დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 852-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/05/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/06/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 220050000.05.001.018461 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (28/04/2021 - 01/12/2022)
|
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ
|
თავი I
ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და მიზანი 1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნის, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს სამართლებრივი ფორმის, მართვისა და უფლებამოსილების და დეპოზიტების დაზღვევის ფონდის ადმინისტრირების სამართლებრივ საფუძვლებს. 2. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ამავე კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკისთვის. 3. ამ კანონის მიზანია კომერციულ ბანკში ამ კანონით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორებისთვის დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურება, კომერციული ბანკის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება, დანაზოგების წახალისება და ქვეყნის საფინანსო სისტემის მდგრადობის ხელშეწყობა. საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დეპოზიტების დაზღვევის სისტემა – დეპოზიტორებს, კომერციულ ბანკებს, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის არსებული, ამ კანონით რეგულირებული ურთიერთობები; ბ) დეპოზიტორი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი, რომელსაც კომერციულ ბანკში აქვს დეპოზიტი; გ) დეპოზიტი – დეპოზიტორის ანგარიშზე რიცხული თანხები (მათ შორის, მიმდინარე ანგარიში, ვადიანი დეპოზიტი, მოთხოვნამდე დეპოზიტი), რომლებიც უნდა გადაიხადოს კომერციულმა ბანკმა დეპოზიტორსა და კომერციულ ბანკს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ელექტრონული ფულის სანაცვლოდ მიღებული სახსრები დეპოზიტი არ არის; დ) დაუზღვეველი დეპოზიტი – დეპოზიტი, რომელიც, ამ კანონის თანახმად, დაზღვევას არ ექვემდებარება და სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას არ ანაზღაურდება; ე) დაზღვეული დეპოზიტი – დეპოზიტი, რომელსაც ანაზღაურებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ამ კანონით დადგენილი ზღვრის ფარგლებში; ვ) დეპოზიტების დაზღვევის ფონდი (შემდგომ – ფონდი) – ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები, რომლებიც გამოიყენება სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორებისთვის დაზღვეული დეპოზიტების ასანაზღაურებლად და ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის; ზ) სადაზღვევო შემთხვევა – „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომერციული ბანკის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის დაწყება; თ) ზღვარი – დეპოზიტორისთვის ასანაზღაურებელი დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც განისაზღვრება ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტისა და 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად; ი) კომერციული ბანკი – „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკი; კ) სამეთვალყურეო საბჭო (შემდგომ – საბჭო) – ამ კანონით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო; ლ) ფინანსური ინსტიტუტი − იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომელიც მოქმედებს კომერციული ბანკის, სადაზღვევო ორგანიზაციის, გადამზღვეველი კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის), საბროკერო კომპანიის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საკრედიტო კავშირის, საინვესტიციო ფონდის, საპენსიო ფონდის, აქტივების მმართველი კომპანიის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სახით. 2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მნიშვნელობა. საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ. თავი II დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო მუხლი 3. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო 1. ამ კანონის მიზნებისათვის იქმნება დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). 2. დაუშვებელია სააგენტოს მიერ სადაზღვევო რისკის მთლიანად ან ნაწილობრივ სხვა მზღვეველისათვის გადაცემა. 3. სააგენტო თავის ყოველდღიურ ოპერაციებსა და საქმიანობაში დამოუკიდებელია. სხვა ორგანოს უფლება არა აქვს, ჩაერიოს მის საქმიანობაში, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. სააგენტოს აქვს საკუთარი სახსრები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიანი ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკში, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდებით. სააგენტო ბუღალტრულ აღრიცხვასა და ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სააგენტო უფლებამოსილია ფონდის სახსრების განთავსების მიზნით ჰქონდეს ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკში. 5. სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონის, სააგენტოს დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 6. სააგენტოს მოქმედ ან ყოფილ თანამშრომელს ან სააგენტოს სახელით კანონიერად მოქმედ პირს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე ქმედებისთვის, თუ მან ეს ქმედება ჩაიდინა ან მისი ჩადენისგან თავი შეიკავა თავისი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 7. სააგენტოს სტრუქტურა მტკიცდება საბჭოსთან შეთანხმებით, სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტით, ხოლო უფლებამოსილება განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 8. სააგენტოს საშტატო განრიგი (მათ შორის, თანამდებობრივი სარგოები) და შესაბამისი წლის ბიუჯეტი მტკიცდება ამ კანონით დადგენილი წესით. 