„2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე

„2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1181-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010100000.09.001.016413
1181-IIს
30/06/2017
ვებგვერდი, 14/07/2017
010100000.09.001.016413
„2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

„2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესწავლას. ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი წყარო სწორედ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ყოველწლიური ანგარიშია. აღნიშნული პროცესის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება.

2012 წლის შემდეგ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში დაიწყო სრულიად ახალი ერა, როდესაც ადამიანის ღირსება, თითოეული ინდივიდი სახელმწიფოს ზრუნვის საგანია. გაუმჯობესდა არა მხოლოდ პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები, არამედ სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებები, აგრეთვე უფლებათა ე.წ. „მესამე თაობა“. თუმცა, უმძიმესი მემკვიდრეობის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 24 ივნისის №5602-IIს დადგენილებით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების საპარლამენტო კონტროლის განხორციელების ფარგლებში მოამზადა შესაბამისი დასკვნა და მიიჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ გაცემული 203 რეკომენდაციიდან:

ა) 110 რეკომენდაცია შესრულებულია;

ბ) 36 რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული;  

გ) 46 რეკომენდაცია შესრულების პროცესშია;

დ) 11 რეკომენდაცია შესრულებული არ არის.

აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს მიაჩნია, რომ აღნიშნული რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულებულია, და დადებითად აფასებს ამ კუთხით შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების ძალისხმევას.

„2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებათა ფართო სპექტრს მიმოიხილავს. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიში საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2017 წლის 11, 12 აპრილისა და 2 მაისის სხდომებზე მოისმინა. ამ ანგარიშის საფუძვლიანმა ანალიზმა გამოააშკარავა როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯები, ისე გარკვეული გამოწვევები.

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენისა და რეკომენდაციების შესრულების საპარლამენტო კონტროლის განხორციელების პროცედურების საკანონმდებლო დონეზე განმტკიცება, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ, ანგარიშის თანახმად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას არ გამოვლენილა ისეთი დარღვევები, რომლებსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა კენჭისყრის საბოლოო შედეგებზე. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 2016 წელს მშვიდობიანი შეკრების უფლება არ დარღვეულა.

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საანგარიშო პერიოდში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის შემცირებას, დროებითი მოთავსების იზოლატორებში განხორციელებულ საქმიანობას, კერძოდ, დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ინსტრუქციის დამტკიცებას, რომელიც შეესაბამება წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტებს, აგრეთვე იზოლატორებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას.

ანგარიშში დადებითად ფასდება სამართალდამცავ სტრუქტურებში მისაღები პირებისა და თანამშრომლებისთვის სავალდებულო სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების არსებობა, რომლებშიც გათვალისწინებულია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები.

დადებითად ფასდება აგრეთვე საანგარიშო პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიდეოჩანაწერების შენახვის მინიმალური ვადის განსაზღვრა, იზოლატორებში შემოსული საჩივრების განხილვის 5-დღიანი ვადის დაწესება, აგრეთვე იზოლატორში მოთავსებული პირის მიერ კონფიდენციალური საჩივრით მიმართვის მიზნით მისი კონვერტით უზრუნველყოფის საკითხის ნორმატიულ დონეზე მოწესრიგება.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ იქნა პოზიტიური ცვლილება, რომლითაც ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 90 დღიდან 15 დღემდე შემცირდა.

ანგარიშში დადებითად ფასდება საანგარიშო პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის მიზნით საჯარო განცხადებების ბრალდებულთა საიდენტიფიკაციო მონაცემების გარეშე გავრცელება.

აღსანიშნავია, რომ, ანგარიშის თანახმად, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების შესაზღუდავად საქართველოს პარლამენტმა გაამკაცრა პასუხისმგებლობა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფისთვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებით აიკრძალა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა (1571 მუხლი).

ანგარიშში დადებითად ფასდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრაქტიკა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დასაქმების, სწავლებისა და სამშვიდობო მისიების განხორციელების პროცესებში გენდერული მეინსტრიმინგის განხორციელებას. თვალსაჩინოა ქალთა მონაწილეობის კუთხით არსებული პროგრესიც.

დადებითად ფასდება აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სისტემაში არსებული ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტების) გაუქმება.

ანგარიშში დადებითად ფასდება საანგარიშო პერიოდში საკანონმდებლო სივრცის დახვეწისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება, რომელთა მიზანია ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, აგრეთვე ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთის და თავიდან აცილების გარანტიების შექმნა.

დადებითად ფასდება აგრეთვე ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახის – შინაპატიმრობის შემოღება და ამ სასჯელის არასრულწლოვნის საზოგადოებისგან იზოლირების გარეშე, ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით  აღსრულება. 

ანგარიშის თანახმად, მისასალმებელია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მომზადებული და საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში ახალი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების − გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შექმნას ითვალისწინებს და რომლითაც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება, მსჯავრდებულს მისი წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული სასჯელის საშეღავათო პერიოდის მოხდის შემდეგ, დარჩენილი სასჯელი უფრო მსუბუქი სასჯელით – შინაპატიმრობით შეუცვალოს.

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს 2016 წელს 2015 წელთან შედარებით პატიმრის დეესკალაციის ოთახში მოთავსების ხანგრძლივობის შემცირებას, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში ცვლილების შეტანას, რომლითაც პატიმრის დეესკალაციის ოთახში მოთავსების მაქსიმალურ ვადად 72 საათი განისაზღვრა.

სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციურ დაწესებულებაში − ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში სკანერების დამონტაჟებას და დაწესებულების დებულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანას, რომლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პირადი სრული შემოწმება სკანერის გამოყენებით გაიაროს.

ანგარიშის თანახმად, მისასალმებელია აგრეთვე 2016 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები.

ანგარიშის მიხედვით, არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის მოქმედებს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის მექანიზმი, რომელიც 2017 წლის 31 დეკემბრამდე ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში დაინერგება.

ანგარიშში დადებითად ფასდება პენიტენციური ჯანდაცვის ორგანიზების კუთხით გადადგმული ნაბიჯები, კერძოდ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების დამტკიცება, სტამბოლის ოქმის შესაბამისად საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცება, აგრეთვე სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ხარისხის მართვის სისტემის ნორმატიულ დონეზე განსაზღვრა.

ანგარიშის თანახმად, მისასალმებელია სამოქალაქო ჯანდაცვის სისტემაში მოქმედი სტანდარტების პენიტენციური ჯანდაცვის სისტემაში იმპლემენტაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები.

ანგარიშში დადებითად ფასდება სუიციდის პრევენციის პროგრამის ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ამოქმედება.

დადებითად ფასდება აგრეთვე ის, რომ 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ ბრალდებულთა მიერ ხანმოკლე პაემნის, მიმოწერის და სატელეფონო საუბრის უფლებების განსახორციელებლად გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს ნებართვის მიღება საჭირო არ არის.

სახალხო დამცველი მიესალმება პატიმართა უფლებების, აგრეთვე მოთხოვნის/საჩივრის შეტანის უფლების და განხილვის პროცედურის შესახებ პატიმართა ინფორმირების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს, ასევე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სისტემური მონიტორინგის სამმართველოს მიერ ჩატარებული მონიტორინგის რაოდენობის გაზრდას.

სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია საქართველოს პარლამენტის მიერ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის №5366-IIს კანონის მიღება, მით უფრო, რომ მის მიღებამდე ქვეყანაში არ მოქმედებდა ერთიანი ნორმატიული აქტი, რომელიც მოაწესრიგებდა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ბენეფიციართა უფლებრივ მდგომარეობას და განსაზღვრავდა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობისა და განვითარების სამართლებრივ საფუძვლებს.

