„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 859-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 340150000.05.001.018458
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
859-IIს
17/05/2017
ვებგვერდი, 30/05/2017
340150000.05.001.018458
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (13/12/2023 - 27/06/2024)

 

საქართველოს კანონი

 

 

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №76, 29.12.2010, მუხ. 500) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“–„ჟ“ ქვეპუნქტები:

„ნ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესის თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ჩარევისაგან დაცვას, აგრეთვე თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირებთან სახელმწიფოს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით ურთიერთობას;

ო) თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტის, თამბაქოს ნაწარმისგან გამოფრქვეული ნივთიერების და თამბაქოს შეფუთვის კონტროლს;

პ) თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ქმედებების საქართველოში თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედ ნორმებთან შესაბამისობის მიუხედავად, მათი სისხლისსამართლებრივი ან სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების შეუძლებლობას ამგვარი პასუხისმგებლობისთვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში;

ჟ) კანონით დაშვებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას ამ კანონის მიზნის, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის ამოცანებისა და პრინციპების შესრულებისთვის.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თამბაქოს ნაწარმი – თამბაქოს ან მისი ელემენტების შემცველი ნაწარმი (გარდა ნიკოტინის შემცველი სამკურნალწამლო საშუალებისა), რომელიც განკუთვნილია მოსაწევად, დასაღეჭად, საწუწნად ან შესასუნთქად, მათ შორის:

ა.ა) ფილტრიანი სიგარეტი, უფილტრო სიგარეტი;

ა.ბ) პაპიროსი, სიგარა, სიგარილა;

ა.გ) საჩიბუხე თამბაქო, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქო;

ა.დ) შესახვევი თუთუნი;

ა.ე) დასაღეჭი თამბაქო, საწუწნი თამბაქო, შესასუნთქი თამბაქო;

ა.ვ) ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალა/კარტრიჯი/კაფსულა;“;

ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) თამბაქოს აქსესუარი ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა – მუნდშტუკი, ჩიბუხი, ჩილიმი, საწუწნი თამბაქოს მოწყობილობა, შესასუნთქი თამბაქოს მოწყობილობა, ელექტრონული სიგარეტი ან სხვა მსგავსი მოწყობილობა, სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელა, თამბაქოს გასახვევი ქაღალდი, თამბაქოს შესახვევი აპარატი, თამბაქოს დასაჭრელი აპარატი, საფერფლე, ნებისმიერი სახის პორტსიგარი ან სხვა საგანი, რომელიც განკუთვნილია უპირატესად თამბაქოს მოხმარებისთვის ან/და შენახვისთვის, აგრეთვე სიგარეტის, მისი კოლოფის ან ზემოაღნიშნული საგნის ილუსტრაცია ან მისი გამომსახველი სხვა საგანი;“;

გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თამბაქოს მოწევა – თამბაქოს ნაწარმის წვის ან გახურების შედეგად გამოყოფილი პირველადი კვამლის ან ორთქლის შესუნთქვა;“;

დ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) სიგარაბარი – სპეციალური დაწესებულება, რომელიც მოწყობილია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე და რომელშიც დაშვებულია ამ მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიგარის მოწევა;“;

ე) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სამედიცინო გაფრთხილება – თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერა, რომელიც უნდა მოიცავდეს შესაბამის პიქტოგრამას;“;

ვ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტი – თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობაში არსებული თამბაქო, დანამატი, ნივთიერება ან ელემენტი, მათ შორის, ქაღალდი, ფილტრი, კაფსულა, მელანი, წებო;“;

ზ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) დანამატი – ნივთიერება ან მასალა (გარდა თამბაქოს ფოთლისა), რომელიც ემატება თამბაქოს ნაწარმს;“;

თ) „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სამინისტრო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

კ) თამბაქოს ნაწარმისგან გამოფრქვეული ნივთიერება – ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა თამბაქოს ნაწარმის დანიშნულებისამებრ მოხმარების შედეგად, კერძოდ, სიგარეტის ან სხვა სახის მოსაწევი თამბაქოს კვამლში შემავალი ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა მოსაწევი თამბაქოს მოხმარების შედეგად, აგრეთვე დასაღეჭი თამბაქოს, საწუწნი თამბაქოს, შესასუნთქი თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოყოფილი ნივთიერება;“;

