წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ

წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 969-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 15/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 480330000.05.001.018531
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
969-IIს
15/06/2017
ვებგვერდი, 30/06/2017
480330000.05.001.018531
წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1

ეს კანონი, ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების (შემდგომ −  ჟენევის კონვენციები) და მათი დამატებითი ოქმების შესაბამისად, იცავს: 

ა) თეთრ ფონზე წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებს (შემდგომ − ემბლემა). წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ემბლემები მოცემულია ჟენევის კონვენციების პირველი დამატებითი ოქმის პირველ დანართში, ხოლო წითელი კრისტალის ემბლემა − ჟენევის კონვენციების მესამე დამატებით ოქმში;

ბ) სახელწოდებებს − „წითელი ჯვარი“, „წითელი ნახევარმთვარე“ და  „წითელი კრისტალი“;

გ) სამედიცინო დაწესებულების, სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებისა და სამედიცინო პერსონალის იდენტიფიცირებისთვის განკუთვნილ ემბლემას − განმასხვავებელ ნიშნებს, რომლებიც მოცემულია  ჟენევის კონვენციების პირველი დამატებითი ოქმის პირველ დანართსა და ჟენევის კონვენციების მესამე დამატებით ოქმში.

მუხლი 2

1. ემბლემა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ კანონით, ჟენევის კონვენციებითა და მათი დამატებითი ოქმებით გათვალისწინებულ ყველა შემთხვევაში:

ა) დამცავი ფუნქციით;

ბ) განმასხვავებელი ფუნქციით.

2. შეიარაღებული კონფლიქტის დროს ემბლემა გამოიყენება დამცავი ფუნქციით, შეიარაღებული ძალების სამედიცინო პერსონალის, სამედიცინო დაწესებულებისა და სამედიცინო სატრანსპორტო საშუალების აღსანიშნავად ჟენევის კონვენციებისა და მათი დამატებითი ოქმების შესაბამისად. დამცავი ფუნქციით გამოყენებული ემბლემა მისი შორი მანძილიდან იდენტიფიცირებისათვის შეძლებისდაგვარად დიდი ზომის უნდა იყოს.

3. ემბლემა განმასხვავებელი ფუნქციით გამოიყენება პირის ან ობიექტის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობასთან კავშირის ხაზგასმით აღსანიშნავად. განმასხვავებელი ფუნქციით გამოყენებული ემბლემა დამცავი ფუნქციით გამოყენებულ ემბლემაზე მცირე ზომის უნდა იყოს.

მუხლი 3

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უფლებამოსილია გამოიყენოს თეთრ ფონზე წითელი ჯვრის ემბლემა ჟენევის კონვენციებითა და მათი დამატებითი ოქმებით, „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ყველა გარემოების არსებობისას.

თავი II. ემბლემის დამცავი ფუნქციით გამოყენება

მუხლი 4

1. საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის დროს ემბლემის დამცავი ფუნქციით გამოყენების უფლება აქვთ:

ა) საქართველოს თავდაცვის ძალების სამედიცინო სამსახურს მათი სამედიცინო პერსონალის, სამედიცინო ქვედანაყოფისა და სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების აღსანიშნავად. სასულიერო პირი, რომელიც ახლავს საქართველოს თავდაცვის ძალებს, სარგებლობს ისეთივე დაცვით, როგორითაც სარგებლობს საქართველოს თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი, და უფლებამოსილია იდენტიფიცირებულ იქნეს ემბლემით;

ბ) სამედიცინო მომსახურების გამწევ სუბიექტებს, მათ შორის, საავადმყოფოს და სხვა სამედიცინო დაწესებულებას, სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებასა და სამედიცინო პერსონალს, რომლებსაც ევალებათ შეიარაღებული კონფლიქტის ან სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს დაჭრილების, ავადმყოფების ან საზღვაო კატასტროფის შედეგად დაზარალებულთა ტრანსპორტირება ან მათთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა;

გ) საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პერსონალს, სამედიცინო დაწესებულებასა და სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებას, რომლებიც საქართველოს თავდაცვის ძალების სამედიცინო სამსახურის განკარგულებაში იმყოფებიან და უფლებამოსილი არიან, გამოიყენონ ემბლემა დამცავი ფუნქციით ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

2. საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის დროს ემბლემის დამცავი ფუნქციით გამოყენების უფლება შეიძლება მიეცეთ სხვა ორგანიზაციების მოხალისე სამედიცინო პერსონალს, სამედიცინო დაწესებულებასა და სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებას, რომლებიც მოწვეული არიან შეიარაღებული ძალების სამედიცინო სამსახურებისთვის დახმარების გასაწევად შეიარაღებული კონფლიქტის მხარეების მიერ და შეიარაღებულ ძალებს ექვემდებარებიან.

3. ამ მუხლში აღნიშნული პირებისა და დაწესებულებების შესახებ  ინფორმაცია შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარეს მიეწოდება.

საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3597 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

მუხლი 5

ამ კანონის მე-4 და მე-8 მუხლებში აღნიშნული პირებისა და დაწესებულებების თითოეული კატეგორიის (მათ შორის, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პერსონალის) მიერ ემბლემის დამცავი ფუნქციით გამოყენების საერთო ნებართვას გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

მუხლი 6

1. ამ კანონის მე-4 და მე-15 მუხლებში აღნიშნულ პირებს და აღნიშნული დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც აქვთ შეიარაღებული კონფლიქტის დროს ემბლემის დამცავი ფუნქციით გამოყენების უფლება, თან უნდა ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ამ მოწმობის ფორმა და შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს ჟენევის კონვენციებითა და მათი პირველი დამატებითი ოქმის პირველი დანართით დადგენილ სტანდარტებს, მათ შორის, მოწმობაზე უნდა იყოს ფოტოსურათი და ბეჭედი ემბლემის გამოსახულებით. აღნიშნული პირები უფლებამოსილი არიან, ატარონ სამკლავური ემბლემის გამოსახულებით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ მოწმობებსა და სამკლავურებს აღრიცხავს და გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

მუხლი 7

შუქსიგნალი, რადიოსიგნალი და ელექტროსიგნალი გამოიყენება ჟენევის კონვენციების პირველი დამატებითი ოქმის შესაბამისად.

მუხლი 8

საქართველოს თავდაცვის ძალების სამედიცინო-სანიტარიულ სამსახურს თავისი პერსონალისა და სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების აღსანიშნავად ემბლემის დამცავი ფუნქციით გამოყენების უფლება აქვს როგორც შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ისე მშვიდობიან პერიოდში.  

საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის  კანონი №3597 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

თავი III. ემბლემის განმასხვავებელი ფუნქციით გამოყენება

მუხლი 9

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უფლებამოსილია გამოიყენოს თავისი ლოგო, რომელზედაც გამოსახულია წითელი ჯვრის ემბლემა და წარწერა „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“, ნებისმიერი საქმიანობის განხორციელებისას ამ კანონის, ჟენევის კონვენციებისა და მათი დამატებითი ოქმების შესაბამისად.

მუხლი 10

მშვიდობიან პერიოდში ემბლემა განმასხვავებელი ფუნქციით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანხმობით შესაძლებელია გამოიყენონ სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ, პირველადი სამედიცინო დახმარების გამწევმა სატრანსპორტო საშუალებამ და სამედიცინო დაწესებულებამ, რომლებიც სამედიცინო დახმარებას ავადმყოფებსა და დაშავებულებს უწევენ.

მუხლი 11

1. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უფლებამოსილია გამოიყენოს წითელი ჯვრის ემბლემა სახელწოდებასთან და ინიციალებთან ერთად შეიარაღებული კონფლიქტის დროს და ბუნებრივი კატასტროფის ზონაში, თავისი პერსონალის, დანაყოფისა და სატრანსპორტო საშუალების აღსანიშნავად ჟენევის კონვენციებისა და მათი დამატებითი ოქმების და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მე-20 საერთაშორისო კონფერენციის მიერ მიღებული რეგულაციის (შემდგომ − რეგულაცია) შესაბამისად. ამ შემთხვევაში ემბლემა მცირე ზომის უნდა იყოს.

