ელექტრონული პეტიციების წარსადგენად ელექტრონული პორტალის (ichange.gov.ge) შექმნისა და ამ პორტალით სარგებლობის წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ

ელექტრონული პეტიციების წარსადგენად ელექტრონული პორტალის (ichange.gov.ge) შექმნისა და ამ პორტალით სარგებლობის წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 245
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.019953
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
245
18/05/2017
ვებგვერდი, 22/05/2017
010240010.10.003.019953
ელექტრონული პეტიციების წარსადგენად ელექტრონული პორტალის (ichange.gov.ge) შექმნისა და ამ პორტალით სარგებლობის წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/05/2017 - 14/02/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №245

2017 წლის 18 მაისი

   ქ. თბილისი

 

ელექტრონული პეტიციების წარსადგენად ელექტრონული პორტალის (ichange.gov.ge) შექმნისა და ამ პორტალით სარგებლობის წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ და „ჰ3“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული პეტიციების წარსადგენად შეიქმნას ელექტრონული პორტალი (ichange.gov.ge) და დამტკიცდეს ამ ელექტრონული პორტალით (ichange.gov.ge)  სარგებლობის წესი და პირობები.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მიერ განსაზღვრულ იქნეს ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისიის პერსონალური შემადგენლობა. 
მუხლი 3
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ დადგენილების ამოქმედებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას წარუდგინოს ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისიაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის კანდიდატურა.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



ელექტრონული პეტიციების წარსადგენად ელექტრონული პორტალით (ichange.gov.ge)  სარგებლობის წესი და პირობები

შესავალი

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფუნდამენტური პრინციპები − მთავრობათა ღიაობა, გამჭვირვალობა, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა − საქართველოს მთავრობის სტრატეგიული მნიშვნელობის ღირებულებებია. მოწინავე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებით, გამჭვირვალობითა და ანგარიშვალდებულებით, საქართველო მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას, მოქალაქეთა გაძლიერებასა და მთავრობის ეფექტიანობის უზრუნველყოფას. ამ წესისა და პირობების დამტკიცების მიზანია საჯარო პოლიტიკაში საზოგადოების ჩართულობის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა,  საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების ურთიერთდაახლოების გაადვილება.

მუხლი 1.  ზოგადი დებულებები

1. ამ წესისა და პირობების მოქმედება ვრცელდება ელექტრონული  პორტალის მეშვეობით საქართველოს მთავრობის კომპეტენციის ფარგლებს მიკუთვნებულ საკითხებზე წარდგენილ ელექტრონულ პეტიციებზე.

2. წესითა და პირობებით განსაზღვრულია მოქალაქეების მიერ საქართველოს მთავრობისთვის ელექტრონული პეტიციების წარდგენის, პეტიციების მიღებისა და განხილვის წესები და პროცედურები, ასევე ის პრინციპები და პირობები, რომლებსაც უნდა ეფუძნებოდეს ელექტრონული პეტიციებით სარგებლობის პროცესი.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ დადგენილების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ichange-ის პორტალი − ვებგვერდი, რომლის მისამართია ichange.gov.ge;

ბ) ელექტრონული პეტიცია − ichange-ის პორტალის მეშვეობით ამ წესებისა და პირობების შესაბამისად საქართველოს მთავრობისგან რეაგირების მოთხოვნა;

გ) სარგებლობის წესები და პირობები − პირობები, რომელზე თანხმობითაც ichange-ის პორტალით სარგებლობა ხელმისაწვდომი გახდება მომხმარებლებისთვის;

დ) ichange-ის მოდერატორი −  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე(ები), რომელიც/რომლებიც პასუხისმგებელია/პასუხისმგებელნი არიან ელექტრონული პეტიციების პროცესის წარმართვის ამ წესებსა და პირობებთან შესაბამისობაზე;

ე) მომხმარებელი − ელექტრონული პეტიციის ინიციირების ან ხელმოწერის მსურველი პირი, რომელიც დარეგისტრირებულია ichange-ის პორტალზე.

