დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 950-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/06/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/06/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 030000000.05.001.018476 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის ან პენიტენციური დაწესებულების მიმართვის საფუძველზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ;“. 2. 2116 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის ან პენიტენციური დაწესებულების მიმართვის საფუძველზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ ბრძანებას გამოსცემს მაგისტრატი მოსამართლე, ხოლო იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც მაგისტრატი მოსამართლე არ მოქმედებს, – შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ან პენიტენციური დაწესებულების ადგილსამყოფლის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე.“. 3. 2117 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2117. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ მოსამართლისათვის ან სასამართლოსათვის მიმართვა 1. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ ბრძანების გამოცემის თხოვნით მაგისტრატ მოსამართლეს ან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მიმართავს იმ ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ან პენიტენციური დაწესებულება, რომელშიც პაციენტი/მსჯავრდებული იმყოფება. 2. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ან პენიტენციური დაწესებულება მაგისტრატ მოსამართლეს ან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს შესაბამისი ბრძანების გამოცემის თხოვნით მიმართავს პაციენტის/მსჯავრდებულის სტაციონარში მოთავსებიდან ან უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულებიდან დადებითი დასკვნის მიღებიდან 48 საათის ვადაში. 3. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის ან პენიტენციური დაწესებულების მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს და უნდა ეფუძნებოდეს შესაბამისად ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნას ან უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნას, რომელიც პაციენტის/მსჯავრდებულის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებთან (პასპორტი, პირადობის მოწმობა, ქორწინების მოწმობა, სხვა დოკუმენტი) ერთად, მათი არსებობის შემთხვევაში, უნდა დაერთოს აღნიშნულ მიმართვას. თუ არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოსათავსებელი პირის ვინაობა (სახელი, გვარი, ასაკი, სქესი, მოქალაქეობა, საცხოვრებელი ადგილის მისამართი) დაუდგენელია, რადგან არ არსებობს მისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, ფსიქიატრიული დაწესებულების მიმართვას უნდა დაერთოს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმი, თუ იგი პოლიციის თანამშრომელმა შეადგინა.“. 4. 2118 მუხლის: ა) მე-2−მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმეს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს. სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ პაციენტის/მსჯავრდებულის მკურნალობის პროცესში ჩართულ პირებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთა მონაწილეობაც აუცილებელია ადმინისტრაციული სამართალწარმოების განხორციელების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული საქმის განხილვაში უნდა მონაწილეობდნენ შესაბამისად ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის ან პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელი, შესაბამისი ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის ერთი წევრი მაინც, პაციენტი/მსჯავრდებული და მისი ადვოკატი. თუ პაციენტს/მსჯავრდებულს არა აქვს ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა, სასამართლო ვალდებულია დაუნიშნოს მას ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. საქმის განხილვაში მონაწილეობს აგრეთვე პაციენტის/მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენელი, ხოლო მისი არარსებობისას – ნათესავი (ამ შემთხვევაში ტერმინი „პაციენტის ნათესავი“ გულისხმობს პირს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა წრიდან). განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის/მსჯავრდებულის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით, მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განსახილველად ატარებს გასვლით სასამართლო სხდომას იმ სტაციონარში, რომელშიც პაციენტი/მსჯავრდებული იმყოფება. 3. მოსამართლე სასამართლო სხდომის გახსნის შემდეგ აცხადებს, რა მიმართვა განიხილება, ასახელებს სასამართლო პროცესის მონაწილეებს, არკვევს, არის თუ არა აცილებები. შესაბამისად ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის ან პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელი ასაბუთებს თავის მიერ წარდგენილ მიმართვას, რის შემდეგაც უპასუხებს მოსამართლის, პაციენტის/მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის, კანონიერი წარმომადგენლის ან/და ნათესავის შეკითხვებს. პაციენტის/მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის ან ნათესავის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არ არის მიმართვის განხილვის გადადების საფუძველი. 4. მოსამართლე უფლებამოსილია გამოიძახოს და დაკითხოს ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის წევრები, რომლის დასკვნის საფუძველზედაც ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციამ ან პენიტენციურმა დაწესებულებამ სასამართლოს მიმართა, აგრეთვე სხვა პირი, რომლის ჩვენებაც (ცნობები) ასაბუთებს მიმართვას. პაციენტს/მსჯავრდებულს, მის ადვოკატს, კანონიერ წარმომადგენელს ან/და ნათესავს უფლება აქვს, მოითხოვოს სხვა პირთა დაკითხვაც, რომელთა ჩვენებებს საქმისთვის შეიძლება არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს. პაციენტს/მსჯავრდებულს, მის ადვოკატს, კანონიერ წარმომადგენელს ან/და ნათესავს ასევე უფლება აქვს, სასამართლოს მისცეს განმარტებები და ჩამოაყალიბოს საპირისპირო მოსაზრებები.“; ბ) მე-7 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ფსიქიატრიული დაწესებულება, რომლის ადმინისტრაციამ სასამართლოს შესაბამისი მიმართვა წარუდგინა, ან პენიტენციური დაწესებულება, რომელმაც სასამართლოს მიმართა;“; გ) მე-8 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ფსიქიატრიული დაწესებულება, რომლის ადმინისტრაციამ სასამართლოს შესაბამისი მიმართვა წარუდგინა, ან პენიტენციური დაწესებულება, რომელმაც სასამართლოს მიმართა;“. 5. 2120 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) შეიძლება ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციამ ან პენიტენციურმა დაწესებულებამ, პაციენტმა/მსჯავრდებულმა, მისმა ადვოკატმა, კანონიერმა წარმომადგენელმა ან/და ნათესავმა ამ მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში.“. 6. 271 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 271. პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული საკითხების განხილვის წესი 1. პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილით ან 43-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის შედეგად სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ძალაში დატოვოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ან მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ; ბ) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა; გ) ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ან მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო უფლებამოსილია მსჯავრდებული შეაფასოს პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების შესაბამისად − სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში, ხოლო 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების შესაბამისად − სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შემთხვევაში. 3. პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 43-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს ადგილსამყოფლის მიხედვით, ხოლო პატიმრობის კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 90-ე მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს − პირველი ინსტანციის სასამართლო პენიტენციური დაწესებულების ადგილსამყოფლის მიხედვით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაადგინოს სასამართლო განხილვაში ამავე მხარის დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მონაწილეობა. 5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაში მითითებული ვადის შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 1 ივნისი 2017 წ. N950-IIს |
დოკუმენტის კომენტარები