დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 852-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 220050000.05.001.018461
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
852-IIს
17/05/2017
ვებგვერდი, 02/06/2017
220050000.05.001.018461
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და მიზანი

1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნის, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს სამართლებრივი ფორმის, მართვისა და უფლებამოსილების, დეპოზიტების დაზღვევის ფონდის, აგრეთვე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირების სამართლებრივ საფუძვლებს.

2. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ამავე კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის.

3. ამ კანონის მიზანია კომერციულ ბანკსა და მიკრობანკში ამავე კანონით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორებისთვის დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურება, კომერციული ბანკისა და მიკრობანკის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება, დანაზოგების წახალისება და ქვეყნის საფინანსო სისტემის მდგრადობის ხელშეწყობა.

საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3952 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დეპოზიტების დაზღვევის სისტემა – დეპოზიტორებს, კომერციულ ბანკებს, მიკრობანკებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის არსებული, ამ კანონით რეგულირებული ურთიერთობები;

ბ) დეპოზიტორი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი, რომელსაც კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში აქვს დეპოზიტი;

გ) დეპოზიტი – დეპოზიტორის ანგარიშზე რიცხული თანხები (მათ შორის, მიმდინარე ანგარიშზე რიცხული თანხები, ვადიანი დეპოზიტი, მოთხოვნამდე დეპოზიტი), რომლებიც უნდა გადაიხადოს კომერციულმა ბანკმა ან მიკრობანკმა დეპოზიტორსა და კომერციულ ბანკს ან მიკრობანკს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ელექტრონული ფულის სანაცვლოდ მიღებული სახსრები დეპოზიტი არ არის;

დ) დაუზღვეველი დეპოზიტი – დეპოზიტი, რომელიც, ამ  კანონის თანახმად, დაზღვევას არ ექვემდებარება და სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას არ ანაზღაურდება;

ე) დაზღვეული დეპოზიტი – დეპოზიტი, რომელსაც ანაზღაურებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ამ კანონით დადგენილი ზღვრის ფარგლებში; 

ვ) დეპოზიტების დაზღვევის ფონდი (შემდგომ – ფონდი) – ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები, რომლებიც გამოიყენება სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორებისთვის დაზღვეული დეპოზიტების  ასანაზღაურებლად და ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის;

ზ) სადაზღვევო შემთხვევა – „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომერციული ბანკის ან მიკრობანკის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის დაწყება;

თ)  ზღვარი – დეპოზიტორისთვის ასანაზღაურებელი დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც განისაზღვრება ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტისა და 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად;

ი)  კომერციული ბანკი – „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკი;

1) მიკრობანკი – „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიკრობანკი;

კ) სამეთვალყურეო საბჭო (შემდგომ – საბჭო) – ამ კანონით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო;

ლ)  ფინანსური ინსტიტუტი − იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომელიც მოქმედებს კომერციული ბანკის, მიკრობანკის, სადაზღვევო ორგანიზაციის, გადამზღვეველი კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის), საბროკერო კომპანიის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საკრედიტო კავშირის, საინვესტიციო ფონდის, ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის, საპენსიო ფონდის, აქტივების მმართველი კომპანიის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სახით.

მ) სარეზოლუციო ფონდი − „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული სარეზოლუციო ფონდი.

2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მნიშვნელობა.

საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3936 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3952 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.

თავი II

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო

მუხლი 3. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო

1. ამ კანონის მიზნებისათვის იქმნება დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).

2. დაუშვებელია სააგენტოს მიერ სადაზღვევო რისკის მთლიანად ან ნაწილობრივ სხვა მზღვეველისათვის გადაცემა.

3. სააგენტო თავის ყოველდღიურ ოპერაციებსა და საქმიანობაში დამოუკიდებელია. სხვა ორგანოს უფლება არა აქვს, ჩაერიოს მის საქმიანობაში, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. სააგენტოს აქვს საკუთარი სახსრები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიანი ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკში, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდებით. სააგენტო ბუღალტრულ აღრიცხვასა და ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სააგენტო უფლებამოსილია ფონდის სახსრების განთავსების მიზნით ჰქონდეს ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკში. 

5. სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონის, სააგენტოს დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

6. სააგენტოს მოქმედ ან ყოფილ თანამშრომელს ან სააგენტოს სახელით კანონიერად მოქმედ პირს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე ქმედებისთვის, თუ მან ეს ქმედება ჩაიდინა ან მისი ჩადენისგან თავი შეიკავა თავისი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

7. სააგენტოს სტრუქტურა მტკიცდება საბჭოსთან შეთანხმებით, სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტით, ხოლო უფლებამოსილება განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

8. სააგენტოს საშტატო განრიგი (მათ შორის, თანამდებობრივი სარგოები) და შესაბამისი წლის ბიუჯეტი მტკიცდება ამ კანონით დადგენილი წესით.

9. სააგენტოს საშტატო განრიგის (მათ შორის, თანამდებობრივი სარგოების) დამტკიცებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. 

10. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

11. ამ კანონის თანახმად სააგენტოს მიერ დეპოზიტების დაზღვევასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულებისას მის საქმიანობასთან დაკავშირებული საგადასახადო შეღავათები განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით. სააგენტოს მიერ განხორციელებული ოპერაციები და საქმიანობა თავისუფლდება მოსაკრებლისა და სახელმწიფო ბაჟისაგან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

12. სააგენტო უფლებამოსილია შესაბამის პირს სასამართლოს მეშვეობით მოსთხოვოს კომპენსაცია იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კომერციული ბანკის ან მიკრობანკის ხელმძღვანელობის, აუდიტორის ან თანამშრომლის არამართლზომიერი ქმედების გამო გაიზარდა სააგენტოს საერთო ფინანსური ვალდებულება.

13. სააგენტო ინფორმაციის მიწოდების მიზნით სააგენტოს საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს უგზავნის საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს.

საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

მუხლი 4. სააგენტოს უფლებები და მოვალეობები

1. დეპოზიტების დაზღვევასთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად სააგენტოს უფლება აქვს:

ა) მიიღოს პირველადი შენატანები;

ბ) განსაზღვროს და მიიღოს რეგულარული სადაზღვევო შენატანები;

გ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიიღოს სპეციალური სადაზღვევო შენატანები;

დ) მართოს ფონდი;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კომერციული ბანკისა და მიკრობანკისგან დროულად და დეტალურად მიიღოს შესაბამისი ინსტრუქციით გათვალისწინებული ინფორმაცია; 

ვ) შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს ეროვნულ ბანკთან დროულად და რეგულარულად გაცვალოს კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების შესახებ ინფორმაცია ამ კანონის მიზნებისთვის;

ზ) შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიიღოს მატერიალურ-ტექნიკური დახმარება;

თ) კომერციული ბანკისა და მიკრობანკის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირისგან დროულად მიიღოს დეპოზიტების შესახებ ზუსტი ინფორმაცია;

ი) შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისგან მოითხოვოს მოქმედი და პოტენციური კლიენტებისთვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

კ) შესაბამისი ინსტრუქციით გათვალისწინებული ფორმატით კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისგან მოითხოვოს დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია;

ლ) კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისგან მიღებული კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში არსებული დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია გადაამოწმოს ადგილზე, დისტანციურად ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პირის ან/და კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორების მეშვეობით;

1) საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს მოითხოვოს კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში არსებული დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია ან/და იგი გადაამოწმოს ადგილზე, დისტანციურად ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პირის ან/და კომერციული ბანკის ან მიკრობანკის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორის მეშვეობით;

მ) მიიღოს გრანტები, ტექნიკური და სხვა დახმარებები;

ნ) მონაწილეობა მიიღოს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში;

1) განახორციელოს რეპო ოპერაცია კომერციულ ბანკთან, მიკრობანკთან;

ო) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

11. საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სააგენტოს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

12. სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირებისა და სახსრების განთავსების მიზნით სააგენტო უფლებამოსილია ჰქონდეს ანგარიშები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიან ანგარიშზე და საქართველოს ეროვნულ ბანკში.

2. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სააგენტო ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული შენატანების  ფონდში აკუმულირება;

ბ) განსაზღვროს სპეციალური სადაზღვევო შენატანების საჭიროება და შესაბამის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი მოზიდვა;

გ) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას გასცეს ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) განახორციელოს შიდა კონტროლი და რისკების მენეჯმენტი;

ე) შეიმუშაოს კრიზისების მართვის პოლიტიკა, პროცედურები და სისტემა, რომლებიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას წარმოქმნილ რისკებზე ეფექტიან რეაგირებას უზრუნველყოფს;

ვ) ანაზღაურების ოპერატიულად გაცემის უზრუნველსაყოფად  შეიმუშაოს მართვის საინფორმაციო სისტემა და პროცედურები და არანაკლებ წელიწადში ერთხელ განახორციელოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის სიმულაცია.

საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3952 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.

მუხლი 5. სააგენტოს ხელმძღვანელობა და მართვა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი.

2. სააგენტოს ზედამხედველობის მიზნით იქმნება საბჭო. საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონით. 

საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.

მუხლი 6. სააგენტოს უფროსი

1. სააგენტოს უფროსი თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება  საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი შეირჩევა კონკურსით. მისი ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს დებულებით.

3.  სააგენტოს უფროსი თანამდებობაზე ინიშნება 5 წლის ვადით. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მისი თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა შეზღუდული არ არის.

4. სააგენტოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, ქმედუნარიანი პირი;

ბ) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ეკონომიკის, სამართლის ან მომიჯნავე დარგში და საფინანსო, საბანკო, დაზღვევის ან ეკონომიკური სამართლის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; 

გ) არ უნდა იყოს ნასამართლევი;

დ) არ უნდა იყოს სამსახურიდან დათხოვნილი სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების გამო;

ე) უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, პატიოსანი და კეთილსინდისიერი.

