,,ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს ან ხელისუფლების ორგანოებს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ სახელმძღვანელო ევროპული კონვენცია”

,,ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს ან ხელისუფლების ორგანოებს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ სახელმძღვანელო ევროპული კონვენცია”
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/05/1980
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 01/03/2007
ძალაში შესვლის თარიღი 25/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000639
-
21/05/1980
გაურკვეველი, -, 01/03/2007
480610000.03.030.000639
,,ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს ან ხელისუფლების ორგანოებს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ სახელმძღვანელო ევროპული კონვენცია”
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ან ხელისუფლების ორგანოებს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ სახელმძღვანელო ევროპული კონვენცია

მადრიდი, 21 მაისი 1980 წ.

პრეამბულა

ამ კონვენციის ხელმომწერი ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები,

ითვალისწინებენ რა, რომ ევროპის საბჭოს მიზანს წარმოადგენს მის წევრებს შორის უფრო დიდი ერთიანობის მიღწევა და მათ შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა;

ითვალისწინებენ, რა რომ ევროპის საბჭოს წესდების 1-ლი მუხლის მიხედვით, ამ მიზნის მიღწევა უნდა განხორციელდეს, კერძოდ, ადმინისტრაციულ სფეროში შეთანხმებების დადების მეშვეობით;

ითვალისწინებენ რა ამ მიზნის მიღწევისათვის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ან ხელისუფლების ორგანოების თანამშრომლობის პოტენციურ მნიშვნელობას მოსაზღვრე რაიონებში ისეთ სფეროებში, როგორიცაა რეგიონალური, საქალაქო და სასოფლო განვითარება, გარემოს დაცვა, საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურისა და მომსახურეობების გაუმჯობესება და ურთიერთდახმარება საგანგებო მდგომარეობების დროს;

განიხილავენ რა, რომ ევროპის საბჭო უზრუნველყოფს ტერიტორიების ერთეულების ან ხელისუფლების ორგანოების მონაწილეობას მათი მიზნების განხორციელებაში;

მხედველობაში იღებენ რა წარსულის გამოცდილებას, რომელიც გვიჩვენებს, რომ თანამშრომლობა ხელისუფლების ადგილობრივ და რეგიონალურ ორგანოებს შორის ევროპაში უადვილებს მათ თავიანთი ამოცანების სათანადოდ შესრულებას და, კერძოდ, ხელს უწყობს მოსაზღვრე რეგიონების გაუმჯობესებასა და განვითარებას;

გადაწყვიტეს რა მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ამგვარ თანამშრომლობას და ამ გზით წვლილი შეიტანონ მოსაზღვრე რეგიონების ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესსა და მეგობრული სულისკვეთების გაძლიერებაში, რაც აერთიანებს ევროპის ხალხებს,

 შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

თითოეული ხელშემკვრელი მხარე იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს და წაახალისოს ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა მის იურისდიქციაში შემავალ ადმინისტრაციულ- ტერიტორიულ ერთეულებს ან ხელისუფლების ორგანოებსა და სხვა ხელშემკვრელი მხარეების იურისდიქციაში შემავალ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს ან ხელისუფლების ორგანოებს შორის. იგი ეცდება ხლი შეუწყოს ნებისმიერი შეთანხმების ან ხელშეკრულების დადებას, რომელიც შეიძლება აუცილებელი იყოს ამ მიზნით, თითოეული მხარის განსხვავებული კონსტიტუციური დებულებების სათანადოდ გათვალისწინებით.

მუხლი 2

1. ამ კონვენციის მიზნებისათვის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა ნიშნავს ნებისმიერ ერთობლივ აქციას, რომელიც მოწოდებულია გააძლიეროს და წაახალისოს კეთილმეზობლური ურთიერთობები ორი ან მეტი ხელშემკვრელი მხარის იურისდიქციაში შემავალ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს შორის, და ამ მიზნით, ნებისმიერი შეთანხმების ან ხელშეკრულების დადებას. ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა განხორციელდება ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ან ხელისუფლების ორგანოების შიდა სამართლით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში. ეს კონვენცია არ შეცვლის ამგვარი უფლებამოსილებების ფარგლებსა და ბუნებას.

