„პარიზის შეთანხმება“

„პარიზის შეთანხმება“
დოკუმენტის ნომერი XXVII.7.d
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 07/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016477
XXVII.7.d
22/04/2016
ვებგვერდი, 19/06/2017
480610000.03.030.016477
„პარიზის შეთანხმება“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

პარიზის შეთანხმება

ამ შეთანხმების მხარეები,

არიან რა  კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც "კონვენცია") მხარეები,

კონვენციის მხარეთა კონფერენციის მიერ მის მე-17 სესიაზე მიღებული 1/CP.17 გადაწყვეტილებით  შექმნილი „გაძლიერებული ქმედებისთვის დურბანის პლატფორმის“ შესაბამისად,

ცდილობენ რა კონვენციის მიზნების განხორციელებას და ხელმძღვანელობენ რა მისი პრინციპებით, მათ შორის, სამართლიანობის და საერთო, მაგრამ დიფერენცირებული პასუხისმგებლობების და შესაბამისი შესაძლებლობების პრინციპით, განსხვავებული ეროვნული გარემოებების გათვალისწინებით,

აღიარებენ რა კლიმატის ცვლილების მუდმივი  საფრთხის წინააღმდეგ ეფექტიანი და პროგრესული რეაგირების  საჭიროებას, ხელმისაწვდომი საუკეთესო ცოდნის საფუძველზე,

ასევე აღიარებენ რა განვითარებადი  ქვეყანა მხარეების სპეციფიკურ საჭიროებებს და სპეციფიკურ გარემოებებს, განსაკუთრებით იმ ქვეყნების, რომლებიც განსაკუთრებულად მოწყვლადნი არიან კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედების მიმართ, როგორც ეს გათვალისწინებულია კონვენციაში,

სრულად ითვალისწინებენ რა ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების სპეციფიკურ საჭიროებებს და განსაკუთრებულ მდგომარეობას დაფინანსების და ტექნოლოგიების გადაცემასთან დაკავშირებით,

აღიარებენ რა რომ მხარეებზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ კლიმატის ცვლილებამ, არამედ მასზე რეაგირების ღონისძიებების ზემოქმედებამ,

ხაზს უსვამენ რა რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მოქმედებები, რეაგირებები და ზემოქმედებები მჭიდროდაა დაკავშირებული მდგრად განვითარებაზე და სიღარიბის აღმოფხვრაზე თანაბარ ხელმისაწვდომობასთან,

აღიარებენ რა მოსახლეობის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის და შიმშილის აღმოფხვრის ფუნდამენტურ პრიორიტეტულ მნიშვნელობას და საკვების წარმოების სისტემების განსაკუთრებულ მოწყვლადობას კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების მიმართ,

ითვალისწინებენ რა  სოციალურ სამართლიანობას და ეროვნულ დონეზე განსაზღვრული განვითარების პრიორიტეტების შესაბამისად ღირსეული  და ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნის იმპერატიულ მნიშვნელობას,

აღიარებენ რა რომ კლიმატის ცვლილება კაცობრიობის საერთო შეშფოთების საგანია და რომ მხარეებმა კლიმატის ცვლილებაზე რეაგირებისას პატივი უნდა სცენ და ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებებს, ჯანმრთელობის უფლებას, მკვიდრი მოსახლეობის ჯგუფების, ადგილობრივი მოსახლეობის, მიგრანტების, ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, მოწყვლადი ჯგუფების უფლებებს, განვითარების უფლებას, ასევე გენდერულ თანასწორობას, ქალთა უფლებებს და თაობებს შორის თანასწორობას და გაითვალისწინონ საკუთარი პასუხისმგებლობები,

აღიარებენ რა კონვენციაში მოხსენიებული სათბურის გაზების მშთანთქმელებისა და რეზერვუარების, გარემოებისდა მიხედვით, კონსერვაციის და გაძლიერების მნიშვნელობას,

აღნიშნავენ რა ყველა ეკოსისტემის მთლიანობას, ოკეანეების ჩათვლით, ბიომრავალფეროვნების, რომელიც ზოგიერთი კულტურის მიერ აღიარებულია როგორც დედა-მიწა, დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობას და აღნიშნავენ რა "კლიმატთან დაკავშირებული სამართლიანობის" კონცეფციის მნიშვნელობას  კლიმატის ცვლილებაზე რეაგირებისას,

ადასტურებენ რა განათლების, ტრენინგის, საზოგადოების ცნობიერების, ინფორმაციაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის და ამ შეთანხმებით განსზღვრულ ყველა საკითხზე ყველა დონეზე თანამშრომლობის მნიშვნელობას,

აღიარებენ რა კლიმატის ცვლილებაზე რეაგირებისას მთავრობების და სხვადასხვა სუბიექტების ყველა დონეზე ჩართულობის მნიშვნელობას, მხარეების შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობების შესაბამისად,

ასევე აღიარებენ რა რომ მოხმარებისა და წარმოების მდგრადი წესები და მოდელები, განვითარებული მხარეების ლიდერობით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლიმატის ცვლილებაზე რეაგირებაში, 

თანხმდებიან შემდეგზე:


მუხლი 1

ამ შეთანხმების მიზნებისთვის გამოიყენება კონვენციის პირველი მუხლით განსაზღვრული ტერმინები. გარდა ამისა:

(a) "კონვენცია" ნიშნავს კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს  ჩარჩო კონვენციას, რომელიც მიღებულია 1992 წლის 9 მაისს ნიუ-იორკში;

(b) "მხარეთა კონფერენცია" ნიშნავს კონვენციის მხარეთა კონფერენციას;

(c) "მხარე" ნიშნავს ამ შეთანხმების მხარეს.

მუხლი 2

1. ეს  შეთანხმება, კონვენციის განხორციელების და მისი მიზნის მიღწევის გაძლიერებით,  უზრუნველყოფს კლიმატის ცვლილების  საფრთხეზე გლობალური რეაგირების გაძლიერებას, მდგრადი განვითარების და სიღარიბის აღმოფხვრისკენ მიმართული ძალისხმევის კონტექსტში, მათ შორის, შემდეგი გზებით:

(a) გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვას, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით და ტემპერატურის ზრდის 1.5 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვის მცდელობას, პრეინდუსტრულ დონესთან შედარებით, აღიარებს რა, რომ ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს კლიმატის ცვლილების რისკებს და შედეგებს;

(b) კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან ადაპტაციის უნარის გაზრდას და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის  და სათბურის გაზების დაბალემისიიანი განვითარების    უზრუნველყოფის ხელშეწყობას ისეთი გზით, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის საკვების წარმოებას;

და

(c) ფინანსური ნაკადების შესაბამისობის უზრუნველყოფას სათბურის გაზების დაბალემისიიანი   და კლიმატისადმი მედეგი განვითარების გზებთან.

2. ეს შეთანხმება განხორციელდება იმგვარად, რომ ასახოს სამართლიანობის და საერთო, მაგრამ დიფერენცირებული პასუხისმგებლობების და შესაბამისი შესაძლებლობების პრინციპი,  განსხვავებული ეროვნული გარემოებების გათვალისწინებით.

მუხლი 3

ყველა მხარემ უნდა განახორციელოს მე-4, მე-7, მე-9, მე-10, მე-11 და მე-13 მუხლებით განსაზღვრული ამბიციური ძალისხმევა, როგორც კლიმატის ცვლილებაზე გლობალურ რეაგირებაში ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი და უზრუნველყოს ამ წვლილის შეტყობინება, ამ შეთანხმების მე-2 მუხლით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად. ყველა მხარის ძალისხმევა უნდა წარმოადგენდეს დროთა განმავლობაში მიღწეულ პროგრესს, ამ შეთანხმების ეფექტიანად განხორციელებისთვის განვითარებადი მხარეების დახმარების საჭიროების აღიარებით.

მუხლი 4

1. ტემპერატურასთან დაკავშირებული მე-2 მუხლით განსაზღვული გრძელვადიანი მიზნის მისაღწევად, მხარეებს სურთ, რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიონ სათბურის გაზების ემისიების გლობალურ პიკს, აღიარებენ რა, რომ პიკის მისაღწევად  განვითარებად ქვეყანა მხარეებს უფრო მეტი დრო დასჭირდებათ, და ამის შემდეგ დაიწყებენ სწრაფ შემცირებებს ხელმისაწვდომი საუკეთესო სამეცნიერო  პრაქტიკის შესაბამისად ისე, რომ მიაღწიონ  წყაროებიდან ანთროპოგენურ ემისიებსა  და სათბურის გაზების მშთანთქმელებს შორის ბალანსს ამ საუკუნის მეორე ნახევარში, სამართლიანობის საფუძველზე, მდგრადი განვითარების და სიღარიბის აღმოფხვრის მცდელობების კონტექსტში.

2.  თითოეული მხარე უზრუნველყოფს თანმიმდევრული, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული    წვლილების მომზადებას, შეტყობინებას და წარმოებას,  რომლის მიღწევასაც აპირებს. მხარეები განახორცილებენ შერბილების შიდა ღონისძიებებს ასეთი წვლილის მიზნების მისაღწევად.