ანგარიშში დადებითად ფასდება 2016 წელს სახელმწიფოს მიერ ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით განხორციელებული ცვლილებები, აგრეთვე ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში სახელმწიფო ენის სწავლებისთვის, ინტეგრაციის ხელშესაწყობად და ეროვნული უმცირესობების თვითიდენტიფიკაციის შესანარჩუნებლად სხვადასხვა პროგრამის განხორციელება.

დადებითად ფასდება აგრეთვე საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წლის 27 მაისის №5146-IIს დადგენილებით „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის“ დამტკიცება, რომელიც მოიცავს ქვეყანაში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და მიზნებს.

სახალხო დამცველს წინ გადადგმულ ნაბიჯად მიაჩნია 2016 წელს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის და განსახლების კუთხით განხორციელებული ღონისძიებები. 2016 წელი დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ყველაზე მასშტაბური პროცესით გამოირჩეოდა. ანგარიშში დადებითად ფასდება ის, რომ განსახლების პროცესში პრიორიტეტი იმ დევნილ ოჯახებს ენიჭებოდათ, რომლებიც ნგრევად და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ, მათთვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებლებში ცხოვრობდნენ.

სახალხო დამცველი მიესალმება შიდა ქართლის გამყოფი ხაზის 57 სოფლიდან 23-ისთვის მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მინიჭებას, რაც გააუმჯობესებს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. მნიშვნელოვანია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ზოგადი და უმაღლესი განათლების კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები.

ანგარიშში მნიშვნელოვნად არის მიჩნეული ეკომიგრანტების მონაცემთა ბაზის შექმნა, რისთვისაც გარკვეული ღონისძიებების განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ეკომიგრანტთა სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფაა. საანგარიშო პერიოდში ეკომიგრანტებისთვის 93 სახლის შესყიდვა დადებით ტენდენციად, ხოლო 2017 წლის განმავლობაში დაგეგმილი 90 სახლის შესყიდვა − დიდ მიღწევად უნდა ჩაითვალოს.

სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას, რომელიც 2016 წლის 31 მაისიდან ამოქმედდა.

ანგარიშში დადებითად ფასდება საქართველოს პარლამენტის მიერ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის №42-Iს კანონის მიღება, რომელიც არსებითად შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს. ახალი კანონი დაუახლოვდა „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციას და მის მსგავსად განსაზღვრა საერთაშორისო დაცვის დამშვები, გამომრიცხავი და სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები.

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით აღიარებულ კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების საკითხის დარეგულირების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე“ 2016 წლის 9 მარტის №419 განკარგულების მიღებას, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს ეთხოვა განსაზღვრული უძრავი ქონების კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებისთვის სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემის და მათთან სათანადო ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა.

თუმცა მიღწევების კვალდაკვალ არსებობს გამოწვევები. აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი იზიარებს საქართველოს სახალხო დამცველის შესაბამის რეკომენდაციებს და ადგენს:

1. საქართველოს მთავრობამ:

ა) უზრუნველყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ კონვენციის იმპლემენტაციის და შესაბამისი კოორდინაციის ეფექტიანი მექანიზმის შექმნა;

ბ) დააწესოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ შესაბამისი სტატისტიკის წარმოების ვალდებულება;

გ) სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტით გაითვალისწინოს შესაბამისი სახსრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საჭიროებების დაკმაყოფილების და არსებული პროგრამების ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნით;

დ) უზრუნველყოს სახელმწიფო პოლიტიკის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონების უფლებათა დაცვისა და გაძლიერების საჭიროებებზე ორიენტირება;

ე) უზრუნველყოს პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტითა და 2015–2020 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დროული და ეფექტიანი იმპლემენტაცია;

ვ) ხელი შეუწყოს აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე გენდერული მეინსტრიმინგის განხორციელებას;

ზ) ხელი შეუწყოს სამთავრობო უწყებების მიერ გენდერული თანასწორობის საკითხებზე შიდა ინსტიტუციური პოლიტიკის დოკუმენტების (სტრატეგია, სამოქმედო გეგმა, კონცეფცია) შექმნასა და განხორციელებას;

თ) განაახლოს ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესებისკენ მიმართულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა და უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიების შექმნა;

ი) განსაზღვროს მრავალშვილიანი მშობლის ცნება და  განახორციელოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების ინიციირება;

კ) უზრუნველყოს პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევების შესახებ სრულყოფილი, დეტალური სტატისტიკის წარმოებისა და ანალიზის განხორციელება, მათ შორის, ქალთა მკვლელობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის შემთხვევების შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და შესაბამის შემთხვევასთან დაკავშირებული საჭირო მონაცემების გაანალიზება;

ლ) შეიმუშაოს შრომითი საქმიანობის განხორციელებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ან მისი გარდაცვალების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების მარეგულირებელი ნორმები;

მ) შესაბამისი კვლევის საფუძველზე განსაზღვროს სამართლიანი მინიმალური ხელფასის ოდენობა, აგრეთვე მისი ყოველწლიური გადახედვის მექანიზმი;

ნ) განსაზღვროს როგორც საათობრივი, ისე ყოველთვიური მინიმალური ხელფასი არასრული განაკვეთის სამუშაო ადგილების შემცირების თავიდან ასაცილებლად;

ო) განახორციელოს დასაქმებულთა შესახებ გენდერული ნიშნით სეგრეგირებული სტატისტიკის წარმოება და ანალიზი ქალთა თანამდებობრივი დაწინაურების ხელშემშლელი ბარიერების გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად;

პ) გადახედოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებულ სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიას.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს „სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის №34 ბრძანებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა, რომლითაც დადგინდება, რომ პატიმრის მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს − წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს.

3. საქართველოს საერთო სასამართლოებმა:

ა) აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებისას დეტალურად შეისწავლონ ის საფრთხეები, რომლებსაც შეიცავს პირის თავისუფლებაში დატოვება; საფრთხეებზე მსჯელობისას მიუთითონ ფაქტობრივი გარემოებები და კანონის ციტირებით არ შემოიფარგლონ;

ბ) აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებისას განიხილონ ბრალდებულის ან/და სხვა პირის ქონებრივი შესაძლებლობის საკითხი, რათა გირაოს გადაუხდელობის გამო ბრალდებულის მიმართ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა არ იქნეს გამოყენებული;

გ) უზრუნველყონ საქმეთა გონივრულ ვადებში განხილვა.

4. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ:

ა) უზრუნველყოს პოლიციის მიერ დაკავებული პირის მიმართ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის − წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის ეფექტიანი გამოძიება, რაც საქმის ყოველმხრივ, სრულყოფილ შესწავლას გულისხმობს;

ბ) პოლიციის მიერ დაკავებული პირის მიმართ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევაში გამოძიება წარმართოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 და 1443 მუხლების შესაბამისად;

გ) არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება;

დ) უზრუნველყოს ყველა შესაძლო საგამოძიებო მოქმედების შემჭიდროებულ ვადებში ჩატარება, რათა საქმეზე გამოძიება არ გაჭიანურდეს: დაიკითხოს და ამოცნობილ იქნეს ყველა შესაძლო მოწმე/სავარაუდო დამნაშავე; ამოღებულ და დათვალიერებულ იქნეს სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებული ყველა ნივთი და დოკუმენტი; დაინიშნოს და ჩატარდეს ექსპერტიზა კონკრეტული დაზიანებების მიზეზების დასადგენად მაქსიმალურად ზუსტი და რელევანტური შეკითხვებით;

ე) უმოკლეს ვადებში ამოიღოს სრული ვიდეომასალა, რომელიც შესაძლებელია ასახავდეს სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებულ ფაქტებს, მათ შორის, პენიტენციური დაწესებულების ვიდეოკამერების ჩანაწერები;

ვ) გამოძიების პროცესში პირი შემჭიდროებულ ვადებში ცნოს დაზარალებულად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად;

