კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე

კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 92/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 22/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016245
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
92/04
22/06/2017
ვებგვერდი, 23/06/2017
220020000.18.011.016245
კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/06/2017 - 16/03/2018)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №92/04

2017 წლის 22 ივნისი

ქ. თბილისი

 

კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 47-ე მუხლისა და 48-ე მუხლის მესამე პუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 23 მაისის №145 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების  წესი

მუხლი 1.  ზოგადი დებულებები

1. კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების  წესის (შემდგომში – წესი)  მიზანია გამჟღავნების მოთხოვნების მეშვეობით ხელი შეუწყოს საბაზრო დისციპლინის გაძლიერებას.

2. ამ წესით განსაზღვრული გამჟღავნების მოთხოვნები ბაზრის მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომს ხდის კომერციული ბანკის ძირითად ინფორმაციას, რაც განაპირობებს ბანკის წინაშე არსებული რისკებისა და საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატურობის შესახებ გამჭვირვალობის ზრდასა და ნდობის ამაღლებას.

3. ამ წესით განსაზღვრული გამჟღავნების მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკისა და უცხოური ბანკების ფილიალებისთვის (შემდგომში – ბანკი).

4. ამ წესის მიხედვით დადგენილი კაპიტალის ადეკვატურობასთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებული გამჟღავნების მოთხოვნები დაფუძნებულია პილარ 3-ზე, რომელსაც განსაზღვრავს „საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის“ ბაზელ III-ის ჩარჩო. თუ ეს წესი არ არეგულირებს ცალკეულ საკითხებს ან არ შეიცავს კონკრეტულ განმარტებას, ბანკებმა უნდა იხელმძღვანელონ „საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის“ სტანდარტებით.

5. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სანქციებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები და განსაზღვრებანი

1. ამ წესში და წინამდებარე წესის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად გამოქვეყნებულ ანგარიშგების ფორმებში (შემდგომში: ანგარიშგების ფორმა) გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) ძირითადი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ბანკის ძირითადი პირველადი კაპიტალის თანაფარდობა რისკის მიხედვით შეწონილ აქტივებთან;

ბ) პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი – ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ბანკის პირველადი კაპიტალის თანაფარდობა რისკის მიხედვით შეწონილ აქტივებთან;

გ) საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი – ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის თანაფარდობა რისკის მიხედვით შეწონილ აქტივებთან;

დ) რისკის მიხედვით შეწონილი აქტივები – ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული რისკის მიხედვით შეწონილი აქტივები;

ე) მთლიანი აქტივები – ბანკის საბალანსო უწყისით გათვალისწინებული მთლიანი აქტივები;

ვ) მთლიანი ვალდებულებები – ბანკის საბალანსო უწყისით გათვალისწინებული მთლიანი ვალდებულებები;

ზ) სააქციო კაპიტალი – ბანკის საბალანსო უწყისით გათვალისწინებული სააქციო კაპიტალი;

თ) ლიკვიდური აქტივები – აქტივები, რომელთა ფულად გარდაქმნა ფინანსურ ბაზრებზე შესაძლებელია ადვილად და დაუყოვნებლივ, მცირე დანაკარგებით ან დანაკარგების გარეშე; 

ი) მიმდინარე და მოთხოვნამდე დეპოზიტები – ბანკის საბალანსო უწყისით გათვალისწინებული მიმდინარე ანგარიშებისა და მოთხოვნამდე დეპოზიტების ჯამი;

კ) მთლიანი სესხები – ბანკის საბალანსო უწყისით გათვალისწინებული ბანკის მიერ გაცემული მთლიანი სესხები;

ლ) სშდრ – ბანკის საბალანსო უწყისით გათვალისწინებული სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი, რომელიც იქმნება ბანკის მიერ სესხების შესაძლო დანაკარგების დასაფარად, არაიდენტიფიცირებული და იდენტიფიცირებული ზარალისათვის;

მ) უმოქმედო სესხები – მთლიანი სესხებიდან ბანკის მიერ არასტანდარტული, საეჭვო და უიმედო კატეგორიად კლასიფიცირებული სესხების ჯამი;

ნ) მთლიანი სესხების წლიური ზრდის ტემპი – საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს მთლიანი სესხების მოცულობას გამოკლებული საანგარიშგებო წლის დასაწყისისათვის არსებული მთლიანი სესხების მოცულობა და გაყოფილი საანგარიშგებო წლის დასაწყისისათვის არსებული მთლიანი სესხების მოცულობაზე;

ო) წმინდა მოგება – ბანკის მოგება-ზარალის უწყისით გათვალისწინებული წმინდა მოგება;

პ) მთლიანი საპროცენტო შემოსავლები – წლიურად გაანგარიშებული მთლიანი საპროცენტო შემოსავლები;

ჟ) მთლიანი საპროცენტო ხარჯები – წლიურად გაანგარიშებული მთლიანი საპროცენტო ხარჯები;