3. თითოეული მხარის ეროვნულ დონეზე განსაზღვრულ მომდევნო წვლილში უნდა აისახოს პროგრესი უკვე არსებულ ეროვნულ დონეზე განსაზღვრულ  წვლილთან შედარებით და უმაღლესი შესაძლებელი ამბიცია, ასევე საერთო, მაგრამ დიფერენცირებული პასუხისმგებლობები, განსხვავებული ეროვნული გარემოებების გათვალისწინებით.

4. განვითარებულმა ქვეყანა მხარეებმა უნდა  გააგრძელონ წამყვანი როლის შესრულება ეკონომიკის მასშტაბით  ემისიების აბსოლუტური შემცირების მიზნის მისაღწევად. განვითარებადმა  ქვეყანა მხარეებმა უნდა გააგრძელონ  შემცირებისკენ მიმართული ძალისხმევის გაზრდა; მისასალმებელი იქნება, თუ ისინი დროთა განმავლობაში დაისახავენ მთელი ეკონომიკის მასშტაბით ემისიის შემცირების ან შეზღუდვის მიზანს, განსხვავებული ეროვნული გარემოებების გათვალისწინებით.

5. განვითარებადი ქვეყანა მხარეები უზრუნველყოფილი იქნებიან დახმარებით ამ მუხლის განსახორციელებლად, მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად, იმის გაცნობიერებით, რომ განვითარებადი ქვეყანა მხარეებისთვის დახმარების გაძლიერება  საშუალებას მისცემს მათ  გამოავლინონ უფრო მეტი ამბიცია თავიანთ საქმიანობაში.

6. ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს და მცირე კუნძულოვან განვითარებად სახელმწიფოებს შეუძლიათ მოამზადონ და წარადგინონ სათბურის გაზების დაბალემისიიანი განვითარების  უზრუნველყოფის სტრატეგიები, გეგმები და მოქმედებები მათ ქვეყნებში არსებული კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.

7. შერბილების თანასარგებელი, გამოწვეული მხარეების საადაპტაციო მოქმედებებით ან/და ეკონომიკური დივერსიფიკაციის გეგმებით, ხელს შეუწყობს ამ მუხლით განსაზღვრულ შერბილების შედეგებს.

8. ეროვნულ დონეზე განსაზღვრული  წვლილის შეტყობინებისას ყველა მხარემ უნდა უზრუნველყოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა სიცხადის, გამჭვირვალობის და ნათლად გაგებისთვის, მხარეთა კონფერენციის 1/CP.21 გადაწყვეტილების, და მხარეთა კონფერენციის, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, სხვა ნებისმიერი რელევანტური გადაწყვეტილების შესაბამისად.  

9. თითოეული მხარე უზრუნველყოფს საკუთარი ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის შეტყობინებას ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ, მხარეთა კონფერენციის 1/CP.21 გადაწყვეტილების და მხარეთა კონფერენციის, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა,   სხვა ნებისმიერი რელევანტური გადაწყვეტილების შესაბამისად და ინფორმირებული იქნება მე-14 მუხლით განსაზღვრული გლობალური შედეგების შეფასების შესახებ.

10. მხარეთა კონფერენცია, მოქმედი როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა,  თავის პირველ სესიაზე განიხილავს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილებისთვის საერთო დროით ჩარჩოებს.

11.  მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მისი ეროვნულ დონეზე განსაზღვრული  წვლილის შეცვლა მისი ამბიციურობის დონის გაძლიერებისთვის, მხართა კონფერენციის, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა,   მიერ მიღებული სახელმძღვანელო ინსტრუქციების შესაბამისად.

12. მხარეების მიერ შეტყობინებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი აღირიცხება საჯარო რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სამდივნო.

13.  მხარეები აწარმოებენ მათი ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის აღრიცხვას. ანთროპოგენური ემისიების და მშთანთქმელების აღრიცხვისას, მათი ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის შესაბამისად, მხარეები ხელს შეუწყობენ ეკოლოგიურ მდგრადობას, გამჭვირვალობას, სიზუსტეს, სისრულეს,  შედარებითობას და თანმიმდევრულობას და უზრუნველყოფენ ორმაგი აღრიცხვის თავიდან აცილებას,  მხარეთა კონფერენციის, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, მიერ მიღებული სახელმძღვანელო ინსტრუქციების შესაბამისად.

14. თავისი ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის კონტექსტში, ანთროპოგენური ემისიების შემცირებასა და მშთანთქმელებთან დაკავშირებული ღონისძიებების აღიარებისა და განხორციელებისას, მხარეები, საჭიროების შესაბამისად, მხედველობაში მიიღებენ კონვენციის ფარგლებში არსებულ მეთოდებს და სახელმძღვანელო ინსტრუქციებს, ამ მუხლის მე-13 პარაგრაფით განსაზღვრული დებულებების გათვალისწინებით.

15. ამ შეთანხმების განხორციელებისას მხარეები გაითვალისწინებენ იმ განვითარებადი ქვეყანა მხარეების შეშფოთებას, რომელთა ეკონომიკებზეც ყველზე მეტ გავლენას ახდენს რეაგირების ღონისძიებების შედეგები.

16.  მხარეები, მათ შორის, რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციები და მათი წევრი სახელმწიფოები, რომლებმაც მიაღწიეს ერთობლივი მოქმედების შესახებ შეთანხმებას ამ მუხლის მე-2 პარაგრაფის შესაბამისად, თავისი ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის შეტყობინებისას აცნობებენ სამდივნოს ასეთი შეთანხმების პირობების შესახებ, მათ შორის, ემისიის დონის შესახებ, რომელიც დადგენილია თითოეული მხარისთვის განსაზღვრული დროის განმავლობაში; თავის მხრივ, სამდივნო აცნობებს მხარეებს  და კონვენციის ხელმომწერებს ამ შეთანხმების პირობებს.   

17. ასეთი შეთანხმების თითოეული მხარე პასუხისმგებელი იქნება ემისიის იმ დონეზე, რომელიც დადგენილია ამ მუხლის მე-16 პარაგრაფით განსაზღვრული შეთანხმებით, ამ მუხლის მე-13 და მე-14 პარაგრაფების და მე-13 და მე-15 მუხლების შესაბამისად.

18. თუ მხარეები მოქმედებენ ერთობლივად ეკონომიკური ინტეგრაციის  რეგიონული ორგანიზაციის ფარგლებში და მასთან ერთად, და ეს ორგანიზაცია თვითონ არის ამ შეთანხმების მხარე,  ეკონომიკური ინტეგრაციის  რეგიონულ ორგანიზაციის თითოეული წევრი სახელმწიფო ინდივიუდუალურად და ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციასთან ერთად  პასუხისმგებელი იქნება საკუთარი ემისიის იმ დონეზე, რომელიც დადგენილია ამ მუხლის მე-16 პარაგრაფის შესაბამისად შეტყობინებული შეთანხმებით, ამ მუხლის მე-13 და მე-14 პარაგრაფების და მე-13 და მე-15 მუხლების შესაბამისად.

19. ყველა მხარე განუხრელად ეცდება  დაბალემისიიანი განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიების შემუშავებას და შეტყობინებას, მე-2 მუხლის დაცვით, საერთო, მაგრამ დიფერენცირებული პასუხისმგებლობების და შესაბამისი უნარების გათვალისწინებით, განსხვავებული ეროვნული გარემოებების მხედველობაში მიღებით.

მუხლი 5

1. მხარეები განახორციელებენ მოქმედებებს, საჭიროების მიხედვით, სათბურის გაზების მშთანთქმელების და რეზერვუარების შენარჩუნების და გაუმჯობესებისათვის კონვენციის მე-4 მუხლის  1 (d) პარაგრაფის შესაბამისად, ტყეების ჩათვლით.

2. მხარეებმა უნდა ეცადონ და ხელი შეუწყონ, მათ შორის, შედეგებზე დაფუძნებული გადახდის მეშვეობით, შესაბამისი სახელმძღვანელო ინსტრუქციებით და კონვენციის შესაბამისად უკვე შეთანხმებულ ჩარჩოს, კერძოდ, ტყის გაჩეხვის და ტყეების დეგრადაციის შედეგად გამოწვეული ემისიის შემცირებასთან დაკავშირებული საქმიანობის პოლიტიკას, მიდგომებს და დადებით სტიმულებს, ასევე განვითარებად ქვეყნებში კონსერვაციის, ტყეების მდგრადი მართვის და ტყეში ნახშირბადის დაგროვების გაძლიერებას; ასევე ალტერნატიულ პოლიტიკურ მიდგომებს, როგორიცაა ტყეების ინტეგრირებული და მდგრადი მართვის მიმართ  შერბილების და ადაპტაციის  ერთობლივი მიდგომები,  კიდევ ერთხელ  აღიარებენ რა, ასეთ მიდგომებთან დაკავშირებულ ნახშირბადისგან დამოუკიდებელი ამგვარი სარგებლის სტიმულირების მნიშვნელობას.

მუხლი 6

1. მხარეები აღიარებენ, რომ ზოგიერთი მხარე ირჩევს ნებაყოფლობით თანამშრომლობას მათ ეროვნულ დონეზე განსაზღვრულ წვლილთან დაკავშირებით, რაც საშუალებას აძლევს მათ, რომ ჰქონდეთ მეტი ამბიცია შერბილების და ადაპტაციის ღონისძიებების განხორციელებისას და მდგრადი განვითარების და ეკოლოგიური მთლიანობის ხელშეწყობისას.

2. მხარეები, ნებაყოფლობით საფუძველზე თანამშრომლობის მიდგომების განხორციელებისას, რომლებიც მოიცავს საერთაშორისო დონეზე გადაცემად შერბილების შედეგების გამოყენებას ეროვნულ დონეზე განსაზღვრული  წვლილის მიზნებისთვის, ხელს შეუწყობენ მდგრად განვითარებას და უზრუნველყოფენ ეკოლოგიურ მთლიანობას და გამჭვირვალობას, მათ შორის, სამთავრობო დონეზე და გამოიყენებენ აღრიცხვის დახვეწილ სისტემას, რათა უზრუნველყონ, სხვებს შორის, ორმაგი აღრიცხვის თავიდან აცილება,  მხარეთა კონფერენციის, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, მიერ მიღებული სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად.

3. საერთაშორისო დონეზე გადაცემული შედეგების გამოყენება ამ შეთანხმების შესაბამისად ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის მიზნების მისაღწევად იქნება ნებაყოფლობითი და ნებადართული მხარეების მიერ.   

4. დგინდება სათბურის გაზების ემისიების შემცირების მხარდაჭერის და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მექანიზმი, მხარეთა კონფერენციის, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, უფლებამოსილების ფარგლებში და ხელმძღვანელობით მხარეების მიერ ნებაყოფლობით საფუძველზე გამოყენებისთვის. მას მონიტორინგს გაუწევს მხარეთა კონფერენციის, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა,  მიერ დადგენილი ორგანო, რომლის მიზანიც იქნება:

(a) სათბურის გაზების ემისიების შემცირება ხელშეწყობა მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად;

(b) სათბურის გაზების ემისიების შემცირებაში მხარეების მიერ უფლებამოსილი საჯარო და კერძო სუბიექტების მონაწილეობის  სტიმულირება და ხელშეწყობა;

(c) მასპინძელ მხარე ქვეყანაში ემისიის დონის შემცირების ხელშეწყობა, რომელიც მიიღებს სარგებელს შემარბილებელი საქმიანობით, რაც გამოიწვევს ემისიის შემცირებას, რაც ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა მხარის მიერ მისი ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის შესასრულებლად; და

(d) გლობალური ემისიის  საერთო შემცირების ხელშეწყობა.

5. ამ მუხლის მე-4 პარაგრაფით განსაზღვრული მექანიზმის შედეგად გამოწვეული ემისიის შემცირება არ იქნება გამოყენებული მასპინძელი ქვეყნის ეროვნულ დონეზე განსაზღვრული  წვლილის თვალსაზრისით მიღწეული შედეგის დემონსტრირებისთვის, თუ ის გამოყენებული იქნება სხვა მხარის მიერ საკუთარი ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის  შედეგის  სადემონსტრაციოდ.

6. მხარეთა კონფერენცია, მოქმედი როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა,  უზრუნველყოფს, რომ ამ მუხლის მე-4 პარაგრაფით განსაზღვრული მექანიზმის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის  შედეგად მიღებული მოგების ნაწილი გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული ხარჯებისთვის, ასევე ადაპტაციის ხარჯების დასაფარად იმ განვითარებადი მხარე ქვეყნების დახმარების მიზნით, რომლებიც კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების მიმართ განსაკუთრებული მოწყვლადობით გამოირჩევიან.

7. მხარეთა კონფერენცია, მოქმედი როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა,  თავის პირველ სესიაზე მიიღებს ამ მუხლის მე-4 პარაგრაფით განსაზღვრული მექანიზმის წესებს, ფორმებს და პროცედურებს.

8. მხარეები აღიარებენ ინტეგრირებული,  ერთიანი და დაბალანსებული არასაბაზრო მიდგომების მნიშვნელობას, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მხარეებისთვის მათი ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განხორციელებისას, მდგრადი განვითარების და სიღარიბის აღმოფხვრის კონტექსტში, კოორდინირებული და ეფექტიანი გზით, მათ შორის და არა მხოლოდ, შერბილების, ადაპტაციის, დაფინანსების, ტექნოლოგიების გადაცემის და შესაძლებლობების შექმნის გზით, საჭიროების შესაბამისად. ამ მიდგომების მიზანი იქნება:  

(a) შერბილების და ადაპტაციის კუთხით ამბიციების ხელშეწყობა;

(b) ეროვნულ დონეზე განსაზღვრული  წვლილის განხორციელებაში საჯარო და კერძო სექტორის მონაწილეობის გაძლიერება; და

(c) შესაბამის ინსტრუმენტებსა და ინსტიტუციურ ღონისძიებებს შორის კოორდინაციის შესაძლებლობების უზრუნველყოფა.

9.  ამ შეთანხმებით დგინდება მდგრადი განვითარების არასაბაზრო მიდგომების ჩარჩო ამ მუხლის მე-8 პარაგრაფით განსაზღვრული არასაბაზრო მიდგომების ხელშესაწყობად.

მუხლი 7

1. მხარეები განსაზღვრავენ ადაპტაციის გლობალურ მიზანს, რომელიც მოიცავს ადაპტაციის უნარების და მდგრადობის გაძლიერებას და კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლადობის შემცირებას, მდგრადი განვითარების ხელშეწყობის და ადაპტაციის  ადეკვატური ღონისძიებების განხორციელებისთვის, მე-2 მუხლით განსაზღვრულ ტემპერატურასთან დაკავშირებული მიზნის კონტექსტში.

2. მხარეები აღიარებენ, რომ ადაპტაცია არის გლობალური გამოწვევა, რომელიც დგას ყველას წინაშე, ადგილობრივი, რეგიონული, ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბით და რომ ადამიანების, საარსებო წყაროების და ეკოსისტემების დაცვა არის ადაპტაციის მთავარი კომპონენტი და ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებაზე გრძელვადიან გლობალურ რეაგირებას, იმ განვითარებადი ქვეყანა მხარეების გადაუდებელი საჭიროებების გათვალისწინებით, რომლებიც კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების მიმართ განსაკუთრებული მოწყვლადობით გამოირჩევიან.

3. განვითარებადი ქვეყანა მხარეების ადაპტაციისკენ მიმართული ძალისხმევა აღიარებული იქნება იმ პირობების შესაბამისად, რომლებიც მიღებული იქნება მხარეთა კონფერენციის, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა,  მიერ თავის პირველ სესიაზე.

4. მხარეები აღიარებენ, რომ ადაპტაციის მიმდინარე საჭიროებები მნიშვნელოვანია, შერბილების უფრო მაღალ დონეს შეუძლია შეამციროს ადაპტაციის დამატებითი მცდელობების საჭიროება და ადაპტაციის მეტი საჭიროება შეიძლება გულისხმობდეს ადაპტაციის მეტ ხარჯებს.  

5. მხარეები აღიარებენ, რომ ადაპტაციასთან დაკავშირებული მოქმედებები უნდა იყენებდეს ქვეყნის მიერ მართულ, გენდერულ ასპექტებზე ორიენტირებულ, ჩართულობაზე დაფუძნებულ და სრულიად გამჭვირვალე მიდგომებს, მოწყვლადი ჯგუფების, საზოგადოებების და ეკოსისტემების გათვალისწინებით და უნდა წარიმართოს საუკეთესო სამეცნიერო ცოდნაზე და საჭიროების შემთხვევაში ტრადიციულ ცოდნაზე, მკვიდრი მოსახლეობის ცოდნაზე და ადგილობრივი ცოდნის სისტემებზე დაყრდნობით, ადაპტაციის ღონისძიებების შესაბამის სოციალურ-ეკონომიკურ და გარემოსდაცვით პოლიტიკაში და მოქმედებებში ინტეგრირებისთვის, საჭიროების მიხედვით.

6. მხარეები აღიარებენ ადაპტაციის  ძალისხმევასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობის და ამ თანამშრომლობის მხარდაჭერის მნიშვნელობას, ასევე განვითარებადი ქვეყანა მხარეების საჭიროებების გათვალისწინების მნიშვნელობას,  განსაკუთრებით იმ ქვეყნების, რომლებიც კლიმატის ცვლილების უარყოფითი შდეგების მიმართ განსაკუთრებული მოწყვლადობით გამოირჩევიან.

7. მხარეებმა უნდა გააღრმავონ თანამშრომლობა ადაპტაციის ღონისძიებების გაძლიერებასთან დაკავშირებით, კანკუნის ადაპტაციის ჩარჩოს გათვალისწინებით, შემდეგ საკითხებზე:

(a) ინფორმაციის,  საუკეთესო პრაქტიკის, გამოცდილების და მიღებული გამოცდილების გაზიარება, მათ შორის, საჭიროების მიხედვით, ადაპტაციის ღონისძიებებთან დაკავშირებული სამეცნიერო ცოდნის, დაგეგმვის, პოლიტიკის  და მოქმედებების შესახებ;

(b) ინსტიტუციური ღონისძიებების, მათ შორის, კონვენციის შესაბამისად, ამ შეთანხმების მიზნებისათვის განხორციელებული ღონისძიებების გაძლიერება, შესაბამისი ინფორმაციის და ცოდნის სინთეზის ხელშეწყობის და მხარეების ტექნიკური დახმარების და რეკომენდაციების გაწევის მიზნით;

(c) კლიმატის შესახებ სამეცნიერო ცოდნის გაძლიერება, მათ შორის, კვლევა, კლიმატის სისტემაზე სისტემატური დაკვირვება და ადრეული გაფრთხილების სისტემები, ისეთი გზით, რომელიც უზრუნველყოფს კლიმატური  მომსახურების ინფორმაციული საფუძვლის შექმნას და ხელს უწყობს გადაწყვეტილებების მიღებას;

(d)  განვითარებადი ქვეყანა მხარეების დახმარება ადაპტაციის ეფექტიანი პრაქტიკის, ადაპტაციის საჭიროებების, პრიორიტეტების, ადაპტაციის მცდელობებისა და მოქმედებებისთვის გაწეული და მიღებული დახმარების, გამოწვევების და ნაკლოვანებების იდენტიფიცირებისთვის ისეთი გზით, რომელიც შეესაბამება საუკეთესო წამახალისებელ პრაქტიკას; და

(e) ადაპტაციის მოქმედებების ეფექტიანობის და სიცოცხლისუნარიანობის გაუმჯობესება.

8. მისასალმებელი იქნება, თუ გაეროს სპეციალიზებული ორგანიზაციები და სააგენტოები მხარს დაუჭერენ მხარეების ძალისხმევებს ამ მუხლის მე-7 პარაგრაფით განსაზღვრული მოქმედებების განსახორციელებლად, ამ მუხლის მე-5 პარაგრაფის დებულებების გათვალისწინებით.

9. თითოეული მხარე, საჭიროების შესაბამისად, ჩაერთვება ადაპტაციის დაგეგმვის პროცესებში და მოქმედებების განხორციელებაში, მათ შორის, შესაბამისი გეგმების, პოლიტიკის ან/და პრაქტიკის განვითარებასა და გაძლიერებაში, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს:

(a) საადაპტაციო მოქმედებების, ინიციატივების ან/და მცდელობების განხორციელებას;

(b) ადაპტაციის ეროვნული გეგმების ფორმულირების ან განხორციელების პროცესს;

(c) კლიმატის ცვლილების ზემოქმედების და მოწყვლადობის შეფასების პროცესს, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული მოქმედებების პრიორიტეტულობის განსაზღვრის მიზნით, მოწყვლადი ჯგუფების, ადგილების და ეკოსისტემების გათვალისწინებით;

(d) ადაპტაციის გეგმების, პოლიტიკის, პროგრამების და მოქმედებების მონიტორინგს, შეფასებას და მათ საფუძველზე სწავლას;

(e) სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური სისტემების მდგრადობის შექმნას, მათ შორის, ეკონომიკური დივერსიფიკაციის და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გზით.

10. თითოეული მხარე, საჭიროების მიხედვით, პერიოდულად წარადგენს და განაახლებს ადაპტაციის შეტყობინებას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ამ მხარის პრიორიტეტებს, განხორციელებისა და მხარდაჭერის საჭიროებებს, გეგმებსა და მოქმედებებს, განვითარებადი ქვეყანა მხარეებისთვის ნებისმიერი დამატებითი ტვირთის შექმნის გარეშე.

11. ამ მუხლის მე-10 პარაგრაფით განსაზღვრული ადაპტაციის შეტყობინება წარდგენილი და განახლებული იქნება პერიოდულად, საჭიროების მიხედვით, როგორც სხვა შეტყობინებების ან დოკუმენტების, მათ შორის, ადაპტაციის ეროვნული გეგმის, მე-4 მუხლის მე-2 პარაგრაფში მოხსენიებული  ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის და/ან ეროვნული შეტყობინების ნაწილი.

12. ამ მუხლის მე-10 პარაგრაფით განსაზღვრული ადაპტაციის შეტყობინება აღირიცხება სამდივნოს მიერ წარმოებულ საჯარო რეესტრში.

13. ამ მუხლის მე-7, მე-9, მე-10 და მე-11 პარაგრაფების განხორციელებისთვის განვითარებად ქვეყანა მხარეებს უნდა გაეწიოთ მუდმივი და გაძლიერებული საერთაშორისო დახმარება, მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების დებულებების შესაბამისად.  

14. მე-14 მუხლით განსაზღვრული გლობალური შედეგების შეფასება, სხვებს შორის, უნდა:

(a) აღიარებდეს განვითარებადი ქვეყანა მხარეების საადაპტაციო ძალისხმევებს;

(b) აძლიერებდეს ადაპტაციის ღონისძიებების განხორციელებას, ამ მუხლის მე-10 პარაგრაფით განსაზღვრული ადაპტაციის შეტყობინების გათვალისწინებით;

(c) მიმოიხილავდეს ადაპტაციის  და ადაპტაციისთვის გაწეული დახმარების ადეკვატურობას და ეფექტიანობას; და

(d) მიმოიხილავდეს ამ მუხლის პირველი პარაგრაფით განსაზღვრული ადაპტაციის გლობალური მიზნის მიღწევის თვალსაზრისით არსებულ პროგრესს.

მუხლი 8

1. მხარეები აღიარებენ კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან, მათ შორის, ექსტრემალურ და ნელი მოქმედების კლიმატურ მოვლენებთან დაკავშირებული ზარალისა და ზიანის თავიდან აცილების, მინიმუმამდე შემცირების და მათზე რეაგირების მნიშვნელობას და მდგრადი განვითარების როლს დანაკარგებთან და ზიანთან დაკავშირებული რისკების შემცირებაში.

2. ზარალის და ზიანის შესახებ ვარშავის საერთაშორისო მექანიზმი, რომელიც დაკავშირებულია კლიმატის ცვლილების ზემოქმედებასთან, დაექვემდებარება მხარეთა კონფერენციის, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, უფლებამოსილებას და მის მიერ წარმართვას და შესაძლოა გაფართოვდეს და გაძლიერდეს მხარეთა კონფერენციის, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა,   გადაწყვეტილების შესაბამისად.

3.  მხარეები კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმდებით გამოწვეულ ზარალთან და ზიანთან დაკავშირებით გააძლიერებენ ურთიერთგაგებას, მოქმედებას და მხარდაჭერას, მათ შორის, ვარშავის საერთაშორისო მექანიზმის მეშვეობით, საჭიროების მიხედვით, თანამშრომლობის და ხელშეწყობის საფუძველზე.

4.  შესაბამისად, ურთიერთგაგების, მოქმედების და მხარდაჭერის გაძლიერების მიზნით თანამშრომლობის და ხელშეწყობის სფეროები შეიძლება მოიცავდეს:

(a) ადრეული გაფრთხილების სისტემებს;

(b) საგანგებო სიტუაციებისადმი მზადყოფნას;

(c) ნელა მიმდინარე მოვლენებს;

(d) მოვლენებს, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს შეუქცევად და მუდმივ დანაკარგებსა  და ზიანს;

(e) რისკის კომპლექსურ შეფასებას და მართვას;

(f) რისკის დაზღვევის საშუალებებს, კლიმატური რისკების „პულინგს“ და დაზღვევის სხვაგვარ გადაწყვეტილებებს;

(g) არაეკონომიკურ დანაკარგებს;

(h) საზოგადოებების, საარსებო წყაროების და ეკოსისტემების მოქნილობას.

5. ვარშავის საერთაშორისო მექანიზმი ითანამშრომლებს ამ შეთანხმების ფარგლებში არსებულ ორგანოებთან და ექსპერტთა ჯგუფებთან, ასევე შეთანხმების მიღმა არსებულ შესაბამის ორგანიზაციებთან და საექსპერტო ორგანოებთან.

მუხლი 9

1. განვითარებული ქვეყანა მხარეები უზრუნველყოფენ ფინანსურ რესურსებს განვითარებადი ქვეყანა მხარეების დასახმარებლად როგორც შემცირებასთან, ასევე ადაპტაციასთან დაკავშირებით,  კონვენციით განსაზღვრული მათი არსებული ვალდებულებების გაგრძელებით.

2. მისასალმებელი იქნება, თუ სხვა მხარეები უზრუნველყოფენ ან გააგრძელებენ ასეთ დახმარებას ნებაყოფლობით საფუძველზე.

3.  როგორც გლობალური ძალისხმევის ნაწილი, განვითარებული ქვეყანა მხარეები გააგრძელებენ წამყვანი როლის შესრულებას სხვადასხვა ფართო წყაროებიდან, ინსტრუმენტებიდან და  არხებიდან კლიმატთან დაკავშირებული ფინანსების მობილიზებაში, საჯარო ფონდების მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით, სხვადასხვა მოქმედებების მეშვეობით, მათ შორის, ქვეყნების მიერ წარმართული სტრატეგიების მხარდაჭერით და განვითარებადი  ქვეყანა მხარეების საჭიროებების და პრიორიტეტების მხედველობაში მიღებით. კლიმატთან დაკავშირებული დაფინანსების ასეთი მობილიზაცია უნდა წარმოადგენდეს ადრე არსებულ ძალისხმევებთან დამატებით განხორციელებულ მოქმედებას.

4.  უფრო მასშტაბური ფინანსური რესურსების უზრუნველყოფის მიზანი იქნება ადაპტაციასა და შერბილებას შორის ბალანსის მიღწევა, ქვეყნების მიერ წარმართული სტრატეგიების და განვითარებადი  ქვეყანა მხარეების საჭიროებების და პრიორიტეტების მხედველობაში მიღებით, განსაკუთრებით იმ ქვეყნების, რომლებიც კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედების მიმართ განსაკუთრებული მოწყვლადობით გამოირჩევიან და რომელთა შესაძლებლობებიც მნიშვნელოვნად არის შეზღუდული, როგორებიც არიან ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნები და მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოები, ადაპტაციისთვის საჯარო და გრანტებზე დაფუძნებული რესურსების საჭიროების გათვალისწინებით.

5. განვითარებული ქვეყანა მხარეები ორ წელიწადში ერთხელ მოახდენენ ამ მუხლის პირველ და მე-3 პარაგრაფებთან დაკავშირებული აღნიშნული რაოდენობრივი და თვისობრივი ინფორმაციის შეტყობინებას, საჭიროების შესაბამისად, მათ შორის, ხელმისაწვდომობის საფუძველზე, საჯარო ფინანსური რესურსების პროგნოზირებულ დონეს, რაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს განვითარებადი ქვეყანა მხარეებისთვის. მისასალმებელი იქნება, თუ სხვა მხარეები, რომლებიც გამოყოფენ რესურსებს, ორ წელიწადში ერთხელ მოახდენენ ასეთი ინფორმაციის შეტყობინებას ნებაყოფლობით საფუძველზე. 

6. მე-14 მუხლში მოხსენიებული გლობალური შედეგების შეფასება გაითვალისწინებს კლიმატთან დაკავშირებული დაფინანსების მცდელობების შესახებ განვითარებული ქვეყანა მხარეების ან/და ამ შეთანხმების ორგანოების მიერ მიწოდებულ შესაბამის ინფორმაციას.

7. განვითარებული ქვეყანა მხარეები ორ წელიწადში ერთხელ უზრუნველყოფენ გამჭვირვალე და სათანადო ინფორმაციას განვითარებადი ქვეყანა მხარეებისთვის გაწეული დახმარების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფილი და მობილიზებული იქნება საზოგადოებრივი ღონისძიებების შედეგად, იმ ფორმების, პროცედურების და სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, რომლებსაც მიიღებს მხარეთა კონფერენცია, მოქმედი როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, თავის პირველ სესიაზე, როგორც დადგენილია მე-13 მუხლის მე-13 პარაგრაფით. მისასალმებელი იქნება, თუ სხვა მხარეები ასევე უზრუნველყოფენ ასეთ ინფორმაციას.

8. კონვენციის ფინანსური მექანიზმი, მათ შორის, მისი საოპერაციო ერთეულები, შეასრულებენ ამ შეთანხმების ფინანსური მექანიზმის ფუნქციას.

9. ამ შეთანხმების მომსახურე ინსტიტუტების, მათ შორის, კონვენციის ფინანსური მექანიზმის საოპერაციო ერთეულების მიზანი იქნება ფინანსურ რესურსებზე ეფექტიანი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, განვითარებადი ქვეყანა მხარეებისთვის დამტკიცების გამარტივებული პროცედურების და დახმარების გაძლიერებული მზადყოფნის მეშვეობით, განსაკუთრებით ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის და მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოებისთვის, მათი კლიმატთან დაკავშირებული ეროვნული სტრატეგიებისა და გეგმების კონტექსტში.

მუხლი 10

1. მხარეები იზიარებენ გრძელვადიან ხედვას ტექნოლოგიების განვითარების და გადაცემის  სრულად რეალიზების მნიშვნელობის შესახებ, კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის გაუმჯობესების და სათბურის გაზების ემისიების შემცირებისთვის. 

2. მხარეები, აღნიშნავენ რა ტექნოლოგიების მნიშვნელობას ამ შეთანხმების შესაბამისად შერბილებისა და ადაპტაციის მოქმედებების განსახორციელებლად და აღიარებენ რა ტექნოლოგიების დანერგვის და გავრცელების მიმდინარე მცდელობებს, გააძლიერებენ თანამშრომლობას ტექნოლოგიების განვითარების და გადაცემის სფეროში.

3. ამ კონვენციის ფარგლებში შექმნილი ტექნოლოგიების მექანიზმი მოემსახურება ამ შეთანხმებას.

4. ამ კონვენციით იქმნება ტექნოლოგიების  ჩარჩო, რათა უზრუნველყოფილი იქნეს კომპლექსური სახელმძღვანელო პრინციპები ტექნოლოგიების მექანიზმის მუშაობისთვის, ტექნოლოგიების განვითარების და გადაცემის გაძლიერებული ღონისძიებების ხელშეწყობის და მხარდაჭერის მიმართულებით, ამ შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ამ მუხლის პირველი პარაგრაფით განსაზღვრული გრძელვადიანი ხედვის გათვალისწინებით. 

5. ინოვაციების დაჩქარება, წახალისება და განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებაზე ეფექტიანი და გრძელვადიანი გლობალური რეაგირებისთვის და ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის. ასეთი მცდელობა,  საჭიროების მიხედვით, მხარდაჭერილი იქნება კონვენციის ფინანსური მექანიზმის მიერ, მათ შორის, ტექნოლოგიების მექანიზმის და ფინანსური საშუალებების მეშვეობით, კვლევისა და განვითარების მიმართ თანამშრომლობითი მიდგომების უზრუნველყოფისთვის, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას, კერძოდ, განვითარებად მხარე ქვეყნებში, ტექნოლოგიური ციკლის ადრეულ ეტაპებზე.

6. დახმარება, მათ შორის, ფინანსური დახმარება უზრუნველყოფილი იქნება განვითარებადი ქვეყანა მხარეებისთვის ამ მუხლის განხორციელების მიზნით, მათ შორის, ტექნოლოგიური ციკლის სხვადასხვა ეტაპებზე ტექნოლოგიების განვითარებასა და გადაცემასთან დაკავშირებით თანამშრომლობითი მოქმედების გაძლიერებისთვის, შერბილების და ადაპტაციის მიზნით გაწეულ დახმარებას შორის ბალანსის მიღწევის მიზნით. მე-14 მუხლით განსაზღვრული გლობალური კრიტიკული შეფასებისას გათვალისწინებული იქნება ხელმისაწვდომი ინფორმაცია განვითარებადი ქვეყანა მხარეებისთვის ტექნოლოგიების განვითარებასა და გადაცემასთან დაკავშირებით გაწეული დახმარების ძალისხმევების შესახებ.

მუხლი 11

1. შესაძლებლობების შექმნა ამ შეთანხმების მიხედვით გააძლიერებს განვითარებადი ქვეყანა მხარეების, განსაკუთრებით, ყველაზე ნაკლები შესაძლებლობების მქონე ქვეყნების, როგორებიც არიან ყველაზე ნაკლებად განვითარებული და კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედების მიმართ ყველაზე მოწყვლადები, კერძოდ, მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოების უნარებსა და შესაძლებლობებს, რათა მათ შეძლონ განახორციელონ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ეფექტიანი ღონისძიებები, მათ შორის და არა მხოლოდ, ადაპტაციასა და შერბილებასთან დაკავშირებული ღონისძიებები; ასევე ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების შემუშავებას, გავრცელებას და დანერგვას, კლიმატთან დაკავშირებულ დაფინანსებაზე, განათლების შესაბამის ასპექტებზე, ტრენინგზე და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ხელმისაწვდომობას და ინფორმაციის  გამჭვირვალედ, დროულად და სწორად შეტყობინებას.

2. შესაძლებლობების შექმნის პროცესი უნდა წარიმართოს ქვეყნების მიერ, დაეფუძნოს ეროვნულ საჭიროებებს, გაითვალისწინოს ეროვნული ინტერესები და ხელი  შეუწყოს ქვეყნების შიგნით პოლიტიკურ მხარდაჭრას, კერძოდ, განვითარებად ქვეყანა მხარეებში, მათ შორის, ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე. შესაძლებლობების შექმნა უნდა წარიმართოს მიღებული გამოცდილების, მათ შორის, კონვენციის ფარგლებში წარმოებული შესაძლებლობების შექმნის შედეგად მიღებული გამოცდილების საფუძველზე და უნდა იყოს ეფექტიანი, მუდმივი და მრავალმხრივი პროცესი, რომელიც დაეფუძნება თანამშრომლობას და გაითვალისწინებს გენდერულ ასპექტებს.

3. ყველა მხარემ უნდა ითანამშრომლოს განვითარებადი ქვეყანა მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის ამ შეთანხმების განსახორციელებლად. განვითარებულმა ქვეყანა მხარეებმა უნდა გააძლიერონ მხარდაჭერა განვითარებად ქვეყანა მხარეებში შესაძლებლობების შექმნის თვალსაზრისით.