9. სააგენტოს საშტატო განრიგის (მათ შორის, თანამდებობრივი სარგოების) დამტკიცებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. 10. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 11. ამ კანონის თანახმად სააგენტოს მიერ დეპოზიტების დაზღვევასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულებისას მის საქმიანობასთან დაკავშირებული საგადასახადო შეღავათები განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით. სააგენტოს მიერ განხორციელებული ოპერაციები და საქმიანობა თავისუფლდება მოსაკრებლისა და სახელმწიფო ბაჟისაგან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 12. სააგენტო უფლებამოსილია შესაბამის პირს სასამართლოს მეშვეობით მოსთხოვოს კომპენსაცია იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კომერციული ბანკის ხელმძღვანელობის, აუდიტორის ან თანამშრომლის არამართლზომიერი ქმედების გამო გაიზარდა სააგენტოს საერთო ფინანსური ვალდებულება. 13. სააგენტო ინფორმაციის მიწოდების მიზნით სააგენტოს საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს უგზავნის საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს. საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ. მუხლი 4. სააგენტოს უფლებები და მოვალეობები 1. დეპოზიტების დაზღვევასთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად სააგენტოს უფლება აქვს: ა) მიიღოს პირველადი შენატანები; ბ) განსაზღვროს და მიიღოს რეგულარული სადაზღვევო შენატანები; გ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიიღოს სპეციალური სადაზღვევო შენატანები; დ) მართოს ფონდი; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კომერციული ბანკისგან დროულად და დეტალურად მიიღოს შესაბამისი ინსტრუქციით გათვალისწინებული ინფორმაცია; ვ) შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს ეროვნულ ბანკთან დროულად და რეგულარულად გაცვალოს კომერციული ბანკების შესახებ ინფორმაცია ამ კანონის მიზნებისათვის; ზ) შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიიღოს მატერიალურ-ტექნიკური დახმარება; თ) კომერციული ბანკის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირისგან დროულად მიიღოს ზუსტი ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ; ი) ინსტრუქციის შესაბამისად კომერციული ბანკებისგან მოითხოვოს მოქმედი და პოტენციური კლიენტებისთვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; კ) ინსტრუქციით გათვალისწინებული ფორმატით კომერციული ბანკებისგან მოითხოვოს დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია; ლ) კომერციულ ბანკებში არსებული დაზღვეული დეპოზიტების შესახებ კომერციული ბანკებისგან მიღებული ინფორმაცია გადაამოწმოს ადგილზე, დისტანციურად ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პირის ან/და კომერციული ბანკების გარე აუდიტორების მეშვეობით; ლ1) საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს მოითხოვოს კომერციულ ბანკში არსებული დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია ან/და გადაამოწმოს იგი ადგილზე, დისტანციურად ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პირის ან/და კომერციული ბანკის გარე აუდიტორის მეშვეობით; მ) მიიღოს გრანტები, ტექნიკური და სხვა დახმარებები; ნ) მონაწილეობა მიიღოს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში; ნ1) განახორციელოს რეპო ოპერაცია კომერციულ ბანკთან; ო) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. 2. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სააგენტო ვალდებულია: ა) უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული შენატანების ფონდში აკუმულირება; ბ) განსაზღვროს სპეციალური სადაზღვევო შენატანების საჭიროება და შესაბამის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი მოზიდვა; გ) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას გასცეს ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) განახორციელოს შიდა კონტროლი და რისკების მენეჯმენტი; ე) შეიმუშაოს კრიზისების მართვის პოლიტიკა, პროცედურები და სისტემა, რომლებიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას წარმოქმნილ რისკებზე ეფექტიან რეაგირებას უზრუნველყოფს; ვ) ანაზღაურების ოპერატიულად გაცემის უზრუნველსაყოფად შეიმუშაოს მართვის საინფორმაციო სისტემა და პროცედურები და არანაკლებ წელიწადში ერთხელ განახორციელოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის სიმულაცია. საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ. მუხლი 5. სააგენტოს ხელმძღვანელობა და მართვა 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი. 2. სააგენტოს ზედამხედველობის მიზნით იქმნება საბჭო. საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონით. საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ. მუხლი 6. სააგენტოს უფროსი 1. სააგენტოს უფროსი თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი შეირჩევა კონკურსით. მისი ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს დებულებით. 