2. სხვა სახელმწიფოს წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის ან წითელი კრისტალის ეროვნული საზოგადოება უფლებამოსილია, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შუამდგომლობითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიყენოს ემბლემა განმასხვავებელი ფუნქციით ან საკუთარი ლოგო ამ კანონით განსაზღვრული პირობების დაცვით.

მუხლი 12

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უფლებამოსილია გამოიყენოს თავისი ლოგო ბეჭდვით პროდუქციაზე, სარეკლამო მასალებსა და გასაყიდ საგნებზე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ფუნდამენტური პრინციპების, რეგულაციის, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის მიერ მიღებული შესაბამისი რეზოლუციებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ შემთხვევაში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ლოგო ისე უნდა იყოს გამოსახული, რომ შენარჩუნებული ჰქონდეს თავისი ფუნქცია.

მუხლი 13

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უფლებამოსილია გამოიყენოს თავისი ლოგო მისი საქმიანობის ხელშესაწყობად/წასახალისებლად და სახსრების მოსაზიდად წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ფუნდამენტური პრინციპების, რეგულაციის, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის მიერ მიღებული შესაბამისი რეზოლუციებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი IV. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების, სხვა სახელმწიფოს წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის ან წითელი კრისტალის ეროვნული საზოგადოების, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის  ეროვნული საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის მიერ ემბლემისა და შესაბამისი სახელწოდებების გამოყენება

მუხლი 14

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნული საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაცია და მათი პერსონალი უფლებამოსილი არიან, გამოიყენონ ემბლემა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი საქმიანობის განხორციელებისას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

მუხლი 15

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაუშვებელია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედმა ორგანიზაციამ, გარდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა, სხვა სახელმწიფოს წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის ან წითელი კრისტალის ეროვნული საზოგადოებისა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნული საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციისა, გამოიყენოს სახელწოდება − „წითელი ჯვარი“, „წითელი ნახევარმთვარე“ ან „წითელი კრისტალი“ ან მისთვის მიმსგავსებული სახელწოდება, რომელსაც შესაბამისი გარემოების გათვალისწინებით შეცდომაში შეჰყავს ობიექტური დამკვირვებელი.

თავი V. პასუხისმგებლობა

მუხლი 16

ემბლემისა და შესაბამისი სახელწოდებების ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოყენება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 17

დაუშვებელია ისეთი სახელწოდების რეგისტრაცია, დომენის სახელის რეგისტრაცია, სავაჭრო, კომერციული ან სხვა ნიშნის გაცემა, კომერციული ნიშნის ან ინდუსტრიული მოდელის დიზაინის შემუშავება, რომელშიც გამოიყენება ემბლემა ან სახელწოდება − „წითელი ჯვარი“, „წითელი ნახევარმთვარე“ ან „წითელი კრისტალი“ ან მისთვის მიმსგავსებული სახელწოდება, რომელსაც შესაბამისი გარემოების გათვალისწინებით შეცდომაში შეჰყავს ობიექტური დამკვირვებელი.

თავი VI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

მუხლი 18

იმ პირებს, რომლებიც საქართველოს მიერ ჟენევის კონვენციების მესამე დამატებითი ოქმის სავალდებულოდ აღიარებამდე იყენებდნენ წითელი კრისტალის ემბლემას ან სახელწოდებას „წითელი კრისტალი“ ან ისეთ ნიშანს, რომელიც მისი იმიტაციაა, უფლება აქვთ, კვლავ გამოიყენონ ეს სიმბოლო იმ პირობებით, რომ შეიარაღებული კონფლიქტის დროს აღნიშნული პირები მას იმგვარად არ გამოიყენებენ, თითქოს ისინი ჟენევის კონვენციებითა და მათი დამატებითი ოქმებით გათვალისწინებული დაცვით სარგებლობენ, და რომ ამ სიმბოლოს გამოყენების უფლება აღნიშნულ პირებს ამ კანონის მიღებამდე ჰქონდათ მინიჭებული.

მუხლი 19

1. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 15 ივლისიდან.

2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ემბლემებისა და სახელწოდებების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 2 ოქტომბრის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №43, 30.10.1997, გვ. 8).


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

15 ივნისი 2017 წ.

N969-IIს