი დამაბინძურებელის ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების შეზღუდვის შესახებ 2001/80/EC დირექტივის იმპლემენტაცია 2017 წლის 31 დეკემბრისთვის.

4. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა მოახდინოს გარეული ფრინველების დაცვის შესახებ საბჭოს 1979 წლის 2 აპრილის 79/409/EC დირექტივის მე-4 მუხლის (2) პუნქტის  იმპლემენტაცია ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლისას. 

 

 

დანართი III ევროპის თანამეგობრობის კონკურენციის წესები

 

ევროპის თანამეგობრობის ხელშეკრულების 81-ე მუხლი

1. შემდეგი აკრძალული უნდა იქნეს, როგორც საერთო ბაზართან შეუსაბამო: საწარმოებს შორის არსებული ყველა შეთანხმება, საწარმოთა ასოციაციების გადაწყვეტილებები და შეთანხმებული პრაქტიკა, რომელსაც შეუძლია წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობაზე ზეგავლენის მოხდენა და რომელთა მიზანია საერთო ბაზარზე კონკურენციის აკრძალვა, შეზღუდვა ან დამახინჯება, განსაკუთრებით ისეთი ქმედებები, რომლებიც ეხება: 

(ა) პირდაპირ ან არაპირდაპირ   შესყიდვის ან გაყიდვის უსამართლო ფასებს ან სხვა უსამართლო სავაჭრო პირობების დაწესებას;

(ბ) პროდუქციის, ბაზრების  ტექნიკური განვითარების ან ინვესტიციების შეზღუდვას ან კონტროლს;

(გ) ბაზრების ან მიწოდების წყაროების გაზიარებას;

(დ) ვაჭრობის პროცესში მონაწილე სხვა მხარეებთან განხორციელებულ  ეკვივალენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული პირობების გამოყენებას, მათთვის კონკურენტულად არახელსაყრელი პირობების შექმნით;

(ე) ხელშეკრულებების დადებას, რომლებიც ექვემდებარება დამატებითი ვალდებულებების მქონე სხვა მხარეების მხრიდან აქცეპტს, რომელთაც თავიანთი ბუნებიდან  ან კომერციული გამოყენებიდან გამომდინარე არანაირი კავშირი არა აქვთ ასეთი ხელშეკრულებების საგანთან.

2. ამ მუხლის თანახმად აკრძალული ნებისმიერი ხელშეკრულება ან გადაწყვეტილება ავტომატურად ბათილია.

3. პირველი პუნქტის დებულებები, შესაძლებელია გამოცხადებულ იქნეს გამოუყენებლად:

- საწარმოებს შორის ნებისმიერი შეთანხმების ან  შეთანხმებების ერთობლიობის შემთხვევაში,

- საწარმოთა ასოციაციების ნებისმიერი გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილებების ერთობლიობის შემთხვევაში,

- ნებისმიერი შეთანხმებული პრაქტიკის ან შეთანხმებული პრაქტიკის ერთობლიობის შემთხვევაში,

რაც ხელს უწყობს საქონლის წარმოების ან განაწილების გაუმჯობესებას ან ტექნიკური ან ეკონომიკური პროგრესის წახალისებას, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს არსებულ სარგებელში გააჩნდეთ სამართლიანი წილი და რაც არ:

(ა) უწესებს შესაბამის საწარმოებს  შეზღუდვებს, რაც განუყოფელია ამ შედეგების მიღწევისაგან;

(ბ) აძლევს საშუალებას საწარმოებს, აღმოფხვრან კონკურენცია პროდუქტების დიდ ნაწილთან დაკავშირებით.

 

ევროპის თანამეგობრობის ხელშეკრულების 81-ე მუხლი

ერთი ან მეტი საწარმოს მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება საერთო ბაზარზე ან მის არსებით ნაწილში, უნდა აიკრძალოს, როგორც საერთო ბაზრისათვის შეუსაბამო, იმდენად, რამდენადაც მას შეუძლია იმოქმედოს წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობაზე.

ასეთი ბოროტად გამოყენება განსაკუთრებით უნდა მოიცავდეს:

(ა) შესყიდვის ან გაყიდვის უსამართლო ფასების ან სხვა უსამართლო სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ  დაწესებას;

(ბ) პროდუქციის, ბაზრების ან ტექნიკური განვითარების შეზღუდვას, მომხმარებელთათვის ზიანის მიყენების საფუძველზე;

(გ) ვაჭრობის პროცესში მონაწილე სხვა მხარეებთან განხორციელებულ  ეკვივალენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული პირობების გამოყენებას, მათთვის კონკურენტულად არახელსაყრელი პირობების შექმნით;

(დ) ხელშეკრულებების დადებას, რომლებიც ექვემდებარება დამატებითი ვალდებულებების მქონე სხვა მხარეების მხრიდან აქცეპტს, რომელთაც თავიანთი ბუნებიდან  ან კომერციული გამოყენებიდან გამომდინარე არანაირი კავშირი არა აქვთ ასეთი ხელშეკრულებების საგანთან.

 

ევროპის თანამეგობრობის ხელშეკრულების 86-ე მუხლის (1) და (2) პუნქტები

1. საჯარო საწარმოებისა და იმ საწარმოების შემთხვევაში, რომელთაც წევრი სახელმწიფოები ანიჭებენ სპეციალურ ან ექსკლუზიურ უფლებებს, წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა აამოქმედონ და  ძალაში არ უნდა დატოვონ ზომები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ წესებს, განსაკუთრებით იმ ზომებს, რომლებიც მოცემულია მე-12 მუხლსა და 81 89-ე მუხლებში.