ზ) უზრუნველყოს გამოძიების პროცესში დაზარალებულის და მსხვერპლის მაქსიმალური მონაწილეობა, განსაკუთრებით − სიცოცხლის უფლების დარღვევის და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების დროს, კერძოდ, გონივრულად გაითვალისწინოს მათი მოთხოვნები კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ;

თ) სამართალდამცავ პირებს ჩაუტაროს ტრენინგები გამოხატვის თავისუფლებასთან და დაკავების უფლებამოსილების გამოყენებასთან დაკავშირებული ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების სწავლების მიზნით;

ი) უზრუნველყოს რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის (ნივთის დაზიანება ან განადგურება) გამოყენებისას საგამოძიებო ორგანოების პრაქტიკის ცვლილება ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილების შეტანა, რათა სიძულვილის მოტივის არსებობისას ზიანის ოდენობა აღარ იყოს გადამწყვეტი ფაქტორი ქმედების სისხლის სამართლის დანაშაულად მიჩნევისთვის;

კ) სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების დროს ჩაატაროს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები სავარაუდო სიძულვილის მოტივის გამოსაკვეთად;

ლ) მიიღოს პრევენციული ზომები ფემიციდის, ქორწინების იძულების და არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის შემთხვევების შესამცირებლად, აგრეთვე ზომები მათ თავიდან ასაცილებლად, ამასთანავე, განახორციელოს ეფექტიანი რეაგირება ყველა მომხდარ შემთხვევაზე;

მ) ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების შესახებ სტატისტიკის წარმოებისა და ანალიზის და თემატური კვლევების განხორციელებას;

ნ) დროულად დაასრულოს დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გაცემასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიება.

5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ:

ა) მიიღოს ყველა საჭირო ზომა პოლიციის თანამშრომელთა მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, აგრეთვე ადამიანის უფლებათა დარღვევის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის, სათანადო სწავლების, ანგარიშვალდებულების გაზრდის და მკაცრი ზედამხედველობის მეშვეობით;

ბ) უზრუნველყოს ძალის გამოყენების მეთოდებში (სპეციალური ილეთების გამოყენებაში) პოლიციის თანამშრომელთა რეგულარული მომზადება;

გ) განახორციელოს ოჯახისთვის ან ადვოკატისთვის შეტყობინების შესახებ დაკავებული პირის მოთხოვნის სათანადო დოკუმენტირება შესაბამისი რეესტრის წარმოებით;

დ) შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ყველა სამმართველოს შენობაში დაამონტაჟოს სათვალთვალო კამერები;

ე) განსაზღვროს მოქალაქესთან ურთიერთობის დროს საპატრულო პოლიციელის მიერ სამხრე ვიდეოკამერის გამოყენებით შესაბამისი ჩანაწერის გაკეთების ვალდებულება, აგრეთვე გაკეთებული ჩანაწერის შენახვის წესი და ვადა;

ვ) უზრუნველყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მიმდინარე ვიდეომეთვალყურეობის ამსახველი ჩანაწერების გონივრული ვადით შენახვა;

ზ) უზრუნველყოს ყველა ვიდეოჩანაწერის გონივრული ვადით შენახვა;

თ) უზრუნველყოს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამორიგეო ფუნქციის განმახორციელებელი დანაყოფების მუშაობის ორგანიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 აგვისტოს №605 ბრძანებით დამტკიცებული სამორიგეო მუშაობის ორგანიზაციის წესის №6 დანართისა (შინაგან საქმეთა ორგანოებში დაკავებულ პირთა აღრიცხვის წიგნი) და №7 დანართის (საპყრობილეში (დროებითი მოთავსების იზოლატორში) გადაყვანილ პირთა აღრიცხვის ჟურნალი) გადახედვა და განახლების მიზნით შესაბამისი ცვლილების შეტანა;

ი) შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ყველა სამმართველოსთვის და პოლიციის ყველა განყოფილებისთვის შეიმუშაოს ჟურნალის ერთიანი ფორმა, რომელშიც დაფიქსირდება მოქალაქის შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის თარიღი და დრო, აგრეთვე  შესვლის მიზანი;

კ) უზრუნველყოს, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანების №2 დანართით (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესი) მკაფიოდ განისაზღვროს დაკავებული პირის სხეულზე არსებული დაზიანებების თაობაზე შეტყობინების გაგზავნის პროცედურა და კრიტერიუმები;

ლ) მიიღოს ყველა საჭირო ზომა, მათ შორის, გადახედოს სამუშაო გრაფიკს, მძიმე სამუშაო პირობების გამო პოლიციის თანამშრომელთა ფსიქოემოციური მდგომარეობის გაუარესების და პროფესიული გადაწვის რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად;

მ) მიიღოს ყველა ზომა, რათა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტებში, პოლიციის რაიონულ და საქალაქო სამმართველოებში და პოლიციის განყოფილებებში შეიქმნას ქალისა და მამაკაცის დასაქმების თანაბარი შესაძლებლობა, აგრეთვე თანაბარი სამუშაო პირობები;

ნ) მიიღოს ყველა ზომა, რათა უბნის ინსპექტორი თანამდებობაზე უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის გარეშე არ დაინიშნოს;

ო) მიიღოს ყველა ზომა, რათა განხორციელდეს სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომელთა პერიოდული გადამზადება. მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ (პოლიციის აკადემია) შეიმუშაოს პოლიციელთა გადამზადების მოკლევადიანი კურსები სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომელთა გადამზადების მიზნით. შესაძლებელია ამ კურსების დისტანციური სწავლება;

პ) მიიღოს ყველა ზომა, რათა სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომელთათვის ხელმისაწვდომი იყოს პოლიციელთა გადამზადების კურსების და  ნებისმიერი სხვა სასწავლო კურსის მასალები;

ჟ) მიიღოს ყველა ზომა, რათა შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა გადამზადების ფარგლებში ჩატარდეს ტრენინგი არასრულწლოვნებთან ურთიერთობის თავისებურებათა შესახებ;

რ) მიიღოს ყველა ზომა, რათა შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომელი თანამდებობაზე დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა მომზადება-გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის გარეშე არ დაინიშნოს;

ს) მიიღოს ყველა ზომა, რათა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციების ორგანიზატორებთან და შესაბამისი ქვეყნების წარმომადგენლებთან კოორდინაციით უზრუნველყოფილ იქნეს სრულყოფილი წინასწარი ინფორმაციის მიღება დასაბრუნებელი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დიაგნოზის შესახებ;

ტ) მიიღოს ყველა ზომა, რათა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციების ორგანიზატორებთან და შესაბამისი ქვეყნების წარმომადგენლებთან კოორდინაციით უზრუნველყოფილ იქნეს დასაბრუნებელი პირების ოჯახის წევრებთან დაკავშირება;

უ) შინაგან საქმეთა სამინისტროს ესკორტის შემადგენლობას დაამატოს ფსიქოლოგი, რომელიც დასაბრუნებელ პირებს საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევს;

ფ) მიიღოს ყველა ზომა, რათა იმ შემთხვევაში, როდესაც, წინასწარი ინფორმაციით, დასაბრუნებელ პირთა შორის ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები არიან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ესკორტის შემადგენლობას დაემატოს ფსიქიატრი, რომელიც მათ ადეკვატურ ფსიქიატრიულ დახმარებას გაუწევს;

ქ) გადახედოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამხედრო ყაზარმებში (საძინებელ ნაწილში) დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების არსებობის მიზანშეწონილობის საკითხს;

ღ) უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა I სამმართველოს სამედიცინო პუნქტის გარემონტება;

ყ) უზრუნველყოს, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 17 სექტემბრის №860-Iს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მიერ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების სამხედრო ნაწილიდან დათხოვნის ვადის დაცვა;

შ) შეცვალოს ცენტრალური გამწვევი პუნქტიდან სამხედრო მოსამსახურეთა გადარჩევის არსებული პრაქტიკა, რათა ყველა სტრუქტურას მიეცეს საშუალება, თანაბარი პირობებით გაიყვანონ სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო ნაწილებში;

