მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 326
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 340080000.10.003.020035
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
326
07/07/2017
ვებგვერდი, 11/07/2017
340080000.10.003.020035
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/07/2017 - 07/09/2017)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №326

2017 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

 

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამა.
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამიდან „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი: 37 06).
მუხლი 3
დაევალოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის  სახელმწიფო პროგრამის განხორციელება, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს  − ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.  
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.   

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა

მუხლი  1.  ზოგადი დებულებები

1. „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერის ერთ-ერთ ღონისძიებას, რომელიც ხორციელდება საქართველოში თაფლის გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით.

 2.  პროგრამის მიზანია:

ა) თაფლის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ინტეგრირებული სისტემების (ერთიანი საწარმოო ციკლის) შექმნის უზრუნველყოფა;

ბ) თაფლის კონკურენტუნარიანობის გაზრდა;

გ) გადამუშავებული თაფლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდა;

დ) თაფლის საექსპორტო პოტენციალის ზრდა;

ე) სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

3. პროგრამის ამოცანებია:

ა)  თაფლის საწარმოო  ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება;

ბ) თაფლის საწარმოო ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობის მინიჭების გზით, თაფლის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბების, განვითარებისა და გაძლიერების სტიმულირება;

გ) თაფლის მწარმოებელ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის სტიმულირება.

მუხლი 2. პროგრამის განმახორციელებელი 

1. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

2. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი – იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და რომელსაც, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი;

ბ) პრეტენდენტი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც პროგრამაში მონაწილეობის მიზნით წარადგენს განაცხადს;

გ) მონაწილე – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომლის მონაწილეობაც პროგრამაში დადასტურებულ იქნა  სააგენტოს მიერ;

დ) ხელშეკრულება – მონაწილესა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც პროგრამის ფარგლებში განსაზღვრავს  მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებს;

ე) ნასყიდობის ხელშეკრულება – მონაწილესა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში – ქონების სააგენტო) შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მონაწილეს საკუთრებაში გადაეცემა საწარმოო ინფრასტრუქტურა;

ვ) საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazard Analysis and Critical Control Points) სისტემა – სისტემა, რომელიც საფრთხეების იდენტიფიცირებითა და მათი კონტროლის განხორციელებით, უვნებელი სურსათის წარმოების შესაძლებლობას იძლევა;

ზ) საწარმოო ინფრასტრუქტურა – ამ მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთზე არსებული თაფლის საწარმოსთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა და დანართი №1-ით გათვალისწინებული აღჭურვილობა;

თ) მიწის ნაკვეთი – მიწის ნაკვეთი (არანაკლებ 2500 მ2-ისა), რომელიც შეირჩევა ქონების სააგენტოსთან შეთანხმებით, ამ პროგრამით გათვალისწინებული თაფლის საწარმოს შენობა-ნაგებობის ასაშენებლად.

მუხლი 4. კაპიტალური ინვესტირება 

1. კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში სააგენტოს მიერ განხორციელდება მიწის ნაკვეთზე თაფლის საწარმოსათვის განკუთვნილი 550 მ2 შენობა-ნაგებობის აშენება და მისი აღჭურვა საოფისე ავეჯით, ინვენტარითა და დანართ №1-ით გათვალისწინებული აღჭურვილობით.

2. თაფლის საწარმო უნდა მოიცავდეს შენობა-ნაგებობას, რომელშიც განხორციელდება თაფლის გადასამუშავებელი მანქანა-დანადგარებისა და ინვენტარის განთავსება და სასაწყობო ფართისა და 30 პირისათვის განკუთვნილი აუდიტორიის მოწყობა.

3.  თაფლის საწარმოს წარმადობა უნდა იყოს დღეში არანაკლებ 2 (ორი) ტონა თაფლის გადამუშავება, დაფასოება და შენახვა, ასევე ერთგვაროვანი თაფლის წარმოება.

4. შენობა-ნაგებობა თავისი ძირითადი კონსტრუქციებისა და სხვა დანადგარების რაოდენობრივი, თვისებრივი და ლოკალიზაციის მახასიათებლებით არ უნდა საჭიროებდეს მნიშვნელოვან ცვლილებას (მონტაჟი/დემონტაჟი/რეკონსტრუქცია) მონაწილის მიერ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazard Analysis and Critical Control Points) სისტემის დანერგვისათვის.

5. სააგენტოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თაფლის საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის აშენების მიზნით, მიწის ნაკვეთი, ქონების სააგენტოსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უვადოდ და უსასყიდლოდ სარგებლობაში უნდა გადაეცეს სააგენტოს.

მუხლი 5. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პირობები

1. პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის  წარდგენის მომენტში აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

ა) განაცხადის წარდგენისას სააგენტოსაგან არ აქვს მიღებული რეკომენდაცია საქმიანობაში ხარვეზის გამოსწორების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კოოპერატივს მსგავსი რეკომენდაცია მიღებული აქვს და განაცხადის წარდგენამდე  აღმოფხვრილი აქვს ხარვეზი;

ბ) პრეტენდენტის მეპაიეები არიან მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომელთა საერთო რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 25 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს;

გ) პრეტენდენტს ან/და მის მეპაიეებს საკუთრებაში აქვს/აქვთ ჯამურად არანაკლებ 5000 სკისა, რომელიც აღრიცხულია სააგენტოს მიერ;

დ) პრეტენდენტის თითოეულ მეპაიეს საკუთრებაში აქვს სააგენტოს მიერ აღრიცხული არანაკლებ 200 სკისა;

ე) არ გააჩნია მიმდინარე საგადასახადო დავალიანება;

ვ) პრეტენდენტ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში ჩამოყალიბებულია სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება არანაკლებ 5 (ხუთი) წევრისაგან;

ზ) პრეტენდენტის გამგეობა შედგება არანაკლებ 3 (სამი) წევრისაგან, რომელთაგანაც მინიმუმ ორი წარმოადგენს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს;

თ) პრეტენდენტის მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა არანაკლებ 15%-ს შეადგენენ ქალები ან/და დევნილები.

2. რეგისტრაციისას პრეტენდენტმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წევრთა რეესტრის ასლი;

ბ) პრეტენდენტის ან/და მისი მეპაიეების საკუთრებაში არსებული სააგენტოს მიერ აღრიცხული სკების საიდენტიფიკაციო კოდები;

გ) ამონაწერი სსიპ – შემოსავლების სამსახურის ელექტრონული პორტალიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;

დ) ნოტარიულად დამტკიცებული საერთო კრების ოქმი, სადაც ასახული იქნება მეპაიეთა შეთანხმება საპაიო ფონდის მოცულობისა და  საპაიო შენატანების ოდენობის შესახებ;

ე) პრეტენდენტის მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიე ქალთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ასლები ან/და დევნილთა სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები.

მუხლი 6. ტექნიკური მხარდაჭერა

 ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში, სააგენტო მონაწილის მხრიდან 10%-იანი თანადაფინანსების საფუძველზე უზრუნველყოფს როგორც HACCP-ის სისტემის დანერგვისათვის საჭირო მომსახურების მიწოდებას, ასევე მონაწილის სრული საწარმოო ციკლის გამართულ მუშაობასთან დაკავშირებული სწავლების ჩატარებას.

მუხლი 7. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენა

1. პროგრამაში მონაწილეობისათვის პრეტენდენტმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს განცხადება ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად.

2. რეგისტრაციის დროს პრეტენდენტის მიერ შესაბამისი მონაცემების არასწორად წარდგენის შემთხვევაში, მას სააგენტოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი უგზავნის შეტყობინებას ხარვეზის არსებობასთან დაკავშირებით, რომლის გამოსასწორებლად განესაზღვრება არანაკლებ 10 (ათი) სამუშაო დღისა, რომელიც აითვლება შეტყობინების გაგზავნის მომდევნო სამუშაო დღიდან. შეტყობინების გაგზავნა ხდება პრეტენდენტის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

3. ხარვეზის არასათანადოდ აღმოფხვრის შემთხვევაში, სააგენტო პრეტენდენტს დამატებით ერთჯერადად უგზავნის შეტყობინებას ხარვეზის თაობაზე და განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

4. განცხადების წარდგენა შესაძლებელია სააგენტოს მიერ განსაზღვრულ პერიოდში, რომელიც არ უნდა იყოს 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები. 

5. პროგრამის ფარგლებში დაკმაყოფილდება ერთი განაცხადი. რამდენიმე განაცხადის წარდგენის შემთხვევაში დაკმაყოფილდება პირველი უხარვეზო განაცხადი.