2. საწარმოები, რომელთაც მინდობილი აქვთ ზოგადი ეკონომიკური ინტერესის მქონე მომსახურებების განხორციელება ან გააჩნიათ შემოსავლის მიღების მონოპოლიის ხასიათი, უნდა დაექვემდებარონ ამ ხელშეკრულებაში მოცემულ წესებს, განსაკუთრებით წესებს კონკურენციის შესახებ, იმდენად, რამდენადაც ამ წესების გამოყენება სამართლებრივად ან ფაქტობრივად არ შეაფერხებს მათდამი დაკისრებული მოვალეობების განხორციელებას.

ვაჭრობის განვითარებაზე ისეთი ზეგავლენა არ უნდა მოხდეს, რომელიც ეწინააღმდეგება თანამეგობრობის ინტერესებს. 

 

 

ევროპის თანამეგობრობის ხელშეკრულების 87-ე მუხლი

1. თუ ხელშეკრულებით სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული, წევრი სახელმწიფოებისათვის გამოყოფილი ან  ნებისმიერი სახით სახელმწიფო რესურსებიდან მიღებული ნებისმიერი დახმარება, რომელიც ამახინჯებს ან საფრთხეს უქმნის კონკურენციას რომელიმე საწარმოსათვის ან რომელიმე საქონლის წარმოებისათვის უპირატესობის მინიჭების გზით, რამდენადაც ის მოქმედებს წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობაზე, მიჩნეული უნდა იქნეს საერთო ბაზრისათვის შეუსაბამოდ.

2. შემდეგი მიჩნეული უნდა იქნეს საერთო ბაზრისათვის შესაბამისად:

(ა) დახმარება, რომელსაც გააჩნია სოციალური ხასიათი, გაცემულია ინდივიდუალურ მომხმარებლებზე, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი დახმარება გაცემულია შესაბამისი პროდუქტის წარმომავლობის დისკრიმინაციის გარეშე;

(ბ) დახმარება, რომელიც გაცემულია სტიქიური უბედურებით ან გამონაკლისი შემთხვევებით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად;

(გ) დახმარება, რომელიც გაცემულია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ეკონომიკის შესაბამისი სფეროებისათვის, რომლებზეც იმოქმედა გერმანიის გაყოფამ, იმდენად, რამდენადაც დახმარება მოითხოვება გაყოფით გამოწვეული ეკონომიკურად არახელსაყრელი მდგომარეობის კომპენსირების მიზნით.

3. შემდეგი მიჩნეული უნდა იქნეს საერთო ბაზრისათვის შესაბამისად:

(ა) დახმარება, რომელიც გაცემულია იმ ადგილების ეკონომიკური განვითარების წასახალისებლად, სადაც ცხოვრების დონე არანორმალურად დაბალია ან სადაც ნახევრად უმუშევრობაა;

(ბ) დახმარება, რომელიც გაცემულია ევროპის საერთო ინტერესებში შემავალი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების წასახალისებლად ან წევრი სახელმწიფოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარღვევის გამოსასწორებლად;

(გ) დახმარება, რომელიც გაცემულია გარკვეული ეკონომიკური საქმიანობის ან გარკვეული ეკონომიკური არეალის განვითარების გასამარტივებლად, როდესაც ასეთი დახმარება საწინააღმდეგოდ არ მოქმედებს სავაჭრო პირობებზე, იმგვარად, რაც ეწინააღმდეგება საერთო ინტერესს; 

(დ) დახმარება, რომელიც გაცემულია კულტურისა და მემკვიდრეობის კონსერვაციის მიზნით, როდესაც ასეთი დამარება არ ზემოქმედებს სავაჭრო პირობებზე და თანამეგობრობაში კონკურენციაზე იმგვარად, რაც ეწინააღმდეგება საერთო ინტერესს;

(ე) დახმარების სხვა კატეგორიები, რომლებიც შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს კომისიის შეთავაზების მიღების შემდეგ კვალიფიციური უმრავლესობით. 

 

ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან მოლდოვას შეერთების შესახებ ოქმი

ერთო მხრივ, ენერგეტიკული გაერთიანება, ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების საფუძველზე,

და, მეორე მხრივ, მოლდოვას რესპუბლიკა,

ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მოლდოვას რესპუბლიკის მიერთების მოლაპარაკებების გათვალისწინებით,

ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებასთან  მოლდოვას რესპუბლიკის მიერთების დამტკიცების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს 2009 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების (შემდგომში „გადაწყვეტილება 2009/03/MC-EnC“), მხედველობაში მიღებით,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

მუხლი 1

1. მოლდოვას რესპუბლიკა უერთდება ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებას, როგორც ხელშემკვრელი მხარე ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებასთან  მოლდოვას რესპუბლიკის მიერთების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს 2009 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების (შემდგომში „გადაწყვეტილება 2009/03/MC-EnC“) პირობებით, როგორც გათვალისწინებულია ამ ოქმით.

2. თუ ამ ოქმით სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული, მიერთების თარიღისთვის, მოლდოვას რესპუბლიკა უფლებამოსილია, ჰქონდეს ყველა უფლება, რომლიც მინიჭებული აქვთ ხელშემკვრელ მხარეებს და მასზე უნდა გავრცელდეს ხელშეკრულებით, ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ მისი გამოყენებით მიღებული ყველა გადაწყვეტილებითა და საპროცესო აქტით ხელშემკვრელ მხარეებზე დაკისრებული ყველა ვალდებულება.