ი) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

კ) „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ლ) „ს“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

მ) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტები:

„ფ) შენობა-ნაგებობა – ნებისმიერი კონსტრუქცია (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), რომელსაც აქვს იატაკი, ნებისმიერი სახის სახურავი ან ჭერი და ზედაპირის (გარდა სახურავისა, ჭერისა, იატაკისა) არანაკლებ 1/2-ზე აქვს ნებისმიერი სახის ან/და მასალის მოძრავი ან უძრავი კედლები, მათ შორის, ღია ან დახურული ფანჯარა და კარი;

ქ) საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, ავტობუსი, ტრამვაი, ტროლეიბუსი, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება, მატარებელი, საჰაერო ხომალდი, მეტროპოლიტენი, გემი ან სხვა სანაოსნო საშუალება, რომელიც გამოიყენება ადამიანების შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ ან/და კომერციული მოგების მიღების მიზნით გადასაყვანად.“.

3. მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. თამბაქოს კონტროლის ღონისძიებები და თამბაქოს კონტროლის სფეროს მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები

1. საქართველოს მთავრობა ახორციელებს თამბაქოს კონტროლის გრძელვადიან სახელმწიფო სტრატეგიას და ყოველწლიურ სახელმწიფო პროგრამას.

2. საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება:

ა) საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) ზღვრულად დასაშვები ნორმები, გაზომვისა და რეგულირების წესები, თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით;

ბ) თამბაქოს ნაწარმზე (კოლოფზე/ბლოკზე, შეფუთვაზე) სამედიცინო გაფრთხილებების (მათ შორის, პიქტოგრამისა და ტექსტობრივი წარწერის) დატანის წესი;

გ) საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესი.

3. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) გაზომვა უნდა უზრუნველყოს თამბაქოს აღნიშნული ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა საკუთარი ხარჯებით. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა უნდა დაადასტუროს გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარება და სამინისტროს ყოველი წლის 31 მაისამდე უნდა წარუდგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამ დოკუმენტების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. თამბაქოს მწარმოებელი ან/და იმპორტიორი უზრუნველყოფს თამბაქოს აღნიშნული ნაწარმის შესაბამისობას დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებთან. ამასთანავე, თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა სამინისტროს ამ პუნქტში აღნიშნულ ვადაში უნდა წარუდგინოს ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების (კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონის) თაობაზე.

4. ამ კანონით დადგენილი თამბაქოს წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის აკრძალვის/შეზღუდვის წესები გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი ლიცენზიით/ნებართვით/ავტორიზაციით განსაზღვრულ საქმიანობის განმახორციელებელ პირთა სალიცენზიო/ სანებართვო/საავტორიზაციო პირობებში.

5. თამბაქოს კონტროლის სფეროში ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმება არ არის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი და, შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება „სამეწარმეო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

6. საჯარო დაწესებულებას, სახელმწიფო მოსამსახურეს და საჯარო მოსამსახურეს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მომზადების, მიღებისა და შესრულების პროცესში თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირებთან ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია მათთვის თამბაქოს წარმოებასთან და თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებით ეფექტიანი რეგულირების შესაძლებლობის მისაცემად. თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირებთან ურთიერთობის აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნულმა პირებმა მათთან სახელმწიფოს ურთიერთობა უნდა წარმართონ გამჭვირვალედ, საჯარო განხილვების, ამ ურთიერთობის შესახებ საჯარო შეტყობინებისა და შემუშავებული დოკუმენტების საზოგადოებისთვის გაცნობის საშუალებით. აღნიშნულ ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

მუხლი 5. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება

1. აკრძალულია თამბაქოს ინდუსტრიაში 18 წლამდე ასაკის პირის ჩაბმა.

2. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება:

ა) საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო, პროფესიულ), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში (შესაბამისი დაწესებულების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან);

ბ) საჯარო დაწესებულებაში; ნებისმიერი სახის სამედიცინო, სპორტულ და კულტურულ დაწესებულებებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;

გ) სავაჭრო ობიექტის იმ სექციაში, სადაც ბავშვის ტანსაცმელი, კვების პროდუქტი ან/და სათამაშო იყიდება;

დ) ერთეული ღერებით ან ერთეული კოლოფით/შეფუთვით, თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლებია ან მეტია;

ე) შეფუთვის გარეშე (გარდა თამბაქოს აქსესუარისა ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობისა);

ვ) 18 წლამდე ასაკის პირზე;

ზ) ელექტრონული ან მექანიკური მანქანის საშუალებით;

თ) თუ საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არის დამზადებული;

ი) უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებისათვის სადღეღამისო ულუფაში შეტანით;

კ) ინტერნეტით ან ფოსტით (საცალო ვაჭრობა) (გარდა თამბაქოს აქსესუარისა ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობისა, რომელზედაც არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება);

ლ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში;

მ) ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან (გარდა სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელასი, საფერფლისა და პორტსიგარისა, რომლებზედაც არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება, აგრეთვე აეროპორტში საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში რეალიზაციისა და განლაგების შემთხვევებისა);

ნ) ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან (გარდა სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელასი, საფერფლისა და პორტსიგარისა, რომლებზედაც არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება, აგრეთვე აეროპორტში საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში რეალიზაციისა და განლაგების შემთხვევებისა);

ო) თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს აქსესუარის რეალიზაცია შესაბამისი ობიექტიდან მისი სატრანსპორტო საშუალებაში მსხდომთათვის უშუალოდ მიწოდებით.

3. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების საშუალებით დარიგება ან გათამაშება, სხვა ფორმით გათამაშება ან/და ამგვარ ღონისძიებებში თამბაქოს ნაწარმის ან მისი რომელიმე ნაწილის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის საშუალებით ან მათი განაწილებით მონაწილეობა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა სახით თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაცია, მათ შორის:

ა) საჩუქრის გადაცემა ან შეთავაზება, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის გადაცემა ან თამბაქოს ნაწარმის გასინჯვის შეთავაზება რეალიზაციის მიზნით;

ბ) ინიციატივის განმტკიცება ან ერთგულების სქემა, კერძოდ, თამბაქოს ნაწარმის გაყიდვისას კუპონების დარიგება;

გ) პირდაპირი პერსონალური კომუნიკაცია, ქსელური მარკეტინგი, რომელიც ახდენს ან შეიძლება მოახდინოს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია;

დ) ინდივიდისთვის გამიზნული საპოპულარიზაციო მასალა, მათ შორის, საინფორმაციო მასალა (კერძოდ, პირდაპირი გზავნილი), ტელემარკეტინგი, მომხმარებელთა კვლევა, რომელიც ახდენს ან შეიძლება მოახდინოს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია;

ე) საცალო მოვაჭრისთვის თანხის გადახდა, ჯილდოს მიცემა ან საცალო მოვაჭრის საქმიანობაში წვლილის სხვაგვარად შეტანა, რაც გამიზნულია მისი მოტივირებისთვის, რათა მეტი თამბაქოს ნაწარმი გაყიდოს;

ვ) თამბაქოს მწარმოებლის, იმპორტიორის ან საბითუმო მოვაჭრის, მათთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული პირების მიერ თანხის გადახდა ან წვლილის სხვაგვარად შეტანა ღონისძიებაში, ფიზიკური პირის ან ორგანიზაციის საქმიანობაში, რომელიც შედეგად ახდენს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის, იმპორტიორის ან საბითუმო მოვაჭრის ან მათი წარმომადგენლების პოპულარიზაციას;

ზ) ისეთი სათამაშოს, ტკბილეულის ან სხვა ნაწარმის გაყიდვა ან დარიგება, რომელიც არ არის თამბაქოს ნაწარმი და თამბაქოს ნაწარმის ილუსტრაცია, სიმულაცია ან იმიტაციაა.

4. თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში არანაკლებ A4 ფორმატის ქაღალდზე უნდა განთავსდეს საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება და თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმის მსურველთათვის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი კონსულტაციის მისაღებად, აგრეთვე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 18 წლამდე ასაკის პირისთვის თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მიყიდვა აკრძალულია.

5. თუ თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზატორი ვერ ადასტურებს, რომ თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მყიდველი 18 წლის ასაკს მიღწეული პირია, იგი ვალდებულია ამ პირს მოსთხოვოს მისი სრულწლოვანების დამადასტურებელი დოკუმენტი და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ იგი 18 წლის ასაკს მიღწეული პირია, მიჰყიდოს თამბაქოს ნაწარმი, თამბაქოს აქსესუარი ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

„მუხლი 51. თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაცია ან/და განლაგება

1. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია ან/და განლაგება.

2. თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.“.

5. მე-6 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის დასახელება, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის ან/და ეტიკეტის არცერთი ელემენტი არ უნდა შეიცავდეს ყალბ, შეცდომაში შემყვან ან არასწორი წარმოდგენის შემქმნელ ინფორმაციას თამბაქოს ნაწარმის თვისებების, მავნე ზემოქმედების ან გამოფრქვეული მავნე ნივთიერებების თაობაზე; არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე ან რომელიმე უცხოურ ენაზე სიტყვა, აბრევიატურა, ნიშანი, გამოსახულება, გრაფიკი ან ციფრი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ შექმნის არასწორ წარმოდგენას, რომ თითქოს თამბაქოს ეს ნაწარმი სხვა ნაწარმთან შედარებით ნაკლებად მავნებელია, მათ შორის, არ შეიძლება მათი გამოყენება ბრენდის ან სავაჭრო ნიშნის დასახელებაში, კერძოდ, სიტყვებისა: „მსუბუქი“, „რბილი“, „ნაკლებად მძაფრი“, „ულტრამსუბუქი“, „დაბალი შემცველობით“, „ექსტრა“, „ულტრა“, „მენთოლი“ და სხვა.

2. თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) თითოეულ კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე განთავსებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება, რომელიც უნდა მოიცავდეს ძირითად გაფრთხილებას, დამატებით გაფრთხილებას (საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული შესაბამისი პიქტოგრამით, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი ტექსტობრივი წარწერით) და საკონტაქტო ტელეფონის ნომერს.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2პუნქტი:

„21. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაში მოთავსებული უნდა იყოს შესაბამისი საინფორმაციო ფურცელი ამ ნაწარმის შესახებ.“;

გ) მე-3–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს ძირითადი სამედიცინო გაფრთხილების 3 ნიმუშს, დამატებითი სამედიცინო გაფრთხილების 9 ნიმუშს და შესაბამისი პიქტოგრამის 9 ნიმუშს, ტექსტობრივი წარწერის 1 ნიმუშს, შესაბამისი საინფორმაციო ფურცლის ფორმებს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, აგრეთვე სამედიცინო გაფრთხილების კომპიუტერულ შრიფტსა და ზომას, გამოსახულების ხარისხის შესაბამის პარამეტრებს.

4. პიქტოგრამის ნიმუში უნდა შეესაბამებოდეს და შეიცავდეს დამატებითი სამედიცინო გაფრთხილების ტექსტს და უნდა იკავებდეს სამედიცინო გაფრთხილების საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ნაწილს.

5. სამედიცინო გაფრთხილებების როტაცია ხდება შემდეგნაირად:

ა) თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა წლის განმავლობაში უნდა გამოიყენოს ყველა ძირითადი სამედიცინო გაფრთხილება, იმგვარად, რომ ისინი თანაბრად განაწილდეს გასაყიდი თამბაქოს ნაწარმის თითოეული სახეობის კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე;

ბ) თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა წლის განმავლობაში უნდა აირჩიოს 3 დამატებითი სამედიცინო გაფრთხილება შესაბამისი პიქტოგრამებით, იმგვარად, რომ ისინი თანაბრად განაწილდეს გასაყიდი თამბაქოს ნაწარმის თითოეული სახეობის კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე.“;

დ) მე-6 პუნქტის:

