გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 286
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.019995
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/06/2017 - 15/02/2018)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №286

2017 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

 

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
1. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტისა და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 161 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – უწყებათაშორისი კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში – კომისიის თავმჯდომარე;

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – კომისიის თანათავმჯდომარე;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე –  კომისიის წევრი;

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე – კომისიის წევრი;

სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი – კომისიის წევრი;

სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი – კომისიის წევრი;

სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი – კომისიის წევრი.    

2. უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

საქართველოს სახალხო დამცველს ან მის მოადგილეს;

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს ან  საბჭოს წევრს;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს;

სსიპ  – იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსს ან მის მოადგილეს;

სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს ან მის მოადგილეს.

3. საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ უწყებებს  ეთხოვოთ, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს ამავე  დადგენილების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში წარუდგინონ უწყებათაშორისი კომისიის წევრის კონკრეტული კანდიდატურები და ასევე ექსპერტულ დონეზე მონაწილე პირები.
მუხლი 3
დამტკიცდეს თანდართული გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის დებულება. 
მუხლი 4
„ნორმატიული  აქტების   შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პირის ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოში წარდგენისა და საბჭოდან გამოწვევის წესის, საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის (დებულების) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 ნოემბრის №630 დადგენილება.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



 
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში უწყებათაშორისი კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. უწყებათაშორისი კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

3. უწყებათაშორისი კომისია იქმნება განუსაზღვრელი ვადით.

4. უწყებათაშორისი კომისიის სტრუქტურა, ფუნქციები, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

მუხლი 2. უწყებათაშორისი კომისიის სტრუქტურა

1. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

2. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე მასში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობას იღებენ საქართველოს სახალხო დამცველის,  სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახურის, სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები.

3. უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მოწვევით შეიძლება მონაწილეობდნენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

4. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობიდან წევრის გაწვევა ხდება საქართველოს მთავრობის ინიციატივით ან უწყებათაშორისი კომისიის წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით.

მუხლი 3. საკონსულტაციო ჯგუფი

1. უწყებათაშორის კომისიასთან შეიძლება შეიქმნას  საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან უწყებათაშორისი კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.  საკონსულტაციო ჯგუფის მოვალეობა იქნება უწყებათაშორისი კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სარეკომენდაციო ხასიათის წინადადებების მომზადება.

2. საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შერჩევა მოხდება უწყებათაშორისი კომისიის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ და უწყებათაშორისი კომისიის მიერ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე.

მუხლი 4. უწყებათაშორისი კომისიის ამოცანები

უწყებათაშორისი კომისიის ძირითადი ამოცანებია:

ა) გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და  ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებისათვის  სამოქმედო გეგმების შემუშავება;

ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ასევე  „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების  მიმართულებით სამუშაოების კოორდინაცია;

გ) აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებსა და სექტორულ პოლიტიკაში გენდერული „მეინსტრიმინგის“ განხორციელების წახალისება;

დ) გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და  ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ასევე  „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების საკითხებში პოლიტიკისა  და სამოქმედო გეგმების  განხორციელების მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშგება;

ე) სქესის ნიშნით „სეგრეგირებული“ მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის ხელშეწყობა;

ვ) გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და  ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ასევე „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებისათვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშეწყობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია;

ზ) გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და  ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ასევე „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების  განხორციელების საკითხების თაობაზე წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარმოდგენა;

თ) გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და  ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ასევე „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების   განხორციელების საკითხების განხილვის პროცესში მჭიდრო თანამშრომლობა  არასამთავრობო სექტორსა და ამ პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან;  

ი) გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და  ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ასევე „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების  განხორციელების სფეროში არსებული მდგომარეობის  შესწავლა და მონიტორინგი;

კ) საქართველოს მთავრობის მიერ გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა;

ლ) შეასრულოს მაკოორდინირებელი ორგანოს ფუნქცია, რომელიც პასუხისმგებელი იქნება იმ პოლიტიკისა და ზომების კოორდინაციაზე, განხორციელებაზე, მონიტორინგსა და შეფასებაზე, რომლებიც მიმართულია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ყველა ფორმის პრევენციისა და აღკვეთისაკენ.

მუხლი 5. უწყებათაშორისი კომისიის უფლებამოსილება და ვალდებულებები

დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად უწყებათაშორისი კომისია:

ა) უფლებამოსილია,  გენდერული თანასწორობის პრინციპების დასამკვიდრებლად, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის მექანიზმების შემუშავების, ასევე „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების   განხორციელებისათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;  

ბ) უფლებამოსილია, შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები, ასევე მიიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავებისა და ანგარიშების მომზადების მიზნით;

გ) უფლებამოსილია, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ასევე „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების საკითხებთან დაკავშირებით,  მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები, რომელსაც წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას;

დ)  უფლებამოსილია, შეითავსოს ოფიციალური მაკოორდინირებელი ორგანოს როლი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება იმ პოლიტიკისა და ზომების კოორდინაციაზე, განხორციელებაზე, მონიტორინგსა და შეფასებაზე, რომელიც მიმართულია  ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ ევროსაბჭოს კონვენციით მოცემული ყველა ფორმის ძალადობის პრევენციისა და დამარცხებისკენ;

ე) ვალდებულია, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის, ასევე „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების  განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობებისა და რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მარტისა, მოამზადოს ყოველწლიური ანგარიში, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშთან ერთად განსახილველად წარედგინება ადამიანის უფლებების უწყებათაშორის საბჭოს, ხოლო არა უგვიანეს 31 მარტისა – საქართველოს პარლამენტს. უწყებათაშორისი კომისიის მიერ მომზადებული ანგარიში საჯაროა;

ვ) უფლებამოსილია, განახორციელოს სხვა საქმიანობა, რომელიც ამ დებულებაში პირდაპირ არ არის მითითებული, მაგრამ აუცილებელია უწყებათაშორისი კომისიის ამოცანების შესასრულებლად.

მუხლი 6. უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის ორგანიზება

1. უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს და უწყებათაშორისი კომისიის სხდომებს წარმართავს უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე.

2. უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე ნიშნავს კომისიის მდივანს.

3. უწყებათაშორისი კომისიის სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ  წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ.   

4. უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ უწყებათაშორისი კომისიის სხდომები საჭიროებისამებრ შეიძლება მოიწვიოს დადგენილ ვადაზე ადრე.

5. უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარესა და უწყებათაშორისი კომისიის წევრებს.

6. უწყებათაშორისი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება უწყებათაშორისი კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ერთი მესამედი.

7. უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის ხმა.

8. უწყებათაშორისი კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.

9. უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ მოიწვიოს და წარმართოს საკონსულტაციო და სამუშაო ჯგუფების სხდომა. 

მუხლი  7.  უწყებათაშორისი კომისიის მდივანი

1. უწყებათაშორის კომისიას ჰყავს მდივანი, რომელსაც ნიშნავს უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე.

2. უწყებათაშორისი კომისიის მდივანი ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს კომისიის მუშაობას, ამზადებს კომისიის სხდომებს, ადგენს სხდომის ოქმებს, ასევე  ახდენს უწყებათაშორის კომისიასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის ტექნიკურ უზრუნველყოფას და უწყებათაშორისი კომისიის მოწვევის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. 

მუხლი 8. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი

1. უწყებათაშორისი კომისია, თავისი ამოცანების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ქმნის უწყებათაშორის კომისიასთან არსებულ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელ ჯგუფს (შემდგომში – მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).

2. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის შექმნის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება „გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებული ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი) მიერ მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და სტატუსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2014 წლის 18 დეკემბრის №684 დადგენილებით.

მუხლი 9. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი

უწყებათაშორისი კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.


totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.