ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის ხელშეკრულების მუხლები

ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის ხელშეკრულების მუხლები
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/04/1956
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 12/02/2007
ძალაში შესვლის თარიღი 10/11/2006
სარეგისტრაციო კოდი 480480000.03.030.000635
-
16/04/1956
გაურკვეველი, -, 12/02/2007
480480000.03.030.000635
ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის ხელშეკრულების მუხლები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის

ხელშეკრულების მუხლები

 

2004 წლის ივნისის რედაქცია

 

მუხლი I

ბანკის დაარსება

არსდება ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი (შემდგომში “ბანკი“).

ბანკი დაკავშირებულია ევროპის საბჭოსთან და იმართება მისი უზენაესი ხელისუფლებით.

მუხლი II 1

მიზანი

ა. ბანკის უმთავრესი მიზანია ევროპული ქვეყნების დახმარება სოციალური პრობლემების გადაჭრაში, რომლებიც გამოწვეულია ან შეიძლება გამოწვეულ იქნეს ლტოლვილთა გაადადგილების ან მოსახლეობის სხვაგვარი იძულებითი გადაადგილების შედეგად ლტოლვილების, გადაადგილებული პირების ან მიგრანტების არსებობით, აგრეთვე სტიქიური უბედურებების ან ეკოლოგიური კატასტროფების მსხვერპლთა არსებობით.

საინვესტიციო პროექტები, რომლებსაც ბანკი აფინანსებს, შეიძლება მიზნად ისახავდეს ასეთი ხალხის დახმარებას იმ ქვეყანაში, რომლშიც ისინი აღმოჩნდნენ, ან მისცეს მათ შესაძლებლობა, დაბრუნდნენ თავიანთ წარმოშობის ქვეყნებში, თუ დაბრუნებისთვის პირობები შესრულებულია, ან, საჭიროების შემთხვევაში, დაბინავდნენ სხვა მიმღებ ქვეყანაში. პროექტები უნდა დამტკიცდეს ბანკის წევრის მიერ.

ბ. ბანკს შეუძლია ასევე დააფინანსოს სხვა საინვესტიციო პროექტების განხორციელება, რომლებიც დამტკიცებულია ბანკის წევრის მიერ და რომლებიც ხელს შეუწყობს დაბალშემოსავლიან რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნას, ხალხის დაბალშემოსავლიანი ჯგუფებისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას ან სოციალური ინფრასტრუქტურის შექმნას.

მუხლი III

ბანკის წევრობა

ა. ევროპის საბჭოს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს შეუძლია გახდეს ბანკის წევრი გენერალური მდივანისთვის განცხადების გაგზავნით. ეს განცხადება უნდა შეიცავდეს შესაბამისი სახელმწიფოს მთავრობის მიერ ამ ხელშეკრულების მუხლების აღიარებას და ამ მთავრობის მიერ დირექტორთა საბჭოსთან შეთანხმებული რაოდენობის მონაწილეობის სერთიფიკატების გამოწერას, ხელშეკრულების IX მუხლის მე-3 ნაწილის 1-ლი პუნქტის „ა“ აბზაცის შესაბამისად.

ბ. ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც არ არის ევროპის საბჭოს წევრი, შეუძლია:

i. გახდეს ბანკის წევრი იმ განსაკუთრებული პირობების შესაბამისად, რომლებსაც დააწესებს ბანკი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, IX მუხლის მე-3 ნაწილის 1-ლი პუნქტის „ბ“ აბზაცის დებულებების შესაბამისად. სახელმწიფო, რომლის მიმართაც მიღებულია ასეთი გადაწყვეტილება გაწევრიანების შესახებ, შეძლებს გახდეს ბანკის წევრი ევროპის საბჭოს გენერალური მდივანისთვის იმის დამადასტურებელი დოკუმენტის შესანახად ჩაბარებით, რომ აღიარებს ამ ხელშეკრულების მუხლებს, გამოიწერს დირექტორთა საბჭოსთან შეთანხმებული რაოდენობის მონაწილეობის სერტიფიკატებს, მიღებული აქვს საჭირო ზომები ხელშეკრულების მუხლებიდან გამომდინარე ყველა ვალდებულების შესასრულებლად და აკმაყოფილებს დირექტორთა საბჭოს მიერ დადგენილ გაწევრიანების მოთხოვნებს.

ii. ან დადოს ბანკთან თანამშრომლობის შეთანხმება იმ განსაკუთრებული პირობების შესაბამისად, რომლებიც შეიძლება დააწესოს ბანკმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

გ. დირექტორთა საბჭოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთაც ევროპული მიმართულება აქვთ, შეუძლიათ ასევე გახდნენ ბანკის წევრები ან დადონ მასთან თანამშრომლობის შეთანხმება.