 2. ამ კონვენციის მიზნებისათვის გამოთქმა − „ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები ან ხელისუფლების ორგანოები“ ნიშნავს ერთეულებს, ხელისუფლების ორგანოებს ან სხვა ორგანოებს, რომლებიც ახორციელებენ ადგილობრივ ან რეგიონალურ ფუნქციებს და განიხილებიან ასეთებად თითოეული სახელმწიფოს შიდა სამართლით. ამასთან, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს, ამ კონვენციის ხელმოწერის ან ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისთვის შემდგომი შეტყობინების გაგზავნის გზით შეუძლია დაასახელოს ის ერთეულები, ხელისუფლების ორგანოები ან სხვა ორგანოები, რომელთა სუბიექტებითა და ფორმებით იგი აპირებს შეზღუდოს ამ კონვენციის გამოყენების ფარგლებიდან ან რომელთა გამორიცხვასაც იგი აპირებს კონვენციის გამოყენების ფარგლებიდან.

მუხლი 3

1. ამ კონვენციის მიზნისათვის ხელშემკვრელი მხარეები მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის დაცვით, წაახალისებენ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და ხელისუფლების ორგანოების ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ეფუძნებიან ევროპის საბჭოში შემუშავებულ სახელმძღვანელო შეთანხმებებს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს ან ხელისუფლების ორგანოებს შორის. თუკი ისინი მიზანშეწონილად მიიჩნევენ, მათ შეუძლიათ მხედველობაში მიიღონ ევროპის საბჭოში შემუშავებული ორმხრივი და მრავალმხრივი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების მოდელები, რომლებიც მოწოდებულნი არიან ხელი შეუწყონ თანამშრომლობას ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებსა და ხელისუფლების ორგანოებს შორის.

 დადებული შეთანხმებები და ხელშეკრულებები შეიძლება ეფუძნებოდნენ ამ კონვენციისათვის თანდართულ ტიპურ ან სახელმძღვანელო შეთანხმებებს, სტატუტებსა და კონტრაქტებს, რომლებიც დანომრილნი არიან 1.1-დან 1.2-მდე და 2.1-დან 2.61-მდე, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მდგომარეობით მოთხოვნილი ცვლილებების გათვალისწინებით. ეს სამოდელო და სახელმძღვანელო შეთანხმებები, დებულებები და კონტრაქტები განკუთვნილია მხოლოდ სახელმძღვანელოდ და არა აქვთ სავალდებულო ძალა.

2. თუ ხელშემკვრელი მხარეები აუცილებლად მიიჩნევენ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების დადებას, ამ შეთანხმებებს შეუძლიათ, inter alia, დაადგინონ ის შინაარსი, ფორმები და ფარგლები, რომლებშიც ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს ან ხელისუფლების ორგანოებს შეეძლებათ საქმიანობა ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განხორციელებისას. თითოეულ შეთანხმებას ასევე შეუძლია განსაზღვროს ის ხელისუფლება ან ორგანოები, რომელთა მიმართაც ის გამოიყენება.

3. ზემო დებულებები არ შეუშლის ხელს ხელშემკვრელ მხარეებს საერთო თანხმობით გამოიყენონ ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის სხვა ფორმები. ამასთან, ამ კონვენციის დებულებები არ იქნება ახსნა-განმარტებული იმგვარად, რომ ძალადაკარგულად ცხადდებოდეს არსებული შეთანხმებები თანამშრომლობის შესახებ.

4. შეთანხმებებისა და კონტრაქტების დადება ხდება საერთაშორისო ურთიერთობებისა და ზოგადი პოლიტიკის მიმართ შიდა სამართლით განსაზღვრული თითოეული მხარის იურისდიქციისა და კონტროლის ან ზედამხედველობის იმ წესების სათანადოდ გათვალისწინებით, რომლებსაც ექვემდებარებიან ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები ან ხელისუფლების ორგანოები.

5. ამ მხრივ, ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს, წინამდებარე კონვენციის ხელმოწერის ან ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე მოგვიანებით გაკეთებული შეტყობინების საშუალებით, შეუძლია განსაზღვროს ის ხელისუფლების ორგანოები, რომლებიც მისი შიდა სამართლის მიხედვით კომპეტენტურნი არიან განახორციელონ კონტროლი ან ზედამხედველობა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებზე ან ხელისუფლების ორგანოებზე.

მუხლი 4

თითოეული ხელშემკვრელი მხარე ეცდება გადაჭრას ნებისმიერი სამართლებრივი, ადმინისტრაციული ან ტექნიკური სიძნელე, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარებასა და დაუბრკოლებელ განხორციელებას და გამართავს კონსულტაციებს სხვა შესაბამის ხელშემკვრელ მხარესთან ან მხარეებთან იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელი იქნება.