3. სააგენტოს უფროსი თანამდებობაზე ინიშნება 5 წლის ვადით. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მისი თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა შეზღუდული არ არის. 4. სააგენტოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, ქმედუნარიანი პირი; ბ) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ეკონომიკის, სამართლის ან მომიჯნავე დარგში და საფინანსო, საბანკო, დაზღვევის ან ეკონომიკური სამართლის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; გ) არ უნდა იყოს ნასამართლევი; დ) არ უნდა იყოს სამსახურიდან დათხოვნილი სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების გამო; ე) უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, პატიოსანი და კეთილსინდისიერი. 5. სააგენტოს უფროსი თანამდებობიდან თავისუფლდება: ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე; ბ) საბჭოს გადაწყვეტილებით (კონსენსუსით); გ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში; დ) მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში; ე) სააგენტოს ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში, საბჭოს გადაწყვეტილებით; ვ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, გარდაცვლილად გამოცხადების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ზ) მისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში; თ) გარდაცვალების შემთხვევაში. 6. სააგენტოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს და ორგანიზებას უწევს მის საქმიანობასა და ფუნქციონირებას; ბ) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში; გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, მათ მიმართ იყენებს წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; დ) ფონდში თანხის ამოწურვის ან/და დეფიციტის შემთხვევაში საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს დამატებითი თანხების მოზიდვის კონკრეტულ ღონისძიებებს; ე) ორგანიზებას უწევს სააგენტოს მიერ დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურების პროცესს; ვ) ამზადებს და საბჭოს წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს; ზ) საბჭოს წარუდგენს სააგენტოს წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას; თ) საბჭოსთან შეთანხმებით, შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს კომერციული ბანკის სავალდებულო შენატანის ოდენობას, მაგრამ არაუმეტეს ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ოდენობისა; ი) გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; კ) შეიმუშავებს და საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს შემდეგი სამართლებრივი აქტების (ინსტრუქციების) პროექტებს: კ.ა) სააგენტოს სტრუქტურას, საშტატო განრიგს (მათ შორის, თანამდებობრივ სარგოებს) და შესაბამისი წლის ბიუჯეტს; კ.ბ) სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკას და წლიურ საინვესტიციო გეგმას; კ.გ) სააგენტოს სტრატეგიულ გეგმას და წლიურ გეგმას; კ.დ) ბაზის დაანგარიშების წესს და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურებს; კ.ე) რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის გამოთვლის მეთოდოლოგიას; კ.ვ) რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის ოდენობას და მიზნობრივი ფონდის ოდენობას; კ.ზ) სპეციალური სადაზღვევო შენატანის გამოთვლის წესს, პერიოდულობასა და პროცედურებს; კ.თ) სპეციალური სადაზღვევო შენატანის ოდენობას; კ.ი) კომერციული ბანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისთვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციას; კ.კ) კომერციული ბანკებისგან დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის ინსტრუქციას; კ.ლ) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების გაცემის და ამ მიზნით კომერციული ბანკის შერჩევის ინსტრუქციას; კ.მ) დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად გამოქვეყნების ინსტრუქციას; კ.ნ) სააგენტოს ეთიკის კოდექსს; კ.ო) ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა ინსტრუქციებს; ლ) ახორციელებს ამ კანონითა და სააგენტოს დებულებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას. საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ. მუხლი 7. საბჭოს შემადგენლობა 1. საბჭო შედგება 5 წევრისაგან. საბჭოს წევრები არიან: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, 2 დამოუკიდებელი წევრი. 2. საბჭოს დამოუკიდებელი წევრი უნდა იყოს მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და უმაღლესი ფინანსური, ეკონომიკური ან იურიდიული განათლების მქონე პირი. არ შეიძლება ის იყოს ბოლო 6 თვის განმავლობაში კომერციული ბანკის მოქმედი ან ყოფილი ადმინისტრატორი ან/და ჰქონდეს სხვა სახის ინტერესთა კონფლიქტი. 3. საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს ირჩევენ კომერციული ბანკები ფარული კენჭისყრით, ხმათა უბრალო უმრავლესობით. კენჭისყრას ორგანიზებას უწევს საქართველოს ეროვნული ბანკი. 