დ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დაბეჭდილი თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე (გარდა გარე გამჭვირვალე შეფუთვისა), არ უნდა იყოს დაფარული, დამახინჯებული ან შეცვლილი, შეფუთვის გახსნისას არ უნდა დაზიანდეს ან მას არ უნდა მოსცილდეს;“;

დ.ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დაბეჭდილი კომპიუტერული შრიფტით, გამუქებულად, თეთრ ფონზე შავი ასოებით ან შავ ფონზე თეთრი ასოებით; თეთრი ფონი შემოფარგლული უნდა იყოს შავი ჩარჩოთი, ხოლო შავი ფონი – თეთრი ჩარჩოთი, რომელიც არ კვეთს და არ ეხება ასოებს; ჩარჩოს ხაზის სისქე უნდა იყოს 1 მმ;

 დ) განთავსებული თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის წინა და უკანა დიდ გვერდებზე, ზედა და ქვედა კიდეების პარალელურად, და არ უნდა იკავებდეს გვერდის საერთო ფართობის 65 პროცენტზე ნაკლებს, რომელშიც შედის შემომფარგვლელი ხაზები, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისთვის – განთავსებული შეფუთვის წინა და უკანა დიდ გვერდებზე და არ უნდა იკავებდეს გვერდის საერთო ფართობის 30 პროცენტზე ნაკლებს, რომელშიც შედის შემომფარგვლელი ხაზები;“;

დ.გ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) განთავსებული: დამატებითი სამედიცინო გაფრთხილება – კოლოფის წინა გვერდზე, ხოლო ძირითადი სამედიცინო გაფრთხილება – უკანა გვერდზე.“;

ე) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. არ შეიძლება სამედიცინო გაფრთხილება დაიფაროს სხვა დაბეჭდილი ინფორმაციით ან გამოსახულებით.“;

ზ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9–მე-13 პუნქტები:

„9. ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განისაზღვრება თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესი, რომლის მიზანია:

ა) თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირება;

ბ) სამედიცინო გაფრთხილების ეფექტიანობისა და თვალსაჩინოების გაზრდა;

გ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვით თამბაქოს ნაწარმის ან მისი მოხმარების შესახებ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობის შემცირება.

10. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შეფუთვაზე (კოლოფი, ბლოკი, კონტეინერი და სხვა) და თითოეულ ღერზე ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი სხვა ელემენტის გამოყენება. თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შეფუთვაზე (კოლოფი, ბლოკი, კონტეინერი და სხვა) წარწერა, გარდა თამბაქოს ნაწარმის ბრენდის სახელისა და ვარიანტის სახელისა, შესრულებული უნდა იყოს ერთიანი, უნიფიცირებული შრიფტით, საქართველოს სახელმწიფო ენაზე და მითითებული უნდა იყოს მწარმოებელი ქვეყანა. თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შეფუთვაზე ამ ნაწარმის ბრენდის სახელი ან ვარიანტის სახელი შესრულებული უნდა იყოს ერთიანი, უნიფიცირებული შრიფტით, საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში იგი შეიძლება შესრულდეს აგრეთვე ინგლისურ ენაზე და ზომით არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას. ამასთანავე, აკრძალულია ფილტრიან სიგარეტზე, უფილტრო სიგარეტზე, პაპიროსზე, სიგარასა და სიგარილაზე რაიმე სახის წარწერის დატანა.

11. საქართველოს მთავრობა ნორმატიული აქტით იღებს გადაწყვეტილებას თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შემდეგი მახასიათებლების ან/და ელემენტების დაშვების (გამოყენების) ან აკრძალვის ან მათ მიმართ რაიმე სახის მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ:

ა) თამბაქოს ნაწარმის ან მისი შეფუთვის ფერი, ზომა და ფორმა;

ბ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის მასალა და ფაქტურა;

გ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის გახსნის სახე;

დ) თამბაქოს ნაწარმის გარსი და შიგთავსი;

ე) თამბაქოს ნაწარმსა და მის შეფუთვაზე დასატანი გარკვეული სიტყვები ან ნიშნები (მათ შორის, გარკვეული სახის ბრენდის, ლოგოს ან სავაჭრო ნიშანი);