დ. ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ბანკის წევრი გახდება, თავის განცხადებაში ან ხელშეკრულების მუხლების აღიარების შესახებ დოკუმენტში დაადასტურებს თავის მზადყოფნას:

i. პირველი შესაძლებლობისთანავე ხელი მოაწეროს ევროპის საბჭოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტის შესახებ გენერალური შეთანხმების მესამე ოქმს;

ii. გაწევრიანების მოლოდინში, ოქმიდან გამომდინარე იურიდიული ღონისძიებები გავრცელდეს ბანკის საკუთრებაზე, აქტივებსა და ოპერაციებზე და ბანკის ორგანოებს და თანამშრომლებს მიენიჭოს ოქმიდან გამომდინარე იურიდიული სტატუსი.

მუხლი IV

წევრთა ვალდებულებები

ნაწილი 1 - მონაწილეობის სერთიფიკატები

ბანკი გამოუწერს თავის წევრებს მონაწილეობის სერთიფიკატებს, რომლებიც გამოხატულია ევროებში (EUR). ყველა სერთიფიკატს ექნება ერთნაირი ნომინალური ღირებულება 1,000 ევროს ოდენობით. წევრები თავიანთ შენატანებს გადაიხდიან ევროებში.

ნაწილი 2 - მონაწილეობის სერთიფიკატების განაწილება და გადახდა

ა. ამ ხელშეკრულების მუხლების თანდართული ცხრილი ადგენს ბანკის თითოეული წევრისათვის გამოწერილი მონაწილეობის სერთიფიკატების პროცენტულ განაწილებას.

ბ. ბანკის ახალი წევრების მონაწიელობის სერთიფიკატების რაოდენობა განისაზღვრება ბანკის დირექტორთა საბჭოსთან შეთანხმებით, ამ ხელშეკრულების IX მუხლის მე-3 ნაწილის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ აბზაცების შესაბამისად.

გ. გამოწერილი მონაწილეობის სერთიფიკატების გადასახდელი მინიმალური პროცენტული რაოდენობა და შესაბამისი გადახდების თარიღები განისაზღვრება დირექტორთა საბჭოს მიერ.

დ. ბანკის კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში დირექტორთა საბჭო დაადგენს, ყველა წევრისათვის ერთნაირი პირობებით, გადასახდელ პროცენტს და სათანადო გადასახდელ თარიღებს.

ნაწილი 3 - ვალდებულების შეზღუდვა

არც ერთი წევრი არ იქნება ვალდებული მესამე მხარის მიმართ ბანკისადმი არსებული რაიმე ვალდებულების გამო.

მუხლი V

სესხის აღების ოპერაციები და კონტრიბუციები

თავისი მიზნებიდან გამომდინარე, ბანკს შეუძლია აიღოს სესხები. მას შეუძლია ასევე აწარმოოს ნებისმიერი სხვა ფინანსური ტრანზაქცია, რომელიც დაეხმარება თავისი მიზნების განხორციელებაში, ადმინისტრაციული საბჭოს მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად.

ბანკს შეუძლია მიიღოს კონტრიბუციები, შეთავაზებები სპეციფიკური მიზნებისთვის, თუ ისინი ეთანხმება ბანკის დადგენილ მიზნებს.

მუხლი VI

ინვესტიციები

ბანკის ლიკვიდური აქტივები, კაპიტალი და რეზერვები შეიძლება ჩაიდოს ინვესტიციაში მყარი ფინანსური მენეჯმენტის პრინციპების შესაბამისად ადმინისტრაციული საბჭოს მიერ დადგენილი პირობებით.

მუხლი VII

ბანკის საქმიანობა

ნაწილი 1 - სესხები

ბანკი გასცემს შემდეგი სახის სესხებს:

ა. სესხები ბანკის წევრებზე;

ბ. სესხები, რომლებიც გაიცება ბანკის წევრის გარანტიით ნებისმიერ იურიდიულ პირზე, რომელსაც ეს წევრი მხარს დაუჭერს;

გ. სესხები ნებისმიერ იურიდიულ პირზე, რომელსაც ბანკის წევრი მხარს დაუჭერს, თუ ადმინისრაციული საბჭო გადაწყვეტს, რომ მოთხოვნილი სესხი შესაბამისი გარანტიითაა უზრუნველყოფილი.

ნაწილი 2 - გარანტიები

ადმინისტრაციული საბჭოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი პირობებით ბანკს შეუძლია გასცეს გარანტია ფინანსურ ორგანიზაციებზე, რომლებსაც მხარს დაუჭერს წევრი, სესხებისთვის, რომლებიც II მუხლში აღწერილი მიზნების განხორციელებისთვის იქნება გამოყენებული.

ნაწილი 3 - სატრასტო ანგარიში

ბანკს შეუძლია გახსნას და მართოს სატრასტო ანგარიშები თავისი წევრებისგან, ბანკისგან და ევრობის საბჭოსგან ნებაყოფლობითი კონტრიბუციების შენახვისათვის.