ჩ) სამართალდამცავ პირებს ჩაუტაროს ტრენინგები გამოხატვის თავისუფლებასთან და დაკავების უფლებამოსილების გამოყენებასთან დაკავშირებული ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების სწავლების მიზნით;

ც) უზრუნველყოს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების თვითნებური შეზღუდვის და ძალადობის შემთხვევების თავიდან აცილების და მათზე ეფექტიანი რეაგირების განხორციელების მიზნით ყველა შესაბამისი თანამშრომლის ჩართვა უწყვეტი განათლების სასწავლო კურსში შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესასწავლად;

ძ) უზრუნველყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთათვის ტრენინგების და სხვა შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და საჭიროებების შესახებ თეორიული ცოდნის მიღებისა და პრაქტიკული გამოყენების მიზნით;

წ) შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სისტემატურად გადაამზადოს ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, მათ შორის, ასეთი შემთხვევების გამოვლენის, გამოძიების წარმართვის ტექნიკის და დაცვის ღონისძიებების გამოყენების მნიშვნელობის საკითხებზე;

ჭ) უზრუნველყოს საპატრულო პოლიციელთა ცნობიერების ამაღლება და გადამზადება ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, ხელი შეუწყოს სტერეოტიპული დამოკიდებულების შეცვლას;

ხ) განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პროაქტიულ გამოვლენას, იდენტიფიცირებას და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სოციალური მომსახურების სააგენტოში რეფერირებას;

ჯ) პროცესის მწარმოებელი პირების არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი თითოეულ სისხლის სამართლის საქმეში მოათავსოს;

ჰ) უზრუნველყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა გადამზადება, კერძოდ, ტრეფიკინგთან, ოჯახში ძალადობასთან, ადრეულ ასაკში ქორწინებასთან და „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) ძირითად საკითხებთან დაკავშირებული საკითხების პოლიციის თანამშრომელთა სასწავლო გეგმაში შეტანა;

1) დახვეწოს შემაკავებელი ორდერის ოქმის შევსების − მასში ინფორმაციის შეტანის სტანდარტი;

2) უზრუნველყოს ადრეულ ასაკში ქორწინების და ადრეულ ასაკში ნიშნობის შემთხვევებში უბნის ინსპექტორის როლის გაძლიერება, შეისწავლოს მშობლის მიერ განხორციელებული შესაძლო ოჯახში ძალადობის − უგულებელყოფის საქმეები;

3) გააუმჯობესოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების ანალიზი, კერძოდ, გააანალიზოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − „112“-ის მიერ შესაძლო ოჯახში ძალადობის და ოჯახური კონფლიქტის თაობაზე მიღებული შეტყობინებები, დაცვის ღონისძიებები, ძალადობის სხვა შემთხვევები;

4) გააძლიეროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − სოციალური მომსახურების სააგენტოსთან კოორდინაცია ოჯახში ძალადობის და ადრეულ ასაკში ქორწინების საქმეების შესწავლისას;

5) უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის შემთხვევის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განუხრელი შესრულება;

6) უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სასაზღვრო პოლიციის და სამინისტროს სხვა შესაბამისი ერთეულების (ოპერატიულ-საგამოძიებო განყოფილებების) თანამშრომელთა გადამზადება თავშესაფართან დაკავშირებულ საკითხებზე.

6. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ:

ა) მიიღოს ყველა ზომა, რათა განსაკუთრებული უსაფრთხოების რეჟიმის საკომპენსაციოდ პატიმრები უფრო მეტად იყვნენ ჩართული სარეაბილიტაციო აქტივობებში;

ბ) მიიღოს ყველა ზომა, რათა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში არსებული უსაფრთხოების სისტემა მხოლოდ სტატიკური უსაფრთხოების სისტემას არ ეფუძნებოდეს და აქტიურად ხორციელდებოდეს დინამიკური უსაფრთხოების კონცეფცია; 

გ) გადასინჯოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული შემოწმების მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, უსაფრთხოების/წესრიგის დაცვის მიზანსა და ადამიანის უფლებათა დაცვის ინტერესს შორის სამართლიანი ბალანსის მისაღწევად;

დ) უზრუნველყოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლების მქონე პირთა შესვლის პროცედურების მონიტორინგის განხორციელება, რათა გამოირიცხოს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა თვითნებობა და დაწესებულებაში შემსვლელ პირთა შემოწმება არსებული ნორმატიული ბაზისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდეს;

ე) უზრუნველყოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემოწმების პროცედურების მონიტორინგის განხორციელება, რათა გამოირიცხოს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა თვითნებობა და ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემოწმება არსებული ნორმატიული ბაზისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდეს;

ვ) მიიღოს ყველა ზომა, რათა განხორციელდეს ახალი კადრების მოზიდვის აქტიური პოლიტიკა და ამ მიზნით საზოგადოების აქტიური ინფორმირება პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმების შესაძლებლობების და არსებული სამუშაო პირობების შესახებ;

ზ) მიიღოს ყველა ზომა, რათა პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებთან მიმდინარეობდეს მუშაობა პროფესიული გადაწვის და სტრესის მართვის საკითხებზე;

თ) მიიღოს ყველა ზომა, რათა სასწავლო პროგრამების მეთოდოლოგიის ფარგლებში, თითოეული სესიის განსაზღვრისას მიეთითოს ინფორმაცია კონკრეტული თემატიკის და სესიის დროს გამოსაყენებელი სწავლების ფორმატის შესახებ;

ი) მიიღოს ყველა ზომა, რათა თითოეული სესია მაქსიმალურად ეფუძნებოდეს ინტერაქტიული სწავლების მეთოდებს, მათ შორის, სესიის დროს აქტიურად იქნეს გამოყენებული ჯგუფური მუშაობის ფორმატი, პრეზენტაციები და საქმეების ანალიზი;

კ) მიიღოს ყველა ზომა, რათა სასწავლო პროგრამებში მეტი ადგილი დაეთმოს ადამიანის უფლებათა სწავლებას იმისათვის, რომ პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებმა შეძლონ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების გააზრება, თეორიული ათვისება და პრაქტიკული გამოყენება;

ლ) მიიღოს ყველა ზომა, რათა სასწავლო პროგრამებში  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს მოძალადე დამნაშავეების პრევენციული და განმუხტვის საშუალებებით (მოლაპარაკება და მედიაცია) მართვის საკითხებს;

მ) მიიღოს ყველა ზომა, რათა პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებს ჩაუტარდეთ ტრენინგები შემდეგ საკითხებზე: პერსონალის უფლებები და მოვალეობები დაკისრებული ფუნქციების შესრულების პროცესში, წამების ან სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა, დინამიკური უსაფრთხოების კონცეფცია, ძალისა და შემაკავებელი საშუალებების გამოყენება, მოძალადე დამნაშავეების პრევენციული და განმუხტვის საშუალებებით (მოლაპარაკება და მედიაცია) მართვა, პატიმრის ფსიქოსოციალური საჭიროებები და პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი დინამიკა, სოციალური ზრუნვა და დახმარება, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ადრეული დიაგნოსტიკა;

ნ) უზრუნველყოს იმგვარი სამართლებრივი რეგულირება, რომელიც შესაძლებელს გახდის შესაბამისი ორგანოების მიერ შიდა და გარე მონიტორინგის წინასწარ განსაზღვრულ ინდიკატორებსა და სხვა მაჩვენებლებზე დაყრდნობით პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციისა და ყველა თანამშრომლის მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულების და პენიტენციურ დაწესებულებაში წესრიგის შენარჩუნების შესაძლებლობის შეფასებას;

ო) უზრუნველყოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №7 პენიტენციური დაწესებულების გაუქმება;

