საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 86/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 01/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017340
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
86/ნ
01/06/2017
ვებგვერდი, 02/06/2017
040030000.22.022.017340
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/06/2017 - 31/08/2017)

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №86/ნ

2017 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდება ამ ბრძანების დანართის  შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №57/ნ ბრძანება (www.matsne.gov.ge, 23/05/2014, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016792).
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა



დანართი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის  ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდება

თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის  სტატუსი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა (შემდგომში სკოლა) წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დაფუძნების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 ივნისის №476 ბრძანებულებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც სასწავლო და პრაქტიკული პროგრამების განხორციელების გზით ახდენს საჯარო მოსამსახურეთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის  ამაღლებას.

2. სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში სამინისტრო). სკოლის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური  საქმიანობის ზედამხედველობას.

3. სკოლა თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს სხვა საკანონმდებლობლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და ამ წესდების შესაბამისად.

4. სკოლის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა“.

5. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით სკოლას აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

6. სკოლას აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის  სხვა რეკვიზიტები.

7. სკოლის იურიდიული მისამართია: ქ. ქუთაისი, ნიკეას ქუჩა №13.


მუხლი 2. სკოლის მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანი
1. სკოლის მიზნებია:

ა) საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო და ადგილობრივი მართვის სფეროში არსებული საკადრო დეფიციტის დაძლევა;

ბ) საქართველოს მაღალმთიან და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეთა ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

2. სკოლის ამოცანებია:

ა) საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის დონის ამაღლება;

ბ) საქართველოს მაღალმთიან და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეთა სახელმწიფო ენის ფლობის და მოქალაქეობრივი განათლების დონის გაზრდა;

გ) საჯარო სამსახურის პოპულარიზაცია.

3. სკოლის საქმიანობის საგანია:

ა) დაინტერესებული პირებისათვის სახელმწიფო ენის   სწავლება;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მართულ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ტერიტორიულ ორგანოებში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულთა გადამზადება  და  კვალიფიკაციის ამაღლება;

გ) საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული და მაღალმთიანი რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მართულ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ტერიტორიულ ორგანოებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულთა გადამზადება  და  კვალიფიკაციის ამაღლება;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე დაინტერესებულ პირთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო პროგრამების  განხორციელება;

ე) სახელმწიფო, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კვალიფიკაციის ამაღლების, სასწავლო პროგრამებისა და მოქალაქეთა ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში;

ვ) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით გრანტების გაცემა.


მუხლი 3. სკოლის ფუნქციები
საკუთარი მიზნების მისაღწევად  და ამოცანების განსახორციელებლად, სკოლა:

ა) ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მართულ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ტერიტორიულ ორგანოებში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული და მაღალმთიანი რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მართულ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ტერიტორიულ ორგანოებში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას;

გ) უზრუნველყოფს დაინტერესებული პირებისათვის სახელმწიფო ენის სწავლებას;

დ) გასცემს გრანტებს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები  მოქალაქეების ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით;

ე) სახელმწიფოს მოთხოვნათა გათვალისწინებით განსაზღვრავს, შეიმუშავებს და ამტკიცებს პროფესიული უნარების და მოქალაქეობრივი განათლების განვითარებისათვის საჭირო სასწავლო პროგრამებს;

ვ) უზრუნველყოფს სწავლების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და სასწავლო პროცესის ორგანიზებას;

ზ) ახორციელებს ელექტრონულ და დისტანციურ სწავლებას;

თ) იწვევს საექსპერტო ჯგუფებს კონკრეტული ტრენინგპროგრამების შესაქმნელად და განსახორციელებლად;

ი) სასწავლო პროგრამების განვითარებისთვის განსაზღვრავს, შეიმუშავებს და ამტკიცებს სახელმძღვანელოებსა და სასწავლო-მეთოდურ  მასალას;

კ) ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს სასწავლო პროგრამებს, დაინტერესებულ პირთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;