5. სააგენტოს უფროსი თანამდებობიდან თავისუფლდება:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) საბჭოს გადაწყვეტილებით (კონსენსუსით);

გ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში; 

დ) მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში; 

ე) სააგენტოს ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში, საბჭოს გადაწყვეტილებით;

ვ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, გარდაცვლილად გამოცხადების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; 

ზ) მისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში; 

თ) გარდაცვალების შემთხვევაში. 

6. სააგენტოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს და ორგანიზებას უწევს მის საქმიანობასა და ფუნქციონირებას;

ბ) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, მათ მიმართ იყენებს წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

დ) ფონდში თანხის ამოწურვის ან/და დეფიციტის შემთხვევაში საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს დამატებითი თანხების მოზიდვის კონკრეტულ ღონისძიებებს;

ე) ორგანიზებას უწევს სააგენტოს მიერ დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურების პროცესს;

ვ) ამზადებს და საბჭოს წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს; 

ზ) საბჭოს წარუდგენს სააგენტოს წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას;

თ) საბჭოსთან შეთანხმებით, შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს კომერციული ბანკისა და მიკრობანკის სავალდებულო შენატანის ოდენობას, მაგრამ არაუმეტეს ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ოდენობისა;

ი) გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

კ) შეიმუშავებს და საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს შემდეგი სამართლებრივი აქტების (ინსტრუქციების) პროექტებს:

კ.ა) სააგენტოს სტრუქტურას, საშტატო განრიგს (მათ შორის, თანამდებობრივ სარგოებს) და შესაბამისი წლის ბიუჯეტს; 

კ.ბ) სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკას და წლიურ საინვესტიციო გეგმას;

კ.გ) სააგენტოს სტრატეგიულ გეგმას და წლიურ გეგმას;

კ.დ) ბაზის დაანგარიშების წესს და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურებს;

კ.ე) რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის გამოთვლის მეთოდოლოგიას;

კ.ვ) რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის ოდენობას და მიზნობრივი ფონდის ოდენობას;

კ.ზ) სპეციალური სადაზღვევო შენატანის გამოთვლის წესს, პერიოდულობასა და პროცედურებს;

კ.თ) სპეციალური სადაზღვევო შენატანის ოდენობას;

კ.ი) კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისთვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციას;

კ.კ) კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისგან დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის ინსტრუქციას;

კ.ლ) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების გაცემისა და ამ მიზნით კომერციული ბანკის ან მიკრობანკის შერჩევის ინსტრუქციას;

კ.მ) დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად გამოქვეყნების ინსტრუქციას;

კ.ნ) სააგენტოს ეთიკის კოდექსს;

კ.ო) ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა ინსტრუქციებს;

ლ) ახორციელებს ამ კანონითა და სააგენტოს დებულებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.

საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

მუხლი 7. საბჭოს შემადგენლობა

1. საბჭო შედგება 5 წევრისაგან. საბჭოს წევრები არიან: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, 2 დამოუკიდებელი წევრი.

2. საბჭოს დამოუკიდებელი წევრი უნდა იყოს მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და უმაღლესი ფინანსური, ეკონომიკური ან იურიდიული განათლების მქონე პირი. არ შეიძლება ის ბოლო 6 თვის განმავლობაში იყოს კომერციული ბანკის ან მიკრობანკის მოქმედი ან ყოფილი ადმინისტრატორი ან/და მას ჰქონდეს სხვა სახის ინტერესთა კონფლიქტი.

3. საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს ირჩევენ კომერციული ბანკები და მიკრობანკები ფარული კენჭისყრით, ხმათა უბრალო უმრავლესობით. კენჭისყრას ორგანიზებას უწევს საქართველოს ეროვნული ბანკი.

4. საბჭოს დამოუკიდებელ წევრად ასარჩევი პირის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ყველა კომერციულ ბანკსა და მიკრობანკს. კენჭისყრის ჩატარების დროსა და პროცედურებს კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებს აცნობებს საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამის თარიღამდე არაუგვიანეს 10 დღისა.

5. საბჭოს თითოეული დამოუკიდებელი წევრის ასარჩევად კენჭისყრა ინდივიდუალურად ტარდება. საბჭოს დამოუკიდებელი წევრის არჩევაში მონაწილეობენ მხოლოდ კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების უფლებამოსილი წარმომადგენლები. თითოეულ კომერციულ ბანკსა და მიკრობანკს აქვს 1 ხმის უფლება. კენჭისყრა ჩატარდება, თუ მასში კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების 2/3 მონაწილეობს.

6. საბჭოს დამოუკიდებელი წევრის ასარჩევ კენჭისყრაში გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.

7. თუ საბჭოს დამოუკიდებელი წევრის ასარჩევ პირველ კენჭისყრაში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ტარდება განმეორებითი კენჭისყრა საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატებს შორის.

8. საბჭოს დამოუკიდებელი წევრის უფლებამოსილების ვადა 5 წელია. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მისი განმეორებით არჩევა შეზღუდული არ არის.