მუხლი 2

1. ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების II კართან და მასთან დაკავშირებულ დანართებთან შესაბამისობის მიზნით, გაერთიანების კანონმდებლობის მოლდოვას რესპუბლიკის მიერ იმპლემენტაციის განრიგი შემდეგნაირადაა განსაზღვრული:

 

ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების შესახებ 2003/55/EC დირექტივა

2009 წლის 31 დეკემბრისთვის

ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელებზე დაშვების პირობების შესახებ 1775/2005 რეგულაცია

2010 წლის 31 დეკემბრისთვის

ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ 2004/67/EC დირექტივა

2010 წლის 31 დეკემბრისთვის

ელექტროენერგიის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების შესახებ 2003/54/EC დირექტივა

2009 წლის 31 დეკემბრისთვის

ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ქსელზე დაშვების პირობების შესახებ 1228/2003 რეგულაცია

2010 წლის 31 დეკემბრისთვის

ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ქსელზე დაშვების პირობების შესახებ 1228/2003 რეგულაციის დანართში  ცვლილების შეტანის შესახებ კომისიის 2006/770/EC გადაწყვეტილება

2010 წლის 31 დეკემბრისთვის

ელექტროენერგიის მიწოდებისა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ 2005/89/EC დირექტივა

2010 წლის 31 დეკემბრისთვის

ზოგიერთი სახელმწიფო და კერძო პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ  85/337/EEC დირექტივა, როგორც შეცვლილია 97/11/EC დირექტივითა და 2003/35/EC დირექტივით

2010 წლის 31 დეკემბრისთვის

ზოგიერთ თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის შემცირების შესახებ  1999/32/EC დირექტივა

2014 წლის 31 დეკემბრისთვის

წვის დიდი ქარხნებიდან ატმოსფერულ ჰაერში ზოგიერთი დამაბინძურებლის გაფრქვევების შეზღუდვის შესახებ 2001/80/EC დირექტივა

2017 წლის 31 დეკემბრისთვის

გარეული ფრინველების დაცვის შესახებ 79/409/EC დირექტივის მე-4 მუხლის (2) პუნქტი

2010 წლის დეკემბრისთვის

შიდა ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის წახალისების შესახებ  2001/77/EEC დირექტივის იმპლემენტაციის გეგმა

2010 წლის 31 დეკემბრისთვის

ტრანსპორტის სფეროში ბიოსაწვავისა და სხვა განახლებადი საწვავის ხელშეწყობის შესახებ  2003/30/EC დირექტივის იმპლემენტაციის გეგმა

2010 წლის 31 დეკემბრისთვის

 

2. მოლდოვას რესპუბლიკამ უნდა უზრუნველყოს, რომ 2003/54/EC და 2003/55/EC დირექტივების მნიშვნელობით კვალიფიციური მომხმარებელი:

2013 წლის 1 იანვრიდან იყოს ყველა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი; და

2015 წლის პირველი იანვრიდან იყოს ყველა მომხმარებელი.

3. ხელშეკრულების მე-19 მუხლში არსებული მითითება „ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან  6 თვის შემდეგ“ გაგებული უნდა იქნეს  „მოლდოვას რესპუბლიკის მიერთების თარიღიდან ექვსი თვის შემდეგ“ მნიშვნელობით.

ხელშეკრულების 22-ე მუხლში არსებული მითითება „სიის მიღებიდან ერთი  წლის განმავლობაში“ გაგებული უნდა იქნეს „მოლდოვას მიერთების თარიღიდან ერთი წლის განმავლობაში“ მნიშვნელობით.

ხელშეკრულების 29-ე მუხლში არსებული მითითება, „ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში“ გაგებულ უნდა იქნეს  „მოლდოვას რესპუბლიკის მიერთების თარიღიდან ერთი წლის განმავლობაში“ მნიშვნელობით.

4. მოლდოვას რესპუბლიკაზე ხელშეკრულების მე-15 მუხლის მოქმედება გავრცელდება  მოლდოვას რესპუბლიკის მიერთების თარიღიდან 1 წლის შემდეგ

მუხლი 3

1. ენერგეტიკული გაერთიანების ბიუჯეტში მოლდოვას რესპუბლიკისა და სხვა წევრების საწევრო შენატანი უნდა აისახოს ხელშეკრულების 73-ე მუხლის შესაბამისად მიღებულ საპროცესო აქტში. გამოსაყენებელი მეთოდოლოგია უნდა დაეფუძნოს მშპ-სთან და მთლიან პირველადი ენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებულ პროპორციულ გაანგარიშებას.

2. მოლდოვას რესპუბლიკის პირველი საწევრო შენატანი განხორციელებული უნდა იქნეს შეერთების შემდგომ პირველ სრულ საბიუჯეტო წელს. 

მუხლი 4

1. ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს მიერ ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მოლდოვას რესპუბლიკის მიერთების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოლდოვამ უნდა დაიწყოს შიდა პროცედურები, რომელიც მოთხოვნილია მისი ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მიერთების ძალაში შესასვლელად.

2. ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მიერთება ძალაში შევა პირველი პუნქტით განსაზღვრული პროცედურების დასრულებიდან მეორე თვის პირველ დღეს.

შესრულებულია ვენაში, 2010 წლის 27 მარტს.