4. საბჭოს დამოუკიდებელ წევრად ასარჩევი კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ყველა კომერციულ ბანკს. კენჭისყრის ჩატარების დროსა და პროცედურებს კომერციულ ბანკებს აცნობებს საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამის თარიღამდე არაუგვიანეს 10 დღისა. 5. საბჭოს თითოეული დამოუკიდებელი წევრის ასარჩევად კენჭისყრა ინდივიდუალურად ტარდება. საბჭოს დამოუკიდებელი წევრის არჩევაში მონაწილეობენ მხოლოდ კომერციული ბანკების უფლებამოსილი წარმომადგენლები. თითოეულ კომერციულ ბანკს აქვს 1 ხმის უფლება. კენჭისყრა ჩატარდება, თუ მასში კომერციული ბანკების 2/3 მონაწილეობს. 6. საბჭოს დამოუკიდებელი წევრის ასარჩევ კენჭისყრაში გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. 7. თუ საბჭოს დამოუკიდებელი წევრის ასარჩევ პირველ კენჭისყრაში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ტარდება განმეორებითი კენჭისყრა საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატებს შორის. 8. საბჭოს დამოუკიდებელი წევრის უფლებამოსილების ვადა 5 წელია. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მისი განმეორებით არჩევა შეზღუდული არ არის. 9. საბჭოს სხვა წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მისი შესაბამის თანამდებობაზე ყოფნის ვადით. 10. საბჭოს 1 წლის ვადით, როტაციის პრინციპით თავმჯდომარეობენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ თანამიმდევრობით. 11. საბჭოს დამოუკიდებელი წევრი არ შეიძლება იყოს საბჭოს თავმჯდომარე. 12. საბჭოს დამოუკიდებელი წევრის შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული სააგენტოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით. მუხლი 8. საბჭოს უფლებები და მოვალეობები საბჭო: ა) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსს ამ კანონისა და სააგენტოს დებულების შესაბამისად, შესაბამისი გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) იხილავს და ითანხმებს სააგენტოს უფროსის მიერ შემუშავებული შემდეგი სამართლებრივი აქტების (ინსტრუქციების) პროექტებს: ბ.ა) სააგენტოს სტრუქტურას, საშტატო განრიგს (მათ შორის, თანამდებობრივ სარგოებს) და შესაბამისი წლის ბიუჯეტს; ბ.ბ) სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკას და წლიურ საინვესტიციო გეგმას; ბ.გ) სააგენტოს სტრატეგიულ გეგმას და წლიურ გეგმას; ბ.დ) ბაზის დაანგარიშების წესს და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურებს; ბ.ე) რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის გამოთვლის მეთოდოლოგიას; ბ.ვ) რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის ოდენობას და მიზნობრივი ფონდის ოდენობას; ბ.ზ) სპეციალური სადაზღვევო შენატანის გამოთვლის წესს, პერიოდულობასა და პროცედურებს; ბ.თ) სპეციალური სადაზღვევო შენატანის ოდენობას; ბ.ი) კომერციული ბანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისთვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციას; ბ.კ) კომერციული ბანკებისგან დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის ინსტრუქციას; ბ.ლ) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების გაცემის და ამ მიზნით კომერციული ბანკის შერჩევის ინსტრუქციას; ბ.მ) დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად გამოქვეყნების ინსტრუქციას; ბ.ნ) სააგენტოს ეთიკის კოდექსს; ბ.ო) ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა ინსტრუქციებს; გ) ფონდში თანხის ამოწურვის ან/და დეფიციტის შემთხვევაში იხილავს და ითანხმებს სააგენტოს უფროსის მიერ დამატებითი თანხების მოზიდვის კონკრეტული ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით წარდგენილ წინადადებებს; დ) იხილავს და ითანხმებს სააგენტოს უფროსის მიერ წარდგენილ სააგენტოს საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს; ე) ითანხმებს სააგენტოს წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას; ვ) ითანხმებს სააგენტოს უფროსის ანგარიშებს სააგენტოს საქმიანობის შესახებ; ზ) (ამოღებულია - 28.05.2021, №473); თ) ახორციელებს ამ კანონითა და სააგენტოს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებებს და ასრულებს სხვა მოვალეობებს. საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ. მუხლი 9. საბჭოს სხდომა 1. საბჭოს სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ. 2. საჭიროების შემთხვევაში საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, მათ შორის, სააგენტოს უფროსის მოთხოვნით ან საბჭოს არანაკლებ 2 წევრის წერილობითი მოთხოვნით. 3. საბჭოს სხდომას წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – საბჭოს თავმჯდომარის მიერ წინასწარ განსაზღვრული საბჭოს წევრი. 4. საბჭოს სხდომას ორგანიზებას უწევს სააგენტო. 5. საბჭოს ყველა წევრს უნდა ეცნობოს საბჭოს სხდომის ჩატარების ადგილი და დღის წესრიგი და უნდა მიეწოდოს სათანადო მასალები, როგორც წესი, შესაბამის თარიღამდე არანაკლებ 2 დღით ადრე. 6. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს 1 ხმის უფლება. საბჭოს სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 7. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს სხდომის თავმჯდომარის ხმა. 8. საბჭოს სხდომას შეიძლება დაესწრონ მოწვეული პირები. 