სს ,,თიბისი ბანკის’’ და სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯიას’’ კერძო საჩივრების დაკმაყოფილებისა და განცხადების მიღებაზე უარის თქმის შესახებ

  • Word
სს ,,თიბისი ბანკის’’ და სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯიას’’ კერძო საჩივრების დაკმაყოფილებისა და განცხადების მიღებაზე უარის თქმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/36017-16
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 28/05/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/36017-16
28/05/2017
ვებგვერდი, 30/05/2017
სს ,,თიბისი ბანკის’’ და სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯიას’’ კერძო საჩივრების დაკმაყოფილებისა და განცხადების მიღებაზე უარის თქმის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე № 2/36017-16

 

განჩინება

საქართველოს სახელით

კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და განცხადების მიღებაზე უარის თქმის შესახებ

 

28.04.2017 წელი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი

 

 

საჩივრის ავტორები – 1. სს ,,თიბისი ბანკი’’

წარმომადგენელი – ვასილ ტიტვინიძე

 2. სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯია’’

წარმომადგენელი – თეიმურაზ წიქვაძე

 

განმცხადებელი – შპს ,,იბერია მით ჰოლდინგ'' (ს/ნ. 405108217)

 

მოთხოვნა – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინების გაუქმება

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კერძო საჩივრები და

 

გამოარკვია:

 

2016 წლის 25 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,იბერია მით ჰოლდინგის’’ დირექტორმა რევაზ ლაშქარავამ და მოითხოვა შპს ,,იბერია მით ჰოლდინგის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, განმცხადებლის შპს ,,იბერია მით ჰოლდინგის’’ დირექტორის რევაზ ლაშქარავას განცხადება მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო, პირველი კრედიტორთა კრება დაინიშნა 2017 წლის 9 იანვარს შემდეგი დღის წესრიგით: 1. მეურვის ანგარიშის მოსმენა. 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა. 3. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა.

ზემოაღნიშნული განჩინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდათ კრედიტორებს და გასაჩივრებისათვის დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2016 წლის 14 დეკემბერს სს ,,თიბისი ბანკის’’ წარმომადგენელმა ვასილ ტიტვინიძემ და სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯიას’’ წარმომადგენელმა თეიმურაზ წიქვაძემ კერძო საჩივრით მომართეს სასამართლოს და მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინების გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, სს ,,თიბისი ბანკის’’ წარმომადგენლის ვასილ ტიტვინიძის და სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯიას’’ წარმომადგენლის თეიმურაზ წიქვაძის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე დაუსაბუთებლობის გამო საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 თებერვლის განჩინებით, სს ,,თიბისი ბანკის’’ და სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯიას’’ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინება და კერძო საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

განჩინებაში აღნიშნულია, რომ გადახდისუუნარობის შესახებ მოვალის (შპს ,,იბერია მით ჰოლდინგის’’) განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინების საპირისპიროდ, კერძოდ, საჩივრის ავტორთა მიერ წარმოდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით, სათანადო შეფასებების და მსჯელობების გარეშე 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინებაში გაკეთებული დასკვნა კერძო საჩივრის უსაფუძვლობის შესახებ, იურიდიული დასაბუთების თვალსაზრისით იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1’’ პუნქტის საფუძველზე მისი (2016 წლის 26 დეკემბრის განჩინების) გაუქმების პროცესუალურ საფუძველს წარმოშობს. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივარში წარმოდგენილი ძირითადი პრეტენზია არ არის შეფასებული, სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს კერძო საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს.

კერძო საჩივრის ხელახლა განხილვისას სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს მოვალის მხრიდან განცხადების შეტანის უფლების შესაძლო ბოროტად გამოყენების დასასაბუთებლად კერძო საჩივრის ავტორთა მიერ მითითებულ კონკრეტულ გარემოებებზე და უნდა შეაფასოს შპს ,,იბერია მით ჰოლდინგმა’’ (მოვალე), რომელმაც 2016 წლის 17 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,იბერ მით ჯორჯიასგან’’ საკუთრებაში გადაცემული მთელი აქტივის, რომლის ღირებულებაც თავად მოვალის განმარტებით შეადგენს 6 815 000 ლარს), სანაცვლოდ ამ ხელშეკრულების საფუძველზე იკისრა შპს ,,იბერ მით ჯორჯიას’’ კრედიტორების (კერძო საჩივრის ავტორთა) 1 831 731 ლარის ოდენობით მოთხოვნის დაკმაყოფილება, გააჩნია თუ არა გადახდისუუნარობის წარმოების გახსნისათვის აუცილებელი კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის საფუძველი. საყურადღებოა, რომ შპს ,,იბერია მით ჰოლდინგის’’ განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, მოვალე გადახდისუუნარობის საფუძვლის წარმოშობას ძირითადად უკავშირებს კრედიტორების მიერ (კერძო საჩივრის ავტორთა) დაწყებული აღსრულების ფარგლებში გამოყენებულ ღონისძიებებს. კერძო საჩივრის განხილვისას საბოლოოდ ამ საკითხების შეფასების კვალობაზე სასამართლომ უნდა გააკეთოს სამართლებრივი დასკვნა თუ რამდენად აკმაყოფილებს შპს ,,იბერია მით ჰოლდინგის’’ განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონის მე-13, მე-15 და მე-16 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს და შესაბამისად უნდა შეაფასოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ასევე კერძო საჩივრის დასაბუთებულობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით სს ,,თიბისი ბანკის’’ წარმომადგენლის ვასილ ტიტვინიძის და სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯიას’’ წარმომადგენლის თეიმურაზ წიქვაძის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე დაუსაბუთებლობის გამო კვლავ გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის განჩინებით სს ,,თიბისი ბანკის’’ და სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯიას’’ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 თებერვლის განჩინება და კერძო საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი კერძო საჩივრები, მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხს სასამართლო წყვეტს განცხადების შეტანიდან 5 დღის ვადაში. თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე. თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე, გადახდისუუნარობის საქმე გახსნილად ითვლება განცხადების შეტანის დღიდან.

მე-20 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს გამოსასწორებლად აძლევს 5 სამუშაო დღის ვადას. თუ განმცხადებელი აღნიშნულ ვადაში გამოასწორებს ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მას განმცხადებელს დაუბრუნებს. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 3 თვის განმავლობაში გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ იმავე საფუძვლით დაუშვებელია.

 „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლი განმარტავს აღნიშნული კანონის მიზანს, რაც გულისხმობს მოვალისა და კრედიტორის ინტერესების თანაზომიერ დაცვას, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრასა და კრედიტორთა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ან მისი შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას. კანონის მე-13 მუხლის თანახმად, კი, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა. ტერმინები გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა განმარტებულია კანონის მე-3 მუხლის ,,ა” და ,,ბ” ქვეფუნქტებით, კერძოდ, გადახდისუუნარობა განმარტებულია, როგორც მოვალის უუნარობა, დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნა, ხოლო მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი მოვალე – მოვალე, რომელიც სათანადო ზომების მიუღებლობის შემთხვევაში უახლოეს მომავალში გახდება ან შესაძლებელია გახდეს გადახდისუუნარო. ამდენად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის საფუძველი შესაძლოა იყოს საწარმოს ვალაუვალობა (საწარმოს ხელთ არსებული აქტივებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა) ან დასაბუთებული ვარაუდი მასზე, რომ არსებული აქტივებისა და პასივების გათვალისწინებით მოსალოდნელია საწარმოს ვალაუვალობა. ამასთან, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, კანონი მოვალეს აკისრებს გადახდისუუნარობის ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის შესახებ საფუძვლების დასაბუთების ტვირთს.

განსახილველ შემთხვევაში მოვალე განცხადებით ითხოვს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნას, ამასთან, დადგენილია, რომ შპს ,,იბერია მით ჰოლდინგის’’ მიმართ სასამართლოში წარმოდგენილი კრედიტორების მოთხოვნა შეადგენს – 5 091 396 ლარის და 28 თეთრს (სს ,,თიბისი ბანკის’’ მოთხოვნა 2,813,624,21; ხოლო სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯიას’’ მოთხოვნა 2 277 772.17 ლარი) მოვალის საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულება კი ჯამში შეადგენს 6 815 000 ლარის აქტივებს, ხოლო პასივი შეადგენს 1831731 აშშ დოლარს, შესაბამისად არ არსებობს მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა, მოვალეს შეუძლია დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნა, რის გამოც შპს ,,იბერია მით ჰოლდინგს’’ უარი უნდა ეთქვას განცხადების მიღებაზე.

 „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5 000 ლარი. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ამ თანხიდან ანაზღაურდება საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ყველა დანარჩენ შემთხვევაში აღნიშნული თანხა დაუბრუნდება განმცხადებელს. შესაბამისად გადახდილი თანხით უნდა მოხდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს საფასურის გადახდა.

მე-8 მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის სასამართლოში შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემიდან 5 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

ამავე კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს იმ საპროცესო მოქმედების შესრულებას, რომელიც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით იყო გათვალისწინებული.

თუ სასამართლო კერძო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, მაშინ ის აკმაყოფილებს კერძო საჩივარს. წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების გამოტანიდან 5 დღის ვადაში.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს განმცხადებლების სს ,,თიბისი ბანკის’’ და სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას’’ მოთხოვნა დასაბუთებულად მიაჩნია.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-3, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-13, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

დაადგინა:

 

1. სს ,,თიბისი ბანკის’’ წარმომადგენლის ვასილ ტიტვინიძის და სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯიას’’ წარმომადგენლის თეიმურაზ წიქვაძის კერძო საჩივრები დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინება და განმცხადებელს უარი ეთქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

2. შპს ,,იბერია მით ჰოლდინგის’’ მიერ გადახდილი 5000 ლარიდან, რომელიც განთავსებულია შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღები სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი ანაზღაურდეს საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ყველა დანარჩენ შემთხვევაში თანხა დაუბრუნდეს განმცხადებელს.

3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან ან გადაცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                         თამარ ჭუნიაშვილი