ნაწილი 4 - პროცენტის დაბრუნება

სესხებს შეიძლება ახლდეს პროცენტის მთლიანი ან ნაწილობრივი დაბრუნება.

ბანკის მიერ მიღებული მოგების ნაწილი და წევრების ნებაყოფლობითი კონტირბუციები გამოყენებული იქნება გარკვეული სესხებისთვის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებაზე ადმინისტრაციული საბჭოს მიერ დადგენილი პირობებით.

ნაწილი 5 - სესხების გაცემის პირობები - წარსადგენი ინფორმაცია

ადმინისტრაციული საბჭო დაადგენს სესხების გაცემის ზოგად პირობებს და განსაზღვრავს, თუ რა ინფორმაცია უნდა წარადგინოს მსესხებელმა თავის განაცხადთან ერთად.

ნაწილი 6 - ვალდებულებების შეუსრულებლობა

ბანკის ტრანსაზქციები 1-ლ ნაწილში მოხსენიებული წევრის ან იურიდიული პირის სასარგებლოდ შეჩერდება, თუ მსესხებელი ან გარანტორი არ განახორციელებს სესხებზე გადასახდელ გადასახადებს ან არ შეასრულებს ბანკის მიერ გაცემულ გარანტიებს.

მუხლი VIII

ბანკის ორგანიზება, ადმინისტრირება და ზედამხედველობა

ბანკის ორგანიზება, ადმინისტრირება და ზედამხედველობა განაწილებულია შემდეგ ორგანოებს შორის:

-  დირექტორთა საბჭო,

-  ადმინისტრაციული საბჭო,

-  დირექტორი,

-  აუდიტორიული საბჭო,

რომლებიც მომდევნო მუხლებითაა გათვალისწინებული.

მუხლი IX

დირექტორთა საბჭო

  ნაწილი 1

დირექტორთა საბჭო შედგება თავმჯდომარისაგან და თითოეული წევრის მიერ აღნიშნული თითო წარმომადგენლისაგან. ყოველ წევრს შეუძლია დანიშნოს შემცვლელი. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეიძლება მონაწილეობდეს ან წარმოდგენილი იყოს სხდომებზე.

ნაწილი 2

დირექტორთა საბჭო არის ბანკის უმაღლესი ორგანო; მას მინიჭებული აქვს ბანკთან დაკავშრებული ყველა უფლებამოსილება, გარდა იმ უფლებისა რომ შეცვალოს ხელშეკრულების II მუხლში მოცემული მიზნები.

ნაწილი 3

1. დირექტორთა საბჭო:

ა. ადგენს პირობებს, რომელთა მიხედვითაც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფო ხდება ბანკის წევრი;

ბ. უფლებებს აძლევს ევროპულ სახელმწიფოებს, რომლებიც არ არიან ევროპის საბჭოს წევრები, და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთაც აქვთ ევროპული მიმართულება, გახდნენ ბანკის წევრები, ადგენს ამ გაწევრიანების პირობებს და ასეთი წევრის მიერ გამოსაწერი მონაწილეობის სერთტიფიკატების რაოდენობას;

გ. ადგენს წევრებს შორის კაპიტალის განაწილებას, როგორც ეს ნაჩვენებია ამ ხელშეკრულების მუხლების თანდართულ ცხრილში;

დ. ზრდის ან ამცირებს გამოსაშვებად ნებადართულ სააქციონერო კაპიტალს და ადგენს ხელმოწერით გამოშვებული სააქციონერო კაპიტალის გადასახდელ პროპორციას და გადახდების თარიღს;

ე. უზრუნველყოფს ხელშეკრულების მუხლებში აღნიშნულ მიზნებთან შესაბამისობას;

ამტკიცებს ბანკის წლიურ ანგარიშს, ბიუჯეტს და სხვა ფინანსურ ანგარიშებს;

აყალიბებს ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ ზოგად პრინციპებს;

ვ. აჩერებს ან წყვეტს ბანკის ოპერაციებს და ლიკვიდაციის შემთხვევაში ანაწილებს მის აქტივებს;

ზ. აჩერებს წევრობას;

თ. შეაქვს ცვლილებები ამ ხელშეკრულების მუხლებში, მიზნების შეუცვლელად;

ი. ახდენს ამ ხელშეკრულების მუხლების ინტერპრეტირებას და ადგენს ხელშეკრულების მუხლების ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების საჭიროებას;

კ. უფლებას აძლევს, დაიდოს თანამშრომლობის შესახებ გენერალური ხელშეკრულებები სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ლ. ირჩევს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესა და ადმინისტრაციული საბჭოს თავმჯდომარეს;

მ. ნიშნავს დირექტორს და, საჭიროების შემთხვევაში, დირექტორის წარდგენით ერთ ან მეტ ვიცე-დირექტორს, რომელთაგან ერთ-ერთი შეცვლის დირექტორს მისი არყოფნის დროს, ათასვისუფლებს მათ თანამდებობიდან და იღებს მათ გადადგომას;

ნ. ნიშნავს აუდიტორული საბჭოს წევრებს;

ო. ნიშნავს გარე აუდიტს და ადგენს მისი კომპეტენციის სფეროს;

პ. აყალიბებს პროცედურულ წესებს;

ჟ. ახორციელებს სხვა ისეთ ვალდებულებებს, რომლებიც ამ ხელშეკრულების მუხლებით ეკისრება დირექტორთა საბჭოს.