ენერგეტიკული გაერთიანების სახელით                         მოლდოვას რესპუბლიკის სახელით

 

 

 

ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან უკრაინის შეერთების შესახებ ოქმი

 

ერთო მხრივ, ენერგეტიკული გაერთიანება, ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების საფუძველზე,

და, მეორე მხრივ, უკრაინა,

ენერგეტიკულ გაერთიანებასთან უკრაინის მიერთების მოლაპარაკებების გათვალისწინებით

ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებასთან  უკრაინის შეერთების დამტკიცების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს 2009 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების (შემდგომში „გადაწყვეტილება 2009/04/MC-EnC“) მხედველობაში მიღებით,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

1. უკრაინა უერთდება ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებას, როგორც ხელშემკვრელი მხარე ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებასთან  უკრაინის შეერთების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს 2009 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების (შემდგომში „გადაწყვეტილება 2009/04/MC-EnC“) პირობებით, როგორც გათვალისწინებულია ამ ოქმით.

2. თუ ამ ოქმით სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული, მიერთების თარიღისთვის, უკრაინა უფლებამოსილია, ჰქონდეს ყველა უფლება, რომლიც მინიჭებული აქვთ ხელშემკვრელ მხარეებს და მასზე უნდა გავრცელდეს  ხელშეკრულებით, ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ მისი გამოყენებით მიღებული ყველა გადაწყვეტილებითა და საპროცესო აქტით ხელშემკვრელ მხარეებზე დაკისრებული ყველა ვალდებულება.

მუხლი 2

1. ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების II კართან და მასთან დაკავშირებულ დანართებთან შესაბამისობის მიზნით, გაერთიანების კანონმდებლობის იმპლემენტაციის განრიგი შემდეგნაირადაა განსაზღვრული:

 

ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების შესახებ 2003/55/EC დირექტივა

2012 წლის 1 იანვრისთვის

ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელებზე დაშვების პირობების შესახებ 1775/2005 რეგულაცია

2012 წლის 1 იანვრისთვის

ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ 2004/67/EC დირექტივა

2012 წლის 1 იანვრისთვის

 

ელექტროენერგიის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების შესახებ 2003/54/EC დირექტივა

2012 წლის 1 იანვრისთვის

ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ქსელზე დაშვების პირობების შესახებ 1228/2003 რეგულაცია

2012 წლის 1 იანვრისთვის

ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ქსელზე დაშვების პირობების შესახებ 1228/2003 რეგულაციის დანართში  ცვლილების შეტანის შესახებ კომისიის 2006/770/EC გადაწყვეტილება

 2012 წლის 1 იანვრისთვის

ელექტროენერგიის მიწოდებისა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ 2005/89/EC დირექტივა

2012 წლის 1 იანვრისთვის

ზოგიერთი სახელმწიფო და კერძო პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ  85/337/EEC დირექტივა, როგორც შეცვლილია 97/11/EC დირექტივითა და 2003/35/EC დირექტივით

2013 წლის 1 იანვრისთვის

ზოგიერთ თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის შემცირების შესახებ  1999/32/EC დირექტივა

2012 წლის 1 იანვრისთვის

წვის დიდი ქარხნებიდან ატმოსფერულ ჰაერში ზოგიერთი დამაბინძურებლის გაფრქვევების შეზღუდვის შესახებ 2001/80/EC დირექტივა

2018 წლის 1 იანვრისთვის

გარეული ფრინველების დაცვის შესახებ 79/409/EC დირექტივის მე-4 მუხლის (2) პუნქტი

2015 წლის 1 იანვრისთვის

შიდა ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის წახალისების შესახებ  2001/77/EEC დირექტივის იმპლემენტაციის გეგმა

2011 წლის 1 ივლისისთვის

ტრანსპორტის სფეროში ბიოსაწვავისა და სხვა განახლებადი საწვავის ხელშეწყობის შესახებ  2003/30/EC დირექტივის იმპლემენტაციის გეგმა

2011 წლის 1 ივლისისთვის

 

2. უკრაინამ უნდა უზრუნველყოს, რომ 2003/54/EC და 2003/55/EC დირექტივების მნიშვნელობით კვალიფიციური მომხმარებელი:

2012 წლის 1 იანვრიდან იყოს ყველა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი; და

2015 წლის პირველი იანვრიდან იყოს ყველა მომხმარებელი.

3. ხელშეკრულების მე-19 მუხლში არსებული მითითება „ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან  6 თვის შემდეგ“ გაგებული უნდა იქნეს  „უკრაინის მიერთების თარიღიდან ექვსი თვის შემდეგ“ მნიშვნელობით.

ხელშეკრულების 22-ე მუხლში არსებული მითითება „სიის მიღებიდან ერთი  წლის განმავლობაში“ გაგებულ უნდა იქნეს „უკრაინის შეერთების თარიღიდან ერთი წლის განმავლობაში“ მნიშვნელობით.

ხელშეკრულების 29-ე მუხლში არსებული მითითება, „ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში“ გაგებული უნდა იქნეს „უკრაინის
შეერთების თარიღიდან ერთი წლის განმავლობაში“ მნიშვნელობით.

4. უკრაინაზე ხელშეკრულების მე-15 მუხლის მოქმედება გავრცელდება  უკრაინის მიერთების თარიღიდან 2 წლის შემდეგ.

მუხლი 3

1. ენერგეტიკული გაერთიანების ბიუჯეტში უკრაინისა და სხვა საწევრო შენატანი უნდა აისახოს ხელშეკრულების 73-ე მუხლის შესაბამისად მიღებულ საპროცესო აქტში. გამოსაყენებელი მეთოდოლოგია უნდა დაეფუძნოს მშპ-სთან და მთლიან პირველადი ენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებულ პროპორციულ გაანგარიშებას.