ვ) სიტყვები ან ნიშნები, რომელთა თამბაქოს ნაწარმზე ან მის შეფუთვაზე დატანაც დაშვებულია;

ზ) თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის განმასხვავებელი მახასიათებლები, მათ შორის, თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის იერსახის ან შინაარსის შეცვლისკენ მიმართული მახასიათებლები, თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის შემდეგ ხმის გამოსაცემად ან სურნელის გამოსაფრქვევად;

თ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაში მოთავსებული ან გამოყენებული საგანი ან მასალა, რომელიც არ არის ამ შეფუთვის განუყოფელი ან აუცილებელი ნაწილი;

ი) თამბაქოს ნაწარმზე ან მის შეფუთვაზე მიმაგრებული საგანი, გარდა სავალდებულო აქციზური მარკისა და ამ მუხლით განსაზღვრული სამედიცინო გაფრთხილებისა;

კ) თამბაქოს ნაწარმის წონის განმსაზღვრელი, რომელიც შეიძლება ამ ნაწარმის შეფუთვაში იყოს მოთავსებული;

ლ) თამბაქოს ნაწარმის ისეთი მახასიათებელი ან ელემენტი, რომელიც გამოიწვევს ამ ნაწარმისთვის დამახასიათებელი გემოს მიცემას.

12. თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შეფუთვაზე ბრენდის სახელის ან ვარიანტის სახელის გამოსახვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის აღნიშნული ნორმატიული აქტით შესაძლებელია განისაზღვროს:

ა) ბრენდის სახელის ან ვარიანტის სახელის სიგრძის ლიმიტი;

ბ) ბრენდის სახელში ან ვარიანტის სახელში იმ სიტყვებისა და ფერების გამოყენების აკრძალვა, რომლებმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი თამბაქოს ნაწარმის მახასიათებლების, ჯანმრთელობაზე ზეგავლენის, რისკის ან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ ან იმის თაობაზე, რომ თითქოს თამბაქოს ეს ნაწარმი სხვა ნაწარმთან შედარებით ნაკლებად მავნებელია ან მასზე უკეთესია, რადგან ნატურალურია ან ორგანულია ან სასარგებლოა ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის;

გ) ისეთი სიტყვების ან ფრაზების გამოყენება, რომლებიც გამიზნულია მომხმარებლის ეკონომიკური წახალისებისთვის;

დ) მოთხოვნები სიტყვების ან ნიშნების გამოსახვის წესის შესახებ, მათ შორის, მანერა და გარემოებები, რომლითაც და რომლებშიც ეს სიტყვები ან ნიშნები გამოისახება, შესაბამისი შრიფტის სახე, ზომა და ტიპი, აგრეთვე თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სიტყვების მდებარეობა და ორიენტაცია.

13. ამ მუხლის მე-9–მე-12 პუნქტების შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტები არ უნდა ახდენდეს გავლენას პირის ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე – დაარეგისტრიროს სავაჭრო ნიშანი და საავტორო უფლება, ფლობდეს და განკარგავდეს მათ.“.

6. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.

8. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. თამბაქოს ექსპორტი და იმპორტი

1. თამბაქოს ექსპორტი და იმპორტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ამ კანონით (გარდა ამავე კანონის მე-10 მუხლისა) დადგენილი ნორმები არ ვრცელდება პირის მიერ თამბაქოს ნაწარმის საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში 1 კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში შემოტანილ, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი რაოდენობის თამბაქოს ნაწარმზე.“.

9. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თამბაქოს მოწევა აკრძალულია:

ა) ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობებისა;

ბ) საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა ტაქსისა და კატერისა;

გ) საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე;

დ) სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, გარდა ამ მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებებისა;

ე) ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება;

ვ) სტადიონზე, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11–14 პუნქტები:

„11. თამბაქოს მოწევა ნებადართულია შემდეგ შენობა-ნაგებობებში:

ა) ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას (თუ ფიზიკური პირი/ფიზიკური პირის ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს ამ საცხოვრებელ ადგილას და ეს საცხოვრებელი ადგილი იმავდროულად სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებელი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ არის);

ბ) თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში;

გ) პენიტენციურ დაწესებულებაში;

დ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში (მხოლოდ ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიგარისა);

ე) სამორინეში;

ვ) აეროპორტის სატრანზიტო ზონაში, ამ მუხლის 13 პუნქტით დადგენილი წესით;

ზ) წინასწარი დაკავების იზოლატორში.

12. სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა ნებადართულია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით, ზოგიერთი მხარდაჭერის მიმღები ან მძიმედ ავადმყოფი პაციენტისთვის, სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას, რომელიც სრულად (კედლებით) უნდა იყოს გამიჯნული დაწესებულების სხვა ნაწილისგან/ტერიტორიისგან და უნდა ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა. ასეთი პაციენტისთვის თამბაქოს მოწევა, აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით, დასაშვებია პალატაშიც, თუ ის იზოლირებულია სხვა პაციენტებისგან.

13. აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოწევა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ ოთახში, რომელსაც უნდა ჰქონდეს ცალკე სავენტილაციო სისტემა, რომლიდანაც თამბაქოს კვამლი სხვა სივრცეში არ უნდა ხვდებოდეს და რომელშიც არ უნდა ხდებოდეს საკვებისა და სასმელის შეტანა და მოხმარება. აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალური მოსაწევი ოთახის გამოყოფის წესი, აგრეთვე სპეციალური მოსაწევი ოთახისთვის სპეციალური მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

14. პენიტენციურ დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით.“;

გ) მე-2–მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. აკრძალულია თამბაქოს მოწევის ან მისი მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, სხვა ბეჭდური ან ელექტრონული საშუალებით, მასობრივი ჩვენებისა და თეატრალური წარმოდგენის მეშვეობით, გარდა ღია სივრცეში პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას კადრში მწეველის შემთხვევითი მოხვედრისა.

8. დაწესებულება (იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, მეწარმე სუბიექტი, საჯარო დაწესებულება, მათ შორის, სახელმწიფო ორგანო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო) ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, ამ კანონით დადგენილი თამბაქოს მოწევის აკრძალვა/შეზღუდვა;

ბ) არ დაუშვას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე ჩილიმის განთავსება;

გ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესები;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, ყველა შესასვლელში და სხვა თვალსაჩინო ადგილას განათავსოს თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესები, შესაბამისი წარწერა და ნიშანი თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის თაობაზე, აგრეთვე იმ ფიზიკური პირის/დაწესებულების საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა ინფორმაცია, რომელთან დაკავშირებაც იქნება შესაძლებელი თამბაქოს მოხმარების აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში;

ე) არ დაუშვას თამბაქოს მოწევა, ხოლო თამბაქოს მოწევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაუყოვნებლივ აღკვეთოს იგი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა.“;

ე) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი, მესაკუთრე/მფლობელი ვალდებულია შეასრულოს შესაბამის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის წესები და აღკვეთოს ამ წესების შეუსრულებლობის ფაქტები.“.

10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 და 102 მუხლები:

„მუხლი 101. სიგარაბარის მოწყობის ნებართვა და სანებართვო პირობები

1. სიგარაბარის მოწყობის ნებართვის გაცემას, გაუქმებას, მასში ცვლილების შეტანას, უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარებას და ამ ნებართვასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

2. სიგარაბარის მოწყობის ნებართვა გაიცემა 4 წლის ვადით.

3. აკრძალულია ამ მუხლით გათვალისწინებული სიგარაბარის მოწყობის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა.

4. აკრძალულია სიგარაბარში ჩუქების, გაყიდვის ან გასინჯვის მიზნით მომხმარებლისთვის რაიმე პროდუქტის შეთავაზება, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიგარისა, აგრეთვე სასმელისა.

5. აკრძალულია სიგარაბარში არასრულწლოვნის შეშვება.

6. სიგარაბარის მესაკუთრე ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საკონტაქტო ინფორმაცია.

7. სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის წარსადგენ განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია:

ა) შესაბამისი დაწესებულების (მეწარმე სუბიექტის) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება, რომ სიგარაბარი განლაგებული იქნება იზოლირებულ შენობაში ან შენობის იზოლირებულ ნაწილში, შენობის სხვა ნაწილებთან დაკავშირებული იქნება ყრუ კედლით, ექნება ცალკე შესასვლელი, სავენტილაციო სისტემა და სიგარის კვამლი ვერ მოხვდება შენობის სხვა ნაწილში ან სხვა შენობა-ნაგებობაში;

გ) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი სავენტილაციო სისტემის გამართული მუშაობის თაობაზე;

დ) ელექტროდამატენიანებელი აპარატის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ინფორმაცია შესაბამისი დაწესებულების თანამშრომლებისთვის (დასაქმებულებისთვის) თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციისა და მოხმარების წესების სწავლების თაობაზე.

8. სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია სიგარაბარის მოწყობის ნებართვის გამცემს ნებართვის მიღებიდან 1 წლის შემდეგ და ყოველ მომდევნო წელს წარუდგინოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შესაბამისი წლის მიხედვით მისი წლიური ბრუნვის არანაკლებ 15 პროცენტს სიგარის რეალიზაციით მიღებული თანხა შეადგენდა.

მუხლი 102. პასუხისმგებლობა სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის

1. სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით.

2. სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების კვლავ შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.

4. თუ, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმების გადახდის მიუხედავად, სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მფლობელი კვლავ არ ასრულებს სანებართვო პირობებს, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ. ამ ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის და საქმის განხილვის უფლება აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, მისი შევსებისა და წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ხოლო სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

11. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 12. კანონის შესრულების სახელმწიფო კონტროლი

1. ამ კანონის შესრულების სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ამ კანონის შესრულების მიზნით, თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული საკითხების ადმინისტრირებისთვის, უფლებამოსილ დაწესებულებებს შეუძლიათ, საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშაონ და გამოსცენ შესაბამისი სამართლებრივი აქტები.“.

12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

„მუხლი 121. გარდამავალი დებულებანი

1. 2020 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია თამბაქოს მოწევა ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტადიონზე.

2. 2020 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია თამბაქოს მოწევა სასტუმროს ნომრების არაუმეტეს 20 პროცენტში. დაუშვებელია სასტუმროს მოსაწევ და არამოსაწევ ნომრებში თამბაქოს მოწევის რეჟიმის შეცვლა. სასტუმროს მოსაწევი ნომრები უნდა გამოიყოს სასტუმროს ადმინისტრაციის სპეციალური ბრძანებით, რომელიც სასტუმროში თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს.

3. 2019 წლის 1 იანვრამდე შესაძლებელია თამბაქოს ნაწარმზე საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით დატანილ იქნეს წარწერა თამბაქოს ნაწარმისგან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ.“.

საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3924- ვებგვერდი, 28.12.2023წ.

მუხლი 2

1. 2018 წლის 1 მაისამდე:

ა) საქართველოს მთავრობამ მიიღოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 პუნქტით, ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით და ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-10 მუხლის 13 პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტები;

ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გამოსცეს ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ბრძანება;

გ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გამოსცეს ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-10 მუხლის 14 პუნქტით განსაზღვრული ბრძანება;

დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრმა გამოსცეს ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 102 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ბრძანება;

ე) შესაბამისმა დაწესებულებებმა/უწყებებმა უზრუნველყონ თავიანთი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

2. 2022 წლის 1 ივლისამდე საქართველოს მთავრობამ მიიღოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 5 1 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-6 მუხლის მე-9–მე-12 პუნქტებით განსაზღვრული ნორმატიული აქტები.

საქართველოს 2017 წლის 26  ივლისის   კანონი №1278 - ვებგვერდი, 28.07.2017წ.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-11 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი და მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 31 ივლისიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-3 პუნქტი (გარდა ამ პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“–„ო“ ქვეპუნქტებისა), მე-5 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ.ა“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები და მე-6–მე-11 პუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან.

4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ და „ო“ ქვეპუნქტები და ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „დ.ბ“ და „დ.გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან.

5. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1278 - ვებგვერდი, 28.07.2017წ.
საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი №2127 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

17 მაისი 2017 წ.

N859-IIს