მუხლი 3. სტანდარტები

ელექტრონული პეტიციის საშუალებით საქართველოს მთავრობასა და საქართველოს მოქალაქეებს შორის ელექტრონული კომუნიკაცია ეფუძნება შემდეგ სტანდარტებს:

ა) ანგარიშვალდებულება;

ბ) სიცხადე და გამჭვირვალობა;

გ) ნდობა;

დ) დროული რეაგირება.

მუხლი 4. ელექტრონული პეტიცია

1. ელექტრონული პეტიციის ინიციირება საქართველოს მთავრობის წინაშე შეუძლია და ელექტრონულ პეტიციაზე ხელმოწერის უფლება აქვს საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს. ელექტრონული პეტიციის ინიციირების უფლება მომხმარებელს ანიჭებს პეტიციის ამ წესითა და პირობებით დადგენილი ფორმით განხილვის მოთხოვნის უფლებას.

2. ელექტრონული პეტიციის ინიციირებისთვის ანდა ხელმოსაწერად მოქალაქე უნდა დარეგისტრირდეს ichange-ის პორტალზე, სადაც მიუთითებს ამ წესითა და პირობებით განსაზღვრულ ინფორმაციას. მომხმარებელი უნდა დაეთანხმოს იმ წესებსა და პირობებს, რომლებიც მოცემულია ვებგვერდზე.

3. ელექტრონული პეტიციის მიღება და ichange-ის პორტალზე გამოქვეყნება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) იგი შეიცავს მკაფიოდ ფორმულირებულ მოთხოვნას საქართველოს მთავრობის მიერ კონკრეტული რეაგირების განხორციელების შესახებ;

ბ) ელექტრონული პეტიციით გათვალისწინებულ მოთხოვნაზე გადაწყვეტილების მიღება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებას განეკუთვნება;

გ) იგი არ შეიცავს საქართველოს მთავრობის მიერ ერთხელ უკვე განხილულ ელექტრონულ პეტიციაში ასახული მოთხოვნის ანალოგიურ მოთხოვნას;

დ) იგი წარდგენილია სახელმწიფო ენაზე;

ე) ინიციირებულია საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქის მიერ;

ვ) აკმაყოფილებს ამ დადგენილებაში მოცემულ სხვა კრიტერიუმებს.

4. არ იქნება მიღებული და გამოქვეყნებული ichange-ის პორტალზე:

ა) იმ მოსაზრების/წინადადებების შემცველი პეტიციები, რომელთა თემატიკაც არ განეკუთვნება საქართველოს მთავრობის კომპეტენციას;

ბ) პეტიციები, რომლებიც გარკვევით და ნათლად არ გადმოსცემენ მოსაზრებას, იდეას/შემოთავაზებას;

გ) პოლიტიკური, პროპაგანდის, კომერციული შინაარსის შემცველი პეტიციები;

დ) პეტიციები, რომლებიც მოიცავენ შეურაცხმყოფელ, უხამს, გამომწვევი შინაარსის განაცხადებს, ასევე ხუმრობის მიზნით ინიციირებული პეტიციები;

ე) სიძულვილის, დისკრიმინაციის, ძალადობის საფრთხის, ინდივიდის ან რომელიმე ჯგუფისთვის ზიანის მომტანი მოწოდებების შემცველი პეტიციები;

ვ) პეტიციები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ან ისეთი მოწოდების შემცველია, როგორიც არის ომისა და ძალადობის პროპაგანდა, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, ასევე საქართველოს კანონმდებლობის დაუმორჩილებლობის მოწოდებების შემცველია;

ზ) პეტიციები, რომლებიც ეხებიან მხოლოდ ერთი კონკრეტული პიროვნების ინტერესებს, პერსონალურ გარემოებას ან საკითხს;

თ) სხვაგვარი პეტიციები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ დადგენილებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

5. ელექტრონული პეტიციის მიღება და ichange-ის პორტალზე გამოქვეყნება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებს ამ მუხლის მესამე პუნქტში ჩამოყალიბებულ ყველა მოთხოვნას ერთად და არ განეკუთვნება ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული არცერთი ქვეპუნქტით გათვალისწინებული შინაარსის შემცველ პეტიციას.