2. უკრაინის პირველი შენატანი განხორციელებული უნდა იქნეს მიერთების შემდგომ პირველ სრულ საბიუჯეტო წელს. 

მუხლი 4

1. ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს მიერ ენერგეტიკულ გაერთიანებასთან უკრაინის მიერთების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უკრაინამ უნდა დაიწყოს შიდა პროცედურები, რომელიც მოთხოვნილია მისი ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მიერთების ძალაში შესასვლელად.

2. ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მიერთება ძალაში შევა პირველი პუნქტით განსაზღვრული პროცედურების დასრულებიდან მეორე თვის პირველ დღეს.

 

შესრულებულია სკოპიეში, 2010 წლის 24 სექტემბერს.

 

ენერგეტიკული გაერთიანების სახელით                                              უკრაინის სახელით

 

 

 

ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმი

 

ერთი მხრივ, „ენერგეტიკული გაერთიანება“, „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების“ (შემდგომში ხელშეკრულება) თანახმად,

 და, მეორე მხრივ, საქართველო,

ითვალისწინებენ რა, „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ საქართველოს გაწევრიანების თაობაზე გამართული მოლაპარაკებების შედეგებს,

ითვალისწინებენ რა, „ენერგეტიკული გაერთიანების“ მინისტრთა საბჭოს 2016 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილებას საქართველოს „ენერგეტიკულ გაერთიანებაში” გაწევრიანების თაობაზე თანხმობის შესახებ (გადაწყვეტილება 2016/18/MC-EnC),

ითვალისწინებენ რა, რომ საქართველო არ არის პირდაპირ დაკავშირებული რომელიმე ხელშემკვრელი მხარისა ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის ენერგეტიკულ ქსელთან, და რომ საჭიროა სპეციფიკური მიდგომების განსაზღვრა ბუნებრივი გაზის მთავარ გადამცემ  ინფრასტრუქტურასთან მიმართებაში, რომელიც ძირითადად გამოიყენება საქართველოს გავლით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის,

ითვალისწინებენ რა, რომ საქართველო 2007 წელს გახდა „ენერგეტიკული გაერთიანების“ დამკვირვებელი, ბუნებრივი გაზის გადამცემი ინფრასტრუქტურის მართვის პირობებზე მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

მუხლი 1

1. საქართველო უერთდება „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებას“, როგორც ხელშემკვრელი მხარე იმ პირობებისა და წესების გათვალისწინებით, რომელიც ასახულია  წინამდებარე ოქმში.

2. თუ სხვაგვარად არ იქნება განსაზღვრული ოქმში, მიერთების თარიღისთვის, საქართველო ისარგებლებს ხელშემკვრელი მხარისათვის მოქმედი ყველა უფლებით და დაეკისრება ყველა ვალდებულება, რომელსაც ითვალისწინებს ხელშემკვრელი მხარეებისთვის  ხელშეკრულება და ხელშეკრულების იმპლემენტაციის მიზნით მინისტრთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და პროცედურული აქტები მისი ძალაში შესვლის დღიდან.

მუხლი 2

1. „ენერგეტიკული გაერთიანების“ დამფუძნებელი ხელშეკრულების II კარსა და მასთან დაკავშირებულ დანართებთან თანხვედრაში მოყვანის მიზნით, „ენერგეტიკული გაერთიანების“ კანონმდებლობის (acquis communautaire) იმპლემენტაციის ვადებზე განრიგი განისაზღვრება შემდეგნაირად:

 

დირექტივა N2009/73/EC ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების დაწესების შესახებ, რომლითაც გაუქმდა დირექტივა N2003/55/ EC

2020 წლის 31 დეკემბრისთვის

რეგულაცია (EC) N715/2009 ბუნებრივი  გაზის გადამცემ ქსელებზე დაშვების პირობების შესახებ, რომლითაც გაუქმდა რეგულაცია (EC) N1775/2005

2020 წლის 31 დეკემბრისთვის

დირექტივა N2004/67/EC ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ

2020 წლის 31 დეკემბრისთვის

დირექტივა N2009/72/EC ელექტროენერგიის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების შესახებ, რომლითაც გაუქმდა დირექტივა N2003/54/ EC

2018 წლის 31 დეკემბრისთვის

რეგულაცია N714/2009 (EC) ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გაცვლის სისტემებზე დაშვების პირობების შესახებ, რომლითაც გაუქმდა რეგულაცია (EC) N1228/2003

2018 წლის 31 დეკემბრისთვის

დირექტივა N2005/89/EC ელექტროენერგიის მიწოდებისა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ

2019 წლის 31 დეკემბრისთვის

დირექტივა N85/337/EEC ზოგიერთი სახელმწიფო და კერძო პროექტების გარემოზე ზეგავლენის შეფასების შესახებ,  რომელშიც ცვლილებები შეტანილია 97/11/EC და 2003/35/EC დირექტივებით

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეზღუდვის გარეშე, აღნიშნული დირექტივა სრულად შესრულდება 2017 წლის 1 სექტემბრისათვის

დირექტივა N1999/32/EC ზოგიერთ თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის შემცირების შესახებ

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეზღუდვის გარეშე, აღნიშნული დირექტივა სრულად შესრულდება 2021 წლის 1 სექტემბრისათვის

დირექტივა 2001/80/EC წვის დიდი ქარხნებიდან ზოგიერთი დამაბინძურებლის ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების შეზღუდვის შესახებ

