საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 762-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 030000000.05.001.018430
762-IIს
04/05/2017
ვებგვერდი, 25/05/2017
030000000.05.001.018430
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. VIIთავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით“.

2. 2112  მუხლის:

ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

 2. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მხოლოდ მსხვერპლის თანხმობით მიმართვის უფლება აქვს პირს, რომელიც მსხვერპლს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ ან შემაკავებელი ორდერის გასაჩივრების თაობაზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს დაუშვებელია ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვა (მისგან ახსნა-განმარტების მიღება) სავარაუდო მოძალადე მშობლის (მშობლების)/კანონიერი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) თანდასწრებით. ასევე დაუშვებელია არასრულწლოვნის დაკითხვაზე (გამოკითხვაზე) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის დასწრება, თუ მის (მათ) მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი მოძალადე ოჯახის წევრსა და მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე ან ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევაში, აგრეთვე მისთვის (მათთვის) არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების (გამოკითხვის ოქმის, ახსნა-განმარტების) გაცნობა ან გადაცემა.“.

3. 2113  მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი.“;

ბ) მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღწერას;“;

გ) 52 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„52. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო ასევე განიხილავს არასრულწლოვანთან მოძალადე მშობლის (მშობლების) ურთიერთობის საკითხს. არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის კვალის არსებობისას სასამართლოს წინაშე შეიძლება დაისვას არასრულწლოვნის მოძალადე მშობლისაგან (მშობლებისაგან) განცალკევების საკითხი. აღნიშნულის თაობაზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სასამართლო დროებითი ღონისძიების სახით იღებს განკარგულებას მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში.

6. ამ მუხლით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული დამცავი ორდერის მოქმედებას. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს სააპელაციო სასამართლო საჩივრის წარდგენიდან 7 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.“;

დ) 71 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„71. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში გადაეცემა მხარეებს. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესაძლო დარღვევაზე რეაგირებისათვის, მიღებიდან ასევე 24 საათის განმავლობაში ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ დამცავი ორდერით გათვალისწინებული საკითხი არასრულწლოვანს შეეხება, აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება ეგზავნება აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, ხოლო თუ სასამართლო გადაწყვეტილება იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.“.

4. 2114 და 2115  მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2114. შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესები

1. შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.

 2. შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.  

3. შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელი წერილობით უნდა იქნეს  წარდგენილი. იგი უნდა შეიცავდეს:

ა) სარჩელის შემტანი პირის სახელსა და გვარს;

ბ) სარჩელის შემტანი პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართს;

გ) ძალადობის ფაქტის აღწერას;

დ) ცნობებს მოძალადის, მსხვერპლის და მათი ურთიერთობის შესახებ;

ე) მტკიცებულებათა ჩამონათვალს;

ვ) შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის მოთხოვნას;

ზ) მოსარჩელის ხელმოწერას.

4. სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ.

5. სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში, თანდართულ მასალებთან ერთად უგზავნის შემაკავებელი ორდერის გამომცემ უფლებამოსილ ორგანოს, აგრეთვე დაინტერესებულ პირს, რომლის დასაცავადაც გამოიცა შემაკავებელი ორდერი, და აძლევს მათ უფლებას, სარჩელთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები და მტკიცებულებები წარადგინონ.

6. პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია წერილობით უპასუხოს სარჩელში მითითებულ საკითხებს და წარადგინოს მტკიცებულებები სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე.

7. მოსამართლე უფლებამოსილია მხარის (არასრულწლოვნის შემთხვევაში – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) ან საკუთარი ინიციატივით საქმე დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილოს.

8. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აფერხებს სასამართლოს მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხების განხილვას.

9. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში გადაეცემა მხარეებს.

10. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.  

11. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს სააპელაციო სასამართლო საჩივრის წარდგენიდან 7 დღის ვადაში.

12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

13. შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელის წარდგენა და ამ მუხლით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული შემაკავებელი ორდერის მოქმედებას.

მუხლი 2115. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი საკითხები

1. დამცავი ორდერის წარმოება ხდება სამართალწარმოების ენაზე, ცხადად და გასაგებად. იგი შეიძლება წარმოებულ იქნეს ხელით ან დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

2. დამცავ ორდერში მიეთითება:

ა) მისი გამოცემის თარიღი და ადგილი;

ბ) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის გამოცემას;

გ) მოძალადის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი;

დ) ამ მუხლის მე-3 ნაწილის და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შემაკავებელი ორდერით გასათვალისწინებელი იმ მოქმედებების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელებაც ეკრძალება მოძალადეს.

3. დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს:

ა) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან დაცვის ზომებს;

ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდების და მათ თავშესაფარში მოთავსების საკითხებს;

გ) მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან გარიდების საკითხს;

დ) მოძალადის ვალდებულებას – არ შეზღუდოს მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური არსებობისათვის;

ე) მოძალადისათვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას;

ვ) მოძალადის არასრულწლოვნისაგან განცალკევების, მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის რეგულირების საკითხებს;

ზ) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და  სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს;

თ) მოძალადისათვის დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, იარაღის შეძენის ან მის შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვას და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან დროებით ჩამორთმევის პირობებს;

ი) მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის, თავშესაფარში ყოფნის და სხვა, გონივრული ხარჯების ანაზღაურების საკითხებს;

კ) მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს;

ლ) მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის საკითხს;

მ) მოძალადის გაფრთხილებას დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ნ) სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.

4. დამცავ ორდერში შესაძლებელია მიეთითოს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი ან ყველა საკითხი, ძალადობის ფაქტის ადეკვატურად.

5. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.

6. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამცავი ორდერი მზადდება არანაკლებ 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ჰბარდება მოძალადეს, ერთი – მსხვერპლს, ერთი ეგზემპლარი რჩება დამცავი ორდერის გამომცემ უფლებამოსილ ორგანოში, ხოლო ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ დამცავი ორდერით გათვალისწინებული საკითხი არასრულწლოვანს შეეხება, დამცავი ორდერის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, ხოლო თუ სასამართლო გადაწყვეტილება იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს. დამცავ ორდერთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება მხარეებს ჰბარდება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

7. დამცავი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე.“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედების დროისათვის შემაკავებელი ორდერის დამტკიცებასთან დაკავშირებით სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმე დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

4 მაისი 2017 წ.

N762-IIს