რ) საოპერაციო შედეგი – წლიურად გაანგარიშებული ბანკის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობისგან მიღებული შედეგი, რომელიც გამოითვლება როგორც წმინდა საპროცენტო შემოსავალს მიმატებული მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლები, გარდა დილინგური ფასიანი ქაღალდებიდან, საინვესტიციო ფასიანი ქაღალდებიდან, სავალუტო სახსრების გადაფასებიდან და ქონების გაყიდვიდან მიღებული მოგება/ზარალისა და გამოკლებული მთლიანი არასაპროცენტო ხარჯები;

ს) წმინდა საპროცენტო მარჟა – წლიურად გაანგარიშებული წმინდა საპროცენტო შემოსავალი შეფარდებული საშუალო წლიურ აქტივებთან;

ტ) უკუგება საშუალო აქტივებზე – წლიურად გაანგარიშებული წმინდა მოგება შეფარდებული საშუალო წლიურ აქტივებთან;

უ) უკუგება საშუალო კაპიტალზე – წლიურად გაანგარიშებული წმინდა მოგება შეფარდებული საშუალო წლიურ სააქციო კაპიტალთან;

ფ) საზედამხედველო კონსოლიდირების დონე – ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ბანკისა და მასთან დაკავშირებული იმ საწარმოების ერთობლიობა (ასეთების არსებობის შემთხვევაში), რომლებისთვისაც გაერთიანებულად განსაზღვრულია საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა;

ქ) ბანკებისთვის განსაზღვრული ადგილობრივი ბუღალტრული აღრიცხვის წესები – ბუღალტრული აღრიცხვის წესები, რომლებიც შედგება:

ქ.ა) პარლამენტთან  არსებული ბუღალტრული  აღრიცხვის სტანდარტების  კომისიის მიერ საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმისა და ანგარიშთა გეგმის გამოყენების ინსტრუქციისგან; და

ქ.ბ) ეროვნული ბანკის მიერ ბანკებისთვის ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებით მიცემული წერილობითი მითითებებისგან;

ღ) მატერიალური ინფორმაცია – ინფორმაცია, რომლის არგამჟღავნებამ ან არასწორმა გადმოცემამ შეიძლება, გავლენა მოახდინოს იმ დაინტერესებული პირის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობა ამ ინფორმაციას;

ყ) კომერციული საიდუმლოება – ამ დებულების მიზნებისათვის ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ბანკის კონკურენტუნარიანობას. აღნიშნული შესაძლოა, მოიცავდეს ინფორმაციას პროდუქტებისა და სისტემების შესახებ, რომელთა გამჟღავნებაც ბანკის ინვესტიციებს ნაკლებად ღირებულს გახდის;

შ) კონფიდენციალური ინფორმაცია – კანონით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია ან ინფორმაცია, რომლის შესახებაც ბანკს მომხმარებლებისა და სხვა კონტრაჰენტების წინაშე ნაკისრი აქვს კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება;

ჩ) მატერიალური რისკის ამღები პირები – ბანკის მიერ იდენტიფიცირებული თანამშრომლები, რომელთა საქმიანობაც მატერიალური რისკის წარმოქმნასთან არის დაკავშირებული;

ც) მატერიალური ცვლილება – ცვლილება, რომელიც შეიცავს (ან დაკავშირებულია) მატერიალურ ინფორმაციას (ინფორმაციასთან);  

ძ) პილარ 3-ის ანგარიშგება:

ძ.ა) პილარ 3-ის კვარტალური ანგარიშგება – ანგარიშგება, რომელიც მოიცავს რაოდენობრივ ინფორმაციას ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმაში მოცემული ფიქსირებული ცხრილების, განმარტებებისა და ინსტრუქციების შესაბამისად, ან/და:

ძ.ბ) პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება – ანგარიშგება, რომელიც მოიცავს ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმასა და №2 ანგარიშგების ფორმაში მოცემულ  ფიქსირებული ცხრილებით  განსაზღვრულ რაოდენობრივ ინფორმაციასა და დამატებით, ამ წესის მე-5-მე-7 მუხლებით განსაზღვრულ ხარისხობრივ ინფორმაციას.

2. ეკონომიკური მაჩვენებლების შესადარისობისათვის, მათ გაანგარიშებაში მონაწილე ფინანსური მონაცემები აიღება საშუალო წლიური ან წლიურად გაანგარიშებული მნიშვნელობით.

3. საბალანსო მაჩვენებლების საშუალო წლიური მნიშვნელობა გაიანგარიშება, როგორც წინა კალენდარული წლის ბოლო თარიღისა და კალენდარული წლის დასაწყისიდან საანგარიშგებო პერიოდის ბოლომდე შემავალი თვეების ბოლო თარიღების მდგომარეობით არსებული მონაცემების საშუალო არითმეტიკული, კერძოდ:

ა) მარტი – (31/12, 01, 02 და 03 თვეების მონაცემების ჯამი)/4;

ბ) ივნისი – (31/12, 01, 02 ,03, 04, 05 და 06 თვეების მონაცემების ჯამი)/7;

გ) სექტემბერი – (31/12, 01, 02 ,03, 04, 05, 06, 07, 08 და 09 თვეების მონაცემების ჯამი)/10;

დ) წლიური (დეკემბერი) –  (31/12, 01, 02 ,03, 04, 05, 06, 07, 08, 09, 10, 11 და 12 თვეების მონაცემების ჯამი)/13,

სადაც 31/12 აღნიშნავს წინა კალენდარული წლის ბოლო თარიღს.