მუხლი 8. მონაწილისათვის მიწის ნაკვეთისა და საწარმოო ინფრასტრუქტურის გადაცემა

1. პროგრამის ფარგლებში მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული საწარმოო ინფრასტრუქტურის გადაცემა მონაწილისათვის ხორციელდება  მშენებლობის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 თვის ვადაში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასყიდლით, აუქციონის გარეშე.

2. თაფლის საწარმოს საპრივატიზებო თანხა შეადგენს საწარმოსთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობისა და დანართ №1-ით გათვალისწინებული აღჭურვილობის საერთო საბაზრო ღირებულების 30%-ს.

3. მონაწილის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო თანხის გადახდა ხორციელდება 8 წლის განმავლობაში, შემდეგი წესით: პირველ წელს საპრივატიზებო თანხის 0.5%, მეორე წელს – 1.5%, მესამე წელს – 3%, მეოთხე წელს – 6%, მეხუთე წელს – 11%, მეექვსე წელს – 18%, მეშვიდე წელს – 25%, მერვე წელს – 35%.

მუხლი 9. მონაწილის მიერ პროგრამის ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულებები

1. პროგრამის განხორციელების ფარგლებში სააგენტოსა და მონაწილეს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მონაწილე ვალდებულია:

ა) დაიცვას „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №714 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები;

ბ) „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი პრინციპების და მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №577 დადგენილების შესაბამისად, დანერგოს მიკვლევადობის სისტემა;

გ) 2020 წლის 1 იანვრამდე  უზრუნველყოს  საწარმოში HACCP-ის სისტემის დანერგვა;

დ) მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია მისი მეპაიე კოოპერატივების და/ან ამ კოოპერატივის მეპაიეების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული აღურიცხავი სკების შესახებ, რათა სააგენტოს მიერ მოხდეს მათი აღრიცხვა/რეგისტრაცია;

ე) სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად, ჩაერთოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში და  მიაწოდოს სააგენტოს სრული ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ;

ვ) წარუდგინოს სააგენტოს კვარტალური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველი კვარტლის მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა და წლიური ანგარიში ყოველი მომდევნო წლის არაუგვიანეს 15 თებერვლისა;

ზ) 2018 წლის პირველი იანვრიდან ყოველწლიურად უზრუნველყოს სკების საწყისი რაოდენობის ზრდა არანაკლებ 10%-ით;

თ) არ დაუშვას მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული საწარმოო ინფრასტრუქტურის ქვეიჯარით გაცემა ან/და უფლებით დატვირთვა ქონების სააგენტოს წინასწარი თანხმობის გარეშე.  

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები წარმოადგენს მონაწილესა და ქონების სააგენტოსთან გაფორმებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ინფრასტრუქტურის ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილს.

მუხლი 10. პროგრამის მონიტორინგი

1. პრეტენდენტის მიერ განაცხადით წარდგენილი მოთხოვნების შესაბამისობისა და მონაწილესთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების საველე ან/და დოკუმენტურ მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო.

2. მონაწილესთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების კონტროლს ახორციელებს ქონების სააგენტო.

3. მონაწილე ვალდებულია, მონიტორინგის თითოეული ღონისძიების გატარებისას ხელი შეუწყოს მონიტორინგის განმახორციელებელს, ასევე გონივრულ ვადაში უზრუნველყოს მონიტორინგის/აუდიტის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ხარვეზების აღმოფხვრა და გაცემული რეკომენდაციების დაცვა.

მუხლი 11. პროგრამით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები

მონაწილის მიერ ამ პროგრამის მე-9 მუხლით, ხელშეკრულებითა და ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა წარმოადგენს ხელშეკრულებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს.

მუხლი 12. საინფორმაციო კამპანია

1. პროგრამის  შესახებ  მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება საინფორმაციო კამპანიის მეშვეობით, რომელიც მოიცავს ინფორმაციის მიწოდებას მედიასაშუალებების, მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრებისა თუ სხვა საშუალებების გამოყენებით.

2. მოსახლეობასთან შეხვედრების მიზანს წარმოადგენს თაფლის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრებთან/ პოტენციურ წევრებთან სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ძირითადი დანიშნულებისა და პრინციპების, ასევე პროგრამის არსისა და მასში მონაწილეობის პროცედურების შესახებ ინფორმაციის  მიწოდება.