2018 წლის 31 დეკემბრისთვის

სამრეწველო ემისიების შესახებ (დაბინძურების ინტეგრირებული პრევენცია და კონტროლი) დირექტივა N2010/75/EU-ის თავი III, დანართი V და მუხლი 72(3)-(4)  - ახალი სადგურებისთვის

2018 წლის 1 სექტემბრისათვის

სამრეწველო ემისიების შესახებ (დაბინძურების ინტეგრირებული პრევენცია და კონტროლი) დირექტივა N2010/75/EU-ის თავი III, დანართი V და მუხლი 72(3)-(4)  - არსებული სადგურებისთვის

2026 წლის 1 სექტემბრისთვის

დირექტივა N79/409/EC, მუხლი 4(2), გარეული ფრინველების დაცვის შესახებ

2019 წლის 1 სექტემბრისთვის

დირექტივა N2009/28/EC განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის შესახებ, რომლითაც ცვლილებები შევიდა და მოგვიანებით გაუქმდა დირექტივა N2001/77/ EC და დირექტივა N2003/30/ EC

2018 წლის 31 დეკემბრისთვის

 დირექტივა N2012/27/EU ენერგოეფექტურობის შესახებ, რომელსაც  ცვლილებები შეაქვს N2009/125/EC და N2010/30/EU დირექტივებში და აუქმებს დირექტივებს N2004/8/EC და N2006/32/EC

2018 წლის 31 დეკემბრისთვის

დირექტივა N2010/30/EU ენერგომოხმარების პროდუქტების მიერ ენერგიისა და სხვა წყაროების მოხმარების მითითების შესახებ ეტიკეტირებისა და პროდუქციის შესახებ სხვა სტანდარტული ინფორმაციის განთავსების გზით (შესწორებული)

2018 წლის 31 დეკემბრისთვის

დირექტივა N2010/31/EU შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ (შესწორებული)

2019 წლის 30 ივნისისთვის

დირექტივა 2009/119/EC წევრ ქვეყნებზე ნედლი ნავთობისა და/ან ნავთობპროდუქტების მინიმალური სარეზერვო მარაგების უზრუნველყოფის ვალდებულების შესახებ

2023 წლის 1 იანვრამდე

დირექტივა 2008/92/EC სამრეწველო სფეროში საბოლოო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის ფასების გამჭვირვალობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით „გაერთიანების“ პროცედურის შესახებ (შესწორებული)

2017 წლის 31 დეკემბრისთვის

რეგულაცია (EC) No 1099/2008 ენერგეტიკული სტატისტიკის შესახებ

2017 წლის 31 დეკემბრისთვის

 

2. ევროკომისიის 2009/72/EC დირექტივისა და 2009/73/EC დირექტივის შესაბამისად, საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ უფლებამოსილი მომხმარებლები გახდნენ:

  • [31 დეკემბერი 2018] წლიდან, ყველა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი; და

  • [31 დეკემბერი 2019] წლიდან, ყველა მომხმარებელი.

3. ხელშეკრულების მე-19 მუხლში, მითითება „ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან [მეექვსე თვეს]“ ნიშნავს „საქართველოს გაწევრიანების თარიღიდან [ერთ წელიწადში].“ ხელშეკრულების 22-ე მუხლში, მითითება „სიის  დამტკიცებიდან [ერთ წელიწადში]“ ნიშნავს  „საქართველოს გაწევრიანების თარიღიდან [ერთ წელიწადში]“. ხელშეკრულების 29-ე მუხლში, მითითება „ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან [ერთ წელიწადში]“ ნიშნავს „საქართველოს გაწევრიანების თარიღიდან [ერთ წელიწადში]“.

4. ხელშეკრულების მე-15 მუხლის შესრულება საქართველოსთვის სავალდებულოა საქართველოს გაწევრიანების თარიღიდან [ერთ წელიწადში].

5. სამხრეთ კავკასიის მილსადენი9 და ჩრდილოეთ-სამხრეთის10 მაგისტრალური მილსადენი გათავისუფლებულია ევროკომისიის 2009/73/EC დირექტივისა და (EC) No 715/2009 რეგულაციის მოთხოვნების შესრულებისაგან 2026 წლის 31 აგვისტომდე, „ენერგეტიკული გაერთიანების“ ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

6. გაწევრიანების შესახებ წინამდებარე ოქმი არ გავრცელდება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მთავრობათაშორის შეთანხმებაზე, რომელიც ეხება სამხრეთ კავკასიის მილსადენის სისტემის მეშვეობით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებსა და მის ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და ვაჭრობის საქმიანობებს.

7. ამ ოქმის 2(5) და 2(6) მუხლების შესრულებასთან დაკავშირებით, დადასტურებულია, რომ საქართველო გათავისუფლებულია ხელშეკრულების გავრცელებისგან ბუნებრივი გაზის საზღვართშორისი ტრანსპორტირების (ტრანზიტის)  სამართლებრივი და/ან მარეგულირებელი რეჟიმის და/ან ვადებისა და პირობების განსაზღვრის საკითხში, აგრეთვე, სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის მეშვეობით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიების ფარგლებს გარეთ, ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის დადებული მთავრობათაშორისი შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით გაფორმებული არსებული ხელშეკრულებების ვადებსა და პირობებთან მიმართებაში.

8. „ენერგეტიკული გაერთიანების“ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გახანგრძლივების შემთხვევაში, მე-5 პუნქტში მითითებული ვადის ამოწურვის შემდგომ, მოცემული მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში მითითებული დებულებები დაექვემდებარება გადახედვას.