ლ) ორგანიზებას უწევს რეგიონული სწავლების ცენტრების ფუნქციონირებას საქართველოს  ეროვნული  უმცირესობებით კომპაქტურად  დასახლებულ რეგიონებში;

მ) თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან სკოლის მსმენელთა ჯგუფებისთვის სასწავლო პრიორიტეტების განსაზღვრის   მიზნით;

ნ) თანამშრომლობს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან როგორც ქვეყნის შიგნით,  ისე საზღვარგარეთ;

ო) აწყობს სემინარებს, კონფერენციებსა და მსგავს ღონსიძიებებს;

პ) თანამშრომლობს სახელმწიფო, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან კვალიფიკაციის ამაღლების, სასწავლო პროგრამებისა და მოქალაქეთა ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში;

ჟ) ახორციელებს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის სწავლების, საჯარო მოსამსახურეთა, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოთა, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მართულ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა თანამშრომლების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე მიმართული, მესამე პირთა მიერ ორგანიზებული ტრენინგების, კონფერენციების, სემინარებისა და მსგავსი ღონისძიებების ინფრასრტუქტურულ და ადმინისტრაციულ მომსახურებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

რ) ახორციელებს თავისი საქმიანობის ფარგლებში მატერიალურ-ტექნიკური ან/და ინტელექტუალური რესურსების გამოყენებით ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურებას ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


თავი II
სკოლის მართვა

მუხლი 4. სკოლის ორგანოები
1. სკოლის მართვის ორგანოებია დირექტორი და სასწავლო პროცესის მართვის საბჭო.

2. სკოლის სათათბირო ორგანოა მრჩეველთა საბჭო.


მუხლი 5. დირექტორი
1. დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების მინისტრი.

2. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე.

3. მოადგილეების უფლებამოსილებები განისაზღვრება სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს დირექტორი, საკონკურსო კომისიის მიერ ჩატარებული ღია კონკურსის შედეგის საფუძველზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით. დირექტორი ერთი კვირის ვადაში აცნობებს სამინისტროს დირექტორის მოადგილის დანიშვნის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.


მუხლი 6. დირექტორის ფუნქციები
დირექტორი:

ა) ახორციელებს სკოლის მართვას და წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობაში;

ბ) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების ფარგლებში დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს სკოლის საქმიანობას;

გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის სკოლის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;

დ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს);

ე) ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესსა და სკოლის სტრუქტურას;

ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სახელფასო ფონდს, ბიუჯეტს და საშტატო ნუსხას;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორის მოადგილეებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებს.

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს შტატგარეშე თანამშრომლებთან, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები და სამუშაო აღწერილობა განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტით;

ი) უფლებამოსილია, რომ მის კომპეტენციაში არსებული გარკვეული უფლებამოსილებები, დელეგირების უფლებით გადასცეს დირექტორის მოადგილეებს;

კ) უფლებამოსილია სკოლის თანამშრომლებს განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, აგრეთვე მათ მიერ შესრულებული სამუშაოსთვის, რომელიც აღემატება მათ ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს, დაუწესოს დამატებითი საზღაური  (დანამატი);

ლ) ანაწილებს მოვალეობებს სკოლის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, ზედამხედველობას უწევს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს;

მ) იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომელთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების  გამოყენების შესახებ;

ნ) სკოლის სახელით დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სკოლის წარმომადგენლად პირის  დანიშვნაზე გასცეს  წარმომადგენლობის  დამადასტურებელი დოკუმენტი;

ო) სკოლის სახელით აცხადებს კონკურსებსა და ტენდერებს;

პ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სკოლის წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

ჟ) სკოლის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროს მარეგულირებელ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით წარადგენს შესაბამის ორგანოებში წინადადებებს;

რ) იღებს გადაწყვეტილებას სკოლის სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა სკოლის ფუნქციების განსახორცილებელად. პასუხისმგებელია სკოლის ქონების და ფულადი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე;