9. საბჭოს სხდომა შეიძლება ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით. 10. საბჭოს სხდომის მუშაობა და საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით. მას ხელს აწერს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე. საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ. მუხლი 10. ინტერესთა კონფლიქტი 1. საბჭოს დამოუკიდებელ წევრს, სააგენტოს უფროსსა და სააგენტოს თანამშრომელს უფლება არა აქვთ, იყვნენ კომერციული ბანკის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომლები, კომერციული ბანკის წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელები ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრები. საბჭოს წევრის, სააგენტოს უფროსისა და სააგენტოს თანამშრომლის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრები არ შეიძლება იყვნენ კომერციული ბანკის წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელები ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრები. 2. საბჭოს წევრს, სააგენტოს უფროსსა და სააგენტოს თანამშრომელს უფლება არა აქვთ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიიღონ ქონებრივი სიკეთე ან შეღავათი კომერციული ბანკისგან ან მასთან დაკავშირებული სხვა პირისგან თავიანთი ან იმ პირთა სახელით, რომლებთანაც მათ ახლონათესაური კავშირი ან სამსახურებრივი ან ფინანსური ურთიერთობა აქვთ. თავი III ფონდი მუხლი 11. ფონდის დაფინანსების წყაროები, დანიშნულება და მიზნობრივი ოდენობა 1. ფონდი შედგება შემდეგი წყაროებისგან: ა) პირველადი შენატანები; ბ) რეგულარული სადაზღვევო შენატანები; გ) სპეციალური სადაზღვევო შენატანები; დ) სააგენტოს მიერ საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებით მიღებული შემოსავალი; ე) სადაზღვევო შემთხვევის მქონე კომერციული ბანკების აქტივებიდან მიღებული თანხები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. კომერციული ბანკი ვალდებულია გადაიხადოს ამ კანონით განსაზღვრული სადაზღვევო შენატანები. 3. ფონდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ კანონის მიზნებისთვის. ფონდიდან ფინანსდება სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული, სააგენტოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები, აგრეთვე სესხების მომსახურებასა და დეპოზიტორთათვის ანაზღაურების გაცემასთან დაკავშირებული ხარჯები. 4. ფონდში აკუმულირებულმა თანხებმა უნდა მიაღწიოს ფონდის მიზნობრივ ოდენობას, რომელიც დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 6%-ს შეადგენს. საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ. მუხლი 12. პირველადი შენატანი 1. კომერციული ბანკი ვალდებულია ფონდში ერთჯერადად გადაიხადოს პირველადი შენატანი ფულადი ფორმით, 100 000 ლარის ოდენობით. 2. ახალი კომერციული ბანკი ვალდებულია ფონდში პირველადი შენატანი გადაიხადოს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან 30 დღის ვადაში. მუხლი 13. რეგულარული სადაზღვევო შენატანი 1. კომერციული ბანკი ვალდებულია ყოველთვიურად გადაიხადოს რეგულარული სადაზღვევო შენატანი ამ კანონისა და ინსტრუქციის შესაბამისად. 2. რეგულარული სადაზღვევო შენატანის ოდენობა ყოველთვიურად არ უნდა აღემატებოდეს: ა) შესაბამის კომერციულ ბანკში ეროვნული ვალუტით დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი მოცულობის 0.067%-ს; ბ) შესაბამის კომერციულ ბანკში უცხოური ვალუტით დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი მოცულობის 0.1%-ს. 3. რეგულარული სადაზღვევო შენატანი გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა. 4. კომერციული ბანკი რეგულარულ სადაზღვევო შენატანს იხდის ეროვნული ვალუტით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად. 5. სააგენტო ყოველწლიურად, არაუგვიანეს 30 სექტემბრისა, კომერციული ბანკების რისკების ანალიზის საფუძველზე თითოეული კომერციული ბანკისათვის ამტკიცებს შემდგომი წლისთვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალურ ოდენობას, მაგრამ არაუმეტეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ოდენობისა. კომერციული ბანკების რისკების ანალიზის მეთოდოლოგია ყველა კომერციული ბანკისათვის საჯარო უნდა იყოს, ხოლო კომერციული ბანკების შეფასება – კონფიდენციალური. საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ. მუხლი 14. სპეციალური სადაზღვევო შენატანი 1. თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ფონდში არ არის დაზღვეული დეპოზიტების ასანაზღაურებლად საკმარისი თანხა, სააგენტოს უფლება აქვს, ამ კანონისა და ინსტრუქციის შესაბამისად კომერციულ ბანკს ერთჯერადად, დამატებით დაუწესოს სპეციალური სადაზღვევო შენატანი, მაგრამ არაუმეტეს კომერციულ ბანკში დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 1%-ისა კალენდარული წლის განმავლობაში. 2. თუ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხების მობილიზაციის მიუხედავად, ფონდში არ არის დაზღვეული დეპოზიტების ასანაზღაურებლად საკმარისი თანხა, სააგენტოს უფლება აქვს, მოიზიდოს სახსრები, მათ შორის, სახელმწიფო გარანტიის საფუძველზე, შემდეგი წყაროებიდან და შემდეგი ფორმით: ა) ისესხოს ფული ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისაგან; ბ) ისესხოს ფული საქართველოს ეროვნული ბანკისაგან; გ) ისესხოს ფული საქართველოს მთავრობისაგან; დ) განათავსოს ფასიანი ქაღალდები; ე) მოიძიოს სხვა, ალტერნატიული წყაროები. 