მუხლი 3

1. „ენერგეტიკული გაერთიანების“ ბიუჯეტში საქართველოსა და სხვა ხელშემკვრელი მხარეების საწევრო შენატანი განისაზღვრება პროცედურების შესახებ აქტით, რომელიც მიიღება ხელშეკრულების 73-ე მუხლის მიხედვით. გამოყენებული მეთოდოლოგია დაეფუძნება პროპორციულ განაწილებას, რომელიც გამოითვლება მთლიანი შიდა პროდუქტისა (GDP) და მთლიანი პირველადი ენერგიის მიწოდების ცვლადების გამოყენებით.

2. საქართველოს მხრიდან პირველი საწევრო შენატანის გადახდა განხორციელდება გაწევრიანებიდან პირველ საბიუჯეტო წელს.

მუხლი 4

1. გაწევრიანების ძალაში შესვლისთვის საჭირო შიდა პროცედურებს საქართველო დაიწყებს „ენერგეტიკული გაერთიანების“ დამაარსებელ ხელშეკრულებაზე საქართველოს მიერთების შესახებ „ენერგეტიკული გაერთიანების“ მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილების მიღების შემდგომ. 

2. „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ საქართველოს გაწევრიანება ძალაში შედის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პროცედურების დასრულებიდან მეორე თვის პირველ დღეს. შეტყობინება ეგზავნება ევროკავშირის საბჭოს გენერალურ მდივანს, რომელიც იქნება ოქმის დეპოზიტარი.

       შესრულებულია სარაევოში, 14 ოქტომბერი, 2016

 

 

     ენერგეტიკული გაერთიანების სახელით                               საქართველოს სახელით

 

 

 

დანართი

ოქმის შესრულების შესახებ ერთობლივი განცხადება

1. ხელშემკვრელ მხარეს ან ევროკავშირის წევრ ქვეყანას შორის ენერგორესურსებით საზღვართშორისი ვაჭრობის შესახებ ოქმით გათვალისწინებული „ენერგეტიკული გაერთიანების“  კანონმდებლობის (acquis communautaire) 2(1) და 2(2) მუხლებში, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის ფაქტი, რომ საქართველო არ არის პირდაპირ დაკავშირებული რომელიმე ხელშემკვრელი მხარის ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის ენერგეტიკულ ქსელთან. საქართველო დაიწყებს მოცემული წესებისა და პრინციპების ამოქმედებას ნემისმიერი ხელშემკვრელი მხარისა ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიმართ მას შემდეგ, რაც იგი ფიზიკურად დაუკავშირდება რომელიმე ხელშემკვრელი მხარის ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის ენერგეტიკულ ქსელს. იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც არ არიან „ენერგეტიკული გაერთიანების“ ხელშემკვრელი მხარე ან ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვაჭრობასთან დაკავშირებული წესები და პრინციპები დარჩება ეროვნული კანონმდებლობის კომპეტენციის საგანი.

2. ხელშეკრულების II კარში IV თავის (კონკურენციის შესახებ კანონმდებლობა) დებულებების ამოქმედებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ საქართველო ამჟამად არის იზოლირებული ბაზარი, რომელსაც არ გააჩნია პირდაპირი ურთიერთდამაკავშირებელი ქსელები „ენერგეტიკული გაერთიანების“ რომელიმე მხარის ენერგეტიკულ ქსელთან. საქართველო ხელს შეუწყობს და გამოიყენებს ამ დებულებებს, როდესაც ხელშემკვრელ მხარეებს შორის ვაჭრობაზე მოახდენს გავლენას.

3. 2018 წლის 31 დეკემბრისათვის ელექტროენერგიის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების შესახებ 2009/72/EC დირექტივისა და 2019 წლის 31 დეკემბრისათვის ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ზომებისა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელების შესახებ 2005/89/EC დირექტივის შესრულების მიზნით, გათვალისწინებულ იქნება ტესტირებისათვის და შესაბამისი ქმედითი დებულებებისა  და ბაზრის ინსტრუმენტების დანერგვისთვის საჭირო დამატებითი  ერთწლიანი  პერიოდი.

4. ელექტროენერგიის განაწილების ტარიფების განსაზღვრის მიზნით, საქართველომ შესაძლოა გააგრძელოს ინვესტორებთან აღებული ვალდებულებების შესრულება, რომელთან დაკავშირებით ხელშეკრულებები გაფორმდა წინამდებარე ოქმის ხელმოწერამდე. „ენერგეტიკული გაერთიანების“ ხელშეკრულებასთან მოცემული ვალდებულებების პოტენციური შეუთავსებლობების აღმოფხვრის მიზნით საქართველო სამდივნოსთან ერთად ჩაერთვება საკითხის განხილვაში, არაუგვიანეს 2(1) და 2(2) მუხლების ამოქმედებისა.

5. განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების ხელშეწყობის შესახებ 2009/28/EC დირექტივის იმპლემენტაცია და, შესაძლებლობების ფარგლებში,  საქართველოსთვის 2020 წლისთვის განახლებადი ენერგიის სამიზნე დონე განისაზღვრება „ენერგეტიკული გაერთიანების“ სამდივნოს კომპეტენციის ფარგლებში წარმოებული შესაბამისი კვლევის დასრულების შემდეგ. 