ს) ამტკიცებს სკოლის ემბლემას, ბეჭდების, შტამპებისა და ბლანკების ნიმუშებს;

ტ) სასწავლო პროცესის ოპერატიული დაგეგმვისა და მართვის მიზნით ქმნის სათათბირო  ორგანოს – მრჩეველთა საბჭოს და ამტკიცებს მის დებულებას;

უ) სკოლის სასწავლო პროცესის მართვისა და ზედამხედველობის მიზნით ქმნის სასწავლო პროცესის მართვის საბჭოს და ამტკიცებს მის დებულებას;

ფ) უფლებამოსილია ცალკეული საკითხების შესასწავლად, სხვადასხვა გადაწყვეტილებისა და დასკვნების მოსამზადებლად, ასევე ცალკეული პროცესების განსახორციელებლად შექმნას დროებითი კომისია;

ქ) მოიზიდავს დაფინანსებას საერთაშორისო და ადგილობრივი დონორებიდან;

ღ) განსაზღვრავს სკოლის მსმენელთა ჯგუფებისთვის სასწავლო პრიორიტეტებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობით;

ყ) სამინისტროსთან შეთანხმებით ქმნის და აუქმებს სკოლის რეგიონულ სასწავლო ცენტრებს;

შ) ამტკიცებს სკოლის სამოქმედო  გეგმას;

ჩ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 7. სასწავლო პროცესის მართვის საბჭოს შექმნა
1. სკოლის სასწავლო პროცესის მართვისა და ზედამხედველობის მიზნით, სკოლის  დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის  სასწავლო პროცესის მართვის საბჭოს, რომლის შემადგენლობასაც დირექტორი ათანხმებს სამინისტროსთან.

2. სასწავლო პროცესის მართვის საბჭო იქმნება 2 წლის ვადით.

3. სასწავლო პროცესის მართვის საბჭოს წევრებად ინიშნებიან ქართული ენის სწავლებისა და სახელმწიფო მართვის სფეროს სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები და საჯარო მოსამსახურეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით არ ეკრძალებათ ასეთი საქმიანობა.

4. სასწავლო პროცესის მართვის საბჭო საქმიანობას ახორციელებს დირექტორის მიერ დამტკიცებული დებულებით.


მუხლი 8. სასწავლო პროცესის მართვის საბჭოს ფუნქციები
1. სასწავლო პროცესის მართვის საბჭო:

ა) განიხილავს და ამტკიცებს სასწავლო გეგმებსა და პროგრამებს;

ბ) წარუდგენს დამტკიცებულ სასწავლო გეგმებსა და პროგრამებს დირექტორს გასაცნობად;

გ) განიხილავს და ამტკიცებს სახელმძღვანელოებსა და სასწავლო-მეთოდურ მასალას;

დ) წარუდგენს დამტკიცებულ სასწავლო-მეთოდურ მასალას დირექტორს გასაცნობად;

ე) საჭიროების შემთხვევაში სასწავლო გეგმებსა და პროგრამებს, ასევე სასწავლო მეთოდურ მასალას, დამტკიცებამდე გადასცემს სკოლის სათათბირო ორგანოს მრჩეველთა საბჭოს განსახილველად, რათა ამ უკანასკნელმა მოახდინოს შესაბამისი რეკომენდაციებისა და შენიშვნების    წარდგენა.

2. სასწავლო პროცესის მართვის საბჭოს საქმიანობას ორგანიზაციულად და მატერიალურად უზრუნველყოფს სკოლა. სკოლა ანაზღაურებს სასწავლო პროცესის მართვის საბჭოს წევრთა მგზავრობისა და სამივლინებო ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია მათ მიერ სასწავლო პროცესის მართვის საბჭოს წევრების ვალდებულებათა  შესრულებასთან.


მუხლი 9. მრჩეველთა საბჭო
1. მრჩეველთა საბჭო წარმოადგენს სკოლის სათათბირო ორგანოს, რომელიც იქმნება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. სასწავლო პროცესის მართვის საბჭოს მოთხოვნის შემთხვევაში მრჩეველთა საბჭო დეტალურად ეცნობა შემუშავებულ სასწავლო გეგმებსა და პროგრამებს, სასწავლო-მეთოდურ მასალას, რის შედეგადაც ამუშავებს საკუთარ რეკომენდაციებსა და შენიშვნებს, რომელთაც წარუდგენს სასწავლო პროცესის მართვის საბჭოს.

3. მრჩეველთა საბჭო აანალიზებს სასწავლო პროცესის ორგანიზებას, ცალკეული მოდულების სწავლების სხვადასხვა ასპექტებს, ტრენერთა ან/და მასწავლებელთა საქმიანობას და შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს წარუდგენს სასწავლო პროცესის მართვის საბჭოს.

4. მრჩეველთა საბჭოს წევრებად ინიშნებიან სკოლის თანამშრომლები, ტრენერები, მასწავლებლები და სხვა პირები.

5. მრჩეველთა საბჭო საქმიანობს დირექტორის მიერ დამტკიცებული    დებულებით.

6. მრჩეველთა საბჭოს წევრთა შრომა არ ანაზღაურდება. სკოლა ანაზღაურებს მხოლოდ მგზავრობისა და სამივლინებო ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია წევრთა მიერ მრჩეველთა საბჭოს წევრების ვალდებულებათა შესრულებასთან.


მუხლი 10. დროებითი კომისია
1. ცალკეული საკითხების შესასწავლად, სხვადასხვა პროცედურების განსახორცილებლად, დასკვნებისა და ანალიზების მოსამზადებლად, დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის დროებით კომისიას და ამტკიცებს მის დებულებას.

2. დროებითი კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ როგორც სკოლის თანამშრომლები, ასევე სახელმწიფო მართვის სფეროს სხვადასხვა მიმართულებების ექსპერტები და საჯარო მოსამსახურეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით არ ეკრძალება ასეთი საქმიანობა.

3. კომისია იქმნება დირექტორის მიერ წინასწარ განსაზღვრული ვადით, ვადის გასვლის დროისათვის თუ კომისიამ ვერ მიაღწია დასახულ მიზანს, დირექტორი უფლებამოსილია:

ა) გააგრძელოს კომისიისთვის განსაზღვრული ვადა უცვლელი შემადგენლობით;

ბ) გააგრძელოს კომიისიისთვის განსაზღვრული ვადა და შეცვალოს მისი შემადგენლობა;

გ) აღარ გააგრძელოს კომისიისათვის განსაზღვრული ვადა.


თავი III
სკოლის ქონება და დაფინანსება

მუხლი 11. სკოლის ქონება
1. სკოლის ქონება შედგება მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ფიზიკური პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, სკოლა იძენს, ფლობს და სარგებლობს ქონებით, წყვეტს ქონებასთან დაკავშირებულ მის კომპეტენციაში შემავალ სხვა საკითხებს.


მუხლი 12. სკოლის დაფინანსება
1. სკოლის დაფინანსების წყაროებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან და გაწეული მომსახურებიდან  მიღებული შემოსავალი;

გ) შემოწირულობები და  გრანტები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ფინანსური სახსრების განკარგვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება სკოლის მიზნებისა და ამოცანების  შესრულებას.


მუხლი 13. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. სამინისტროს თანხმობით სკოლამ შეიძლება განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) ბიუჯეტის, სახელფასო ფონდის და საშტატო ნუსხის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სკოლის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) რეგიონული სასწავლო ცენტრების დაარსება და გაუქმება;

ზ) სხვა ქმედება სკოლის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ის სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.


მუხლი 14. საბუღალტრო ანგარიშგება
1. სკოლა ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს.

2. სკოლის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.


თავი IV
წესდებაში ცვლილების შეტანის წესი, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

მუხლი 15. წესდებაში ცვლილებების შეტანა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. ამ წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით.

2. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. სკოლის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.