3. სააგენტოს ეკისრება სესხის ფონდიდან დაფარვის ვალდებულება. 4. სპეციალური სადაზღვევო შენატანის დაწესებისა და შესაბამისი პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განისაზღვრება ინსტრუქციით. მუხლი 15. ფონდის რესურსების ინვესტირება 1. სააგენტო ფონდის რესურსების ინვესტირებას ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებული სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და წლიური საინვესტიციო გეგმის შესაბამისად. 2. ფონდის დაცულობისა და ლიკვიდურობის შენარჩუნების მიზნით ფონდის რესურსების ინვესტირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შემდეგ დაბალრისკიან აქტივებში: ა) საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბანკის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის მიერ გამოშვებული, ლარით დენომინირებული სავალო ფასიანი ქაღალდები; ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის დეპოზიტები; გ) ევროპის ცენტრალური ბანკის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ევროკავშირის სუპრანაციონალური სააგენტოების მიერ გამოშვებული, ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფასიანი ქაღალდები და სავალო ინსტრუმენტები. 3. სააგენტო ფონდის რესურსების ინვესტირებას ახორციელებს დივერსიფიკაციის, უსაფრთხოებისა და ლიკვიდურობის პრინციპების შესაბამისად, რისკის ადეკვატური მართვისა და შიდა კონტროლის უზრუნველყოფით. 4. სააგენტოს უფლება აქვს, ფონდის რესურსების ინვესტირების განსახორციელებლად ფონდი სამართავად გადასცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკს. თავი IV დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურების წესები და პროცედურები მუხლი 16. ზღვრის ოდენობა 1. სააგენტო საბჭოს პერიოდულად წარუდგენს ზღვრის ოდენობის საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკასთან შესაბამისობის ანალიზს. 11. საჭიროების შემთხვევაში სააგენტო საბჭოსთან შეთანხმებით იღებს ზღვრის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტით ფორმდება. 2. ზღვრის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება ამოქმედდება მიღებიდან 3 თვის შემდეგ, ხოლო ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის საჭიროების შემთხვევაში – უფრო ადრე. საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ. მუხლი 17. დაზღვეული დეპოზიტის თანხის გაანგარიშება 1. დეპოზიტორს უფლება აქვს, მიიღოს თავისი დაზღვეული დეპოზიტი, კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების რაოდენობის ან ვალუტის მიუხედავად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ამ კანონით ან სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტით დადგენილი ზღვრის ფარგლებში. 2. დეპოზიტორს დაზღვეული დეპოზიტი ეროვნული ვალუტით აუნაზღაურდება. თუ დეპოზიტორს დეპოზიტი უცხოური ვალუტით აქვს, დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება და ანაზღაურდება ეროვნული ვალუტით, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, მაგრამ არაუმეტეს ზღვრის ოდენობისა. 3. დაზღვეული დეპოზიტის თანხა დეპოზიტორისთვის განისაზღვრება კომერციულ ბანკში არსებული ყველა დაზღვეული დეპოზიტის საკრედიტო ნაშთების შეკრებით, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისთვის დარიცხული პროცენტის ჩათვლით. 4. დეპოზიტორის სხვადასხვა კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტები განსაზღვრული ზღვრის ფარგლებში თითოეული კომერციული ბანკისათვის ცალ-ცალკეა დაზღვეული. 5. კომერციული ბანკების შერწყმის შემთხვევაში მათი შერწყმიდან 6 თვის განმავლობაში სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს შერწყმამდე თითოეულ კომერციულ ბანკში არსებული, ზღვრის ფარგლებში დაზღვეული დეპოზიტების ცალ-ცალკე ანაზღაურება, სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტის (ინსტრუქციის) შესაბამისად. 6. დეპოზიტორისთვის ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღისთვის ვადამოსული ვალდებულებების გამოკლებით. 7. დეპოზიტორს სააგენტოსგან დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება უნარჩუნდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 3 წლის განმავლობაში. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიმართება საქართველოს ეროვნულ ბანკში დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებლად. საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ. მუხლი 18. დაუზღვეველი დეპოზიტები დაზღვევას არ ექვემდებარება და სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას არ ანაზღაურდება: ა) შესაბამისი კომერციული ბანკის ადმინისტრატორების სახელზე არსებული დეპოზიტები; ბ) შესაბამისი კომერციული ბანკის კაპიტალის 5%-ის ან მეტის მფლობელი აქციონერების დეპოზიტები; გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრების ან მათი სახელით მოქმედ მესამე პირთა შესაბამის კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტები; გ1) ფინანსური ინსტიტუტის დეპოზიტები; დ) იმ დეპოზიტორების დეპოზიტები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ შესაბამისი კომერციული ბანკის გარე აუდიტს სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში; ე) დეპოზიტები, რომლებიც განთავსებულია ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე, და დეპოზიტები, რომელთა მფლობელი დეპოზიტორების იდენტიფიცირებაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ვერ ხდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე; ვ) დეპოზიტები, რომელთა მიმართაც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიებები ან რომლებით სარგებლობის უფლებაც შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით; ზ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს დეპოზიტები. საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ. მუხლი 19. დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხის გადახდის ვადები და პროცედურები 1. სააგენტო ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ დეპოზიტორებს დაუყოვნებლივ, ელექტრონულად, თავისი ოფიციალური ვებგვერდისა და ოფიციალური ბეჭდვითი გამოცემის საშუალებით აცნობოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომა და მათთვის ანაზღაურების გაცემის წესი. 2. სააგენტო ანაზღაურებას გასცემს წინასწარ შერჩეული კომერციული ბანკის (აგენტი ბანკის) მეშვეობით. სააგენტო უფლებამოსილია შეარჩიოს კომერციული ბანკი (აგენტი ბანკი) და დეპოზიტორთათვის ანაზღაურების გაცემის მიზნით გახსნას შესაბამისი ანგარიშები ამ კომერციულ ბანკში. დეპოზიტორთათვის ანაზღაურების გაცემის მიზნით კომერციული ბანკის (აგენტი ბანკის) შერჩევის წესი განისაზღვრება და ანაზღაურების ორგანიზების საკითხები წესრიგდება შესაბამისი ინსტრუქციით. 3. შესაბამისი კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ვალდებულია სააგენტოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, ელექტრონულად მიაწოდოს დაზღვეულ დეპოზიტორთა და მათი დეპოზიტების შესახებ სრული ინფორმაცია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღის მდგომარეობით, აგრეთვე ამ კანონის მე-18 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისი ინფორმაცია მისი გამოგზავნის დღეს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით. 4. სააგენტო ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხის გაანგარიშება და ანაზღაურება. საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ. მუხლი 20. ანაზღაურების გაცემის შემდეგ წარმოქმნილი ვალდებულებები 1. სააგენტოს მიერ დეპოზიტორზე ანაზღაურების გაცემის შემდეგ დეპოზიტორის მოთხოვნა იმ კომერციული ბანკის მიმართ, რომელშიც სადაზღვევო შემთხვევა დადგა, შემცირდება გაცემული ანაზღაურების ოდენობით. 2. სააგენტოს მოთხოვნა იმ კომერციული ბანკის მიმართ, რომელშიც სადაზღვევო შემთხვევა დადგა, გაიზრდება ამ კომერციული ბანკის დეპოზიტორებზე გაცემული ანაზღაურების ოდენობით და შესაბამისი ხარჯებით, რომლებიც სააგენტომ ანაზღაურების გაცემის პროცესში გასწია. 3. სააგენტო დეპოზიტორებზე ანაზღაურების გაცემისას საქართველოს ეროვნული ბანკის შემდეგ სადაზღვევო შემთხვევის მქონე კომერციული ბანკის პირველი რიგის კრედიტორია. მას უფლება აქვს, მოითხოვოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხების ანაზღაურება. თავი V გამჭვირვალობა მუხლი 21. დეპოზიტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება 1. სააგენტო ვალდებულია ელექტრონულად გამოაქვეყნოს: ინფორმაცია დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მონაწილე კომერციული ბანკების შესახებ, ინფორმაცია ფონდში აკუმულირებული თანხების შესახებ, სააგენტოს საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში, სააგენტოს დებულება, ინსტრუქცია, ინფორმაცია ფონდის სახსრების განთავსების შესახებ, სააგენტოს წლიური ბიუჯეტი, აუდიტორის ანგარიში. 2. კომერციული ბანკი ვალდებულია მოქმედ ან პოტენციურ დეპოზიტორს ამ კანონისა და ინსტრუქციის შესაბამისად მიაწოდოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაცია დაზღვეული და დაუზღვეველი დეპოზიტების შესახებ, დაზღვეული დეპოზიტის ზღვრის შესახებ. 3. კომერციული ბანკი ვალდებულია ამ კანონისა და ინსტრუქციის შესაბამისად, ელექტრონულად გამოაქვეყნოს ინფორმაცია დეპოზიტების დაზღვევის შესახებ. 4. სააგენტოს თანამშრომლებს, ამ კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებსა და მათ თანამშრომლებს უფლება არა აქვთ, დაუშვან ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვან, გაავრცელონ ან პირადი სარგებლობისათვის გამოიყენონ ასეთი ინფორმაცია. 5. სააგენტოში არსებული კომერციული ბანკის ან მისი კლიენტის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად გადაეცეს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს, შესაბამის კომერციულ ბანკს (აგენტ ბანკს) და ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორის კომიტეტს, რომლის წევრიც არის სააგენტოს უფროსი. სხვა პირს ასეთი ინფორმაცია გადაეცემა მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე. საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ. მუხლი 22. აუდიტი 1. სააგენტოს მიერ განხორციელებული ოპერაციებისა და საქმიანობის მონიტორინგის მიზნით, ამ კანონის, სააგენტოს დებულებისა და შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად სააგენტოში ხორციელდება შიდა აუდიტი სააგენტოს მმართველობის, რისკის მართვისა და შიდა კონტროლის პროცესების ქმედითობის, აგრეთვე საბუღალტრო და ფინანსური ინფორმაციების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესაფასებლად. 