6. მოცემულ 2001/80/EC, 2012/27/EU, 2009/28/EC, 2010/30,EU და 2010/31/EU დირექტივებთან მიმართებაში, მინისტრთა საბჭოს მიერ შემდეგი გადაწყვეტილებების 2015/08/MC-EnC, 2013/05/MC-EnC, 2012/04/MC-EnC, 2014/02/MC-EnC და 2010/02/MC-EnC საფუძველზე მიღებულ იქნა საყოველთაო იმპლემენტაციის ვადებისაგან განსხვავებული ვადები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს ექნება  ხელშემკვრელი მხარეების მსგავსად ადაპტირებული ვადები, რომელსაც დაემატება 12-თვიანი საშეღავათო პერიოდი. წინამდებარე ოქმის ხელმოწერიდან ერთ თვეში, აღნიშნულ დირექტივებთან მიმართებაში სამდივნო ცხრილის სახით გაწერს საქართველოსთვის სავალდებულო ვადებს.

 


1 ელექტროენერგიის შიდა ბაზრისთვის საერთო წესების შესახებ ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2003 წლის 26 ივნისის 2003/54/EC დირექტივა, ევროპის კავშირის 2003 წლის 15 ივლისის  ოფიციალური ჟურნალი n° L 176, გვ. 37-56; და ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრისთვის საერთო წესების შესახებ ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2003 წლის 26 ივნისის 2003/55/EC დირექტივა, ევროპის კავშირის 2003 წლის 15 ივლისის  ოფიციალური ჟურნალი n° L 176, გვ. 57-78.

2 ნავთობის სექტორის შესახებ ხელშეკრულების ზოგიერთი დებულებების იმპლემენტაციისა და ენერგეტიკული გაერთიანების ნავთობის ფორუმის შექმნის შესახებ 2008 წლის 1 დეკემბრის 2008/03/MC-EnC გადაწყვეტილების მუხლის თანახმად,

„1. ხელშეკრულება ვრცელდება ნავთობზე ამ მუხლით დადგენილი პირობებით.

2. „ქსელში გატარებული ენერგია“, როგორც აღნიშნულია ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ მოიცავს ნავთობის სექტორს, ანუ მიწოდებას, ვაჭრობას, ნედლი ნავთობის დამუშავებასა და გადაცემას და ნავთობპროდუქტებს, რომლებიც ხვდებიან 2006/67/EC დირექტივის მოქმედების სფეროში და დაკავშირებული ნავთობსადენები, მარაგი, გადამამუშავებელი ქარხნები და იმპორტის/ექსპორტის ობიექტები.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები არ ვრცელდება ხელშეკრულების 21-23-ე და 43-46-ე მუხლებზე.”

3 ცვლილება შეტანილია 2009/72/EC დირექტივის, 2009/73/EC დირექტივის, 714/2009 (EC) რეგულაციისა და 715/2009 (EC) რეგულაციის იმპლემენტაციის შესახებ მინისტრთა საბჭოს 2011 წლის 6 ოქტომბრის 2011/02/MC-EnC გადაწყვეტილებით და ცვლილება შედის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების მე-11 და 59-ე მუხლებში.

4 ცვლილება შეტანილია 2009/28/EC დირექტივის იმპლემენტაციის შესახებ მინისტრთა საბჭოს 2012 წლის 18 ოქტომბრის 2012/04/MC-EnC გადაწყვეტილების პირველი მუხლით და ცვლილება შედის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების მე-20 მუხლში.

5 ცვლილება შეტანილია მინისტრთა საბჭოს 2009 წლის 18 დეკემბრის 2009/02/MC-EnC გადაწყვეტილების პირველი მუხლით, რომლითაც შედის ცვლილება ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებაში მინისტრთა საბჭოს შეხვედრების სიხშირესთან დაკავშირებით.

6 ცვლილება შეტანილია 2009/72/EC დირექტივის, 2009/73/EC დირექტივის, 714/2009 (EC) რეგულაციისა და  715/2009 (EC) რეგულაციის იმპლემენტაციის შესახებ  მინისტრთა საბჭოს 2011 წლის 6 ოქტომბრის 2011/02/MC-EnC გადაწყვეტილებით და ცვლილება შედის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების მე-11 და 59-ე მუხლებში.

7 ურთიერთგაგების მემორანდუმი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში რეგიონული ენერგეტიკული ბაზრისა და ევროპის თანამეგობრობის შიდა ენერგეტიკულ ბაზარზე მისი ინტეგრაციის შესახებ, რომელიც ხელმოწერილია ათენში 2003 წლის 8 დეკემბერს.

8 ცვლილება შეტანილია 2009/72/EC დირექტივის, 2009/73/EC დირექტივის, No 714/2009  (EC) რეგულაციისა და 715/2009 (EC) რეგულაციის იმპლემენტაციისა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების მე-11 და 59-ე მუხლების ცვლილების შესახებ მინისტრთა საბჭოს 2011 წლის 6 ოქტომბრის 2011/02/MC-EnC გადაწყვეტილებით.

9 სამხრეთ კავკასიის მილსადენი ნიშნავს SCP პროექტს, რომელიც განისაზღვრება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მთავრობათაშორისი შეთანხმების მიხედვით.

10 ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური მილსადენი არის საქართველოს  მაგისტრალური გაზსადენის სისტემის ნაწილი, რომელიც მოიცავს 1200/1000 მმ დიამეტრის გაზსადენის ნაწილებს (როგორც შეიძლება იყოს აღდგენილი, შეკეთებული, შეცვლილი, განახლებული, გადაკეთებული და/ან გადაადგილებული), რომელიც პირველ რიგში განკუთვნილია რუსეთის ფედერაციიდან სომხეთის რესპუბლიკაში ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის.