ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 14/06/2017
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 19/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240060.57.069.016110
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
12
14/06/2017
ვებგვერდი, 15/06/2017
010240060.57.069.016110
ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/06/2017 - 30/08/2017)

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №12

2017 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

 

 

ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

 


„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის №617 კანონის მე-2 მუხლის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“, „მ1“, „ო“, „ჟ“ და „ღ“ ქვეპუნქტების, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-9 მუხლის 11 პუნქტის, მე-11 მუხლის 71 პუნქტის, 121 მუხლის მე-3, 31 და 51 პუნქტების, მე-13 მუხლის, 151 მუხლის პირველი, მე-2 და მე-7–მე-9 პუნქტების, 161 მუხლის მე-5 პუნქტის, 191 მუხლის, 21-ე მუხლის 11, მე-4 და 51 პუნქტების, 211 მუხლის, 22-ე მუხლის 21 პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-10 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“;

ბ) აფიდავიტის ფორმა და პირობები (დანართი №1);

გ) იმ მომსახურების CPV კოდები, რომელთა შესყიდვა შესაძლებელია პრეისკურანტის საფუძველზე (დანართი №2);

დ) კითხვარი, რომელსაც ელექტრონულად ავსებს შემსყიდველი ორგანიზაცია სატენდერო დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მიზნით (დანართი №3).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება.

3. ამ ბრძანების ამოქმედებამდე გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული და ელექტრონული ტენდერები ჩატარდეს „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების შესაბამისად.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 19 ივლისიდან.



სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე



ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი


თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. წესის მიზანი

„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და მისი მიზანია ელექტრონული ტენდერის ჩატარებასთან, ასევე მისი ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია და მონიტორინგი.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა) – სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალი https://tenders.procurement.gov.ge, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრონული ტენდერის ჩატარებასთან, ასევე მისი ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებას ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში;

ბ) რეგისტრირებული მომხმარებელი – შემსყიდველი ორგანიზაცია ან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი/პრეტენდენტი/მიმწოდებელი, რომელიც, დადგენილი წესით, დარეგისტრირდა სისტემაში;

გ) უფლებამოსილი წარმომადგენელი – რეგისტრირებული მომხმარებლის სახელით სისტემაში დადგენილი წესით დარეგისტრირებული (დამატებული) და მოქმედი ფიზიკური პირი;

დ) რეგისტრირებული მომხმარებლის პროფილი (შემდგომში – მომხმარებლის პროფილი) – სისტემაში არსებული რეგისტრირებული მომხმარებლის პროფილი, რომელშიც აისახება მონაცემები რეგისტრირებული მომხმარებლისა და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლების შესახებ;

ე) ელექტრონული ტენდერის ჩატარება – ელექტრონული ტენდერის მეშვეობით გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენისა და მასთან ხელშეკრულების დადების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებათა და ქმედებათა ერთობლიობა;

ვ) სატენდერო პირობები – სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ინფორმაცია შესყიდვის შესახებ, აგრეთვე შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის მიმართ სატენდერო კომისიის მიერ დადგენილი პირობების/მოთხოვნების ერთობლიობა;

ზ) სატენდერო განცხადება – ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში განთავსებული განცხადება, რომელიც შეიცავს ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას და არის სატენდერო პირობების ნაწილი;

თ) სატენდერო დოკუმენტაცია – სატენდერო განცხადებას თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს კანონითა და ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას და არის სატენდერო პირობების ნაწილი;

ი) სატენდერო წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვითა და სატენდერო პირობების შესაბამისად, ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების მიზნით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სატენდერო წინადადების ფასი, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი;

კ) ტექნიკური დოკუმენტაცია – დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს სატენდერო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტისა და შესყიდვის ობიექტის შესახებ. ტექნიკურ დოკუმენტაციას პრეტენდენტი ტვირთავს სისტემის შესაბამის ველში;

ლ) სატენდერო წინადადების ფასი (შემდგომში – წინადადების ფასი) – ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული სატენდერო წინადადების ფასი, რომელსაც პრეტენდენტი უთითებს სისტემის შესაბამის ველში;

მ) შესყიდვის ობიექტის ნიმუში (შემდგომში – ნიმუში) – ნიმუში, რომელიც სატენდერო კომისიას, ამ წესის მოთხოვნათა დაცვითა და სატენდერო პირობების შესაბამისად, წარედგინება მატერიალური სახით, ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული შესყიდვის ობიექტის ან მისი კომპონენტის აღწერის, ასევე მისაწოდებელი საქონლის ან მისი კომპონენტის (მათ შორის, მომსახურებისა და სამუშაოს შემადგენელი საქონლის) სატენდერო პირობებთან და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

ნ) ექსპერტიზის დასკვნა – ექსპერტის ან საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნა, რომლითაც ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის ეტაპზე უნდა დადასტურდეს ტექნიკურ დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის შესახებ მითითებული ინფორმაციის, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ნიმუშის შესაბამისობას სატენდერო პირობებთან და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან. ექსპერტიზის დასკვნას პრეტენდენტი ტვირთავს სისტემის შესაბამის ველში;

ო) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დოკუმენტი, რომლითაც უნდა დადასტურდეს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს პრეტენდენტი ტვირთავს სისტემის შესაბამის ველში;

პ) სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი – ადმინისტრაციული ორგანოდან წარმოსადგენი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სატენდერო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტის მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები და სხვ.). სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს პრეტენდენტი ტვირთავს სისტემის შესაბამის ველში;

ჟ) ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის სტატუსი (შემდგომში – ტენდერის სტატუსი) –შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის ქმედების შედეგად ან სისტემის მეშვეობით ელექტრონული ტენდერისთვის მინიჭებული ამ პუნქტის „რ“–„ჩ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტატუსი, რომელიც ასახავს ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის კონკრეტულ ეტაპს. ელექტრონულ ტენდერს ტენდერის სტატუსი ენიჭება ქრონოლოგიურად, ამ პუნქტის „რ“–„ჩ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მხოლოდ ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის წინა ეტაპის სრულყოფილად გავლის შემდგომ;

რ) გამოცხადებულია – ტენდერის სტატუსი, რომელიც მოიცავს სატენდერო პირობების გამოქვეყნებიდან ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღების დაწყებამდე ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს, რა დროსაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, გაეცნოს სატენდერო პირობებს, ხოლო სატენდერო კომისიას – ამ წესის შესაბამისად, შეიტანოს ცვლილება სატენდერო პირობებში (გარდა ელექტრონული ტენდერის ჩატარების მეთოდისა და შესყიდვის ობიექტისა). ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტენდერის სტატუსი ელექტრონულ ტენდერს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით;

ს) წინადადებების მიღება დაწყებულია – ტენდერის სტატუსი, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს, რა დროსაც შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს/პრეტენდენტს უფლება აქვს, წარადგინოს სატენდერო წინადადება და მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ ვაჭრობაში. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტენდერის სტატუსი ელექტრონულ ტენდერს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით;

ტ) წინადადებების მიღება დასრულებულია – ტენდერის სტატუსი, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს ელექტრონული ვაჭრობის ძირითადი დროის ან, არსებობის შემთხვევაში, დამატებითი რაუნდების დასრულებიდან ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „შერჩევა-შეფასება“ მინიჭებამდე. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტენდერის სტატუსი ელექტრონულ ტენდერს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით;

უ) შერჩევა-შეფასება – ტენდერის სტატუსი, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს, რა დროსაც ფასდება პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა, გარდა ამ წესის მე-40 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტენდერის სტატუსი ელექტრონულ ტენდერს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით, მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი სისტემაში ატვირთავს სატენდერო კომისიის შესაბამის სხდომის ოქმს;

ფ) გამარჯვებული გამოვლენილია – ტენდერის სტატუსი, რომელიც ელექტრონულ ტენდერს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმს, რომლითაც დასტურდება, რომ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაცია, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი შეესაბამება სატენდერო პირობებს, გარდა ამ წესის მე-40 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისისა;

ქ) მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება – ტენდერის სტატუსი, რომელიც ელექტრონულ ტენდერს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმს, რომლითაც დასტურდება, რომ გამარჯვებული პრეტენდენტის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში) შეესაბამება სატენდერო პირობებს და სატენდერო კომისია მიიწვევს მას ხელშეკრულების დასადებად, გარდა ამ წესის მე-40 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისისა;

ღ) ხელშეკრულება დადებულია – ტენდერის სტატუსი, რომელიც ელექტრონულ ტენდერს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს მიმწოდებელთან დადებულ ხელშეკრულებას, აგრეთვე სისტემის შესაბამის ველში მიეთითება მიმწოდებლის სახელწოდება და ხელშეკრულების რეკვიზიტები;

ყ) შეწყვეტილია – ტენდერის სტატუსი, რომელიც ელექტრონულ ტენდერს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შესახებ სატენდერო კომისიის დასაბუთებულ სხდომის ოქმს, რომელშიც მითითებული იქნება ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის მიზეზი და საფუძველი. ელექტრონული ტენდერისთვის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტენდერის სტატუსის მინიჭება დასაშვებია ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ელექტრონულ ტენდერს მინიჭებული აქვს ტენდერის სტატუსი „ხელშეკრულება დადებულია“, „არ შედგა“ ან „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“;

შ) არ შედგა – ტენდერის სტატუსი, რომელიც ელექტრონულ ტენდერს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით, მას შემდეგ, რაც ელექტრონულ ტენდერს მიენიჭა ტენდერის სტატუსი „წინადადებების მიღება დასრულებულია“ და ამ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა არც ერთ პრეტენდენტს არ მიუღია;

ჩ) დასრულებულია უარყოფითი შედეგით – ტენდერის სტატუსი, რომელიც ელექტრონულ ტენდერს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით, მას შემდეგ, რაც ელექტრონულ ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტი ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე ან ელექტრონულ ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას;

ც) ტენდერის საბოლოო სტატუსი – ტენდერის სტატუსი „ხელშეკრულება დადებულია“, „შეწყვეტილია“, „არ შედგა“ ან „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“;

ძ) ხელშეკრულების მიმდინარეობის სტატუსი (შემდგომში – ხელშეკრულების სტატუსი) – შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის ქმედების შედეგად ან სისტემის მეშვეობით ხელშეკრულებისთვის მინიჭებული ამ პუნქტის „წ“–„ხ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტატუსი, რომელიც ასახავს ხელშეკრულების მიმდინარეობის კონკრეტულ ეტაპს;

წ) მიმდინარე ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ასახავს ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობას. ეს სტატუსი ხელშეკრულებას ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით, მას შემდეგ, რაც ელექტრონულ ტენდერს მიენიჭება ტენდერის სტატუსი „ხელშეკრულება დადებულია“;

ჭ) შესრულებული ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ხელშეკრულებას ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც სისტემაში აიტვირთება ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და აისახება საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია;

ხ) შეუსრულებელი ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ხელშეკრულებას ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც სისტემაში აიტვირთება ხელშეკრულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და აისახება საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში);

ჯ) ელექტრონული ვაჭრობა – ელექტრონული ტენდერის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს შეუძლია შეამციროს წინადადების ფასი ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების მოპოვების მიზნით. ელექტრონული ვაჭრობა მოიცავს ძირითად დროსა და დამატებით რაუნდებს. ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში ელექტრონული ტენდერი შესაძლებელია არ მოიცავდეს ელექტრონული ვაჭრობის დამატებით რაუნდებს;

ჰ) ელექტრონული ვაჭრობის ძირითადი დრო (შემდგომში – ძირითადი დრო) – ელექტრონული ვაჭრობის შემადგენელი პერიოდი, რომელიც იწყება ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებისთანავე და გრძელდება სატენდერო განცხადებაში მითითებული სატენდერო წინადადებების მიღებისთვის განკუთვნილი ვადის დასრულებამდე;

1) ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდები (შემდგომში – დამატებითი რაუნდები) – ელექტრონული ვაჭრობის შემადგენელი პერიოდი – სამი დამატებითი რაუნდი, რომელიც იწყება ძირითადი დროის დასრულებიდან ხუთი წუთის გასვლისთანავე და სრულდება ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე. დამატებით რაუნდებს შორის იმართება ორწუთიანი შესვენება. თითოეულ დამატებით რაუნდში პრეტენდენტს უფლება აქვს, მხოლოდ ერთხელ შეამციროს წინადადების ფასი, რისთვისაც თითოეულ პრეტენდენტს განესაზღვრება ორი წუთი;

2) სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის ელექტრონული გარანტია (შემდგომში – ელექტრონული გარანტია) – სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის მიერ სააგენტოსთვის სისტემის მეშვეობით წარდგენილი გარანტირების მექანიზმი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1%-ის ოდენობით;

3) ელექტრონული გარანტიების რეესტრი – საბანკო დაწესებულების ან/და სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული ელექტრონული გარანტიების მონაცემთა ბაზა;

4) წინადადების ფასის კლების ბიჯი (შემდგომში – ბიჯი) – სატენდერო განცხადებაში მითითებული თანხა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 0,4%-დან 2%-ის ოდენობით;

5) CPV კოდი – „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით გათვალისწინებული კლასიფიკატორის 8-ნიშნა კოდი;

6) პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება – დანართი №2-ით განსაზღვრული მომსახურებისა და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საცხებ-საპოხი მასალის ერთეულის ღირებულება/ერთეულების სავარაუდო ჯამური ღირებულება;

7) პრეისკურანტის საბოლოო ღირებულება – გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული დანართი №2-ით განსაზღვრული მომსახურებისა და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საცხებ-საპოხი მასალის ერთეულის ღირებულება/ერთეულების საბოლოო ჯამური ღირებულება;

8) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება – ელექტრონული ტენდერის პრეისკურანტის საფუძველზე ჩატარების შემთხვევაში, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება, რომელიც მითითებულია სატენდერო განცხადების შესაბამის ველში;

9) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო;

10) საბჭო – კანონის 23-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო.

2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში, ასევე, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, კანონის საფუძველზე გამოცემულ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში.

მუხლი 3. ელექტრონული ტენდერის ჩატარების მეთოდები

1. ელექტრონული ტენდერი შესაძლებელია ჩატარდეს:

ა) ელექტრონული ტენდერის ჩატარებისთვის ამ წესით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად. ამ მეთოდით ჩატარებული ელექტრონული ტენდერი სისტემაში აღინიშნება აბრევიატურით SPA;

ბ) ამ წესის 39-ე მუხლის შესაბამისად, ელექტრონული ვაჭრობის დაფარული მონაცემებით, დამატებითი რაუნდების გარეშე. ამ მეთოდით ჩატარებული ელექტრონული ტენდერი სისტემაში აღინიშნება აბრევიატურით NAT;

გ) ამ წესის მე-40 მუხლის შესაბამისად, სამუშაოს შესყიდვის მიზნით. ამ მეთოდით ჩატარებული ელექტრონული ტენდერი სისტემაში აღინიშნება აბრევიატურით DAP;

დ) ორ ეტაპად – ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით. ამ მეთოდით ჩატარებული ელექტრონული ტენდერი სისტემაში აღინიშნება აბრევიატურით MEP. ელექტრონული ტენდერი ორ ეტაპად ტარდება „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანების შესაბამისად.

2. ელექტრონული ტენდერის შესაბამისი მეთოდით ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისია.

მუხლი 4. ელექტრონული ტენდერის ჩატარების პრინციპები

ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას უნდა იყოს დაცული შემდეგი პრინციპები:

ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა;

ბ) შესყიდვის მონაწილეთა შორის ჯანსაღი კონკურენცია;

გ) შესყიდვის მონაწილეთა მიმართ არადისკრიმინაციული მიდგომა და თანასწორი მოპყრობა;

დ) შესყიდვის მონაწილეთა მიმართ პროპორციული მოთხოვნების დადგენა;

ე) საჯაროობა და გამჭვირვალობა.

მუხლი 5. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები

1. ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას, კანონის მე-8 მუხლისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტების თავისებურებათა გათვალისწინებით, უნდა იყოს დაცული კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები.

2. თუ ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი არის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, ინტერესთა კონფლიქტი დგება იმ შემთხვევაში, თუ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირსა და პრეტენდენტს შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ურთიერთობა, გარდა იმავე ნაწილის „გ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ურთიერთობისა.

3. ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ ხელწერილს ხელს აწერენ აგრეთვე სატენდერო კომისიის აპარატის წევრები, რომლებიც ჩართული არიან კონკრეტული ელექტრონული ტენდერის ჩატარების პროცესში.

4. ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობისას ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ ხელწერილი სისტემაში უნდა აიტვირთოს ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების შემდგომ ასატვირთ სატენდერო კომისიის პირველივე სხდომის ოქმთან ერთად.

5. თუ ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობისას პრეტენდენტების ვინაობა საჯარო ხდება ეტაპობრივად, ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ ხელწერილი სისტემაში უნდა აიტვირთოს ინდივიდუალურად, ყოველ პრეტენდენტთან მიმართებით, ამ პრეტენდენტის ვინაობის განსაჯაროების შემდგომ ასატვირთ სატენდერო კომისიის პირველივე სხდომის ოქმთან ერთად.

6. ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობაზე განმახორციელებელი ფიზიკური პირის ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ სისტემაში იტვირთება ხელშეკრულებასთან ერთად.

მუხლი 6. სატენდერო კომისია

1. ელექტრონულ ტენდერს ატარებს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული სატენდერო კომისია.

2. სატენდერო კომისია მოქმედებს შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით.

3. სატენდერო კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს სატენდერო კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში. სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს:

ა) სატენდერო კომისიის დასახელება;

ბ) სხდომის დრო და ადგილი;

გ) სატენდერო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა (მათ შორის, დათქმა იმ წევრზე, რომელიც არ ესწრება სხდომას);

დ) განხილვის საგანი;

ე) სატენდერო კომისიის მსჯელობა;

ვ) სათათბირო ხმის უფლებით მოწვეული ექსპერტებისა და კონსულტანტების მოსაზრება (არსებობის შემთხვევაში);

ზ) ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომელსაც ეყრდნობა სატენდერო კომისია;

თ) კენჭისყრის შედეგები;

ი) მიღებული გადაწყვეტილება.

4. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმს. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება მხოლოდ სატენდერო კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმის ხელმოწერის შემდეგ.

5. სატენდერო კომისიის სხდომის ოქმს ხელს აგრეთვე აწერს სატენდერო კომისიის აპარატის წევრი, რომელიც ჩართულია კონკრეტული ელექტრონული ტენდერის ჩატარების პროცესში.

6. სატენდერო კომისიის ნებისმიერი სხდომის ოქმი, გარდა სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სხდომის ოქმისა, სისტემაში უნდა აიტვირთოს ხელმოწერისთანავე.

მუხლი 7. მიმოწერა შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს/მიმწოდებელს შორის

შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს/მიმწოდებელს შორის ნებისმიერი მიმოწერა მიმდინარეობს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით. სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა სავალდებულო არ არის. შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.

მუხლი 8. განმარტების მიღების უფლება

1. ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, სატენდერო კომისიას, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოსთხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. სატენდერო კომისია ვალდებულია, კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, გააკეთოს შესაბამისი განმარტება, რითაც შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა.

2. ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს, ხოლო ორეტაპიან ელექტრონულ ტენდერში – საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მოთხოვნის უფლება აქვს ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „შერჩევა-შეფასება“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“ მინიჭებამდე. ასეთ შემთხვევაში სატენდერო კომისია ვალდებულია, გააკეთოს შესაბამისი განმარტება გონივრულ ვადაში.

3. სამუშაოს შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერის ამ წესის მე-40 მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად ჩატარების შემთხვევაში, ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „შერჩევა-შეფასება“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „გამარჯვებული გამოვლენილია“ მინიჭებამდე სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მოთხოვნის უფლება აქვს ყველა პრეტენდენტს, ხოლო ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამარჯვებული გამოვლენილია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“ მინიჭებამდე – ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს. ასეთ შემთხვევაში სატენდერო კომისია ვალდებულია, გააკეთოს შესაბამისი განმარტება გონივრულ ვადაში.

4. მიმწოდებელს „კითხვა-პასუხის“ მოდულით სარგებლობის უფლება აქვს ხელშეკრულებისთვის ხელშეკრულების სტატუსის „შესრულებული ხელშეკრულება“ ან „შეუსრულებელი ხელშეკრულება“ მინიჭებამდე. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, გააკეთოს შესაბამისი განმარტება გონივრულ ვადაში.

5. შემსყიდველი ორგანიზაციის განმარტება არ უნდა იყოს ბუნდოვანი და კონკრეტულად უნდა პასუხობდეს დასმულ კითხვას.

