ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ

ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11/2017
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 27/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016326
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
11/2017
27/06/2017
ვებგვერდი, 28/06/2017
010240060.15.008.016326
ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (28/06/2017 - 04/12/2017)

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №11/2017

2017 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

 

ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ1” ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
განისაზღვროს ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხები დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი



დანართი
 

ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხები

 


მუხლი 1. შეუთავსებლობის საკითხების რეგულირების საფუძვლები
ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომითი ურთიერთობებისა და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” და ამ დადგენილებით.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დადგენილების მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომ − ცესკო) და საოლქო საარჩევნო კომისიები.

ბ) საარჩევნო კომისია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და საოლქო საარჩევნო კომისიები;

გ) საარჩევნო კომისიის წევრი (შემდგომ წევრი) ცესკოს წევრი ან/და საოლქო საარჩევნო კომისიის არჩეული წევრი;

დ) შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) – „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული შრომითი გასამრჯელო.


მუხლი 3. წევრის არჩევის და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი
წევრის არჩევის და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი დადგენილია საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, საარჩევნო კომისიების რეგლამენტებითა და ცესკოს შესაბამისი სხვა დადგენილებებით.

მუხლი 4. ცესკოს თავმჯდომარის და წევრის უფლებამოსილების ვადა
1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” შესაბამისად, ცესკოს თავმჯდომარის და წევრის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, გარდა პოლიტიკური გაერთიანებების მიერ დანიშნული წევრებისა.
2. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა იწყება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ ცესკოს განკარგულების ან საქართველოს პარლამენტის დადგენილების მიღებისთანავე.

3. ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება ცესკოს წევრის არჩევის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილების მიღებისთანავე.

4. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი წევრობის შეწყვეტას.

5. ცესკოს წევრს უფლებამოსილება უწყდება ახალი წევრის არჩევისთანავე.


მუხლი 5. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა
1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-19 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წევრებისა.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების კანონით დადგენილი 5-წლიანი ვადის ათვლა იწყება, წინამორბედი კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან და სრულდება მისი უფლებამოსილების კანონით დადგენილი ვადის დასრულების დღეს.

3. საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი საქმიანობის შეზღუდვისა და სამსახურებრივი შეუთავსებლობის მოთხოვნების შესრულების, საარჩევნო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის დაწყებისა და კომისიაში საქმიანობისათვის ანაზღაურების მიღების ვადა, ცესკოს მიერ არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის აითვლება მათი არჩევის შესახებ ცესკოს განკარგულების ამოქმედების დღიდან.
 


მუხლი 6. კომისიის წევრის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება
1. კომისიის წევრის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს მის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისაგან.
2. კომისიის წევრის სამსახურებრივი უფლებამოსილება ჩერდება:

ა) კომისიის წევრის შვებულების დროს;

ბ) კომისიის წევრის დროებითი შრომისუუნარობის დროს, რაც დასტურდება შესაბამისი საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე;

გ) კომისიის წევრის სამხედრო სავალდებულო სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევისას, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეთა მობილიზაციის დროს, თუ კომისიის წევრს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება;

დ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში კომისიის წევრის მოთავსებისას, თუ კომისიის წევრს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, მაგრამ წელიწადში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა. ამ შემთხვევაში შესაბამისი საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისათვის შეტყობინების ვალდებულება ეკისრება კომისიის წევრისათვის მომსახურების გამწევ ორგანიზაციას;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კომისიის წევრის დაკავების, მისი ადმინისტრაციული პატიმრობის ან მისთვის ისეთი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას;

ვ) შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად ან მის საფუძველზე, კომისიის წევრის დროებით გათავისუფლების სხვა შემთხვევაში.

3. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში კომისიის წევრს უნარჩუნდება შრომითი გასამრჯელო, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. კომისიის წევრის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ გამოიცემა ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება.


მუხლი 7. კომისიის წევრისათვის სამუშაო პირობების შექმნა
1. კომისიის წევრს უფლებამოსილების განსახორციელებლად საარჩევნო კომისიის შენობაში გამოეყოფა სამუშაო ფართობი, ავეჯი, ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები და კავშირგაბმულობის საშუალებები.

2. კომისიის წევრის მიერ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის ხარჯები ანაზღაურდება ცესკოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით.
 