4. ყველა მხარე, რომელიც ხელს უწყობს განვითარებადი ქვეყანა მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებას ამ შეთანხმების განსახორციელებლად, მათ შორის, რეგიონული, ორმხრივი და მრავალმხრივი მიდგომების გზით, უზრუნველყოფს შესაძლებლობების შექმნის ამ მოქმედებების ან ღონისძიებების შესახებ რეგულარულ შეტყობინებას. განვითარებადმა ქვეყანა მხარებმა რეგულარულად უნდა განახორციელონ შეტყობინება ამ შეთანხმების მიზნებისათვის შესაძლებლობების შექმნის გეგმების, პოლიტიკის, მოქმედებების ან ღონისძიებების განხორციელების თვალსაზრისით მიღწეული პროგრესის შესახებ.

5. შესაძლებლობების შექმნასთან დაკავშირებული საქმიანობა გაძლიერებული იქნება შესაბამისი ინსტიტუციური ღონისძიებებით ამ შეთანხმების განხორციელების მხარადჭერის მიზნით, მათ შორის, კონვენციის მიხედვით განსაზღვრული  შესაბამისი ინსტიტუციური ღონისძიებებით, რომლებიც ემსახურება ამ შეთანხმებას. მხარეთა კონფერენცია, მოქმედი როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, თავის პირველ სესიაზე განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას შესაძლებლობების შექმნის პირველადი ინსტიტუციური ღონისძიებების შესახებ.

მუხლი 12

მხარეები ითანამშრომლებენ, საჭიროების მიხედვით, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული განათლების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, საზოგადოების მონაწილეობის და  ინფორმაციაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებით, აღიარებენ რა ამ ნაბიჯების მნიშვნელობას ამ შეთანხმების ფარგლებში საქმიანობის გასაძლიერებლად.

მუხლი 13

1. ორმხრივი ნდობის შექმნისა და ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობისთვის, ამ შეთანხმებით იქმნება გაძლიერებული გამჭვირვალობის ჩარჩო  მოქმედებისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც ხასიათდება მოქნილობით, ითვალისწინებს მხარეების განსხვავებულ შესაძლებლობებს და ეფუძნება კოლექტიურ გამოცდილებას.

2. გამჭვირვალობის ჩარჩო უზრუნველყოფს მოქნილობას ამ მუხლის განსახორციელებლად იმ განვითარებადი მხარე ქვეყნებისთვის, რომლებსაც ეს ესაჭიროებათ მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით. ამ მუხლის მე-13 პარაგრაფით განსაზღვრული ფორმები, პროცედურები და სახელმძღვანელო პრინციპები უზრუნველყოფს ასეთ მოქნილობას.

3. გამჭვირვალობის ჩარჩო დაეფუძნება და გააძლიერებს კონვენციით განსაზღვრულ გამჭვირვალობის ღონისძიებებს, აღიარებს ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების და მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოების განსაკუთრებულ გარემოებებს და განხორციელდება ხელშემყობი, არა თავსმოხვეული, არა სადამსჯელო სახით, ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემით და თავიდან იქნება აცილებული მხარეებისთვის არაჯეროვანი ტვირთის დაკისრება.

4. კონვენციის მიხედვით განსაზღვრული გამჭვირვალობის ღონისძიებები, მათ შორის, ეროვნული შეტყობინებები, ორწლიური ანგარიშები და ორწლიური განახლებადი ანგარიშები, საერთაშორისო შეფასება და მიმოხილვა და საერთშორისო კონსულტაცია და ანალიზი შეადგენს იმ გამოცდილების ნაწილს, რომლის საფუძველზედაც უნდა შემუშავდეს ამ მუხლის მე-13 პარაგრაფით განსაზღვრული ფორმები, პროცედურები და სახელმძღვანელო პრინციპები.

5. მოქმედებისთვის გამჭვირვალობის ჩარჩოს მიზანია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მოქმედებების ნათლად გაგების უზრუნველყოფა, კონვენციის მიზნის გათვალისწინებით, როგორც განსაზღვრულია მისი მე-2 მუხლით, მათ შორის, ამ შეთანხმების მე-4 მუხლით გათვალისწინებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული ინდივიდუალური წვლილის სიცხადის უზრუნველყოფა და მათი შესრულების თვალსაზრისით მიღწეული პროგრესის დაკვირვება, ასევე მე-7 მუხლით განსაზღვრული ადაპტაციის მოქმედებების, მათ შორის, საუკეთესო პრაქტიკის, პრიორიტეტების, საჭიროებების და ნაკლოვანებების სიცხადის უზრუნველყოფა, მე-14 მუხლით განსაზღვრული გლობალური შედეგების შეფასების პროცესის ინფორმირებისთვის.

6. მხარდაჭერისთვის გამჭვირვალობის ჩარჩოს მიზანია იმ მხარდაჭერის სიცხადის უზრუნველყოფა, რომელიც გაწეულია ან მიღებულია შესაბამისი ინდივიდუალური მხარეების მიერ მე-4, მე-7, მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მოქმედებების კონტექსტში, შესაძლებლობის ფარგლებში, გაწეული ერთობლივი ფინანსური დახმარების სრული მიმოხილვის უზრუნველსაყოფად, მე-14 მუხლით განსაზღვრული გლობალური შედეგების შეფასების პროცესის უზრუნველყოფისთვის.

7. თითოეული მხარე რეგულარულად უზრუნველყოფს შემდეგ ინფორმაციას:

(a)  ანთროპოგენური  წყაროებიდან ემისიის და მშთანმთქმელებით ჩაჭერის შესახებ ეროვნული ინვენტარიზაციის ანგარიშს, რომელიც მომზადდება საუკეთესო პრაქტიკის მეთოდოლოგიების შესაბამისად, რომლებიც მიღებულია კლიმატის ცვლილების ექსპერტთა სამთავრობათაშორისო ჯგუფის მიერ და შეთანხმებულია მხარეთა კონფერენციასთან, მოქმედთან როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა; და

(b) ინფორმაცია, რომელიც საჭიროა მე-4 მუხლით გათვალისწინებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განხორციელების და შესაბამისი მიზნების მიღწევის თვალსაზრისით  მიღწეული პროგრესის დასადგენად.

8. თითოეული მხარე ასევე უზრუნველყოფს ინფორმაციას, საჭიროების მიხედვით,  კლიმატის ცვლილების ზემოქმედებასთან და მე-7 მუხლით განსაზღვრულ ადაპტაციასთან  დაკავშირებით.

9. განვითარებული ქვეყანა მხარეები უზრუნველყოფენ ინფორმაციას გავითარებადი ქვეყანა მხარეებისთვის მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების მიხედვით ფინანსების, ტექნოლოგიების გადაცემის და შესაძლებლობების შექმნის თვალსაზრისით  გაწეული დახმარების შესახებ. სასურველია, რომ სხვა მხარეებმაც, რომლებიც გამოყოფენ დახმარებას, წარადგინონ ასეთი ინფორმაცია.

10. განვითარებადმა ქვეყანა მხარეებმა, სასურველია წარადგინონ ინფორმაცია ფინანსების, ტექნოლოგიების გადაცემის და შესაძლებლობების შექმნის სფეროებში საჭირო და მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად მიღებული დახმარების შესახებ.

11. თითოეული მხარის მიერ ამ მუხლის მე-7 და მე-9 პარაგრაფების მიხედვით წარდგენილი ინფორმაცია ექვემდებარება ტექნიკური ექსპერტების მიერ განხილვას, 1/CP.21 გადაწყვეტილების შესაბამისად. იმ განვითარებადი ქვეყანა მხარეებისთვის, რომელთათვისაც ეს პროცესი უნდა წარიმართოს მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით, განხილვის პროცესში უზრუნველყოფილი იქნება დახმარება შესაძლებლობების შექმნის საჭიროებების იდენტიფიცირებისთვის. გარდა ამისა, თითოეული მხარე მონაწილეობას მიიღებს მე-9 მუხლის შესაბამისად განხორციელებული ძალისხმევის და მისი ეროვნულ დონეზე განსაზღვრული  წვლილის განხორციელებისას მიღწეული პროგრესის მრავალმხრივ განხილვაში, რომელსაც ექნება ხელშეწყობის ხასიათი.

12. ამ პარაგრაფის შესაბამისად ტექნიკური ექსპერტების მიერ განხილვა მოიცავს მხარის მიერ დახმარების გაწევის შესახებ ინფორმაციას, სადაც ეს მიზანშეწონილია და ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განხორციელების და მიღწევების განხილვას. განხილვისას ასევე იდენტიფიცირებული იქნება ის სფეროები, სადაც მხარეს ესაჭიროება გაუმჯობესება და მოიცავს ინფორმაციის ამ მუხლის მე-13 პარაგრაფით განსაზღვრულ ფორმებთან, პროცედურებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან შესაბამისობის განხილვას, იმ მოქნილობის გათვალისწინებით, რომელიც გარანტირებულია ამ მუხლის მე-2 პარაგრაფით. განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა განვითარებადი ქვეყანა მხარეების  შესაბამის ეროვნულ შესაძლებლობებს და გარემოებებს.

13. მხარეთა კონფერენცია, მოქმედი როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა,  თავის პირველ სესიაზე, კონვენციის ფარგლებში გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ღონისძიებების შედეგად მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით და ამ მუხლით განსაზღვრული დებულებების დაზუსტების მიზნით, მიიღებს საერთო ფორმებს, პროცედურებს და სახელმძღვანელო პრინციპებს, საჭიროების მიხედვით, მოქმედებების და მხარდაჭერის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.