პ) უზრუნველყოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2, №5, №6 და №8 პენიტენციური დაწესებულებების საცხოვრებელ და მოსაცდელ საკნებში, №2 და №8 პენიტენციური დაწესებულებების მოსაცდელ და სამარტოო საკნებსა და საშხაპეებში, №8 პენიტენციური დაწესებულების საგამოძიებო ოთახებსა და №15 პენიტენციური დაწესებულების ადვოკატებთან შეხვედრის ოთახებში სათანადო ხელოვნური ვენტილაციის დამონტაჟება;

ჟ) უზრუნველყოს პენიტენციური დაწესებულებების საცხოვრებელი საკნების ბეტონის იატაკის ჯანმრთელობისთვის უვნებელი საშუალებით შეცვლა;

რ) უზრუნველყოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №12 პენიტენციური დაწესებულების მოძველებული საცხოვრებელი საკნების გარემონტება;

ს) უზრუნველყოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების საცხოვრებელი საკნები ტუმბოებით;

ტ) უზრუნველყოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების საშხაპეებსა და №12 პენიტენციური დაწესებულების საცხოვრებელ საკნებში როზეტებისა და შუქის ჩამრთველების უსაფრთხოების წესების დაცვით დამონტაჟება;

უ) უზრუნველყოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების საშხაპეები სათანადო ხელოვნური განათებით;

ფ) უზრუნველყოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების საშხაპეები სკამებითა და საკიდებით;

ქ) უზრუნველყოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2, №3, №5, №6, №8, №9 და №17 პენიტენციური დაწესებულებების სასეირნო ეზოების სავარჯიშო ინვენტარით აღჭურვა;

ღ) უზრუნველყოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8, №9, №18 და №19 პენიტენციურ დაწესებულებებში ხანგრძლივი პაემნისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა;

ყ) მიიღოს ყველა საჭირო ზომა ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში უფრო მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო აქტივობების განსახორციელებლად; მაქსიმალურად შეუწყოს ხელი პენიტენციური დაწესებულების სოციალურ განყოფილებას პატიმართა ინტერესების სფეროების გათვალისწინებით სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვასა და მათი სათანადო მონაწილეობით ჩატარებაში. ამასთანავე, აქტივობებში პატიმართა მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად უფრო ხშირად უნდა იქნეს გამოყენებული წახალისების ფორმები;

შ) უზრუნველყოს, რომ ყველა მსჯავრდებულს მიეცეს სარეაბილიტაციო აქტივობებში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით;

ჩ) მიიღოს ყველა საჭირო ზომა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ ქალთა სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩასართავად;

ც) მიიღოს ყველა საჭირო ზომა სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში დასანერგად;

ძ) მიიღოს ყველა საჭირო ზომა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრის სამარტოო საკანში მოთავსების თავიდან ასაცილებლად;

წ) უზრუნველყოს დეესკალაციის ოთახის პატიმრის დასჯის მიზნით, დისციპლინური სახდელის სახით სამარტოო საკანში მოთავსების ალტერნატივად გამოყენების თავიდან ასაცილებლად საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სისტემური მონიტორინგის ფარგლებში დეესკალაციის ოთახის გამოყენების პრაქტიკის შესწავლა;

ჭ) უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში დისციპლინური სახდელების თვითნებურად, უკანონოდ დაკისრების, სახდელების არაპროპორციულად გამოყენების და პირთათვის გარე სამყაროსთან კონტაქტის სრულად შეზღუდვის შემთხვევების თავიდან ასაცილებლად საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სისტემური მონიტორინგის ფარგლებში რეგულარული შემოწმების ჩატარება;

ხ) უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრების და წამალდამოკიდებული პატიმრების საჭიროებებზე ორიენტირებული ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისების შექმნა;

ჯ) მიიღოს ყველა საჭირო ზომა პენიტენციური დაწესებულების მაღაზიის სათანადო მომარაგების უზრუნველსაყოფად; ამასთანავე, უზრუნველყოს, რომ მაღაზიაში პროდუქცია პატიმრებისთვის ხელმისაწვდომ ფასად იყიდებოდეს; 

ჰ) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთათვის პენიტენციურ დაწესებულებებში შესვლის ნებართვის გონივრული ვადით (მაგალითად, 6 თვით) გაცემა, რათა მათ შეძლონ პენიტენციურ დაწესებულებებში შემოწმების წინასწარი შეტყობინების გარეშე ჩატარება;

1) უზრუნველყოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს №5 და №6 განყოფილებებში სამხედრო მოსამსახურეთა მოსასვენებელ ოთახში არსებული მატრასების ახლებით ჩანაცვლება და მათთვის გადასაფარებლების დარიგება;

2) უზრუნველყოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს №6 და №8 განყოფილებებში ხელსაბანები თბილი წყლით;

3) უზრუნველყოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს №15 განყოფილება ვენტილაციის სათანადო სისტემით;

4) უზრუნველყოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს №17 განყოფილების სამზარეულო სათანადო სტანდარტის შესაბამისი აირგამწოვი სისტემით;

5) უზრუნველყოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს №17 განყოფილების ყაზარმებში ვენტილაციის სისტემის მოწესრიგება, სამხედრო მოსამსახურეთათვის ინდივიდუალური კარადების დადგმა, აბანოში წყლის ტემპერატურის ინდივიდუალური მარეგულირებლების დამონტაჟება, ვენტილაციის სისტემის და ხელსაბანების შეკეთება;

6) უზრუნველყოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს №17 განყოფილებაში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები 100%-იანი სადაზღვევო პაკეტით;

7) უზრუნველყოს სამხედრო ნაწილებში თარჯიმნის პერიოდულად მიყვანა, რათა ქართული ენის არმცოდნე სამხედრო მოსამსახურეებმა სურვილის შემთხვევაში ზემდგომებთან კონფიდენციალურად გასაუბრება შეძლონ;

8) პენიტენციურ დაწესებულებებში დანერგოს ეფექტიანი სისტემა, რომლითაც პენიტენციური დაწესებულებები შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე მსჯავრდებულთა სრულყოფილ სიას მიაწვდიან;

9) მიიღოს ყველა საჭირო ზომა ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტითა და 2015–2020 წლის სამოქმედო გეგმის თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დროული და ეფექტიანი იმპლემენტაციისთვის.

7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:

ა) მეტი რესურსი მოახმაროს თამბაქოს პროდუქციის მავნებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და თამბაქოს კონტროლის სხვა ღონისძიებების განხორციელებას შესაბამისი დაფინანსების გამოყოფით;

ბ) უზრუნველყოს ქვეყანაში თამბაქოზე დამოკიდებულ პირთათვის თამბაქოს მოხმარების შეწყვეტასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევის და მკურნალობის შესაბამისი სერვისების განვითარება;

გ) ხელი შეუწყოს დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართული საქართველოს მთავრობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ეფექტიან განხორციელებას;

დ) განახორციელოს ღონისძიებები სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებლად; განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს საქართველოს რეგიონებში მომუშავე სამედიცინო პერსონალს, მათ შორის, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში პრაქტიკულ სწავლებას;

ე) უზრუნველყოს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახებისთვის გადაუდებელი პირველადი დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურული წესისა და ვადის განსაზღვრა; ამასთანავე, გონივრულ ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამაში ჩართვის საკითხზე;

ვ) სიღრმისეულად შეაფასოს სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვთა საჭიროებები და შეფასებაზე დაყრდნობით განახორციელოს ღონისძიებები ოჯახების გასაძლიერებლად; განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს სოფლებში მცხოვრებ ბავშვთა საჭიროებებს;

ზ) ჩაატაროს სათანადო კვლევა ქვეყანაში უსახლკარობის მასშტაბის,  მიზეზებისა და ფორმების გამოსავლენად;

თ) შექმნას და რეგულარულად ამუშაოს უსახლკარო პირების  მონაცემთა ერთიანი ბაზა;

ი) შექმნას უსახლკარობის დასაძლევად საჭირო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;

კ) უმოკლეს ვადაში გადასცეს სასწრაფო დახმარების მანქანა გალის რაიონის სასწრაფო დახმარების სადგურს;

ლ) უზრუნველყოს ზუგდიდში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის გახსნა, რომელიც აფხაზეთში მცხოვრებ პირებსაც მოემსახურება;

მ) უზრუნველყოს სოციალური მუშაკების რესურსის გაზრდა საქმეთა რაოდენობის შესაბამისად, აგრეთვე მათი გადამზადება გენდერული და სექსუალური ძალადობის საკითხებზე და შესაბამისი სამუშაო პირობების გაუმჯობესება;

ნ) ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური ფუნქციის გაზრდით მინიმუმამდე შეამციროს სიღარიბის გამო ბიოლოგიური ოჯახიდან ბავშვის გამოყვანის მაჩვენებელი;

ო) ხელი შეუწყოს ბავშვთა შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების დროულ და ეფექტიან გამოვლენას; ამასთანავე, გააძლიეროს მსხვერპლ ბავშვთა რეაბილიტაციის პროცესი;

პ) ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს არასრულწლოვნის ორივე მშობელთან ურთიერთობას როგორც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისას, ისე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე;

ჟ) გააუმჯობესოს ზედამხედველობის მექანიზმი მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის სახელმწიფო სერვისებით მოსარგებლე ბავშვთა უფლებების დაცვის შემოწმების და მათი საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით;

რ) გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და მუსლიმანური კონფესიის დაქვემდებარებაში არსებული ბავშვთა პანსიონების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დასაწყებად;

ს) გაზარდოს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის მოქმედების არეალი, ქვეპროგრამის ფარგლებში მომუშავე მობილური ჯგუფების რაოდენობა და მორიგეობის სიხშირე;

ტ) დააჩქაროს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობისა და თანამდევი გასაცემლის მიღების წესის დამტკიცება გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის გამოსარიცხად;

უ) განახორციელოს ღონისძიებები ადრეულ ასაკში ქორწინებასთან და აბორტთან დაკავშირებით მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად, მათ შორის, სოფლებში არსებული ამბულატორიული დაწესებულებების მონაწილეობით; 

ფ) დაგეგმოს და განახორციელოს გენდერული ნიშნით სქესის სელექციის პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები საქართველოს რეგიონებში;

ქ) სრულყოფილად შეისწავლოს ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტები და მოახდინოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება, მათ შორის, ადრეულ ასაკში ქორწინების ან ნიშნობის ფაქტის გამოვლენისას იმსჯელოს მშობლის პასუხისმგებლობის და ბავშვის საუკეთესო ინტერესების საკითხებზე;

ღ) ბავშვის დანიშვნის შემთხვევაში მის ოჯახს გაუწიოს კონსულტაცია ადრეულ ასაკში ნიშნობის და ქორწინების უარყოფით ასპექტებთან დაკავშირებით; უზრუნველყოს საქმეში ფსიქოლოგის მონაწილეობა  იძულებითი ქორწინების გამოსარიცხად;

ყ) უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის გადახედვა მისი იმგვარად ჩამოყალიბების მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამისი საჭიროებების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ოჯახების მიერ სახელმწიფო შემწეობით სარგებლობა;

შ) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირების კვალიფიკაციის ამაღლების და საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით;

ჩ) ხელი შეუწყოს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს და, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, მათ ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნებას ოჯახების გაძლიერებით და მათი მხარდამჭერი სერვისების დანერგვით;

ც) უზრუნველყოს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, მათი გონივრული განთავსება მინდობით აღზრდის მიზნით, ამასთანავე,  მინდობით აღმზრდელ ოჯახთა სისტემური და რეგულარული გადამზადება ბავშვთა უფლებებისა და საჭიროებების საკითხებზე;

ძ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებისთვის ხელმისაწვდომი ფორმით განახორციელოს მათი ინფორმირება არსებული პროგრამებისა და სერვისების შესახებ;

წ) უზრუნველყოს სერვისების უწყვეტობა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებიდან გამოსული 18 წელს მიღწეული პირებისთვის მათ საჭიროებებზე ორიენტირებული მხარდამჭერი სერვისების შეთავაზებით;

ჭ) უზრუნველყოს ძალადობის მსხვერპლ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა გამოვლენა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია;

ხ) უზრუნველყოს სათემო და სარეაბილიტაციო სამსახურების გაძლიერება, მათ შორის, გაზარდოს თემზე დაფუძნებული მობილური გუნდების რაოდენობა და საქმიანობის არეალი;

ჯ) უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტითა და 2015–2020 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დროული იმპლემენტაცია;

ჰ) უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებათა მონიტორინგისა და კონტროლის სისტემური მექანიზმის დროული დანერგვა;

1) განახორციელოს ღონისძიებები სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში კონფლიქტური სიტუაციის დეესკალაციის და მედიაციის მიზნით, მათ შორის, სხვა ორგანიზაციების ფსიქოლოგიური სამსახურების მონაწილეობით;

2) უზრუნველყოს სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულების ბენეფიციართა მიმართ ძალადობის თავიდან ასაცილებლად ძალადობის ფაქტების დროული იდენტიფიცირება/რეგისტრირება, აგრეთვე ძალადობის მსხვერპლთა შესაბამისი სამართლებრივი, სოციალური, სამედიცინო და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია;

3) უზრუნველყოს თავშესაფრით მოსარგებლე და მათზე დამოკიდებულ პირთა ჯანმრთელობის სრული შემოწმება თავშესაფარში მიღებისთანავე, დაავადებათა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე დროული მკურნალობა;

4) უზრუნველყოს თავშესაფრის ფიზიკური გარემოს დახვეწა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურებისთვის, აგრეთვე შენობების ადაპტაცია სავალდებულო სტანდარტებთან მაქსიმალური მიახლოებისთვის;

5) უზრუნველყოს თავშესაფრის ადგილმდებარეობის იმგვარად შერჩევა, რომ შესაძლებელი იყოს თავშესაფრით მოსარგებლე პირთა კონფიდენციალურობის, პირადი სივრცის და უსაფრთხოების დაცვა;

6) გადახედოს თავშესაფრების ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და საგანმანათლებლო პროგრამებს, მეტი დრო და რესურსი მოახმაროს სარეაბილიტაციო პროგრამებისა და აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას, გაზარდოს აღნიშნული პროგრამების ინკლუზიურობა;

7) უზრუნველყოს სახელმწიფო თავშესაფრების პერსონალის ადეკვატური გადამზადება გენდერული და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დახმარებისა და გაძლიერების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და სქესობრივი მახასიათებლების საკითხებზე;

8) მიიღოს ყველა ზომა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ხელშესაწყობად, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქალებს, ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ძალადობის მსხვერპლთ და სხვა პირებს შესაბამის სერვისებს სთავაზობენ.

8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ:

ა) უზრუნველყოს დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტების მდგრადობის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შემოწმება ან არსებული დასკვნების განახლება;

ბ) გაზარდოს დევნილთა ინფორმირებულობა მათ უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე;

გ) განიხილოს შესაბამისი საჭიროების მქონე დაბრუნებული მიგრანტების საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში, მათ საცხოვრებელ ადგილამდე ერთჯერადი ტრანსპორტირების და დროებით საცხოვრებელში კვებით უზრუნველყოფის საკითხი;

დ) უზრუნველყოს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ პირის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებელი კვლევების ხარისხის გაუმჯობესება, რათა საქმეში წარმოდგენილი ინფორმაცია  დადგენილ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს, რაც, თავის მხრივ, გადაწყვეტილების მიმღებ პირს დასკვნის უკეთ დასაბუთებაში დაეხმარება.

9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ:

ა) გააგრძელოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის (სკოლის მოსწავლეები და ზრდასრულები) სახელმწიფო ენის შესასწავლი პროგრამების განხორციელება;

ბ) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მოსახლეობისთვის განახორციელოს საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებები სახელმწიფო ენის შესწავლის დადებითი შედეგების წარმოსაჩენად;

გ) განახორციელოს სახელმწიფო ენის შესასწავლი პროგრამების მონიტორინგი მათი შედეგების შესაფასებლად და გასაუმჯობესებლად;

დ) ორენოვანი სწავლების არსებული მოდელის ნაკლოვანებების გათვალისწინებით, შეიმუშაოს სწავლების ახალი, უფრო ეფექტიანი მოდელი;

ე) ორენოვანი სწავლების არსებული მოდელის ნაკლოვანებების გათვალისწინებით, შეიმუშაოს და სკოლებში დანერგოს ახალი ორენოვანი სახელმძღვანელოები;

ვ) განახორციელოს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები ორენოვანი პედაგოგების მოსამზადებლად და გადასამზადებლად;

ზ) უზრუნველყოს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესით მკაფიოდ განისაზღვროს სასკოლო სახელმძღვანელოებში ეთნიკური მრავალფეროვნებისა და ტოლერანტული აზროვნებისა და დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშემწყობი ინფორმაციის ასახვის მოთხოვნა, და გააკონტროლოს მისი შესრულება;

თ) გააუმჯობესოს სკოლებში სამოქალაქო თავდაცვის სწავლება;

ი) უზრუნველყოს ადრეულ ასაკში ქორწინებასთან და ადრეულ ასაკში ნიშნობასთან დაკავშირებული ვალდებულებების და რეაგირების პროცედურის შესრულების სავალდებულოობის საკითხებზე მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლება;

კ) განახორციელოს ბავშვთა მიერ სკოლის მიტოვების მიზეზების აღრიცხვის სისტემის წარმოების მონიტორინგი, განსაკუთრებით − ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც ასეთი შემთხვევების აღრიცხვაში ხარვეზები არსებობს;

ლ) გაააქტიუროს მუშაობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით იმ არასრულწლოვანთა სასწავლო პროცესში ხელახლა ჩასართავად, რომლებმაც სწავლა ადრეულ ასაკში ქორწინების ან ნიშნობის გამო შეწყვიტეს;

მ) გაზარდოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების ინფორმირებულობა მათი შვილების საგანმანათლებლო პროცესში ჩასართავად;

ნ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − სოციალური მომსახურების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით დანერგოს ეფექტიანი რეფერალური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მოძიებას და საგანმანათლებლო პროცესში ჩართვას, აგრეთვე ტრანზიციის პროცესის ეფექტიან წარმართვას;

ო) უზრუნველყოს, რომ სპეციალიზებული სასკოლო განათლება განხილულ იქნეს, როგორც უკიდურესი და დროებითი შესაძლებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების უფლების უზრუნველსაყოფად, შეიმუშაოს და აამოქმედოს ასეთი სკოლების მოსწავლეთა მეინსტრიმულ განათლების სისტემაში ჩართვის გეგმა;

პ) ე. წ. 1+4 სისტემით მოსარგებლე სტუდენტებისთვის შექმნას დამატებითი საინტეგრაციო და საგანმანათლებლო პროგრამა;

ჟ) ოსურენოვან მოსახლეობაში ჩაატაროს აქტიური საინფორმაციო კამპანია ქართულ უნივერსიტეტებში ჩარიცხვის ახალ პროგრამაში (ე. წ. 1+4 სისტემა) მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ;

რ) დააჩქაროს ინკლუზიური განათლების მარეგულირებელი ნორმატიული (მათ შორის, საკანონმდებლო) ბაზის დახვეწა, კერძოდ, უზრუნველყოს, რომ საკანონმდებლო დონეზე დეტალურად განსაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის, სპეციალური მასწავლებლის და პროცესის მონაწილე სხვა მხარეების, მათ შორის, მშობლის, როლი და ფუნქციები;

ს) ბიოლოგიის VIII კლასის გრიფირებულ სახელმძღვანელოში ასახული ინფორმაცია წამალდამოკიდებულ, შიდსის და აივ ინფექციის მქონე პირთა შესახებ სწორი ინფორმაციით ჩაანაცვლოს;

ტ) აქტიურად განახორციელოს  ღონისძიებები საჯარო სკოლებში მოსწავლეთა ჯანმრთელობის უფლების დაცვის, უსაფრთხო, უვნებელი სასმელი წყლის და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველსაყოფად;

უ)  განახორციელოს ღონისძიებები სკოლებში ადრეულ ქორწინებასთან და აბორტთან დაკავშირებით ცნობიერების ასამაღლებლად, მათ შორის, სამედიცინო დაწესებულებების მონაწილეობით;

ფ) შემჭიდროებულ ვადებში უზრუნველყოს საგანმანათლებლო დაწესებულებების ფიზიკური გარემოს, ინფრასტრუქტურის, სასწავლო პროცესისა და მასალების ადაპტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, შესაბამისი კომუნიკაციის მექანიზმების დანერგვა, საგანმანათლებლო მიზნებისთვის ტრანსპორტირების საკითხის მოწესრიგება;

ქ) ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული განათლების სისტემაში მონაწილეობას და სასწავლო პროგრამების თემატიკის გაფართოებას; გადახედოს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის №4528-Iს კანონს დახვეწის და არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით.

10. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ:

ა) გააუმჯობესოს და შეიმუშაოს სამხედრო ბაზების ლოჯისტიკურ სამსახურებთან ეფექტიანი და დროული კომუნიკაციისთვის საჭირო გზები;

ბ) იმ სამხედრო ნაწილების იურისტები, სადაც არ არის კოდექსის პროგრამა, უზრუნველყოს ამ პროგრამით;

გ) გონივრულ ვადაში გააუმჯობესოს საქართველოს შეიარაღებული ძალების შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის საპირფარეშოებში არსებული პირობები;

დ) უზრუნველყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის სასადილოს და სამზარეულოს შეკეთება;

ე) უზრუნველყოს სამხედრო ნაწილებში თარჯიმნის პერიოდულად მიყვანა, რათა ქართული ენის არმცოდნე სამხედრო მოსამსახურეებმა სურვილის შემთხვევაში ზემდგომებთან კონფიდენციალურად გასაუბრება შეძლონ;

ვ) შეცვალოს ცენტრალური გამწვევი პუნქტიდან სამხედრო მოსამსახურეთა გადარჩევის არსებული პრაქტიკა, რათა ყველა სტრუქტურას მიეცეს საშუალება, თანაბარი პირობებით გაიყვანონ სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო ნაწილებში;

ზ) უზრუნველყოს „საქართველოს სამხედრო ძალებში სამხედრო-საექიმო ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1996 წლის 24 დეკემბრის №360 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სამხედრო ძალებში სამხედრო-საექიმო ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ დებულებით გათვალისწინებული დაავადებათა ცხრილის გადახედვა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; მკაფიოდ განსაზღვროს დაავადებები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პირს სამხედრო სამსახურისთვის ვარგისობის სხვადასხვა სტატუსი ენიჭება.

11. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ:

ა) გააძლიეროს მუშაობა ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ინიციატივების მუნიციპალიტეტების განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებში ჩასართავად;

ბ) ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტების ორგანოებს შორის გენდერული თანასწორობის საკითხებზე არსებული კარგი პრაქტიკის გაზიარებას და ერთიანი მიდგომის დამკვიდრებას.

12. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ:

ა) სხვა მიმდინარე პროექტებთან ერთად გააგრძელოს და დაასრულოს თბილისის სომხური და აზერბაიჯანული თეატრების შენობების რეაბილიტაცია და ხელი შეუწყოს თეატრების სრულფასოვან ამოქმედებას;

ბ) უზრუნველყოს კულტურის სფეროს შესაძლებლობების სამოქალაქო ინტეგრაციის, ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ხელშეწყობის და ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვის მიზნით გამოყენების ეფექტიანობის გაზრდა.

13. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის კონვენციის რატიფიცირებისთვის საჭირო პროცედურების დასაწყებად;

ბ) დააჩქაროს ევროპის სოციალური ქარტიის მე-3 მუხლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარების, აგრეთვე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მრეწველობასა და ვაჭრობაში შრომის ინსპექციის შესახებ №81 კონვენციის, სოფლის მეურნეობაში შრომის ინსპექციის შესახებ №129 კონვენციის და სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობის უსაფრთხოების შესახებ №155 კონვენციის რატიფიცირების პროცესი.

14. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ „შპს „ჯორჯიან მანგანეზი“-სთვის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პირობების დაცვით სანებართვო ქმედების განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 5 ივლისის №ი-334 ბრძანებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიმართ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის №1775-რს კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

15. მუნიციპალიტეტების ორგანოებმა:

ა) ინტენსიურად განახორციელონ საბავშვო ბაგა-ბაღებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ღონისძიებები; განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ამ დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას;

ბ) აამაღლონ საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელ-პედაგოგთა კვალიფიკაცია ბავშვთა უფლებების, მათ მიმართ ძალადობის თავიდან აცილების, მათი არასათანადო მოპყრობისგან დაცვის და რთული ქცევის მართვის კუთხით;

გ) შეიმუშაონ შესაბამისი პროგრამები ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე სიღარიბის დასაძლევად;

დ) გაზარდონ გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელ პირთა უფლებამოსილება, საქმიანობის არეალი და რესურსები; ხელი შეუწყონ საკრებულოების დონეზე გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნას და მათ მდგრადობას;

ე) განახორციელონ დასაქმებულთა შესახებ გენდერული ნიშნით სეგრეგირებული სტატისტიკის წარმოება და ანალიზი ქალთა თანამდებობრივი დაწინაურების ხელშემშლელი ბარიერების გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად;

ვ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ გენდერული თანასწორობის საკითხების გათვალისწინებას და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მიზნობრივი პროგრამების განხორციელებას, მათ შორის, მარტოხელა მშობლებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის;

ზ) უზრუნველყონ სოფლის განვითარების პროგრამებისა და თემისთვის პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პროცესის ყველა ეტაპზე ქალთა მონაწილეობა;

თ) დროულად უზრუნველყონ რეგიონულ და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების შექმნა და ამოქმედება და ამ პროცესში აღნიშნული პირების ან მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების მონაწილეობა;

ი) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენისას გაითვალისწინონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საჭიროებები; გაზარდონ არსებული სერვისების მოცულობა და მოქმედების არეალი;

კ) შეიმუშაონ ხანდაზმულ პირთა ინტერესებზე ორიენტირებული მიზნობრივი პროგრამები მათი საჭიროებების შესწავლის საფუძველზე და ეს პროგრამები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასახონ;

ლ) იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც საჭიროა უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების მსგავსად, განახორციელონ მათი უსახლკარო პირების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის და თავშესაფრით დაკმაყოფილების პროცედურის რეგლამენტირება;

მ) უსახლკარობის მონიტორინგის მიზნით რეგულარულად შეავსონ შესაბამისი მონაცემთა ბაზები და სათანადო ინფორმაცია მიაწოდონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სოციალური მომსახურების სააგენტოს;

ნ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის №4289-რს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად იმ რეგიონებში, სადაც უსახლკარო პირთა თავშესაფრით დაკმაყოფილების პრობლემა არსებობს, ძალისხმევა მიმართონ ფინანსური და ინფრასტრუქტურული რესურსების შესაქმნელად, რომლებიც შესაძლებელს გახდის უსახლკარობისგან დაცვას;

ო) დაიწყონ თავშესაფრების ბენეფიციართა სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს უსახლკარო პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას;

პ) იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც უსახლკარო პირებისთვის  სოციალური პროგრამები მოქმედებს, განახორციელონ საინფორმაციო კამპანიები სათანადო საცხოვრებლის უფლებასთან დაკავშირებით სამიზნე ჯგუფის ცნობიერების ამაღლების და უსახლკარობისგან დაცვის არსებული საშუალებების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად;

ჟ) იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც უფასო სასადილოთი მომსახურების პროგრამა არ მოქმედებს, შეისწავლონ მოსახლეობის საჭიროებები და მიიღონ შესაბამისი ზომები აღნიშნული პროგრამის ასამოქმედებლად;

რ) იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც უფასო სასადილოთი სარგებლობის მოთხოვნილება მაღალია და მოსახლეობისთვის სათანადო კვება სრულად ხელმისაწვდომი არ არის, უზრუნველყონ ბიუჯეტის გაზრდა და დამატებითი სახსრების მოძიება, ან შესაბამის პირთა სიების შედგენისას უპირატესად გაითვალისწინონ ოჯახის საჭიროებები და არა მათი სიაში რეგისტრაციის თარიღი;

ს) უზრუნველყონ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიის მიერ წარმოებაში მიღებული განაცხადების დროული და ეფექტიანი განხილვის მიზნით სხდომების სათანადო სიხშირით გამართვა;

ტ) უზრუნველყონ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის სრულყოფის მიზნით მასში შესაბამისი ცვლილებების შეტანა;

უ) სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღონ კანონით დადგენილი დასაბუთების ვალდებულების შესაბამისად და თითოეულ შემთხვევაში იხელმძღვანელონ „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 2 ივნისის №1506-Iს კანონით გათვალისწინებული პრინციპებით;

ფ) სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტების კუთვნილ ობიექტებში შეჭრილი სოციალურად დაუცველი, უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემის ინდივიდუალური შესწავლის და მასშტაბის დაზუსტების საფუძველზე შექმნან მის გადასაჭრელად აუცილებელი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;

ქ) არ გაასხვისონ დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დასრულებამდე;

ღ) კოორდინირებულად და სრულყოფილად შეისწავლონ ბათუმში, ყოფილი 25-ე და 53-ე სამხედრო ბატალიონების ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და გონივრულ ვადაში განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები მათთვის სათანადო დახმარების გასაწევად.

16. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ:

ა) გადახედოს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა მომზადების სტანდარტებს მათი კვალიფიკაციის ნაკლებობით გამოწვეული პროცედურული დარღვევების აღმოსაფხვრელად;

ბ) განახორციელოს საარჩევნო უბნების სრული ადაპტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და ხელი შეუწყოს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში მათ მონაწილეობას.

17. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა:

ა) შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა და კონკრეტული პროგრამები ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მოსახლეობისთვის საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ხარისხის გასაუმჯობესებლად;

ბ) გააუმჯობესოს ქართულენოვანი ტელემაყურებლებისთვის ეროვნული უმცირესობების შესახებ ინფორმაციის მიწოდების სისტემა მათთვის ამ ინფორმაციის რეგულარული მიწოდებით;

გ) გაიაზროს ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხების მნიშვნელობა და გადაცემების დაგეგმვისას თავიდან აიცილოს სექსისტური და დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი კონტექსტები.

18. იმ პასუხისმგებელმა უწყებებმა, რომლებმაც საანგარიშო პერიოდში ვერ უზრუნველყვეს „2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 24 ივნისის №5602-IIს დადგენილებით გათვალისწინებული რეკომენდაციების სრულყოფილად შესრულება, განახორციელონ ყველა შესაძლო ღონისძიება აღნიშნული რეკომენდაციების შესასრულებლად.

19. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მონიტორინგი გაუწიოს „2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებული ფაქტების თავიდან აცილებისა და რეკომენდაციების შესრულებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში წარედგინოს 2018 წლის 1 მარტამდე.

20. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეირაკლი კობახიძე

 

ქუთაისი,

30 ივნისი 2017 წ.

N1181-IIს