მუხლი 8. კომისიის წევრის შრომითი გასამრჯელო
1. კომისიის წევრს უფლება აქვს, კომისიაში არჩევის დღიდან მისი უფლებამოსილების შეწყვეტის დღემდე მიიღოს „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული შრომითი გასამრჯელო (ხელფასი).

2. შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) კომისიის წევრს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეძლევა.

3. საარჩევნო/სარეფერენდუმო პერიოდში, გარდა შუალედური არჩევნების პერიოდისა, ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს ეძლევათ თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა.
4. ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა შუალედური არჩევნების პერიოდში ეძლევათ მხოლოდ იმ საარჩევნო ოლქის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, რომელშიც იმართება შუალედური არჩევნები.

5. ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს შეიძლება მიეცეთ სახელფასო დანამატი და პრემია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

6. ცესკოს და საოლქო კომისიების წევრთა თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს ცესკო.


მუხლი 9. კომისიის წევრის სახელფასო დანამატი
კომისიის წევრს ამ დადგენილებით გათვალისწინებული სახელფასო დანამატი შეიძლება მიეცეს:

ა) შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესაბამისად;

ბ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში შექმნილ სხვადასხვა კომისიაში, საბჭოში, სამუშაო ჯგუფში საქმიანობის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს  საქმიანობის გამო.


მუხლი 10. კომისიის წევრის წახალისება
1. კომისიის წევრის წახალისების ფორმებია:
ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა;

გ) ფასიანი საჩუქრის მიცემა.

2. კომისიის წევრის წახალისების წესი განისაზღვრება ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით.


მუხლი 11. სამუშაო დრო და დასვენების დრო
1. კომისიის წევრის სამუშაო დრო არის კალენდარული დროის ნაწილი, რომლის განმავლობაშიც კომისიის წევრი ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება.

2. კომისიის წევრების სამუშაო და დასვენების დრო განისაზღვრება შესაბამისი კომისიების რეგლამენტითა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შინაგანაწესით.

3. საარჩევნო პერიოდში კომისიის წევრის მუშაობის პერიოდულობა და სამუშაო დღის ხანგრძლივობა განისაზღვრება შესაბამისი კომისიის რეგლამენტით და ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შინაგანაწესით.
 


მუხლი 12. ზეგანაკვეთური სამუშაო
1. კომისიის წევრის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაო სრულდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე.

2. კომისიის წევრის მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო (გარდა საარჩევნო პერიოდისა) ანაზღაურდება კომისიის წევრის სურვილის შესაბამისად მისთვის დანამატის ან ზეგანაკვეთური სამუშაოს პროპორციული დამატებითი დასვენების დროის მიცემით.

3. არასაარჩევნო პერიოდში, კომისიის წევრის ზეგანაკვეთური სამუშაო და მისი ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონებისა „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” და „საქართველოს შრომის კოდექსი” და ამ დადგენილების შესაბამისად.

4. საარჩევნო/სარეფერენდუმო პერიოდში კომისიის წევრის ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, სხვა შესაბამისი კანონებით და ამ დადგენილებით.


მუხლი 13. კომისიის წევრის შვებულება
1. კომისიის წევრისთვის დადგენილია ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით.

2. კომისიის წევრს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა წევრად არჩევიდან/დანიშვნიდან 11 თვის გასვლის შემდეგ. ცესკოს თავმჯდომარის თანხმობით კომისიის წევრს შვებულება შეიძლება ამ ვადის გასვლამდეც მიეცეს. კომისიის წევრად არჩევის/დანიშვნის მეორე წლიდან კომისიის წევრს შვებულება სამუშაო წლის ნებისმიერ დროს მიეცემა, გარდა საარჩევნო/სარეფერენდუმო პერიოდისა.

3. კომისიის წევრს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს.

4. კომისიის წევრს უფლება აქვს, კალენდარული წლის განმავლობაში გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულებით მომდევნო კალენდარულ წელს ისარგებლოს. ამ შემთხვევაში შვებულების პერიოდულობა შესაბამისი კომისიის თავმჯდომარესთან უნდა შეთანხმდეს.

5. კომისიის წევრს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ინტერესებს.


მუხლი 14. კომისიის წევრის შვებულებები ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო
კომისიის წევრის შვებულებები ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო საკითხები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის შესაბამისად.

მუხლი 15. კომისიის წევრის მივლინება
1. კომისიის წევრის მივლინების საკითხები განისაზღვრება  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად.