14. ამ მუხლის განსახორციელებლად განვითარებად მხარეებს გაეწევათ დახმარება.

15. განვითარებად ქვეყანა მხარეებს ასევე მუდმივად გაეწევათ დახმარება გამჭვირვალობასთან დაკავშირებული შესაძლებლობების შექმნისთვის,

მუხლი 14

1. მხარეთა კონფერენცია, მოქმედი როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, პერიოდულად შეაჯამებს ამ შეთანხმების შესრულებას, ამ შეთანხმების მიზნის და მისი გრძელვადიანი ამოცანების განხორციელების მიმართულებით მიღწეული პროგრესის შეფასების მიზნით (შემდგომში მოხსენიებული, როგორც გლობალური შედეგების შეჯამება). ასეთ შეჯამებას ექნება  კომპლექსური და მხარდაჭერის ხასიათი და გათვალისწინებული იქნება შერბილება, ადაპტაცია და განხორციელების და დახმარების საშუალებები; შეჯამება  დაეფუძნება თანასწორობის პრინციპს და საუკეთესო სამეცნიერო პრაქტიკას.

2. მხარეთა კონფერენცია, მოქმედი როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა,  განახორციელებს მის პირველ გლობალურ შეჯამებას 2023 წელს და ამის შემდეგ ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ, თუ სხვაგვარად არ გადაწყდება  მხარეთა კონფერენციის, მოქმედი როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, მიერ.

3. გლობალური შედეგების შეჯამების შესახებ ინფორმაციას მხარეები გამოიყენებენ ამ შეთანხმების შესაბამისი დებულებების მიხედვით ერონულ დონეზე განხორციელებული მათი მოქმდებების და მხარდაჭერის განახლების და გაძლიერების პროცესში და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისას.

მუხლი 15

1. დგინდება მექანიზმი ამ შეთანხმების დებულებების განსახორციელებლად და ამ დებულებებთან შესაბამისობის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად.

2. ამ მუხლის პირველი პარაგრაფით განსაზღვრული მექანიზმი მოიცავს კომიტეტს, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან ექსპერტები და რომელსაც ექნება ხელშემწყობი ხასიათი და იმუშავებს გამჭვირვალედ, კონფრონტაციის და სადამსჯელო ღონისძიებების გამოყენების გარეშე. კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს მხარეების შესაბამის ეროვნულ შესაძლებლობებს და გარემოებებს.

3. კომიტეტი იმუშავებს იმ ფორმით და იმ პროცედურების შესაბამისად, რომლებსაც მიიღებს მხარეთა კონფერენცია, მოქმედი როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა,  თავის პირველ სესიაზე და წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშებს მხარეთა კონფერენციას, მოქმედს როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა.

მუხლი 16

1. მხარეთა კონფერენცია, კონვენციის უმაღლესი ორგანო, შეასრულებს ამ შეთანხმების მხარეთა სხდომის ფუნქციას.

2. კონვენციის მხარეებს, რომლებიც არ არიან ამ შეთანხმების მხარეები, შეუძლიათ მონაწილეობა  მიიღონ როგორც დამკვირვებლებმა, მხარეთა კონფერენციის, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა,  ნებისმიერი სესიის მუშაობაში. როდესაც მხარეთა კონფერენცია, მოქმედებს როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, ამ შეთანხმების ფარგლებში გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ იმ მხარეების მიერ, რომლებიც არიან ამ შეთანხმების მხარეები.

3. როდესაც მხარეთა კონფერენცია, მოქმედებს როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, მხარეთა კონფერენციის ბიუროს ნებისმიერი წევრი, რომელიც წარმოადგენს  კონვენციის მხარეს, მაგრამ არ არის ამ შეთანხმების მხარე, ჩანაცვლდება დამატებითი წევრით, რომელიც აირჩევა ამ შეთანხმების მხარეების მიერ საკუთარი წარმომადგენლებისგან.

4. მხარეთა კონფერენცია, მოქმედი როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა,  რეგულარულად განიხილავს ამ შეთანხმების შესრულებას და საკუთარი მანდატის ფარგლებში მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც საჭიროა მისი ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობისთვის. ის განახორციელებს ამ შეთანხმებით მისთვის დაკისრებულ ფუნქციებს და:

(ა) შექმნის ისეთ დამხმარე ორგანოებს, რომლებიც მიჩნეული იქნება საჭიროდ ამ შეთანხმების განსახორციელებლად; და

(ბ) განახორციელებს სხვა ისეთ ფუნქციებს, რომლებიც შესაძლოა მოთხოვნილი იქნეს ამ შეთანხმების განსახორციელებლად.

5. მხარეთა კონფერენციის პროცედურული წესები და კონვენციის ფარგლებში დამკვიდრებული ფინანსური პროცედურები, შესაბამისი ცვლილებებით, გამოყენებული იქნება ამ შეთანხმების ფარგლებში, თუ სხვაგვარად არ გადაწყდება  მხარეთა კონფერენციის, მოქმედი როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომაზე,   კონსენსუსით.

6. მხარეთა კონფერენციის, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, პირველი სესია, მოწვეული იქნება სამდივნოს მიერ მხარეთა კონფერენციის პირველ სესიასთან ერთად, რომელიც დაგეგმილია ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ. მხარეთა კონფერენციის, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა,  შემდგომი რიგითი სესიები გაიმართება მხარეთა კონფერეციის რიგით სესიებთან ერთად, თუ სხვაგვარად არ გადაწყდება  მხარეთა კონფერენციის, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა,  მიერ.

7. მხარეთა კონფერენციის, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა,  საგანგებო სესიები გაიმართება სხვა ისეთ დროს, რომელიც შესაძლოა მიჩნეული იქნეს საჭიროდ მხარეთა კონფერენციის, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა,  მიერ, ან ნებისმიერი მხარის წერილობითი მოთხოვნით, იმ პირობით, რომ სამდივნის მიერ მხარეებისთვის ამ მოთხოვნის შეტყობინების შემდეგ ექვსი თვის განმავლობაში მას მხარს დაუჭერს მხარეების სულ ცოტა ერთი მესამედი.

8. გაერო და მისი სპეციალიზებული სააგენტოები და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, ასევე ამ ორგანიზაციების წევრი სახელმწიფოები და ამ ორგანიზაციების დამკვირვებლები, რომლებიც არ არიან კონვენციის მხარეები, შესაძლოა წარმოდგენილი იქნენ მხარეთა კონფერენციის, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა,  სესიებზე როგორც დამკვირვებლები. ნებისმიერ ეროვნულ ან საერთაშორისო, სამთავრობო და არასამათავრობო  ორგანოს ან სააგენტოს, რომელიც კვალიფიცირებულია ამ შეთანხმების სფეროში შემავალ საკითხებში და რომელიც აცნობებს სამდივნოს მისი სურვილის შესახებ, რომ წარმოდგენილი იყოს დამკვირვებლად მხარეთა კონფერენციის, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა,   სესიაზე, შესაძლოა მიეცეს ასეთი ნებართვა, იმ შემთხვევის გარდა, როცა მხარეების სულ ცოტა ერთი მესამედი ამის წინააღმდეგია. დამკვირვებლების დაშვება და მხარეობა დაექვემდებარება ამ მუხლის მე-5 პარაგრაფით განსაზღვრულ პროცედურულ წესებს. 

მუხლი 17

1. კონვენციის მე-8 მუხლით განსაზღვრული სამდივნო შეასრულებს ამ შეთანხმების სამდივნოს ფუნქციას.
2. კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პარაგრაფით განსაზღვრული სამდივნოს ფუნქციები და კონვენციის მე-8 მუხლის მე-3 პარაგრაფით განსაზღვრული სამდივნოს ფუქციონირებისთვის საჭირო ღონისძიებები, გარკვეული ცვლილებებით,  გავრცელდება ამ შეთანხმებაზე. გარდა ამისა, სამდივნო განახორციელებს მისთვის ამ შეთანხმებით და მხარეთა კონფერენციის მიერ, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, დაკისრებულ ფუნქციებს.

მუხლი 18

1.  კონვენციის მე-9 და მე-10 მუხლების მიხედვით შექმნილი სამეცნიერო და ტექნოლოგიურ საკითხებში დამხმარე ორგანო და განხორციელების დამხმარე ორგანო შესაბამისად განახორციელებენ ამ შეთანხმების სამეცნიერო და ტექნოლოგიური საკითხებში დამხმარე ორგანოს და განხორციელების დამხმარე ორგანოს ფუნქციას.  კონვენციით განსაზღვრული ამ ორი ორგანოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული დებულებები, გარკვეული ცვლილებებით, გავრცელდება ამ შეთანხმებაზე. სამეცნიერო და ტექნოლოგიური საკითხებში დამხმარე ორგანოს და განხორციელების დამხმარე ორგანოს სესიების შეხვედრები გაიმართება შესაბამისად კონვენციის სამეცნიერო და ტექნოლოგიური საკითხებში დამხმარე ორგანოსა და განხორციელების დამხმარე ორგანოს შეხვედრებთან ერთად.