მუხლი 9. ალტერნატიული შესყიდვა

1. კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური სისტემის მდგრადი და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, საკომუნიკაციო მომსახურების ალტერნატიული შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს განსხვავებული მიმწოდებლისგან.

2. ალტერნატიული შესყიდვის მეშვეობით მიღებული საკომუნიკაციო მომსახურების მოცულობა უნდა იყოს თანაზომიერი არსებული (ძირითადი) საკომუნიკაციო მომსახურებისა.

3. ალტერნატიული შესყიდვა შესაძლოა განხორციელდეს რამდენიმე ალტერნატიული მიმწოდებლისგან. არ დაიშვება არსებული (ძირითადი) საკომუნიკაციო მომსახურების გამწევი მიმწოდებლის მონაწილეობა ალტერნატიული შესყიდვის პროცედურებში.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისთანავე, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, აცნობოს ამის თაობაზე არსებული (ძირითადი) საკომუნიკაციო მომსახურების გამწევ მიმწოდებელს.

მუხლი 10. ელექტრონული ტენდერის ერთობლივად ჩატარება

1. შემსყიდველ ორგანიზაციათა შეთანხმებით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ელექტრონული ტენდერი შესაძლებელია ჩატარდეს ერთობლივად.

2. შემსყიდველ ორგანიზაციათა შეთანხმება ელექტრონული ტენდერის ერთობლივად ჩატარების თაობაზე იდება წერილობით ფორმით, რომელსაც ხელს აწერენ შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ან მათ მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები. იმ შემთხვევაში, თუ ერთობლივი ელექტრონული ტენდერი ტარდება ერთ სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ, ერთობლივი ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ზემდგომი თანამდებობის პირის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს შემდეგ პირობებს:

ა) მოთხოვნებს, რომელთა მიხედვითაც უნდა შედგეს ერთობლივი სატენდერო პირობები;

ბ) მითითებას შემსყიდველ ორგანიზაციაზე, რომელიც უფლებამოსილია, ჩაატაროს ერთობლივი ელექტრონული ტენდერი.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესაძლებელია შეიცავდეს დამატებით პირობებს, რომლებიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა აიტვირთოს სისტემაში სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.

6. ერთობლივი ელექტრონული ტენდერის ჩატარების მიზნით შესაძლებელია შეიქმნას ერთობლივი სატენდერო კომისია.

7. ერთობლივი სატენდერო პირობებიდან (მათ შორის, ხელშეკრულების პროექტიდან) მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, თუ რომელ შემსყიდველ ორგანიზაციას განეკუთვნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონკრეტული უფლება-მოვალეობა.

მუხლი 11. ელექტრონული ტენდერის ჩატარება პრეისკურანტის საფუძველზე

1. დანართი №2-ით განსაზღვრული მომსახურებისა და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საცხებ-საპოხი მასალის შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი შესაძლებელია ჩატარდეს პრეისკურანტის საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატენდერო განცხადების პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების ველში მიეთითება პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება, ხოლო შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულების ველში – შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება, რომელიც შესაძლოა განსხვავდებოდეს პრეისკურანტის ღირებულებისაგან.

3. პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას. ელექტრონულ ვაჭრობაში წინადადების ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით.

4. ელექტრონული ტენდერის პრეისკურანტის საფუძველზე ჩატარებისას სატენდერო კომისია სატენდერო დოკუმენტაციაში თავად განსაზღვრავს პრეისკურანტში მოცემული მომსახურების ერთეულების ღირებულების დადგენის წესს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების საბოლოო ფასთან მიმართებით.

5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადების შემდეგ, პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას აღნიშნული ერთეულის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

მუხლი 12. ელექტრონული ტენდერის შეჩერება და შეწყვეტა

1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შეაჩეროს ელექტრონული ტენდერი კანონის 23-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კანონითა და „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებით დადგენილი წესით.

2. სატენდერო კომისია უფლებამოსილია, ხელშეკრულების დადებამდე შეწყვიტოს ელექტრონული ტენდერი, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ანდა ამ წესის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

3. სატენდერო კომისია ვალდებულია, შეწყვიტოს ელექტრონული ტენდერი ამ წესის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

4. ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და დაუყოვნებლივ უნდა აიტვირთოს სისტემაში.

მუხლი 13. სისტემის გაუმართაობა

1. თუ სისტემაში არსებული ტექნიკური ხარვეზის გამო პრეტენდენტი ვერ ახერხებს ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენას, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონულ ტენდერ(ებ)ში სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების ვადის შესაბამისი პერიოდით გაგრძელების შესახებ, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი ელექტრონული ტენდერ(ებ)ის შეწყვეტის საჭიროების თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღება სააგენტოს შეუძლია მხოლოდ იმ ელექტრონულ ტენდერ(ებ)თან დაკავშირებით, რომელშიც/რომლებშიც სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების ვადა ემთხვევა სისტემაში ტექნიკური ხარვეზის არსებობას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს ამ გადაწყვეტილების მიღებამდე გამართულ დამატებით რაუნდებთან და ელექტრონული ტენდერ(ებ)ისთვის მინიჭებულ ტენდერის სტატუსებთან დაკავშირებული საკითხები.

4. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შეწყვიტოს ელექტრონული ტენდერი, თუ ასეთ მითითებას შეიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ძალაში შედის სააგენტოს ვებგვერდზე www.procurement.gov.ge გამოქვეყნებისთანავე. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს რეგისტრირებულ მომხმარებლებს სისტემური შეტყობინების მეშვეობით.

მუხლი 14. სისტემაში შემსყიდველი ორგანიზაციის არასწორი ქმედების ტექნიკური კორექტირება

1. სააგენტო ტენდერის ან/და ხელშეკრულების სტატუსს ცვლის, ასევე სისტემაში პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს მიუთითებს, ცვლის ან აუქმებს შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული წერილობითი მომართვის საფუძველზე, ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში:

ა) შემსყიდველი ორგანიზაცია არასწორად მიანიჭებს სტატუსს ელექტრონულ ტენდერს ან/და ხელშეკრულებას;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია სისტემაში არასწორად მიუთითებს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს;

გ) ტენდერის სტატუსის შეცვლა, ასევე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძვლის შეცვლა ან გაუქმება გამოწვეულია საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ:

ა) ელექტრონულ ტენდერს არასწორად მიენიჭა ტენდერის სტატუსი, სააგენტო ამ ელექტრონულ ტენდერს უბრუნებს შესაბამის ტენდერის სტატუსს;

ბ) ელექტრონულ ტენდერს მინიჭებული აქვს ტენდერის საბოლოო სტატუსი და არ არის საჭირო სატენდერო კომისიის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს მიუთითებს ან ცვლის სააგენტო;

გ) ელექტრონულ ტენდერს მინიჭებული აქვს ტენდერის საბოლოო სტატუსი და საჭიროა სატენდერო კომისიის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, სააგენტო ელექტრონულ ტენდერს უბრუნებს შესაბამის ტენდერის სტატუსს და აუქმებს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს, ხოლო ახალ საფუძველს სისტემაში უთითებს თავად შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი;

დ) ელექტრონულ ტენდერს არ აქვს მინიჭებული ტენდერის საბოლოო სტატუსი, სააგენტო აუქმებს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს, ხოლო ახალ საფუძველს სისტემაში უთითებს თავად შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი;

ე) ელექტრონულ ტენდერს არ აქვს მინიჭებული ტენდერის საბოლოო სტატუსი და პრეტენდენტს, რომლის შეფასების ჯერიც არ დამდგარა, მიეცა დისკვალიფიკაცია ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო, ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს მიუთითებს სააგენტო;

ვ) ხელშეკრულებას არასწორად მიენიჭა ხელშეკრულების სტატუსი „შესრულებული ხელშეკრულება“ ან „შეუსრულებელი ხელშეკრულება“, სააგენტო ამ ხელშეკრულებას უბრუნებს ხელშეკრულების სტატუსს „მიმდინარე ხელშეკრულება“.

3. სააგენტო იხილავს შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებულ წერილობით მომართვას ტენდერის სტატუსთან დაკავშირებით არაუმეტეს 7 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ხელშეკრულების სტატუსთან დაკავშირებით – არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში და ახორციელებს შესაბამის ქმედებას ან უარს ამბობს მის განხორციელებაზე, თუ წერილობითი მომართვა უსაფუძვლოა. სააგენტო უფლებამოსილია, მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას ხარვეზის გამოსწორება ან/და დამატებითი ინფორმაცია და განუსაზღვროს დრო მის/მათ გამოსასწორებლად ან/და წარმოსადგენად, რა პერიოდშიც ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება ჩერდება.

თავი II. ელექტრონული ტენდერის გამოცხადება, სატენდერო პირობები

მუხლი 15. სატენდერო პირობების დამტკიცება

1. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და სატენდერო პირობებს ამტკიცებს სატენდერო კომისია.

2. ამ წესის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმით უნდა დამტკიცდეს სისტემაში ელექტრონულად შევსებული სატენდერო პირობების პროექტი.

3. სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სხდომის ოქმი უნდა აიტვირთოს სისტემაში სატენდერო განცხადებასთან ერთად.

მუხლი 16. სატენდერო განცხადება

1. სატენდერო განცხადება ივსება და ქვეყნდება სისტემის მეშვეობით.

2. სატენდერო განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) შესყიდვის ტიპს (რომელი მეთოდით ტარდება ელექტრონული ტენდერი);

ბ) სატენდერო განცხადების ნომერს;

გ) ტენდერის სტატუსს;

დ) შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელებას;

ე) ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღს ზუსტი დროის მითითებით;

ვ) სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღს ზუსტი დროის მითითებით;

ზ) სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების თარიღს ზუსტი დროის მითითებით;

თ) შესყიდვის დაფინანსებას (წელსა და წყაროს);

ი) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას (თუ ელექტრონული ტენდერი ტარდება პრეისკურანტის საფუძველზე – მითითებას პრეისკურანტის სავარაუდო და შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულებებზე);

კ) მითითებას, სატენდერო წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს დღგ-ის გარეშე თუ მისი ჩათვლით;

ლ) კლასიფიკატორის დანაყოფსა და მის შესაბამის CPV კოდს;

მ) შესყიდვის შესაძლო ყველაზე დეტალურ ობიექტსა და მის შესაბამის CPV კოდს (კლასიფიკატორის კატეგორია, კლასი, ჯგუფი ან დანაყოფი. კლასიფიკატორის დაბალი იერარქიული დონის მითითების შეუძლებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უთითებს მის მომდევნო ზედა იერარქიულ დონეს);

ნ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობას/მოცულობას;

ო) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას;

პ) ბიჯის ოდენობას;

ჟ) ელექტრონული გარანტიის ოდენობას;

რ) ელექტრონული გარანტიის მოქმედების ვადას;

ს) შემსყიდველი ორგანიზაციის იმ უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელსა და გვარს, რომელმაც განათავსა სატენდერო განცხადება სისტემაში, განთავსების თარიღისა და ზუსტი დროის მითითებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“–„ვ“, „პ“ და „რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია სატენდერო განცხადებაში ავტომატურად გენერირდება სისტემის მეშვეობით.

4. სატენდერო განცხადებას აქვს დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა შესაძლებელია გამოიყენოს სატენდერო პირობების დამატებითი აღწერის მიზნით.

5. სატენდერო განცხადებაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და ბიჯის ოდენობა შესაძლებელია მითითებულ იქნეს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.

6. სატენდერო განცხადება კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში უნდა გამოქვეყნდეს ინგლისურ ენაზეც.

7. ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების შემდეგ დაუშვებელია სატენდერო განცხადების შეცვლა, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

8. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სატენდერო განცხადებაში შეცვალოს შესყიდვის დაფინანსების წყარო, რისთვისაც გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა სათანადო ცვლილების შეტანა სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმაში.

9. სატენდერო განცხადებასთან ერთად აუცილებელია სისტემაში განთავსდეს სატენდერო დოკუმენტაცია.

მუხლი 17. სატენდერო დოკუმენტაცია

1. სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:

ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი;

ბ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული სატენდერო წინადადების ღირებულება, იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვ.);

გ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, მომსახურების ან სამუშაოს მოცულობას, საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან სამუშაოს შესრულების ვადას, ადგილსა და ფორმას;

დ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური, შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების სრულ აღწერას, მათ შორის, გეგმებს, ნახაზებს, ესკიზებს, ინფორმაციას ხარისხის, ფუნქციონირების, უსაფრთხოების, ზომების, შეფუთვის, ნიშანდებისა და მარკირების, წარმოების მეთოდისა და პროცესის, სიმბოლოების, ტერმინების, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესაბამისობის მოთხოვნების შესახებ და სხვ.;

ე) ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის წესს (არსებობის შემთხვევაში);

ვ) სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – შესასრულებელი სამუშაოს გონივრულ საგარანტიო ვადას;

ზ) ხელშეკრულების პროექტს;

თ) მითითებას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაზე (არსებობის შემთხვევაში);

ი) სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალებასა და პროცედურას;

კ) სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ;

ლ) მითითებას საკომუნიკაციო მომსახურების ალტერნატიული შესყიდვის თაობაზე (არსებობის შემთხვევაში).

2. სატენდერო დოკუმენტაცია სისტემაში თავსდება ელექტრონულად. ამ მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაცია ავსებს ამ წესის დანართი №3-ით განსაზღვრულ კითხვარს, რომელიც გენერირებულია სისტემაში. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერისა და სამუშაოს შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერის ამ წესის მე-40 მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად ჩატარებაზე.

მუხლი 18. მოთხოვნები პრეტენდენტებისადმი და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი

1. სატენდერო კომისია, ყოველი კონკრეტული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში განსაზღვრავს მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი და შესყიდვის ობიექტი.

2. მოთხოვნები, რომელთაც განსაზღვრავს სატენდერო კომისია, უნდა გამომდინარეობდეს შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებიდან, უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული, ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებასა და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას.

3. პრეტენდენტთა მიმართ მოთხოვნები შესაძლებელია დადგინდეს მათი ცოდნის, გამოცდილების, სანდოობის, ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების შეფასების მიზნით.

4. ელექტრონულ ტენდერში ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა სავალდებულოა. ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენა სავალდებულოა, თუ ეს გათვალისწინებულია სატენდერო დოკუმენტაციით. სატენდერო დოკუმენტაციაში ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის გათვალისწინება სავალდებულო არ არის.

5. გარდა ამ წესის მე-40 მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა, სატენდერო დოკუმენტაციაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულების გათვალისწინება სავალდებულოა. კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, სატენდერო კომისია უფლებამოსილია, არ გაითვალისწინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება, რაც უნდა დასაბუთდეს სატენდერო დოკუმენტაციაში.

6. სატენდერო დოკუმენტაციაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულების გათვალისწინების შემთხვევაში სატენდერო კომისია პრეტენდენტისგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენას, თუ მის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე.

7. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, ყოველ კონკრეტულ ელექტრონულ ტენდერში, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ დადებული ხელშეკრულებით, ანგარიშფაქტურით, ინვოისით ან/და სხვა ისეთი დოკუმენტაციით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. სატენდერო კომისიამ წინასწარ, მკაფიოდ უნდა განსაზღვროს სატენდერო დოკუმენტაციაში, თუ რა სახის დოკუმენტაციით უნდა დაასაბუთოს პრეტენდენტმა ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.

8. სატენდერო დოკუმენტაცია შესაძლებელია შეიცავდეს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნას, თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 200 000 ლარზე, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, რაც უნდა დასაბუთდეს სატენდერო დოკუმენტაციაში. ასეთ შემთხვევაში, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების რაოდენობა უნდა იყოს მინიმალური, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე.

9. შესყიდვის ობიექტის აღწერისას სატენდერო კომისია იყენებს ტექნიკურ, შესრულების ან/და ფუნქციურ სპეციფიკაციებს. ტექნიკური სპეციფიკაცია აღწერს შესყიდვის ობიექტის კონკრეტულ ტექნიკურ მახასიათებლებს და, შესაბამისად, შესყიდვის შედეგის მიღწევის კონკრეტულ გზას, მაშინ, როდესაც ფუნქციური და შესრულების სპეციფიკაციები აღწერს თავად შესყიდვის სასურველ შედეგს ან/და შესყიდვის ობიექტის ძირითად ფუნქციურ თვისებებს ტექნიკური მახასიათებლების აღწერის გარეშე. კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, შესაძლებელია სპეციფიკაციების შერეული ფორმის გამოყენება. იმავდროულად, უპირატესობა უნდა მიენიჭოს შესრულებისა და ფუნქციური სპეციფიკაციების ზოგად აღწერას.

10. სატენდერო კომისია ვალდებულია, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური, შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების აღწერისას გამოყენებული ტექსტური მასალები და სხვა მაჩვენებლები შეუსაბამოს საერთაშორისო, ევროპის ან საქართველოს სტანდარტებს. სატენდერო კომისია ვალდებულია, მიუთითოს შესაბამისი გამოყენებული სტანდარტი (არსებობის შემთხვევაში). დაუშვებელია სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის მითითება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალება არ არსებობს, რაც უნდა დასაბუთდეს. ასეთ შემთხვევაში აღწერისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ტერმინი „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“ და სხვა. დაუშვებელია გამოყენებულ იქნეს ისეთი აღწერა, რომელიც ორაზროვანია და უშვებს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.

11. დაუშვებელია პრეტენდენტს მოეთხოვოს რეკვიზიტების სახით ისეთი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც ასახულია მისი მომხმარებლის პროფილში.

მუხლი 19. სატენდერო პირობებში ცვლილების შეტანა

1. სატენდერო კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს სატენდერო პირობები ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე. დაუშვებელია ტენდერის ჩატარების მეთოდისა და შესყიდვის ობიექტის ცვლილება.

2. ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების შემდგომ დაუშვებელია სატენდერო პირობების შეცვლა, გარდა ამ წესის მე-16 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.

3. სატენდერო პირობებში ცვლილება შეიტანება სატენდერო პირობების დამტკიცებისთვის ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

4. სატენდერო პირობებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, სატენდერო პირობების გაცნობის ვადა გრძელდება ელექტრონული ტენდერის გამოცხადებიდან შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე გასული ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო პირობებში ცვლილება ეხება მხოლოდ სატენდერო კომისიის ინიციატივით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო პირობების გაცნობის ვადის გაზრდას.

მუხლი 20. სატენდერო პირობების გაცნობისა და სატენდერო წინადადების წარდგენის ვადები

1. სატენდერო პირობების გასაცნობად და სატენდერო წინადადების წარსადგენად ვადები დადგენილია კანონის 151 მუხლით.

2. სატენდერო წინადადებების მიღების დაწყებისა და სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების ვადის ათვლა იწყება სატენდერო განცხადების სისტემაში გამოქვეყნების მომდევნო დღიდან.

თავი III. ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა

მუხლი 21. სატენდერო წინადადების წარდგენა

1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენა შეუძლია ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების ეტაპზე.

2. სატენდერო წინადადების წარდგენამდე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, გაეცნოს სატენდერო პირობებს.

3. სატენდერო წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით, აფიდავიტის პირობებზე დათანხმების, ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასურის გადახდის შემდეგ, ამ პუნქტში გათვალისწინებული თანმიმდევრობით.

4. სატენდერო წინადადების წარდგენის დროს პრეტენდენტმა, უპირველეს ყოვლისა, სისტემაში უნდა ატვირთოს ტექნიკური დოკუმენტაცია. ამის შემდეგ, პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი (ეროვნულ ვალუტაში), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას ან უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სულ მცირე, ერთი ბიჯით ნაკლები.

5. დღგ-ის გადამხდელი პრეტენდენტი სატენდერო წინადადებას წარადგენს დღგ-ის გარეშე ან მისი ჩათვლით, იმისდა მიხედვით, თუ რა მითითებას შეიცავს სატენდერო განცხადება დღგ-სთან დაკავშირებით. პრეტენდენტი, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი, სატენდერო წინადადებას წარადგენს დღგ-ის გარეშე, მიუხედავად იმისა, თუ რა მითითებას შეიცავს სატენდერო განცხადება დღგ-სთან დაკავშირებით. თუ სატენდერო განცხადებით გათვალისწინებულია სატენდერო წინადადების დღგ-ის გარეშე წარმოდგენა, პრეტენდენტი სატენდერო წინადადებას წარადგენს დღგ-ის გარეშე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი. ასეთ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტი ხელშეკრულების დადების მომენტისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არის დღგ-ის გადამხდელი, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობა. პრეტენდენტის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ავტომატურად გენერირდება სისტემის მეშვეობით.

6. სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

7. წინადადების ფასის მითითების შემდეგ, პრეტენდენტს უფლება არ აქვს, შეცვალოს, დაამატოს ან წაშალოს ტექნიკური დოკუმენტაცია, გარდა ამ წესის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.

8. სატენდერო წინადადების წარდგენისთანავე, პრეტენდენტს სისტემის მეშვეობით ეძლევა საშუალება, მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ ვაჭრობაში. ძირითადი დროის განმავლობაში პრეტენდენტი უფლებამოსილია, რამდენჯერმე შეამციროს წინადადების ფასი, წინა შეთავაზებულ ფასთან შედარებით არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობით, გარდა ამ წესის 39-ე და მე-40 მუხლებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

9. დამატებით რაუნდებში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პრეტენდენტს, რომელმაც ძირითად დროში, დადგენილი წესით, წარადგინა სატენდერო წინადადება. პირველ დამატებით რაუნდში შეთავაზების რიგითობა განისაზღვრება პრეტენდენტთა მიერ ძირითად დროში წარდგენილი წინადადების ფასების მიხედვით, კერძოდ, პირველ დამატებით რაუნდში პირველ შეთავაზებას აკეთებს ის პრეტენდენტი, რომელმაც ძირითად დროში ყველაზე მაღალი წინადადების ფასი დააფიქსირა, ხოლო ყოველ მომდევნო რაუნდში – ის პრეტენდენტი, რომელმაც წინა რაუნდში ყველაზე მაღალი წინადადების ფასი დააფიქსირა. წინადადების თანაბარი ფასების დაფიქსირების შემთხვევაში, რაუნდში პირველ შეთავაზებას აკეთებს ის პრეტენდენტი, რომელმაც ბოლომ დააფიქსირა ასეთი ფასი. დამატებით რაუნდებში მონაწილეობა სავალდებულო არ არის.

10. სისტემა ძირითად დროში უზრუნველყოფს პრეტენდენტების რაოდენობის, მათი ვინაობისა და სატენდერო წინადადებების ანონიმურობას. გარდა ამ წესის 39-ე და მე-40 მუხლებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, პრეტენდენტების რაოდენობა და წინადადების ფასები საჯარო ხდება დამატებითი რაუნდების დაწყების მომენტიდან. პრეტენდენტთა ვინაობა და ტექნიკური დოკუმენტაცია საჯარო ხდება ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებისთანავე.

11. სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო პირობებს.

12. ხელშეკრულების დასადებად მიწვევამდე, პრეტენდენტს უფლება აქვს, უარი თქვას სატენდერო წინადადებაზე. სატენდერო წინადადებაზე უარის თქმა იწვევს ამ წესის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შედეგს.

მუხლი 22. საფასური

1. სატენდერო წინადადების წარდგენის საფასურის ოდენობა შეადგენს 50 ლარს.

2. საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, სისტემის მეშვეობით, ელექტრონული გარანტიის წარდგენის შემდეგ და ტექნიკური დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვამდე.

3. გადახდილი საფასურის უკან დაბრუნება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფასური შეცდომით გადახდილია განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და განსაზღვრულ განაკვეთს შორის.

4. ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნა, შესაბამისი საფუძვლის მითითებითა და თანდართული დოკუმენტაციით, სააგენტოს წარედგინება თანხის შეცდომით გადახდიდან სამი თვის ვადაში. სააგენტო მოთხოვნას იხილავს ერთი თვის ვადაში. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს თანხა უბრუნდება 10 სამუშაო დღის ვადაში. სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, ზედმეტად გადახდილი თანხა არ ბრუნდება. ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.

მუხლი 23. ელექტრონული გარანტია

1. ელექტრონული გარანტიის ბენეფიციარი/მიმღები არის სააგენტო. ელექტრონული გარანტია სააგენტოს წარედგინება სისტემის მეშვეობით, აფიდავიტის პირობებზე დათანხმების შემდეგ და საფასურის გადახდამდე.

2. ელექტრონული გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) თუ ელექტრონული გარანტია გაცემულია ელექტრონული გარანტიების რეესტრის მეშვეობით – ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებიდან არანაკლებ 120 დღე – ელექტრონულ ტენდერში, რომელშიც სატენდერო პირობების გაცნობისა და სატენდერო წინადადების წარდგენის ვადა ნაკლებია 20 დღეზე, ხოლო არანაკლებ 160 დღე – ელექტრონულ ტენდერში, რომელშიც სატენდერო პირობების გაცნობისა და სატენდერო წინადადების წარდგენის ვადა შეადგენს ან აღემატება 20 დღეს;

ბ) ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის საბოლოო სტატუსის მინიჭებიდან 10 დღე, თუ ელექტრონული გარანტია წარდგენილია საბანკო პლასტიკური ბარათიდან სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით.

3. ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“, „შეწყვეტილია“ ან „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“ მინიჭებიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში, პრეტენდენტს უბრუნდება ელექტრონული გარანტია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი დისკვალიფიცირებულია ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“, „ვ“, „ზ“ ან „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე, თუ პრეტენდენტი ელექტრონული ვაჭრობის მიმდინარეობისას უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე.

4. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული გარანტია პრეტენდენტს დაუბრუნდება ამ მუხლით დადგენილი პირობების დარღვევით, პრეტენდენტი ვალდებულია, დაუბრუნოს სააგენტოს ელექტრონული გარანტიის თანხა შესაბამისი მოთხოვნისთანავე.

5. გარანტი ვალდებულია, სააგენტოს მოთხოვნისთანავე, უზრუნველყოს გარანტიების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული ელექტრონული გარანტიის შესრულების ან გარანტიით გათვალისწინებულ უფლებაზე უარის თქმის შესახებ სისტემის მეშვეობით სააგენტოს მიერ ელექტრონული შეტყობინების სახით გაგზავნილი მოთხოვნის შესრულება.

6. თუ სისტემაში შემსყიდველი ორგანიზაციის არასწორი ქმედების გამო პრეტენდენტს ამ მუხლით დადგენილი პირობების დარღვევით დაუბრუნდა ელექტრონული გარანტია, სააგენტო ტენდერის სტატუსს ცვლის, ასევე სისტემაში პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს აუქმებს მხოლოდ სააგენტოსთვის ელექტრონული გარანტიის იდენტური პირობებითა და ვადით გაცემული ახალი საბანკო გარანტიის წარდგენის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში სააგენტო ტენდერის ან/და ხელშეკრულების სტატუსს ცვლის, ასევე სისტემაში პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს აუქმებს ამ წესის მე-14 მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 24. ელექტრონულ ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა

1. ელექტრონულ ტენდერში ერთობლივად მონაწილეობის მიზნით, ორ ან რამდენიმე მიმწოდებელს უფლება აქვს, გაერთიანდეს ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით. მხარეთა შეთანხმებით ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს ერთ ან რამდენიმე ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიზნით.

2. ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებას მიმწოდებლები დებენ წერილობითი ფორმით, რომელსაც ხელს უნდა აწერდეს მისი ყველა მონაწილე. მონაწილეთა შეთანხმებით, ხელშეკრულება ან მათი ხელმოწერების ნამდვილობა უნდა დაამოწმოს ნოტარიუსმა ან კანონით გათვალისწინებულმა სხვა პირმა. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 931-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირობებს. ამასთან, მიმწოდებლები ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმებისას ვალდებული არიან, გაითვალისწინონ, რომ:

ა) ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ შეიძლება იყოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის მოქმედების ვადაზე ნაკლები;

ბ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე, დაუშვებელია ამხანაგობის მონაწილის შეცვლა ან დამატება;

გ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე, ამხანაგობიდან მისი ერთ-ერთი მონაწილის გასვლა იწვევს ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტას;

დ) ამხანაგობა შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე წარმოდგენილი უნდა იყოს მის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ფიზიკური პირით, რომელიც შეირჩევა ამხანაგობის მონაწილეთაგან.

3. ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების დადების შემდეგ, ამხანაგობა ვალდებულია, დადგენილი წესით, დადგეს საგადასახადო აღრიცხვაზე და დარეგისტრირდეს სისტემაში. სისტემაში რეგისტრაციისთვის აუცილებელია ამხანაგობის მონაწილე ყველა მიმწოდებელი იყოს რეგისტრირებული სისტემაში. ამხანაგობის პროფილში მიეთითება მისი მონაწილე მიმწოდებლების რეკვიზიტები და იტვირთება ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება (არსებობის შემთხვევაში ატვირთვას ექვემდებარება ამ ხელშეკრულებაში შემდგომი ცვლილებებიც).

4. ელექტრონულ ტენდერში ამხანაგობა მონაწილეობას იღებს და სატენდერო წინადადებას წარადგენს, როგორც დამოუკიდებელი პრეტენდენტი. ამხანაგობასა და მის მონაწილეებს ეკრძალებათ ერთსა და იმავე ელექტრონულ ტენდერში ინდივიდუალურად მონაწილეობა. ასეთ შემთხვევაში ამხანაგობა და მისი მონაწილე/მონაწილეები ექვემდებარებიან დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

5. ამხანაგობის მონაწილეები უფლებამოსილი არიან, შეასრულონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სხვადასხვა ნაწილი, თუ შესაძლებელია მათი გამოცალკევება მთლიანი ვალდებულებიდან და დამოუკიდებლად შესრულება, იმგვარად, რომ აღნიშნულმა, ალბათობის მაღალი ხარისხით, არ უნდა გამოიწვიოს საბოლოო შედეგის განადგურება, დაზიანება ან/და შედეგით სარგებლობის შეუძლებლობა. ამხანაგობის მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.

6. ამხანაგობის მიერ სატენდერო პირობების დაკმაყოფილების საკითხი განიხილება შემდეგნაირად:

ა) ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება;

ბ) სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში) სატენდერო კომისიას წარედგინება როგორც ამხანაგობის, ასევე მისი მონაწილეების შესახებ.

7. თუ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება არ არის დადებული ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამხანაგობამ არ იმოქმედა ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით ან ამხანაგობის ტექნიკური დოკუმენტაცია არ არის შედგენილი ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ამხანაგობა ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

8. ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა ეკრძალება იმ ამხანაგობას, რომლის მონაწილეც რეგისტრირებულია შავ სიაში.

9. ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) მონაწილეები შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე პასუხს აგებენ სოლიდარულად.

10. თუ ამხანაგობის მიმართ წარმოიშვა შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი, სააგენტოს სათანადო გადაწყვეტილება მიიღება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი მონაწილეების მიმართ.

11. ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტა იწვევს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის შეწყვეტას. ამასთან, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) მონაწილეები პასუხს აგებენ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის შეწყვეტით დამდგარი შედეგისთვის.

12. ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობები, ამ მუხლის თავისებურებათა გათვალისწინებით, წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.

თავი IV. პრეტენდენტთა შეფასება, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა და ხელშეკრულების დასადებად მიწვევა

მუხლი 25. პრეტენდენტთა შეფასების ზოგადი წესი

1. სატენდერო კომისია პრეტენდენტებს აფასებს მათ მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადებების მიხედვით, ამ თავით დადგენილი თანმიმდევრობით.

2. დაუშვებელია პრეტენდენტს მოეთხოვოს ისეთი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც არ ყოფილა გათვალისწინებული სატენდერო პირობებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან.

3. დაუშვებელია პრეტენდენტს ხარვეზად ჩაეთვალოს ისეთი გარემოება, რომელიც არ ყოფილა გათვალისწინებული სატენდერო პირობებით, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ხსენებული გარემოების ხარვეზად ჩათვლა პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან.

მუხლი 26. პრეტენდენტთა რანჟირება

1. ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებისთანავე, სისტემა ავტომატურად აჯგუფებს პრეტენდენტებს (არსებობის შემთხვევაში) ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მიხედვით.

2. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტი სისტემაში მიუთითებს წინადადების ყველაზე დაბალ თანაბარ ფასს, სისტემა ავტომატურად ანიჭებს უპირატესობას იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა ყველაზე დაბალი წინადადების ფასი.

მუხლი 27. ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასების წესი

1. ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, სატენდერო კომისიამ უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაცია სატენდერო პირობებს. ამ პუნქტში მითითებული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, მხოლოდ სატენდერო კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, რომელშიც მითითებული იქნება სათანადო ობიექტური მიზეზ(ებ)ი.

2. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემ(ებ)ს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას/უზუსტობებს, რომლის/რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ, ასევე არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა.

4. თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ფაილის სახით (რომელიც არ იკითხება), სატენდერო კომისიას უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სატენდერო კომისია მიმართავს პრეტენდენტს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს მას გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადას. სატენდერო კომისია ვალდებულია, ზუსტად მიუთითოს პრეტენდენტს დასაზუსტებელი პოზიციის/ნაწილის შესახებ. დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია სატენდერო კომისიას წარედგინება სისტემის მეშვეობით.

6. ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამარჯვებული გამოვლენილია“ მინიჭებამდე.

7. სატენდერო კომისია დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობას განიხილავს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 2 სამუშაო დღით, მხოლოდ სატენდერო კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, რომელშიც მითითებული იქნება სათანადო ობიექტური მიზეზ(ებ)ი.

8. პრეტენდენტი, რომელიც არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

9. დაუშვებელია ტექნიკური დოკუმენტაციის განმეორებით დაზუსტება.

10. ხარჯთაღრიცხვის (განფასების) დაზუსტება დასაშვებია:

ა) ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნასთან ერთად, იმავე ვადაში – თუ დაზუსტებას საჭიროებს ტექნიკური დოკუმენტაცია. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის (განფასების) დადგენილ ვადაში დაუზუსტებლობა, არასრულყოფილად დაზუსტება ან/და არსებითად შეცვლა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

ბ) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნასთან ერთად, იმავე ვადაში – თუ ტექნიკური დოკუმენტაცია არ საჭიროებს დაზუსტებას და ელექტრონულ ტენდერში გათვალისწინებულია ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის (განფასების) დადგენილ ვადაში დაუზუსტებლობა, არასრულყოფილად დაზუსტება ან/და არსებითად შეცვლა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

გ) ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის მოთხოვნასთან ერთად, ერთ-ერთი მათგანის წარდგენისთვის განსაზღვრულ ვადაში, სატენდერო კომისიის მითითების შესაბამისად – თუ ტექნიკური დოკუმენტაცია არ საჭიროებს დაზუსტებას და ელექტრონულ ტენდერში გათვალისწინებული არ არის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის (განფასების) დადგენილ ვადაში დაუზუსტებლობა, არასრულყოფილად დაზუსტება ან/და არსებითად შეცვლა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

დ) სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნასთან ერთად, იმავე ვადაში – თუ ტექნიკური დოკუმენტაცია არ საჭიროებს დაზუსტებას, ელექტრონულ ტენდერში არ არის გათვალისწინებული ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის ვალდებულება და მოთხოვნილია სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენა. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის (განფასების) დადგენილ ვადაში დაუზუსტებლობა, არასრულყოფილად დაზუსტება ან/და არსებითად შეცვლა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

ე) ხელშეკრულების დასადებად მიწვევასთან ერთად – თუ ტექნიკური დოკუმენტაცია არ საჭიროებს დაზუსტებას და ელექტრონულ ტენდერში არ არის გათვალისწინებული ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის ვალდებულება. ხარჯთაღრიცხვის (განფასების) დაზუსტებისათვის დგინდება გონივრული, მაგრამ არაუმეტეს 3 სამუშაო დღე, რომელიც ითვლება ხელშეკრულების დასადებად განსაზღვრულ ვადაში. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დადგენილ ვადაში დაუზუსტებლობა, არასრულყოფილად დაზუსტება ან/და არსებითად შეცვლა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვა (განფასება) მოწმდება, შესაბამისად, დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის, ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის შეფასებასთან ერთად, ხოლო იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ხელშეკრულების დადებამდე.

მუხლი 28. ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შეფასების წესი

1. სატენდერო კომისია ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს მიმართავს ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნით, თუ ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის ვალდებულება გათვალისწინებულია სატენდერო დოკუმენტაციით. ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამარჯვებული გამოვლენილია“ მინიჭებამდე.

2. ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარსადგენად სატენდერო კომისია განსაზღვრავს სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას. ამ პუნქტში მითითებული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, მხოლოდ სატენდერო კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, რომელშიც მითითებული იქნება სათანადო ობიექტური მიზეზ(ებ)ი.

3. სატენდერო კომისია ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის სატენდერო პირობებთან შესაბამისობას ადგენს ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან, ხოლო ნიმუშის შემთხვევაში – მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 2 სამუშაო დღით, მხოლოდ სატენდერო კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, რომელშიც მითითებული იქნება სათანადო ობიექტური მიზეზ(ებ)ი.

4. თუ ექსპერტიზას ატარებს შემსყიდველი ორგანიზაცია, ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს ნიმუშის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, მხოლოდ სატენდერო კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, რომელშიც მითითებული იქნება სათანადო ობიექტური მიზეზ(ებ)ი.

5. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

6. ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან მისი/მათი სატენდერო პირობებთან ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

7. წარდგენილი ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი დაზუსტებას არ ექვემდებარება.

8. პრეტენდენტს ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნიმუში მალფუჭებადი ნივთია, რაც უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ.

მუხლი 29. გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა

გარდა ამ წესის მე-40 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა, გამარჯვებულად ითვლება ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტი, რომლის ტექნიკური დოკუმენტაცია, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი შეესაბამება სატენდერო პირობებს.

მუხლი 30. სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის შეფასების წესი

1. გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენისთანავე, სატენდერო კომისია მიმართავს მას სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადას, თუ სატენდერო დოკუმენტაცია შეიცავს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნას.

2. სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი გაცემული უნდა იყოს:

ა) ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭების შემდეგ, ხოლო არარეზიდენტი პრეტენდენტის შემთხვევაში – ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე – თუ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო პირობების გაცნობის ვადა ნაკლებია 15 დღეზე;

ბ) ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების შემდეგ, ხოლო არარეზიდენტი პრეტენდენტის შემთხვევაში – ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე – თუ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო პირობების გაცნობის ვადა შეადგენს ან აღემატება 15 დღეს.

3. სატენდერო კომისია სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის სატენდერო პირობებთან შესაბამისობას განიხილავს მისი/მათი წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში.

4. წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი დაზუსტებას არ ექვემდებარება.

5. სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან მისი/მათი სატენდერო პირობებთან შეუსაბამობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

მუხლი 31. ხელშეკრულების დასადებად მიწვევა

1. გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენისთანავე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონულ ტენდერში მოთხოვნილია სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენა – სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენისთანავე, სატენდერო კომისია ამ პრეტენდენტს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარმოსადგენად და ხელშეკრულების დასადებად განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არანაკლებ 4 და არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადას.

2. თუ ელექტრონულ ტენდერში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია მოთხოვნილი არ არის, სატენდერო კომისია პრეტენდენტს ხელშეკრულების დასადებად განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არანაკლებ 4 და არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადას.

3. თუ ელექტრონული ტენდერის შედეგად ხელშეკრულება იდება უცხოელ კონტრაჰენტთან, ხელშეკრულებაში გამოსაყენებელ სამართლად მითითებულია უცხო ქვეყნის სამართალი ან/და დავის განმხილველად განსაზღვრულია არბიტრაჟი ან უცხო ქვეყნის სასამართლო, რის გამოც ასეთი ხელშეკრულების პროექტი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროებს შესაბამისი უწყებ(ებ)ის სამართლებრივ ექსპერტიზას ან თანხმობას, სატენდერო კომისია პრეტენდენტს ხელშეკრულების დასადებად განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არანაკლებ 4 და არაუმეტეს 20 სამუშაო დღის ვადას.

4. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარსადგენად ან/და ხელშეკრულების დასადებად განსაზღვრული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, მხოლოდ სატენდერო კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, რომელშიც მითითებული იქნება ობიექტური მიზეზ(ებ)ი, რომლის/რომელთა გამოც ვერ ხერხდება ხელშეკრულების დადება დადგენილ ვადაში.

5. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას (არსებობის შემთხვევაში) გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მატერიალური სახით.

6. პრეტენდენტი, რომელიც არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას დადგენილ ვადაში ან რომლის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს (არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე პრეტენდენტი, რომელიც არ გამოცხადდება ხელშეკრულების დასადებად, უარს იტყვის ან სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

7. ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება“ მინიჭებიდან მომდევნო 3 სამუშაო დღის განმავლობაში დაუშვებელია ხელშეკრულების დადება.

მუხლი 32. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია

1. პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ:

ა) იგი უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე;

ბ) მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს;

გ) იგი არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას;

დ) იგი არ წარადგენს ნიმუშს, ექსპერტიზის დასკვნას ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან მის მიერ წარდგენილი ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციას;

ე) იგი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს;

ვ) იგი უარს ამბობს ან სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე;

ზ) იგი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას;

თ) ამ წესის მე-40 მუხლის მე-15 და მე-19 პუნქტების შესაბამისად, იგი არ წარადგენს ხარჯთაღრიცხვას დადგენილი წესით, არ დააზუსტებს მას დადგენილ ვადაში, დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას ან/და გაზრდის წინადადების ფასს, ან/და არ წარადგენს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს ან ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციას;

2. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილების სისტემაში ატვირთვასთან ერთად, შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი სისტემაში უთითებს პრეტენდენტის ამ გადაწყვეტილების შესაბამის დისკვალიფიკაციის სისტემურ საფუძველს.

3. პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია ენიჭება ამ მუხლის პირველი პუნქტის მხოლოდ ერთ-ერთი ქვეპუნქტის საფუძველზე.

4. თუ პრეტენდენტი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას, იგი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, იმავდროულად არსებობს თუ არა მისი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისკვალიფიკაციის სხვა საფუძველი.

5. ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, სატენდერო კომისია, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, დადგენილი წესით, აფასებს მომდევნო ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს (არსებობის შემთხვევაში) ან იღებს ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ მომდევნო პრეტენდენტის წინადადების ფასი, ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას.

თავი V. ხელშეკრულება

მუხლი 33. ხელშეკრულების დადება გამარჯვებულ პრეტენდენტთან

1. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება იდება სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული ხელშეკრულების პროექტის საფუძველზე, სატენდერო პირობებისა და გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების შესაბამისად.

2. ხელშეკრულების ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებულ წინადადების საბოლოო ფასს, გარდა ამ წესის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების ღირებულებაში ითვალისწინებს წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობას.

3. თუ გამარჯვებული პრეტენდენტის დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციაში (მათ შორის, დაზუსტებულ ხარჯთაღრიცხვაში) მითითებული წინადადების ფასი ნაკლებია მის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებულ წინადადების საბოლოო ფასზე, ხელშეკრულების ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციაში (მათ შორის, დაზუსტებულ ხარჯთაღრიცხვაში) მითითებულ წინადადების ფასს, გარდა ამ წესის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების ღირებულებაში ითვალისწინებს წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობას.

4. ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენაზე. ხელშეკრულების უცხოურ ენაზე დადების შემთხვევაში იგი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე. ხელშეკრულებას არ სჭირდება თარგმნა, თუ იგი იდება ერთ დოკუმენტად, პარალელურად ქართულ და უცხოურ ენებზე.

5. ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს:

ა) მხარეთა ზუსტ სახელწოდებასა და რეკვიზიტებს;

ბ) სატენდერო განცხადების ნომერს;

გ) შესყიდვის ობიექტის დასახელებასა და მის შესაბამის CPV კოდს (კლასიფიკატორის კატეგორია, კლასი, ჯგუფი ან დანაყოფი. კლასიფიკატორის დაბალი იერარქიული დონის მითითების შეუძლებლობის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია უთითებს მის მომდევნო ზედა იერარქიულ დონეს);

დ) ხელშეკრულების ღირებულებას;

ე) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან/და სამუშაოს შესრულების ვადას (ხელშეკრულების შესრულების ვადა);

ვ) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის პირობებს (არსებობის შემთხვევაში);

ზ) ანგარიშსწორების წესს, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, წინასწარი ანგარიშსწორების პირობებს;

თ) სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – შესასრულებელი სამუშაოს გონივრულ საგარანტიო ვადას;

ი) ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტულ ვადას.

6. ხელშეკრულების მოქმედების ვადა, სულ მცირე, 30 დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების შესრულების ვადას.

7. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს დამატებითი პირობები. დაუშვებელია ხელშეკრულებაში ისეთი დამატებითი პირობების გათვალისწინება, რომლებიც არ ყოფილა მითითებული სატენდერო დოკუმენტაციაში.

8. კანონისა და ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

9. საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, კონკრეტული ხელშეკრულების მიმართ შეიძლება დადგინდეს ამ წესის 34-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებითა და 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გავრცელების საკითხი ან/და მათგან განსხვავებული პირობები, იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის/მიმწოდებლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს მართავს/ფლობს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ან/და მის სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაცია.

10. ხელშეკრულება შემსყიდველმა ორგანიზაციამ სისტემაში უნდა ატვირთოს მისი დადებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. ხელშეკრულებასთან ერთად შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სისტემაში ატვირთოს ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, მათ შორის, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია (არსებობის შემთხვევაში) და წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტია (არსებობის შემთხვევაში).

მუხლი 34. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია

1. თუ ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა განისაზღვრება:

ა) ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 5%-ის ჩათვლით;

ბ) ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 10%-ის ჩათვლით – თუ გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე.

3. თუ გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი ნაკლებია 200 000 ლარზე, დაუშვებელია პრეტენდენტს მოეთხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციაში დასაბუთებულია, თუ შესყიდვის ობიექტის რა თავისებურებამ განაპირობა გარანტიის მოთხოვნა.

4. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენისგან შესაძლებელია გათავისუფლდეს გამარჯვებული პრეტენდენტი მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის, გაწეული მომსახურების ან/და შესრულებული სამუშაოს ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით, აგრეთვე თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი.

5. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თეთრ სიაში რეგისტრირებულ მიმწოდებელს არ ათავისუფლებს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენისგან, თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს.

6. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას, ამ წესის შესაბამისად, წარედგინება ხელშეკრულების დადებამდე.

7. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, დასაბუთებული გადაწყვეტილებით არ მიიღოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ისეთი გარანტია, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

მუხლი 35. ანგარიშსწორების პირობები

1. ანგარიშსწორების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულებით, კანონითა და ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია.

3. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებლის გათავისუფლება შესაძლებელია ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას:

ა) წინასწარ გადასახდელი თანხა ჩაირიცხება საამისოდ განკუთვნილ ცალკე საბანკო ანგარიშზე და ეს თანხა იქნება გამოყენებული შემსყიდველი ორგანიზაციის კონტროლით ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში. საამისოდ ცალკე საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული წინასწარ გადასახდელი თანხის კონტროლი შესაძლებელია მოიცავდეს თანხის განკარგვის წინასწარ კონტროლს, დადგენილი ზღვრული ოდენობის თანხის განკარგვის წინასწარ კონტროლსა და გახარჯული თანხის შემდგომ კონტროლს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ბ) კონკრეტული ხელშეკრულების ჯამური ღირებულება აღემატება 30 000 000 მილიონ ლარს. ასეთ შემთხვევაში, წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებლის გათავისუფლება შესაძლებელია მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით.

4. წინასწარი გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებელი აგრეთვე თავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებლის გათავისუფლების შესაძლებლობა და პირობები უნდა მიეთითოს სატენდერო დოკუმენტაციაში.

6. მიმწოდებელს წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს გონივრული ვადით ადრე. აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა აიტვირთოს სისტემაში.

7. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს წინასწარ გადასახდელი თანხის ნახევარი ოდენობის გარანტიას, თუ არ არსებობს კანონითა და ამ მუხლით გათვალისწინებული წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან გათავისუფლების საფუძვლები.

8. დაუშვებელია წინასწარი ანგარიშსწორება წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს კანონითა და ამ მუხლით გათვალისწინებული მისი წარდგენისაგან გათავისუფლების საფუძვლები.

9. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, დასაბუთებული გადაწყვეტილებით არ მიიღოს ისეთი გარანტია, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა აიტვირთოს სისტემაში.

10. მიმწოდებელი ვალდებულია, წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხა გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.

მუხლი 36. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა

1. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შემთხვევაში აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს წერილობითი ფორმით და დადგენილი წესით აიტვირთოს სისტემაში ცვლილებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.

2. დაუშვებელია ხელშეკრულების შეცვლა, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.

3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვაზე.

4. დაუშვებელია ხელშეკრულებაში მიმწოდებლის ჩანაცვლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა (ორგანიზაციის შერწყმა, გაყოფა და სხვ.).

მუხლი 37. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი

1. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი დაავალოს როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომელს ან თანამშრომელთა ჯგუფს, ასევე ნებისმიერ სხვა პირს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირ(ებ)ის ფუნქციაა მისაწოდებელი/მიწოდებული საქონლის, გასაწევი/გაწეული მომსახურების ან შესასრულებელი/შესრულებული სამუშაოს რაოდენობის/მოცულობის, ხარისხისა და შესრულების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

3. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის ობიექტს მიიღებს მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტის გაფორმების საფუძველზე.

4. ხელშეკრულების პირობების შესრულება შესაძლებელია გაკონტროლდეს ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე.

5. მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლისთვის აუცილებელი პერსონალისა და ტექნიკური საშუალებების გამოყოფა, ასევე უზრუნველყოს საჭირო სამუშაო პირობები. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის/მათ შრომის ანაზღაურებასა და ხარჯებს უზრუნველყოფს თავად შემსყიდველი ორგანიზაცია, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრასთან და კონტროლის ხელახლა განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეკისრება მიმწოდებელს.

მუხლი 38. ხელშეკრულების სტატუსი

1. ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის შემთხვევაში არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, შემსყიდველი ორგანიზაცია სისტემის შესაბამის ველში ტვირთავს ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, ასახავს საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაციას და ანიჭებს ამ ხელშეკრულებას ხელშეკრულების შესაბამის სტატუსს („შესრულებული ხელშეკრულება“ ან „შეუსრულებელი ხელშეკრულება“).

2. ხელშეკრულების ეტაპობრივი შესრულების შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია სისტემის შესაბამის ველში ტვირთავს ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას და ასახავს ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაციას (არსებობის შემთხვევაში) ხელშეკრულების კონკრეტული ეტაპის შესრულებიდან/შეუსრულებლობიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.

3. ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციად ჩაითვლება ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან/შეუსრულებლობასთან (მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტი, ზედნადები, ანგარიშფაქტურა, ხელშეკრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის დასკვნა, ექსპერტიზის დასკვნა, კორესპონდენცია, ფოტოსურათი და სხვ.).

თავი VI. ელექტრონული ტენდერის ჩატარება განსხვავებული მეთოდებით

მუხლი 39. ელექტრონული ტენდერის ჩატარება ელექტრონული ვაჭრობის დაფარული მონაცემებით, დამატებითი რაუნდების გარეშე

1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ელექტრონული ტენდერი გამოაცხადოს ელექტრონული ვაჭრობის დაფარული მონაცემებით, დამატებითი რაუნდების გარეშე. ასეთ შემთხვევაში, ელექტრონული ვაჭრობა მიმდინარეობს მხოლოდ ძირითად დროში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წინადადების ფასის დაფიქსირების შემდეგ, პრეტენდენტს უფლება აქვს, ძირითადი დროის დასრულებამდე, მხოლოდ ერთხელ შეამციროს წარდგენილი წინადადების ფასი არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობით.

3. ძირითად დროში სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტთა რაოდენობის, მათი ვინაობისა და სატენდერო წინადადებების ანონიმურობას. ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებისთანავე საჯარო ხდება მხოლოდ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის ვინაობა და სატენდერო წინადადება. პრეტენდენტთა რაოდენობა, სხვა პრეტენდენტების ვინაობა და მათი სატენდერო წინადადებები საჯარო ხდება მხოლოდ ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“ მინიჭების შემთხვევაში, სტატუსის მინიჭებისთანავე.

4. ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებისთანავე აგრეთვე საჯარო ხდება იმ პრეტენდენტის ვინაობა და სატენდერო წინადადება, რომელიც ძირითად დროში უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე (არსებობის შემთხვევაში).

5. თუ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას, სატენდერო კომისია აფასებს მომდევნო ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს (არსებობის შემთხვევაში), რომლის ვინაობა და სატენდერო წინადადება საჯარო ხდება ელექტრონული ტენდერიდან წინა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციისთანავე ან იღებს ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამ წესის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

6. ელექტრონული ტენდერის ელექტრონული ვაჭრობის დაფარული მონაცემებით, დამატებითი რაუნდების გარეშე ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები წესრიგდება ამ წესით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად.

მუხლი 40. ელექტრონული ტენდერის განსხვავებული წესით ჩატარება სამუშაოს შესყიდვის მიზნით

1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, სამუშაოს შესყიდვის მიზნით, ელექტრონული ტენდერი ჩაატაროს ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წინადადების ფასის დაფიქსირების შემდეგ, პრეტენდენტს უფლება აქვს, ძირითადი დროის დასრულებამდე, მხოლოდ ერთხელ შეამციროს წარდგენილი წინადადების ფასი არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობით. ამავდროულად, წინადადების ფასის შემცირებასთან ერთად, პრეტენდენტი ვალდებულია, სისტემის სპეციალურად საამისოდ განკუთვნილ ველში ატვირთოს შეცვლილი ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა. დამატებითი რაუნდები არ იმართება.

3. დაუშვებელია წინადადების ფასის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითება, ასევე ხარჯთაღრიცხვის სისტემაში ტექნიკური დოკუმენტაციის ველში ატვირთვა. ხარჯთაღრიცხვა უნდა აიტვირთოს სისტემის სპეციალურად საამისოდ განკუთვნილ ველში. პრეტენდენტი, რომელიც ტექნიკურ დოკუმენტაციაში მიუთითებს წინადადების ფასს ან/და ატვირთავს ხარჯთაღრიცხვას სისტემის ტექნიკური დოკუმენტაციის ველში, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

4. პრეტენდენტი ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების ეტაპზე, სატენდერო წინადადებასთან ერთად, სისტემის მეშვეობით ასევე წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს (არსებობის შემთხვევაში).

5. ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებისთანავე საჯარო ხდება მხოლოდ პრეტენდენტთა ვინაობა, მათი ტექნიკური დოკუმენტაცია (ხარჯთაღრიცხვის გარდა) და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში). ყველა პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაციისა (ხარჯთაღრიცხვის გარდა) და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის (არსებობის შემთხვევაში), ასევე ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის (არსებობის შემთხვევაში) შეფასების დასრულებისთანავე საჯარო ხდება მხოლოდ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის წინადადების ფასი და ხარჯთაღრიცხვა, ხოლო სხვა პრეტენდენტების წინადადების ფასი და ხარჯთაღრიცხვა საჯარო ხდება მხოლოდ ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“ მინიჭების შემთხვევაში, სტატუსის მინიჭებისთანავე.

6. ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, სატენდერო კომისია ვალდებულია, შეაფასოს ყველა პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაცია და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში). ამ პუნქტში მითითებული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, მხოლოდ სატენდერო კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, რომელშიც მითითებული იქნება სათანადო ობიექტური მიზეზ(ებ)ი.

7. პრეტენდენტი, რომლის ტექნიკური დოკუმენტაცია და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში) არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

8. სატენდერო კომისია პრეტენდენტ(ებ)ს მიმართავს ტექნიკური დოკუმენტაციის ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის (არსებობის შემთხვევაში) დაზუსტების მოთხოვნით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი/ისინი არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას, რომლის/რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის (არსებობის შემთხვევაში) არსებით ცვლილებას. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ. ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტებისთვის პრეტენდენტ(ებ)ს განესაზღვრება(თ) არაუმეტეს 3 სამუშაო დღე.

9. სატენდერო კომისია პრეტენდენტ(ებ)ის დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას აფასებს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღეში, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, მხოლოდ სატენდერო კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, რომელშიც მითითებული იქნება სათანადო ობიექტური მიზეზ(ებ)ი.

10. პრეტენდენტი, რომელიც არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

11. პრეტენდენტებს ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის (არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენის მოთხოვნით სატენდერო კომისიამ შეიძლება მიმართოს მხოლოდ წინადადების ფასისა და ხარჯთაღრიცხვის განსაჯაროებამდე.

12. დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია, ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა, დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვა და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი დაზუსტებას არ ექვემდებარება.

13. სამუშაოს შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერის ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად ჩატარების შემთხვევაში, გამარჯვებულად ითვლება ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტი, რომლის ტექნიკური დოკუმენტაცია, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი, ნიმუში ან/და ექსპერტიზის დასკვნა შეესაბამება სატენდერო პირობებს.

14. გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში, სატენდერო კომისია აფასებს მისი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობას სატენდერო პირობებთან.

15. პრეტენდენტი, რომლის ხარჯთაღრიცხვა არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა ამ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხარჯთაღრიცხვის დაზუსტება დასაშვებია, თუ იგი არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას, რომლის დაზუსტება არ გამოიწვევს მის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ხარჯთაღრიცხვა, თუ იგი არ არის ატვირთული სისტემის სპეციალურად საამისოდ განკუთვნილ ველში ან სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ, ასევე არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი იგი.

16. თუ ხარჯთაღრიცხვა ექვემდებარება დაზუსტებას და, ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება გათვალისწინებული არ არის, სატენდერო კომისია პრეტენდენტს ხარჯთაღრიცხვის დაზუსტების მოთხოვნით მიმართავს ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად. ხარჯთაღრიცხვის დაზუსტებისათვის დგინდება არაუმეტეს 3 სამუშაო დღე, რომელიც ითვლება ხელშეკრულების დადებისათვის განსაზღვრულ ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დადგენილ ვადაში დაუზუსტებლობა, არასრულყოფილად დაზუსტება ან/და არსებითად შეცვლა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის შესაბამისად, 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

17. თუ ხარჯთაღრიცხვა შეესაბამება სატენდერო პირობებს და, ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულია ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება, სატენდერო კომისია პრეტენდენტს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის მოთხოვნით მიმართავს ხარჯთაღრიცხვის სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენისთანავე.

18. თუ ხარჯთაღრიცხვა ექვემდებარება დაზუსტებას და, ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულია ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება, სატენდერო კომისია პრეტენდენტს ხარჯთაღრიცხვის დაზუსტების მოთხოვნით მიმართავს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის მოთხოვნასთან ერთად, იმავე. დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვა მოწმდება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის სატენდერო პირობებთან შესაბამისობის შეფასებასთან ერთად.

19. ამ მუხლის მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ დააზუსტებს ხარჯთაღრიცხვას დადგენილ ვადაში, დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას ან/და გაზრდის წინადადების ფასს, ან/და არ წარადგენს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს ან ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციას, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

20. სამუშაოს შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერის ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად ჩატარების შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაციაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულების გათვალისწინება სავალდებულო არ არის.

21. გამარჯვებული პრეტენდენტის ხარჯთაღრიცხვის, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენისთანავე, სატენდერო კომისია იწვევს მას ხელშეკრულების გასაფორმებლად ამ წესის 31-ე მუხლით განსაზღვრულ სათანადო ვადაში.

22. თუ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას, სატენდერო კომისია, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, აფასებს სისტემის მიერ გამოვლენილ მომდევნო ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის (არსებობის შემთხვევაში), რომლის წინადადების ფასი და ხარჯთაღრიცხვა საჯარო ხდება ელექტრონული ტენდერიდან წინა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციისთანავე, ხარჯთაღრიცხვას ან იღებს ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამ წესის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

23. ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად სამუშაოს შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები წესრიგდება ამ წესით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად.


22. 26/01/2024 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 53 - ვებგვერდი, 29/01/2024 21. 29/11/2023 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 49 - ვებგვერდი, 30/11/2023 20. 02/11/2023 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 48 - ვებგვერდი, 03/11/2023 19. 21/08/2023 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 46 - ვებგვერდი, 22/08/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 18. 18/07/2023 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 44 - ვებგვერდი, 18/07/2023 17. 11/10/2022 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 38 - ვებგვერდი, 12/10/2022 16. 25/08/2022 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 37 - ვებგვერდი, 26/08/2022 15. 17/08/2022 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 36 - ვებგვერდი, 18/08/2022 14. 03/05/2022 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 35 - ვებგვერდი, 04/05/2022 13. 15/09/2021 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 32 - ვებგვერდი, 16/09/2021 12. 06/08/2021 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 28 - ვებგვერდი, 09/08/2021 11. 27/04/2021 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 26 - ვებგვერდი, 27/04/2021 10. 29/12/2020 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 18 - ვებგვერდი, 30/12/2020 9. 23/07/2020 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 16 - ვებგვერდი, 23/07/2020 8. 08/06/2020 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 15 - ვებგვერდი, 09/06/2020 7. 01/04/2020 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 11 - ვებგვერდი, 02/04/2020 6. 25/02/2020 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 10 - ვებგვერდი, 26/02/2020 5. 23/09/2019 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 6 - ვებგვერდი, 24/09/2019 4. 13/02/2019 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 2 - ვებგვერდი, 15/02/2019 3. 27/11/2018 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 12 - ვებგვერდი, 29/11/2018 2. 07/03/2018 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 4 - ვებგვერდი, 07/03/2018 1. 30/08/2017 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 36 - ვებგვერდი, 31/08/2017