2. კომისიის წევრის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურება განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 66-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე.
 


მუხლი 16. კომისიის წევრის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის კანონიერად შესრულება

კომისიის წევრი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა და შესაბამისი კომისიის რეგლამენტი და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციას.


მუხლი 17. კომისიის წევრის მიერ გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპის დაცვის ვალდებულება
კომისიის წევრი ვალდებულია:

ა) საქმიანობა გამჭვირვალედ და ღიად განახორციელოს;

ბ) გამჟღავნებისგან დაიცვას სხვისი პერსონალური მონაცემები, სახელმწიფო, კომერციული და პროფესიული საიდუმლოებები, რომლებიც მისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გახდა ცნობილი;

გ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოპოვებული ინფორმაცია მხოლოდ კანონით განსაზღვრული მიზნით გამოიყენოს.


მუხლი 18. კომისიის წევრის მიერ საიდუმლო ინფორმაციის დაცვის ვალდებულება
კომისიის წევრი ვალდებულია როგორც უფლებამოსილების განხორციელებისას, ისე უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ არ გაავრცელოს სახელმწიფო, კომერციული და პროფესიული საიდუმლოებები, სხვა პირის ოჯახურ და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა ინფორმაცია (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით), რომლებიც მისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გახდა ცნობილი.

მუხლი 19. კომისიის წევრის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ეკონომიურად და ეფექტიანად განხორციელება
1. კომისიის წევრი ვალდებულია შვებულებაში გასვლამდე, უფლებამოსილების შეწყვეტამდე სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით მისთვის მინდობილი საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ქონების დასაბრუნებლად მიმართოს საამისოდ უფლებამოსილ პირს, რომელიც ვალდებულია ჩაიბაროს ქონება.

2. კომისიის წევრის მიერ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ქონებისა და სხვა რესურსების პირადი მიზნით გამოყენება დაუშვებელია.
 


მუხლი 20. კომისიის წევრის სხვა უფლებები და ვალდებულებები
1. კომისიის წევრის ინტერესთა შეუთავსებლობის, თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და გარიგების დადების შეზღუდვის საკითხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონითა და ამ დადგენილებით.

2. კომისიის წევრის მიერ ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების დაცვის ვალდებულება განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონით და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსით.
 


მუხლი 21. სამსახურის სტაჟი
1. სამსახურის სტაჟი მოიცავს ცესკოს წევრის და საოლქო საარჩევნო კომისიის არჩეული წევრის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობის პერიოდს.

2. ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიის არჩეული წევრის სამსახურის სტაჟის დამადასტურებელ ცნობას გასცემს ცესკო.
 


მუხლი 22. თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები
1. კომისიის წევრთა თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხებს აწესრიგებს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონი და ეს დადგენილება.

2. კომისიის წევრს უფლება არა აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა), ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში ან იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში. კომისიის წევრის მიერ შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება დასაშვებია მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის სისტემაში.
3. საარჩევნო კომისიის წევრს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე საწარმოში.

4. კომისიის წევრი ვალდებულია მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სამსახურის გავლის ვადით სხვას სამართავად გადასცეს მის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის საწარმოს კაპიტალის წილი (აქციათა პაკეტი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. კომისიის წევრს უფლება არა აქვს, იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოების წევრი.

6. კომისიის წევრს არა აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. მას მხოლოდ აქციებისა და წილის ფლობა შეუძლია.

7. კომისიის წევრს უფლება არა აქვს, იყოს რომელიმე ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის წარმომადგენელი ან რწმუნებული, ან განახორციელოს წარმომადგენლობა ან დაცვა სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე რომელიმე საჯარო დაწესებულების წინაშე ან წინააღმდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი არის ამ ფიზიკური პირის მეურვე, მზრუნველი ან მხარდამჭერი.

8. საარჩევნო კომისიის წევრის მიერ ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების  შეუსრულებლობა განიხილება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევად და მასზე რეაგირება განხორციელდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით.


მუხლი 23. საოლქო საარჩევნო კომისიის არჩეულ წევრთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები
საოლქო საარჩევნო კომისიის არჩეულ წევრთა დისციპლინური გადაცდომის სახეები, პასუხისმგებლობის ზომები და შეფარდების წესი განსაზღვრულია და რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.