4. მოგება-ზარალის უწყისის მაჩვენებლების წლიურად გაანგარიშება წარმოებს საანგარიშგებო პერიოდის მოგება-ზარალის უწყისის შესაბამისი მონაცემის გამრავლებით ქვემოთ მითითებული პუნქტებით მოცემულ კოეფიციენტზე:

ა) მარტი – *4/1;

ბ) ივნისი – *4/2;

გ) სექტემბერი – *4/3;

დ) წლიური (დეკემბერი) – *4/4.

მუხლი 3. ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნების ძირითადი პრინციპები

1. ამ წესით დადგენილი ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნები გულისხმობს  რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინფორმაციის გამოქვეყნებას კაპიტალის ადეკვატურობის, კორპორაციული მართვისა და რისკების მართვის შესახებ. ინფორმაციის გამოქვეყნება მოითხოვება  კვარტალური და წლიური პერიოდულობით.

2. ბანკები ვალდებულნი არიან მათ მიერ წარმოდგენილ რაოდენობრივ ინფორმაციას დაურთონ შესაბამისი განმარტებები, საანგარიშგებო პერიოდებს შორის მომხდარი მატერიალური ცვლილებების ასახსნელად, ასევე, სხვა დამატებითი ინფორმაცია, რაც აუცილებელია რაოდენობრივი ინფორმაციის მართებულად აღსაქმელად ან/და რაც ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის აზრით, შესაძლოა, საინტერესო იყოს ბაზრის მონაწილეებისთვის.

3. ამ წესით დადგენილი ინფორმაციის გამჟღავნებისას უნდა არსებობდეს ბალანსი მატერიალური ინფორმაციის გამჟღავნების საჭიროებასა და კონფიდენციალური ინფორმაციისა და კომერციული საიდუმლოების დაცვას შორის. გამონაკლის შემთხვევებში, თუ ამ წესით გარკვეული სახის ინფორმაციის გამჟღავნება საჯაროდ ხელმისაწვდომს გახდის ბანკის კონფიდენციალურ ინფორმაციას ან კომერციულ საიდუმლოებას, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს ბანკის პოზიციის გამოვლენა ან შელახოს მისი სამართლებრივი უფლებები და ვალდებულებები, ბანკი არ არის ვალდებული, გაამჟღავნოს აღნიშნული ინფორმაცია. ასეთ შემთხვევებში, ბანკმა უნდა გამოაქვეყნოს შედარებით ზოგადი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე, ასევე წესის №1 და №2 ანგარიშგების ფორმების თანმხლებ კომენტარში ან/და პილარ 3-ის წლიურ ანგარიშგებაში უნდა აღნიშნოს, რომ ცალკეული ტიპის ინფორმაცია არ გამოქვეყნდა და ახსნას ამ მიდგომის მიზეზები.

4. ბანკის პილარ 3-ის ფარგლებში მომზადებული ანგარიშგებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაინტერესებული პირებისთვის. ამ მიზნით პილარ 3-ის კვარტალური და წლიური ანგარიშგებები ექვემდებარება  ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნებას ბანკისა და ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდებზე. აღნიშნული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 ცხრილები ექვემდებარება ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებას.

5. ბანკის პილარ 3-ის ანგარიშგება უნდა გამოქვეყნდეს:

ა) პილარ 3-ის კვარტალური ანგარიშგება – საანგარიშგებო კვარტლის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. კვარტალური ანგარიშგება უნდა გამოქვეყნდეს ოთხივე კვარტლისთვის;

ბ) პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება – არაუგვიანეს წლიური ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების თარიღისა.

6. ბანკის მიერ პილარ 3-ის ფარგლებში გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა ექვემდებარებოდეს, სულ მცირე, იმავე დონის შიდა განხილვისა და კონტროლის პროცესებს, რასაც ბანკის ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი ინფორმაცია.

7. ცალკეულ შემთხვევებში ბანკს შეუძლია ამ წესის მიხედვით მოთხოვნილი ინფორმაცია ან მისი ნაწილი გაამჟღავნოs პილარ 3-ის ანგარიშგებისგან დამოუკიდებელ დოკუმენტში. ასეთ შემთხვევაში, გამოქვეყნებული ინფორმაცია სრულად უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის მოთხოვნებს და პილარ 3-ის ანგარიშგებაში დეტალურად უნდა მიეთითოს წყარო,  სადაც აღნიშნული ინფორმაციაა გამოქვეყნებული.

8. ბანკის სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი პასუხისმგებელია დანერგოს და შეინარჩუნოს ფინანსური ინფორმაციის, მათ შორის პილარ 3-ის ფარგლებში, გამჟღავნების შიდა კონტროლის ეფექტური სტრუქტურა. დირექტორატმა პილარ 3-ის წლიურ ანგარიშგებაში წერილობით უნდა დაადასტუროს, რომ ანგარიშგება მომზადებულია სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებული შიდა კონტროლის პროცესების სრული დაცვით.