6.  იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული პეტიცია არ შეესაბამება ამ დადგენილების მოთხოვნებს, იგი არ იქნება მიღებული ichange-ის მოდერატორის მიერ და არ გამოქვეყნდება ichange-ის პორტალზე.

7. თითოეულ მომხმარებელს აქვს უფლება, წარადგინოს ელექტრონული პეტიციის პორტალის მოთხოვნებთან შესაბამისი ახალი პეტიცია.

8. ელექტრონული პეტიციის განსახილველად და მასზე ოფიციალური პასუხის მისაღებად საჭიროა, ელექტრონულ პეტიციას მხარი დაუჭიროს არანაკლებ 10 000-მა (ათი ათასი) მომხმარებელმა. ელექტრონულმა პეტიციამ აღნიშნული რაოდენობის ხელმოწერები უნდა შეაგროვოს ინიციირებული ელექტრონული პეტიციის ichange-ის პორტალზე გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.  იმ შემთხვევაში, თუ პეტიცია მითითებული დროის განმავლობაში ვერ მოიპოვებს საჭირო რაოდენობის ხელმოწერებს, იგი ჩაითვლება ვადაგასულად, ichange-ის პორტალზე ის დაიხურება და შეუძლებელი გახდება ხელმოწერის დამატება.

მუხლი 5. ichange-ის მოდერატორი

1. ichange-ის მოდერატორი არის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურეთა ჯგუფი, რომელიც ახორციელებს ელექტრონული პეტიციების სისტემის მართვას. ის არ არის ელექტრონული პეტიციის ოფიციალური პასუხის ავტორი.                                                                                                         

2. ichange-ის მოდერატორის ფუნქციებია:

ა) ელექტრონულ პეტიციებთან დაკავშირებული სრული პროცესის ზედამხედველობა;

ბ) ელექტრონული პეტიციის მიღების პროცესში მისი ამ დადგენილებასთან შესაბამისობის შეფასების მიზნით ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისიის ჩართულობის უზრუნველყოფა;

გ) ichange-ის პორტალზე გამოქვეყნებამდე ელექტრონული პეტიციის შესაბამისობის შემოწმება ამ წესითა და პირობებით დადგენილ მიღების კრიტერიუმებთან;

დ) ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისიისთვის ელექტრონული პეტიციების მიწოდების უზრუნველყოფა;

ე) ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისიის მიერ მომზადებული ოფიციალური პასუხის ელექტრონულ პორტალზე  განთავსების კოორდინირება;

ვ) მომხმარებლებთან კომუნიკაცია და, საჭიროებისამებრ, მათთვის  ელექტრონულ პეტიციებთან დაკავშირებული პროცესის ტექნიკური საკითხების განმარტება;

ზ) ელექტრონული პეტიციების მოდელის წარმატებულობის შეფასების, მასში ცვლილებების შეტანის საჭიროების ან სამომავლო ფუნქციური გაფართოების მიზნით ყოველწლიური ანგარიშების მომზადება.

3. ichange-ის მოდერატორმა უნდა განიხილოს ყველა ინიციირებული პეტიცია და შეაფასოს მათი შესაბამისობა წინამდებარე წესსა და პირობებთან, ასევე ichange-ის პორტალზე მოცემულ წესებსა და სტანდარტებთან.

4. ichange-ის მოდერატორი ვალდებულია, ელექტრონული პეტიციის ვებგვერდზე ინიციირებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში შეამოწმოს ელექტრონული პეტიციის შესაბამისობა წინამდებარე წესსა და პირობებთან და შემოწმების პროცესში, საკუთარი ინიციატივით, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისიის სხდომა.