2. დირექტორთა საბჭო თავის გადაწყვეტილებებს იღებს „დ“-„ვ“ აბზაცებში მოცემულ საკითხებზე - ადმინისტრაციული საბჭოს წინადადების საფუძველზე, ხოლო „გ“, „ნ“ და „ო“ აბზაცებში მოცემულ საკითხებზე - ადმინისტრაციული საბჭოს მოსმენის შემდეგ. ადმინისტრაციული საბჭო თავის მოსაზრებას გამოხატავს ფინანსური შედეგების მქონე ყველა სხვა გადაწყვეტილებაზე.

3. ყველა უფლებამოსილება, მე-3 ნაწილის 1-ლ პუნქტში გადმოცემული უფლებამოსილებების გარდა, დელეგირებულია ადმინისტრაციულ საბჭოზე.

ამ ხელშეკრულების მუხლებით ადმინისტრაციულ საბჭოზე დელეგირებული უფლებამოსილებები შეიძლება აღდგეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და გარკვეული ვადით.

4. დირექტორთა საბჭო იკრიბება წელიწადში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, მას შეუძლია გამართოს დამატებითი სხდომები.

5. საჭიროების შემთხვევაში, დირექტორთა საბჭოს შეუძლია მოიწვიოს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ან ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირი თავის შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად, ხმის უფლების გარეშე.

ა. დირექტორთა საბჭოს მიერ თავის სხდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხდომას ესწრება მის წევრთა წარმომადგენლების ორი მესამედი.

გადაწყვეტილებები მიიღება კენჭისყრის საფუძველზე. უმრავლესობის გამოსაანგარიშებლად ითვლება მხოლოდ მომხრე და წინააღმდეგი ხმები.

ბ. გადაწყვეტილებები აგრეთვე შეიძლება მიღებულ იქნას წერილობით სხდომებს შორის.

გ. ბანკის თითოეულ წევრს აქვს თითო ხმა მისი ყოველი მონაწილეობის სერთიფიკატისთვის.

დ. ნებისმიერი წევრი, რომელიც დროულად არ გადაიხდის კაპიტალის ნაწილს, გადაუხდელობის პერიოდში კარგავს გადაუხდელი სერთიფიკატების შესაბამისი ხმების უფლებას.

ე. გადაწყვეტილებები მიიღება წევრთა ხმების უმრავლესობით, მომხრედ ან წინააღმდეგ მიცემული ხმების ორი მესამედით.

ვ. წევრთა სამი მეოთხედი, რომლებიც ხმას აძლევენ მომხრედ ან წინააღმდეგ, და მიცემული ხმების სამი მეოთხედი საჭიროა შემდეგი გადაწყვეტილებებისათვის:

-  გადაწყვეტილება, რომელიც გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-3 ნაწილის მე-3 პუნქტით;

-  ამ ხელშეკრულების მუხლების თანდართულ განაწილების ცხრილში ცვლილებები, რომლებიც არ არის გამოწვეული ახალი წევრების მიღებით მე-3 ნაწილის 1-ლი პუნქტის „გ“ აბზაცის შესაბამისად.

ზ. მე-3 ნაწილის 1-ლი პუნქტის „ვ“ და „თ“ აბზაცებში მოხსენიებული გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იქნას ერთხმად.

ნაწილი 5

დირექტორთა საბჭო თავმჯდომარეს ირჩევს სამი წლის ვადით.

თავმჯდომარე, რომელსაც ვადა გაუვიდა, შეიძლება კვლავ არჩეულ იქნეს ახალი სამწლიანი ვადით. ბანკის ყოველ წევრს შეუძლია კანდიდატის წარდგენა.

თავმჯდომარე, დირექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, პასუხისმგებელია პოლიტიკურ ურთიერთობებზე სახელმწიფოების, ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალურ პირებთან.

თავმჯდომარე რეგულარულად აწვდის ინფორმაციას მინისტრთა კომიტეტს და საპარლამენტო ასამბლეას ბანკის საქმიანობაზე; მათ შორის, იგი მინისტრთა კომიტეტს წარუდგენს დირექტორის ანგარიშს და ევროპის საბჭოსთან ექნება ყველა სხვა აუცილებელი ურთიერთობა.

მუხლი X

ადმინისტრაციული საბჭო

ნაწილი 1

ადმინისტრაციულ საბჭოს დირექტორთა საბჭოსაგან დელეგირებული აქვს ყველა უფლებამოსილება IX მუხლის შესაბამისად.