9. საბჭოს სხვა წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მისი შესაბამის თანამდებობაზე ყოფნის ვადით.

10. საბჭოს 1 წლის ვადით, როტაციის პრინციპით თავმჯდომარეობენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ თანამიმდევრობით.

11. საბჭოს დამოუკიდებელი წევრი არ შეიძლება იყოს საბჭოს თავმჯდომარე.

12. საბჭოს დამოუკიდებელი წევრის შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული სააგენტოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით.

საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

მუხლი 8. საბჭოს უფლებები და მოვალეობები

საბჭო:

ა) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსს ამ კანონისა და სააგენტოს დებულების შესაბამისად, შესაბამისი გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) იხილავს და ითანხმებს სააგენტოს უფროსის მიერ შემუშავებული შემდეგი სამართლებრივი აქტების (ინსტრუქციების) პროექტებს:

ბ.ა) სააგენტოს სტრუქტურას, საშტატო განრიგს (მათ შორის, თანამდებობრივ სარგოებს) და შესაბამისი წლის ბიუჯეტს; 

ბ.ბ) სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკას და წლიურ საინვესტიციო გეგმას;

ბ.გ) სააგენტოს სტრატეგიულ გეგმას და წლიურ გეგმას;

ბ.დ) ბაზის დაანგარიშების წესს და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურებს;

ბ.ე) რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის გამოთვლის მეთოდოლოგიას;

ბ.ვ)  რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის ოდენობას და მიზნობრივი ფონდის ოდენობას;

ბ.ზ) სპეციალური სადაზღვევო შენატანის გამოთვლის წესს, პერიოდულობასა და პროცედურებს;

ბ.თ) სპეციალური სადაზღვევო შენატანის ოდენობას;

ბ.ი) კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისთვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციას;

ბ.კ) კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისგან დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის ინსტრუქციას;

ბ.ლ) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების გაცემისა და ამ მიზნით კომერციული ბანკის ან მიკრობანკის შერჩევის ინსტრუქციას;

ბ.მ) დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად გამოქვეყნების ინსტრუქციას;

ბ.ნ) სააგენტოს ეთიკის კოდექსს;

ბ.ო) ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა ინსტრუქციებს;

გ) ფონდში თანხის ამოწურვის ან/და დეფიციტის შემთხვევაში იხილავს და ითანხმებს სააგენტოს უფროსის მიერ დამატებითი თანხების მოზიდვის კონკრეტული ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით წარდგენილ წინადადებებს;

დ) იხილავს და ითანხმებს სააგენტოს უფროსის მიერ წარდგენილ  სააგენტოს საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს; 

ე) ითანხმებს სააგენტოს წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას;

ვ) ითანხმებს სააგენტოს უფროსის ანგარიშებს სააგენტოს საქმიანობის შესახებ;

ზ) (ამოღებულია - 28.05.2021, №473); 

თ) ახორციელებს ამ კანონითა და სააგენტოს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებებს და ასრულებს სხვა მოვალეობებს.

საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

მუხლი 9. საბჭოს სხდომა

1. საბჭოს სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ.

2. საჭიროების შემთხვევაში საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, მათ შორის, სააგენტოს უფროსის მოთხოვნით ან საბჭოს არანაკლებ 2 წევრის წერილობითი მოთხოვნით. 

3. საბჭოს სხდომას წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – საბჭოს თავმჯდომარის მიერ წინასწარ განსაზღვრული საბჭოს წევრი.

4. საბჭოს სხდომას ორგანიზებას უწევს სააგენტო.

5. საბჭოს ყველა წევრს უნდა ეცნობოს საბჭოს სხდომის ჩატარების ადგილი და დღის წესრიგი და უნდა მიეწოდოს სათანადო მასალები, როგორც წესი, შესაბამის თარიღამდე არანაკლებ 2 დღით ადრე. 

6. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს 1 ხმის უფლება. საბჭოს სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

7. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს სხდომის თავმჯდომარის ხმა.

8. საბჭოს სხდომას შეიძლება დაესწრონ მოწვეული პირები.

9. საბჭოს სხდომა შეიძლება ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით.

10. საბჭოს სხდომის მუშაობა და საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით. მას ხელს აწერს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე.

საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.

მუხლი 10. ინტერესთა კონფლიქტი

1. საბჭოს დამოუკიდებელ წევრს, სააგენტოს უფროსსა და სააგენტოს თანამშრომელს არა აქვთ უფლება, იყვნენ კომერციული ბანკის, მიკრობანკის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომლები, კომერციული ბანკის ან მიკრობანკის წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელები ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრები. საბჭოს წევრის, სააგენტოს უფროსისა და სააგენტოს თანამშრომლის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრები არ შეიძლება იყვნენ კომერციული ბანკის ან მიკრობანკის წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელები ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრები.

2. საბჭოს წევრს, სააგენტოს უფროსსა და სააგენტოს თანამშრომელს არა აქვთ უფლება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიიღონ ქონებრივი სიკეთე ან შეღავათი კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან ან მასთან დაკავშირებული სხვა პირისგან თავიანთი ან იმ პირთა სახელით, რომლებთანაც მათ ახლონათესაური კავშირი ან სამსახურებრივი ან ფინანსური ურთიერთობა აქვთ.

საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

თავი III

ფონდი

მუხლი 11. ფონდის დაფინანსების წყაროები, დანიშნულება და მიზნობრივი ოდენობა

1. ფონდი შედგება შემდეგი წყაროებისგან:

ა) პირველადი შენატანები;

ბ) რეგულარული სადაზღვევო შენატანები;

გ) სპეციალური სადაზღვევო შენატანები;

დ) სააგენტოს მიერ საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებით მიღებული შემოსავალი;

ე) სადაზღვევო შემთხვევის მქონე კომერციული ბანკების ან მიკრობანკების აქტივებიდან მიღებული თანხები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებული არიან გადაიხადონ ამ კანონით განსაზღვრული სადაზღვევო შენატანები.

3. ფონდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ კანონის მიზნებისთვის. ფონდიდან ფინანსდება სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული, სააგენტოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები, აგრეთვე სესხების მომსახურებასა და დეპოზიტორთათვის ანაზღაურების გაცემასთან დაკავშირებული ხარჯები. 

4. ფონდში აკუმულირებულმა თანხებმა უნდა მიაღწიოს ფონდის მიზნობრივ ოდენობას, რომელიც დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 6%-ს შეადგენს.

საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

მუხლი 12. პირველადი შენატანი

1. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებული არიან ფონდში ერთჯერადად გადაიხადონ პირველადი შენატანი ფულადი ფორმით, 100 000 ლარის ოდენობით.

2. ახალი კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებული არიან ფონდში პირველადი შენატანი გადაიხადონ შესაბამისი ლიცენზიის მიღებიდან 30 დღის ვადაში.

საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

მუხლი 13. რეგულარული სადაზღვევო შენატანი

1. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებული არიან ყოველთვიურად გადაიხადონ რეგულარული სადაზღვევო შენატანი ამ კანონისა და შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად.

2. რეგულარული სადაზღვევო შენატანის ოდენობა ყოველთვიურად არ უნდა აღემატებოდეს:

ა) შესაბამის კომერციულ ბანკსა და მიკრობანკში ეროვნული ვალუტით დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი მოცულობის 0.067%-ს;

ბ) შესაბამის კომერციულ ბანკსა და მიკრობანკში უცხოური ვალუტით დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი მოცულობის 0.1%-ს.

3. რეგულარული სადაზღვევო შენატანი გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს შესაბამისი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

4. კომერციული ბანკი და მიკრობანკი რეგულარულ სადაზღვევო შენატანს იხდიან ეროვნული ვალუტით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად.

5. სააგენტო ყოველწლიურად, არაუგვიანეს 30 სექტემბრისა, კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების რისკების ანალიზის საფუძველზე თითოეული კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის ამტკიცებს შემდგომი წლისთვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალურ ოდენობას, მაგრამ არაუმეტეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ოდენობისა. კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების რისკების ანალიზის მეთოდოლოგია ყველა კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის უნდა იყოს საჯარო, ხოლო კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების შეფასება – კონფიდენციალური.

საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

მუხლი 14. სპეციალური სადაზღვევო შენატანი

1. თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ფონდში არ არის დაზღვეული დეპოზიტების ასანაზღაურებლად საკმარისი თანხა, სააგენტოს უფლება აქვს, ამ კანონისა და შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად კომერციულ ბანკს, მიკრობანკს ერთჯერადად, დამატებით დაუწესოს სპეციალური სადაზღვევო შენატანი, მაგრამ არაუმეტეს კომერციულ ბანკში, მიკრობანკში დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 1%-ისა კალენდარული წლის განმავლობაში.

2. თუ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხების მობილიზაციის მიუხედავად, ფონდში არ არის დაზღვეული დეპოზიტების ასანაზღაურებლად საკმარისი თანხა, სააგენტოს უფლება აქვს, მოიზიდოს სახსრები, მათ შორის, სახელმწიფო გარანტიის საფუძველზე, შემდეგი წყაროებიდან და შემდეგი ფორმით:

ა) ისესხოს ფული ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისაგან;

ბ) ისესხოს ფული საქართველოს ეროვნული ბანკისაგან;

გ) ისესხოს ფული საქართველოს მთავრობისაგან;

დ) განათავსოს ფასიანი ქაღალდები;

ე) მოიძიოს სხვა, ალტერნატიული წყაროები.

3. სააგენტოს ეკისრება სესხის ფონდიდან დაფარვის ვალდებულება.

4. სპეციალური სადაზღვევო შენატანის დაწესებისა და შესაბამისი პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განისაზღვრება ინსტრუქციით.

საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

მუხლი 15. ფონდის რესურსების ინვესტირება

1. სააგენტო ფონდის რესურსების ინვესტირებას ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებული სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და წლიური საინვესტიციო გეგმის შესაბამისად.

2. ფონდის დაცულობისა და ლიკვიდურობის შენარჩუნების მიზნით ფონდის რესურსების ინვესტირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შემდეგ დაბალრისკიან აქტივებში:

ა) საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბანკის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის მიერ გამოშვებული, ლარით დენომინირებული სავალო ფასიანი ქაღალდები; 

ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის დეპოზიტები;

გ) ევროპის ცენტრალური ბანკის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ევროკავშირის სუპრანაციონალური სააგენტოების მიერ გამოშვებული, ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფასიანი ქაღალდები და სავალო ინსტრუმენტები.

3. სააგენტო ფონდის რესურსების ინვესტირებას ახორციელებს დივერსიფიკაციის, უსაფრთხოებისა და ლიკვიდურობის პრინციპების შესაბამისად, რისკის ადეკვატური მართვისა და შიდა კონტროლის უზრუნველყოფით.

4. სააგენტოს უფლება აქვს, ფონდის რესურსების ინვესტირების განსახორციელებლად ფონდი სამართავად გადასცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკს.

თავი  IV

დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურების  წესები და პროცედურები

მუხლი 16. ზღვრის ოდენობა       

1. სააგენტო საბჭოს პერიოდულად წარუდგენს ზღვრის ოდენობის საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკასთან შესაბამისობის ანალიზს.

11. საჭიროების შემთხვევაში სააგენტო საბჭოსთან შეთანხმებით იღებს ზღვრის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტით ფორმდება. 

2. ზღვრის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება ამოქმედდება მიღებიდან 3 თვის შემდეგ, ხოლო ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის საჭიროების შემთხვევაში – უფრო ადრე.

საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.

მუხლი 17. დაზღვეული დეპოზიტის თანხის გაანგარიშება

1. დეპოზიტორს უფლება აქვს, მიიღოს თავისი დაზღვეული დეპოზიტი, კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში არსებული დეპოზიტების რაოდენობის ან ვალუტის მიუხედავად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ამ კანონით ან სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტით დადგენილი ზღვრის ფარგლებში.

2. დეპოზიტორს დაზღვეული დეპოზიტი ეროვნული ვალუტით აუნაზღაურდება. თუ დეპოზიტორს დეპოზიტი უცხოური ვალუტით აქვს, დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება და ანაზღაურდება ეროვნული ვალუტით, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, მაგრამ არაუმეტეს ზღვრის ოდენობისა.

3. დაზღვეული დეპოზიტის თანხა დეპოზიტორისთვის განისაზღვრება კომერციულ ბანკში, მიკრობანკში არსებული ყველა დაზღვეული დეპოზიტის საკრედიტო ნაშთების შეკრებით, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისთვის დარიცხული პროცენტის ჩათვლით.

4. დეპოზიტორის სხვადასხვა კომერციულ ბანკსა და მიკრობანკში არსებული დეპოზიტები დადგენილი ზღვრის ფარგლებში თითოეული კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის ცალ-ცალკეა დაზღვეული.

5. კომერციული ბანკების, მიკრობანკების შერწყმის შემთხვევაში მათი შერწყმიდან 6 თვის განმავლობაში სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს შერწყმამდე თითოეულ კომერციულ ბანკში, მიკრობანკში არსებული, დადგენილი ზღვრის ფარგლებში დაზღვეული დეპოზიტების ცალ-ცალკე ანაზღაურება სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტის (ინსტრუქციის) შესაბამისად.

6. დეპოზიტორისთვის ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღისთვის ვადამოსული ვალდებულებების გამოკლებით. 

7. დეპოზიტორს სააგენტოსგან დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება უნარჩუნდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 3 წლის განმავლობაში. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიმართება საქართველოს ეროვნულ ბანკში დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებლად.

საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

მუხლი 18. დაუზღვეველი დეპოზიტები

დაზღვევას არ ექვემდებარება და სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას არ ანაზღაურდება:

ა) შესაბამისი კომერციული ბანკის ან მიკრობანკის ადმინისტრატორების სახელზე არსებული დეპოზიტები;

ბ) შესაბამისი კომერციული ბანკის ან მიკრობანკის კაპიტალის 5%-ის ან 5%-ზე მეტის მფლობელი აქციონერების დეპოზიტები;

გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით  განსაზღვრული ოჯახის წევრების ან მათი სახელით მოქმედ მესამე პირთა შესაბამის კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში არსებული დეპოზიტები;

1) ფინანსური ინსტიტუტის დეპოზიტები; 

დ) იმ დეპოზიტორთა დეპოზიტები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ შესაბამისი კომერციული ბანკის ან მიკრობანკის ფინანსური ანგარიშგების აუდიტს სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში;

ე) დეპოზიტები, რომლებიც განთავსებულია ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე, და დეპოზიტები, რომელთა მფლობელი დეპოზიტორების იდენტიფიცირებაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ვერ ხდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე;

ვ) დეპოზიტები, რომელთა მიმართაც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიებები ან რომლებით სარგებლობის უფლებაც შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით;

ზ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს დეპოზიტები. 

საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

მუხლი 19. დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხის გადახდის ვადები და პროცედურები

1. სააგენტო ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ დეპოზიტორებს დაუყოვნებლივ, ელექტრონულად, თავისი ოფიციალური ვებგვერდისა და ოფიციალური ბეჭდვითი გამოცემის საშუალებით აცნობოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომა და მათთვის ანაზღაურების გაცემის წესი.

2. სააგენტო ანაზღაურებას გასცემს წინასწარ შერჩეული კომერციული ბანკის, მიკრობანკის (აგენტი ბანკის) მეშვეობით. სააგენტო უფლებამოსილია შეარჩიოს კომერციული ბანკი, მიკრობანკი (აგენტი ბანკი) და დეპოზიტორთათვის ანაზღაურების გაცემის მიზნით გახსნას შესაბამისი ანგარიშები ამ კომერციულ ბანკში, მიკრობანკში. დეპოზიტორთათვის ანაზღაურების გაცემის მიზნით კომერციული ბანკის, მიკრობანკის (აგენტი ბანკის) შერჩევის წესი განისაზღვრება და ანაზღაურების გაცემის ორგანიზების საკითხები წესრიგდება შესაბამისი ინსტრუქციით.

3. შესაბამისი კომერციული ბანკის ან მიკრობანკის ლიკვიდატორი ვალდებულია სააგენტოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, ელექტრონულად მიაწოდოს დაზღვეულ დეპოზიტორთა და მათი დეპოზიტების შესახებ სრული ინფორმაცია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღის მდგომარეობით, აგრეთვე ამ კანონის მე-18 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისი ინფორმაცია მისი გამოგზავნის დღეს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.

4. სააგენტო ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხის გაანგარიშება და ანაზღაურება.

საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

მუხლი 20. ანაზღაურების გაცემის შემდეგ წარმოქმნილი ვალდებულებები

1. სააგენტოს მიერ დეპოზიტორზე ანაზღაურების გაცემის შემდეგ დეპოზიტორის მოთხოვნა იმ კომერციული ბანკის ან მიკრობანკის მიმართ, რომელშიც სადაზღვევო შემთხვევა დადგა, შემცირდება გაცემული ანაზღაურების ოდენობით.

2. სააგენტოს მოთხოვნა იმ კომერციული ბანკის ან მიკრობანკის მიმართ, რომელშიც სადაზღვევო შემთხვევა დადგა, გაიზრდება ამ კომერციული ბანკის ან მიკრობანკის დეპოზიტორებზე გაცემული ანაზღაურების ოდენობითა და შესაბამისი ხარჯებით, რომლებიც სააგენტომ ანაზღაურების გაცემის პროცესში გასწია.

3. დეპოზიტორებზე ანაზღაურების გაცემისას კომერციული ბანკისა და მიკრობანკის მიმართ სააგენტოს მოთხოვნები დაკმაყოფილდება, შესაბამისად, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რიგითობით. მას უფლება აქვს, მოითხოვოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხების ანაზღაურება.

საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

თავი V

გამჭვირვალობა

მუხლი 21. დეპოზიტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება

1. სააგენტო ვალდებულია ელექტრონულად გამოაქვეყნოს ინფორმაცია დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მონაწილე კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების შესახებ, ინფორმაცია ფონდში აკუმულირებული თანხების შესახებ, ინფორმაცია ფონდის სახსრების განთავსების შესახებ, სააგენტოს საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში, სააგენტოს დებულება, ინსტრუქცია, სააგენტოს წლიური ბიუჯეტი და აუდიტორის ანგარიში.

2. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებული არიან მოქმედ ან პოტენციურ დეპოზიტორს ამ კანონისა და შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად მიაწოდონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაცია დაზღვეული და დაუზღვეველი დეპოზიტების შესახებ, ინფორმაცია დაზღვეული დეპოზიტის ზღვრის შესახებ.

3. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებული არიან ამ კანონისა და შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად, ელექტრონულად გამოაქვეყნონ ინფორმაცია დეპოზიტების დაზღვევის შესახებ.

4. სააგენტოს თანამშრომლებს, ამ კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებსა და მათ თანამშრომლებს არა აქვთ უფლება, დაუშვან ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვან, გაავრცელონ ან პირადი სარგებლობისთვის გამოიყენონ ასეთი ინფორმაცია.

5. სააგენტოში არსებული კომერციული ბანკის, მიკრობანკის ან მისი კლიენტის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად გადაეცეს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს, შესაბამის კომერციულ ბანკს, მიკრობანკს (აგენტ ბანკს) და ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორის კომიტეტს, რომლის წევრიც არის სააგენტოს უფროსი. სხვა პირს ასეთი ინფორმაცია გადაეცემა მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.

საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

მუხლი 22. აუდიტი

1. სააგენტოს მიერ განხორციელებული ოპერაციებისა და საქმიანობის მონიტორინგის მიზნით, ამ კანონის, სააგენტოს დებულებისა და შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად სააგენტოში ხორციელდება შიდა აუდიტი სააგენტოს მმართველობის, რისკის მართვისა და შიდა კონტროლის პროცესების ქმედითობის, აგრეთვე საბუღალტრო და ფინანსური ინფორმაციების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესაფასებლად.

