სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ

სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 913-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 340020000.05.001.018491
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
913-IIს
01/06/2017
ვებგვერდი, 20/06/2017
340020000.05.001.018491
სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (20/06/2017 - 07/12/2017)

 

საქართველოს კანონი

 

 

სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ

მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო

1. ამ კანონის მიზანია სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების (შემდგომ – ჯიშები) გასავრცელებლად დაშვების და მათი თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების  განსაზღვრა საქართველოს ბაზარზე ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის განთავსების უზრუნველსაყოფად.

2. ეს კანონი არეგულირებს ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის წარმოებასთან, აღწარმოებასთან, გადამუშავებასთან, შენახვასთან, სერტიფიცირებასთან, რეალიზაციასა და მიკვლევადობასთან და ადგილობრივ და იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

3. ეს კანონი არ ვრცელდება:

ა) გენური ინჟინერიის მეთოდით მიღებული მცენარეების ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის დამზადებაზე, წარმოებაზე, აღწარმოებაზე, გადამუშავებაზე, შენახვაზე, სერტიფიცირებაზე, ტრანსპორტირებაზე, მიკვლევადობაზე, რეალიზაციასა და გამოყენებაზე;

ბ) პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ჯიშების თესლსა და სარგავ მასალაზე;

გ) საქართველოში სასელექციო საქმიანობისთვის განკუთვნილ იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალაზე;

დ) საბაჟო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ თესლსა და სარგავ მასალაზე;

ე) „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონებით რეგულირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ადგილობრივი (აბორიგენული) ჯიში − ჯიში, რომელიც ჩამოყალიბებულია ხანგრძლივ ისტორიულ პროცესში ბუნებრივი და ხელოვნური გამორჩევის ურთიერთშეწყობით − ხალხური სელექციით;

ბ) გამოცდა სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე − საველე და ლაბორატორიული გამოცდების ერთობლიობა, რომელიც ტარდება ჯიშის ქვეყნის აგროკლიმატურ ზონაში ადაპტაციასა და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე;

გ) განსხვავებულობა – მცენარის ჯიშის ძირითადი ნიშან-თვისებების მცენარის ცნობილი ჯიშის ნიშან-თვისებებისგან განსხვავება. მცენარის ჯიში ცნობილად მიიჩნევა, თუ მის შესახებ მონაცემები შეტანილია მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრში ან ოფიციალურ კატალოგში, ჯიში აღწერილია და მის შესახებ მონაცემები გამოქვეყნებულია სპეციალურ ლიტერატურაში ან ჯიში გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში. სელექციონერის უფლების მოპოვებისათვის მცენარის ჯიშის სამართლებრივი დაცვის ან მისი გასავრცელებლად დაშვების მიზნით სხვა ქვეყანაში წარდგენილი განაცხადი მცენარის ჯიშს ცნობილად აღიარებს, თუ იგი იქნება სამართლებრივად დაცული ან გასავრცელებლად დაშვებული ჯიში;

დ) გასავრცელებლად დაშვებული ჯიში − სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული ჯიში, რომელმაც გაიარა გამოცდა სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე და რომელიც ეროვნულ კატალოგშია შეტანილი;

ე) გენური ინჟინერიის მეთოდით მიღებული მცენარე − მცენარე, რომლის გენური ნიშან-თვისებები შეიცვალა მოდიფიცირებული გენის ან სხვა ორგანიზმის გენის შეცვლის შედეგად, გენური ინჟინერიის მეთოდის გამოყენებით;

ვ) ერთგვაროვნება – ჯიშის ძირითადი ნიშან-თვისებების ერთგვაროვნება, მცენარის გამრავლების პროცესისათვის დამახასიათებელი ცვალებადობის გათვალისწინებით;

ზ) ეროვნული კატალოგი – საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული ჯიშების ან/და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდილი ჯიშების ჩამონათვალი;

თ) ეტიკეტი − თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებული ინფორმაცია, სავაჭრო ნიშანი, დასახელება, ილუსტრაცია ან სიმბოლო, რომელიც განთავსებულია შეფუთვაზე ან/და მის თანმხლებ დოკუმენტზე;

ი) თესლი − მცენარის ნაწილი, რომელიც მისი შენარჩუნებისა და კვლავწარმოებისთვის გამოიყენება;

კ) თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირება − განსაზღვრულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც თესლისა და სარგავი მასალის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებლადაა გამიზნული;

ლ) მეთესლეობა − საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს გასავრცელებლად დაშვებული ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის წარმოებას, აღწარმოებას, გადამუშავებას, შენახვას, რეალიზაციასა და მიკვლევადობას, ჯიშობრივი ნიშან-თვისებებისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შენარჩუნებით;

მ) მცენარის ჯიში − ცნობილი ბოტანიკური ტაქსონის უდაბლესი საფეხურის ფარგლებში არსებული მცენარეთა ჯგუფი, რომელიც, მიუხედავად იმისა, სრულად აკმაყოფილებს თუ არა სელექციონერის უფლების მინიჭების პირობებს, შესაძლებელია განისაზღვროს მოცემული გენოტიპით ან გენოტიპთა კომბინაციით განპირობებულ მახასიათებელთა გამომჟღავნებით, სხვა მცენარეთა ჯგუფებისაგან განსხვავდება მითითებული მახასიათებლებიდან სულ მცირე ერთის გამომჟღავნებით და შეიძლება განხილულ იქნეს მთლიანად, მისი უცვლელად კვლავწარმოებისათვის გამოდგომის თვალსაზრისით;

ნ) პირი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა ითვალისწინებს ჯიშების გასავრცელებლად დაშვების და მათი თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში მომსახურების გაწევას და რომელიც პასუხისმგებელია ამ საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობისათვის;

ო) საველე ინსპექტირება − ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც საველე პირობებში თესლისა და სარგავი მასალის ჯიშობრივი იდენტურობის, ჯიშობრივი სიწმინდის და დასარევლიანების ხარისხის დასადგენადაა გამიზნული;

პ) საველე ინსპექტორი − სერტიფიცირების ორგანოს უფლებამოსილი პირი, რომელიც დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად ახორციელებს სათესლე ნაკვეთების ინსპექტირებასა და აპრობაციას;

ჟ) საკონტროლო გამოცდა − თესლისა და სარგავი მასალის ჯიშობრივი ხარისხის დადგენა მათი მინდვრად, ნიადაგის სპეციალურ დანაყოფებზე თესვითა და რგვით და შესწავლით;

რ) სარგავი მასალა – მცენარე და მისი ვეგეტაციური ორგანოები, რომლებიც მცენარის გასამრავლებლადაა განკუთვნილი;

ს) სასოფლო-სამეურნეო კულტურა − მცენარეთა ჯგუფი, რომელიც აერთიანებს მცენარეთა რამდენიმე ჯიშს და კულტივირდება სურსათის, ტექნიკური ნედლეულისა და ცხოველთა საკვების მისაღებად, აგრეთვე დეკორატიული მიზნით;

ტ) სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობა (VCU) − ეროვნულ კატალოგში შეტანილი ჯიშის სამეურნეო თვალსაზრისით სასარგებლო ნიშან-თვისებათა კომპლექსი, რომელიც ითვალისწინებს ამ ჯიშისგან წარმოებული პროდუქციის ხარისხს, მიღებული მოსავლის გამოყენებას და მნიშვნელობას საქართველოს ერთი ან რამდენიმე ზონისათვის. აღნიშნული მონაცემები ფასდება ჯიშის ნიშან-თვისებათა ურთიერთშეწყობა-კომპენსირების პრინციპით;

უ) სტაბილურობა – მცენარის ჯიშის თვისება, მრავალჯერადი გამრავლების ან გამრავლების განსაკუთრებული ციკლის მიუხედავად, უცვლელად შეინარჩუნოს ამ ჯიშის ძირითადი ნიშან-თვისებები;

ფ) სერტიფიკატი − ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ჯიშების თესლი და სარგავი მასალა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს;

ქ) სერტიფიცირების ორგანო − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი, აგრეთვე საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი პირი;

ღ) ჯიშის ოფიციალური აღწერა − ჯიშობრივი მახასიათებლების ერთობლიობა, რომელიც თან ახლავს ეროვნულ კატალოგში შეტანილ ჯიშს;

ყ) ჯიშობრივი იდენტურობა − ბიოლოგიურ ნიშან-თვისებათა ერთობლიობა, რომლის მიხედვითაც თესლი გარკვეულ ჯიშს მიეკუთვნება და რომელიც განისაზღვრება ჯიშობრივი მახასიათებლების ოფიციალური აღწერით, რომლებიც ვლინდება მოცემულ გენოტიპში ან გენოტიპთა კომბინაციაში;

შ) ჯიშობრივი მახასიათებლები − მახასიათებლების ერთობლიობა, რომლითაც განისაზღვრება თესლის ჯიშობრივი იდენტურობა, ჯიშობრივი სიწმინდე და ხარისხი;

ჩ) ჯიშობრივი სიწმინდე − პოპულაციაში ჯიშის ან თესლისა და სარგავი მასალის წილი, რომელიც ჯიშის ოფიციალურ აღწერას შეესაბამება.

მუხლი 3. ჯიშების გასავრცელებლად დაშვების მიზანი

ჯიშების გასავრცელებლად დაშვების მიზანია:

ა) ჯიშთა იდენტიფიკაცია, კონკრეტული ჯიშების ნიშან-თვისებების სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობის დადგენა, გასავრცელებლად დაშვებული ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ხარისხის კონტროლი უხარისხო თესლისა და სარგავი მასალის საქართველოს ბაზარზე გავრცელების და მათი თესვისა და რგვის თავიდან აცილების მიზნით;

ბ) კონკრეტული ჯიშების სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მათი მიზნობრივი გამოყენებისათვის.

მუხლი 4. საქართველოს ტერიტორიაზე ჯიშების გასავრცელებლად დაშვების წესი

1. საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დასაშვები ჯიშები ეროვნულ კატალოგში შეიტანება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) ბრძანებით, სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის/შემოწმების დადებითი შედეგის საფუძველზე.

2. ჯიშების სასოფლო-სამეურნეო  სარგებლიანობაზე გამოცდის/შემოწმების ჩატარების ორგანიზაციულ და მეთოდოლოგიურ სქემას დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. გასავრცელებლად დაშვებული ჯიშები ეროვნული კატალოგიდან ამოიღება მინისტრის ბრძანებით.

4. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეროვნულ კატალოგს პერიოდულად აახლებს და წელიწადში ერთხელ ან/და საჭიროების შემთხვევაში აქვეყნებს.

5. დაუშვებელია სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული ისეთი ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის რეალიზაცია, რომლებიც ეროვნულ კატალოგში შეტანილი არ არის.

მუხლი 5. ეროვნული კატალოგი

1. გასავრცელებლად დაშვებული ჯიშები შეტანილი უნდა იქნეს ეროვნულ კატალოგში.

2. მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნული კატალოგისა და ეროვნული კატალოგის წარმოების წესის“ შესაბამისად ეროვნულ კატალოგში შეიძლება შეტანილ იქნეს:

ა) სხვა ქვეყნის კატალოგში რეგისტრირებული ჯიშები (მათი სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის შემდეგ);

ბ) ადგილობრივი (აბორიგენული) ჯიში, რომელიც მისი გენეტიკური რესურსების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ადაპტირებულია ადგილობრივ ნიადაგსა და კლიმატურ პირობებთან.

3. დაუშვებელია ეროვნულ კატალოგში ისეთი ჯიშის შეტანა:

ა) რომელიც არ აკმაყოფილებს განსხვავებულობის, ერთგვაროვნებისა და სტაბილურობის კრიტერიუმებს;

ბ) რომლის სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობა დამაკმაყოფილებლად არ არის შეფასებული;

გ) რომელიც დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ორიგინალური სახელით იდენტიფიცირებული არ არის.

4. ეროვნულ კატალოგსა და ეროვნული კატალოგის წარმოების წესს ამტკიცებს მინისტრი.

მუხლი 6. ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირება

1. დაუშვებელია ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის საქართველოს ბაზარზე სერტიფიკატის გარეშე განთავსება.

2. სერტიფიკატი გაიცემა საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესით“ განსაზღვრული ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის კონკრეტული პარტიებისათვის.

3. ჯიშების თესლი და სარგავი მასალა, რომელთა სერტიფიცირება სავალდებულოა, ექვემდებარება საველე ინსპექტირებასა და ლაბორატორიულ შემოწმებას მათი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად.

4. სერტიფიცირების ორგანო უფლებამოსილია ჩაატაროს საკონტროლო გამოცდა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის პარტიის ჯიშობრივი იდენტურობისა და ჯიშობრივი სიწმინდის შესამოწმებლად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესის“ შესაბამისად.

5. პირი, რომელიც რეალიზაციის მიზნით აწარმოებს ჯიშების თესლსა და სარგავ მასალას, ვალდებულია:

ა) სერტიფიცირების ორგანოს წარუდგინოს განაცხადი თესლისა და სარგავი მასალის საველე ინსპექტირებისა და ლაბორატორიული შემოწმების შედეგების შესახებ;

ბ) თესლი და სარგავი მასალა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დაამზადოს;

გ) შეინახოს ბოლო 5 წლის განმავლობაში დამზადებული, რეალიზებული და გამოყენებული თესლისა და სარგავი მასალის რაოდენობისა და წარმომავლობის შესახებ დოკუმენტაცია;

დ) ხელი შეუწყოს საველე ინსპექტორს მოვალეობათა შესრულებაში.

6. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება:

ა) სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხა;

ბ) სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესი.

მუხლი 7. სერტიფიკატი

1. სერტიფიკატს გასცემს სერტიფიცირების ორგანო.

2. საქართველოს ბაზარზე განსათავსებლად დაიშვება ეროვნული ან/და საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული სხვა ქვეყნის შესაბამისობის შეფასების დოკუმენტის (სერტიფიკატის) მქონე, ეროვნულ კატალოგში შეტანილი ჯიშების თესლი და სარგავი მასალა.

მუხლი 8. სერტიფიცირების საფასური

 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების განხორციელების საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

მუხლი 9. ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ხარისხის მაჩვენებლების განსაზღვრა

ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ხარისხის მაჩვენებლები განისაზღვრება საველე ინსპექტირებისა და ლაბორატორიული შემოწმების შედეგების საფუძველზე.

მუხლი 10. საველე ინსპექტირება

საველე ინსპექტირების პროცედურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესით“.

მუხლი 11. ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირება

1. რეალიზაციისათვის გამიზნული სერტიფიცირებული ჯიშების თესლი და სარგავი მასალა ეტიკეტირებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის“ შესაბამისად და უნდა შეესაბამებოდეს ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სარეგისტრაციო დოკუმენტების მონაცემებს.

2. ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატებით დამუშავებული ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის შენახვა, ტრანსპორტირება და რეალიზაცია უნდა განხორციელდეს შეფუთული ფორმით. შეფუთვაზე აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი გაფრთხილება. შეფუთვას უნდა ახლდეს ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის უსაფრთხო გამოყენების ინსტრუქცია, აგრეთვე ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობასა და გარემოზე ზემოქმედების შესაძლო შედეგების შესახებ ინფორმაცია.

მუხლი 12. პასუხისმგებლობის საფუძველი

1. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უფლება აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ პირს.

2. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისათვის სამართალდამრღვევს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.

მუხლი 13. პასუხისმგებლობა

1. ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაცია −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, 1 წლის განმავლობაში, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

3. სერტიფიცირებული ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დარღვევა ან/და მათი ეტიკეტის გარეშე რეალიზაცია −

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, 1 წლის განმავლობაში, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

მუხლი 14. გარდამავალი დებულებანი

1. საქართველოს მთავრობამ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით:

ა) ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში დადგენილებით დაამტკიცოს:

ა.ა) სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხა;

ა.ბ) სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესი;

ა.გ) სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესი;

ა.დ) ჯიშების სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის/ შემოწმების ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური სქემა;

ბ) 2019 წლის 1 იანვრამდე დადგენილებით დაამტკიცოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების განხორციელების საფასურის ოდენობა.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში დაამტკიცოს საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნული კატალოგი და ეროვნული კატალოგის წარმოების წესი.

მუხლი 15. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტისა, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა,  მე-8 მუხლისა,  მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-13 მუხლისა,  ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

2. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, მე-11 მუხლის პირველი პუნქტი და მე-13 მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან.

3. ამ კანონის მე-8 მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 ივნისი 2017 წ.

N913-IIს