9. ამ წესის შესაბამის ანგარიშგების ფორმებს ეროვნული ბანკი განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე.

10. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეცვალოს ამ წესის შესაბამისი ანგარიშგების ფორმების გარკვეული ელემენტები. 

მუხლი 4. კვარტალური გამჟღავნების მოთხოვნები

ბანკები ვალდებულნი არიან კვარტალურად გაამჟღავნონ შემდეგი ინფორმაცია:

ა) ბანკის პრუდენციული საზედამხედველო მდგომარეობის, საქმიანობის ფინანსური შედეგების, საბალანსო და ბალანსგარეშე ელემენტების და რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების შესახებ ინფორმაცია წინამდებარე წესის №1 ანგარიშგების ფორმის 1-5 ცხრილების შესაბამისად;

ბ) დირექტორატის, სამეთვალყურეო საბჭოს, აქციონერებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-6 ცხრილის შესაბამისად;

გ) ფინანსურ ანგარიშგებებსა და საზედამხედველო რისკის პოზიციებს შორის კავშირები:

გ.ა) საზედამხედველო ანგარიშგების მიზნებისთვის გამოყენებული სტანდარტული საბალანსო უწყისის აქტივებსა  და საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონვას დაქვემდებარებული საბალანსო ელემენტებს შორის კავშირები ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-7 ცხრილის შესაბამისად;

გ.ბ) საზედამხედველო ანგარიშგების მიზნებისთვის გამოყენებულ საბალანსო უწყისში წარმოდგენილ საბალანსო ღირებულებებსა და კაპიტალის ადეკვატურობის გამოთვლებში გამოყენებულ საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონვას დაქვემდებარებულ რისკის პოზიციებს შორის განსხვავებების ძირითადი მიზეზები ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-8 ცხრილის შესაბამისად;

დ) საზედამხედველო კაპიტალი:

დ.ა) საზედამხედველო კაპიტალის ელემენტების ჩაშლა ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-9 ცხრილის შესაბამისად;

დ.ბ) საბალანსო უწყისისა და საზედამხედველო კაპიტალის ელემენტებს შორის კავშირები  ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-10 ცხრილის შესაბამისად;

ე) საკრედიტო რისკის პოზიციები:

ე.ა) საკრედიტო რისკის პოზიციების ჩაშლა აქტივების კლასებისა და რისკის წონების მიხედვით, სტანდარტიზებული მიდგომის თანახმად, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-11 ცხრილის შესაბამისად;

ე.ბ) ბანკის მიერ გამოყენებული საკრედიტო რისკის მიტიგაციის ფორმები ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-12 ცხრილის შესაბამისად. აღნიშნულმა უნდა მოიცვას კაპიტალის მოთხოვნების შესამცირებლად გამოყენებული საკრედიტო რისკის მიტიგაციის ყველა ფორმა და  ყველა უზრუნველყოფილი რისკის პოზიციის გამჟღავნება;

ე.გ) საბალანსო და ბალანსგარეშე რისკის პოზიციების მოცულობა საკრედიტო კონვერსიის ფაქტორისა და საკრედიტო რისკის მიტიგაციის გათვალისწინების გარეშე და მათი გათვალისწინების შემდეგ ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-13 ცხრილის შესაბამისად;

ე.დ) სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონვას დაქვემდებარებული რისკის პოზიციები ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-14 ცხრილის შესაბამისად;

ვ) კონტრაჰენტებთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციები წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-15 ცხრილის შესაბამისად;

ზ) ძირითადი ინფორმაცია სესხებზე:

ზ.ა) სასესხო პორტფელის ძირითადი მახასიათებლების ზოგადი მიმოხილვა, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-16 ცხრილის შესაბამისად;

ზ.ბ) საბალანსო და ბალანსგარეშე ელემენტების საკრედიტო ხარისხის შესახებ ყოვლისმომცველი ინფორმაცია, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-17 ცხრილის შესაბამისად;

ზ.გ) ინფორმაცია სესხებზე ყოველთვიური გადახდების შემოსავალთან შეფარდებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების შესახებ, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-18 ცხრილის შესაბამისად;

ზ.დ) სესხის მომსახურების კოეფიციენტებთან დაკავშირებული ინფორმაცია სექტორებისა და საცალო პროდუქტების მიხედვით, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის  მე-19 ცხრილის შესაბამისად.

მუხლი 5. პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება

1. ბანკის მიერ გამოსაქვეყნებელი პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება მოიცავს ამ წესის №1 და №2 ანგარიშგების ფორმებში მოცემული ცხრილებით განსაზღვრულ რაოდენობრივ ინფორმაციასა და ამ მუხლსა და წესის მე-6 და მე-7 მუხლებში მოცემულ ხარისხობრივ ინფორმაციას.