მუხლი 5

ხელშემკვრელი მხარეები განიხილავენ ამ კონვენციის დებულებების შესაბამისად ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობაში მონაწილე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ან ხელისუფლების ორგანოებისათვის იგივე შესაძლებლობების მინიჭების მიზანშეწონილობას, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან ეროვნულ დონეზე თანამშრომლობისათვის.

მუხლი 6

თითოეული ხელშემკვრელი მხარე შეძლებისდაგვარად სრულად მიაწვდის მეორე მხარეს ნებისმიერ მოთხოვნილ ინფორმაციას, იმ მიზნით, რომ დაეხმაროს ამ უკანასკნელს მის მიერ კონვენციით აღებული ვალდებულებების შესრულებაში.

მუხლი 7

თითოეული ხელშემკვრელი მხარე ზედამხედველობას უწევს, რომ შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები ან ხელისუფლების ორგანოები ინფორმირებულნი იყვნენ ამ კონვენციით მათთვის განსაზღვრული შესაძლებლობების შესახებ.

მუხლი 8

1. ხელშემკვრელი მხარეები ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მიაწვდიან მთლიან სათანადო ინფორმაციას, რომელიც ეხება მე-3 მუხლის შეთანხმებებსა და კონტრაქტებს.

2. ერთი ან მეტი ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერი წინადადება ამ კონვენციაში შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების მოდელების დამატების ან კონვენციის, ან სახელმძღვანელო შეთანხმებების ან ხელშეკრულებების გაფართოების შესახებ ეცნობება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს. გენერალური მდივანი გადასცემს მას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, რომელიც გადაწყვეტს, თუ რა ზომა უნდა იქნეს მიღებული შესაბამისი წინადადების თაობაზე.

მუხლი 9

1. ეს კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისათვის. იგი ექვემდებარება რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას, სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელების დეპონირება ხდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.

2. კონვენცია ძალაში შედის სამთვიანი ვადის ამოწურვიდან მეოთხე რატიფიცირების, მიერთების ან დამტკიცების სიგელის შესანახად ჩაბარების თარიღიდან, იმ პირობით, რომ სულ მცირე ორ სახელმწიფოს, რომელიც განახორციელებს ამ ფორმალობას, უნდა ჰქონდეს საერთო საზღვარი.

3. იმ ხელმომწერი სახელმწიფოს მიმართ, რომელიც შემდგომში მოახდენს რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას, კონვენცია ძალაში შედის მისი რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების სიგელის დეპონირების თარიღიდან სამი თვის შემდეგ.

მუხლი 10

1. ამ კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს შეუძლია ერთხმად გადაწყვიტოს მოიწვიოს ევროპის საბჭოს არაწევრი სახელმწიფო მიუერთდეს კონვენციას. ამ მოწვევას მიღებული უნდა ჰქონდეს თითოეული იმ სახელმწიფოს გამოხატული თანხმობა, რომელმაც მოახდინა კონვენციის რატიფიცირება.

2. ამგვარი შეერთება ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან ექვსი თვის შემდეგ.

მუხლი 11

1. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს, იმდენად რამდენადაც, შეუძლია ამ კონვენციის დენონსაცია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული დეკლარაციის საშუალებით.

2. ასეთი დენონსაცია ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან ექვსი თვის შემდეგ.

მუხლი 12

 ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს და ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც მიუერთდება წინამდებარე კონვენციას, აცნობებს:

a) ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ;

b) ნებისმიერი რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მიერთების სიგელის შესანახად ჩაბარების შესახებ;

c) ამ კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად ძალაში შესვლის ნებისმიერი თარიღის შესახებ;

d) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ან მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის დებულებების შესაბამისად მიღებული ნებისმიერი დეკლარაციის შესახებ;

e) მე-11 მუხლის დებულებების შესაბამისად მიღებული ნებისმიერი შეტყობინებისა და იმ თარიღის შესახებ, როდესაც დენონსაცია შედის ძალაში.

ამის დასტურად, ქვემეორე ხელმომწერებმა, რომლებიც სათანადოდ იყვნენ რწმუნებულნი, ხელი მოაწერეს ამ კონვენციას.

შესრულებულია მადრიდში, 1980 წლის მაისის 21-ე დღეს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე; ორივე ტექსტი არის თანაბრად ავთენტური, შედგენილი თითო ეგზემპლარად, რომელიც ინახება ევროპის საბჭოს არქივებში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი გადასცემს დამოწმებულ ასლებს ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ და ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც მოწვეული იქნება მიუერთდეს ამ კონვენციას.