ნაწილი 2

ა. ადმინისტრაციული საბჭო შედგება თავმჯდომარისგან, რომელსაც ნიშნავს დირექტორთა საბჭო სამი წლის ვადით, რომელიც შეიძლება მეორე სამწლიანი ვადით განახლდეს, და თითოეული წევრის მიერ დანიშნული თითო წარმომადგენლისაგან. ყოველ წევრს შეუძლია დანიშნოს შემცვლელი. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეიძლება მონაწილეობდეს ან წარმოდგენილი იყოს სხდომებზე.

ბ. ადმინისტრაციული საბჭო იკრიბება თავმჯდომარის მოწვევით ან მისი ხუთი წევრის მოთხოვნით, არანაკლებ წელიწადში ოთხჯერ.

გ. საჭროების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ საბჭოს შეუძლია მოიწვიოს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ან ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირი თავის შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად, ხმის უფლების გარეშე.

ნაწილი 3

ა. ადმინისტრაციული საბჭოს მიერ თავის სხდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხდომას ესწრება მის წევრთა წარმომადგენლების ორი მესამედი.

ბ. თითოეულ წევრს აქვს თითო ხმა მისი ყოველი მონაწილეობის სერთიფიკატისთვის.

გადაწყვეტილებები მიიღება ხმათა უმრავლესობით. უმრავლესობის გამოსაანგარიშებლად ითვლება მხოლოდ მომხრე და წინააღმდეგი ხმები.

გ. გადაწყვეტილებები აგრეთევე შეიძლება მიღებულ იქნას წერილობით სხდომებს შორის.

დ. ნებისმიერი წევრი, რომელიც დროულად არ გადაიხდის კაპიტალის ნაწილს, გადაუხდელობის პერიოდში კარგავს გადაუხდელი სერთიფიკატების შესაბამისი ხმის უფლებას.

ე. ამასთანავე, ადმინისტრაციული საბჭო თავისი წევრების, რომლებიც ხმას აძლევენ მომხრედ ან წინააღმდეგ, საერთო რაოდენობის უმრავლესობით და მიცემული ხმების უმრავლესობით იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს:

i) საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, რომლებმაც ვერ მოიპოვა აღმასრულებელ კომიტეტში ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ აბზაცით მოთხოვნილი ხმათა უმრავლესობა;

ii) დირექტორთა საბჭოსადმი მიმართული წინადადებები და მოსაზრებები IX მუხლის მე-3 ნაწილის 1-ლი პუნქტის „გ“, „დ“, „ვ“, „ნ“ და „ო“ აბზაცების შესაბამისად;

iii) ადმინისტრაციული საბჭოს პროცედურული წესების მიღება ან ცვლილება;

iv) აღმსარულებებლი კომიტეტის დაკომპლექტება;

ვ. გარდა ამისა, ადმინისტრაციული საბჭოს წევრების, რომლებიც ხმას აძლევენ მომხრედ ან წინააღმდეგ, უმრავლესობით ან მიცემული ხმების ორი მესამედით იღებს გადაწყვეტილებებს საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით, რომელთაც არ მიუღიათ ხელშეკრულების XIII მუხლის „გ“ აბზაცში მოხსენებული რეკომენდაცია მისაღებობის შესახებ.

ნაწილი 4

ადმინისტრაციულ საბჭოს ნებისმიერ დროს შეუძლია თავისი წევრებისაგან დააკომპლექტოს კომიტეტები და მოახდინოს ამ კომიტეტებზე ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების დელეგირება.

ნაწილი 5

თავისი პროცედურული წესების შესაბამისად ადმინისტრაციული საბჭო აქკომპლექტებს აღმსარულებელ კომიტეტს ადმინისტრაციული საბჭოს წევრებისაგან. ამ კომიტეტის შემადგენლობის დაკომპლექტებისას ადმინისტრაციულმა საბჭომ მხედველობაში უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ ბანკის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს აღმსარულებელ კომიტეტში მონაწილეობის შესაძლებლობა, ამავე დროს უნდა გაითვალისწინოს მონაწილეობის სერთიფიკატების რაოდენობა და დაბალანსებული გეოგრაფიული განაწილების მნიშვნელობა.

აღმასრულებელი კომიტეტი ვალდებულია:

i. ჩაატაროს სესხებისა და გარანტიების მოთხოვნების პირველადი შემოწმება და თუ საბჭოს წევრისაგან არ ყოფილა თხოვნა, რომ პროექტი განხილულ იქნეს საბჭოს მიერ, დაამტკიცოს მცირემასშტაბიანი პროექტები, რომლებშიც არაა დასმული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებული პრინციპული საკითხები, ადმინისტრაციული საბჭოს მიერ ამ მიზნით მიღებული მითითებების შესაბამისად. თუ პროექტი ვერ მოიპოვებს ქვემოთ აღნიშნულ ხმათა საჭირო უმრავლესობას, იგი გადაეცემა ადმინისტრაციულ საბჭოს;

ii. მოახდინოს ბანკის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების განხორციელების მონიტორინგი და მიიღოს ამასთან დაკავშირებით ნებისმიერი სათანადო გადაწყვეტილება;

iii. მოახდინოს ბანკის ფინანსური საქმიანობის, კერძოდ, მისი ფინანსური ტრანზაქციების, მონიტორინგი და განახორციელოს ამასთან დაკავშირებით ყველა საჭირო ღონისძიება;

iv. გამოხატოს თავისი მოსაზრება ადმინისტრაციული საბჭოს მიერ დასმულ ნებისმიერ სხვა საკითხზე;

v. გასწიოს დამხარება ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საბჭოს სხდომების ორგანიზებაში.

ბ. აღმასრულებელი კომიტეტი თავის გადაწყვეტილებებზე, საქმიანობასა და წინადადებებზე ანგარიშს წარუდგენს ადმინისტრაციული საბჭოს მის ყოველ სხდომაზე.

გ. ნებისმიერი წევრი, რომელიც არ არის წარმოდგენილი აღმასრულებელ კომიტეტში, თხოვნის საფუძველზე მონაწილეობას მიიღებს მისთვის საინტერესო დღის წესრიგის საკითხების განხილვაში.

დ. აღმასრულებელი კომიტეტი იკრიბება საჭიროების მიხედვით, არანაკლებ წელიწადში რვაჯერ.

ე. ადმინისტრაციული საბჭოს მითეთებებისა და დადგენილი ლიმიტების ფარგლებში აღმასრულებებლი კომიტეტი გადაწყვეტილებებს იღებს ორმაგი უმრავლესობით, ანუ თავისი წევრების სამი მეოთხედის უმრავლესობით და მიცემული ხმების უმრავლესობით. თუ ასეთი უმრავლესობა ვერ იქნა მიღწეული, მაშინ საკითხი განსახილველად დაუბრუნდება ადმინისტრაციულ საბჭოს.

მუხლი X I

დირექტორი

ნაწილი 1 - დირექტორის ფუნქციები

ა. დირექტორი ბანკის იურიდიული წარმომადგენელია. იგი არის ბანკის საოპერაციო მომსახურების ხელმძღვანელი და წარმართავს ყოველდღიურ საქმიანობას ადმინისტრაციული საბჭოს მითითებით. V და VII მუხლების შესაბამისად ის ვერ აიღებს რაიმე ფინანსურ ვალდებულებას ადმინისტრაციული საბჭოს თანხმობის გარეშე. ადმინისტრაციული საბჭოს ზოგადი ზედამხედველობით იგი პასუხისმგებელია საოპერაციო მომსახურების ორგანიზებაზე და ბანკის თანამშრომლების მიღება-გათავისუფლებაზე, ადმინისტრაციული საბჭოს მიერ მიღებული დებულებების ფარგლებში.

ბ. დირექტორს დახმარებას უწევს ერთი ან მეტი ვიცე-დირექტორი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეცვლის მას.

გ. თავიანთი მოვალეოებების შესრულებისას დირექტორი და თანამშრომლები სრულად უნდა ემსახურებოდნენ ბანკს და გამორიცხონ ნებისმიერი სხვა საქმიანობა.

თითოეული წევრი პატივს სცემს ბანკის დირექტორისა და თანამშრომლების ფუნქციების საერთაშორისო ხასიათს და არ შეეცდება ამ პირებზე ზეგავლენის მოხდენას.

დ. ევროპის საბჭოს დებულებები თანამშრომელთა შესახებ ბანკის თანამშრომელთა მიმართ გამოყენებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ საკითხი არ რეგულირედება ადმინისტრაციული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებით.

ნაწილი 2 - ადმისნიტრაციული საბჭოსადმი ანგარიშები

დირექტორი ადმინისტრაციულ საბჭოს წარუდგენს თავის მოსაზრებას ბანკისათვის გაცემული საინვესტიციო პროექტების ტექნიკური და ფინანსური ასპექტების თაობაზე.

დირექტორი რეგულარულად წარუდგენს ადმინისტრაციულ საბჭოს ანგარიშებს ბანკის პოზიციისა და შემოთავაზებული ტრანზაქციების შესახებ, აგრეთვე ნებისმიერ მოთხოვნილ ინფორმაციას.

დირექტორი შეიმუშავებს სრულ წლიურ ანგარიშს წლის განმავლობაში განხორციელებული ყველა ოპერაციის თაობაზე. ანგარიშს უნდა ერთოდეს ბანკის საბუღალტრო ბალანსი და საოპერაციო ანგარიშები, ამ დოკუმენტზე ადიტორიული საბჭოს ანგარიშთან ერთად.

ნაწილი 3 - დირექტორის დანიშვნა და მისი ანაზღაურება

დირექტორი და ვიცე-დირექტორები ინიშნებიან განახლებადი ხუთწლიანი ვადით. მათი ანაზღაურების თანხას ადგენს ადმინისტრაციული საბჭო.

მუხლი XII

აუდიტორული საბჭო

აუდიტორული საბჭო შედგება IX მუხლის მე-3 ნაწილის „ნ“ აბზაცის შესაბამისად დანიშნული სამი წევრისაგან, ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებში მათი კომპეტენციის საფუძველზე. ისინი მოქმედებენ სრულიად დამოუკიდებლად.

აუდიტორული საბჭო ამოწმებს ბანკის ანგარიშებს და აკონტროლებს საოპერაციო ანგარიშებს და საბუღალტრო ბალანსის სისწორეს.

თავის წლიურ ანგარიშში აუდიტორული საბჭო ადასტურებს, რომ საბუღალტრო ბალანსი და საოპერაციო ანგარიშები საბუღალტრო წიგნს შეესაბამება და იძლევა ბანკის მდგომარეობის სწორ და ზუსტ სურათს ყოველი ფინანსური მენეჯმენტის პრინციპების შესაბამისად.

საბჭო მიიღებს მისი საქმიანობისთვის საჭირო ნებისმიერი დოკუმენტის ასლს, მათ შორის, გარე და შიდა აუდიტორების ანგარიშებს. ბანკის ორგანოების მოთხოვნით საბჭო განახორციელებს ბანკის ფინანსური საქმიანობის ზედამხედველობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა საქმიანობას.

მუხლი XIII

ევროპის საბჭო

ა. ევროპის საბჭოსთან კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი და საპარლამენტო ასამლეა იღებენ რეგულარულ ინფორმაციას ბანკის საქმიანობის შესახებ. დირექტორთა საბჭო აფიქსირებს პოზიციას მისთვის გაგზავნილ მინისტრთა კომიტეტისა და საპარლამენტო ასამბლეის რეკომნდაციებთან და მოსაზრებებთან დაკავშირებით.

ბ. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეიძლება მონაწილეობდეს ან წარმოდგენილი იყოს დირექტორთა საბჭოს და ადმინისტრაციული საბჭოს სხდემებზე, ხმის უფლების გარეშე.

იგი ახორციელებს ამ ხელშეკრულების მუხლების ან ევროპული საბჭოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ გენერალური შეთანხმების მესამე ოქმის შესაბამისად მისთვის დაკისრებულ ნებისმიერ ვალდებულებას. ამასთან დაკავშირებით ის უზრუნველყოფს ბანკს შესაბამისი კადრებით.

იგი შეასრულებს ნებისმიერ სხვა მოვალეობას, რომელიც დაკისრებული აქვს ბანკის ორგანოების მიერ ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის ნაწილობრივი ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად.

გ. სესხების ან გარანტიების მოთხოვნები გადაეცემა ადმინისტრაციულ საბჭოს მას შემდეგ, რაც გენერალური მდივანისაგან მიიღებს რეკომენდაციას იმის შესახებ, თუ რამდენად მისაღებია აღნიშნული პროექტი ევროპის საბჭოს პოლიტიკურ და სოციალურ მიზნებთან შესაბამისობის გათვალისწინებით.

მუხლი XIV

სათაო ოფისები

ბანკის მთავარი ოფისი მდებარეობს სტრასბურგში, საფრანგეთში. საოპერაციო მომსახურების სათაო ოფისი მდებარეობს პარიზში, და მისი ადგილის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით და ადმინისტრაციული საბჭოს იმავე სახით ჩამოყალიბებული გადაწყვეტილებით.

მუხლი XV

ოპერაციების შეჩერება და ბანკის ლიკვიდაცია

ნაწილი 1 - წევრობიდან გასვლა

ნებისმიერ წევრს შეუძლია გავიდეს ბანკის წევრობიდან დირექტორთა საბჭოს მიერ დადგენილი პირობებით, რის შესახებაც იგი აგზავნის შეტყობინებას მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე ექვსი თვით ადრე.

ნაწილი 2 - ოპერაციების შეჩერება

თუ დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს საქმიანობის შეჩერებას, ბანკი შეწყვეტს ყველა სასესხო და საგარანტიო ოპერაციას.

ნაწილი 3 - ბანკის ლიკვიდაცია

თუ დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს ოპერაციების შეწყვეტას, ბანკი შეაჩერებს ყველა საქმიანობას, გარდა თავისი ვალდებულებების შესრულებისა და თავისი აქტივების რეალიზაციისა, კონსერვაციისა და პრეზერვაციისა.

მას შემდეგ, რაც ბანკის ყველა ვალდებულება, V მუხლის შესაბამისად მიღებული კონტრიბუციის განაწილებაზე უფლებების დაკმაყოფილების ჩათვლით, შესრულდება ან უზრუნველყოფილი იქნება, ბანკის წევრები შეიმუშავებენ აქტივების განაწილების გეგმას, რომელიც დაეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

ა. ბანკის ერთი წევრი, რომლის მიმართაც ბანკს აქვს დაუკმაყოფილებებლი მოთხოვნა, ვერ მიიღებს მონაწილეობას გეგმის თანახმად განაწილებაში, სანამ თავის მდგომარეობას არ გამოასწორებს;

ბ. პრიორიტეტი მიენიჭება ბანკის წმინდა აქტივების გამოყენებას წევრებისათვის IV მუხლის შესაბამიად გაკეთებული შენატანების დასაბრუნებლად, გადახდილი სერთიფიკატების რაოდენობის პროპორციულად.

ბანკის წმინდა აქტივების ნებისმიერი ნამატი ამგვარად განაწილებული წილების საერთო თანხაზე გადანაწილდება ბანკის ყველა წევრზე, თითოეული მათგანის გამოწერილი მონაწილეობის სერთიფიკატების რაოდენობის პროპორციულად;

გ. წმინდა ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში, ისინი გადანწილდება ბანკის წევრებზე თითოეული მათგანის გამოწერილი მონაწილეობის სერთიფიკატების რაოდენობის პროპორციულად. ყოველი წევრი ვალდებულია გადაუხადოს ბანკს თავისი წილი, გადახდილი სერთიფიკატების გამოკლებით და გამოწერილი სერთიფიკატების მაქსიმუმამდე.

მუხლი XVI

ამ ხელშეკრულების მუხლების ინტერპრეტაცია

ადმინისტრაციული საბჭოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება ამ ხელშეკრულების მუხლების ინტერპრეტაციას, შეიძლება გაეგზავნოს დირექტორთა საბჭოს ნებისმიერი წევრის მოთხოვნით. სანამ დირექტორთა საბჭო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ბანკს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ იმოქმედოს ადმინისტრაციული საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

მუხლი XVII

შეტყობინებები

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეატყობინებს ბანკის წევრებს და დირექტორს:

ა. ნებისმიერი განცხადების ან ამ ხელშეკრულების მუხლების აღიარების შესახებ დოკუმენტის შესანახად ჩაბარების თაობაზე;

ბ. ნებისმიერი დოკუმენტის თაობაზე, რომლითაც ცვლილება შედის ამ ხელშეკრულების მუხლებში.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი გაუგზავნის ხელშეკრულების მუხლების დამოწმებულ ასლს ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს და ბანკის ყველა სხვა წევრს.

დანართი

ხელშეკრულების მუხლების თანდართული ცხრილი, რომელიც ასახავს წევრ ქვეყნებს

შორის გამოწერილი მონაწილეობის სერთიფიკატების პროცენტულ განაწილებას

(გათვალისწინებულია ცვლილებები, გამოწვეული ახალი წევრების მიღებით:

ბულგარეთი (28.05.94), სლოვენია (1.02.94), ლიტვა (8.01.96), რუმინეთი (5.03.96),

ხორვატია (24.06.97), მაკედონია (15.12.97), უნგრეთი (10.03.98), ესტონეთი

(1.04.98), მოლდოვეთი (4.05.98), პოლონეთი (17.08.98), ლატვია (14.09.98),

სლოვაკეთი (22.12.98), ჩეხეთი (12.02.99), ალბანეთი (24.06.99), ბოსნია და

ჰერცოგოვინა (18.12.03), ირლანდია (23.04.04), სერბეთი და მონტენეგრო (30.11.04) )

წევრი ქვეყნები

%

წევრი ქვეყნები

%

ალბანეთი

0.244

მალტა

0.185

ბელგია

2.995

მოლდოვეთი

0.100

ბოსნია და ჰერცოგოვინა

0.177

ჰოლანდია

3.623

ბულგარეთი

1.138

ნორვეგია

1.272

ხორვატია

0.390

პოლონეთი

2.338

კვიპროსი

0.362

პორტუგალია

2.536

ჩეხეთი

0.784

რუმინეთი

1.092

დანია

1.634

სან-მარინო

0.089

ესტონეთი

0.232

სერბეთი და მონტენეგრო

0.346

ფინეთი

1.272

სლოვაკეთი

0.224

საფრანგეთი

16.690

სლოვენია

10.885

გერმანია

16.690

ესპანეთი

0.471

ვატიკანი

0.002

შვედეთი

2.536

უნგრეთი

0.816

შვეიცარია

1.634

ისლანდია

0.185

მაკედონია

0.232

ირლანდია

0.880

თურქეთი

7.077

იტალია

16.690

 

 

ლატვია

0.233

 

 

ლიხტენშტეინი

0.089

 

 

ლიტვა

0.229

 

 

ლუქსემბურგი

0.633

 

 

 

 

 

 

 

 

ჯამი:

100.0

 



ამ მუხლის ტექსტი მიღებულ იქნა მინისტრთა კომიტეტის 496-ე სხდომაზე მინისტრთა მოადგილეების (93) 22 დადგენილებით.