2. ბუღალტრული და საზედამხედველო კონსოლიდირების დონით გამოწვეული განსხვავებების,  აგრეთვე ფინანსური და საზედამხედველო ანგარიშგების ჩარჩოებს შორის განსხვავებების ანალიზის მიზნით, ბანკები ვალდებულნი არიან პილარ 3-ის წლიურ ანგარიშგებაში წარმოადგინონ:

ა) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შედგენილ და გამოქვეყნებულ ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში წარმოდგენილი მუხლების ღირებულებების შედარება იმავე მუხლების შესაბამის ღირებულებებთან საზედამხედველო კონსოლიდირების დონეზე ამ წესის №2 ანგარიშგების ფორმის მე-20 ცხრილის შესაბამისად. ბანკები ვალდებულნი არიან განმარტონ ღირებულებებს შორის არსებული მატერიალური განსხვავებები;

ბ) საზედამხედველო კონსოლიდირების დონეზე ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში წარმოდგენილი ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ღირებულებების შედარება იმავე მუხლების იმ ღირებულებებთან, რომლებიც დათვლილია  ბანკებისთვის განსაზღვრული ადგილობრივი ბუღალტრული აღრიცხვის წესების მიხედვით ამ წესის №2 ანგარიშგების ფორმის მე-20 ცხრილის შესაბამისად. ბანკები ვალდებულნი არიან, განმარტონ ღირებულებებს შორის არსებული მატერიალური განსხვავებები;

გ) საზედამხედველო კონსოლიდირების დონეზე ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმოდგენილი ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების მუხლების ღირებულებების კავშირი (გადანაწილება) საზედამხედველო ანგარიშგების მიზნებისთვის შედგენილი სტანდარტიზებული საბალანსო უწყისის მუხლებთან ამ წესის №2 ანგარიშგების ფორმის მე-20 ცხრილის შესაბამისად;

დ) ყველა იმ საწარმოს ჩამონათვალი, რომელიც კონსოლიდირდება ფინანსური და/ან საზედამხედველო ანგარიშგების მიზნებისთვის, მათი შესაბამისი კონსოლიდირების მეთოდის მითითებით ამ წესის №2 ანგარიშგების ფორმის 21-ე ცხრილის შესაბამისად.

3. ბანკებმა უნდა გაამჟღავნონ საოპერაციო რისკებთან დაკავშირებული რაოდენობრივი ინფორმაცია ამ წესის №2 ანგარიშგების ფორმის 22-ე და 23-ე ცხრილების შესაბამისად.

მუხლი 6. ხარისხობრივი ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნები

1. ბანკებმა პილარ 3-ის წლიურ ანგარიშგებაში უნდა გაამჟღავნონ ინფორმაცია ბანკის მფლობელობასა და ჯგუფის სტრუქტურის შესახებ. აღნიშნული უნდა მოიცავდეს ბანკის მონათესავე საწარმოებსა და ბანკის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. დაინტერესებული პირების მიერ აღნიშნული ინფორმაციის უკეთ აღსაქმელად, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნეს სქემატური ილუსტრაციები.

2. ბანკებმა პილარ 3-ის წლიურ ანგარიშგებაში კორპორაციული მართვის შესახებ უნდა გაამჟღავნონ შემდეგი ხარისხობრივი ინფორმაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ა) აქციონერებისა და აქციონერთა კრების მიმოხილვა, მათი უფლებები და პოლიტიკის მიმოხილვები, რომლითაც რეგულირდება აქციონერთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.

ბ) სამეთვალყურეო საბჭოს აღწერა:

ბ.ა) სამეთვალყურეო საბჭოსა და საბჭოს კომიტეტების ფუნქცია-მოვალეობები და შემადგენლობა;

ბ.ბ) პოლიტიკა და წესები, თუ როგორ განისაზღვრება წევრების დამოუკიდებლობა და თითოეული დამოუკიდებელი წევრის დამოუკიდებლად მიჩნევის შესახებ არგუმენტები;

ბ.გ) საბჭოს დაბალანსებულობის შეფასება (განათლება, გამოცდილება,  დომინანტი პირის რისკი და ა. შ.);

ბ.დ) ბანკის საქმიანობაში საბჭოს ჩართულობის აღწერა. მათ შორის, რა სიხშირით განიხილავს და ამტკიცებს საბჭო რისკების მართვასთან დაკავშირებულ პოლიტიკებს;

ბ.ე) საბჭოსა და კომიტეტების კრებების ჩატარების სიხშირე, წევრების დასწრების სტატისტიკა და კრებებზე განხილული საკითხების თემატური მიმოხილვა;

ბ.ვ) საბჭოს, საბჭოს კომიტეტების და მათი წევრების საქმიანობის შეფასება და შეფასების პროცესის აღწერა. აღნიშნული მოიცავს, როგორც საბჭოს მიერ საკუთარი საქმიანობის შეფასებას, ასევე გარე შემფასებლის შეფასებებს;

ბ.ზ) პასუხისმგებლობის დელეგირების სისტემა – რა ტიპის გადაწყვეტილებებს იღებს საბჭო და რა ტიპის გადაწყვეტილებების დელეგირების უფლებამოსილება გააჩნია აღმასრულებელ ერთეულზე;

გ) ჰოლდინგური სტრუქტურის არსებობის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები მოიცავს ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოსა და მასთან არსებული კომიტეტების აღწერას. ასევე, მათ მიერ ბანკის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესის მიმოხილვას;

დ) დირექტორატის აღწერა:

დ.ა) დირექტორატისა და აღმასრულებელ დონეზე არსებული კომიტეტების შემადგენლობა;

დ.ბ) დირექტორატის წევრთა შერჩევის პოლიტიკა, მათი განათლება, გამოცდილება და უნარები;

დ.გ) დირექტორატის მიმოხილვა პასუხისმგებელი სფეროების მიხედვით.