2. სააგენტოს ანგარიშგების აუდიტს და ფონდის აქტივების შეფასებას ყოველწლიურად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეული გარე აუდიტორი. 3. სააგენტოსთვის გარეაუდიტორული მომსახურების გაწევის უფლება აქვს იმ აუდიტორულ ფირმას, რომელმაც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადგენილი წესით გაიარა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საზოგადოებრივი დაინტერესების პირის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის მოთხოვნილი, შესაბამისი ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი. 4. სააგენტოს გარე აუდიტის დასკვნა საჯაროა და სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება. საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ. მუხლი 23. სანქციები 1. ამ მუხლით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას სააგენტოს უფლება აქვს, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, გამოიყენოს შემდეგი სანქციები: ა) კომერციულ ბანკს გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) კომერციულ ბანკს დააკისროს ფულადი სანქცია. 2. კომერციულ ბანკს შეიძლება დაეკისროს ფულადი სანქცია, თუ იგი: ა) დეპოზიტორებს ამ კანონისა და ინსტრუქციის შესაბამისად არ მიაწვდის ინფორმაციას დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ. ფულადი სანქციის ოდენობაა 1 000 ლარი; ბ) სააგენტოს ინსტრუქციით განსაზღვრული ფორმით ან პერიოდულობით არ წარუდგენს ზუსტ ინფორმაციას დეპოზიტების შესახებ. ფულადი სანქციის ოდენობაა 10 000 ლარი; გ) ამ კანონითა და ინსტრუქციით განსაზღვრული ოდენობით ან ვადაში არ გადაიხდის პირველად შენატანს, რეგულარულ სადაზღვევო შენატანს ან სპეციალურ სადაზღვევო შენატანს. ფულადი სანქციის ოდენობაა გადასახდელი თანხის 0.06% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. 3. კომერციული ბანკისათვის დასაკისრებელი სანქციის სახე თანხმდება საქართველოს ეროვნულ ბანკთან. 4. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ფულადი სანქციების თანხები მიიმართება ფონდში. 5. ამ მუხლით განსაზღვრული ფულადი სანქციის თანხის გადახდა არ ათავისუფლებს კომერციულ ბანკს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ვალდებულების შესრულებისაგან. 6. ფულადი სანქციის დაკისრებისა და გადახდევინების წესი, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა და მისი შედგენის უფლებამოსილების მქონე პირი განისაზღვრება ინსტრუქციით. თავი VI გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 24. გარდამავალი დებულებები 1. საბჭო იკრიბება ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში. დამოუკიდებელი წევრების არჩევამდე საბჭო უფლებაუნარიანია 3 წევრის შემადგენლობით. 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში აირჩევა საბჭოს 2 დამოუკიდებელი წევრი. ამ მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული კენჭისყრის ჩატარებას. პირველი კენჭისყრის შედეგად არჩეული საბჭოს დამოუკიდებელი წევრის უფლებამოსილების ვადა 5 წელია. დარჩენილ კანდიდატებს შორის ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად ტარდება განმეორებითი კენჭისყრა. მის შედეგად არჩეული საბჭოს დამოუკიდებელი წევრის უფლებამოსილების ვადა 2 წელია. 3. ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში საბჭოს წარდგინებით სააგენტოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 4. ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში საბჭომ უზრუნველყოს ამ კანონით დადგენილი წესით სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა. 5. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ზღვრის ოდენობა 5 000 ლარია. სააგენტოს უფროსი საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს ზღვრის ახალ ოდენობას არაუგვიანეს 2020 წლისა, ხოლო ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის საჭიროების შემთხვევაში – უფრო ადრე. 6. 2018 წლის 1 იანვრამდე სააგენტომ უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების (ინსტრუქციების) დამტკიცება. 7. კომერციულმა ბანკებმა ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირველადი შენატანის გადახდა უზრუნველყონ არაუგვიანეს 2018 წლის 1 იანვრისა. 8. ფონდში აკუმულირებული თანხები 2022 წლამდე შეიძლება იყოს ფონდის მიზნობრივ ოდენობაზე ნაკლები. მუხლი 25. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ვ“ ქვეპუნქტებისა და მე-4 პუნქტისა, მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა, მე-13–მე-15 მუხლებისა და IV და V თავებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ვ“ ქვეპუნქტები და მე-4 პუნქტი, მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-13 მუხლის პირველი–მე-4 პუნქტები, მე-14 და მე-15 მუხლები და IV და V თავები ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. 3. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. |
ქუთაისი, 17 მაისი 2017 წ. N852-IIს |
დოკუმენტის კომენტარები