2. კონვენციის მხრეებს, რომლებიც არ არიან ამ შეთანხმების მხარეები, შეუძლიათ დამკვირვებლის სტატუსით მიიღონ მონაწილეიბა დამხმარე ორგანოების ნებისმიერი სესიის მუშაობაში. როდესაც დამხმარე ორგანოები ასრულებენ ამ შეთანხმების დამხმარე ორგანოების ფუნქციას, გადაწვეტილებები ამ შეთანხმების ფარგლებში მიიღება მხოლოდ ამ შეთანხმების მხარეების მიერ.

3. როდესაც კონვენციის მე-9 და მე-10 მუხლების შესაბამისად შექმნილი დამხმარე ორგანოები ახორციელებენ საკუთარ ფუნქციებს ამ შეთახმებასთან დაკავშირებით, ამ დამხმარე ორგანოების ბიუროების ნებისმიერი წევრი, რომელიც წარმოადგენს კონვენციის მხარეს, რომელიც არ არის ამ შეთანხმების მხარე, ჩანაცვლდება დამატებითი წევრით, რომელიც აირჩევა ამ შეთანხმების  მხარეების მიერ საკუთარი წევრებიდან.

მუხლი 19

1. კონვენციის მიერ ან მის შესაბამისად შექმნილი დამხმარე ორგანოები ან სხვა ინსტიტუციური მექანიზმები, რომლებიც მითითებული არ არის ამ შეთანხმებაში, მოემსახურებიან ამ შეთანხმებას, მხარეთა კონფერენციის გადაწყვეტილებით, რომელიც მოქმედებს როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა. მხარეთა კონფერენცია, მოქმედი როგორც ამ შეთანხმების მხარეთა  მსხდომა, განსაზღვრავს იმ ფუნქციებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს ასეთი დამხმარე ორგანოების ან მექანიზმების მიერ.

2. მხარეთა კონფერენციამ, მოქმედმა როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, შეიძლება უზრუნველყოს სახელმძღვანელო ინსტრუქციები ასეთი დამხმარე ორგანოებისა და ინსტიტუციური მექანიზმებისთვის.

მუხლი 20

1. ეს შეთანხმება ღია იქნება ხელმოსაწერად და დაექვემდებარება რატიფიკაციას, აღიარებას ან დამტკიცებას სახელმწიფოების და ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციების მიერ, რომლებიც არიან კონვენციის მხარეები. ის ღია იქნება ხელმოსაწერად გაეროს შტაბ-ბინაში, 2016 წლის 22 აპრილიდან 2017 წლის 21 აპრილამდე. ამის შემდეგ ეს შეთანხმება ღია იქნება მიერთებისათვის, ხელმოწერის დახურვის თარიღის შემდგომი დღიდან. რატიფიკაციის, მიერთების, დამტკიცების და შეერთების დოკუმენტები დეპონირებული იქნება დეპოზიტართან.

2.  ნებისმიერი ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაცია, რომელიც ხდება ამ შეთანხმების მხარე და რომლის არც ერთი წევრი არ არის ამ შეთანხმების მხარე, ვალდებული იქნება ამ შეთანხმებით განსაზღვრული ყველა  მოვალეობის შესრულებაზე. თუ ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციის ერთი ან რამდენიმე წევრი არის ამ შეთანხმების მხარე, ამ ორგანიზაციამ და მისმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მათ შესაბამის პასუხისმგებლობებზე ამ შეთანხმების შესაბამისად მათი ვალდებულებების განხორციელებასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევებში, ორგანიზაციას და მხარეებს არ ექნებათ უფლება, რომ განახორციელონ ამ შეთანხმებით განსაზღვრული უფლებები ერთდროულად.

3. მათი რატიფიკაციის, აღიარების, დამტკიცების ან შეერთების ინსტრუმენტებით, ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონულმა ორგანიზაციებმა უნდა განაცხადონ საკუთარი კომპეტენციის მასშტაბის შესახებ, ამ შეთანხმების მიხედვით რეგულირებად საკითხებზე. ამ ორგანიზაციებმა ასევე უნდა აცნობონ დეპოზიტარს მათი კომპეტენციის ნებისმიერი არსებითი ცვლილების შესახებ, რომელიც, თავის მხრივ, აცნობებს ამის თაობაზე მხარეებს.

მუხლი 21

1.  ეს შეთანხმება ძალაში შევა ოცდამეათე დღეს იმ თარიღიდან, როდესაც კონვენციის სულ ცოტა 55 მხარე, რომელთა სათბურის გაზების ემისიის ერთობლივი  წილი  სათბურის გაზების სრული გლობალური ემისიის სულ ცოტა 55%-ს შეადგენს, მოახდენს რატიფიკაციის, აღიარების, დამტკიცების ან შეერთების ინსტრუმენტის დეპონირებას.

2. მხოლოდ ამ მუხლის პირველი პარაგრაფის შეზღუდული მიზნისთვის, "სათბურის გაზების სრული გლობალური ემისია" ნიშნავს უახლეს რაოდენობრივ მაჩვენებელს, რომელიც შეტყობინებულია  მხარეების მიერ ამ შეთანხმების მიღების თარიღისთვის ან ამ თარიღამდე.

3. თითოეული სახელმწიფოსთვის ან ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციისთვის, რომელიც ახდენს ამ შეთანხმების რატიფიკაციას, დამტკიცებას ან აღიარებას ანდა უერთდება მას იმის შემდეგ, როდესაც ამ მუხლის პირველი პარაგრაფით განსაზღვრული ძალაში შესვლის პირობები შესრულებულია, ეს შეთანხმება ძალაში შევა ამ სახელმწიფოს ან ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციის მიერ მისი რატიფიკაციის, დამტკიცების, მიღების ან შეერთების ინსტრუმენტის დეპონირების თარიღიდან ოცდამეათე დღეს.

4. ამ მუხლის პირველი პარაგრაფის მიზნებისთვის, ეკნომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციის მიერ დეპონირებული ნებისმიერი ინსტრუმენტი არ ჩაითვლება მისი წევრი სახელმწიფოების მიერ დეპონირებული ინსტრუმენტების დამატებით დოკუმენტად.

მუხლი 22

კონვენციის მე-15 მუხლის დებულებები კონვენცაში შესწორებების შეტანის შესახებ, გარკვეული ცვლილებებით, გავრცელდება ამ შეთანხმებაზე.

მუხლი 23

1. კონვენციის მე-16 მუხლის დებულებები კონვენციის დანართების მიღების და შესწორებების  შესახებ, გარკვეული ცვლილებებით, გავრცელდება ამ შეთანხმებაზე.

2. ამ შეთანხმების დანართები შეადგენს მის განუყოფელ ნაწილს, და თუ სხვაგვარად არ იქნება პირდაპირ აღნიშნული, ამ შეთანხმებაზე მითითება ამავე დროს წარმოადგენს მის დანართებზე მითითებასაც. ეს დანართები შეიძლება წარმოადგენდეს სიებს, ფორმებს და ნებისმიერ აღწერილობითი ხასიათის  სამეცნიერო, ტექნიკურ, პროცედურულ ან ადმინისტრაციულ მასალას.

მუხლი 24

კონვენციის მე-14 მუხლის დებულებები დავების გადაწყვეტის შესახებ, გარკვეული ცვლილებებით, გავრცელდება ამ შეთანხმებაზე.

მუხლი 25

1. თითოეულ მხარეს ექნება ერთი ხმა, გარდა ამ მუხლის მე-2 პარაგრაფით განსაზღვრული შემთხვევისა.

2. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციები, მათ კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე,  გამოიყენებენ ხმის მიცემის უფლებას. მათი ხმების რაოდენობა ტოლი იქნება ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების რაოდენობისა, რომლებიც წარმოადგენენ შეთანხმების მხარეს.  ასეთი ორგანიზაცია არ განახორციელებს ხმის მიცემას, თუ რომელიმე მისი წევრი სახელმწიფო ახორციელებს ხმის მიცემის უფლებას ან პირიქით.

მუხლი 26

გაეროს გენერალური მდივანი იქნება ამ შეთანხმების დეპოზიტარი.

მუხლი 27

დათქმები წინამდებარე შეთანხმებაზე არ დაიშვება

მუხლი 28

1. მხარისათვის ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან სამი წლის შემდეგ ნებისმიერ დროს, ამ მხარეს შეუძლია გამოვიდეს ამ შეთანხმებიდან დეპოზიტარისთვის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.

2. ნებისმიერი ასეთი გასვლა ძალაში შევა ერთი წლის შემდეგ დეპოზიტარის მიერ შეთანხმებიდან გასვლის შესახებ შეტყობინების მიღების თარიღიდან, ან უფრო მოგვიანებით, რაც შეიძლება განსაზღვრული იქნეს შეთანხმებიდან გასვლის შესახებ შეტყობინებით.

3.  თუ ნებისმიერი მხარე გადის კონვენციიდან, ითვლება, რომ ის გადის ამ შეთანხმებიდანაც.

მუხლი 29

ამ შეთანხმების ორიგინალი, რომლის არაბული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური ტექსტები თანაბრად ავთენტურია, დეპონირებული იქნება გაეროს გენერალურ მდივანთან.

შესრულებულია პარიზში, ორი ათას თხუთმეტი წლის თორმეტ დეკემბერს.

რის დასტურადაც ქვევით ხელმომწერმა  ამ მიზნით უფლებამოსილმა პირებმა ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას.