„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 953-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 430020000.05.001.018482
953-IIს
01/06/2017
ვებგვერდი, 20/06/2017
430020000.05.001.018482
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ჰ5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ5) საგანმანათლებლო პროგრამა (კურიკულუმი) – უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის მისაღებად აუცილებელი სასწავლო კურსების/მოდულების ერთობლიობა, რომელშიც მოცემულია პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, სასწავლო კურსები/მოდულები შესაბამისი კრედიტებით, სტუდენტთა შეფასების სისტემა და სასწავლო პროცესის ორგანიზების თავისებურებები, მათ შორის, ელექტრონული სწავლების გამოყენების შესაძლებლობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);“;

ბ) „ჰ23“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ23) სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი) – დოკუმენტი, რომელიც იძლევა ინფორმაციას სასწავლო კურსის/მოდულის მიზნების, სწავლის შედეგების, კრედიტების, შინაარსის, სწავლებისა და სწავლის მეთოდების, შეფასების კრიტერიუმებისა და ელექტრონული სწავლების გამოყენების შესაძლებლობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ;“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ღიაობას, მათ შორის, მსჯავრდებულისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში; სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიურ თავისუფლებას, მათ შორის, მსჯავრდებულისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;“.

3. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ11“ ქვეპუნქტი:

„პ11) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან ერთად განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე განათლების მიღების წესსა და პირობებს;“.

4. 43-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. მსჯავრდებულ სტუდენტს არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები. მსჯავრდებულ სტუდენტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში შეიძლება შეეზღუდოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები.“.

5. 474 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტრონული სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის სწავლის მართვის სისტემის გამოყენებით წარმართვას. სწავლის მართვის სისტემა არის ინტერნეტზე დამყარებული კომპიუტერული პროგრამა, რომელიც აუცილებელია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვისათვის, კერძოდ, სასწავლო მასალების მიწოდებისათვის, სტუდენტის (გარდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული სტუდენტისა) სტუდენტთან ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალთან კომუნიკაციისათვის, ტესტირებისათვის, კონსულტირებისათვის, სტუდენტთა პროგრესის მონიტორინგისა და სხვა მიზნებისათვის.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ელექტრონული სწავლების ან ნაწილობრივ ელექტრონული სწავლების გამოყენებით დაძლევის შემდეგ პირს ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია და ეძლევა ამ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ელექტრონული სწავლების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე.“.

მუხლი 2. 2018 წლის 1 იანვრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გამოსცენ ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ11“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 ივნისი 2017 წ.

N953-IIს