5. იმ შემთხვევაში, თუ ინიციირებული ელექტრონული პეტიცია არ უნდა იქნეს მიღებული, ichange-ის მოდერატორი ვალდებულია, შემოწმების პროცესის დასრულებიდან 2 დღის ვადაში მოამზადოს და ელექტრონული ფოსტის საშუალებით შეატყობინოს ელექტრონული პეტიციის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მის ინიციატორს.

მუხლი 6.  ichange-ის პორტალზე პროფილის შექმნა და ნამდვილობის შემოწმება

1. საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს უფლება აქვს, წარადგინოს პეტიცია ichange-ის პორტალის მეშვეობით. მოქალაქე უფასოდ რეგისტრირდება პორტალზე – ichange.gov.ge.

2. ichange-ის პორტალზე რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი სავალდებულო ინფორმაციის მითითება:

ა) სახელი, გვარი – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით;

ბ) პირადი ნომერი;

გ) ელექტრონული ფოსტის მისამართი;

დ) მობილური ტელეფონის ნომერი;

ე) პაროლი.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია  კონფიდენციალურია. ichange-ის პორტალზე  პეტიციის  მხარდამჭერის ვინაობა მხოლოდ ინიციალებით დაფიქსირდება. პეტიციის წარმდგენის ვინაობა ყოველთვის სრულად არის წარმოდგენილი.

4. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს უკვე აქვს პროფილი სხვა სამთავრობო ვებგვერდზე ან მონაცემთა ბაზებში, როგორებიცაა http://my.gov.ge, www.rs.ge და სხვა, მას შეუძლია გამოიყენოს არსებული პარამეტრები (შეიყვანოს იმავე მომხმარებლის სახელი და პაროლი) ichange-ის პორტალზე დასარეგისტრირებლად.

5. ichange-ის პორტალზე პროფილის შექმნის შემდგომ მოქალაქემ ნამდვილობის შესამოწმებლად შემდეგი საფეხურები უნდა გაიაროს თანმიმდევრულად:

ა) მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს სისტემის მიერ შემთხვევით შერჩეული სიმბოლოთა კომბინაცია, რომელიც იცავს სისტემას შემთხვევითობისგან (ე.წ. „captcha system“);

ბ) სისტემამ უნდა გაგზავნოს შეტყობინება მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე, სადაც მითითებული იქნება ბმული. მომხმარებელი უნდა გადავიდეს ამ ბმულზე იმისათვის, რომ გააქტიურდეს მისი „ხელმოწერა“ ელექტრონული პეტიციისთვის. ნამდვილობის შემოწმების ალტერნატივად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპეციალური (ექვსნიშნა) კოდის გაგზავნა მომხმარებლის მობილური ტელეფონის ნომერზე, შეტყობინების სახით.

6. იმ შემთხვევაში, თუ პირი არსებულ ელექტრონულ პეტიციას აწერს ხელს, სისტემამ უნდა შეადაროს მისი  ელექტრონული ფოსტის მისამართი უკვე არსებული ხელმომწერი პირების  ელექტრონული ფოსტის მისამართებს, იმისათვის რომ გამორიცხოს ერთი პირის მიერ ხელმოწერის ორჯერ დაფიქსირება.

7. მომხმარებელს შეუძლია ხელმოწერის დაფიქსირება განუსაზღვრელი რაოდენობის პეტიციაზე, თუმცა თითოეულ პეტიციას ერთი კონკრეტული მომხმარებლის მიერ მხოლოდ ერთხელ შეიძლება მოეწეროს ხელი.

მუხლი 7. ელექტრონული პეტიციის მხარდაჭერა

ichange-ის პორტალზე დარეგისტრირებულ ყველა მომხმარებელს აქვს უფლება, ხელი მოაწეროს (მხარი დაუჭიროს) პორტალზე გამოქვეყნებულ ელექტრონულ პეტიციას. ელექტრონული პეტიციის ყველა მხარდამჭერს შეეძლება, მონიშნოს პირობა, რომ სურს ელექტრონულ ფოსტაზე პეტიციის სტატუსთან დაკავშირებული სიახლეების მიღება (ავტომატურად). აღნიშნულ შემთხვევაში, გაგზავნილი ინფორმაცია იქნება იმ სიახლეების ანალოგიური, რასაც პეტიციის ინიციატორი (პეტიციის წარმდგენი) მიიღებს.

მუხლი 8. საქართველოს მთავრობის ვალდებულებები ელექტრონულ პეტიციებთან მიმართებით

1. საქართველოს მთავრობა ამ წესებისა და პირობების შესაბამისად წარმოდგენილ ელექტრონულ პეტიციას, რომელიც მისი ichange-ის პორტალზე გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ხელმოწერილი იქნება არანაკლებ 10 000 (ათი ათასი) მომხმარებლის მიერ, განიხილავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილი ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისიის მეშვეობით. ამავე კომისიის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, ელექტრონული პეტიცია შეიძლება  განხილულ იქნეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე.

2. საქართველოს მთავრობის ვალდებულება, ამ წესისა და პირობების შესაბამისად, წარმოდგენილ ელექტრონულ პეტიციასთან მიმართებით  ამოიწურება მისი ამ მუხლით დადგენილი წესით განხილვისა და ichange-ის მოდერატორის მიერ ოფიციალური პასუხის ichange-ის პორტალზე გამოქვეყნების ვალდებულებით.

3. ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისიამ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის ელექტრონული მმართველობის სამსახურის ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერით, ელექტრონულ პეტიციაზე ოფიციალური წერილობითი პასუხი უნდა მოამზადოს და ელექტრონული პეტიციის პორტალზე გამოსაქვეყნებლად გადასცეს ichange-ის მოდერატორს, ელექტრონული პეტიციის გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში არანაკლებ 10 000 ხელმოწერის შეგროვებიდან 3 კალენდარული თვის ვადაში.

4. ელექტრონულ პეტიციაზე ოფიციალური წერილობითი პასუხი მკაფიოდ, დასაბუთებული ახსნა-განმარტებით უნდა გამოხატავდეს საქართველოს მთავრობის პოზიციას საკითხთან დაკავშირებით.

მუხლი 9. ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისია

1. ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისიის (შემდგომში − კომისია) პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მიერ.

2. კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ:

ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი;

ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი;

გ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში (სამსახურის) წარმომადგენელი;

დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის სამთავრობო გეგმებისა და ინოვაციების სამსახურის წარმომადგენელი;

ე) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის ელექტრონული მმართველობის სამსახურის  წარმომადგენელი;

ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი.

3. კომისიის სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონულ ფორმატში.

4. კომისიას უფლება აქვს, საკუთარი ინიციატივით, განსახილველი ელექტრონული პეტიციის შინაარსის გათვალისწინებით, მოიწვიოს სხვა სამინისტროებიდან და სახელმწიფო უწყებებიდან წარმომადგენელი. კომისიის მოთხოვნა წარმომადგენლის მოწვევის შესახებ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისთვის სავალდებულოა.

5. კომისია ვალდებულია:

ა) შეაფასოს ელექტრონულ პეტიციაში მოცემული საკითხი და განსაზღვროს მისი განხილვისთვის საჭირო უწყებები. კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ელექტრონულ პეტიციაში გათვალისწინებული საკითხი შესწავლილი იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ან/და გადაეცეს საქართველოს შესაბამის სამინისტროებს და/ან  აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა უწყებებს;

ბ) მოახდინოს ელექტრონულ პეტიციაზე ამ წესითა და პირობებით განსაზღვრულ ვადებში რეაგირება და ელექტრონული პეტიციის საკითხის განხილვაში სათანადო ექსპერტებისა და სპეციალისტების ჩართულობის უზრუნველყოფა;

გ) მოამზადოს ელექტრონულ პეტიციაში მითითებულ საკითხზე სრული, მარტივი და გასაგები პასუხი ამ წესითა და პირობებით განსაზღვრულ ვადებში. აღნიშნული ვალდებულება ნარჩუნდება მაშინაც კი, როდესაც ელექტრონულ პეტიციაზე პასუხის შემუშავება, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ხორციელდება საქართველოს შესაბამის სამინისტროებსა და/ან  სახელმწიფოს სხვა უწყებებში. 

6. ინიციირებული ელექტრონული პეტიციის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომისიამ ichange-ის მოდერატორს პასუხი უნდა აცნობოს ელექტრონული პეტიციის გაცნობიდან 8 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ვადა პროპორციულად უნდა შემცირდეს, იმისათვის რომ არ დაირღვეს ამ წესისა და პირობების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ვადა.

7. კომისია უფლებამოსილია, ichange-ის პორტალზე გამოსაქვეყნებლად, ამ წესისა და პირობების შესაბამისად, შეიმუშაოს და საკუთარი გადაწყვეტილებით დაამტკიცოს ichange-ის პორტალით სარგებლობის სტანდარტული პირობები.

8. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

9. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის ელექტრონული მმართველობის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს  კომისიაზე წარსადგენი დოკუმენტების მომზადებას, კომისიის შეხვედრების ორგანიზებას, სხდომების საოქმო ჩანაწერების წარმოებასა და აღრიცხვას, ექსპერტების, სპეციალისტების მოწვევას, კომისიის სხდომების მასალებით უზრუნველყოფასა და კომისიის მიერ უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელებას.

10. კომისია ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.

მუხლი 10. ichange-ის მოდერატორისა და კომისიის ურთიერთობა

1. იმ შემთხვევაში, როდესაც ichange-ის მოდერატორი არ არის დარწმუნებული მიღების კრიტერიუმებთან ელექტრონული პეტიციის შესაბამისობაში, მან საკითხის განხილვისათვის ელექტრონული პეტიციის ინიციირებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს ინიციირებიდან 2 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მიმართოს კომისიას, რომელმაც ელექტრონული პეტიციის დაშვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უნდა აცნობოს 8 კალენდარული დღის ვადაში.

2. როდესაც ელექტრონული პეტიცია მოაგროვებს ამ წესითა და პირობებით განსაზღვრული ოდენობის ხელმოწერებს, ichange-ის მოდერატორმა უნდა:

ა) მიაწოდოს კომისიას დეტალური ინფორმაცია ელექტრონული პეტიციის შესახებ და საკითხის განსახილველად 20 კალენდარული დღის განმავლობაში ჩანიშნოს სხდომა;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სხდომამდე მიიღოს ინფორმაცია კომისიისგან სხდომაზე კომისიის წევრების გარდა სხვა უწყებების წარმომადგენლების დასწრების საჭიროების შესახებ. ichange-ის მოდერატორმა დამატებით მოწვეულ ყველა უწყებას უნდა მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია ელექტრონული პეტიციის, ვადებისა და მათი ჩართულობის საჭიროების შესახებ;

გ) გააკონტროლოს ელექტრონულ პეტიციაზე, ამ წესისა და პირობების მიხედვით დადგენილ ვადებში ოფიციალური პასუხის მომზადების საკითხი და  ვადის ამოწურვამდე 20  დღით ადრე შეხსენება გაუგზავნოს კომისიის წევრებს;

დ) ichange-ის პორტალზე განათავსოს ელექტრონულ პეტიციაზე ოფიციალური პასუხის საბოლოო რედაქცია კომისიის მიერ მისი მიწოდებიდან 1 კალენდარული დღის განმავლობაში.