3. ბანკის რისკის პროფილისა და რისკის აპეტიტის შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად, ბანკებმა პილარ 3-ის წლიურ ანგარიშგებაში უნდა გაამჟღავნონ შემდეგი ხარისხობრივი ინფორმაცია რისკების მართვისა და შიდა კონტროლის სისტემების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ა) ბანკის სტრატეგია და მასთან დაკავშირებული რისკების შეფასება და მართვა  სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის მიერ;

ბ) სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბანკის რისკის პროფილისა და ბიზნეს მოდელის ურთიერთკავშირი;

გ) რისკის მართვის სტრუქტურა, რომელიც რისკების სახეების მიხედვით (საკრედიტო რისკი, საბაზრო რისკი, ლიკვიდობის რისკი, საოპერაციო რისკი და ა.შ.) უნდა მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა კონტროლი და უფლებამოსილების დელეგირება, მოვალეობების, პოლიტიკებისა და ჩარჩოს აღწერა, რისკის მართვის პროცესში ჩართულ სტრუქტურულ ერთეულებს შორის, (სამეთვალყურეო საბჭო, აღმასრულებელი მენეჯმენტი, დამოუკიდებელი რისკების ფუნქცია, რისკების მართვის სტრუქტურა, შესაბამისობის სამსახური, შიდა აუდიტის კომიტეტი) კავშირების აღწერა;

დ) რისკის კულტურის კომუნიკაციის, შემცირებისა და აღსრულების საშუალებები, მათ შორის, ბანკის ეთიკის კოდექსი, საოპერაციო ლიმიტების, დარღვევათა რეგულირების პროცედურების, რისკის ზღვრების დარღვევის სახელმძღვანელო; ბიზნეს ხაზსა და რისკის ფუნქციას შორის საკითხების მიმოცვლის და თანამშრომლობის პროცედურები, რისკების მართვის ფუნქციის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პროცესები;

ე) სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატთან რისკების შესახებ ანგარიშგების პროცესის აღწერა, კერძოდ, ანგარიშგების დონე და რისკის პოზიციის შესახებ ანგარიშგების ძირითადი შემადგენელი ნაწილები;

ვ) ინფორმაცია ბანკის მიერ რისკების მართვაში გამოყენებული სტრეს-ტესტების შესახებ;

ზ) რისკის მართვის, ჰეჯირებისა და მიტიგაციის სტრატეგიებისა და პროცესების ეფექტურობის მონიტორინგის პროცესები.

თ) ინფორმაცია საკრედიტო რისკის მიტიგაციის შესახებ:

თ.ა) უზრუნველყოფის შეფასებისა და მართვის ძირითადი პოლიტიკა და პროცედურები;

თ.ბ) ბანკის მიერ მიღებული უზრუნველყოფის საშუალებების ძირითადი სახეების მახასიათებლები;

თ.გ) ინფორმაცია საკრედიტო რისკის კონცენტრაციის შესახებ მიტიგაციის ინსტრუმენტების მიხედვით;

თ.დ) უზრუნველყოფაში მიღებული გარანტიებისა და კონტრაჰენტების  ძირითადი ტიპები;

ი) ბანკის მიერ სტანდარტიზებული მიდგომის გამოყენების შესახებ ინფორმაციის შესავსებად, ბანკებმა უნდა გაამჟღავნონ ხარისხობრივი ინფორმაცია მათ მიერ საკრედიტო შეფასების გარე ინსტიტუტების (სშგი) საკრედიტო რეიტინგების გამოყენების შესახებ, კერძოდ:

ი.ა) იმ სშგი-ების დასახელებები, რომელთა საკრედიტო შეფასებებსაც იყენებს ბანკი და საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში სშგი-ს ნებისმიერი ცვლილების გამომწვევი მიზეზები;

ი.ბ) იმ აქტივების კლასები, რომლებისთვისაც გამოიყენება თითოეული სშგი.

მუხლი 7. ანაზღაურების პოლიტიკის გამჟღავნების მოთხოვნები

1. ანაზღაურების პოლიტიკის შესახებ ბაზრის მონაწილეების ინფორმირებისათვის ბანკებმა პილარ 3-ის წლიურ ანგარიშში უნდა გაამჟღავნონ ანაზღაურების პრაქტიკასთან დაკავშირებული რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემები. რაოდენობრივი მონაცემები მოიცავს ანაზღაურების  მოცულობას უმაღლესი მენეჯმენტისა და სხვა მატერიალური რისკების ამღები პირების მიხედვით ამ წესის №2 ანგარიშგების ფორმის 24-ე-27-ე ცხრილების შესაბამისად.

2. უმაღლესი მენეჯმენტისა და სხვა მატერიალური რისკის ამღები პირებისთვის, ბანკებმა, არსებობის შემთხვევაში, უნდა გაამჟღავნონ შემდეგი ინფორმაცია ანაზღაურების პოლიტიკასთან და პრაქტიკასთან დაკავშირებით:

ა) ინფორმაცია იმ სტრუქტურულ ერთეულებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ანაზღაურებას:

ა.ა) ანაზღაურების განმსაზღვრელი სტრუქტურული ერთეულის დასახელება და შემადგენლობა;

ა.ბ) ინფორმაცია გარე კონსულტანტების შესახებ, რომელთა კონსულტაცია გაითვალისწინება ანაზღაურების განსაზღვრისას, ამასთან, ინფორმაცია, თუ რომელი ორგანოს მიერ მიენიჭათ მათ აღნიშნული უფლებამოსილება და რა სფეროში;

ა.გ) ბანკის ანაზღაურების პოლიტიკის სტრუქტურის აღწერა ბიზნეს ხაზების მიხედვით;

ა.დ) პოზიციების აღწერა, რომლებიც მიეკუთვნებიან უმაღლეს მენეჯმენტსა და  სხვა მატერიალური რისკის ამღებ პირთა ჯგუფს და თითოეულ ჯგუფში თანამშრომელთა რაოდენობა;

ბ) ანაზღაურების გეგმასა და სტრუქტურასთან დაკავშირებული ინფორმაცია:

ბ.ა) ანაზღაურების პოლიტიკის ძირითადი მიზნები და მახასიათებლები;

ბ.ბ) სამეთვალყურეო საბჭოს დონეზე ანაზღაურების კომიტეტის არსებობის შემთხვევაში, საანგარიშგებო პერიოდში კომიტეტის მიერ განხილული პოლიტიკა ან/და მასში შეტანილი ცვლილებები;

ბ.გ) პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს რისკების ფუნქციისა და შესაბამისობის სამსახურის თანამშრომელთა ანაზღაურების მათივე საქმიანობისგან დამოუკიდებლობას.

გ) არსებული და მოსალოდნელი რისკების გავლენა ანაზღაურებაზე:

გ.ა) ძირითადი რისკების მიმოხილვა, რომლებიც გაითვალისწინება ანაზღაურების  განსაზღვრისას;

გ.ბ) იმ ძირითადი მაჩვენებლების აღწერა, რომლებიც მხედველობაში მიიღება ამ მუხლის „გ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისი რისკების გასათვალისწინებლად, მათ შორის, რთულად გასაზომი რისკების;

გ.გ) მოცემული მაჩვენებლების ანაზღაურებაზე გავლენის ანალიზი;

გ.დ) მაჩვენებლების ცვლილების ანალიზი საანგარიშგებო პერიოდში, ცვლილებების მიზეზები და ამ ცვლილებების გავლენა ანაზღაურებაზე;

დ) პროცესების აღწერა, რომელთა მეშვეობითაც საანგარიშგებო პერიოდის საქმიანობის შედეგები აისახება ანაზღაურებაზე:

დ.ა) საქმიანობის შედეგების ძირითადი მაჩვენებლების მიმოხილვა, როგორც მთლიანად ბანკისთვის, ასევე უმაღლესი მენეჯმენტის ფუნქციებისა და პირების მიხედვით;

დ.ბ) ბანკისა და ინდივიდუალურ პირთა საქმიანობის შედეგების გავლენა ინდივიდუალურ ანაზღაურებაზე;

დ.გ) ბანკის საქმიანობის არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში, ანაზღაურების მაკორექტირებელი ღონისძიებების ანალიზი;

ე) პროცესების აღწერა, რომელთა მეშვეობითაც ანაზღაურება კორექტირდება შედარებით გრძელვადიან შედეგებთან მიმართებაში:

ე.ა) გადავადებულ ანაზღაურებასთან დაკავშირებული პოლიტიკის აღწერა; იმ შემთხვევაში, თუ ანაზღაურების გადავადებული ნაწილი განსხვავდება თანამშრომლებს ან თანამშრომელთა ჯგუფებს შორის, იმ ფაქტორების აღწერა, რომლებიც განაპირობებენ ამ განსხვავებას და მათი შედარებითი მნიშვნელობა;

ე.ბ) ბანკის პოლიტიკისა და კრიტერიუმების ანალიზი, რომელთა მეშვეობითაც ხდება გადავადებული ანაზღაურების კორექტირება, განაღდებამდე და განაღდების შემდეგ ჯარიმების/სანქციების მეშვეობით;

ვ) ცვალებადი ანაზღაურების განსხვავებული ფორმების აღწერა, რომლებსაც ბანკი იყენებს და  ანაზღაურების ამ ფორმების გამოყენების არგუმენტაცია:

ვ.ა) ცვალებადი ანაზღაურების ფორმების მიმოხილვა (მაგ: ნაღდი ფული, აქციები, აქციებთან დაკავშირებული ინსტრუმენტები და სხვა ფორმები);

ვ.ბ) ცვალებადი ანაზღაურების სხვა ფორმების აღწერა, ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ცვალებადი ანაზღაურების სხვადასხვა ფორმის კომბინაცია განსხვავდება თანამშრომლებს ან თანამშრომელთა ჯგუფებს შორის, იმ ფაქტორების აღწერა, რომლებიც განსაზღვრავენ კომბინაციას და მათი შედარებითი მნიშვნელობა;

ვ.გ) საქმიანობის შედეგების საზომი კრიტერიუმები, რომლებიც გამოიყენება აქციების, ოფციონებისა და ანაზღაურების ცვალებადი კომპონენტების მისანიჭებლად;

ზ) თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთა ანაზღაურებამაც ფინანსური წლის განმავლობაში გადააჭარბა 1 მილიონ ლარს;

თ) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება ბანკისგან აქციონერის ან ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ და რომელთა გადახდაც დაკავშირებულია ამ პირის მიერ ბანკისთვის გაწეულ მომსახურებასთან, ექვემდებარება პილარ 3-ის წლიურ ანგარიშში გამოქვეყნებას. გამჟღავნებას დაქვემდებარებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, თითოეული აქციონერის მიერ მიღებული ანაზღაურების მოცულობას, ანაზღაურების ფორმებისა და გაწეული მომსახურების აღწერას. ამ მოთხოვნის მიზნებისთვის არ გაითვალისწინება ის აქციონერები, რომლებსაც აქვთ აღმასრულებელი ფუნქციები ბანკში ან/და რომელთა წილი  ბანკის განაღდებულ კაპიტალში 2%-ზე ნაკლებია.

მუხლი 8. გარდამავალი დებულებები

1. ბანკები ვალდებული არიან 2018 წლის ივნისამდე მიიღონ შესაბამისი ზომები თავიანთი ანგარიშგების სისტემებისა და შესაბამისი პროცესების გამართვის მიზნით, რათა უზრუნველყონ ამ წესით განსაზღვრული გამჟღავნების მოთხოვნების ეფექტური შესრულება.

2. ბანკებმა ამ წესით განსაზღვრული პილარ 3-ის პირველი კვარტალური ანგარიშგება უნდა გამოაქვეყნონ 2017 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, 2017 წლის 31 ივლისამდე.

3. ბანკებმა ამ წესით განსაზღვრული პილარ 3-ის პირველი წლიური ანგარიშგება უნდა წარმოადგინონ 2017 წლის მდგომარეობით, არაუგვიანეს 2018 წლის 15 მაისისა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გარდამავალ პერიოდში პილარ 3-ის კვარტალური და წლიური ანგარიშგების გამოქვეყნებისას ბანკები გათავისუფლებული არიან წინამდებარე წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისგან. აღნიშნულის მიუხედავად, ბანკებს ევალებათ მე-4 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ანგარიშგებების ეროვნულ ბანკში წარმოდგენა.

5. წინამდებარე წესის №1 და №2 ანგარიშგების ფორმების ცხრილებში მოცემული წინა წლის ანალოგიური პერიოდების მაჩვენებლების შევსება ანგარიშგების პირველი თარიღისათვის სავალდებულოა მხოლოდ ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესის №1 ანგარიშგების ფორმის 1-3 ცხრილებისათვის.

6. 2018 წლიდან ბანკებს აღარ ექნებათ წესის №1 ანგარიშგების ფორმის 1-ლი ცხრილით მოთხოვნილი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 12 თებერვლის №18/04 ბრძანებით განსაზღვრული ბაზელ I-ის ჩარჩოზე დაფუძნებული პირველადი და საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტების გამჟღავნების ვალდებულება.


18. 29/12/2023 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 398/04 - ვებგვერდი, 29/12/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 17. 31/03/2023 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 68/04 - ვებგვერდი, 03/04/2023 16. 29/12/2022 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 196/04 - ვებგვერდი, 30/12/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 15. 31/08/2022 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 114/04 - ვებგვერდი, 01/09/2022 14. 27/06/2022 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 68/04 - ვებგვერდი, 28/06/2022 13. 19/10/2021 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 147/04 - ვებგვერდი, 20/10/2021 12. 30/07/2021 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 111/04 - ვებგვერდი, 30/07/2021 11. 01/06/2021 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 70/04 - ვებგვერდი, 02/06/2021 10. 29/04/2021 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 55/04 - ვებგვერდი, 29/04/2021 9. 28/01/2021 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 8/04 - ვებგვერდი, 29/01/2021 8. 27/10/2020 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 191/04 - ვებგვერდი, 28/10/2020 7. 27/04/2020 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 87/04 - ვებგვერდი, 28/04/2020 6. 31/03/2020 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 60/04 - ვებგვერდი, 31/03/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 27/12/2019 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 255/04 - ვებგვერდი, 30/12/2019 4. 25/06/2019 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 110/04 - ვებგვერდი, 27/06/2019 3. 30/01/2019 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 14/04 - ვებგვერდი, 31/01/2019 2. 27/06/2018 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 115/04 - ვებგვერდი, 28/06/2018 1. 16/03/2018 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 45/04 - ვებგვერდი, 16/03/2018