2. სააგენტოს ანგარიშგების აუდიტსა და ფონდის აქტივების შეფასებას ყოველწლიურად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეული აუდიტორი.

3. სააგენტოსთვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლება აქვს იმ აუდიტორულ (აუდიტურ) ფირმას, რომელმაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადგენილი წესით გაიარა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საზოგადოებრივი დაინტერესების პირის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის მოთხოვნილი, შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი.

4. სააგენტოს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დასკვნა საჯაროა და სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება.

საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2290 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

მუხლი 23. სანქციები

1. ამ მუხლით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას სააგენტოს უფლება აქვს, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, შესაბამისი კომერციული ბანკის ან მიკრობანკის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სახის სანქციები:

ა) გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;

ბ) დააკისროს ფულადი სანქცია.

2. კომერციულ ბანკს ან მიკრობანკს შეიძლება დაეკისროს ფულადი სანქცია, თუ იგი:

ა) დეპოზიტორებს ამ კანონისა და შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად არ მიაწვდის ინფორმაციას დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ. ფულადი სანქციის ოდენობაა 1 000 ლარი;

ბ) სააგენტოს შესაბამისი ინსტრუქციით განსაზღვრული ფორმით ან პერიოდულობით არ წარუდგენს ზუსტ ინფორმაციას დეპოზიტების შესახებ. ფულადი სანქციის ოდენობაა 10 000 ლარი;

გ) ამ კანონითა და შესაბამისი ინსტრუქციით განსაზღვრული ოდენობით ან განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდის პირველად შენატანს, რეგულარულ სადაზღვევო შენატანს ან სპეციალურ სადაზღვევო შენატანს. ფულადი სანქციის ოდენობაა გადასახდელი თანხის 0.06% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

3. კომერციული ბანკისა და მიკრობანკის მიმართ გამოსაყენებელი სანქციის სახე თანხმდება საქართველოს ეროვნულ ბანკთან.

4. ამ მუხლის შესაბამისად კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის დაკისრებული ფულადი სანქციების თანხები მიიმართება ფონდში.

5. ამ მუხლით განსაზღვრული ფულადი სანქციის თანხის გადახდა კომერციულ ბანკს ან მიკრობანკს არ ათავისუფლებს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ვალდებულების შესრულებისგან.

6. კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის ფულადი სანქციის დაკისრებისა და გადახდევინების წესი განისაზღვრება სააგენტოს უფროსის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციით. გამოიცემა სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი − ბრძანება ფულადი სანქციის დაკისრების თაობაზე.

7. ფულადი სანქციის დაკისრების თაობაზე სააგენტოს უფროსის კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის − ბრძანების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი იძულებით აღსრულდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3952 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.

თავი VI

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 24. გარდამავალი დებულებები

1. საბჭო იკრიბება ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში. დამოუკიდებელი წევრების არჩევამდე საბჭო უფლებაუნარიანია 3 წევრის შემადგენლობით.

2. ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში აირჩევა საბჭოს 2 დამოუკიდებელი წევრი. ამ მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული კენჭისყრის ჩატარებას. პირველი კენჭისყრის შედეგად არჩეული საბჭოს დამოუკიდებელი წევრის უფლებამოსილების ვადა 5 წელია. დარჩენილ კანდიდატებს შორის ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად ტარდება განმეორებითი კენჭისყრა. მის შედეგად არჩეული საბჭოს დამოუკიდებელი წევრის უფლებამოსილების ვადა 2 წელია.

3. ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში საბჭოს წარდგინებით სააგენტოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.  

4. ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში საბჭომ უზრუნველყოს ამ კანონით დადგენილი წესით სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა.

5. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ზღვრის ოდენობა 5 000 ლარია. სააგენტოს უფროსი საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს ზღვრის ახალ ოდენობას არაუგვიანეს 2020 წლისა, ხოლო ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის საჭიროების შემთხვევაში – უფრო ადრე.

6. 2018 წლის 1 იანვრამდე სააგენტომ უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების (ინსტრუქციების) დამტკიცება.

7. კომერციულმა ბანკებმა ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირველადი შენატანის გადახდა უზრუნველყონ არაუგვიანეს 2018 წლის 1 იანვრისა.

8. ფონდში აკუმულირებული თანხები 2022 წლამდე შეიძლება იყოს ფონდის მიზნობრივ ოდენობაზე ნაკლები.

მუხლი 25. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ვ“ ქვეპუნქტებისა და მე-4 პუნქტისა, მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა, მე-13–მე-15 მუხლებისა და IV და V თავებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ვ“ ქვეპუნქტები და მე-4 პუნქტი, მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-13 მუხლის პირველი–მე-4 პუნქტები, მე-14 და მე-15 მუხლები და IV და V თავები ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2020  წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

17 მაისი 2017 წ.

N852-IIს